საქმე №ას-438-2020
17 სექტემბერი, 2021 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი: ჯ.ბ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე სს ,,ს.ს.ე–ა“
განმცხადებლის მოთხოვნა: თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილების განმარტება
დავის საგანი თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ჯ.ბ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა; ს.ს. ,,ს.ს.ე’’-ს ჯ.ბ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიურად 550 (ხუთასორმოცდაათი) ლარის გადახდა საგადასახადო კოდექსით დადგენილი საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით 2018 წლის 21 ივნისიდან 2023 წლის 01 ივლისამდე (ჯ.ბ–ძის საპენსიო ასაკის მიღწევამდე); ს.ს. ,,ს.ს.ე’’-ს ჯ.ბ–ძის სასარგებლოდ ასევე დაეკისრა 17280 (ჩვიდმეტიათასორასოთხმოცი) ლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს ,,ს.ს.ე–ამ“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 17 მარტის განჩინებით სს ,,ს.ს.ე–ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე სს ,,ს.ს.ე–ამ“ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 27 ივლისის განჩინებით სს ,,ს.ს.ე–ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, დასაშვებობის შესამოწმებლად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 5 მარტის განჩინებით სს „ს.ს.ე–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად.
2021 წლის 7 სექტემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოში ჯ.ბ–ძემ წარმოადგინა განცხადება და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილების განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ იგი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოს მხრიდან მიღებული გადაწყვეტილების განმარტების შესაძლებლობას ადგენს სსსკ-ის 262-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია.
მითითებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია, საქმეში მონაწილე მხარეებს ან აღმასრულებელს, მათი მოთხოვნის შემთხვევაში განუმარტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანი დებულებები, რაც მიმართული უნდა იყოს გადაწყვეტილების აღსრულების გამარტივებისაკენ, უნდა ემსახურებოდეს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ გათვალისწინებული დავის სამართლებრივი შედეგის ზუსტად და ზედმიწევნით შესრულებას, თუმცა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება არ უნდა ცვლიდეს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარს.
განსახილველ საქმეში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 17 მარტის განჩინებით სს ,,ს.ს.ე–ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილება, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 5 მარტის განჩინებით სს „ს.ს.ე–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 17 მარტის და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 5 მარტის განჩინებებით უცვლელი დარჩა და არ შეცვლილა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილების შედეგი.
ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლო და არა საქართველოს უზენაესი სასმართლო. „გადაწყვეტილების განმარტებას კი ახდენს ის სასამართლო, რომელმაც იგი გამოიტანა“ (იხ: თ.ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, თბილისი, 2005, გვ.375).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსთვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე ან სასამართლოს შეხედულებაზე ვერ იქნება დამოკიდებული. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არაა უფლებამოსილი, იმსჯელოს წარმოდგენილი განცხადების შინაარსობრივ მხარეზე და ჯ.ბ–ძის განცხადება, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე, განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული (იხ: სუსგ საქმე Nა-1994-გან-9-2021, 2021 წლის 23 აპრილის განჩინება).
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო მე-7 მუხლის მე-2 ნაწილით, 399-ე, 372-ე, 275-ე, 284-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. ჯ.ბ–ძის განცხადება, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე, დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე