Facebook Twitter

საქმე №ას-1042-2021 13 ოქტომბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ.ხ–ი

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.გ–ი, თ.გ–ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ივლისის განჩინება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ნ.ხ–მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების - ნ.გ–ისა და თ.გ–ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 მარტის განჩინებით საქმის წარმოება, სამოქალაქო საქმეზე ნ.ხ–ის სარჩელის გამო მოპასუხეების - ნ.გ–ისა და თ.გ–ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე, შეწყდა.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ.ხ–მა და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ივლისის განჩინებით ნ.ხ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ.ხ–მა და მოითხოვა მისი გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ.ხ–ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს კერძო საჩივრის მიღებიდან 2 თვის ვადაში. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი, ზემდგომი სასაამრთლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ საჩივრდება.

ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების ფარგლები შეზღუდულია, კერძოდ, კერძო საჩივრის შეტანა დასაშვებია სასამართლოს მხოლოდ იმ განჩინებებზე, რომელზეც პირდაპირ უთითებს კანონი, (შდრ: თ.ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, თბილისი, 2005 წ. გვ.533), ამასთან, კერძო საჩივრის თაობაზე ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება. (შდრ: თ.ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, თბილისი, 2005 წ. გვ. 536; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი, მეორე გამოცემა, თბილისი, 2007 წ, გვ.740).

საკასაციო განმარტავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ივლისის განჩინება წარმოადგენს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ კერძო საჩივარზე მიღებულ განჩინებას, რომელიც საბოლოოა და მისი კერძო ან საკასაციო საჩივრით გასაჩივრების შესაძლებლობას, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე ან სასამართლოს მიხედულებაზე ვერ იქნება დამოკიდებული

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიაჩნევს, რომ ნ.ხ–ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 414-ე, 284-ემუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.ხ–ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. ნ.ხ–ს (პ/ნ ....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით შპს ს.კ.ც–ის მიერ 2021 წლის 18 აგვისტოს №11424728819 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი