საქმე №ას-479-2021 15 ოქტომბერი, 2021 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – თ.ს–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ს.ა–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ს.ა–ძის სარჩელი (შემდეგში: მოსარჩელე ან მესაკუთრე).
1.1. თ.ს–ის (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა მოსარჩელის საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ნივთი, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ......, საკადასტრო კოდი N ...... და თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრეს.
1.2. მოპასუხეს, მისი უკანონო მფლობელობიდან - 2020 წლის 12 თებერვლიდან - უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მოსარჩელის სასარგებლოდ, ყოველთვიურად 1186,86 ლარის გადახდა დაეკისრა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 მარტის განჩინებით.
3. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიუთითა მათზე:
3.1. N ..... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება (სადავო ბინა) 2019 წლის 26 ნოემბრიდან მოსარჩელეს ეკუთვნის.
3.2. მოპასუხე სადავო ბინას ფლობს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.
3.3. უძრავი ქონების ქირის საბაზრო ღირებულება, 2020 წლის 16 იანვრის მდგომარეობით, 1186.86 ლარს შეადგენს.
4. სასამართლოს შეფასებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი ფაქტები და მართებულად მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 172-ე მუხლის პირველი ნაწილის, „მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება“ და 982-ე მუხლის პირველი ნაწილის „პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი“ შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანი იყო.
5. სსკ-ის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. დადგენილია, რომ სადავო ნივთი საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრებად, რაც იმას ნიშნავს, რომ ნივთი სწორედ მას ეკუთვნის.
6. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხე სადავო ნივთზე საჯარო რეესტრში არსებულ ჩანაწერს და მისი წარმოშობის საფუძველს სასარჩელო წესით არ შედავებია. მეტიც, მას სასამართლოსათვის ის ფაქტებიც კი არ მიუთითებია, რომლებიც დავის საგანზე მოსარჩელის უფლებებს გამორიცხავდა. აპელანტის პრეტენზიები, ძირითადად, მიმართულია არა მოსარჩელის, არამედ თავდაპირველი კრედიტორების წინააღმდეგ, რასაც განსახილველ საქმესთან შემხებლობა არ გააჩნია. ეს ნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის მონაცემები ნამდვილია და მოსარჩელე სადავო ნივთის მესაკუთრეა. სადავო ბინის მართლზომიერად ფლობის დამადასტურებელი მტკიცებულებები მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია და არც მიუთითებია მათზე. შესაბამისად, მას სადავო ბინის ფლობის უფლება არ გააჩნია და იგი მოსარჩელეს უნდა დაუბრუნოს.
7. სასამართლომ მოსარჩელის მეორე მოთხოვნის დასაბუთებულობასთან მიმართებით საკასაციო სასამართლოს მიერ არაერთ განჩინებაში ასახულ განმარტებაზე მიუთითა: სსკ-ის 982-ე მუხლით გათვალისწინებული „ზიანი“ წარმოადგენს არა ზიანის ანაზღაურების შემთხვევას, არამედ, საქმე გვაქვს გამდიდრების გათანაბრებასთან. ამ შემთხვევაში ყურადსაღებია, რომ ხსენებული ნორმა მოცემულია უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტით, რაც მიგვითითებს ამ ნორმით გათვალისწინებული ზიანის გათანაბრებაზე უსაფუძვლო გამდიდრებასთან, ანუ როგორც ხელყოფის კონდიქციისათვის არის დამახასიათებელი, ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი არის ის, რომ ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა. აქედან გამომდინარე, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებულ ზიანში იგულისხმება, მიღებულის დაბრუნების შეუძლებლობის შემთხვევაში, მისი ღირებულების ანაზღაურება, ანუ საქმე გვაქვს არა ზიანის ანაზღაურებასთან, არამედ გამდიდრების გათანაბრების შემთხვევასთან. ამდენად, სადავო ფაქტობრივი სიტუაცია არ ითვალისწინებს ზიანის ინსტიტუტს სსკ-ის 992-ე მუხლის მიხედვით“ - (სუსგ - ები: N ას-472-448- 2013, 05.12.2013წ.; N ას-1204-2018, 25.01. 2019 წელი, პ. 19).
8. ის ფაქტი, რომ სადავო ბინის დაქირავებისათვის, ყოველთვიურად, 1186,86 ლარის გადახდა იქნებოდა აუცილებელი, მოპასუხეს შესაგებლით სადავოდ არ გაუხდია და ეს ფაქტი დამტკიცებულია. საყურადღებოა, რომ აღნიშნულ ფაქტს აპელანტი არც სააპელაციო სასამართლოში შედავებია. ეს გარემოება შპს „ე.ა–ის“ 2020 წლის 16 იანვრის დასკვნითაც დასტურდება. ამის საწინააღმდეგო მტკიცებულება კი საქმეში არ არის წარდგენილი. სასამართლოს შეფასებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა, რომ მოპასუხე, მოსარჩელის უფლების ხელყოფის ხარჯზე, უსაფუძვლოდ ზოგავს, ყოველთვიურ, ქირას, 1186,86 ლარს და მან ეს ზიანი მოსარჩელეს უნდა აუნაზღაუროს. სასამართლომ დამატებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებებზეც მიუთითა (სუსგ-ები: N ას-1276-1196-2017, 3.11.2017წელი; N ას-264-252-2017, 5.07.2018წელი), სადაც საკასაციო სასამართლომ მსგავს შემთხვევაში, სსკ-ის 982-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ნივთის უკანონო მფლობელისათვის ყოველთვიური ქირის დაკისრება მართლზომიერად და კანონშესაბამისად მიიჩნია.
9. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
9.1 მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
9.2 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ივლისის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
11. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
13. საკასაციო პრეტენზიების მართებულობის საკითხის შემოწმებამდე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.
14. კასატორის პრეტენზიით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილ გარემოებებს. სასამართლომ არასწორად გამოიყენა სსკ-ის 172-ე, 982-ე, 979-ე, და 992-ე მუხლები. კასატორის პრეტენზია მისთვის, ყოველთვიურად დაკისრებული ქირის ოდენობასაც შეეხება.
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლები და მართებულად მიუთითა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტებზე (იხ.სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი):
15.1. ა) მოსარჩელე უძრავი ქონების მესაკუთრეა, რაც დასტურდება ამონაწერით საჯარო რეესტრიდან: ბ) მოპასუხე სადავო ბინას ფლობს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე; გ) სადავო ბინის მსგავსი მონაცემების მქონე ბინის ქირავნობისათვის მოპასუხეს ყოველთვიურად, 1186,86 ლარი უნდა გადაეხადა.
16. საკასაციო სასამართლო, საპროცესო სამართლით დადგენილი მტკიცების სტანდარტის გათვალისწინებით განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით, ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
17. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, „ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას, 170-ე მუხლის პირველ ნაწილის მიხედვით, „მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისულად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით, არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას „ ხოლო 172-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება“
18. მოცემულ შემთხვევაში, კასატორს, მოსარჩელის მოთხოვნის გასაბათილებლად, რომელიც, თავის მხრივ, საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიმართ უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციას (იხ. სსკ-ის 311-ე, 312-ე მუხლები) ემყარებოდა, სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია დასაბუთებული შედავება და სამართლებრივად ვარგისი მტკიცებულებები, რომლითაც ან გამოირიცხებოდა მოსარჩელის საკუთრების უფლება სადავო ქონებაზე, ან დადგინდებოდა, კასატორის უკეთესი უფლება ამავე ნივთზე, რაც შეზღუდავდა მესაკუთრის უფლებას სადავო ქონებასთან მიმართებით, კასატორმა ვერ მიუთითა ისეთ გარიგებისმიერ ან კანონისმიერ საფუძვლებზე (იხ. სსკ-ის 162-ე მუხლი), რომლის მიხედვითაც სადავო საგნის მართლზომიერ მფლობელად ჩაითვლებოდა.
19. საკასაციო საჩივარში მოპასუხე ცდილობს სასარჩელო მოთხოვნის კანონიერება იმაზე მითითებით გააქარწყლოს, რომ მოსარჩელე არაა ქონების მესაკუთრე. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის მოსაზრებას მოთხოვნის გამომრიცხველი გარემოების არსებობის თაობაზე და განმარტავს: საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ მოსარჩელე სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეა, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი უფლება უძრავ ნივთზე დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ საკუთრების უფლების უკანონოდ მოპოვების ფაქტი მოპასუხეს შესაბამისი მტკიცებულების წარმოდგენით არ დაუდასტურებია.
20. კასატორის მითითებით, სადავო უძრავ ქონებას პროკურატურის მიმართვის საფუძველზე სასამართლოს მიერ დადებული აქვს ყადაღა, რაც გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილებას.
21. საკასაციო სასამართლო, კასატორის პრეტენზიის პასუხად, მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ მითითებული საფუძველი (სისხლის სამართლის საქმის წარმოება/აღძვრა სათანადო ორგანოებში), რეესტრში რეგისტრირებული მესაკუთრისთვის საკუთრების უფლების შეზღუდვის მატერიალურ-სამართლებრივ წინაპირობას არ წარმოადგენს, ამგვარი ბოჭვა არც სასამართლო პრაქტიკითაა დადგენილი. მოპასუხის მითითება იმ გარემოებაზე, რომ მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, არ აფერხებს სასარჩელო მოთხოვნის წარმატებულობას, რადგან ეს პრეტენზია მოპასუხეს სხვისი უძრავი ნივთის მართლზომიერ მფლობელად ვერ აქცევს. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლით განისაზღვრება, რომ რეგისტრაცია ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს, თუ ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. ამგვარი შინაარსის დოკუმენტი მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია (იხ. სუსგ. ას-504-2019, 13.03.2020).
22. საკასაციო სასამართლოს მიიჩნევს, რომ სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, მოპასუხემ ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი და სასამართლოს ვერ დაუდასტურა ვერც ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერება და ვერც ის ფაქტი, რომ მოსარჩელე არ წარმოადგენდა ქონების მესაკუთრეს.
23. საკასაცო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მეორე სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმად სსკ-ის 982-ე მუხლის (ხელყოფის კონდიქცია) მითითებას და დამატებით განმარტავს: იმ ვითარებაში, როდესაც მხარეები სამართლებრივ ურთიერთობაში არმყოფი პირები არიან და მოპასუხე ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ფლობს მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ქონებას, მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლების კონკურენცია კონდიქციური ვალდებულების სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს, კერძოდ კი, ხელყოფის კონდიქციის ნორმების შესაბამისად. სასამართლოსთვის უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების გამოყენებას (მითითებას) სუბსიდიური ხასიათი გააჩნია, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეთა შორის არ უნდა არსებობდეს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სახელშეკრულებო საფუძველი. სხვადასხვა საქმეებზე საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ კონდიქციური დანაწესების (სსკ-ის 976-ე-991-ე მუხლები) გამოყენების უმთავრესი წინაპირობა მის სუბსიდიურობაში ვლინდება, რაც იმას ნიშნავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების წესები მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებად გვევლინება მხოლოდ მაშინ, როდესაც სასამართლო, მოვლენათა დინამიკის გათვალისწინებით, დაასკვნის, რომ გამორიცხულია სხვა უფრო სპეციალური ნორმის გამოყენება და იკვეთება უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის გამოყენების უპირატესობა (იხ. სუსგ-ები: N ას-1266-2019, 29.05.2020წ; N ას-1671-2018, N ას-774-723-2017, 11.10.2017წ: N ას-664-635-2016წ; 02.03.2017წ:).
24. კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისათვის სახეზე უნდა იყოს ერთი პირის გამდიდრება მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს სამართლებრივ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობდა, ან შემდგომში მოიშალა. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი – თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად. კონდიქციური ვალდებულების არსებობის სამართლებრივი საფუძვლით სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია, რომ დადგინდეს ობიექტური შედეგი, რაც გულისხმობს იმას, რომ ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე. ხელყოფის კონდიქციისთვის გადამწყვეტია ის გარემოება, რომ მოპოვებული ქონებრივი შეღავათი სხვას (კონდიქციის კრედიტორს) ეკუთვნოდა (იხ. სუსგ Nას-1507-1427-2017, 03.04.2017წ). საგულისხმოა, რომ ხელყოფის კონდიქციიდან წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა წინაპირობად არ აყენებს ბრალეულობას. მართალია, დოქტრინაში განვითარებულია მოსაზრება, რომ ხელყოფის კონდიქცია დელიქტური სამართლის განვრცობას წარმოადგენს, თუმცა, ხელყოფის კონდიქციას დელიქტისგან არსებითად განასხვავებს ის, რომ მისგან (ხელყოფის კონდიქციისგან) წარმოშობილი ზიანის ანაზღაურებისთვის აუცილებელ წინაპირობას არ წარმოადგენს ბრალეულობა.
25. უნდა აღინიშნოს, რომ სსკ-ის 982-ე მუხლის სამართლებრივი ბუნება და მისგან გამომდინარე შედეგები კავშირშია სსკ-ის 164-ე მუხლთან და მასში განმტკიცებულ სანივთო უფლებასთან: ნივთის მფლობელობისას მხოლოდ არაკეთილსინდისიერი მფლობელობა წარმოშობს უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის გამოყენების აუცილებლობას სსკ-ის 982-ე მუხლის საფუძველზე. „არაკეთილსინდისიერმა მფლობელმა უფლებამოსილ პირს უნდა დაუბრუნოს როგორც ნივთი, ასევე მიღებული სარგებელი, ნივთის ან უფლების ნაყოფი. მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს ის ნაყოფი, რომელიც მან ბრალეულად არ მიიღო. ნივთზე გაწეული ხარჯები და გაუმჯობესებანი მას შეუძლია მხოლოდ მაშინ მოითხოვოს, თუ მათ ნივთის უკან დაბრუნების მომენტისათვის უფლებამოსილი პირის გამდიდრება მოჰყვა შედეგად“. სსკ-ის 979-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, „უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით“... ხსენებული ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, „თუ უკან დაბრუნება შეუძლებელია გადაცემული საგნის მდგომარეობის გამო ან, თუ მიმღებს რაიმე მიზეზით არ შეუძლია საგნის უკან დაბრუნება, მაშინ მან უნდა აანაზღაუროს მისი საერთო ღირებულება. ღირებულება განისაზღვრება ანაზღაურების მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროის მიხედვით.“ ვინაიდან განსახილველ საქმეში სწორედ მიღებულის უკან დაბრუნების ობიექტური შეუძლებლობა იკვეთება, ქონებრივი წონასწორობის აღდგენის მიზნით ხელმყოფს (მოპასუხეს) ეკისრება, რომ მის მიერ დაზოგილი სიკეთე - მოცემულ შემთხვევაში დაზოგილი ქირა (რომელსაც იგი გადაიხდიდა, თუკი მესაკუთრესთან, ან სხვასთან, სამართალურთიერთობაში იქნებოდა) აუნაზღაუროს მესაკუთრეს, რომელმაც ვერ მიიღო შესაბამისი სარგებელი და განიცადა ქონებრივი დანაკლისი (იხ. სუსგ - ები: N ას-1399-2020, 08.04.2021წ; ას-519-2020, 17.03.2021წ; N ას-1100-2020, 23.12.2020წ; N ას-852-796-2017, 22.09.2017წ; N ას-308-293-2013, 30.05.2017წ; N ას-197-186-2017 -30.05.2017წ; N ას-472-448-2013, 05.12.2013წ).
26. საკასაციო სასამართლო აქვე განმარტავს, რომ განცდილი ზიანის ანუ დაზოგილი სიმდიდრის (გამდიდრების) ოდენობის დამტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულ მხარეს ანუ კრედიტორს. ზიანის ანაზღაურება, ანუ გამდიდრების გათანაბრება, უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას მოჰყვეს დარღვეული ქონებრივი ბალანსის აღდგენა და არა პირუკუ შედეგი - დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ. სუსგ N ას-504-2019, 13.03.2020წ). საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია 2020 წლის 16 იანვრის ქირის განსაზღვრის შესახებ აუდიტორული დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ სადავო ქონების ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, საბაზრო ფასების შესაბამისად, ქირის ყოველთვიური ღირებულება 2020 წლის 16 იანვრის მდგომარეობით, 411.20 აშშ დოლარს (ეკვივალენტით - 1186.86 ლარი) შეადგენს. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მოპასუხემ მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულების გამაქარწყლებელი მტკიცებულება წარადგინა, რომლითაც მოსარჩელის მიერ ზიანის სახით მოთხოვნილი თანხის სხვაგვარ გაანგარიშებაზე მსჯელობას შესთავაზებდა სასამართლოს. კვალიფიცური შედავების არარსებობის პირობებში კი, სასამართლო, რომელიც შეზღუდულია მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, საკუთარი ინიციატივით ვერ განახორციელებს ამ გარემოების კვლევას.
27. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ წინამდებარე საქმეზე სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივად მართებულად შეაფასა ისინი. სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა მატერიალური (სსკ-ის 172-ე და 982-ე) ნორმები და მართებულად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
28. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. მსგავს საკითხებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა არსებობს, რომელსაც წინამდებარე განჩინება არ ეწინააღმდეგება (შესატყვისი გადაწყვეტილებები მითითებულია ზემოთ).
29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
30. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ.ს–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. თ.ს–ს (პ/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის (საგადახდო დავალება N11103806320, გადახდის თარიღი 2021 წლის 24 ივნისი), 70% – 105 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური