Facebook Twitter

№ა-2552-შ-53-2020 07 ოქტომბერი, 2021წ.

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – შპს „მ-ტ. უ–ნა“

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ტ.ე.ჯ.“

განხილვის საგანი – უ–ნის ქ.კიევის სამეურნეო სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილების (№910/4551/16) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. უ–ნის ქ.კიევის სამეურნეო სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით (№910/4551/16):

1.1. შპს ,,მ-ტ. უ–ნას“ (შემდეგში - მოსარჩელე ან შუამდგომლობის ავტორი) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

1.2. მოპასუხეებს - შპს ,, დ.ს–სა“ (შემდეგში - პირველი მოპასუხე) და შპს ,,ტ.ე.ჯ–ს“ (შემდეგში - მეორე მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე), მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ძირითადი დავალიანება - 65 000 აშშ დოლარი, რომელიც არის 1 723 633 გრინვისა და 28 კაპიკის ექვივალენტი, ასევე, პირგასამტეხლო - 23 920 აშშ დოლარი, 634 297 გრივნისა და 05 კაპიკის ექვივალენტი.

2. მოსარჩელემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება მოითხოვა.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ივლისის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.

4. საკასაციო სასამართლოს დასახელებული განჩინების, ისევე როგორც, ზემოთ მითითებული შუამდგომლობისა და მასზე თანდართული მასალების ასლები მოწინააღმდეგე მხარეს რამდენჯერმე გაეგზავნა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, საქმის მასალებში არსებულ მისამართზე – ქ.თბილისი, გლდანი-ნაძალადევის რაიონი, ....... ქუჩა №8. მიუხედავად ამისა, ადრესატს გზავნილი ვერ ჩაჰბარდა იმ მიზეზით, რომ იგი მისამართზე ვერ მოიძიეს.

5. საკასაციო პალატის 2021 წლის 2 მარტის განჩინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა, ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში მოეძიებინა მხარე (მისამართზე: ქ.თბილისი, გლდანი-ნაძალადევის რაიონი, ....... ქუჩა №8; ს/ნ .....; დირექტორი, გ.ჯ–ძე) და უზრუნველეყო მისთვის საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 27 ივლისის განჩინების, წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ჩაბარება, თუმცა ადრესატისათვის სასამართლო გზავნილის ჩაბარება ამ გზითაც ვერ მოხერხდა.

6. საკასაციო პალატამ, 2021 წლის 28 მაისის განჩინებით საჯაროდ გაავრცელა შეტყობინება, რაც, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, მხარის ინფორმირებულად მიჩნევისა და საქმის განხილვის საკმარისი საფუძველია.

7. 2021 წლის 5 ივლისს, მოწინააღმდეგე მხარემ საკასაციო სასამართლოში წერილობით წარმოადგინა თავისი პოზიცია, სადაც აღნიშნა შემდეგი:

7.1. განსახილველი შუამდგომლობით მოთხოვნილია, უ–ნის ქ.კიევის სამეურნეო სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილების (№910/4551/16) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება. 2017 წლის 14 მარტს, ქ.კიევის სამეურნეო სასამართლომ გამოსცა ბრძანება, ხსენებული გადაწყვეტილების აღსასრულებლად წარდგენის თაობაზე. მასში ცალსახადაა მითითებული, რომ ბრძანება მოქმედებს მისი აღსასრულებლად წარდგენის თარიღამდე, კერძოდ, 2020 წლის 15 მარტამდე, ე.ი. გამოცემიდან სამი წლის განმავლობაში.

7.2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან უ–ნის ქ.კიევის სამეურნეო სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულება მოთხოვნა შუამდგომლობის ავტორმა 2020 წლის 22 ივლისს წარმოადგინა, ამიტომ მოწინააღმდეგე მხარეს მიაჩნია, რომ ეს მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც გადაწყვეტილების აღსასრულებლად წარდგენის ვადა გაშვებულია.

7.3. შუამდგომლობას თან ერთვის უ–ნის სახელმწიფო აღსრულების სამსახურის დეპარტამენტის დირექტორის 2020 წლის 14 იანვრის წერილი, რომელშიც მითითებულია, რომ უცხო ქვეყნის შესაბამისი სასამართლოს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მათთან არ შესულა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელეს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ მიუმართავს, ამ გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქმეზე დადგენილია, რომ უ–ნის ქ.კიევის სამეურნეო სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით (№910/4551/16): შუამდგომლობის ავტორის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; პირველ და მეორე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრა ძირითადი დავალიანების - 65 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი 1 723 633 გრინვისა და 28 კაპიკის, ასევე, პირგასამტეხლოს - 23 920 აშშ დოლარის ეკვივალენტი 634 297 გრივნისა და 05 კაპიკის გადახდა.

9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში - კანონი) 68.5 მუხლის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.

9.1. კანონის 71.1 და 71.2 მუხლებით დადგენილია, რომ შუამდგომლობას აღსრულებისათვის თან უნდა დაერთოს სასამართლო გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი და დამოწმებული ქართული თარგმანი, აგრეთვე ცნობა გადაწყვეტილების ძალაში შესვლისა და მისი აღსრულების აუცილებლობის შესახებ, თუ ეს შუამდგომლობის ტექსტიდან არ გამომდინარეობს. შუამდგომლობის განხილვის პროცესში უნდა დადგინდეს, დაცულია თუ არა ამ კანონის 68-ე მუხლით გათვალისწინებული პირობები.

10. ამავდროულად, პალატა მიუთითებს საქართველოსა და უ–ნას შორის სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ ხელშეკრულების (შემდეგში - საერთაშორისო ხელშეკრულება) პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის მოქალაქეები ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის ტერიტორიაზე სარგებლობენ თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორც საკუთარი მოქალაქეები. ამ მიზნით მათ უფლება აქვთ, თავისუფლად მიმართონ ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის სასამართლოებს, პროკურატურისა და ნოტარიუსებს (შემდგომში „იუსტიციის დაწესებულებებად“ წოდებულთ) და სხვა დაწესებულებებს, რომელთა კომპეტენციასაც განეკუთვნება სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეები, აგრეთვე განახორციელონ სხვა პროცესუალური მოქმედებანი, იმავე პირობებით, როგორც ხელშეკრულების მონაწილე ამ მხარის მოქალაქეებმა.

10.1. საერთაშორისო ხელშეკრულების 40-45-ე მუხლებით დადგენილია, გადაწყვეტილებების ცნობა-აღსრულების და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები. საერთაშორისო ხელშეკრულების 40.1 მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მონაწილე მხარეები ცნობენ და აღასრულებენ იუსტიციის დაწესებულებების კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებებს სამოქალაქო საქმეებზე. 41.1 მუხლის თანახმად, გადაწყვეტილებათა აღსრულებაზე ნებართვაზე შუამდგომლობათა განხილვა შედის ხელშეკრულების მონაწილე მხარის სასამართლოთა კომპეტენციაში, რომლის ტერიტორიაზეც უნდა განხორციელდეს აღსრულება. 42.1 მუხლის საფუძველზე, აღსრულების წესი რეგულირდება ხელშეკრულების მონაწილე მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც უნდა მოხდეს აღსრულება.

11. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობაზე უარის თქმის საფუძვლები მოცემულია როგორც საერთაშორისო ხელშეკრულების 43-ე მუხლში (სასამართლო გადაწყვეტილების ცნობაზე ან აღსრულების ნებართვაზე შეიძლება უარი ითქვას: 1) თუ შუამდგომლობის აღმძვრელ პირს ან მოპასუხეს არ მიუღია მონაწილეობა პროცესში იმის გამო, რომ მას ან მისი წარმომადგენელს დროულად და სათანადო ფორმით არ ჩაბარდა სასამართლოში გამოძახების უწყება; 2) თუ იმავე სამართლებრივ დავაზე იმავე მხარეებს შორის ხელშეკრულების მონაწილე მხარის ტერიტორიაზე, სადაც უნდა განხორციელდეს გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება უკვე არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან ხელშეკრულების მონაწილე ამ მხარის დაწესებულებების მიერ ადრე აღძრული იყო წარმოება მოცემულ საქმეზე; 3) თუ ამ ხელშეკრულების დებულებების თანახმად, ან ამ ხელშეკრულებით გაუთვალისწინებულ შემთხვევებში ხელშეკრულების მონაწილე მხარის კანონმდებლობის თანახმად, რომლის ტერიტორიაზეც უნდა განხორციელდეს გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება, საქმე განეკუთვნება მის დაწესებულებათა განსაკუთრებულ კომპეტენციას), აგრეთვე, კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტში (გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს).

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოთ დასახელებულ ნორმებში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, უცხო ქვეყნის სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე და დაექვემდებაროს აღსრულებას.

13. დაუსაბუთებელია მოწინააღმდეგე მხარის წერილობით მოსაზრებაში მითითებული პრეტენზია იმის შესახებ, რომ გავიდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში, გასულია, უ–ნის ქ.კიევის სამეურნეო სასამართლოს 2017 წლის 14 მარტის ბრძანებით გადაწყვეტილების აღსრულებისათვის დადგენილი სამი წლის ვადა, რაც ამ გადაწყვეტილების აღსრულებაზე უარის თქმის საფუძველია.

13.1. დასმულ საკითხთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, განხილვის საგანია, უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება. აქედან გამომდინარე, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ქვეშ მოიაზრება უშუალოდ ამ გადაწყვეტილებით დადგენილი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა, რაც განსხვავდება მისი იძულებითი აღსრულების შესახებ ბრძანების ხანდაზმულობის ვადისგან. ამდენად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაზე გავლენაზე ვერ მოახდენს ამ გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების შესახებ უ–ნის ქ.კიევის სამეურნეო სასამართლოს 2017 წლის 14 მარტის ბრძანებაში არსებული ჩანაწერი იმის შესახებ, რომ „ბრძანება მოქმედებს მისი აღსასრულებლად წარდგენის თარიღამდე 15.03.2020წ.“.

13.2. საკასაციო სასამართლოს განმარტებუთ, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადასთან მიმართებით სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ) 142.1 მუხლით, რომლის შინაარსიც ასეთია: სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა ათი წელი მაშინაც კი, როცა ეს მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმულობას ექვემდებარება. კანონის დასახელებული ნორმით გათვალისწინებული ათწლიანი ვადა უკვე აღიარებული, მინიჭებული უფლების რეალიზაციის ვადაა. აღნიშნული ნორმის შესაბამისად, პირს, ვის სასარგებლოდაც მიღებულია გადაწყვეტილება, შეუძლია, მოითხოვოს მისი აღსრულება კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან 10 წლის განმავლობაში. ამდენად, 10 წელი არის დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, შეუძლია, მიმართოს შესაბამის უფლებამოსილ სააღსრულებო დაწესებულებას და მოითხოვოს გადაწყვეტილების იძულებით აღსრულება (შდრ. იხ. სუსგ: №ა-1639-შ-37-2015, 30.07.2015 ). კანონიერ ძალაში შესული უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, სსკ-ის 142.1 მუხლის მიზნებისათვის უნდა გაუტოლდეს საქართველოს სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, იმ შემთხვევაში, თუ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოში ცნობაუნარიანი იქნება (იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარის ელ.ვერსია, მუხლი 142, civilcode.ge).

13.3. მოცემულ შემთხვევაში, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების მოთხოვნით მოსარჩელემ (კრედიტორი) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მომართა 2020 წლის 22 ივლისს. ამდენად, შუამდგომლობის ავტორმა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი უფლების რეალიზაცია სსკ-ის 142.1 მუხლით გათვალისწინებული 10-წლიანი ვადის დაცვით განახორციელა, რის გამოც მოწინააღმდეგე მხარის შესაგებელი ხანდაზმულობასთან მიმართებით არ არის გასაზიარებელი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „მ-ტ უ–ნას“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად უ–ნის ქ.კიევის სამეურნეო სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება (№910/4551/16), რომლითაც: შპს ,,მ-ტ. უ–ნას“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: შპს "დ.ს–სა“ და შპს ,,ტ.ე.ჯ–ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ძირითადი დავალიანების - 65 000 აშშ დოლარის, (1 723 633 გრინვისა და 28 კაპიკის ექვივალენტი), ასევე, პირგასამტეხლოს - 23 920 აშშ დოლარის (634 297 გრივნისა და 05 კაპიკის ექვივალენტი) ანაზღაურება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე