საქმე №ას-909-2021 8 ოქტომბერი, 2021 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - შპს „კ–ა ...“
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 2020 წლის 12 თებერვალს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - შპს „კ–ა ...-ის“ მიმართ და მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს - 2336,54 ლარის დაკისრება მოითხოვა.
შპს „კ–ა 2014-მა“ შესაგებლით სარჩელი არ ცნო, ამასთან, პირგასამტეხლოს შემცირება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; შპს „კ–ა ...-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ, 2018 წლის 23 აპრილის №136 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 467,30 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდა დაეკისრა. აღნიშნული გადაწყვეტილება ადმინისტრაციულმა ორგანომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს მითითებული განჩინება ადმინისტრაციულმა ორგანომ საკასაციო წესით გაასაჩივრა.
კასატორი აღნიშნავს, რომ, მართალია, კანონი ანიჭებს სასამართლოს პირგასამტეხლოს შემცირების უფლებას, თუმცა სასამართლომ ყველა შემთხვევაში არ უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა. კასატორის მოსაზრებით, სადავო შემთხვევაში უსაფუძვლოდ იქნა შემცირებული მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ხელშეკრულების დროულად შეუსრულებლობისთვის მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობის სასამართლოს მიერ შემცირების კანონიერება.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლიდან პირველი ნაწილიდან გამომდინარე, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამრიგად, ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, მხარეებს შეუძლიათ, გაითვალისწინონ პირგასამტეხლო და განსაზღვრონ მისი ოდენობა, თუმცა თუკი პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, მოპასუხის მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლოს მინიჭებული აქვს მისი შემცირების უფლებამოსილება. „პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა, (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი, – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მარტის №ას-186-2021 განჩინება).
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული იყო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომელიც შპს „კ–ა ...-მა“ (მიმწოდებელმა) 28 დღის დაგვიანებით შეასრულა. ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევისთვის კი, ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ჯამური ღირებულების (33 379,2 ლარის) 0,25%-ის ოდენობით, რაც სადავო შემთხვევაში 2336,54 ლარს შეადგენდა. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა პირგასამტეხლოს ხსენებული ოდენობა შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად მიიჩნიეს და მოპასუხის მოთხოვნის საფუძველზე, პირგასამტეხლოს ოდენობა შეამცირეს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0,05%-მდე, რაც ჯამში 467,3 ლარს შეადგენს.
საკასაციო პალატა, სადავო შესრულების ღირებულების, ვალდებულების შესრულების დარღვევის პერიოდის ხანგრძლივობისა და შედეგების გათვალისწინებით, მართებულად მიიჩნევს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ პირგასამტეხლოს შემცირებას; სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით გათვალისწინებული მოწესრიგება სრულად შეესაბამება პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე სასამართლოს მყარად დადგენილ პრაქტიკას (მათ შორის, იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მარტის №ას-186-2021, 2021 წლის 28 იანვრის №ას-1281-2020 და 2020 წლის 24 დეკემბრის №ას-947-2019 განჩინებები).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. მიქაუტაძე