Facebook Twitter

საქმე №ა-4394-შ-130-2021 7 ოქტომბერი, 2021 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი –მ.გ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი.ლ–ვა (მოსარჩელე)

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებას მოითხოვს მხარე – რუსეთის ფედერაციის, ქ. მოსკოვის რამენკის რაიონის #178-ე სასამართლოს 2017 წლის 12 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. რუსეთის ფედერაციის, ქ. მოსკოვის რამენკის რაიონის #178-ე სასამართლოს 2017 წლის 12 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით (შემდეგში: უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება) ი.ლ–ვას (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი მ.გ–ის (შემდეგში: მოპასუხე ან შუამდგომლობის ავტორი) მიმართ განქორწინების თაობაზე დაკმაყოფილდა; მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, 2016 წლის 10 აპრილს ქ. თბილისის სსგს #3 ქორწინების სახლის მიერ, რეგისტრირებული ქორწინება (#82163000209) შეწყდა.

2. საკასაციო სასამართლოში მოპასუხის მიერ აღძრული შუამდგომლობით ამ განჩინების პირველ პუნქტში მითითებული გადაწყვეტილების, განქორწინების თაობაზე, საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებაა მოთხოვნილი.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურებულია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2021 წლის 30 სექტემბრის განჩინებით, წარმოდგენილი შუამდგომლობა, თანდართული მასალებით, განსახილველად მიიღო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოპასუხის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის, ქ. მოსკოვის რამენკის რაიონის #178-ე სასამართლოს 2017 წლის 12 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

5. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო [„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68.5 პუნქტი].

6. საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ წესებს აქვთ უპირატესი იურიდიული ძალა ამ კანონით განსაზღვრულ წესებთან შედარებით [„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლი].

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების აღიარებისას შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციით (შემდგომში - „მინსკის კონვენცია“) გათვალისწინებული პირობები დაცულია.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, 2016 წლის 10 აპრილს ქ. თბილისის სსგს #3 ქორწინების სახლის მიერ, რეგისტრირებული ქორწინება (#82163000209) შეწყდა; უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული; მხარეები სათანადოდ იყვნენ ინფორმირებულნი სასამართლო განხილვის თაობაზე. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში შუამდგომლობის ავტორია მოპასუხე, რომლის წინააღმდეგაც მიმართული იყო მოსარჩელის მოთხოვნა.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლო შუამდგომლობას განიხილავს რა მინსკის კონვენციით გათვალისწინებული პირობების ფარგლებში, მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა აკმაყოფილებს მინსკის კონვენციის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და, ამასთან, არც კონვენციის 55-ე მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები არსებობს. შესაბამისად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უნდა იქნას აღიარებული საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 51-ე-55-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 და 68-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.გ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებულ იქნეს რუსეთის ფედერაციის, ქ. მოსკოვის რამენკის რაიონის #178-ე სასამართლოს 2017 წლის 12 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც მ.გ–სა და ი.ლ–ვას შორის, 2016 წლის 10 აპრილს ქ. თბილისის სსგს #3 ქორწინების სახლის მიერ, რეგისტრირებული ქორწინება (#82163000209) შეწყდა;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური