Facebook Twitter

17 სექტემბერი, 2021 წელი

საქმე №ას-553-2021 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ლევან მიქაბერიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი – ა.მ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ F. H.“

მოპასუხე - შპს „ვ–ა“

განმცხადებლის მოთხოვნა – სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს „ F. H.“-მა (შემდეგში: მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სასამართლოში სარჩელი აღძრა შპს „ვ–ასა“ (შემდეგში: პირველი მოპასუხე, საწარმო) და ა.მ–ძის (შემდეგში: მეორე მოპასუხე, განმცხადებელი) წინააღმდეგ და მოპასუხეთათვის სოლიდარულად 7 612 ლარის (მათ შორის: ძირი თანხა, 2 200 ლარი და პირგასამტეხლო - 5 412 ლარი) დაკისრება მოითხოვა.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელის განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და საქმეზე გამოყენებულ იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, მეორე მოპასუხეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - ქ.ოზურგეთში, ....... ქუჩაზე მდებარე 740კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობის (შემდეგში - პირველი უძრავი ქონება) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

3. ამავე სასამართლოს 2019 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით: მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით ახალი გადაწყვეტილება იქნა მიღებული; სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა პირველი მოპასუხის მიმართ და ამ უკანასკნელს მოსარჩელის სასარგებლოდ 2 200 ლარის ანაზღაურება დაეკისრა; დანარჩენ ნაწილში, მათ შორის, მეორე მოპასუხის მიმართ მოთხოვნის ნაწილში, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3.1. ამავე გადაწყვეტილებით გაუქმდა მოცემულ საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მეორე მოპასუხეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - ქ.ოზურგეთში, .... ქუჩაზე არსებული უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შემოიტანა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 9 ივნისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

6. 2021 წლის 9 სექტემბერს, საკასაციო სასამართლოში განცხადება წარმოადგინა მეორე მოპასუხემ, რომელმაც სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის შესახებ იშუამდგომლა.

6.1. განმცხადებლის მითითებით, კონკრეტულ საქმეზე საპროცესო უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შედეგად, იგი კუთვნილი უძრავი ქონების გასხსვისებას ვერ ახერხებს. მიუხედავად იმისა, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მის მიმართ სარჩელი არ დააკმაყოფილეს, განმცხადებელი მაინც ვერ იყენებს აღნიშნულ ქონებას. ამჟამადაც, მეორე მოპასუხეს უძრავი ქონების გასხვისება სურს და შესაბამისი კლიენტიც ჰყავს. საგულისხმოა, რომ განმცხადებლის მიერ შემოთავაზებული უძრავი ქონების (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, ..... ქუჩაზე მდებარე 100კვ.მ მიწის ნაკვეთი, შემდეგში მოხსენიებული, როგორც მეორე უძრავი ქონება) ღირებულება მნიშვნელოვნად აღემატება დავის საგნის ღირებულებას, რის დასტურადაც განცხადებას თან ერთვის ექსპერტიზის დასკვნა.

6.2. ამდენად, განმცხადებელს მიაჩნია, რომ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის საფუძველი, რაც, სსსკ-ის 1961-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებია.

7. მეორე მოპასუხის ზემოხსენებულ განცხადებას წერილობით უპასუხა მოსარჩელემ, რომელმაც აღნიშნა, რომ პირველ უძრავ ქონებაზე შეზღუდვა სწორედ განმცხადებლის არაკეთილსინდისიერი მოქმედებების (მესამე პირთა წინაშე ნაკისრი ვალდებულებებისა და კანონის სისტემატური დარღვევა) გამო განხორციელდა. ამასთან, განმცხადებლის ქონებრივი მდგომარეობა, რომელიც მისი არაკეთილსინდისიერი მოქმედებებითაა გამოწვეული, მიუთითებს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში, იგი შეეცდება, მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებას. დაუსაბუთებელია მეორე მოპასუხის მსჯელობა იმის შესახებ, რომ სარჩელის უზრუნველყოფის საგნის მის მიერ შემოთავაზებული საგნით ჩანაცვლება ადეკვატურია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, განცხადების საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია, სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის შესახებ განმცხადებლის მოთხოვნის საფუძვლიანობა.

8. პირველ რიგში, პალატა აღნიშნავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დაშვებულია, სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის შესაძლებლობა, კერძოდ, სსსკ-ის 1961 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია შემდეგი: ყადაღადადებული ქონების ღირებულება არსებითად არ უნდა აღემატებოდეს სარჩელის ფასს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოპასუხე ერთადერთი ნივთის მესაკუთრეა. ასეთ შემთხვევაში, მოპასუხეს შეუძლია, სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის მიზნით, სასამართლოს სარჩელის ფასის ტოლფასი სხვა ქონება შესთავაზოს.

ამდენად, მოცემული ნორმა დასაშვებად მიიჩნევს სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლას და ნორმის სისტემური ანალიზი, მოთხოვნის წინაპირობად, ამ საგანთა უზრუნველყოფილ მოთხოვნასთან ტოლფასოვნებას განიხილავს (იხ. სუსგ №ას-1596-2019, 18.02.2020).

9. ამავდროულად, პალატას აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის საკითხის შეფასებისას, სასამართლომ, ყურადღება უნდა მიაქციოს, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანზე, რაზეც საკასაციო პალატის არაერთ განჩინებაშია განმარტებული, კერძოდ:

9.1. სსსკ-ის XXIII თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფი და ეფექტური საპროცესოსამართლებრივ გარანტიაა. სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მომავალში მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება, შესაძლოა, ვერ აღსრულდეს ან აღსრულება მნიშვნელოვნად დაბრკოლდეს. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია, მოსარჩელის მატერიალური უფლებების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი კონცენტრირებულია სსსკ-ის 191-ე მუხლში, კერძოდ კი, იმ წინადადებაში, რომლის თანახმად, თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინებას. ყველა საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობისას, სასამართლომ, პირველ რიგში, ყურადღება უნდა გაამახვილოს სარჩელის უზრუნველყოფის საფუძველზე, კერძოდ, სამომავლოდ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან აღუსრულებლობის საშიშროებაზე. მოსარჩელემ უნდა მიუთითოს იმ კონკრეტული გარემოებების არსებობა, რომლებიც ადასტურებს ვარაუდს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას (შდრ. იხ. სუსგ №ას-467-2019, 28.02.2020; №ას-1302-2019, 26.12.2019).

10. საკასაციო პალატის ზემოთ მოყვანილი განმარტებებიდან გამომდინარე, დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის შესახებ შუამდგომლობის აღმძვრელმა მხარემ სასამართლოს უნდა დაუსაბუთოს, შემდეგი გარემოების არსებობა: მის მიერ შემოთავაზებული სხვა უძრავი ქონება, სრულიად უზრუნველყოფს, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტილების ეფექტურ და დაუბრკოლებელ აღსრულებას.

11. მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებლის მიერ ზემომითითებული გარემოების დასაბუთებას ემსახურება, ამ უკანასკნელის მიერ წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 3.09.2019წ.-ის დასკვნა, რომლითაც დადგენილია, რომ მეორე უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება 29 600 ლარია. საკასაციო პალატამ, განსახილველი შუამდგომლობის შესახებ აცნობა მოწინააღმდეგე მხარეს (მოსარჩელე), რომელსაც აღნიშნული დასკვნის საწინააღმდეგო მტკიცებულება არ წარმოუდგენია. უფრო მეტიც, მეორე უძრავი ქონების განმცხადებლის მიერ მითითებულ ფასს მოსარჩელე არ შედავებია, თავის წერილობით მოსაზრებაში იგი მხოლოდ იმას დასძენს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლა არასწორია. საქმის მასალებით კი ირკვევა, რომ მეორე მოპასუხის მიმართ მოსარჩელის მოთხოვნა, ამ უკანასკნელისათვის (პირველ მოპასუხესთან ერთად, სოლიდარულად) 7 612 ლარის დაკისრებაა.

დასახელებული მტკიცებულება ასაბუთებს, რომ მეორე მოპასუხეს საკუთრებაში საკმარისად მაღალი (დავის საგნის ფასთან მიმართებით) ღირებულების მქონე, სტაბილური აქტივი (უძრავი ქონება) გააჩნია. ბაზარზე უძრავი ქონების ფასების მზარდობის გათვალისწინებით, აღნიშნულ ქონებას, ამჟამად, შესაძლოა, უფრო დიდი საბაზრო ღირებულებაც ჰქონდეს, თუმცა ასეც რომ არ იყოს და ექსპერტის მიერ 2019 წლის 3 სექტემბრისათვის დადგენილ ღირებულებას დავეყრდნოთ, იგი სრულად უზრუნველყოფს განსახილველი სარჩელის მოთხოვნას. შესაბამისად, მოცემული დავის მოსარჩელის სასარგებლოდ დასრულების პირობებში, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას, საფრთხე არ დაემუქრება.

12. შექმნილი ფაქტობრივი მოცემულობის პირობებში, დღის წესრიგში დგება, საკასაციო პალატის მიერ შემდეგი საკითხის განმარტების აუცილებლობა:

12.1. სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპს ემყარება და მხარის პოზიციის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად უტყუარად შეძლებს იგი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადასტურებას (სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლები). შესაბამისად, სასამართლოში წარმატების მომტანია არა მხოლოდ მოთხოვნის დამასაბუთებელ არგუმენტზე (არგუმენტებზე) მითითება, არამედ მისი ნამდვილობის სათანადო მტკიცებულებით (მტკიცებულებებით) დადასტურება. სხვაგვარად შეუძლებელიცაა, რადგან საქმის გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ სწორი დასკვნა სასამართლოს მიერ სწორედ მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას შეიძლება დაეფუძნოს. ბუნებრივია, ერთი მხარე ყოველთვის შეეცდება, სასამართლოს სიტყვიერად თავის სასარგებლო პოზიციაზე მიუთითოს, ხოლო მეორემ - ეს პოზიცია უარყოს. მათი პოზიციების განხილვით ჭეშმარიტების დადგენა, რათქმაუნდა გამორიცხულია (იხ. სუსგ: №ას-1423-2019, 28.02.2020).

12.2. ასეა კონკრეტულ შემთხვევაშიც, მოსარჩელის მიერ განმცხადებლის (მეორე მოპასუხე) პოზიციის საფუძვლიანობის გამორიცხვა დამოკიდებულია სარწმუნო და უტყუარი მტკიცებულებების სასამართლოსათვის წარდგენით იმ ფაქტის დასაბუთებაზე, რომ შესაცვლელად წარმოდგენილი ახალი საგანი, ვერ უზრუნველყოფს სარჩელის მოთხოვნას. მოსარჩელეს ასე არ უმოქმედია, მან შესაბამის მტკიცებულებაზე დაყრდნობით ვერ დაადასტურა, რომ განმცხადებლის მიერ შერჩეული მეორე უძრავი ქონება, არაა საკმარისი - განსახილველი სარჩელის უზრუნველსაყოფად. საამისოდ ვერ გამოდგება მოსარჩელის მიერ მხოლოდ იმაზე მითითება, რომ სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლა არასწორია, მით უმეტეს, რომ აღნიშნული არც სიტყვიერად არ შეიცავს განმცხადებლის მიერ შერჩეული უძრავი ქონებაზე ღირებულებაზე შედავებას. მიუხედავად ამისა, ასეც რომ იყოს და მოსარჩელე განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი უზრუნველყოფის საგნის ფასის საწინააღმდეგო ფასზე რომც აპელირებდეს, შეუძლებელია, რომ სასამართლო ამა თუ იმ საკითხის დადგენისას რომელიმე მხარის მხოლოდ სიტყვიერ განმარტებას დაეყრდნოს. კანონი სასამართლოს ავალდებულებს, მტკიცებულებები შეაფასოს თავისი შინაგანი რწმენით და ეს რწმენა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევას (სსსკ-ის 105.2 მუხლი).

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს საფუძველი დასკვნისათვის, რომ სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 1961, 408.3 მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა.მ–ძის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 ნოემბრის განჩინების მეორე პუნქტი შეიცვალოს იმგვარად, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდეს ქ. ოზურგეთში, ..... ქუჩაზე მდებარე, ა.მ–ძის საკუთრებაში არსებულ #..... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე და სანაცვლოდ ა.მ–ძეს აეკრძალოს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ..... ქუჩაზე მდებარე 100 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ზონა – ჩოხატაური, სექტორი – ...., კვარტალი – .., ნაკვეთი – 0.., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი - #....) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვლადიმერ კაკაბაძე

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ზურაბ ძლიერიშვილი