Facebook Twitter

საქმე №ას-969-2020 30 ივლისი, 2021 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – მ.ა.ღ. (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - გ.პ–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით მ.ა.ღ.ის (შემდეგში: მოსარჩელე ან კასატორი) სარჩელი გ.პ–ის (შემდეგში: მოპასუხე ან აპელანტი) წინააღმდეგ, ზიანის ანაზღაურების თაობაზე, დაკმაყოფილდა და მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, 7 469 ლარის გადახდა დაეკისრა.

2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა ავტომობილის საჯარიმო ავტოსადგომზე გადაყვანის ხარჯის - 161 ლარის და სამედიცინო დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ხარჯის 508 ლარის გადახდა.

4. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

4.1. მოპასუხე, ავტოსატრანსპორტო საშუალებით “NISSAN LEAF”, სახელმწიფო ნომრით ...., 2018 წლის 18 ოქტომბერს, დაახლოებით 09:20 საათზე, მოძრაობდა თბილისში, ნიკოლოზ ყიფშიძის ქუჩაზე, ილია ჭავჭავაძის გამზირის მხრიდან გაბაშვილის ქუჩის მიმართულებით, ავტომანქანის მობრუნებისას წინა მარჯვენა ნაწილში შეეჯახა საპირისპიროდ მოძრავ ავტომანქანას „TOYOTA AQUA“, სახელმწიფო ნომრით ....., (შემდეგში: ავტომანქანა ან ავტომობილი), რომელსაც მართავდა მოსარჩელე (ირანის მოქალაქე), შედეგად მოსარჩელე დაეჯახა ლითონის ფურცლის ღობეს, იგი გადაყვანილ იქნა შპს „ს.ხ. სახელობის კლინიკაში“;

4.2. ავტოსაგზაო შემთხვევის გამო სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი მოპასუხე და მის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საჯარიმო ქვითარი, თუმცა, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, გამოძიება შეწყდა;

4.3. ავტომანქანა გადაყვანილ იქნა სპეციალურად დაცულ (საჯარიმო) ავტოსადგომზე, ევაკუატორის მომსახურების ხარჯი - 161 ლარი მოსარჩელემ აანაზღაურა;

4.4. მოსარჩელის ჯანმრთელობის შესახებ ცნობის (იხ. სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა IV-100/ა) თანახმად, გამოკვლევის შედეგად პაციენტს, დაუდგინდა მაჯისა და მტევნის სხვა ნაწილების ღია ჭრილობა. მარცხნივ - მაჯისა და მტევნის სხვა ნაწილების დაჟეჟილობა, წინამხრის სხვა ზედაპირული ტრავმა; მარჯვნივ - წინამხრის სხვა ზედაპირული ტრავმა. მარცხენა ზედა კიდურის ფიქსატორით იმობილიზაციასა და მარჯვენა ზედა კიდურის მოსვენებითი რეჟიმისა და კიდურების განტვირთვაზე მიეცა რეკომენდაციები. მკურნალობის ხარჯი - 450 ლარი, ჭრილობის შეხვევა-დამუშავებისთვის - 20 ლარი, ნაკერების მოხსნისთვის - 20 ლარი და მედიკამენტების ღირებულება -18 ლარი მოსარჩელემ აანაზღაურა.

5. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრით სადავო არაა ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხე (აპელანტი) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 999-ე მუხლის შესაბამისად, ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირია, საჩივარში მხოლოდ დაკისრებული ზიანის ოდენობაა შედავებული, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს საკვლევ გარემოებათა წრეს, დაკისრებული და მოთხოვნილი ზიანის ოდენობის მართებულობის შეფასება წარმოადგენდა.

6. სსკ-ის 999-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი. ამავე კოდექსის 408-ე მუხლის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

7. მოპასუხე არ უარყოფს ფაქტს, რომ 2018 წლის 18 ოქტომბერს ნამდვილად მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, სადაც მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანა დაზიანდა, თუმცა მან შესაგებელში მიყენებული ზიანის ოდენობა გახადა სადავოდ და ასევე განაცხადა, რომ მისთვის, როგორც სტუდენტისთვის მოთხოვნილი თანხის გადახდა შეუძლებელი იყო (ს.ფ. 39-49).

8. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის სამართლიანი გადანაწილების პრინციპის გათვალისწინებით, მოსარჩელეს ზიანის ოდენობის უტყუარად დადასტურების ვალდებულება ეკისრებოდა, აღნიშნული იმ უმნიშვნელოვანესი პრინციპიდან გამომდინარეობს, რომლის თანახმად, ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. ამიტომ, კრედიტორი ვალდებულია კეთილსინდისიერების პრინციპის გათვალისწინებით მოახდინოს ზიანის მოცულობის შესაძლებელი მინიმალიზაცია. დანაკლისის განსაზღვრის სტანდარტი საბაზრო ღირებულების შეფასების კრიტერიუმით შემოიფარგლება.

9. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელთან ერთად, მტკიცებულების სახით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილებაა წარმოდგენილი, სადაც მითითებულია, რომ ავარიის შედეგად მოსარჩელის კუთვნილ ავტომანქანაზე მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა 6800 ლარს შეადგენს (ს.ფ. 21). საქმის მასალებში საგზაო შემთხვევის დათვალიერების ოქმი, დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალების სურათები, ექსპერტიზის დასკვნა ან/და სხვა ისეთი რელევანტური მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა შეესწავლა ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მოსარჩელის მანქანაზე მიყენებული დაზიანებები, საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის.

10. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქმის მასალებში არსებული არც ერთი დოკუმენტით არ დგინდება ავტოავარიის შედეგად, თუ რა დაზიანებები მიადგა მოსარჩელის კუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებას და რა იყო მიყენებული დაზიანებების აღმოსაფხვრელად საჭირო საბაზრო ღირებულება. შესაბამისად, მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არ იკვეთება, კერძოდ, ცალსახად არ დგინდება, რომ დადგენილებაში მითითებული დაზიანების ღირებულება ავარიის შედეგად იყო გამოწვეული. ამასთან ნიშანდობლივია, რომ სამოქალაქო უფლების კეთილსინდისიერად გამოყენების პრინციპიდან გამომდინარე (სსკ-ის 115-ე მუხლი) დაზარალებულმა მხარემ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ზიანის ოდენობა გონივრულ ოდენობამდე შემცირდეს, მათ შორის, ზიანის აღმოსაფხვრელად არ მიმართოს ბაზარზე არსებულ ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ კომპანიას.

11. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით სსკ-ის 992-ე, 999-ე და 408-ე მუხლების სამართლებრივი დისპოზიციები განსახილველ შემთხვევაშიც რელევანტურია, ამიტომ მათ შინაარსს სასამართლო ხელახლა აღარ განმარტავს. ამ მიმართებითაც მნიშვნელოვანია, რომ მოპასუხის მიერ განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი უნდა დგინდებოდეს, რაც განკუთვნადი მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს. საქმის მასალებში წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილებაში მითითებულია, რომ სატრანსპორტო საშუალება საჯარიმო სივრცეში იქნა გადაყვანილი, ხოლო დაზიანებული ავტომანქანის მძღოლის (მოსარჩელეს) ჯანმრთელობას ზიანი მიადგა. გარდა აღნიშნული მტკიცებულებებისა, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ იქნა ქვითარი, რომლითაც დადგინდა, რომ 2018 წლის 18 ოქტომბრის ოქმით სპეციალურად დაცული (საჯარიმო) ავტოსადგურზე მოსარჩელის მართვის ქვეშ მყოფი ა/მანქანა მოთავსდა. ამავე მტკიცებულებით მოსარჩელის მიერ ევაკუატორით მომსახურების სერვისზე 161 ლარის გადახდის ფაქტი დასტურდება (ს.ფ.23-24).

12. კლინიკაში მოსარჩელემ მკურნალობის ღირებულების საფასური 450 ლარი, ჭრილობების შეხვევა-დამუშავებისთვის 20 ლარი, ნაკერების მოხსნისთვის 20 ლარი, ასევე მედიკამენტების შეძენისთვის 18 ლარი, გადაიხადა (ს.ფ. 25, 26, 27-28).

13. ზემოაღნიშნულის შედეგად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ მხრივ მოსარჩელემ მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი ნაწილობრივ დასძლია, წარმოადგინა რელევანტური მტკიცებულებები, რომლითაც მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დადგინდა, რაც მოპასუხისთვის 405 ლარისა და 161 ლარის დაკისრების წინაპირობა მართებულად გახდა.

14. მოსარჩელემ საკასაციო საჩივრით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

15. კასატორის მითითებით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილება მოპასუხეს არ გაუსაჩივრებია, შესაბამისად, სადავო არ გაუხდია სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა ავტომობილისათვის მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობის ნაწილში. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა არამართებულია და პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძვლად ვერ გამოდგება.

16. კასატორის მტკიცებით, ავტოსაგზაო შემთხვევის ჩადენაში მოპასუხის მიმართ ადმინისტრაციული წესით პასუხისმგებლობის დაკისრება, ზიანის ანაზღაურების წინაპირობაა.

17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი დასაშვებად სცნო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე და მიიღო არსებითად განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, მხარეთა ახსნა-განმარტებების შეფასებისა და მოსარჩელის საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის არსებითად განხილვის გზით შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო განაცხადი დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

18. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს დასაბუთებული საკასაციო შედავება აქვს წარმოდგენილი. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში უთითებს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

19. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

20. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან). მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64) - შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ.

21. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს იმ საპროცესო სამართლის ნორმების გამოყენება, რომლებიც თანასწორად უზრუნველყოფს მოსარჩელისა და მოპასუხის უფლებების რეალიზაციას.

22. საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის პრეტენზიას მოპასუხის არაკვალიფიციური შედავების თაობაზე და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს წინამდებარე გადაწყვეტილების მე-5 და მე-7 პუნქტებში ასახული მსჯელობა გადაწყვეტილების მე-9 და მე-10 პუნქტში ასახულ სამართლებრივ დასკვნას ეწინააღმდეგება და არ გამომდინარეობს საქმეზე დადგენილი გარემოებებიდან.

23. საკასაციო სასამართლო ზემოთ მოხმობილი მტკიცების ტვირთის დაძლევის თაობაზე სამართლებრივი მსჯელობის გათვალისწინებით განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტი დადგენილია, მოპასუხე მას სადავოდ არ ხდის (იხ. ამ გადაწყვეტილების მე-7 პუნქტი, იგი არ ეთანხმება ზიანის ოდენობას, თუმცა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების (სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილება) საწინააღმდეგოდ, სადაც ზიანის ოდენობაა მითითებული, მოპასუხეს არც ერთი მტკიცებულება არ წარუდგენია, გარდა საკუთარი ახსნა-განმარტებისა, რომ იგი სტუდენტია და თანხის გადახდას ვერ შეძლებს (იხ. შესაგებელი- ს.ფ. 43). სსსკ-ის 201-ე მუხლის მეოთხე და მეხუთე ნაწილების მიხედვით: „პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები“. სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანი, რომელიც წარმოადგენს სადავო მატერიალურსამართლებრივ ფაქტებს, რომელზეც მიუთითებენ მოსარჩელე და მოპასუხე, მოთხოვნის თუ შესაგებლის დასაბუთების ან გაქარწყლებისათვის, შეუძლებელია წარმოვიდგინოთ მტკიცებითი საქმიანობის გარეშე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ მოპასუხე ვალდებულია, საქმის მომზადების მიზნით აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსათვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენაში გამოიხატება. მოპასუხის მიერ ამ უფლების განუხორციელებლობა, სსსკ-ის 206-ე მუხლის შესაბამისად, ართმევს მას უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს (ანუ, სასამართლოს სხდომაზე მხარისაგან მტკიცებულების მიღება აღარ ხდება). ამ შემთხვევისათვის სხვა რაიმე სპეციალურ შედეგს კანონი არ ადგენს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამარტლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება N ას-664-635-2016, 02.03.2017 წ.).მოპასუხის არაკვალიფიციური შედავება მარტოოდენ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებების უარყოფას მოიცავს, რასაც არ ახლავს დასაბუთება, თუ რა ფაქტებსა და გარემოებებს უპირისპირებს მოპასუხე მოსარჩელის პრეტენზიებს, ამ პირობებში კი მოპასუხის არასაკმარისი შედავება და მარტოოდენ ზეპირი ახსნა-განმარტება ვერ გადაწონის მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას ზიანის ოდენობის დადგენის თაობაზე, რაც კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია.

24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი სსკ-ის 999.1-ე, 408.1-ე, 409-ე მუხლებია. ამასთან, მოსარჩელემ მოთხოვნის წინაპირობების საფუძვლიანობა შესაბამისი მტკიცებულებებით დაადასტურა, რაც ვერ გააქარწყლა მოპასუხემ (სხვა მრავალთა შორის იხ. სუსგ-ები: N ას-1361-2018,28.06.2021წ; N ას-630-2019, 30.09.2020წ; N ას-1464-2018, 30.04.2020წ; N ას-1280-2019, 30.10.2019წ.).

25. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი – კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). მოსარჩელის სტადიის შემდეგ, სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოპასუხის სტადია, რაც მოსაჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების პასუხად შესაგებელში შედავებული გარემოებების კვალიფიციურობაზეა დამოკიდებული. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის დიდი პალატის გადაწყვეტილებაში (საქმეზე N ას-664-635-2016; პუნქტი 201) მითითებულია: „2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვითთ, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს (საქართველოს 28.12.2007წ.-ის კანონი N5669-სსმ), რაც იმაში გამოიხატება, რომ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა მხარისათვის უარყოფით საპროცესოსამართლებრივ შედეგებს იწვევს. კერძოდ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება შეუდავებლად და, შესაბამისად, დამტკიცებულად. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგანაც მოსარჩელე თავისუფლდება სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან. აღნიშნული გარემოება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობაცაა. საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება“.

26. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი სრულად დაკმაყოფილდეს.

27. სსსკ-ის 53.3-ე მუხლის საფუძველზე მოპასუხეს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, დაეკისრება სარჩელსა და საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რადგან მოსარჩელე მისი გადახდისაგან გათავისუფლებული იყო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მ.ა.ღ.ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

3. მ.ა.ღ–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

4. მოპასუხე გ.პ–ს (პ/ნ .....) მოსარჩელე მ.ა.ღ–ის (პ/ნ .....) სასარგებლოდ დაეკისროს 7 469 (შვიდი ათას ოთხას სამოცდაცხრა) ლარის გადახდა.

5. გ.პ–ს სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) სასარგებლოდ დაეკისროს, მოსარჩელის მიერ პირველი ინსტანციის და საკასაციო სასამართლოებში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის - 597,52 ლარის გადახდა;

6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური