Facebook Twitter

საქმე №ას-511-2021 10 სექტემბერი, 2021 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) - სს „თ.ბ–ი“

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 12 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - ქონების ყადაღისგან განთავისუფლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ (შემდეგში - მოსარჩელე), ქონების ყადაღისგან განთავისუფლების მოთხოვნით, სასამართლოში სარჩელი აღძრა, სადაც მოპასუხეებად დაასახელა: სს „თ.ბ–ი“ (შემდეგში: პირველი მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი), შპს „ბ–სი“, ლ.ნ–ძე, შპს „დ.ს–ში №1“, შპს „ვ–კი“, შპს „ბ.ს.ს.დ.ც–ი“, შპს „შ–ი“, შპს „ა.ბ.ა–ი“ და სს „დ.პ.დ–ი“.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა პირველმა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 12 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა, აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევის გამო.

4.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დაადგინა, რომ პირველი მოპასუხისათვის კანონით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღის შესახებ. აქედან გამომდინარე, იგი ვალდებული იყო, გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 2020 წლის 15 ოქტომბრისა და არა უგვიანეს 24 ოქტომბრისა, მიემართა სასამართლოსათვის და მოეთხოვა გადაწყვეტილების ასლის ჩაბარება. რაკი აპელანტს ასე არ უმოქმედია, ამიტომ მას გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა უნდა აეთვალოს გადაწყვეტილების გამოცხადების 30-ე დღიდან. ასეთ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორისათვის სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების გამოცხადების 30-ე დღის მომდევნო თარიღიდან (2020 წლის 25 ოქტომბერი) და ამოიწურა 2020 წლის 9 ნოემბერს, 24:00 საათზე, რადგან 2020 წლის 7-8 ნოემბერი იყო უქმე დღეები (შაბათ-კვირა). კერძო საჩივრის ავტორმა, სააპელაციო საჩივარი სასამართლოში 2020 წლის 22 დეკემბერს წარადგინა, ე.ი. გასაჩივრების 14-დღიანი ვადის დარღვევით (1 თვეზე მეტი ვადის გადაცილებით).

4.2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში - სსსკ-ის 2591, 60.1, 61-ე მუხლები).

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე პირველმა მოპასუხემ კერძო საჩივარი შემოიტანა, რომლითაც ხსენებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება მოითხოვა.

კერძო საჩივრის დასაბუთება შემდეგნაირია:

5.1. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტილება არ გამოცხადებულა 2020 წლის 24 სექტემბერს. მართალია, 2020 წლის 15 სექტემბრის სხდომაზე მხარეებს ეცნობათ, რომ სარეზოლუციო ნაწილი 2020 წლის 24 სექტემბერს უნდა გამოცხადებულიყო, მაგრამ მითითებულ პერიოდში ბათუმში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუარესდა, რის გამოც შესაბამის დროში ჩანიშნული სასამართლო პროცესები გადაიდო. 2020 წლის 24 სექტემბერს, აპელანტი მოსამართლის თანაშემწეს იმ მიზნით დაუკავშირდა, რომ მისთვის სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შესახებ ეცნობებინა, რამდენადაც სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებაზე დასწრების ვალდებულება მხარეთათვის სავალდებულო არაა. აღნიშნულის პასუხად აპელანტს ეცნობა, რომ პროცესები გადაიდო და სარეზოლუციო ნაწილი არ გამოცხადებულა. შემდგომში, აპელანტი მოსამართლის თანაშემწეს პერიოდულად უკავშირდებოდა, თუმცა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღთან დაკავშირებით პასუხს ვერ იღებდა. 2020 წლის ნოემბერში, კერძო საჩივრის ავტორმა შემთხვევით გაიგო, რომ თითქოს სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უკვე გამოაცხადეს, რის შემდეგაც მისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარება მოითხოვა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორისათვის სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა უნდა აითვალოს მისი ჩაბარების მეორე დღიდან - 2020 წლის 9 დეკემბრიდან, საიდანაც სააპელაციო საჩივარი ვადაშია შეტანილი.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 15 ივნისის განჩინებით, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.

7. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად, მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია.

8. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის განხილვის საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერების საკითხი. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა დაარღვია სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი საპროცესო ვადა.

9. სსსკ-ის 369-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა 14 დღეა. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების ან 2591-ე მუხლის შესაბამისად, ასევე, 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

10. სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია შემდეგი: თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან, თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელდება და აღდგენა დაუშვებელია.

აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ: 1). გასაჩივრების უფლების მქონე პირი ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი და, 2). ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში იგი სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.

სსსკ-ის 2591-ე მუხლის შინაარსი იმაზე მიუთითებს, რომ მხარე, გადაწყვეტილების გასაჩივრების ინტერესის არსებობის შემთხვევაში, ვალდებულია კანონით განსაზღვრულ ვადაში ჩაიბაროს სასამართლოს გადაწყვეტილება.

ამ წესიდან გამონაკლისი დადგენილია მხოლოდ სსსკ-ის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე, პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი;

მათთვის გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას სასამართლო უზრუნველყოფს, ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით (სსსკ-ის 2591 მუხლის მე-2 ნაწილი), თუმცა კერძო საჩივრის ავტორი საგამონაკლისო პირების აღნიშნულ ჩამონათვალს არ მიეკუთვნება.

11. ამავდროულად, საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 60.2 მუხლის დანაწესზე, რომელიც აწესრიგებს გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას და რომლის თანახმადაც, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი (შდრ. სუს დიდი პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის განჩინება Nას-1161-1106-2014).

12. განსახილველ შემთხვევაში, სადავო საკითხის სწორად გადასაწყვეტად, საყურადღებოა საქმის მასალებით დადგენილი შემდეგი გარემოებები: სააპელაციო წესით გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოტანილია 2020 წლის 24 სექტემბერს, რომლის სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებასაც აპელანტი არ ესწრებოდა, თუმცა მისი წარმომადგენლისათვის კანონით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღის შესახებ (ტომი 3, ს.ფ. 39, 32-33, 40-43).

13. ამდენად, სსსკ-ის 2591 მუხლიდან გამომდინარე, აპელანტი ვალდებული იყო, გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადებულიყო სასამართლოში და გადაწყვეტილების გასაჩივრების ინტერესის შემთხვევაში ჩაებარებინა მისი ასლი.

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მხარეს აღნიშნული საპროცესო ვალდებულება არ შეუსრულებია და ეს გარემოება კერძო საჩივარში გაქარწყლებული არ არის (სსსკ-ის 407.2 მუხლი).

რაკი აპელანტს სსსკ-ის 2591 მუხლით დადგენილი წესი არ დაუცავს, ამიტომ მის მიმართ ამავე ნორმის ის დანაწესი ამოქმედდა, რომელიც გასაჩივრების ვადის ათვლის დასაწყისად ადგენს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს და ამ ვადის გაგრძელებას და აღდგენას დაუშვებლად მიიჩნევს.

14. განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადდა 2020 წლის 24 სექტემბერს. შესაბამისად, მისი გამოცხადებიდან 30-ე დღეა 2020 წლის 24 ოქტომბერი. ეს იმაზე მიუთითებს, რომ აპელანტისათვის სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2020 წლის 25 ოქტომბრიდან (გადაწყვეტილების გამოცხადების 30-ე დღის მომდევნო დღიდან) და ამოიწურა 2020 წლის 9 ნოემბერს (ვინაიდან 2020 წლის 7-8 ნოემბერი უქმე დღეები, შაბათ-კვირა იყო). საქმის მასალებით დგინდება, რომ აპელანტმა სააპელაციო საჩივარი სასამართლოში 2020 წლის 22 დეკემბერს შეიტანა, ე.ი. გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივარი, სსსკ-ის 374-ე მუხლის (სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა) საფუძველზე, მართებულად დარჩა განუხილველად.

16. უსაფუძვლოა კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია იმის თაობაზე, რომ, მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება 2020 წლის 24 სექტემბერს არ ყოფილა გამოტანილი და მისი არაერთი მცდელობის მიუხედავად, მოსამართლის თანაშემწისგან სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღთან დაკავშირებით ინფორმაციას ვერ იღებდა. ხსენებული პრეტენზიის საპასუხოდ პალატა განმარტავს შემდეგს:

16.1. სსსკ-ის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამოქალაქო სამოქალაქო სამართლაწარმოება აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე (სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები), რაც იმას გულისხმობს, რომ სწორედ მხარეები არიან ვალდებული, სათანადო მტკიცებულების (მტკიცებულებების) წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (იხ. სუსგ Nას-839-839-2018, 13.07.2018წ.).

16.2. ამდენად, თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობის დასადასტურებლად საჭირო მტკიცებულებების სასამართლოსათვის წარდგენის ვალდებულება შესაბამისი მოთხოვნის წარმდგენ პირს, მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორს აკისრია, რაც მან ვერ განახორციელა.

17. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „თ.ბ–ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 12 აპრილის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

ზურაბ ძლიერიშვილი