Facebook Twitter

7 ოქტომბერი, 2021 წელი,

საქმე №ას-543 -2021 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - შ.ძ–ა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - სს „ფ.ა–ო“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შ.ძ–ა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, მყიდველი ან შემძენი) ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 მარტის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, რომლითაც სს „ფ.ა–ოს“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან გამყიდველი) მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მოპასუხეს 12 000 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ. კასატორის აზრით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, განჩინება არ არის დასაბუთებული, სახელდობრ:

2. კასატორის მტკიცებით, ნასყიდობის ხელშეკრულებაზე როგორც მყიდველს, ხელი არ მოუწერია და სწორედ გაყალბებული ხელშეკრულების საფუძველზე გააფორმდა მოსარჩელემ ნასყიდობის ხელშეკრულება, რაც სარჩელის უარყოფის საფუძველია. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ კი, აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენილი განცხადება მიიჩნია აღიარებად და მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობის დასტურად.

2.2. გარდა ამისა კასატორის მითითებით, ნასყიდობის საგნის ღირებულების მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება, მან კი, აღნიშნულს ვერ გაართვა თავი და სადავო გარიგება აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენილ განცხადებას დააფუძნა.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 7 სექტემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

5.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

5.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

5.3. 2014 წლის 28 აპრილს მოსარჩელემ მოპასუხეს სატრანსპორტო საშუალება, „მერსედეს-ბენც SPRINTER 208 CDI“, საიდენტიფიკაციო ნომრით ……, 12 000 ლარად მიჰყიდა გადახდის განვადებით და ეს უკანასკნელი აღირიცხა მესაკუთრედ.

5.4. შემძენმა განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა, გამყიდველს ნასყიდობის საფასური არ აუნაზღაურა.

5.5. გამყიდველმა 2015 წლის 11 სექტემბერს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართა და გამარტივებული წარმოების წესით მხარეთა შორის 2014 წლის 28 აპრილს დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე 12 000 ლარის მოპასუხისთვის დაკისრება მოითხოვა, თუმცა მოპასუხემ მოთხოვნა უარყო და აღნიშნა, რომ 2014 წლის 25 აპრილს მისმა შვილმა და სიძემ ნასყიდობის საფასური მოსარჩელე კომპანიის დირექტორს ერთიანი შენატანის სახით სრულად აუნაზღაურეს და საბოლოოდ ავტომანქანა საკუთრებაში იმავე წლის 28 აპრილს აღირიცხა. აღნიშნულის საფუძველზეც აღსრულების ეროვნული ბიუროს გადაწყვეტილებით, მოსარჩელეს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე ეთქვა უარი.

6. ნასყიდობის ფასის ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა სსკ-ის 477-ე (ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა, გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. თუ ხელშეკრულებაში ფასი პირდაპირ არ არის მითითებული, მხარეები შეიძლება, შეთანხმდნენ მისი განსაზღვრის საშუალებებზე), 505-ე (განვადებით ნასყიდობისას გამყიდველი ვალდებულია გადასცეს ნივთი მყიდველს ფასის გადახდამდე. ნივთის ფასის გადახდა მყიდველის მიერ ხდება ნაწილ-ნაწილ დროის განსაზღვრულ შუალედებში) მუხლებიდან გამომდინარეობს.

7. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 477-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა იმის თაობაზე, რომ ნასყიდობა ორმხრივი, კონსესუალური გარიგებაა, სადაც, როგორც გამყიდველს, ისე მყიდველს გააჩნია კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები. ნორმის პირველი ნაწილი ადგენს გამყიდველის სინალაგმატურ ვალდებულებას, მყიდველს გადასცეს საკუთრების უფლება ქონებაზე, რომელიც შეიძლება განხორციელდეს როგორც უშუალოდ ნასყიდობის საგნის, ისე ამ საგანზე ნამდვილი უფლების გადაცემით (მაგ: ნივთის პირდაპირი მფლობელისაგან გამოთხოვის უფლება). კანონი ნასყიდობის ნამდვილობისათვის რაიმე შეზღუდვას არც ერთი ხსენებული წესის მიმართ არ ადგენს და როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში (ბუნებრივია, მხარეთა შეთანხმების პირობებში) გამყიდველის მხრიდან ვალდებულებას შესრულებულად მიიჩნევს. სწორედ ამ წესის დაცვის შემდგომ წარმოეშვება გამყიდველს შემძენისაგან საპასუხო შესრულების (ფასის გადახდა) მოთხოვნის უფლება, რამდენადაც, სამოქალაქო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც ვალდებულება აკისრია ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეუძლია უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე საპასუხო მოქმედების განხორციელებამდე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა იგი ვალდებული იყო თავისი ვალდებულება წინასწარ შეესრულებინა (იხ. სუსგ-ებები: №ას-671-642-2016, 20 იანვარი, 2017 წელი; №ას-793-760-2016, 20 იანვარი, 2017 წელი). თავის მხრივ, უდავოა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება, წარმოადგენდა გადახდის განვადებით ნასყიდობას, რომელიც სამოქალაქო კოდექსის 505-ე-508-ე მუხლებით რეგულირდება, თუმცა, განსხვავებით ზოგადად ნასყიდობისაგან, გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების სპეციფიკა ისაა, რომ შემძენზე საკუთრების უფლება გადადის ფასის სრულად გადახდამდე (იხ. სუსგ №ას-463-445-2016, 8 ივლისი, 2016 წელი).

8. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებას, სახელდობრ, მხარეთა შორის დაიდო ავტოსატრანსპორტო საშუალების გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება, მოსარჩელემ/გამყიდველმა შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა, გადასცა ნივთი შემძენს, ხოლო მოპასუხემ/მყიდველმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა, არ გადაიხადა ნასყიდობის საფასური.

9. საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს სსკ-ის 429-ე მუხლის შინაარსზე, რომელიც ადგენს ვალდებულების შესრულების მიღების წესს. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონში კრედიტორის მიმართ არსებობს ერთმნიშვნელოვანი მოთხოვნა, რაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მას, მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში, ეკისრება ამგვარი დოკუმენტის გაცემის ვალდებულება. ამ შემთხვევაში, კანონმდებლის პრინციპული დამოკიდებულება იმითაა განპირობებული, რომ მაქსიმალურად აღმოიფხვრას ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა არაკეთილსინდისიერება. თუმცა კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ, კერძოდ, რაიმე ვალდებულება მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით მოვალეს ამგვარი საბუთის გამოთხოვაზე არ ეკისრება. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება კი, განპირობებულია მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესით, რაც იმაში მდგომარეობს, რომ შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით, ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი სწორედ მას ეკისრება. შესაბამისად, სადავოობის შემთხვევაში, მოვალემ ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულების შესახებ ფაქტობრივი გარემოება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე - რომელსაც არანაირი საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც პროცესუალური და არც მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით.

9.1. სწორედ ზემოაღნიშნული მოსაზრებით მოვალე აღჭურვილია მთელი რიგი უფლებებით, რომ შესძლოს ვალდებულების შესრულების და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება. ამ უფლების გამოუყენებლობა კი, წარმოადგენს მის რისკს და შესაძლოა აისახოს ზემოთ მითითებული გარემოების დაუდასტურებლობაში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების სადავოობის პირობებში კანონით უზრუნველყოფილია მოვალის შესაძლებლობა, ამტკიცოს ვალდებულების შესრულება. ამავდროულად, აღნიშნული იმაზე მეტყველებს, რომ ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთის მატარებელი მხოლოდ მოვალე შეიძლება იყოს. მოცემულ საქმეში, მოსარჩელემ/მოვალე/კასატორი ნასყიდობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი გარემოების მტკიცების ტვირთის წარმატებული რეალიზება ვერ შეძლო. მან ვერ წარმოადგინა სარწმუნო მტკიცებულება სადავოდ ქცეული 12 000 ლარის ნაწილში ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ.

9.2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ფულადი ვალდებულების შესრულების დამადასტურებელ დოკუმენტში ყოველთვის იგულისხმება წერილობითი საბუთი, შესაბამისად, მარტოოდენ მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით თანხის გადახდის ფაქტობრივი გარემოების დამტკიცება შეუძლებელია.

10. კასატორი სადავოდ ხდის როგორც ნასყიდობის საგნის ღირებულებას, ასევე შეთანხმებაზე მისი ხელმოწერის ნამდვილობას.

10.1. საკასაციო საამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის ეს პრეტენზია არ არის გასაზიარებელი მისი არათანმიმდევრული და წინააღმდეგობრივი ხასიათის გამო, კერძოდ, ერთი მხრივ, მოპასუხე გარიგების ნამდვილობას ფაქტობრივად ადასტურებს, როცა განცხადებაში მიუთითებს, რომ ნასყიდობის საფასური, 12 000 ლარი, გადახდილია 2014 წლის 28 აპრილის შეთანხმების ფარგლებში, მეორე მხრივ კი, საერთოდ უარყოფს გარიგებაზე მისი ხელმოწერის ნამდვილობას. ამ გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მსჯელობას ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ სსსკ-ის 137-ე (მხარეს უფლება აქვს საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების სტადიაზე განაცხადოს, რომ წარდგენილი საბუთი ყალბია. ასეთი განცხადება მას შეუძლია გააკეთოს აგრეთვე საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის დროსაც, თუ ეს საბუთი წარდგენილ იქნა ამ სასამართლო სხდომაზე, ან ადრე წარდგენილი საბუთის სიყალბე მისთვის ცნობილი გახდა სასამართლო სხდომაზე; მტკიცებულების წარმდგენ მხარეს შეუძლია სთხოვოს სასამართლოს მტკიცებულებებიდან სადავო საბუთის ამორიცხვა და საქმის გადაწყვეტა საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების საფუძველზე. ასეთი თხოვნის არარსებობის შემთხვევაში სასამართლო შეამოწმებს საბუთის ნამდვილობას, რისთვისაც შეუძლია დანიშნოს ექსპერტიზა, მოითხოვოს დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენა ან გამოითხოვოს სხვა მტკიცებულებები) მუხლის გამოუყენებლობასთან დაკავშირებით.

11. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ მოპასუხეს/კასატორს არც სარჩელზე წარდგენილ შესაგებელში და არც მოსამზადებელ ეტაპზე არ მიუთითებია, რომ ავტომანქანის ღირებულება 2000 ლარით განისაზღვრა და განმარტავს, რომ სასამართლო სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე (სსსკ-ის მე-4 მუხლი), კანონის იმპერატიული ნება სწორედ ამ პრინციპის დაცვით მართლმსაჯულების განხორციელებისკენაა მიმართული. საპროცესო კანონმდებლობის ანალიზი ქმნის დასკვნის საფუძველს, რომ სასამართლოს მთავარი სხდომისათვის საქმის განსახილველად მომზადება მხარეთა წერილობითი პოზიციების სრულყოფასა და დავის ძირითადი სურათის განსაზღვრას ემსახურება, სწორედ ამითაა გამართლებული ამავე კოდექსის 201-ე მუხლის მე-5 ნაწილისა (მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია, პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები. მოპასუხე უფლებამოსილია, მტკიცებულებათა წარდგენისათვის მოითხოვოს გონივრული ვადა) და 219-ე მუხლის პირველი ნაწილის (მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული) დებულებების არსებობა პროცესში, რომელთა განუხრელად დაცვა პროცესის სწორად წარმართვაზე მიუთითებს.

11.1. სააპელაციო პალატის დასკვნით, ვინაიდან ნასყიდობის საგნის ღირებულებას კასატორი არც შესაგებლით და არც მოსამზადებელ ეტაპზე არ შედავებია, დაკარგა უფლება, ახალ გარემოებაზე მიეთითებინა მთავარ სდომაზე წარდგენილ შესაგებელში.

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.

13. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

14. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს შპს „ი.ჯ. ე.ე.პ. ლ.მ–ი და პ–ის“ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 600 ლარის (საგადასახადო მოთხოვნა #0, გადახდის თარიღი 02.08.2021წ), 70% - 420 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შ.ძ–ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შ.ძ–ას (პ/ნ ....) დაუბრუნდეს შპს „ი. ჯ.ე.ე.პ. ლ.მ–ი და პ–ის“ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 600 ლარის (საგადასახადო მოთხოვნა #0, გადახდის თარიღი 02.08.2021წ), 70% - 420 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე