საქმე №ა-4056-2021 8 ოქტომბერი, 2021 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი – ნ.უ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა
დავის საგანი - დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისა და სამსახურიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით ნ.უ–ძის სარჩელი ა(ა)იპ "თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს" მიმართ, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისა და სამსახურიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის და განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, დაკმაყოფილდა.
2. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 8 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება, შესაბამისად - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 12 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული. 2021 წლის 11 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი და მიღებულ იქნა განსახილველად.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 8 დეკემბრის განჩინება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ.უ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
6. 2021 წლის 21 ივლისს, უზენაეს სასამართლოს მომართა ნ.უ–ძემ და მოითხოვა წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტში მითითებული საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 2 აგვისტოს განჩინებით, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე, მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.
7. 2021 წლის 18 აგვისტოს ნ.უ–ძემ განცხადებით განმეორებით მომართა სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა (იხ. მე-5 პუნქტი). ნ.უ–ძის მტკიცებით, საკასაციო სასამართლომ არ შეისწავლა საქმის გარემოებები და სრულად არ გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები, რის გამოც მიიღო დაუსაბუთებელი და არაობიექტური გადაწყვეტილება. განმცხადებელი უთითებს მტკიცებულებზე, რომელთა საფუძველზე მიაჩნია, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება. განმცხადებლის მითითებით, გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ერთ-ერთი საფუძველია მისთვის მოპასუხის მიერ წარდგენილი საკასაციო საჩივრის ასლის ჩაუბარებლობა, რის გამოც, მოსარჩელეს წაერთვა საშუალება, საკასაციო სასამართლოში წარმოედგინა მტკიცებულებები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და მოსარჩელის განცხადების საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აღნიშნული განცხადება უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 425-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც საპროცესო კოდექსის LII თავშია დადგენილი. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელი მოითხოვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 გადაწყვეტილების ბათილად ცნობას.
9. ნ.უ–ძის განცხადების მიხედვით, საკასაციო სასამართლომ არ შეისწავლა საქმის გარემოებები და სრულად არ გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები, რის გამოც მიიღო დაუსაბუთებელი, არაობიექტური გადაწყვეტილება, არასწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლი; განმცხადებელი უთითებს მტკიცებულებზე, რომელთა საფუძველზე მიაჩნია, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება.
10. სსსკ-ის 422-ე მუხლი განმარტავს სამართლებრივ საფუძვლებს, რომლის დასაბუთების შემთხვევაშიც შესაძლებელია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. კერძოდ აღნიშნული საფუძვლებია: გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში; ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე; პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე. სასამართლომ უწყება ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად ჩაბარებულად ჩაითვალა, თუმცა გამოუცხადებელი მოსარჩელე სასამართლოს წინაშე აცხადებს, რომ მას ბრალის გარეშე არ ჰქონდა ინფორმაცია სასამართლო უწყების ან/და სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, რის გამოც არ მიეცა შესაძლებლობა, წარედგინა საკუთარი პოზიცია ან/და გაესაჩივრებინა სასამართლოს გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში საკასაციო საჩივრის მოპასუხე თავის განცხადებაში წარმოადგენს პოზიციას საქმის არსებით გარემოებებთან დაკავშირებით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, აღნიშნული საფუძვლებით გადაწყვეტილების ბათილად ცნობა არ შეიძლება, თუ მხარეს შეეძლო ამ საფუძვლების წამოყენება საქმის განხილვისას, შესაბამისად პირველი ინსტანციის, სააპელაციო ან საკასაციო ინსტანციის სასამართლოში.
11. საკასაციო სასამართლოს შეფასებით განმცხადებლის (მოსარჩელის) პრეტენზია დავის არსებით გარემოებებს შეეხება, რაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი ვერ გახდება.
12. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტების შესაბამისად, „არცერთ მხარეს არ უნდა ჰქონდეს საბოლოო და ძალაში შესული გადაწყვეტილების გადახედვის მოთხოვნის უფლება მხოლოდ იმიტომ, რომ მიაღწიოს საქმის ხელახლა მოსმენასა და ახალ გადაწყვეტილებას. უმაღლესი ინსტანციის სასამართლოების მიერ საქმის გადახედვა არ უნდა იქცეს ნიღბიან აპელაციად და საკითხზე ორი შეხედულების არსებობა არ წარმოადგენს საქმის გადასინჯვის საფუძველს. ამ პრინციპიდან გადახვევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ამის აუცილებლობა გამოწვეულია არსებითი და გარდაუვალი ხასიათის გარემოებების წარმოშობით... საკუთრების ინტერესის არსებობა, რომელიც დადასტურებულია სავალდებულო და საბოლოო განჩინებით, წარმოადგენს განჩინების ბენეფიციარის „საკუთრებას“ №1 დამატებითი ოქმის პირველი მუხლით დადგენილი მნიშვნელობით. ასეთი გადაწყვეტილების ბათილად ცნობა უტოლდება საკუთრებით სარგებლობაში ჩარევას“ (Tchitchinadze v Georgia - § 53);
13. „საბოლოო გადაწყვეტილების გაბათილების უფლებამოსილება უნდა განხორციელდეს განსაკუთრებული სიფრთხილით ისე, რომ შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად იქნას დაცული სამართლიანი ბალანსი სხვადასხვა ინტერესებს შორის“ – (იქვე - § 58. ამასთან დაკავშირებით, აგრეთვე Mitrea v. Romania, no. 26105/03, § 25, 29 July 2008; Nikitin v. Russia, no. 50178/99, § 57, ECHR 2004-VIII).
14. განმცხადებლის ერთ-ერთი პრეტენზია იმას უკავშირდება, რომ მას სასამართლომ შეგნებულად არ ჩააბარა საკასაციო საჩივრის ასლი თანდართული მასალებით, რითაც საკასაციო საჩივრის მოპასუხეს არ მიეცა საშუალება, სასამართლოში წარმოედგინა მტკიცებულებები, რომლებიც ნათელს მოფენდა კასატორის მიერ მითითებულ ყალბ ფაქტებს იმის შესახებ, რომ თითქოს მხარეებს შორის გაფორმებული იყო დავალების ხელშეკრულება.
14. განმცხადებლის პრეტენზიების პასუხად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსიპ სკოლის დირექტორის გათავისუფლების შემთხვევაში დავალების ხელშეკრულების მომწესრიგებელი ნორმების გამოყენება და შესატყვისი სასამართლო პრაქტიკა მითითებულია საკასაციო სასამართლოს 2021 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებაში, რომელიც საბოლოოა, არ საჩივრდება და რომლის ბათილად ცნობასაც მოითხოვს განმცხადებელი (მოსარჩელე), ასევე, მას ჩაბარდა 2021 წლის 2 აგვისტოს დასაბუთებული განჩინება (რომლითაც განმცხადებელს ერთხელ უკვე უარი ეთქვა საკასაციო სასამართლოს 2021 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე დაუსაბუთებლობისა და უსაფუძვლობის მოტივით), თუმცა, საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 12 აპრილის განჩინება და საკასაციო საჩივრის ასლი საკასაციო საჩივრის მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელს - ლ.ს–ას გაეგზავნა, მის მიერ საქმეში მითითებულ მისამართზე (თბილისი, .......) 2021 წლის 17 მაისს. 2021 წლის 3 ივნისის საფოსტო შეტყობინებით დგინდება, რომ გზავნილი ადრესატს ვერ ჩაბარდა, რადგან მითითებული მისამართი არასრულია.
15. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე საპროცესო კოდექსით მოწინააღმდეგე მხარეს არ აკისრია საკასაციო შესაგებლის წარმოდგენის ვალდებულება, მისი წარმოდგენა საკასაციო საჩივრის მოპასუხის უფლებამოსილებას განეკუთვნება და არა - ვალდებულებას. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2016 წლის 17 მარტის განჩინებით საქმეზე N ას-121-117-2016 ასევე ერთმანეთისაგან გაიმიჯნა კანონმდებლის ნება და მიზანი, კერძოდ, განიმარტა, რომ სარჩელზე შესაგებლის წარდგენის სამართლებრიც შედეგებს ვერ გაუტოლდება სააპელაციო საჩივარზე სააპელაციო შესაგებლის წარუდგენლობა, რაც იმას ნიშნავს, რომ არათუ საკასაციო სასამართლოში, არამედ- სააპელაციო სასამართლოში შესაგებლის წარდგენის სავალდებულობა არ არსებობს. საკასაციო სასამართლოში მხარის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ მიიღება, ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიერ საქმის შესწავლა შემოსაზღვრულია სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით და მხოლოდ ამ გარემოებებისა და საკასაციო პრეტენზიის ფარგლებში მოწმდება გასაჩივრებული გადაწყვეტილების/განჩინების დასაბუთებულობა (სსსკ-ის 407-ე მუხლი), საკასაციო სასამართლო სამართლებრივ შეფასებას აძლევს უკვე დადგენილ და გამოკვლეული ფაქტებს, ახალი ფაქტობრივი გარემოებების და მტკიცებულებების წარმოდგენა არც ერთ მხარეს არ შეუძლია, ასეთის წარმოდგენის შემთხვევაში, ისინი არ განიხილება, არ დაერთვის საქმეს და უბრუნდება მხარეს.
16. განმცხადებლის პრეტენზია, რომ მას არ ჰქონდა ინფორმაცია საქმის განხილვის თარიღის თაობაზე, ასევე არ არის გაზიარებული საკასაციო სასამართლოს მიერ, რადგან საქმის მასალებშია 2021 წლის 15 ივლისის სატელეფონო შეტყობინების აქტი, რომლითაც დასტურდება, რომ საკასაციო საჩივრის მოწინააღმდეგე მხარის (განმცხადებლის, მოსარჩელის) წარმომადგენელს ლ.ს–ას ეცნობა საკასაციო საჩივრის არსებითი განხილვის თარიღი, განხილვის ფორმა და საქმის განმხილველი მოსამართლეების კოლეგიური შემადგენლობა. შესაბამისად, განმცხადებლის მითითება სსსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის "ბ" და "დ" ქვეპუნქტებზე და პრეტენზია იმის თაობაზე, რომ მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი მიწვეული არ იყო საქმის განხილვაზე, მისთვის ცნობილი არ იყო საქმის განხილვის თაობაზე და მას ბრალის გარეშე არ ჰქონდა ინფორმაცია სასამართლო უწყების ან/და სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, უსაფუძვლოა და არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან .
16. განმცხადებლის მითითება, რომ მას არ მიეცა საშუალება საკასაციო სასამართლოში წარმოედგინა მტკიცებულებები, რომელიც ნათელს მოფენდა კასატორის ყალბ ფაქტებს უარყოფილია, როგორც წინამდებარე განჩინების მე-15 პუნქტში ასახული საფუძვლებით, ასევე იმ დასაბუთებით, რომ ასეთი პრეტენზია ვერ გახდება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი, რადგან სსსკ-ის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები.
17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელის განცხადება დაუშვებელია და არ შეესაბამება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს. სსსკ-ის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიაციტივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.
18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, ფორმალურ-პროცესუალური საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად წარმოდგენილი განცხადება ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლში ჩამოთვლილ წინაპირობებს, რომლებიც შესაძლებელია გახდეს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი.
19.ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ.უ–ძის განცხადება არ აკმაყოფილებს გადაწყვეტილების ბათილად ცნობისთვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, რაც მისი დაუშვებლად მიჩნევის წინაპირობაა. აქვე განმცხადებელს უნდა განემარტოს, რომ მის მიერ ერთი და იმავე, ან მსგავსი შინაარსის განცხადებები განუხილველად დარჩება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 396-ე, 422-ე, 425-ე, 429-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.უ–ძის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე მიჩნეულ იქნას დაუშვებლად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ე. გასიტაშვილი