Facebook Twitter

საქმე №ას-856-2021 8 ოქტომბერი, 2021 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - შპს „ა.მ.ი.კ–უს“

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - შპს „ S. L“

დავის საგანი - ნარდობის ხელშეკრულებიდან გასვლის გამო გადახდილი თანხის დაბრუნება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 აპრილის განჩინება და 2021 წლის 7 ივნისის დამატებითი გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინებისა და დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

აღწერილობითი ნაწილი:

შპს „ა.მ.ი.კ–მა“ 2019 წლის 23 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - შპს „ S. L-ის“ მიმართ და მოითხოვა მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ ნარდობის ხელშეკრულებიდან გასვლის გამო 40000 ლარის გადახდის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „ა.მ.ი.კ–ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 აპრილის განჩინებით შპს „ა.მ.ი.კ–ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება. ამავე სასამართლოს 2021 წლის 7 ივნისის დამატებითი გადაწყვეტილებით კი შპს „ა.მ.ი.კ–ს“ შპს „ S. L-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 1600 ლარის ოდენობით. სასამართლოს მითითებული განჩინება და დამატებითი გადაწყვეტილება შპს „ა.მ.ი.კ–მა“ საკასაციო წესით გაასაჩივრა.

კასატორი (შემკვეთი) აღნიშნავს, რომ იგი სადავოდ ხდის მოპასუხესთან დადებული ნარდობის ხელშეკრულების შესრულებას, კერძოდ, მართალია, მხარეთა შორის გაფორმებულია ნივთის მიღება - ჩაბარების აქტები და გადახდილია საზღაური, მაგრამ მოვალეობათა ჯეროვან შესრულებას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც კასატორი გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას ითხოვს.

საკასაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ მიღება-ჩაბარების აქტებს გააჩნია ფორმალური ხასიათი, ისინი გაფორმდა მხარეთა შორის არსებული ნდობის საფუძველზე და არ ასახავს რეალურ ვითარებას. შემკვეთმა არაერთხელ განუცხადა მენარდეს პრეტენზია ვებ-გვერდის ფუნქციური ხარვეზების თაობაზე, ხოლო მენარდემ ვერ შეძლო ხარვეზების სრულყოფილად აღმოფხვრა და საბოლოოდ უარი განაცხადა ვალდებულების შესრულებაზე.

კასატორი მიუთითებს, რომ მან დაძლია მტკიცების ტვირთი და წარმოადგინა მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის დამადასტურებელი მტკიცებულებები: აღსრულების ეროვნული ბიუროს ფაქტის კონსტატაციის შესახებ 2018 წლის 30 ოქტომბრის ოქმი, მხარეთა მიმოწერა, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 13 იანვრის დასკვნა. კასატორი დეტალურად აღწერს მითითებულ მტკიცებულებებში ასახულ ინფორმაციას და მიიჩნევს, რომ მათი ერთობლიობით უპირობოდ დასტურდება სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა. ამასთან, კასატორის მოსაზრებით, მოპასუხემ ვერ წარმოადგენდა საწინააღმდეგოს დამადასტურებელი, საპირწონე მტკიცებულებები. მენარდის მიერ წარმოდგენილ დასკვნასთან დაკავშირებით კი, კასატორი აღნიშნავს, რომ დასახელებული დოკუმენტი არ წარმოადგენს კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნას და მხოლოდ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის კრიტიკას შეიცავს.

კასატორი, ასევე, მიუთითებს, რომ სასარჩელო მოთხოვნა არ არის ხანდაზმული, რადგან სადავო შემთხვევის მიმართ მოქმედებს სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა. ამასთანავე, კასატორი ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე, 141-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან მოპასუხე აღიარებდა ნაკლიან შესრულებას, სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებას მოითხოვს. გარდა ამისა, კასატორი მოითხოვს სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 7 ივნისის დამატებითი გადაწყვეტილების, როგორც თანმდევი შედეგის, გაუქმებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ შპს „ა.მ.ი.კ–უსის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში ნივთობრივად ნაკლიანი პროდუქტის მიწოდებაზე მითითებით, ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძვლით, უკვე გადახდილი თანხის უკან დაბრუნება.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ამავე კოდექსის 639-ე მუხლი განსაზღვრავს მენარდის ვალდებულებას, წარუდგინოს შემკვეთს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნივთი. 641-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს; ხოლო, თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის. თავის მხრივ, ნივთობრივად უნაკლო ნივთის წარდგენის ვალდებულების დარღვევა წარმოშობს იმავე კოდექსის 642-ე (დამატებითი შესრულების მოთხოვნა), 643-ე (ნაკეთობის ნაკლის გამოსწორება შემკვეთის მიერ), 644-ე (ხელშეკრულებაზე უარი ნაკეთობის ნაკლის გამო) და 645-ე (საზღაურის შემცირება ნაკეთობის ნაკლის გამო) მუხლებით გათვალისწინებულ მეორადი მოთხოვნის უფლებებს. მაშასადამე, ნაკლიანი შესრულების დადასტურების შემთხვევაში, კრედიტორს რამდენიმე განსხვავებული მოთხოვნა წარმოეშობა, თუმცა „ნივთის ნაკლის გამოსწორება ან მისი ახლით შეცვლა განხილულ უნდა იქნეს დამატებითი შესრულების მოთხოვნად, რომელიც პრიორიტეტული, უპირატესად გამოსაყენებელია სხვა დანარჩენ მეორადი მოთხოვნის უფლებებს შორის. კერძოდ, სანამ მხარე ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნის უფლებას აამოქმედებდეს, ის ვალდებულია მიმართოს დამატებითი შესრულების მოთხოვნის უფლებას იმ პირობით, თუ სახეზე არ არის დამატებითი შესრულების გამომრიცხავი საფუძვლები“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ივნისის №ას-222-2021 განჩინება). გარდა იმისა, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნამდე, შემკვეთმა ჯერ დამატებითი შესრულება (ნაკლის გამოსწორება ან ახალი ნაკეთობის დამზადება) უნდა მოითხოვოს, ნარდობის ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნა სხვა დამატებით წინაპირობებსაც უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 644-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ ნაკეთობის ნაკლის გამო შემკვეთს შეუძლია 405-ე მუხლის მიხედვით უარი თქვას ხელშეკრულებაზე. ამდენად, შესრულებული სამუშაოს ნაკლის გამო, შემკვეთისათვის მინიჭებული ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო კოდექსის 405-ე და 352-ე მუხლებთან ერთობლიობაში. მითითებული ნორმების ერთობლივი ანალიზიდან გამომდინარე კი, „ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნის კანონისმიერი წინაპირობებია: ა) ხელშეკრულების ნამდვილობა; ბ) მოვალის მხრიდან ხელშეკრულების მნიშვნელოვანი (არსებითი) დარღვევა; გ) ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ განცხადების გაკეთებით მონაწილე მთლიანად გადის ხელშეკრულებიდან; დ) მიუხედავად ვალდებულების მნიშვნელოვანი დარღვევისა, მოვალეს არ შეუძლია კრედიტორს მოსთხოვოს ხელშეკრულების ძალაში დატოვება; ე) ვალდებულების დარღვევისათვის კრედიტორი მთლიანად ან უმთავრესად არ არის პასუხისმგებელი; ვ) მოთხოვნას არ უპირისპირდება შესაგებელი, რომელიც უკვე წარმოდგენილია ან წარდგენილი იქნება დაუყოვნებლივ მოვალის მიერ, თუკი კრედიტორი უარს იტყვის ხელშეკრულებაზე; ზ) სახეზეა კრედიტორის მიერ შესაგებელი იურიდიული მოქმედება – ხელშეკრულებიდან გასვლისათვის მიცემული გონივრული ვადა; თუ ხელშეკრულებით ასეთი ვადა არ ყოფილა დადგენილი, ანდა, თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა - გაფრთხილება“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 1 დეკემბრის №ას-1003-924-2017 და 2021 წლის 4 ივნისის №ას-222-2021 განჩინებები).

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2017 წლის 31 იანვარს შპს „ა.კ–სა“ (ამჟამად შპს „ა.მ.ი.კ–უს “) (შემკვეთი) და შპს „ S. L-ს“ (მენარდე) შორის დაიდო ხელშეკრულება დიზაინერული და ვებ-დეველოპერული მომსახურების გაწევის შესახებ. ხელშეკრულების თანახმად, შემსრულებელი ვალდებული იყო სამუშაო გაეწერა 4 ეტაპად, რათა დამკვეთის მხრიდან მომხდარიყო სამუშაო ეტაპების კონტროლი, როგორც ვიზუალურ ნაწილში, ისე ტექნიკურ ნაწილში; შემსრულებელი ვალდებული იყო, სამუშაოს ჩაბარების შემდგომ, დამკვეთის მიერ ტესტირების რეჟიმში - 6 თვის განმავლობაში მონაწილეობა მიეღო და გამოესწორებინა ბაზებთან ან/და ფუნქციონალთან მიმართებაში ყველა სახის შეცდომა და ხარვეზი; სამუშაოს ღირებულება განისაზღვრა 40000 ლარით, რომლის გადახდაც უნდა მომხდარიყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროპორციის დაცვით, თითოეული ეტაპის დასრულების შემდეგ.

საქმეზე, ასევე, დადგენილია, რომ მხარეთა შორის 2017 წლის 15 თებერვალს, 26 აპრილს, 14 აგვისტოსა და 7 დეკემბერს გაფორმებულია შესაბამისი ეტაპების დასრულებისა და პროდუქტის მიღების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტები. ამასთან, შემკვეთმა მენარდეს სრულად გადაუხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საზღაური. სწორედ აღნიშნული თანხის უკან დაბრუნებას ითხოვს კასატორი (მოსარჩელე), ნაკლიან შესრულებაზე მითითებით, ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძვლით. ამრიგად, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება დამოკიდებულია როგორც ნაკლიანი შესრულების დადასტურებაზე, ისე ხელშეკრულებიდან გასვლის წინაპირობების არსებობაზე.

საკასაციო პალატა, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმებისას, პირველ ყოვლისა, მიუთითებს მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხზე. ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლიდან გამომდინარე, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამასთანავე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების ნაკლიანი შესრულების დადასტურების ტვირთი შემკვეთს აკისრია (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 12 მარტის №ას-1324-2019 და 2020 წლის 11 მარტის №ას-58-2020 განჩინებები).

სადავო შემთხვევაში, კასატორს (შემკვეთს) ნაკლიანი შესრულების დასადასტურებლად წარმოდგენილი აქვს მხარეთა ელექტრონული მიმოწერა, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს კონსტატაციის ოქმი. საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა დასკვნას, რომ დასახელებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება მენარდის მიერ ნივთობრივად ნაკლიანი ნივთის მიწოდება, რადგან სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 13 იანვრის დასკვნაში, მართალია, მითითებულია, რომ ვებ-გვერდის ფუნქციონალს გააჩნია ხარვეზები, თუმცა ცალსახად არ დგინდება გამოვლენილი ხარვეზების სწორედ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულებით გამოწვევა, მათი წარმოშობის კონკრეტული დრო, ექსპერტიზისთვის უშუალოდ მენარდის მიერ შემუშავებული პროდუქტის წარდგენა. ამასთან, მოპასუხემ (მენარდემ) წარმოადგინა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაში მითითებული მსჯელობის საწინააღმდეგო ინფორმაციის შემცველი, „თი.დი.ჯი კონსალტინგის“ დასკვნა.

საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 653-ე მუხლზე, რომლის თანახმად კი, თუ მენარდემ ნაკეთობისათვის იკისრა საგარანტიო ვადა, მაშინ ამ ვადის განმავლობაში გამოვლენილი ნაკლი წარმოშობს შესაბამის უფლებებს. ნიშანდობლივია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მიუხედავად ხელშეკრულებით საგარანტიო ვადის - 6 თვის გათვალისწინებისა და მომსახურების მიწოდების რამდენიმე ეტაპად სწორედ შემკვეთის მიერ კონტროლის სათანადოდ განხორციელების მიზნით დაყოფისა, წარმოდგენილი მტკიცებულებების თარიღების (ელექტრონული მიმოწერა დათარიღებულია 2018 წლის 2-4 ოქტომბრით; ფაქტების კონსტატაციის ოქმის მიხედვით, ფაქტის დადგენის დროა - 2018 წლის 30 ოქტომბერი; ექსპერტიზა ჩატარებულია 2019 წლის 13 იანვარს) მხედველობაში მიღებით, არ დასტურდება საგარანტიო ვადაში ნივთის ნაკლის თაობაზე მეორე მხარისთვის პრეტენზიის წარდგენა.

დასახელებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა (შემკვეთმა) ვერ დაძლია ნაკლიანი შესრულების მტკიცების ტვირთი.

გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კასატორი ითხოვს ხელშეკრულებიდან გასვლას ისე, რომ მას არ მოუთხოვია ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დამატებითი შესრულება, რომელზეც სპეციალური ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება და ეს ვადა სარჩელის სასამართლოში წარმოდგენის დროს გასული იყო, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 655-ე მუხლიდან გამომდინარე, მოთხოვნა შესრულების ნაკლის გამო შემკვეთმა შეიძლება წარადგინოს ერთი წლის მანძილზე, შესრულებული სამუშაოს მიღების დღიდან. რაც შეეხება ხანდაზმულობის ვადის ათვლის დროს, სამოქალაქო კოდექსის 656-ე მუხლიდან გამომდინარე, „ხანდაზმულობის ათვლის სპეციალურ მომენტთან გვაქვს საქმე ნარდობის ხელშეკრულებით შესრულებული სამუშაოს ნაკლთან მიმართებაში. კერძოდ, ხანდაზმულობის ერთწლიანი ვადა აითვლება იმ დღის მომდევნო დღიდან, როდესაც შემკვეთმა მიიღო შესრულებული სამუშაო“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 12 მარტის №ას-1324-2019 განჩინება). ამასთანავე, საგულისხმოა, რომ დაცული არ არის ხელშეკრულებიდან გასვლის სამოქალაქო კოდექსის 352-ე და 405-ე მუხლით განსაზღვრული სხვა აუცილებელი წინაპირობებიც, რომლებიც, მათ შორის, ხელშეკრულებიდან გასვლამდე ხელშეკრულების შესასრულებლად დამატებითი ვადის დაწესებას მოითხოვს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ვინაიდან არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა, ასევე, უსაფუძვლოა კასატორის მოთხოვნა დამატებითი გადაწყვეტილების, როგორც თანმდევი შედეგის, გაუქმების თაობაზე.

ამასთანავე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 2000 ლარის 70% - 1400 ლარი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ა.მ.ი.კ–ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 აპრილის განჩინება და ამავე სასამართლოს 2021 წლის 7 ივნისის დამატებითი გადაწყვეტილება;

3. შპს „ა.მ.ი.კ–სს“ (ს/კ......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 2000 ლარის (საგადასახადო დავალება №1624018717, გადახდის თარიღი 18.06.2021 წ.) 70% - 1400 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე