Facebook Twitter

საქმე №ას-542-2021 15 ოქტომბერი, 2021 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს ,,T. G." (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,, Z. G.", შპს ,,ე ჯ ე ჯ იკ–ი" (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 10 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და შპს ,,T. G."-ს უფლებამონაცვლედ სს"ბ. ქ"-ს ცნობა

დავის საგანი - განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების მოშლილად აღიარება; მოძრავ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა; ქონების დაბრუნება (ვინდიკაცია)

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „T. G.”-ს (შემდეგში: მოსარჩელე ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი შპს “ Z. G.”-ს (შემდეგში: პირველი მოპასუხე ან პირველი აპელანტი) განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების მოშლილად ცნობის, მოძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და რესტიტუციის თაობაზე, დაკმაყოფილდა:

1.1. მოშლილად იქნა აღიარებული 2016 წლის 9 თებერვალს მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის გაფორმებული ხელშეკრულება მოძრავი ქონების განვადებით ნასყიდობის ნაწილში;

1.2. ბათილად იქნა ცნობილი 2016 წლის 18 აპრილს შპს „ე ჯ ე ჯ კ–ისა“ (შემდეგში: მეორე მოპასუხე ან მეორე აპელანტი) და პირველ მოპასუხეს შორის გაფორმებული ხელშეკრულება მოძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ;

1.3. მეორე მოპასუხეს დაევალა, მოსარჩელისათვის დაუბრუნებინა/გადაეცა ნასყიდობის საგანი - შემდეგი უძრავი ქონება:

თურქულიკ–იის Tek-el Makine-ს მიერ წარმოებული მეორადი (გამოყენებული) ქვის სამტვრევი, სკრინინგისა და სარეცხი ობიექტი, რომელიც შემოიფარგლება შემდეგი ნაწილებით:

- 1 ერთეული TVI 900/3 ვერტიკალური გამანადგურებელი;

- 2 ერთეული HY 750/2 სპირალური სარეცხი;

- 2 სახის ST 20-60/3 საცერის კორპუსი;

- 1 სახის ელექტროგაყვანილობების კონტროლის კაბინეტი;

- 1 ერთეული 200 KW დენის ძრავი;

- 2 ერთეული 2000X6000 საცერის წინა ღარის კოლექტორი;

- 1 ერთეული 25მ3 ბუნკერის ქვედა ძაბრი;

- 8 ერთეული საცერის შასის ნაწილები.

1.4. პირველ და მეორე მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ მის მიერ გაწეული საპროცესო ხარჯების ანაზღაურება - წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 5000 ლარისა და იურიდიული მომსახურებისათვის გადახდილი 15000 ლარის, ჯამში 20000 ლარის გადახდა;

1.5. საქმეზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 02 აგვისტოს განჩინებით (საქმე #300-უზრ/2016წ.) გამოყენებული უზრუნველყოფა დარჩა ძალაში;

1.6. გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 10 თებერვლის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე მოსარჩელის უფლებამონაცვლედ, სს „ბ. ქ“-ს დაშვების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელის შუამდგომლობა სამოქალაქო საქმეში დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირად სს „ბ. ქ–ს“ ჩაბმის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

3. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2016 წლის 12 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით, ხოლო 2016 წლის 30 დეკემბერს დაზუსტებული სარჩელით მიმართა მოსარჩელის წარმომადგენელმა, მოპასუხეებად დაასახელა პირველი და მეორე აპელანტები და პირველ მოპასუხესთან დადებული მოძრავი ნივთის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების მოშლა ასევე, მოპასუხეთა შორის ამ ქონებაზე გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ნასყიდობის საგნის უკან დაბრუნება მოითხოვა. მოსარჩელის მითითებით, ბ–ს მიმართ გააჩნდა ვალდებულებები, რომლის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა საზოგადოების უძრავი ქონება, ასევე, დაგირავდა მოძრავი ნივთები. სწორედ ბ–ს მიმართ არსებული ვალდებულების შესრულების მიზნით მოსარჩელემ, განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, პირველ მოპასუხეზე, 175 000 აშშ დოლარად გაასხვისა სადავო მოძრავი ქონება. მყიდველს, ქონების ღირებულება ეტაპობრივად უნდა გადაეხადა, ხოლო მოსარჩელეს, აღნიშნული თანხით ბ–ს მიმართ არსებული დავალიანება უნდა დაეფარა. პირველმა მოპასუხემ შეთანხმების მიუხედავად ვალდებულება არ შეასრულა, რამაც განაპირობა ბ–ს მხრიდან მოსარჩელისათვის ჯარიმების დარიცხვა. გარდა ამისა, პირველმა მოპასუხემ სადავო მოძრავი ნივთები მოჩვენებითად გაასხვისა მეორე მოპასუხეზე, რაც ბათილი გარიგებაა. შესაბამისად, ამ გარიგების ბათილად ცნობისა და პირველ მოპასუხესთან დადებული ხელშეკრულებიდან გასვლის გამო, სადავო მოძრავი ქონება გამოთხოვილ უნდა იქნეს მეორე მოპასუხისგან და დაუბრუნდეს მოსარჩელეს. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და უარი განაცხადეს მის დაკმაყოფილებაზე.

4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრები წარადგინეს პირველი და მეორე მოპასუხის წარმომადგენლებმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

5. სააპელაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა განსახილველად და დაინიშნა სასამართლოს მთავარ სხდომაზე საქმის არსებითი განხილვა.

6. 2021 წლის 26 იანვარს, მოსარჩელის წარმომადგენელმა სააპელაციო სასამართლოს წარუდგინა წერილობითი შუამდგომლობა და მოძრავი ნივთის დაბრუნების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში მოსარჩელის უფლებამონაცვლედ სს „ბ. ქ“-ს დაშვება მოითხოვა.

7. შუამდგომლობის ავტორმა მიუთითა, რომ 2021 წლის 26 იანვარს, მოსარჩელე კ–იის დირექტორმა მიიღო სს ,,ბ. ქ“-ს 2021 წლის 8 იანვრით დათარიღებული N 3/00025 წერილი, რომლითაც ბ. ადრესატს ატყობინებდა, რომ მოსარჩელის კუთვნილი და სს ,,ბ. ქ“-ს სასარგებლოდ გირავნობის უფლებით დატვირთული მოძრავი ნივთები (მათ შორის დასაქუცმაცებელი მანქანა, თურქულიკ–იის Tekel Makine-ს მიერ წარმოებული მეორადი (გამოყენებული) ქვის სამტვრევი, სკრინინგისა და სარეცხი ობიექტი), 2019 წლის 10 აპრილს გამართულ, აუქციონზე შეიძინა სს „ბ. ქ“-მ და ითხოვდა ამ მოძრავი ნივთის ფაქტობრივ მფლობელობაში გადაცემას.

8. ამდენად, მოსარჩელე აღარ წარმოადგენდა სადავო ნივთის მესაკუთრეს. მოცემული მოძრავი ნივთის მესაკუთრე გახდა სს ,,ბ. ქ“ და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 92.1-ე მუხლის შესაბამისად, სწორედ ის წარმოადგენდა მოსარჩელის უფლებამონაცვლეს მოძრავი ნივთის დაბრუნების (ვინდიკაცია) ნაწილში სასარჩელო მოთხოვნაზე.

9. რაც შეეხება ხელშეკრულების მოშლილად აღიარებისა და გარიგების ბათილად ცნობის შესახებ სასარჩელო მოთხოვნების ნაწილში თავდაპირველი მოსარჩელე ინარჩუნებდა მოსარჩელის სტატუსს, რადგან მას იურიდიული ინტერესი აქვს ამ მოთხოვნების მიმართ. კერძოდ, მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის 2016 წლის 9 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელეს შემოსავლების სამსახურმა დააკისრა დამატებითი ღირებულების გადასახადი 66 400 ლარი და ჯარიმა 33 200 ლარი. 2016 წლის 9 თებერვლის ხელშეკრულების ნასყიდობის ნაწილში მოშლისა და 2016 წლის 18 აპრილის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შემთხვევაში, მათთვის დარიცხული დამატებითი ღირებულების გადასახადი და ჯარიმები გაუქმდება.

10. შესაბამისად, ამ მოთხოვნების ნაწილში მისი მონაწილეობით უნდა გაგრძელდეს საქმის წარმოება. სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე შუამდგომლობის განხილვისას მოსარჩელის წარმომადგენელმა დააზუსტა მოთხოვნა და აღნიშნა, რომ თუკი სასამართლო არ დააკმაყოფილებდა შუამდგომლობას მოსარჩელის უფლებამონაცვლით შეცვლის თაობაზე, ასეთ შემთხვევაშისაქმეში დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირად სს „ბ. ქ–ს“ ჩაბმას ითხოვდა.

11. სააპელაციო სასამართლომ განიხილა მოსარჩელის შუამდგომლობა საქმეში უფლებამონაცვლედ სს „ბ. ქ–ს“ დაშვების ან დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირად ჩაბმის შესახებ, სასამართლო სხდომაზე მოისმინა მხარეთა მოსაზრებები, შეაფასა საქმის მასალები და მიიჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემობათა გამო:

11.1. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ შპს „თ.ს. ს–ის“ 2019 წლის 10 აპრილის განკარგულებით, სს „ბ. ქ“ გახდა აუქციონზე გატანილი იმ მოძრავი ქონების შემძენი, რომლის მეორე მოპასუხის მფლობელობიდან გამოთხოვასაც ითხოვდა მოსარჩელე;

11.2. სსსკ-ის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა), სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შეიძლება პროცესის ყველა სტადიაზე;

11.3. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მითითებული ნორმის მიხედვით უფლებამონაცვლეობისათვის აუცილებელია დადგენილი იქნეს, თუ რა სამართლებრივ ურთიერთობას ემყარება სარჩელი, ანუ რა არის მოსარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნა მოპასუხისადმი, რა არის მოთხოვნის შინაარსი და არა ამ მოთხოვნის მატერიალური ობიექტი. უფლებამონაცვლეობის საფუძველია არა საქმიდან ერთ-ერთი მხარის გასვლა, არამედ სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლა;

11.4. საპროცესო უფლებამონაცვლეობა არ დაიშვება, თუ დაუშვებელია მატერიალურ-სამართლებრივი უფლებებისა და ვალდებულებების გადასვლა ერთი პირიდან მეორე პირზე;

11.5. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 405-ე, 352-ე და 59-ე მუხლებიდან;

11.6. ამდენად, მოცემული სასარჩელო მოთხოვნების ფარგლებში შესაფასებელია, რამდენად არსებობს განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების მოშლის, ხოლო შემდეგში ნასყიდობის ხელშკრულების ბათილად ცნობის წინაპირობები და მეორე მოპასუხე არის თუ არა მოძრავი ნივთების კეთილსინდისიერი შემძენი. იმის გათვალისწინებით, რომ სს „ბ. ქ–ს“ არც ერთი ზემოაღნიშნული სადავო გარიგების მხარეთა უფლება-მოვალეობები არ გადაცემია, ის ფაქტი, რომ აუქციონზე ქონების შეძენის გზით, იგი გახდა სასარჩელო მოთხოვნის მატერიალური ობიექტის მესაკუთრე, არ წარმოადგენს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამონაცვლეობის საფუძველს;

11.7. შესაბამისად, შუამდგომლობა მოძრავი ნივთის დაბრუნების (ვინდიკაცია) ნაწილში მოსარჩელის უფლებამონაცვლედ სს „ბ. ქ–ს“ დაშვების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

12. სააპელაციო სასამართლომ, ასევე, არ გაიზიარა შუამდგომლობა საქმეში დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირად სს „ბ. ქ–ს“ ჩაბმის თაობაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

12.1. სსსკ-ის 90-ე მუხლის თანახმად, მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე შეიძლება ჩაბმულ იქნეს საქმეში ერთ-ერთი მხარის ინიციატივით, რისთვისაც იგი მიმართავს სასამართლოს მოტივირებული განცხადებით. ასეთი განცხადება სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე შეიძლება გაკეთდეს როგორც წერილობითი, ისე ზეპირი ფორმით. ზეპირი განცხადება შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში. მხარეთა მოსაზრებების გათვალისწინებით, სასამართლო გამოიტანს განჩინებას მესამე პირის საქმეში მონაწილეობისათვის ჩაბმის ან ასეთ ჩაბმაზე უარის თქმის შესახებ. მესამე პირის საქმეში ჩაბმაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს განჩინება გასაჩივრდება გადაწყვეტილებასთან ერთად;

12.2. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ერთ-ერთი მხარის სუბიექტური დაინტერესება დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირის ჩართვაზე საკმარისი არაა. იმისათვის, რომ ეს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს, სასამართლომ უნდა დაადგინოს, რომ ამ საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილება გავლენას იქონიებს მესამე პირის უფლებებსა და მოვალეობებზე ერთ-ერთი მხარის მიმართ, ამასთან მისი პროცესში ჩაბმის მიზანი შესაძლოა იყოს ის, რომ დაეხმაროს მხარეს საქმის მის სასარგებლოდ გადაწყვეტაში. წინააღმდეგ შემთხვევაში მას შეიძლება დაეკისროს დავის რომელიმე მხარის მიმართ გარკვეული ვალდებულებები;

12.3. მითითებული ნორმის მიხედვით, ერთ-ერთი მხარის ინიციატივით პროცესში მესამე პირის ჩართვა, მხოლოდ მაშინ არის დასაშვები, როდესაც დავის მთავარ მხარეს, პროცესში მესამე პირის ჩაბმის განცხადების მომენტისთვის, ლოგიკური საფუძვლებიდან გამომდინარე სჯერა, რომ შეუძლია ალტერნატიულად მესამე პირის მიმართ განახორციელოს მოთხოვნის უფლება, თუ მთავარ მოთხოვნასთან დაკავშირებული პროცესი მისთვის წარუმატებლად დამთავრდება;

12.4. როგორც წარმოდგენილი შუამდგომლობით ირკვევა, მოსარჩელეს ასეთ გარემოებებზე არ მიუთითებია, კერძოდ მოცემულ დავაზე მისი სარჩელის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში სს „ბ. ქ–ს“ წინააღმდეგ სამომავლოდ რაიმე სახის მოთხოვნის წარდგენაზე არ მიუთითებია. ამასთან, ფორმალური საფუძვლების არსებობის შემთხვევაშიც კი, სს „ქ ბ–ს“ მესამე პირად ჩაბმა, ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს ვერც ერთი ზემოაღნიშნული მიზნის განხორციელებაზე, რაც ადასტურებს რომ ეს შუამდგომლობაც დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

13. სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 10 თებერვლის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ და მისი გაუქმება მოითხოვა. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნით, მოსარჩელე შეცვლილ უნდა იქნეს უფლებამონაცვლით სს-ით „ბ. ქ“.

13.1. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არა მხოლოდ არასწორად განმარტა, კანონი, არამედ არასწორად წარმოაჩინა სასარჩელო მოთხოვნების სამართლებრივი საფუძვლები.

13.2. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, გამომდინარე იქედან, რომ მეორე მოპასუხე არ წარმოადგენდა მოსარჩელესთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფ პირს, ხოლო პირველი ორი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოსარჩელე დაიბრუნებდა საკუთრების უფლებას ნასყიდობის საგანზე, მას, როგორც მესაკუთრეს, იმავდროულად წარმოეშობოდა უფლება, გამოეთხოვა ნასყიდობის საგანი მეორე მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან. შესაბამისად, დაზუსტებული სარჩელის მესამე სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მოსარჩელემ სსკ-ის 170-ე, 172-ე მუხლებზე მიუთითა, ხოლო სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის მოწესრიგებასაც სასამართლოსგან მოითხოვდა ხსენებული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე არის ურთიერთობა მესაკუთრესა და ნივთის უკანონო მფლობელს შორის.

13.3. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ 2021 წლის 26 იანვარს მოსარჩელეკ–იის დირექტორთან მივიდა სს „ბ. ქ–ს“ 2021 წლის 8 იანვრით დათარიღებული წერილი, რომლითაც ბ. იტყობინებოდა, რომ მოსარჩელის კუთვნილი, სს „ბ. ქ–ს“ სასარგებლოდ გირავნობით დატვირთული მოძრავი ნივთები, მათ შორის დასაქუცმაცებელი მანქანა, ბ–ს შეუძენია 2019 წლის 10 აპრილს გამართულ აუქციონზე და მოითხოვა ხსენებული მოძრავი ნივთის ფაქტობრივ მფლობელობაში გადაცემა. წერილს თან ერთვის გირავნობის ხელშეკრულება, აუდიტის შეფასება და განკარგულება.

13.4. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ვინაიდან იგი არ წარმოადგენს ზემოთ ხსენებული მოძრავი ნივთის მესაკუთრეს, მოსარჩელის ნაცვლად დავაში ჩაბმულ უნდა იქნეს მისი უფლებამონაცვლე სს „ბ. ქ“, სსსკ-ის 92-ე მუხლის საფუძველზე.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული არსებითად განსახილველად.

15. მოსარჩელის კერძო საჩივართან დაკავშირებით მოსაზრება წარმოადგინა მეორე მოპასუხემ და განმარტა, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტის მიზნებისათვის მნიშვნელობა ენიჭება მხოლოდ იმ ფაქტს, რომ მოწინააღმდეგე მხარემ დაკარგა დავის საგნის მიმართ ინტერესი, შესაბამისად, თუ მისივე განმარტებით ის აღარ არის ქარხნის მესაკუთრე, ბუნებრივია, მას აღარ გააჩნია კანონიერი ინტერესი გააგრძელოს დავა მეორე მოპასუხის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის და მოძრავი ქონების გადაცემის მოთხოვნით, რაც საქმისწარმოების შეწყვეტის პროცესუალური საფუძველია, ხოლო ნებისმიერ სუბიექტს, ვინც პრეტენზიას განაცხადებს დავის საგნის მფლობელობაზე, შეუძლია დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის დაყენება აღნიშნულთან დაკავშირებით, რაც არ განხორციელებულა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

16. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო უფლება ან მოვალეობა შეიძლება ერთი პირიდან მეორეზე გადავიდეს. იმ შემთხვევაში, როდესაც ეს უფლება თუ მოვალეობა სასამართლოს განხილვის საგანია, წარმოიშობა საპროცესო უფლებამონაცვლეობის აუცილებლობა. საპროცესო უფლებამონაცვლეობას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც სადავო მატერიალური ურთიერთობიდან გადის ერთ-ერთ მხარე. შესაბამისად, საპროცესო უფლებამონაცვლეობა – ესაა მხარეებისა და მესამე პირების შეცვლა იმ პირებით, რომლებზეც მათი უფლებები და მოვალეობები გადავიდა.

18. სსსკ-ის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე.

19. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საქმის განხილვისას, ისევე, როგორც მისი დასრულების შემდეგ, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზეც დასაშვებია კანონით დადგენილ შემთხვევაში ერთ-ერთი მხარის შეცვლა სხვა პირით. მოდავე მხარის ნაცვლად მისი უფლებამონაცვლის ჩაბმა დაკავშირებულია ამა თუ იმ საფუძვლით მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობიდან მის გასვლასთან, რა დროსაც მხარე კარგავს და სხვა პირს გადასცემს თავის საპროცესო სტატუსს. ამგვარი საპროცესო უფლებამონაცვლეობა მჭიდროდაა დაკავშირებული მატერიალურ-სამართლებრივ ურთიერთობებში შესაძლო უფლებამონაცვლეობასთან, კერძოდ, თუ უფლებამონაცვლეობა დასაშვებია მატერიალურ-სამართლებრივი კუთხით, იგი დასაშვებია პროცესუალურადაც. ამდენად, საპროცესო უფლემონაცვლეობა შეუზღუდავი არ არის და ხორციელდება კანონით დადგენილ ფარგლებში.

20. სხვა პირის უფლებამონაცვლედ დავაში ჩაბმულ მხარეს იგივე საპროცესო უფლებები და მოვალეობანი გააჩნია, რაც მის წინამორბედ პირს, რომლის მონაწილეობითაც მანამდე მიმდინარეობდა საქმისწარმოება. ამავდროულად, საქმისწარმოების პროცესში უფლებამონაცვლეობის დადგენამდე მხარედ ჩაბმული პირის მიერ განხორციელებული ყველა საპროცესო მოქმედება ძალაში რჩება უფლებამონაცვლის მიმართაც, ხოლო წინამორბედი მხარის მიერ შესრულებული მოქმედებები შესრულებულად ეთვლება უფლებამონაცვლესაც (შეად. სუსგ N ას-205-2021, 30.07.2021წ.).

21. საკასაციო სასამართლომ ზემოთ მოხმობილი სამართლებრივი დასაბუთების, კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიებისა და მეორე მოპასუხის მოსაზრების (იხ. ამ განჩინების მე-15 პუნქტი) შეფასების საფუძველზე მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის კანონით გათვალისწინებული წინაპირობა მოსარჩელის უფლებამონაცვლით შეცვლისათვის. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ სსსკ-ის 92-ე მუხლის გამოყენების ფაქტობრივი საფუძველი არ არსებობს, რადგან თუ იმ ნივთების, რომლის მეორე მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვასაც მოსარჩელე ითხოვს, მესაკუთრე იგი (მოსარჩელე) აღარ არის, ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ერთ-ერთი წინაპირობა აღარ არსებობს (არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება).

22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში თუ სადავო ნივთების ახალი მესაკუთრე პრეტენზიას განაცხადებს ამ ნივთების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის თაობაზე, მას ახალი სარჩელის წარდგენა შეუძლია, რასაც მართებულად აღნიშნავს მეორე მოპასუხე.

23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს ,,T. G."-ს კერძო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 10 თებერვლის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 10 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური