Facebook Twitter

საქმე №ას-758-2021 15 ოქტომბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – თ.ლ–რი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ.ჯ–ია“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

თ.ლ–რმა (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „მ.ჯ–იას“ (შემდგომში „მოპასუხე“) მიმართ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენის, განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრა მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება და გაუქმებულ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 სექტემბრის განჩინებით თ.ლ–რის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

2021 წლის 11 ოქტომბერს კასატორის წარმომადგენელმა საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა შუამდგომლობა თ.ლ–რის საკასაციო საჩივარზე უარის თქმისა და საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ. შუამდგომლობაში აღნიშნულია, რომ კასატორი ამჟამადაც დასაქმებულია კომპანიაში და გარკვეული უხერხულობის თავიდან არიდების მიზნით მიიღო გადაწყვეტილება საკასაციო საჩივარზე უარის თქმისა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შუამდგომლობის ავტორმა მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და კასატორის წარმომადგენლის შუამდგომლობის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მოცემულ საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 სექტემბრის განჩინებით თ.ლ–რის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

დადგენილია ასევე, რომ კასატორი უარს აცხადებს საკასაციო საჩივარზე და ითხოვს საქმის წარმოების შეწყვეტას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - სსსკ) 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რასაც სსსკ-ის XLIX თავი შეიცავს.

სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, სსსკ-ის XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამავე კოდექსის 378-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. სსსკ-ის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.

სსსკ-ის მე-2 მუხლით დამკვიდრებულია პირის უფლება მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით, ხოლო, ამავე კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს სამოქალაქო საპროცესო სამართალში, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული, ცხადია, გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას, გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები) ან უარი თქვან მათ გასაჩივრებაზე.

კასატორმა საკასაციო საჩივარზე უარის თქმით განახორციელა სსსკ-ის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლება, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, ვინაიდან სსსკ-ის 409-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) შეცვლისადმი განისაზღვრება მხარეთა მოთხოვნის ფარგლებით.

სსსკ-ის 399-ე მუხლიდან გამომდინარე, ამავე კოდექსის 378-ე და 272-ე მუხლების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმით მოცემულ საქმეზე საკასაციო საჩივრის საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.

საკასაციო სასამართლო, სსსკ-ის 399-ე და 378-ე მუხლების საფუძველზე, კასატორს განუმარტავს, რომ საკასაციო საჩივარზე უარის თქმით, მას უფლება ერთმევა კვლავ გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) საკასაციო წესით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე, 273-ე, 372-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. თ.ლ–რის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. თ.ლ–რის საკასაციო საჩივარზე შეწყდეს წარმოება;

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;

4. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება;

5. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი