30 სექტემბერი, 2021 წელი,
საქმე №ას-553 -2021 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - შპს „F.H.“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები - შპს „ვ–ა“, ა.მ–ძე (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
აღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „F.H.“-ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან გამქირავებელი) საკასაციო პრეტენზიით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც მათი სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს „ვ–ას“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან დამქირავებელი) 2200 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ; პირველ მოპასუხესთან ერთად ა.მ–ძისთვის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, თავდები ან სოლიდარული მოვალე) 2200 ლარის სოლიდარულად დაკისრებისა და მოპასუხეებისთვის პირგასამტეხლოს - 5 412 ლარის დაკისრების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა უარყოფილ იქნა; გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ მოსარჩელის შუამდგომლობაც არ დაკმაყოფილდა სახელდობრ:
2. კასატორის მტკიცებით, კრედიტორის მიერ პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა თავად მხარეთა შორის გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე, ამასთან, პირველი მოპასუხე არ უარყოფდა, რომ სარგებლობდა ქირავნობის საგნით და დავალიანებასაც აღიარებდა, რაც პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველია.
2.1. გარდა ამისა, კასატორის მითითებით, მეორე მოპასუხემ ქირავნობის ხელშეკრულების შესრულებაზე სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრა დამქირავებელთან ერთად.
2.2. კასატორის მტკიცებით, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე მოთხოვნის უარყოფაც დაუსაბუთებელია, ვინაიდან მხარეები შეთანხმდნენ, რომ დავის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილება მიექცეოდა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
5.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
5.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
5.3. პირველი მოპასუხე 2016 წელს, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში, ოზურგეთში, ცხემლისხიდში ბაგა-ბაღს აშენებდა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც .......... ობიექტი).
5.4. დ.კ–ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოპასუხის წარმომადგენელი) პირველი მოპასუხის უფლებამოსილი წარმომადგენელია (იხ. მინდობილობა).
5.5. 2016 წლის 23 თებერვალს მხარეებს შორის დაიდო #03/12 საამშენებლო ინვენტარის ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მოსარჩელემ 90 ცალი ფანერი დაწებებული ფირით (23.5), მოპასუხეს სარგებლობაში 20 დღით გადასცა, ქირის, ერთ ცალზე 15 ლარის, ჯამურად - 1350 ლარის (დღგს ჩათვლით) გადახდის სანაცვლოდ.
5.5.1. ქირავნობის საგანი .......... ობიექტზე უნდა განთავსებულიყო. შეთანხმების მოქმედების ვადის დასრულებისას დამქირავებელი ვალდებული იყო, გამქირავებლისთვის უკან გადაეცა ქირავნობის საგანი, გამართული ბუნებრივი ცვეთის გათვალისწინებით. თავდებმა დამქირავებელთან ერთად პირადი ქონებით იკისრა გამქირავებლის მიმართ არსებული ვალდებულების სოლიდარულად შესრულება.
5.5.2. შეთანხმების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოპასუხეებმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს, გადასახდელი თანხის 3%-ის სოლიდარულად გადახდის ვალდებულება იკისრეს.
5.5.3. შეთანხმებაში ცვლილებების ან/და დამატების შეტანა მხარეთა შეთანხმებით ნებისმიერ დროს იყო შესაძლებელი.
5.6. 2016 წლის 23 თებერვალს მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის მოძრავი ქონების მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა, რომლის თანახმად, გამქირავებელმა დამქირავებელს 90 ცალი ფანერი დაწებებული ფირით (23.5), განსაზღვრულ ადგილზე/.......... ობიექტზე მიტანით გადასცა. იმავე დღეს დამქირავებელმა მოსარჩელეს შეთანხმებით განსაზღვრული 20 დღის ქირა - 1350 ლარი აუნაზღაურა.
5.7. შეთანხმებით განსაზღვრული ვადა 2016 წლის 13 მარტს ამოიწურა. პირველმა მოპასუხემ კი, მხარეთა შორის დადებული ქირავნობის ხელშეკრულების პირობა - ქირავნობის საგნის დაბრუნება ქირავნობის ვადის დასრულებისთანავე არ უზრუნველყო. მოსარჩელემ ინვენტარი/ქირავნობის საგანი 2016 წლის 27 მაისს დაიბრუნა (იხ. მიღება-ჩაბარების, აქტი, სასაქონლო ზედნადები).
5.8. მიუხედავად მხარეებს შორის ხელშეკრულების გაგრძელებისა, ისინი პირგასამტეხლოს შესახებ წერილობით არ შეთანხმებულან.
5.9. შეთანხმების ვადის გასვლის შემდეგ ქირავნობის საგნით სარგებლობისათვის დამქირავებელმა გამქირავებელს 2700 ლარი აუნაზღაურა. ამასთან, 2 200 ლარის დაკისრების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნაც აღიარა.
6. მოცემულ შემთხვევაში, 2016 წლის 14 მარტიდან 2016 წლის 27 მაისის ჩათვლით, ნივთის სარგებლობისათვის გადაუხდელი ქირის ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა სსკ-ის 531-ე მუხლის მეორე წინადადებიდან (დამქირავებელი მოვალეა, გამქირავებელს გადაუხადოს დათქმული ქირა), და 559-ე მუხლიდან (1. ქირავნობის ურთიერთობა შეწყდება ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ. 2. თუ დამქირავებელი სარგებლობს ნივთით ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგაც და გამქირავებელი ამაზე არ ედავება, მაშინ ხელშეკრულება განახლდება განუსაზღვრელი ვადით. 3. თუ ქირავნობის ხელშეკრულების ვადა არ არის განსაზღვრული, ქირავნობის ურთიერთობა შეწყდება ხელშეკრულების მოშლის შესახებ განცხადების გაკეთებით) გამომდინარეობს, თუმცა პირგასამტეხლოსა და თავდებისთვის/მეორე მოპასუხისათვის თანხის სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნის უსაფუძვლობას სსკ-ის 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) 463-ე (თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს) და 464-ე (სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით) მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების შეუსრულებლობა განაპირობებს.
7. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა სასარჩელო მოთხოვნების სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი წანამძღვრების ნაწილის არსებობა, რადგანაც ზემოაღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი გარემოება სრულად არ იყო შესრულებული.
8. საკასაციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ ქირავნობა ფორმასავალდებულო გარიგებათა კატეგორიას არ განეკუთნება, რომლის ნამდვილობასაც სამოქალაქო კოდექსი დაუკავშირებდა რაიმე ფორმის დაცვის აუცილებლობას, ამდენად, სსკ-ის 69.1.2 (გარიგება შეიძლება, დაიდოს ზეპირად ან წერილობითი ფორმით. გარიგება წერილობითი ფორმით შეიძლება, დაიდოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან მხარეთა შეთანხმებით) მუხლის მიხედვით, შესაძლებელია მისი დადება როგორც ზეპირად, ისე - წერილობით, ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული, კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, დაუკავშირონ წერილობით თუ ზეპირ გარიგებას, ამდენად, მოცემული სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობისთვის წერილობითი გარიგების დადება სავალდებულო არ არის და მისი დაუცველობა გარიგების ბათილობის საფუძველი ვერ გახდება. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ დამქირავებელი შეთანხმების ვადის ამოწურვის მიუხედავად, ქირავნობის საგნით სარგებლობდა, რასაც გამქირავებელიც არ შედავებია, ეს კი, იმას ნიშნავს, რომ ქირავნობის ხელშეკრულება (სსკ-ის 531-ე მუხლი) ზეპირი ფორმით გაგრძელდა განუსაზღვრელი ვადით.
8.1. დადგენილია, რომ პირველი მოპასუხე მოსარჩელესთან გაფორმებული ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, 2016 წლის 14 მარტიდან 2016 წლის 27 მაისამდე ქირავნობის საგნით სარგებლობდა, რისთვისაც მას 2700 ლარი გადაუხადა, მოსარჩელის მტკიცებით, გადასახდელი დარჩა 2200 ლარი, რაც დამქირავებელს სადავოდ არ გაუხდია. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 3.2 მუხლის მიხედვით, მოპასუხეს შეუძლია, ცნოს სარჩელი. სარჩელის ცნობა სრულად შეესაბამება სსსკ-ით განმტკიცებულ დისპოზიციურობის პრინციპს. ამავე კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთ გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. სსსკ-ის 208-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ (შდრ.სუსგ. №ას-1031-992-2016, 23.05.2017წ). სარჩელის ცნობის შემთხვევაში, საპროცესო თვალსაზრისით ფაქტობრივი გარემოებების კვლევა და მატერიალური სამართლის ნორმასთან მათი სუბსუმირების ვალდებულება აღარ არსებობს და სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს (შდრ.სუსგ 13.11.2015წ. საქმე №ას-219-206-2015). აღნიშნულიდან გამომდინარე, პირველ მოპასუხეს ნივთით სარგებლობისათვის გადაუხდელი ქირა - 2200 ლარი მართებულად დაეკისრა.
9. ასევე დადგენილია, რომ ნივთის ქირავნობის ურთიერთობის გაგრძელების მიუხედავად, მხარეები პირგასამტეხლოს შესახებ წერილობით აღარ შეთანხმებულან (სსკ-ის 418-ე მუხლი) შესაბამისად, განჩინების 5.7 და 5.8 პუნქტებში განვითარებული მსჯელობის შედეგად საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილს, რომელიც, დავალიანების დაყოვნების გამო, პირგასამტეხლოს დაკისრებას ეხება, რამდენადაც ზეპირი ხელშეკრულებით (ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებით შეთანხმების არსებობის დადასტურების შემთხვევაში) არ შეიძლება, პირგასამტეხლოზე შეთანხმება ნამდვილად მივიჩნიოთ სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის იმპერატიული დათქმიდან გამომდინარე (შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას).
საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, დამქირავებლის მიერ ქირავნობის საგნით სარგებლობა, გამქირავებელს პირგასამტეხლოს დაკისრების უფლებას ვერ წარმოუშობდა სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით მასზე წერილობითი შეთანხმების არარსებობის გამო.
10. მეორე მოპასუხისათვის თანხის სოლიდარულად დაკისრების თაობაზე მოთხოვნასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს სსკ-ის 464-ე მუხლის შინაარსზე, რომლის მიხედვით, სოლიდარული ვალდებულება შესაძლებელია სამი საფუძვლით წარმოიშვას: ხელშეკრულება, კანონი და ვალდებულების საგნის განუყოფლობა (Numerus Clausus). სოლიდარული ვალდებულების წარმოშობის ყველაზე გავრცელებული საფუძველია ხელშეკრულება. იმისათვის, რომ ხელშეკრულების საფუძველზე სოლიდარული ვალდებულება წარმოიშვას, აუცილებელია, რომ რამდენიმე პირმა სოლიდარულად იკისროს პასუხისმგებლობა კრედიტორის წინაშე. სოლიდარულმა მოვალეებმა კრედიტორთან ხელშეკრულება შესაძლოა, ერთდროულად ან ცალ-ცალკე გააფორმონ. დასაშვებია, სოლიდარული ვალდებულების შეთანხმების შემდეგ, კრედიტორთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ერთ-ერთი მოვალე შემდეგ შევიდეს ვალდებულებაში სოლიდარულ მოვალედ (შდრ. Gebauer, in Sorgel, BGB Kommentar, Schuldrecht 3/3, 13. Aufl., 2010, §421, Rn.6). მთავარია კრედიტორთან გაფორმებული შეთანხმება ნათლად ადასტურებდეს თითოეული მოვალის სურვილს - სხვა მოვალეებთან ერთად სოლიდარულად აგონ კრედიტორის წინაშე პასუხი (შდრ. Looschelders, in Staundinger, BGB Komm 2012, Buch II, §421, Rn.53). სოლიდარული ვალდებულების შესახებ შეთანხმება იმ შემთხვევაშიც იარსებებს, როდესაც ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ კრედიტორს საკუთარი სურვილისამებრ მთლიანად ანდა ნაწილობრივ შეუძლია ნებისმიერი მოვალისაგან მოითხოვოს ვალდებულების შესრულება, ხოლო ერთ-ერთი მოვალის მიერ ვალდებულების მთლიანად შესრულება, დანარჩენებსაც ათავისუფლებს შესრულების ტვირთისაგან. (შდრ. K.Schreiber, Die Gesamtschuil, Jura 1989, s.354.), ( შდრ: სუსგ №ას- 599-2019, 04 დეკემბერი, 2019; №ა1158-1104-2014, 06 მაისი, 2015).
10.1. განსახილველ შემთხვევაში, მეორე მოპასუხის პასუხისმგებლობა 2016 წლის 23 თებერვლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქირავნობის საგნის 20 დღით სარგებლობისათვის ქირის, 1350 ლარის, გადახდის ან/და გადაუხდელობისას, პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებითაა განსაზღვრული.
ხოლო იმ ვალდებულებებზე, რაც შესაძლოა, დაკისრებოდა დამქირავებლს მის მიერ სახელშეკრულებო ვადის ამოწურვის შემდეგ ქირავნობის საგნის დაუბრუნებლობის ან/და ნივთით სარგებლობისათვის, მეორე მოპასუხის სოლიდარულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, გარიგება რაიმე დათქმას არ შეიცავს.
დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული შეთანხმების ფარგლებში მხარემ ნაკისრი ვალდებულება შეასრულა/ქირა გადაიხადა, შესაბამისად, საკასაციო პალატა საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, იზიარებს ქვემდგომი სასამართლოს დასკვნას, მეორე მოპასუხის სოლიდარული ვალდებულების აღიარებაზე უარის ნაწილშიც.
11. კასატორის პრეტენზიის ფარგლებში საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს სსსკ-ის 268-ე მუხლის 11 ნაწილის დანაწესს, რომლის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. დადგენილია, რომ სადავო ხელშეკრულების ფარგლებში გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე მხარეები არ შეთანხმებულან, შესაბამისად, არც მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი იკვეთება.
12. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
13. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას მოპასუხის მიმართ და/ან მის წინააღმდეგ იმ მიზნით უშვებს, რომ დავის საგანი მოპასუხის არაკეთილსინდისიერი (მათ შორის, კეთილსინდისიერი მესამე პირების მართლზომიერი) ქმედებისგან იყოს დაცული (იხ. სუსგ №ას-1966-2018, 24.01.2019).
მოცემულ შემთხვევაში, ა.მ–ძის განცხადება დაკმაყოფილდა და საკასაციო პალატის 2021 წლის 17 სექტემბრის განჩინებით შეიცვალა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 ნოემბრის განჩინებაში მითითებული სარჩელის უზრუნველყოფის საგანი, ამასთან საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გათვალისწინებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება სსსკ-ის 1991 მუხლიდან გამომდინარე ექვემდებარება გაუქმებას.
14. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარისა (საგადახდო დავალება #0, გადახდის თარიღი 11.05.2021წ) და 85 ლარის (საგადახდო დავალება #0, გადახდის თარიღი 04.06.2021), ჯამურად, 385 ლარის 70% - 269,5 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „F.H.“-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 17 სექტემბრის სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის შესახებ მიღებული განჩინების შედეგად გამოყენებული უზრუნველყოფა, რომლითაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 ნოემბრის განჩინების მეორე პუნქტის შეცვლით სარჩელის უზრუნველყოფა გავრცელდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, .......... ქუჩაზე მდებარე 100 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ზონა – ჩოხატაური, სექტორი – ...., კვარტალი – 22, ნაკვეთი – 088, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი - #.....).
3. შპს „F.H.“ -ს (ს/ნ ....) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარისა (საგადახდო დავალება #0, გადახდის თარიღი 11.05.2021წ) და 85 ლარის (საგადახდო დავალება #0, გადახდის თარიღი 04.06.2021), ჯამურად, 385 ლარის 70% - 269,5 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე