Facebook Twitter

საქმე №ას-706-2020 21 აპრილი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ე.გ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – გ.ა–ი, გ. (გ.) ხ–ვა (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავ ცნობებთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, მორალური ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. 2007 წლის ნოემბერში ე.გ–ი (შემდგომში „მოსარჩელე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე - სასაზღვრო პოლიტიკის უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორი.

2. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 7 ნოემბრის #621 ბრძანებულებით ქ. თბილისში არსებული უკიდურესად გამწვავებული ვითარებიდან გამომდინარე, ქვეყანაში დესტაბილიზაციისა და არეულობის თავიდან აცილების მიზნით, აგრეთვე მართლწესრიგის აღსადგენად საჭირო ღონისძიებათა ეფექტური განხორციელების მიზნით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა.

3. შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სწრაფი რეაგირების რაზმის მეთაურის 2007 წლის 7 ნოემბრის #868 ბრძანებით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის ბრძანების საფუძველზე სპეციალური დავალების შესასრულებლად მივლინებული სწრაფი რეაგირების რაზმის 128 და საავიაციო რაზმის 22 მოსამსახურე, აგრეთვე რაზმის დისლოკაციის ადგილზე მყოფი 23 მოსამსახურე (სულ 173) აყვანილ იქნა კვების კმაყოფაზე 7 ნოემბრის ვახშმიდან. სასაზღვრო პოლიციის სხვადასხვა ქვედანაყოფებიდან მოვლინებული შემადგენლობა აყვანილი იქნა კვების კმაყოფაზე 7 ნოემბრის ვახშმიდან. სასაზღვრო პოლიციის სხვადასხვა ქვედანაყოფიდან მოვლინებული შემადგენლობა აყვანილ იქნა კვების კმაყოფაზე 7 ნოემბრის ვახშმიდან.

4. შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის, გენერალ-ლეიტენანტის, ბ.ბ–ძის 2007 წლის 14 ნოემბრის #554 ბრძანებით სამსახურებრივი მოვალეობების მაღალ, პროფესიონალურ დონეზე შესრულებისათვის ფულადი პრემიით დაჯილდოვდნენ სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეები, ასევე, მათზე დაკისრებული მოვალეობების კეთილსინდისიერად შესრულებისათვის ერთი თვის ხელფასის (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგო, დანამატი, ტრანსფერი) ოდენობით დაჯილდოვდნენ აგრეთვე დანართი 1-8-ით განსაზღვრული მოსამსახურეები. ამავე ბრძანებით, ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილეს, სასაზღვრო პოლიტიკის უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორს. ბრძანების დანართები დანამატის მიმღებ მოსამსახურეთა მითითებით, ხელმოწერილია ე. გ–ის, როგორც სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე - სასაზღვრო პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორის მიერ.

5. სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2007 წლის 16 ნოემბრის #561 ბრძანებით ცვლილება შევიდა #554 ბრძანებაში და ბრძანების სათაური, შესავალი ნაწილი და სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტის პირველ წინადადებაში სიტყვები „ფულადი პრემია“ შეიცვალა სიტყვებით „სპეციალური დანამატით“, ხოლო დანართის 1-8 სათაურში სიტყვები „მოსამსახურეების დაჯილდოების სია“ შეიცვალა სიტყვებით „მოსამსახურეების სია, ვისაც უწესდებათ 2007 წლის ნოემბრის თვის სპეციალური დანამატი“.

6. ვადაზე ადრე სპეციალური წოდების მინიჭების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ი.მ–ის 2007 წლის 21 ნოემბრის N9025პ/შ ბრძანებით შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე - სასაზღვრო პოლიტიკის უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორს სასაზღვრო პოლიციის უფროს ლეიტენანტ ე.ს. ასულ გ–ს მიენიჭა ვადაზე ადრე საშუალო სპეციალური წოდება „სასაზღვრო პოლიციის კაპიტანი“.

7. ინტერნეტ სივრცეში გამოქვეყნდა (გავრცელდა) შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის, გენერალ-ლეიტენანტის, ბ.ბ–ძის 2007 წლის 14 ნოემბრის #554 ბრძანება თანამშრომელთა პრემიით დაჯილდოვების, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ი.მ–ის 2007 წლის 21 ნოემბრის N9025პ/შ ბრძანება შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე-სასაზღვრო პოლიტიკის უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორის, სასაზღვრო პოლიციის უფროს ლეიტენანტ ე.გ–ისათვის ვადაზე ადრე საშუალო სპეციალური წოდების „სასაზღვრო პოლიციის კაპიტანის“ მინიჭების თაობაზე.

8. 2014 წლის 30 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელიც გადაიცა სატელევიზიო არხის, „იმედის“ საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკასა“ და პირველი არხის საინფორმაციო გამოშვება „მოამბეში“, ასევე გამოქვეყნდა ელექტრონული მედიის საშუალებით, არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, გ.ა–მა (შემდგომში „მოპასუხე“ ან „პირველი მოპასუხე“) გააჟღერა შემდეგი განცხადებები (სარჩელით სადავო წინადადებები):

1) „დოკუმენტებით 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევაში გ–ის თანამონაწილეობა დასტურდება“;

2) „ვინც 7 ნოემბრის აქციის მონაწილეები დაარბია, მათ ე.გ–მა ხელფასები და პრემიები გაუორმაგა“;

3) „ამის საფუძველზე კი, 2007 წლის 24 ნოემბერს ვ.მ–მა „კარგი საქმის შესრულებისათვის“ დროზე ადრე დააწინაურა“.

9. 2015 წლის 3 თებერვალს გ. ხ–ვამ (შემდგომში „მოპასუხე“ ან „მეორე მოპასუხე“) პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააჟღერა შემდეგი განცხადებები (სარჩელით სადავო წინადადებები):

1) „გ–ი კი არ ფიგურირებს, გ–ს ევალება [...] ამ სამმართველოს მოსამსახურეების დაჯილდოებაზე კონტროლი და ამ ფულის განაწილება. ეს არის სპეცრაზმი, რომელმაც დაგვლეწა ჩვენ 7 ნოემბერს” (საუბრის დრო 18.04-18.40);

2) „ [...] პირდაპირ კავშირშია იმ დანაშაულთან, რომელიც მ–მა ჩაიდინა და ამის გამო დააწინაურეს და ფულადი სახსრებითაც დააჯილდოვეს” (საუბრის დრო 18:46-18:58);

3) „ეს სულ არ ეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს, როგორც ესეთს საქართველოში და მეც ვარ ამ არასამთავრობო ორგანიზაციებიდან ერთერთი და დიდი ხანია ვმუშაობ ამ სფეროში, მაგრამ მილიონობით გრანტებს არ ვიღებდი და პირდაპირ სპეცრაზმიდან არ გადავმხტარვარ მე იმაში, რა ქვია არასამთავრობო ორგანიზაციაში” (საუბრის დრო 19:12-19:31).

10. 2010 წლის 21 დეკემბრიდან მოსარჩელე არის ააიპ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი.

11. სასარჩელო მოთხოვნა:

11.1. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების მიმართ და მოითხოვა მასთან დაკავშირებით მოპასუხეების მიერ გავრცელებული მოსარჩელის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ცნობების (წინამდებარე განჩინების მე-8-მე-9 პუნქტებში ასახული განცხადებების) უარყოფა და დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, ასევე მორალური ზიანის სახით თითოეული მოპასუხისთვის 30 თეთრის დაკისრება.

12. მოპასუხეების შესაგებელი:

12.1. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლებით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მათი გამონათქვამები არ წარმოადგენს ცილისწამებას. მოსარჩელემ გამონათქვამების ცალკეული ნაწილების იზოლირებით ციტირება მოახდინა ისე, რომ დაიკარგა გამონათქვამების შინაარსი, აზრი. აღნიშნულით კი იგი ცდილობს გამონათქვამების ნამდვილი შინაარსისა და აზრის გაყალბებას, რათა შექმნას პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის ხელყოფის იმიტაცია. მოსარჩელე ვერ ამტკიცებს, რომ მის შესახებ გავრცელებული ფაქტები მცდარია და არ შეესაბამება სინამდვილეს. ამასთან, განცხადებების ნაწილი წარმოადგენს მოპასუხეთა შეფასებით მსჯელობას, აზრს, ხოლო „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით (შემდგომში „სპეციალური კანონი“), აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით, რაც გამორიცხავს სამოქალაქოსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

13. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

13.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

14. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნები:

14.1. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

15. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

15.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

15.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-8 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ პატივისა და ღირსების შემლახავი ცნობების უარყოფისა და მორალური ზიანის ანაზღაურების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

15.3. სასამართლომ აღნიშნა, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასამართლოს შესაფასებელია, მოპასუხეთა მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის თუ არა სსკ-ის მე-18 მუხლითა და „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ საქართველოს კანონით დაცულ სფეროში იმგვარი ჩარევა, რასაც სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა მოჰყვება. ამასთან, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის (პირს ეკისრება სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა კერძო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ და ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა) ასამოქმედებლად, აუცილებელია დადგინდეს, რომ მოპასუხეთა განცხადებები უშუალოდ მოსარჩელის შესახებ არსებითად მცდარ ფაქტს შეიცავს და ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა. ამავე დროს, იმის გადასაწყვეტად, მოპასუხეთა გამონათქვამი შეიცავს, თუ არა ცილისმწამებლურ განცხადებას, უნდა გაირკვეს მოპასუხეთა მსჯელობა წარმოადგენს „აზრს“ თუ „არსებითად მცდარ ფაქტს“. მათ შორის განსხვავების დადგენის აუცილებლობა კი განპირობებულია იმით, რომ „აზრის თავისუფლება“ მიჩნეულია კერძო საკითხად, რომელიც გონების სფეროს მიეკუთვნება და ამდენად, იგი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით და სხვა უფლებებისაგან განსხვავებით, არ შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ ფორმალობებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია სხვათა რეპუტაციის ან უფლებათა დაცვისათვის. აზრის საწინააღმდეგოდ კი, „ფაქტში“ იგულისხმება ნამდვილი, რეალური ან არსებული გარემოებები და საგნები, რომლებიც ექვემდებარება მტკიცებულებებით დადასტურებას და იგი მიეკუთვნება რელატიურ (შეფარდებით) უფლებათა კატეგორიას.

15.4. სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეებმა განცხადებები გააკეთეს მოსარჩელესთან დაკავშირებით მიმდინარე საჯარო განხილვის ფარგლებში, რასაც გზა გაუხსნა მედიაში გავრცელებულმა ინფორმაციამ, მოსარჩელის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე - სასაზღვრო პოლიტიკის უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორის შესახებ. სასამართლოს მოსაზრებით, გამოთქმის კონტექსტის შეფასების, შინაარსისა და ნამდვილი აზრის გათვალისწინებით, მოპასუხეთა გამონათქვამი წარმოადგენს აზრს, შეფასებით მსჯელობას, დამყარებულს საკმარის ფაქტობრივ საფუძველზე, გამოთქმულს მოსარჩელის, როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე - სასაზღვრო პოლიტიკის უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორი) - ყოფილი მაღალი თანამდებობის პირის მიმართ, რომლისკენაც, მის მიერ დაკავებული თანამდებობისა და შესაძლო კანონდარღვევის ჩადენის შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შედეგად, მიმართული იყო საზოგადოების ნამდვილი და ლეგიტიმური ინტერესი. ამასთან, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სადავო განცხადებების გაკეთებამდე ინტერნეტ სივრცეში გამოქვეყნდა (გავრცელდა) და შემდგომ მოცემულ საქმეშიც იქნა წარდგენილი შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის, გენერალ-ლეიტენანტის, ბ.ბ–ძის 2007 წლის 14 ნოემბრის #554 ბრძანება მოსამსახურეებისათვის 2007 წლის ნოემბრის თვის სპეციალური დანამატის გაცემის თაობაზე, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ი.მ–ის 2007 წლის 21 ნოემბრის N9025პ/შ ბრძანება შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე-სასაზღვრო პოლიტიკის უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორის, სასაზღვრო პოლიციის უფროს ლეიტენანტ ე.გ–ისათვის ვადაზე ადრე საშუალო სპეციალური წოდების ,,სასაზღვრო პოლიციის კაპიტანი“-ს მინიჭების თაობაზე. არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით კი, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ქმნიდა საკმარის საფუძველს სარჩელის დაკმაყოფილებისთვის, მით უფრო მაშინ, როდესაც აპელანტს (მოსარჩელე) საწინააღმდეგოდ რაიმე გამომრიცხავი მტკიცებულება არ წარუდგენია.

15.5. სასამართლომ მიუთითა „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლზე, რომელიც მტკიცების ტვირთის გადანაწილების სპეციალურ წესს განამტკიცებს და რომლის თანახმად, მტკიცების ტვირთი მთლიანად მოსარჩელეს ეკისრება, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლოში სარჩელის წარდგენისას მოსარჩელეა ვალდებული, ამტკიცოს შემდეგი: ა) მოპასუხემ მის შესახებ გაავრცელა სადავო განცხადება; ბ) სადავო განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს, ანუ იგი მცდარი ფაქტების შემცველია; გ) განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი, ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა; დ) სადავო განცხადება ზიანს აყენებს მის პატივს, ღირსებასა ან/და საქმიან რეპუტაციას.

15.6. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ მასზე კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება ვერ მოახდინა. შესაბამისად, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის 13-ე მუხლის გამოსაყენებლად საჭირო ერთ-ერთი წინაპირობა - არსებითად მცდარი ფაქტის მოპასუხეთა მიერ გავრცელება, რომელიც ცილისწამებას გაუთანაბრდებოდა, არ დასტურდება, რაც მოთხოვნის დაკმაყოფილებას საფუძველშივე გამორიცხავს. ამრიგად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ სააპელაციო საჩივარში ასახული მსჯელობა არ ქმნიდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველს.

16. კასატორის მოთხოვნა და საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

16.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

16.1.1. სააპელაციო სასამართლომ უდავო ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია და ყურადღების მიღმა დატოვა აპელანტის მითითება იმის შესახებ, რომ საქმეში არ მოიპოვება არცერთი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა მოპასუხეთა პოზიციას სადავო განცხადებების გაკეთებამდე შსს სასაზღვრო პოლიციის უფროსისა და შსს მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ბრძანებების ინტერნეტსივრცეში ხელმისაწვდომობის შესახებ. სასამართლომ ასევე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებში ასახა და საქმეს დაურთო დოკუმენტი, რომელსაც არ აქვს სათანადო იურიდიული ძალა - მას არ ახლავს ბრძანების გამოცემაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერა (რაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-521 მუხლების გათვალისწინებით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მნიშვნელოვანი რეკვიზიტია). ესაა შს სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სწრაფი რეაგირების რაზმის მეთაურის 2007 წლის 7 ნოემბრის #868 ბრძანება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით, რომლითაც საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის ბრძანების საფუძველზე სპეციალური დავალების შესასრულებლად მივლინებული სწრაფი რეაგირების რაზმის 128 და საავიაციო რაზმის 22 მოსამსახურე, აგრეთვე რაზმის დისლოკაციის ადგილზე მყოფი 23 მოსამსახურე (სულ 173) აყვანილ იქნა კვების კმაყოფაზე 7 ნოემბრის ვახშმიდან. სასაზღვრო პოლიციის სხვადასხვა ქვედანაყოფებიდან მოვლინებული შემადგენლობა აყვანილი იქნა კვების კმაყოფაზე 7 ნოემბრის ვახშმიდან.

16.1.2. სასამართლომ არასწორად შეაფასა სადავო განცხადებები მოპასუხეთა მიერ გამოთქმულ აზრად და არ გაითვალისწინა „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ბ“ პუნქტის ჩანაწერი, რომლის მიხედვით, აზრი არის შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთე ნებისმიერი სახის ისეთი შეხედებულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის განცხადება - „დოკუმენტებით 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევაში ე.გ–ის თანამონაწილეობა დასტურდება“ - მხოლოდ და მხოლოდ აზრის გამოხატვა რომ იყოს (რომელიც ასახავს პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას), არ უნდა შეიცავდეს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტებს. აღნიშნული განცხადებისთვის კი ფაქტი შეიძლება იყოს მოსარჩელის 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევაში მონაწილეობა და აღნიშნულის დოკუმენტებით დადასტურებადობა, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. ე.გ–ის აქციის დარბევაში მონაწილეობა საქმის მასალებით დადასტურებული არ არის. საქმის მასალებით ასევე არ დასტურდება სადავო განცხადებებში გაჟღერებული სხვა ფაქტებიც - „ვინც 7 ნოემბრის აქციის მონაწილეები დაარბია, მათ ე.გ–მა ხელფასები და პრემიები გაუორმაგა“; „ამის საფუძველზე კი 2007 წლის 24 ნოემბერს ვ.მ–მა „კარგი საქმის შესრულებისთვის“ დროზე ადრე დააწინაურა“. პირიქით, მოპასუხეთა განცხადებების უსწორობა დადასტურდა მოწმეთა ჩვენებებითა და საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებით.

16.1.3. გასაჩივრებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავსი კატეგორიის საქმეებზე დადგენილ პრაქტიკას. საქმეზე #ას-790-739-2017 საკასაციო სასამართლომ აღნიშნა შემდეგი: „განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ გავრცელებულ განცხადებაში მითითებულია ისეთი მოქმედება, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით დანაშაულს წარმოადგენს. ამდენად, ასეთი სახის ინფორმაციის გავრცელებით, შესაბამისი მტკიცებულების წარდგენის გარეშე, უდავოდ ილახება პირის პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია, რამდენადაც საზოგადოებაში ასეთი პირი შესაძლოა აღქმულ იქნეს, როგორც დამნაშავე, რაც მისი საზოგადოებრივი სტატუსის დისკრედიტაციას გამოიწვევს“. მოცემულ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა მოპასუხეთა განცხადებაში კონკრეტული დანაშაულის შესახებ მითითება, ხოლო განცხადებაში მითითებული გარემოებები სხვადასხვა სახის მტკიცებულებების შესაბამისად, არ დადასტურდა, სასამართლოს მსჯელობა მოცემულის აზრის კატეგორიად მიჩნევის შესახებ დაუსაბუთებელია და ეწინააღმდეგება როგორც „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ საქართველოს კანონს, ასევე საერთო სასამართლოებისა და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას.

17. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:

17.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 31 ივლისის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

17.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 10 თებერვლის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერების, საკასაციო საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიაჩნია, რომ მოპასუხის საკასაციო განაცხადი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

18. წინამდებარე დავაში, როგორც კასატორი მიუთითებს, მოპასუხეების განცხადებები შედგება არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი და მისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი რეპუტაციის შემლახველი გამონათქვამებისაგან. შესაბამისად, იგი წარმოადგენს ცილისწამებას.

19. საკასაციო სასამართლო კასატორის პრეტენზიის შეფასების მიზნით, პირველ რიგში, მიუთითებს საქმის მასალებით დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: სარჩელით შედავებულია პირველი მოპასუხის მიერ 2014 წლის 30 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე გაკეთებული შემდეგი განცხადებები (განცხადებებიდან ამონარიდები):

1) „დოკუმენტებით 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევაში გ–ის თანამონაწილეობა დასტურდება“;

2) „ვინც 7 ნოემბრის აქციის მონაწილეები დაარბია, მათ ე.გ–მა ხელფასები და პრემიები გაუორმაგა“;

3) „ამის საფუძველზე კი, 2007 წლის 24 ნოემბერს ვ.მ–მა „კარგი საქმის შესრულებისათვის“ დროზე ადრე დააწინაურა“.

ასევე, მეორე მოპასუხის მიერ 2015 წლის 3 თებერვალს პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გაჟღერებული შემდეგი განცხადებები:

1) „გ–ი კი არ ფიგურირებს, გ–ს ევალება [...] ამ სამმართველოს მოსამსახურეების დაჯილდოებაზე კონტროლი და ამ ფულის განაწილება. ეს არის სპეცრაზმი, რომელმაც დაგვლეწა ჩვენ 7 ნოემბერს” (საუბრის დრო 18.04-18.40);

2) „ [...] პირდაპირ კავშირშია იმ დანაშაულთან, რომელიც მ–მა ჩაიდინა და ამის გამო დააწინაურეს და ფულადი სახსრებითაც დააჯილდოვეს” (საუბრის დრო 18:46-18:58);

3) „ეს სულ არ ეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს, როგორც ესეთს საქართველოში და მეც ვარ ამ არასამთავრობო ორგანიზაციებიდან ერთერთი და დიდი ხანია ვმუშაობ ამ სფეროში, მაგრამ მილიონობით გრანტებს არ ვიღებდი და პირდაპირ სპეცრაზმიდან არ გადავმხტარვარ მე იმაში, რა ქვია არასამთავრობო ორგანიზაციაში” (საუბრის დრო 19:12-19:31).

20. ზემოაღნიშნული განცხადებების შინაარსიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, სწორად შეფასდეს, არის თუ არა ეს განცხადებები ცილისწამება და, დადებითი პასუხის შემთხვევაში, შეილახა თუ არა მოსარჩელის კანონით დაცული უფლებები.

21. განცხადებების შინაარსის შეფასებამდე, საკასაციო სასამართლო უპასუხებს კასატორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მტკიცებულებად არასწორად მიიჩნიეს მოპასუხეთა მიერ წარდგენილი დოკუმენტი, რომელშიც ასახული იყო ინფორმაცია 2007 წლის 7 ნოემბრის აქციაზე სპეციალური დავალების შესასრულებლად სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა მივლინების შესახებ. საკასაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, ვინაიდან აღნიშნულ დოკუმენტს არ ახლავს ბრძანების გამოცემაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერა, მას არ აქვს სათანადო იურიდიული ძალა. აღნიშნულის საპირისპიროდ, სასამართლო მიუთითებს სადავო ბრძანების (შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სწრაფი რეაგირების რაზმის მეთაურის 2007 წლის 7 ნოემბრის #868 ბრძანების) მეორე გვერდზე (იხ. ტ. 1. ს.ფ 239), სადაც განთავსებულია დოკუმენტზე ხელმომწერი პირის, სწრაფი რეაგირების რაზმის მეთაურის ხელმოწერა დაშტრიხული სახით. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტში დაშტრიხულია ასევე რაზმის მეთაურის მოადგილისა და სხვა მოსამსახურეთა სახელები და გვარებიც (იხ. ტ. 1. ს.ფ 238-245). სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ მითითებული ბრძანება დანართით მოპასუხეების მიერ მოპოვებულია ოფიციალური წერილის საფუძველზე შს სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურიდან (იხ. ტ. 1. ს.ფ 238) და ინფორმაციის გამცემმა ორგანომ სწორედ ამ სახით (დაშტრიხული) გახდა შესაძლებელი მისი ადრესატისთვის (მოპასუხეები) გადაცემა. მოსარჩელეს კი, სსსკ 102-ე მუხლის შესაბამისად, არცერთი ინსტანციის სასამართლოსთვის არ წარუდგენია აღნიშნულ ბრძანებაში მითითებული ფაქტების (გარემოებების) გამაბათილებელი რაიმე მტკიცებულება, რაც საფუძველს აცლის მის მტკიცებას მხოლოდ ზემოაღნიშნული მოტივით დოკუმენტის არარელევანტურ მტკიცებულებად მიჩნევის შესახებ.

22. რაც შეეხება თავად სადავო განცხადებებს, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება მოპასუხეთა მიერ გაკეთებული განცხადებების მართებულობა (სისწორე), რის გამოც არ შეიძლება აღნიშნული განცხადებები შეფასდეს აზრის გამოხატვად.

23. გამომდინარე იქიდან, რომ, მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის დავის საგანია პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ინფორმაციის უარყოფა, საკასაციო სასამართლოს შესაფასებელია, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მოპასუხეთა მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის თუ არა მოსარჩელის სსკ-ის მე-18 მუხლითა და სპეციალური კანონით დაცულ სფეროში იმგვარი ჩარევა, რასაც სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება მოჰყვება.

24. ზემოაღნიშნული სპეციალური სამართლებრივი მოწესრიგების გათვალისწინებით, განსახილველ დავაში, იმის გადასაწყვეტად, მოპასუხეთა გამონათქვამი შეიცავს თუ არა ცილისმწამებლურ განცხადებას (რაც სსკ-ის 18.2. მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის საფუძველია) უნდა გაირკვეს მოპასუხეთა მსჯელობა წარმოადგენს „აზრს“ თუ „არსებითად მცდარ ფაქტს“. საკასაციო პალატის არაერთ განჩინებასა თუ გადაწყვეტილებაში, დიფამაციის სარჩელების განხილვისას, წამოჭრილია აზრისა და ფაქტის მცნების გამიჯვნის პრობლემა. შედეგად, სასამართლო პრაქტიკაში განისაზღვრა მათი გამიჯვნის სტანდარტი.

25. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად: „სიტყვა „აზრი“ ფართოდ განმარტებისას გულისხმობს განსჯას, დამოკიდებულებასა თუ შეფასებას, რომლის სისწორე თუ მცდარობა დამოკიდებულია მთლიანად ინდივიდზე, მის სუბიექტურ დამოკიდებულებაზე. ფაქტები კი, ჩვეულებრივ, მოკლებულია სუბიექტურ დამოკიდებულებას, იგი ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარეობს, ანუ ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ფაქტი შევამოწმოთ და ვნახოთ, ის რეალურად არსებობდა თუ არა. სწორედ ამიტომ, ფაქტების გადამოწმება და მისი ნამდვილობასთან შესაბამისობის დადგენა შესაძლებელია. ხშირ შემთხვევაში, აზრები და ფაქტები ერთმანეთს მჭიდროდ უკავშირდებიან და მათი გამიჯვნა რთულია. ეს განპირობებულია იმით, რომ გამოთქმის ორივე ფორმა იშვიათად გვხვდება სუფთა სახით. უმთავრესად, სჭარბობს სწორედ ისეთი გამონათქვამები, რომლებშიც თავს იყრის, როგორც შეფასებითი, ასევე ფაქტობრივი ელემენტები. აზრი ხშირად ეყრდნობა და ეხება ფაქტებს, ფაქტები კი, თავის მხრივ, აზრის საფუძველია, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს მათ, ამიტომაც ხშირად საკამათო გამონათქვამის, როგორც შეხედულების ან როგორც ფაქტის გადმოცემის, კვალიფიცირების დროს, შესაძლებელია გამოთქმის კონტექსტის მიხედვით მისი ცალკეული ნაწილების იზოლირება, მაგრამ ეს მეთოდი გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც ამით არ იკარგება ან არ ყალიბდება გამონათქვამის შინაარსი და ნამდვილი აზრი. თუკი ასეთი იზოლირება შეუძლებელია გამონათქვამის შინაარსის გაყალბების გარეშე, მაშინ ეს გამონათქვამი უნდა ჩაითვალოს მთლიანად აზრის გამოთქმად, ანუ შეხედულებად, შეფასებით მსჯელობად და, შესაბამისად, მთლიანად უნდა იქნეს შეყვანილი ძირითადი უფლებით დაცულ სფეროში“ (იხ. სუსგ # ას-1278-1298-2011, 20.02.2012 წ.). აზრისა და ფაქტის ერთმანეთთან მჭიდრო კავშირის გამო, მათი გამიჯვნა საკმაოდ რთულია, ამიტომ სადავო გამონათქვამის სწორი კვალიფიკაციისათვის უნდა შემოწმდეს მისი შინაარსი, გამოთქმის ფორმა და გამოთქმის კონტექსტი, რა ფაქტობრივი ელემენტებისაგან შედგება გამონათქვამი (იხ. სუსგ საქმე №ას-569-540-2014, 11.03.2016; საქმე №ას-1477-1489-2011, 03.04.2012 წ.).

26. ერთ-ერთ საქმეზე უზენაესმა სასამართლომ განმარტა შემდეგი: ცილისწამების მაკვალიფიცირებელი ერთ-ერთი მთავარი ნიშანია განმცხადებლის მიერ იმ ფაქტების მითითება, რომლებიც რეალობასთან არც ისე შორსაა, უფრო კონკრეტულია და არა ზოგადი ხასიათის, უფრო მეტად ობიექტური შინაარსისაა, ვიდრე - სუბიექტური, და, რაც მთავარია, მისი დადასტურება (დამტკიცება) შესაძლებელია (იხ. სუსგ საქმე №ას-179-172-2012, 01.10.2014 წ.).

27. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულია არაერთი პრეცეცედენტული გადაწყვეტილება, სადაც მიმოხილულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული პრობლემები.

28. სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით, იმისათვის, რომ ფაქტობრივი ბრალდება შეფასებითი მსჯელობისაგან გაიმიჯნოს, აუცილებელია საქმის გარემოებებისა და განცხადების ზოგადი ტონის ანალიზი, იმის მხედველობაში მიღებით (Brasilier v. France, no. 71343/01, 11 April 2006, § 37), რომ გამონათქვამები საჯარო ინტერესის საკითხზე, შესაძლებელია, სწორედ აღნიშნულ საფუძველზე (სწორედ აღნიშნულის გამო), უფრო შეფასებით მსჯელობას წარმოადგენდეს, ვიდრე ფაქტის შესახებ განცხადებას (Paturel v. France, no. 54968/00, 22 December 2005, § 37).

29. ერთ-ერთ საქმეზე ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსაზრების (შეფასებითი მსჯელობის) ფაქტებით დამტკიცება შეუძლებელია, ამიტომ არც ის შეიძლება, რომ ვინმეს ამ მოსაზრების სისწორის დამტკიცება დაევალოს. შეფასებითი მსჯელობის სიმართლის დამტკიცება გადაუჭრელი ამოცანაა. ფაქტის არსი შეიძლება დემონსტრირებულ იქნას, მაგრამ შეფასებითი მსჯელობის სიმართლე არ შეიძლება მტკიცების საგანი იყოს. შეფასებითი მსჯელობის სიმართლის დამტკიცების მოთხოვნა წარმოადგენს იერიშის მიტანას აზრის თავისუფლებაზე („ლინგენსი ავსტრიის წინააღმდეგ").

30. სხვა საქმეზე ადამიანის უფლებათა სასამართლომ აღნიშნა, რომ იმ დროს, როდესაც შესაძლებელია ფაქტების არსებობის დემონსტრირება, სუბიექტური შეფასების ჭეშმარიტების დამტკიცება შეუძლებელია. სუბიექტური შეფასების ჭეშმარიტების დამტკიცების მოთხოვნა შეუსრულებელია და ეს მოთხოვნა არღვევს თვით აზრის თავისუფლებას. როდესაც გამონათქვამი სუბიექტურ შეფასებას უთანაბრდება, შეზღუდვის პროპორციულობა შეიძლება დამოკიდებული იყოს იმაზე, არსებობს თუ არა საკმარისი ფაქტობრივი საფუძველი განსახილველი გამონათქვამისათვის, ვინაიდან სუბიექტური შეფასებაც კი, ყოველგვარი ფაქტობრივი საფუძვლით გამყარების გარეშე შეიძლება, ზედმეტი იყოს („დიჩანდი და სხვები ავსტრიის წინააღმდეგ“).

31. მოცემულ შემთხვევაში, განსახილველი საკითხის შეფასებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1) 2007 წლის ნოემბერში (მაშინ, როდესაც ჩატარდა 7 ნოემბრის საყოველთაოდ ცნობილი აქცია და რომლის დარბევის შესახებაც საუბრობენ მოპასუხეები თავიანთ განცხადებებში) მოსარჩელე იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე - სასაზღვრო პოლიტიკის უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორი (იხ. ტ. 1. ს.ფ 31);

2) 2007 წლის 7 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სწრაფი რეაგირების რაზმის მეთაურის მიერ გამოიცა #868 ბრძანება 7 ნოემბრის აქციაზე სპეციალური დავალების შესასრულებლად სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა მივლინების შესახებ (იხ. ტ. 1. ს.ფ 239-245);

3) 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის შემდგომ, 2017 წლის 14 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის, გენერალ-ლეიტენანტის, ბ.ბ–ძის #554 ბრძანებით სამსახურებრივი მოვალეობების მაღალ, პროფესიონალურ დონეზე შესრულებისათვის ფულადი პრემიით დაჯილდოვდნენ სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეები, ასევე, მათზე დაკისრებული მოვალეობების კეთილსინდისიერად შესრულებისათვის ერთი თვის ხელფასის (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგო, დანამატი, ტრანსფერი) ოდენობით დაჯილდოვდნენ აგრეთვე დანართი 1-8-ით განსაზღვრული მოსამსახურეები და ამავე ბრძანებით, ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალა მოსარჩელეს - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილეს, სასაზღვრო პოლიტიკის უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორს (იხ. ტ. 1. ს.ფ 148-211);

4) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ი.მ–ის 2007 წლის 21 ნოემბრის N9025პ/შ ბრძანებით შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე - სასაზღვრო პოლიტიკის უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორს სასაზღვრო პოლიციის უფროს ლეიტენანტ ე.ს. ასულ გ–ს (მოსარჩელეს) მიენიჭა ვადაზე ადრე საშუალო სპეციალური წოდება „სასაზღვრო პოლიციის კაპიტანი“ (იხ. ტ. 1. ს.ფ 31).

32. ზემოაღნიშნული უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებისა და იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ მოპასუხეები სადავო განცხადებების გაკეთებისას ეყრდნობოდნენ სწორედ ამ დოკუმენტებს და მიუთითებდნენ მათზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო გამონათქვამები მთლიანობაში უნდა ჩაითვალოს აზრის გამოთქმად, ანუ შეხედულებად, შეფასებით მსჯელობად და არა ფაქტების შემცველ განცხადებად, რადგან ისინი უმთავრესად გამოხატავს და ეფუძნება საქმეში მტკიცებულების სახით წარდგენილ და საჯარო სივრცეში მოპოვებად მტკიცებულებათა შინაარსის მოპასუხისეულ აღქმას და არა ფაქტების კონსტატაციას (შდრ. იხ. სუსგ საქმე №ას-1152-2020 17 მარტი, 2021 წელი).

33. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, თავად განცხადებების კონტექსტი და მათში ასახული სიტყვები - „დოკუმენტებით დასტურდება“ მიუთითებს მასზე, რომ განცხადებების ავტორები საკუთარ აზრს ამყარებენ არასადავო და დადასტურებად ფაქტებს. სწორედ ზემოთ მითითებულ მტკიცებულებებზე (2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის დროისთვის მოსარჩელეს ეკავა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილის - სასაზღვრო პოლიტიკის უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა; აქციაზე სპეციალურ დავალებათა შესასრულებლად მივლინებული იქნენ სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეები; აქციის დარბევიდან მალევე, 2007 წლის 14 ნოემბერს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა სამსახურებრივი მოვალეობების მაღალ, პროფესიონალურ დონეზე შესრულებისათვის ფულადი პრემიით დააჯილდოვა სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეები და აღნიშნული ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალა მოსარჩელეს (როგორც საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილეს (სასაზღვრო პოლიტიკის უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორს); ამ ბრძანების გამოცემიდან რამდენიმე დღეში კი, 2007 წლის 21 ნოემბრის N9025პ/შ ბრძანებით მოსარჩელეს მიენიჭა ვადაზე ადრე საშუალო სპეციალური წოდება „სასაზღვრო პოლიციის კაპიტანი“) დაყრდნობით დაასკვნეს მათ, რომ აქციის დარბევაში მონაწილეობისთვის მოსარჩელემ ხელფასები და პრემიები გაანაწილა პოლიციის თანამშრომლებზე, ხოლო „ამ საქმის კარგად შესრულებისთვის“ შინაგან საქმეთა მინისტრმა იგი დროზე ადრე დააჯილდოვა სპეციალური წოდების მინიჭებით.

34. სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ წინამდებარე საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს მიერ მყარად დადგენილ პრაქტიკას, რომლის მიხედვითაც, თუ მოპასუხის მიერ განცხადებაში მითითებულია ისეთი მოქმედება, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით დანაშაულს წარმოადგენს, შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, აღნიშნული უდავოდ ლახავს პირის პატივს, ღირსებასა და საქმიან რეპუტაციას. კასატორის მოსაზრებით, როდესაც სახეზეა მოპასუხეთა მითითება კონკრეტულ დანაშაულში (7 ნოემბრის აქციის დარბევაში) მოსარჩელის მონაწილეობაზე, ამ სახის განცხადება ვერ მიეკუთვნება აზრის კატეგორიას და მიჩნეულ უნდა იქნეს ცილისწამებად.

35. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოპასუხეთა განცხადებები, რაზეც მოსარჩელე მიუთითებს - „დოკუმენტებით კი 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევებში გ–ის თანამონაწილეობა დასტურდება, ანუ ვინც 7 ნოემბერს აქციის მონაწილეები დაარბია, მათ ე.გ–მა ხელფასები და პრემიები გაუორმაგა“; „გ–ი კი არ ფიგურირებს, გ–ს ევალება ამ სამმართველოს მოსამსახურეების დაჯილდოვებაზე კონტროლი და ამ ფულის განაწილება. ეს არის სპეცრაზმი, რომელმაც დაგვლეწა ჩვენს 7 ნოემბერს“; „... პირდაპირ კავშირშია იმ დანაშაულთან, რომელიც მ–მა ჩაიდინა და ამის გამო დააწინაურეს და ფულადი სახსრებითაც დააჯილდოვეს” - შეიცავს არა მითითებას აქციის დარბევაში მოსარჩელის უშუალო მონაწილეობის შესახებ, არამედ წარმოადგენს სუბიექტურ შეხედულებას და მიმართულია ზოგადად იმ პირთა მიმართ, ვინც დაარბია 7 ნოემბრის აქცია. აღნიშნული კი გამორიცხავს ზემოაღნიშნული განცხადებების ცილისწამებად შეფასებას. ამასთან, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, ცილისწამების მაკვალიფიცირებელი ერთ-ერთი მთავარი ნიშანია განმცხადებლის მიერ იმ ფაქტების მითითება, რომლებიც რეალობასთან არც ისე შორსაა, უფრო კონკრეტულია და არა ზოგადი ხასიათის, უფრო მეტად ობიექტური შინაარსისაა, ვიდრე - სუბიექტური, და, რაც მთავარია, მისი დადასტურება (დამტკიცება) შესაძლებელია (იხ. სუსგ საქმე №ას-179-172-2012, 01.10.2014 წ.).

36. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას მოპასუხეთა გამონათქვამების ერთობლივ კონტექსტში შეფასების შედეგად აზრობრივ კატეგორიად აღქმასთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს საჯარო სივრცეში გავრცელებული და საქმეში დაცული მტკიცებულებებით. შესაბამისად, სახეზეა არა პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადება, არამედ აზრი, რომელიც უკავშირდება საჯარო სივრცეში მოპოვებად მტკიცებულებათა შინაარსის მოპასუხისეულ აღქმას.

37. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.

38. მოცემულ შემთხვევაში, სადავო განცხადებები სრულად თავსდება „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის ,,ბ" ქვეპუნქტში მოცემული „აზრის" დეფინიციაში, რომელიც დაცულია „აბსოლუტური პრივილეგიით“ (სპეციალური კანონის 4.1 მუხლი), რაც კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან პირის სრული და უპირობო გათავისუფლების საფუძველია (სპეციალური კანონის 1-ლი მუხლის „ფ“ ქვეპუნქტი).

39. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

40. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

41. ზემოთ მითითებული მსჯელობებისა და განმარტებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ ვინაიდან სადავო განცხადებებით ადგილი არ ჰქონია კასატორის ცილისწამებას, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად არ დააკმაყოფილეს წარდგენილი სარჩელი, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არსებითად სწორია, რაც გასაჩივრებული განჩინების ძალაში დატოვებისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ე.გ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 დეკემბრის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე