Facebook Twitter

№ა-3666-ბ-9-2021 15 სექტემბერი, 2021 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი – ა.ჯ–კია (ო.ფ–ას უფლებამონაცვლე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ.ბ–ი“ (სს „ბ–რ–ის“ უფლებამონაცვლე)

განმცხადებლის მოთხოვნა – საქართველოს უზენაესი სასამართლოს 29.12.2020წ. განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - განცხადების განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 06.02.2013წ. გადაწყვეტილებით:

1.1. სს „ბ–რ–კის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

1.1.1. შეწყვეტილად იქნა აღიარებული სს „ბ–რ–სა“ და სს „გ.მ. N..-ს" შორის 2004 წლის 15 სექტემბერს გაფორმებული გენერალური ხელშეკრულება „კრედიტებისა და საბანკო გარანტიების გაცემის შესახებ“;

1.1.2. სს „გ.მ. N..-ს", შპს „გ. ..-ს", ლ.მ–ძეს, რ.მ–ძესა და ო.ფ–ას სს „ბ–რ–კის“ სასარგებლოდ, №95080/09/კბ საბანკო გარანტიის საფუძველზე, სოლიდარულად დაეკისრათ დავალიანების გადახდა 483 334.42 ლარის ოდენობით;

1.1.3. სს „გ.მ. N..-ს", შპს „გ. ..-ს", ლ.მ–ძეს, რ.მ–ძესა და ო.ფ–ას სს „ბ.რ–ის“ სასარგებლოდ, №89174/09/კბ საბანკო გარანტიის საფუძველზე, სოლიდარულად დაეკისრათ ძირი თანხის 53 769 ლარის გადახდა;

1.1.4. სს „გ.მ. N11-ს", შპს „გ. 11-ს", ლ.მ–ძეს, რ.მ–ძესა და ო.ფ–ას სს „ბ.რ–ის“ სასარგებლოდ, №89174/09/კბ საბანკო გარანტიის საფუძველზე, სოლიდარულად დაეკისრათ პროცენტის - 1012.66 ლარის გადახდა;

1.1.5. სს „გ.მ. N11-ს“, შპს „გ. 11-ს", ლ.მ–ძეს, რ.მ–ძესა და ო.ფ–ას სს „ბ.რ–ის“ სასარგებლოდ, №89174/09/კბ საბანკო გარანტიის საფუძველზე, სოლიდარულად დაეკისრათ პირგასამტეხლოს - 19 ლარის გადახდა;

1.2. სს „გ.მ. N..-ის" შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ: სს „ბ.რ–ას“ სს „გ.მ.ი N..-ის" სასარგებლოდ, დაეკისრა შემდეგი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაცემა: ა) "კრაზ 250", სახელმწიფო ნომერი ..., ბ) "კამაზ 5511", სახელმწიფო ნომრით ..., გ) "მაზ 5549", სახელმწიფო ნომერი ....., დ) "გაზ 21213", სახელმწიფო ნომერი, JDJ 752, ე) "ერაზ 762 ბ", N725, ვ) სატკეპნი თვითმავალი, ზ) ავტოგრეიდერი, D3-143, თ) ბულდოზერი "ჩებოქსარი", ი) ბულდოზერი "ჩ-109", კ) FORD CARACIO, სახელმწიფო ნომერი JDJ 761;

1.3. მოსარჩელეთა მოთხოვნები დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სს „გ.მ.მა N..“ და ო.ფ–ამ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.07.2016წ. განჩინებით - სს „გ.მ.ი N..-ისა" და ო.ფ–ას სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. აპელანტებმა აღნიშნული განჩინება გაასაჩივრეს საკასაციო წესით.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 08.12.2016წ. განჩინებით - ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ სს „გ.მ.ი N..-ის" წარმომადგენლის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. სს „გ.მ.ი N..-ის" საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად (ტ.7, ს.ფ.296-300).

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.09.2017წ. განჩინებით ა.ჯ–კია (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "განმცხადებელი"), მ.ფ–ია და დ.ფ–ია ცნობილ იქნენ კასატორის - ო.ფ–ას უფლებამონაცვლეებად (ტ.7, ს.ფ.333-336).

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.12.2020წ. განჩინებით - საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისთვის საქმის გადაცემის თაობაზე განმცხადებელ მ.ფ–იასა და დ.ფ–იას შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა; განმცხადებელ მ.ფ–იასა და დ.ფ–იას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 ივლისის განჩინება (ტ.7, ს.ფ.398-399).

7. 23.07.2021წ. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მომართა განმცხადებელმა საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით (ტ.7, ს.ფ.466,467). საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.07.2021წ. განჩინებით განცხადებას დაუდგინდა ხარვეზი (ტ.7,ს.ფ.475-479). განმცხადებელმა სასამართლოს მომართა ხარვეზის შევსების მიზნით დაზუსტებული განცხადებით (ტ.7, ს.ფ.484-487).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა განცხადების შინაარსის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგი გარემოებების გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 425-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც LII თავშია დადგენილი.

9. ამავე კოდექსის 429-ე მუხლის მიხედვით, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მხარის მიერ საქმის- წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის შემდეგ სასამართლომ უნდა იმსჯელოს, შეიცავს თუ არა წარმოდგენილი განცხადება კანონით დადგენილ აუცილებელ მონაცემებს და არსებობს თუ არა მისი დასაშვებად ცნობის წინაპირობები. კანონით დადგენილ მოთხოვნებთან განცხადების შეუსაბამობა მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.

10. საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანისას განსჯადი სასამართლოს განსაზღვრა დამოკიდებულია აღნიშნული განცხადებით წარდგენილ მოთხოვნასა და მის საფუძვლებზე (სუსგ №ას-1273-2019, 30 ოქტომბერი, 2019 წ.).

11. განმცხადებლის მიერ საქმის წარმოების განახლების საფუძვლად ისეთ გარემოებაზე მითითებისას, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს კონკრეტულ დავაზე არსებითად მიღებულ გადაწყვეტილებას, მხარემ განცხადება უნდა შეიტანოს სწორედ იმ სასამართლოში, რომლის მიერაც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით საქმე არსებითად გადაწყდა, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა მისი უცვლელად დატოვების შესახებ ზემდგომი სასამართლოს განჩინება (სუსგ №ას-1273-2019, 30 ოქტომბერი, 2019 წ.; №ას-628-600-2016, 2 სექტემბერი, 2016წ.). სსსკ-ის 424-ე მუხლის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება. თუ განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ეხება ერთსა და იმავე საქმეზე რამდენიმე სასამართლო ინსტანციის გადაწყვეტილებას (განჩინებას), მაშინ იგი შეტანილ უნდა იქნეს მათ შორის ყველაზე ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში. შესაბამისად, ასეთ დროს განცხადება შეიტანება სასამართლო გადაწყვეტილების და არა განჩინების მიმღებ სასამართლო ინსტანციაში, ვინაიდან საქმის არსებითად გადაწყვეტისას და მხარის სასარჩელო განცხადების მიმართ სამართლებრივი შედეგის დადგენისას სასამართლოს დასკვნები ჩამოყალიბდება სწორედ გადაწყვეტილების სახით (სუსგ-ები №ას-907-847-2017, 9 თებერვალი, 2018წ.; №ას-428-411-2016, 15 მაისი, 2017წ.). ამდენად, ზემდგომი სასამართლო განცხადების განხილვაზე უფლებამოსილია, მხოლოდ მაშინ, როდესაც მან თავისივე გადაწყვეტილებით (განჩინებით) შეცვალა გასაჩივრებული გადაწყვეტილება (განჩინება) და სწორედ ზემდგომი სასამართლოს ახალი გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში. შესაბამისად, ისეთ გარემოებასთან მიმართებით, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს კონკრეტულ დავაზე არსებითად მიღებულ გადაწყვეტილებას, განცხადება შეტანილი უნდა იქნეს იმ სასამართლოში, რომლის მიერაც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით საქმე არსებითად გადაწყდა და არა ზემდგომ სასამართლოში, რომელმაც ეს გადაწყვეტილება (ან განჩინება მისი ძალაში დატოვების თაობაზე) უცვლელად დატოვა.

12. ასევე შესაძლებელია, პრეტენზია მიმართული იყოს რომელიმე ინსტანციის სასამართლოს მიმართ საქმის განხილვაში კონკრეტული მოსამართლის მონაწილეობაზე (სუსგ №ას-1253-2020, 1 თებერვალი,2021წ.). მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელი წარმოების განახლების მოთხოვნას ძირითადად აფუძნებს შემდეგზე: მისთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 29.12.2020წ. განჩინების მიმღები მოსამართლე პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე) 31.12.2020 წლიდან განწესდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლის თანამდებობაზე და 29.12.2020წ. განჩინების სარეზოლუციო ნაწილის ჩამოყალიბების შემდგომ მას საქართველოს უზენაეს სასამართლოში აღარ ჰქონდა უფლება, ხელი მოეწერა რაიმე დოკუმენტისათვის, არამცთუ დასაბუთებული გადაწყვეტილებისათვის, თუნდაც მის მიერ განხილულ საქმეზე. განმცხადებელი მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად უთითებს სსსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტს: კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში (ტ.7, ს.ფ.466-467; 484-487).

13. განსახილველი ნორმის სიტყვასიტყვითი განმარტებიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ მოსამართლეს, რომელმაც საქმის განხილვაში მიიღო მონაწილეობა, ეს კანონით ეკრძალებოდა. ამგვარი აკრძალვები დადგენილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 29-ე-31-ე მუხლებში (სუსგ №ას-1253-2020, 1 თებერვალი, 2021წ; №ას-342-2019, 25 აპრილი, 2019წ), რომლებიც განსაზღვრავს მოსამართლის აცილების საფუძვლებს. წინამდებარე საქმეში ასეთი საფუძველი არ არსებობს და ასეთზე არც განმცხადებელი უთითებს. რაც შეეხება მითითებულ გარემოებას, სარეზოლუციო ნაწილის ხელმოწერის შემდეგ მოსამართლის სხვა სასამართლოში განწესება, არ შეიძლება, შეფასდეს არც სსსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შინაარსის შესაბამის, არც სსსკ-ის 422-ე და 423-ე მუხლებით გათვალისწინებული საქმის წარმოების განახლების სხვა რომელიმე წინაპირობად. მოსამართლე პაატა ქათამაძე არის საკასაციო საჩივრის განმხილველი, განჩინების მიმღები და სარეზოლუციო ნაწილის ხელმომწერი მოსამართლე, შესაბამისად, დასაბუთებულ განჩინებასაც თავად აწერს ხელს.

14. სსსკ-ის 421-ე მუხლის პირველი ნაწილით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. აღნიშნულ დათქმაში კანონმდებელი გულისხმობს, რომ საქმის წარმოების განახლება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს არ წარმოადგენს, არამედ დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას (სუსგ № ას-1455-2019, 15 ნოემბერი, 2019წ.). წარმოდგენილი განცხადება არ შეიცავს ასეთ წინაპირობაზე მითითებას, შესაბამისად, საკასაციო პალატა აღარ ამოწმებს დასაშვებობის სხვა წინაპირობების არსებობა-არარსებობას.

15. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება უნდა განიმარტოს კონვენციის პრეამბულის კონტექსტით, რომლის თანახმადაც, კანონის უზენაესობა უნდა წარმოადგენდეს მაღალ ხელშემკვრელ მხარეთა საერთო მემკვიდრეობას. კანონის უზენაესობის ერთ-ერთი ფუნდამენტური ასპექტი არის სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპი, რომლის თანახმად, სასამართლო თუ გადაწყვეტს საკითხს, მისი განჩინება არ უნდა დადგეს ეჭვქვეშ (იხ. Brumărescu v. Romania [GC], no. 28342/95, § 61, ECHR 1999-VII). ეს პრინციპი ნიშნავს, რომ არცერთ მხარეს არ უნდა ჰქონდეს საბოლოო და ძალაში შესული გადაწყვეტილების გადახედვის მოთხოვნის უფლება მხოლოდ იმიტომ, რომ მიაღწიოს საქმის ხელახლა მოსმენასა და ახალ გადაწყვეტილებას. უმაღლესი ინსტანციის სასამართლოების მიერ საქმის გადახედვა არ უნდა იქცეს შენიღბულ აპელაციად და საკითხზე ორი შეხედულების არსებობა არ წარმოადგენს საქმის გადასინჯვის საფუძველს. ამ პრინციპიდან გადახვევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის აუცილებლობა გამოწვეულია არსებითი და გარდაუვალი ხასიათის გარემოებების წარმოშობით (იხ. Ryabykh v. Russia, no. 52854/99, § 52, ECHR 2003-IX) (სუსგ № ას-342-2019, 25 აპრილი, 2019წ.).

16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ განცხადება არ აკმაყოფილებს საქმის წარმოების განახლებისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, რაც მისი დაუშვებლად მიჩნევის წინაპირობაა. ამ საფუძვლით განმცხადებელს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სრულად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 429-ე, 284-285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.12.2020წ. განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე ა.ჯ–კიას განცხადება დარჩეს განუხილველად;

2. ა.ჯ–კიას (პ/ნ: 0.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი (საგადასახადო დავალება #0, გადახდის თარიღი 12.08.2021წ.) შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე