Facebook Twitter

№ას-307-2021 30 ივნისი, 2021 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ზ. (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ფ. ს- ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციის გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ზ–ს (შემდეგში - მოპასუხე, პირველი აპელანტი, ნიშნის მფლობელი) საქართველოში დაცული აქვს შემდეგი სასაქონლო ნიშნები, რომლებიც შეიცავს სიტყვიერ აღნიშვნას S- ს. ეროვნული პროცედურით დარეგისტრირებული სასაქონლო ნიშნები სარეგისტრაციო ნომრებით: - 9351 (რეგ. თარიღი 19.05.1998 წ.) - 10929 (რეგ. თარიღი 23.09.1998 წ.) - 10930 (რეგ. თარიღი 23.09.1998 წ.) - 10/31 (რეგ. თარიღი 23.09.1998 წ.) - 10932 (რეგ. თარიღი 23.09.1998 წ.) – 10933 (რეგ. თარიღი 23.09.1998 წ.) - 18430 (რეგ. თარიღი 16.05.2008 წ.) - 18431 (რეგ. თარიღი 16.05.2008 წ.) - 18432 (რეგ. თარიღი 16.05.2008 წ.) - 18433 (რეგ. თარიღი 16.05.2008 წ.) – 18434 (რეგ. თარიღი 16.05.2008 წ.) - 18435 (რეგ. თარიღი 16.05.2008 წ.) - 19946 (რეგ. თარიღი 18.11.2009 წ.) - 19947 (რეგ. თარიღი 18.11.2009 წ.) - 25752 (რეგ. თარიღი 26.03.2015 წ.) – 30288 (რეგ. თარიღი 19.10.2018 წ.); ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ მადრიდის შეთანხმების ოქმის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე დაცული სასაქონლო ნიშნები საერთაშორისო სარეგისტრაციო ნომრებით: - 735580 G (საერთაშორისო რეგ. თარიღი 27.04.2000 წ.) - 735668 F (საერთაშორისო რეგ. თარიღი 28.04.2000 წ.) - 788522 I (საერთაშორისო რეგ. თარიღი 07.08.2002 წ.) - 788948 K (საერთაშორისო რეგ. თარიღი 07.08.2002 წ.) - 789448 I (საერთაშორისო რეგ. თარიღი 02.08.2002 წ.) - 1046433 B (საერთაშორისო რეგ. თარიღი 28.06.2010 წ.) - 1109469 A (საერთაშორისო რეგ. თარიღი12.01.2012 წ.) - 1136005 B (საერთაშორისო რეგ. თარიღი 19.09.2012 წ.).

2. ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ მადრიდის შეთანხმების ოქმის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე მოპასუხეს დაცული აქვს სასაქონლო ნიშანი - S---- საერთაშორისო სარეგისტრაციო ნომრით 739600 G (საერთაშორისო რეგ. თარიღი 29.06.2000 წ).

3. არაყი S. მოპასუხის ნებართვით იწარმოება ლატვიაში, რაზეც მიუთითებს მოსარჩელის მიერ ქ.თბილისში, ….., მაღაზია ,,ჰ-ში’’ შეძენილი არყის ბოთლის კონტრეტიკეტზე დატანილი ინფორმაცია.

4. მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული სასაქონლო ნიშანი შეიცავს აღნიშვნას S. და წარწერას ,,established 1938” ან ,,est 1938“, ქართულად „დაარსებულია 1938 წელს“.

5. ბრენდი S-ს წარმომავლობის კვლევის 2018 წლის 3 მაისის ანგარიშის თანახმად, სახელწოდება S-ს წარმომავლობას საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა რუსეთთან აკავშირებს, 72% აცხადებს (70% ასახელებს მხოლოდ რუსეთს, ხოლო 2 % - რუსეთთან ერთად სხვა ქვეყნებსაც, რაც ჯამურად არის 72%), რომ ეს სახელწოდება რუსეთთან ასოცირდება. 21%-ი ვერ ასახელებს ვერცერთ ქვეყანას. რუსეთის შემდეგ ასოცირების ყველაზე მაღალი, 5%-იანი მაჩვენებელი აქვს უკრაინას. S, როგორც არყის ბრენდი, რუსული წარმომავლობის არის საქართველოს მოსახლეობის 67%-ის აზრით (65% ასახელებს მხოლოდ რუსეთს, ხოლო 2 % - რუსეთთან ერთად სხვა ქვეყნებსაც, რაც ჯამურად არის 67%), 25%-მა ბრენდის წარმომავლობის ქვეყნის შესახებ არ იცის/არ აქვს მოსაზრება, რუსეთის შემდეგ ცნობადობის ყველაზე მაღალი, 7%-იანი მაჩვენებელი აქვს უკრაინას. არაყი S-ს“ მომხმარებლის 71%-ის აზრით (69% ასახელებს მხოლოდ რუსეთს, ხოლო 2 % - რუსეთთან ერთად სხვა ქვეყნებსაც, რაც ჯამურად არის 71%) ბრენდი რუსული წარმოშობისაა, რაც 5%-ით აღემატება ჯამურ 67%-იან მაჩვენებელს.

6. წარმომავლობის კვლევის კიდევ ერთი მიდგომა გულისხმობდა რესპონდენტებისთვის S- ს სასაქონლო ნიშნის ფოტოს ჩვენებას (ბოთლის ფოტო) და ბრენდისა და პროდუქტის წარმომავლობის შესახებ შესაბამისი კითხვების დასმას. როგორც კვლევამ აჩვენა, ბრენდი S. რუსულია საქართველოს მოსახლეობის 43%-სათვის, 45.5%-მა არ იცის, თუ სადაური ბრენდია S.

7. ქართულ-ევროპული მარკეტინგული ასოციაციის 2019 წლის S-ს და ამავე სახელწოდების არყის ბრენდის კუთვნილებითი პოზიციონირების სოციოლოგიური კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სახელწოდებას S. კონკრეტიკის გარეშე აკავშირებს ზოგადად ქვეყნების დედაქალაქთან/ქალაქთან, ხოლო კონკრეტული ბრენდის (არაყი S.) მთავარ ასოციაციურ და ემოციურ დატვირთვად მიიჩნევს ასევე ქალაქს და ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების დედაქალაქებს, კერძოდ, ვლინდება მილევადი კავშირი არყის ბრენდ S- ს და რომელიმე კონკრეტულ ქალაქს შორის, რაც სრულებით ბუნებრივია, რადგან 21-ე საუკუნეში გლობალიზაციის პირობებში მრავალი ბრენდი მოწყდა თავის რომელიმე რეგიონს და იგი ცხოვრების ფორმის აღმნიშვნელად მოგვევლინა, შესაბამისად, არაყი S. არის დედაქალაქური/ქალაქური ცხოვრებისა და გართობის სახე, რომლის არქეტიპი გახლავთ დედაქალაქური ცხოვრებას და მასთან დაკავშირებული მხიარულება ყოველგვარი კონკრეტული ქალაქისა და დედაქალაქის მინიშნების გარეშე.

8. მოსარჩელის მოთხოვნა:

8.1. ფ-ო ს-მა (შემდეგში - მოსარჩელე, მეორე აპელანტი) სასამართლოს მიმართა სარჩელით, რომლითაც წინამდებარე განჩინების პირველ და მეორე პუნქტებში მითითებული სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციის გაუქმება მოითხოვა.

8.1.1. მოსარჩელის მტკიცებით, მოპასუხე იმგვარად იყენებდა სადავო სასაქონლო ნიშნებს, რომ ქართველ მომხმარებელს ამ ნიშნებით მარკირებული საქონლის გეოგრაფიული წარმოშობის შესახებ მცდარ წარმოდგენას უქმნიდა. მოსარჩელემ განმარტა, რომ მოპასუხის ნებართვით არაყი S. იწარმოებოდა ლატვიაში, თუმცა მოპასუხე ლატვიაში წარმოებული არყის ბოთლის ეტიკეტზე არაკეთილსინდისიერად უთითებდა აღნიშვნას - S. და " ESTABLISHED 1938", ასევე, იმავე ტექსტის შემოკლებული ვერსიას - "EST 1938", რაც ქართულად ნიშნავს "დაარსებულია 1938 წელს", მაშინ, როდესაც 1938 წელს არაყ S- ს წარმოება დაიწყო და მრავალი ათწლეულის განმავლობაში გრძელდებოდა რუსეთში, რასთანაც მოპასუხეს რაიმე კავშირი არ ჰქონდა, რადგან მოპასუხის მიერ წარმოებული ლატვიური არყის S-ს ისტორია 2003 წელს და არა 1938 წელს დაიწყო. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის დასასაბუთებლად სასამართლოში კომპანია „ე-ს“ 2018 წლის 3 მაისის S-ს ბრენდის წარმომავლობის კვლევის ანგარიში წარადგინა და მიუთითა, რომ სარჩელში აღწერილი გარემოებები "სასაქონლო ნიშნების შესახებ" საქართველოს კანონის (შემდეგში - სპეციალური კანონის) 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესატყვისად, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველს წარმოადგენდა.

9. მოპასუხის პოზიცია:

9.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლის წარდგენით უარყო სარჩელის საფუძვლიანობა.

9.2. მოპასუხის მტკიცებით, ის წარმოადგენდა სადავო სასაქონლო ნიშნების S-----------ს კანონიერ მესაკუთრეს და, აქედან გამომდინარე, სრული უფლება ჰქონდა, არაყი ეწარმოებინა ლატვიაში.

9.3. მოპასუხის განმარტებით, სასაქონლო ნიშანი - S.არ შეიცავდა კონკრეტულ გეოგრაფიულ ადგილზე მითითებას. შესაბამისად, არ არსებობდა სპეციალური კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის გამოყენებისა და მის საფუძველზე სასაქონლო ნიშნის S.- გაუქმების წინაპირობები. მოპასუხემ ასევე აღნიშნა, რომ S- ს რუსეთზე მითითებად ჩათვლის შემთხვევაშიც გამოირიცხებოდა მოხმობილი საფუძვლით სადავო სასაქონლო ნიშნის გაუქმება, ვინაიდან არაყი S.იწარმოებოდა რუსეთში შექმნილი ტექნოლოგიითა და სპირტით, ანუ იკვეთებოდა რუსეთთან საქონლის - არაყ S-ს კავშირი (რომლის მესაკუთრეა მოპასუხე), შესაბამისად, შესაძლებელი იყო არაყი ჩამოსხმულიყო ნებისმიერ ადგილზე, მათ შორის - ლატვიაში.

9.4. რაც შეეხება სასაქონლო ნიშან S-ს გაუქმებას, მოპასუხის განმარტებით, სასაქონლო ნიშნის აღრევამდე მსგავსი ნიშნის გაუქმების მოთხოვნის უფლება მხოლოდ სასაქონლო ნიშნის მესაკუთრეს ჰქონდა, მოსარჩელემ კი, სარჩელი აღძრა - როგორც მესამე პირმა. გარდა ამისა, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება (დასკვნა, კვლევა) რომელიც დაადასტურებდა, რომ მომხმარებელი სასაქონლო ნიშანს - S-ს აიგივებდა S-სთან.

10. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

10.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სასამართლომ გააუქმა მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული სადავო სასაქონლო ნიშნები, რომელიც შეიცავდა სიტყვიერ აღნიშვნას S.(იხ. წინამდებარე განჩინების პირველი პუნქტი) . მოსარჩელეს უარი ეთქვა საქართველოში დაცული საერთაშორისო სასაქონლო ნიშნის - S-----ის გაუქმებაზე - სარეგისტრაციო ნომრით 739600 G.

11. მხარეთა სააპელაციო საჩივრები:

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. მოსარჩელემ საქმეზე წარდგენილი სააპელაციო საჩივრით გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა იმ ნაწილში, რომლითაც უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. მოპასუხემ კი, სიტყვა - S-ს შემცველ სასაქონლო ნიშნებზე რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მოითხოვა.

12. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და სამართლებრივი შეფასებები:

12.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 იანვრის განჩინებით, არცერთი აპელანტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა: უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

12.2. სააპელაციო სასამართლომ სადავო სასაქონლო ნიშნით ნიშანდებული საქონლის გეოგრაფიული წარმომავლობის დეფინიციური მნიშვნელობის განსაზღვრის მიზნით, საერთაშორისო სამართლებრივი აქტებისა (სამრეწველოს საკუთრების დაცვის პარიზის კონვენცია, TRIPS შეთანხმება, ლისაბონის შეთანხმება ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვისა და მათი საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ (მოხმობილი აქტები რატიფიცირებულია საქართველოს ტერიტორიაზე) და ეროვნული კანონმდებლობის („სასაქონლო ნიშნების შესახებ“, „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ“ საქართველოს კანონებისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექის 1103-ე მუხლის) ერთობლიობაში გაანალიზებას დაეყრდნო.

12.3. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ,,წარმოშობის გეოგრაფიული აღნიშვნის“ მნიშვნელობას „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ კანონი განმარტავდა, რომელიც საქონლის წარმოშობის გეოგრაფიულ აღნიშვნაში მოიაზრებდა სახელს ან სხვა რაიმე სიმბოლოს, რომელიც მიუთითებს გეოგრაფიულ ადგილზე და გამოყენებულია იმ საქონლის მოსანიშნად, რომელიც ამ გეოგრაფიულ ადგილად არის წარმოშობილი ან, რომლის სპეციფიკური ხარისხი, რეპუტაცია, ან სხვა მახასიათებელი დაკავშირებულია ამ გეოგრაფიულ ადგილთან, ან რომლის წარმოშობა ან ნედლეულის დამზადება, ან დამუშავება ხდება ამ გეოგრაფიული ადგილის საზღვრებში.

12.4. სააპელაციო პალატის შეფასებით, მოპასუხის მიერ ლატვიაში ჩამოსხმული არყის სასაქონლო ნიშანზე სიტყვა S-სთან ერთად ტექსტის - ESTABLISHED 1938, ან/და EST 1938 (რაც ქართულად ნიშნავს ,,დაარსებულია 1938 წელს) მითითებამ, შპს ,,ე-ს“ მიერ 2018 წლის 3 მაისს შედგენილი ბრენდის S-ს წარმომავლობის კვლევის ანგარიშში არსებულ მონაცემებთან ერთად შეუქმნა რწმენა, რომ სადავო სასაქონლო ნიშნის S-ს გამოყენება ქართველ მომხმარებელს მცდარ წარმოდგენას უქმნიდა საქონლის გეოგრაფიული წარმოშობის შესახებ.

12.5. სააპელაციო პალატამ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება იმის თაობაზე, რომ ქართველ მომხმარებელთა უმრავლესობამ არ უწყოდა რაიმე კავშირის შესახებ ლატვიასა და არაყ S-ს შორის. პალატის დასკვნით, შპს ,,ე-ს“ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები მიუთითებდა საქონლის წარმოშობის წყაროზე, კერძოდ, დასახელება S.არ იყო რაიმე გეოგრაფიული სახელწოდება, მაგრამ ამ სახელით ქართველი მომხმარებელი მხოლოდ რუსულ არაყს იცნობდა.

13. საკასაციო მოთხოვნა და მისი საფუძვლები:

13.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

13.2. საკასაციო პრეტენზია შემდეგ გარემოებებს ეფუძნება:

13.2.1 კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, არასწორად არის ინტერპრეტირებული სპეციალური კანონის 27-ე მუხლის მეორე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი; სასამართლოს სასაქონლო ნიშნის შეფასებისას ყურადღება უნდა გაემახვილებინა 3 ძირითად საკითხზე: 1) შეიცავს თუ არა სასაქონლო ნიშანი კონკრეტულ გეოგრაფიულ ადგილზე მითითებას; 2) არსებობს თუ არა კავშირი საქონელსა და სასაქონლო ნიშანზე მითითებულ გეოგრაფიულ ადგილს შორის; 3) მწარმოებელი საქონელს სად ამზადებს. სასამართლოს მიერ არასწორად არის განმარტებული დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ორი ცნება - „სასაქონლო ნიშნის გეოგრაფიული წარმომავლობა“ და „იმ საქონლის გეოგრაფიული წარმომავლობა“, რაც მარკირებულია სასაქონლო ნიშნით. კასატორის მტკიცებით, სასაქონლო ნიშნის გეოგრაფიული წარმომავლობის განსხვავება შესაბამისი სასაქონლო ნიშნით მონიშნული საქონლის დამზადების ადგილისგან დღესდღეობით ჩვეულებრივ მოვლენად მიიჩნევა, რის დასასაბუთებლადაც კასატორი მოიხმობს ბრენდებს: „ჰ-ი“, „ჰ-ი“, „კ-ა“ და ა.შ. კასატორის განსჯით, არყის წარმოება არ არის დაკავშირებული რომელიმე გეოგრაფიული ადგილის ბუნებრივ, ადამიანურ ან სხვა რესურსთან, რის გამოც არყის დამზადების ადგილთან დაკავშირებით მჯელობის სამართლებრივი საჭიროება არ იკვეთება.

13.2.2. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ განჩინების გამოტანისას იხელმძღვანელა „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ ნორმებით, რომელიც ეხება ისეთი ცნებების განსაზღვრას, როგორიცაა - „გეოგრაფიული აღნიშვნა“ და „ადგილწარმოშობა“.კასატორის მტკიცებით, არცერთი სასაქონლო ნიშანი არ შეიცავს არც გეოგრაფიულ აღნიშვნას და არც საქონლის ადგილწარმოშობაზე მითითებას. სასამართლომ კი, სასაქონლო ნიშნის შეცდომაში შემყვანი ხასიათის არსებობა დაასაბუთა სწორედ ამ ცნებათა განხილვის შედეგად. კასატორის განმარტებით, S. ქართულად ნიშნავს, „დედაქალაქურს“, შესაბამისად იგი, რუსეთზე - როგორც გეოგრაფიულ ადგილზე მინიშნებას არ გულისხმობს. S, როგორც უცხოური წარმოშობის სიტყვა, ასევე არ წარმოადგენს გეოგრაფიულ ადგილზე არაპირდაპირ მითითებას. კასატორის მოსაზრებით, სიტყვა (უცხოური თუ ქართული) კონკრეტულ გეოგრაფიულ ადგილზე (ქვეყანაზე, ქალაქზე) მითითებად მიიჩნევა მხოლოდ იმ გამონაკლის შემთხვევაში, თუ ეს სიტყვა განუყოფელად, თავისი არსით, დანიშნულებითა და მნიშვნელობით არის დაკავშირებული და ფაქტობრივად გაიგივებული კონკრეტულ გეოგრაფიულ ადგილთან, მის კულტურასა ან ტრადიციასთან, რასაც განსახილველ შემთხვევაში, ადგილი არ აქვს. სიტყვა S.არის ზოგადი მნიშვნელობის და არ შეიცავს განსაკუთრებულ კუთვნილებას რომელიმე ქვეყნის მიმართ. რუსეთთან ასოციაციის აღქმას არ იწვევს არც წარწერა, ვინაიდან სასაქონლო ნიშანზე სიტყვა S.დატანილია არა რუსული, არამედ ლათინური ასოებით.

13.2.3. კასატორის განმარტებით, სასამართლომ გააუქმა ისეთი სასაქონლო ნიშნებიც, რომლებიც არ გამოიყენება, მაშინ, როდესაც, სარჩელი დაფუძნებული იყო იმ გარემოებაზე, რომ სადავო სასაქონლო ნიშნის გამოყენება მცდარ წარმოდგენას უქმნიდა მომხმარებელს. კასატორის მოსაზრებით, ის სასაქონლო ნიშნები, რომლებიც რეგისტრირებულია, თუმცა არ იყენებენ, თეორიულად შეუძლებელია მომხმარებელს საქონლის გეოგრაფიული წარმომავლობის თაობაზე მცდარ წარმოდგენას უქმნიდეს.

13.2.4. კასატორი არ ეთანხმება საქმეზე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი კვლევის შედეგებს და განმარტავს, რომ კვლევის ავტორებმა ჯერ დაიწყეს სახელწოდების წარმომავლობის კვლევა, შემდეგ კი, გადავიდნენ ბრენდის ცნობადობის კვლევაზე, რაც ცალსახად მიუთითებდა კვლევის მიკერძოებულ ხასიათზე. მკვლევარებმა სიტყვა S-ს წარმომავლობის თაობაზე დასმული კითხვებით მიმართულება მისცეს გამოკითხულ მოსახლეობას, რომ ბრენდიც რუსული იქნებოდა, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც გამოკითხული 1206 რესპოდენტიდან, მხოლოდ 200 იყო არყის მომხმარებელი.

13.2.5. კასატორის მტკიცებით, სასაქონლო ნიშანი S.ვერ იქნება შეცდომაში შემყვანი, რადგან, გარდა რუსული სიტყვის არსებობისა, სხვა რაიმე დამაკავშირებელი ნიშანი რუსეთთან არ არსებობს. რაც შეეხება მოსარჩელის აპელირებას აღნიშვნაზე - „დაარსებულია 1938 წელს“, მოსარჩელე არ ასაბუთებს, რატომ მიიჩნევა, რუსეთთან და არა რომელიმე სხვა ქვეყანასთან დამაკავშირებლად ეს კონკრეტული წარწერა. კასატორის მითითებით, მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მომხმარებელი სწორედ ამ მინიშნებას უკავშირებს სასაქონლო ნიშნის რუსულ წარმომავლობას.

13.2.6. კასატორის მტკიცებით, მას სადავო სასაქონლო ნიშნით მონიშნული არყის ბრენდი საქართველოში შემოაქვს 2011 წლიდან და მის ეტიკეტზე დატანილია ინფორმაცია, რომ საქონელი დამზადებულია ლატვიაში, შესაბამისად, კომპანია ყოველთვის უზრუნველყოფდა წარმოების ქვეყნის შესახებ მომხმარებლის ინფორმირებას და საქმეში დაცული არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ კასატორი კომპანიის განზრახვა იყო მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა. კასატორის განმარტებით, სასამართლოს დავის გადაწყვეტის დროს არ შეუფასებია თუ რატომ არ მიიჩნია საკმარისად საქონლის წარმოშობის ადგილის თაობაზე ეტიკეტზე დატანილი აღნიშვნა.

13.2.7. კასატორის განმარტებით, საქართველოში იმპორტირებული არაყი S.მზადდება რუსეთში შექმნილი ტექნოლოგიით და რუსეთში შეძენილი სპირტით. ამ გარემოებაზე დაყრდნობით, კასატორი მიიჩნევს, რომ სასაქონლო ნიშანი - S.კიდეც რომ შეიცავდეს მითითებას რუსეთზე, ეს გამართლებულია, რადგან არყის კავშირი რუსეთთან გამოიხატება არყის დამზადებისას რუსული ნედლეულის გამოყენებით.

13.2.8. კასატორის განმარტებით, სადავო სასაქონლო ნიშნები არის კომბინირებული სასაქონლო ნიშნები, რომლებიც შედგება როგორც სიტყვიერი, ისე - გამოსახულებითი ნაწილებისგან. სასაქონლო ნიშნები სიტყვა S-ს გარდა შეიცავს მრავალ სხვა სიტყვას, სიტყვათა წყობას, სიმბოლოებს, ნახატებს, ფერთა გამას, დიზაინის ელემენტებს და ა.შ. კასატორის მოსაზრებით, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო მიიჩნევდა, რომ სიტყვა S-ს შეცდომაში შეყავდა მომხმარებელი, მხოლოდ ეს სიტყვა უნდა მიეჩნია სასაქონლო ნიშნის დაუცველ ნაწილად, ისე რომ არ გაეუქმებინა სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია. გარდა ამისა, კასატორი ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ სადავო სასაქონლო ნიშნები რეგისტრირებულია არამარტო ალკოჰოლური სასმლის 33-ე კლასში, არამედ სხვა კლასებშიც (32-ე კლასი), შესაბამისად, სასამართლოს სარჩელის საფუძვლიანად მიჩნევის შემთხვევაში სასაქონლო ნიშნები უნდა გაეუქმებინა მხოლოდ არყის კლასთან მიმართებით, ვინაიდან 32-ე კლასს, რომელშიც რეგისტრირებულია სადავო სასაქონლო ნიშანთა ნაწილი, მიეკუთვნება ლუდი, უალკოჰოლო სასმელები, მინერალური და გაზიანი წყალი, ხილის სასმელები და წვენები, სიროფები და სასმელების დასამზადებელი სხვა შემადგენლობები.

14. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:

14.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 აპრილის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო, ამავე პალატის 2021 წლის 2 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ'' ქვეპუნქტის საფუძველზე დასაშვებად იქნა ცნობილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მტკიცებულებათა ერთობლივად გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის არსებითად განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

15. სსსკ-ის 410-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა ან გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

16. განსახილველ შემთხვევაში, დავა შეეხება სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციის გაუქმებას. საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ სასაქონლო ნიშნის S-ის რეგისტრაციის გაუქმებაზე უარის თქმის პროცესუალური შედეგი საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე შედავებული არ არის და, შესაბამისად, ამ ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატის განსჯის საგანია სასაქონლო ნიშან S-ს რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე სარჩელის საფუძვლიანობა და ამ ნაწილში ქვემდგომი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების (განჩინების) კანონიერება.

17. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ'' საქართველოს კანონის (შემდეგში სპეციალური კანონის) 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის (სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას აუქმებს სასამართლო მესამე პირის მოთხოვნით, თუ: სასაქონლო ნიშნის მფლობელის მიერ ან მისი თანხმობით სასაქონლო ნიშნის გამოყენება მომხმარებელს მცდარ წარმოდგენას უქმნის საქონლის სახეობის, თვისების, ხარისხის, ღირებულების ან გეოგრაფიული წარმოშობის ან სხვა მახასიათებლების შესახებ) დანაწესიდან გამომდინარეობს.

18. უშუალოდ საკასაციო სასამართლოს წინაშე დასმული სადავო საკითხის შეფასებამდე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის სამართლებრივი შედეგს არ წარმოადგენს სამართალურთიერთობის ორ სუბიექტს შორის სასაქონლო ნიშნის კანონიერი მესაკუთრის გამოვლენა. აქედან გამომდინარე, მხარეთა ურთიერთსაპირისპირო მტკიცებას - სასაქონლო ნიშანზე ლეგიტიმური უფლების არსებობის დასასაბუთებლად, შესაბამისი მტკიცებულებითურთ, დავის გადაწყვეტისას რაიმე სახის სამართლებრივი მნიშვნელობა ვერ მიენიჭება და მხარეთა საპროცესო აქტიურობა ამ მიმართულებით საკასაციო პალატის მიერ განხილულია მოსამართლის შინაგან რწმენაზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობად. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დავის გადაწყვეტა ემსახურება მომხმარებლის უფლების დაცვას და, შესაბამისად, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმების კანონისმიერი მართებულობაც ამ ჭრილში შემოწმდება.

მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამართალი (consumer law) მიზნად ისახავს დაიცვას ფიზიკური პირის - „მომხმარებლის“ ავტონომია, რომელიც, შემოსავლის მიღების ინტერესის გარეშე, მონაწილეობს სამოქალაქო ბრუნვაში. ასეთ ეკონომიკურ ურთიერთობებში დაცვის სუბიექტია ე.წ. „სუსტ მხარედ“ აღიარებული მომხმარებელი, რომელიც, შესაბამისი რეგულირების დაწესების გზით, დაცული უნდა იყოს იმ მწარმოებლებისაგან, თუ ბაზრის სხვა მოთამაშეებისაგან, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ სამოქალაქო ბრუნვაში მოგების მიღების მიზნით. დაცვაში კი იგულისხმება მომხმარებლის კანონით გარანტირებული უფლებების საკანონმდებლო რეგულირება და ცხოვრებაში გატარების უზრუნველყოფა (მოხმარებელთა უფლებების დაცვის სამართალი (ევროპულ სამარტალთან ჰარმონიზაციის გზა), თამარ ლაკერბაია, გვ.36; https://law.ibsu.edu.ge/api/uploads/Consumer-Law.pdf ).

19. სპეციალური კანონის 27.2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი სწორედ მომხმარებლის უფლების დაცვის საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგების ერთ-ერთ შემთხვევას წარმოადგენს, ხოლო ამ ნორმით დაცული სიკეთის ხელყოფაზე რეაგირება სასამართლოს ევალება. მოხმობილი ნორმის დანაწესის გაანალიზება ქმნის დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ ნორმა, ერთი მხრივ, იმპერატიული ხასიათისაა და სამართლებრივი შედეგის სახით პირდაპირ განსაზღვრავს შეცდომაში შემყვანი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმებას, ხოლო, მეორე მხრივ, რეგისტრირებული და სავაჭრო ურთიერთობებში დაშვებული შეცდომაში შემყვანი სასაქონლო ნიშნის (მისი გამომყენებლის) მიმართ სანქციის სახით რეგისტრაციის გაუქმების განსაზღვრა ხაზს უსვამს მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართ მკაცრი საკანონმდებლო პოლიტიკის არსებობას.

20. სპეციალური კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, ნორმის შემფარდებელმა ინსტიტუციამ - სასამართლომ უნდა განჭვრიტოს თუ რა მოიაზრება „სასაქონლო ნიშნის გამოყენება მომხმარებელს მცდარ წარმოდგენას უქმნის საქონლის გეოგრაფიული წარმოშობის“ ცნებაში, რასაც საკასაციო პალატა ნორმის ტელეოლოგიური და ლოგიკური განმარტების გზით შეცდება.

21. განსახილველი დავის მთავარ ქვაკუთხედს წარმოადგენს მოპასუხის მიერ სასაქონლო ნიშნის S-ს, (რომლითაც ნიშანდებული საქონელი ჩამოსხმულია ლატვიაში) არსებული სახით გამოყენებას მისი გეოგრაფიული წარმოშობის შესახებ შეცდომაში შეყავს თუ არა მომხმარებელი. ამ საკვანძო საკითხის გამორკვევისთვის განმსაზღვრელია სასაქონლო ნიშან S-ს შეფასება საქონლის გეოგრაფიული წარმოშობის ინდიკაციის კუთხით და კანონის შესაბამისი ნორმით ნაგულისხმევი სიტყვათა შეთანხმების „გეოგრაფიული წარმოშობა“ კონტექსტის კანონმდებლის ნების შესატყვისად გააზრება და ინტერპრეტირება. კერძოდ, უნდა განიმარტოს, არის თუ გეოგრაფიული ადგილის სახელის არსებობა ნიშანში აუცილებელი წინაპირობა, იმისთვის, რომ სასაქონლო ნიშანი ჩაითვალოს შეცდომაში შემყვანად საქონლის გეოგრაფიულ წარმოშობასთან მიმართებით.

21.1.უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია, გაიმიჯნოს თავად გეოგრაფიული აღნიშვნისა და სასაქონლო ნიშნის ცნებები. სასაქონლო ნიშნები საქონლის კომერციულ წარმომავლობაზე მიუთითებენ, ხოლო გეოგრაფიული აღნიშვნები კი - გეოგრაფიულ წარმოშობაზე. გეოგრაფიული აღნიშვნა რეალური ადგილის აღწერილობითი ნიშანია და მისი გამოყენების უფლება იმ საქონლისათვის, რომელიც წარმოშობილია შესაბამისი გეოგრაფიული ადგილიდან, აქვს ყველა მეწარმეს, რომელიც მოცემულ ტერიტორიაზე მოღვაწეობს. რაც შეეხება სასაქონლო ნიშანს, იგი კონკრეტული კონკურენტის საქონელსა და მომსახურებას სხვა კონკურენტების საქონლისა და მომსახურებისაგან განასხვავებს. (გუდვილი, როგორც ინტელექტუალური საკუთრების ობიექტი და მისი ადგილი კონკურენტულ ურთიერთიბებში, 2013წ. გ. გუგეშაშვილი, გვ.203) სასაქონლო ნიშნებს მრავალი ეკონომიკური ფუნქცია გააჩნია, რომელთა შორის ერთ-ერთია - წარმოშობის ფუნქცია - ნიშნების დაცვა იმის გამო ხორციელდება, რომ ისინი წარმოადგენენ სავაჭრო წყაროს ინდიკატორს, რომლიდანაც მომდინარეობს საქონელი, მომსახურება ან ისინი სხვამხრივ არიან დაკავშირებულნი;

21.2. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ როდესაც ვსაუბრობთ გეოგრაფიულ აღნიშვნებზე, აქ გარდა გეოგრაფიული დასახელებებისა და გეოგრაფიული ადგილწარმოშობისა, გეოგრაფიულ ტერმინად აღიარებულია ასევე წარმოშობის წყაროც, რომელიც უმეტესწილად პროდუქციაზე ასახულია მინიშნებით, მაგალითად: „დამზადებულია საქართველოში“. „წარმოშობის წყარო“ როგორც გეოგრაფიული ტერმინი უფრო ფართო ცნებაა და თავის თავში მოიცავს როგორც გეოგრაფიულ დასახელებებს, ისე ადგილწარმოშობის ცნებასაც. „წარმოშობის წყარო“ მომხმარებელს უქმნის შთაბეჭდილებას, პროდუქციის წარმომავლობის - გეოგრაფიული არეალის შესახებ (იხ. Model Law for Developing Countries on Marks, Trade Names and Acts of Unfair Competition, WIPO, Geneva, WIPO; https://www.wipo.int/edocs/pubdocs/en/wipo_pub_805.pdf, იხ. ასევე INTRODUCTION TO GEOGRAPHICAL INDICATIONS AND RECENT DEVELOPMENTS IN THE WORLD INTELLECTUAL PROPERTY ORGANIZATION (WIPO) WORLDWIDE SYMPOSIUM ON GEOGRAPHICAL INDICATIONS organized by the World Intellectual Property Organization (WIPO) and the United States Patent and Trademark Office (USPTO) San Francisco, California, July 9 to 11, 2003) https://www.wipo.int/edocs/mdocs/geoind/en/wipo_geo_sfo_03/wipo_geo_sfo_03_1-main1.pdf )

21.3. გეოგრაფიული აღნიშვნებისა და სასაქონლო ნიშნების ცნებების გაანალიზება ცხადყოფს, რომ სასაქონლო ნიშანი თავისი არსით უფრო ფართო ცნებაა. სასაქონლო ნიშანში შესაძლებელია ინტეგრირებული იყოს გეოგრაფიული აღნიშვნა კანონით ნებადართულ შემთხვევებში, ამასთან გეოგრაფიული წარმოშობის მიმანიშნებელი აღნიშვნა პირდაპირი იქნება ეს თუ არაპირდაპირი უშუალოდ გეოგრაფიულ არეალს ან საქონლის ადგილწარმოშობას უნდა უსვამდეს ხაზს.

21.4. აქედან გამომდინარე, ცხადია, სასაქონლო ნიშანი S.არ წარმოადგენს არც გეოგრაფიულ დასახელებას და არც საქონლის ადგილწარმოშობის მინიშნებას. მათ შორის, სადავო სიმბოლო არ განიხილება არც გეოგრაფიული ტერმინის არაპირდაპირ მითითებად. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას და თავადაც აღნიშნავს, რომ ამ დავის გადაწყვეტის მიზნებისათვის არარელევანტურია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მიერ „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ“ საქართველოს კანონის მოხმობა. პალატის განმარტებით, მითითებული კანონის მოწესრიგების სფეროს განეკუთვნება კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე გეოგრაფიული აღნიშვნებისა თუ საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებების მნიშვნელობების, მათი საქპატენტში რეგისტრაციისა და რეგისტრაციის შემდგომი დაცვის წესის განსაზღვრა, რასაც ცხადია სამართლებრივი კავშირი ვერ ექნება იმ გარემოების დადგენასთან, ამა თუ იმ სასაქონლო ნიშნის გამოყენებას საქონლის გეოგრაფიული წარმოშობის თაობაზე შეცდომაში შეყავს თუ არა მომხმარებელი.

22. რაც შეეხება იმ გარემოებას - არის თუ არა აუცილებელი სასაქონლო ნიშანი შეიცავდეს გეოგრაფიულ დასახელებას, იმისათვის რათა სპეციალური კანონით გათვალისწინებული სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმების სამართლებრივი შედეგი დადგეს, საკასაციო პალატა სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმების ამ კრიტერიუმს სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციაზე უარის თქმის აბსოლუტურ საფუძვლებთან ერთობლივად გაანალიზებით, საკანონმდებლო დანაწესის ლოგიკური განმარტების მეთოდის გამოყენებით შეაფასებს. სპეციალური კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშნად არ რეგისტრირდება სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც: დ) აღწერილობითია იმ საქონლის მიმართ, რომლისთვისაც მოითხოვება მისი რეგისტრაცია, შედგება საქონლის მხოლოდ სახეობის, ხარისხის, რაოდენობის, თვისების, ღირებულების, დანიშნულების, გეოგრაფიული წარმოშობის, გასაღების ადგილის, დროის ან საქონლის სხვა მახასიათებლებისაგან ანდა მიჩნეულია ასეთად; ხოლო ამავე პუნქტის „თ“ქვეპუნქტის შესაბამისად სასაქონლო ნიშნად ასევე არ რეგისტრირდება სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც: შესაძლებელს ხდის, მცდარი წარმოდგენა შეუქმნას მომხმარებელს საქონლის თვისების, ხარისხის, გეოგრაფიული წარმოშობის ან საქონლის სხვა მახასიათებლების შესახებ.

22.1. სპეციალური კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული რეგულაცია ცხადყოფს, რომ საქართველოს კანონმდებლობა, სხვა არაერთი ქვეყნის კანონმდებლობის, ევროკავშირის დირექტივებისა და საერთაშორისო ხელშეკრულებებში ასახული მიდგომების მსგავსად, კრძალავს სასაქონლო ნიშნად (და არა გეოგრაფიულ აღნიშვნად) საქონლის გეოგრაფიული წარმოშობის ამსახველი ტერმინის/სიმბოლოს რეგისტრაციას იმ საქონლისათვის, რომელთა მიმართაც ასეთ აღნიშვნას აღწერილობითი ხასიათი აქვს. ამგვარმა მოწესრიგებამ ფაქტობრივად მკაფიოდ დაავიწროვა გეოგრაფიული ტერმინების სასაქონლო ნიშნად რეგისტრაციის შემთხვევები. რაც, თავის მხრივ, გეოგრაფიულ აღნიშვნების გამოყენებაზე ანტიმონოპოლიური წესრიგის გამყარებას ემსახურება.

22.2. ნიშანდობლივია, რომ კანონმდებელი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლად გეოგრაფიული წარმოშობის აღმნიშვნელი, აღწერილობითი სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციის აკრძალვასთან ერთად, რეგისტრაციაზე უარის თქმის სამართლებრივ შედეგს ავრცელებს ისეთ სიმბოლოებზე, რომელთაც შესწევთ უნარი შეცდომაში შეიყვანონ მომხმარებელი საქონლის გეოგრაფიული წარმომავლობის თაობაზე. ერთი ნორმის ფარგლებში ორი ამგვარი დანაწესის ინტეგრირება ნორმის ლოგიკური განმარტების ფარგლებში ქმნის დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ კანონმდებელი ამ უკანასკნელ შემთხვევაში გეოგრაფიული წარმოშობის ცნებაში მოიაზრებს არა გეოგრაფიულ ტერმინს კლასიკური გაგებით, არამედ კონკრეტული გეოგრაფიული არეალიდან საქონლის წარმომავლობის თაობაზე სასაქონლო ნიშნის მომხმარებლისეულ აღქმადობას. საკასაციო პალატის მოსაზრებით, თუკი სასაქონლო ნიშანი პირდაპირ ან არაპირდაპირ მიუთითებს გარკვეულ გეოგრაფიულ ადგილზე და მომხმარებელი ამ გეოგრაფიულ ადგილს უკავშირებს რაიმე პროდუქტის წარმომავლობას, ამ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილობა, როგორც აღწერილობითი სასაქონლო ნიშნის ანულირება მოექცევა არა „თ“, არამედ „დ“ ქვეპუნქტის მოწესრიგების სფეროში, ვინაიდან თუკი კონკრეტული საქონლის ამა თუ იმ გეოგრაფიული არეალიდან წარმომავლობა მოსალოდნელია და ნაგულისხმევია მომხმარებლის მიერ, ცხადია სასაქონლო ნიშნად გეოგრაფიული ადგილის მითითება შეფასდება აღწერილობით და არა შეცდომაში შემყვან სასაქონლო ნიშნად.

22.3. არაერთ საქმეზე განიმარტა, რომ გეოგრაფიული სახელების სასაქონლო ნიშნებად რეგისტრაცია შეუძლებელია, თუ გეოგრაფიული სახელი უკვე ცნობილია ან ცნობილია საქონლის კატეგორიისთვის და შესაბამისად პირთა შესაბამისი კატეგორიისთვის ასოცირდება აღნიშნულ საქონელთან ან მომსახურებასთან ან გონივრულია დავასკვნათ, რომ ტერმინი, შესაბამისი საზოგადოებისთვის, დაკავშირებული იყოს საქონლის ან მომსახურების გეოგრაფიულ წარმოშობასთან (15/01/2015, T-197/13, MONACO, EU:T:2015:16, § 48; 25/10/2005, T-379/03, Cloppenburg, EU:T:2005:373, § 34). რაც შეეხება თავად იმ ფაქტს, გეოგრაფიული ტერმინი არის თუ არა აღწერილობითი მისით ნიშანდებული საქონლის მიმართ, ეს საკითხი ყოველ ცალკეულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს ორსაფეხურიანი ტესტით. შეფასების ტესტის პირველ ეტაპზე უნდა განისაზღვროს - არის თუ არა ცნობილი გეოგრაფიული ტერმინი გონივრული მოლოდინის ფარგლებში ინფორმირებული მომხმარებლისათვის, რომელსაც აქვს საკმარისი ზოგადი განათლება, მაგრამ არ არის გეოგრაფიის სპეციალისტი (15/01/2015, T-197/13, MONACO, EU:T:2015:16, § 51). ტესტის მეორე საფეხური კი, გულისხმობს იმის დადგენას, გეოგრაფიული ტერმინი გამოიყენება თუ არა იმ ადგილის აღმნიშვნელად, რომელიც ამჟამად ხალხისათვის ასოცირდება შესაბამის საქონელთან ან სერვისთან ან გონივრულად შეიძლება მიჩნეული იქნეს, რომ მომავალში ის ასოცირებული იქნება აღნიშნულ საქონელთან ან სერვისთან (04/05/1999, C-108/97 & C-109/97, Chiemsee, EU:C:1999:230, § 31) ან აღნიშნული სახელი ხალხის გონებაში შეიძლება თუ არა აღნიშნავდეს საქონლის ან სერვისის კატეგორიის გეოგრაფიულ წარმოშობას (15/01/2015, T-197/13, MONACO, EU:T:2015:16, § 48, T-379/03, Cloppenburg, EU:T:2005:373, § 34).

22.4. აღსანიშნავია, რომ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის ზემოთ განხილული აბსოლუტური საფუძვლების საწინააღმდეგოდ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას, კანონმდებელი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილობის სამართლებრივ შედეგს უკავშირებს (სპეციალურის კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას ბათილად ცნობს სასამართლო მესამე პირის მოთხოვნით, თუ: სასაქონლო ნიშანი ამ კანონის მე-4 ან მე-5 მუხლის მოთხოვნათა დარღვევითაა რეგისტრირებული).

22.5. ამრიგად, კანონმდებელი ითვალისწინებს როგორც სასაქონლო ნიშნის ბათილობას, ისე რეგისტრაციის გაუქმების სამართლებრივ შედეგებს საქონლის გეოგრაფიული წარმომავლობის თაობაზე შეცდომაში შემყვანი სასაქონლო ნიშნის მიმართ, თუმცა თითოეულ ამ სამართლებრივ შედეგს განსხვავებული წინაპირობები აქვს. ერთ შემთხვევაში, სასაქონლო ნიშანი იმგვარი სახითაა წამოდგენილი, რომ რეგისტრაციის პროცესშივე იკვეთება მომხმარებლის შეცდომაში შემყვანი გარემოებები, ხოლო, მეორე შემთხვევაში, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმებას განაპირობებს სასაქონლო ნიშნის იმგვარი გამოყენება, რომელსაც შეცდომაში შეყავს მომხმარებელი სასაქონლო ნიშნით მონიშნული საქონლის წარმომავლობის თაობაზე. პირობითად, თუკი ლატვიაში წარმოებული არყის სასაქონლო ნიშანი მომხმარებელს უჩენს ალუზიას, მისი რუსული წარმომავლობის თაობაზე, ასეთ შემთხვევაში ამ სასაქონლო ნიშნის გამოყენებამ შესაძლოა შეცდომაში შეიყვანოს მომხმარებელი, თუკი სასაქონლო ნიშნის კომერციალიზაცია იმგვარად ხდება, რომ ინდივიდის მიერ ნაგულისხმევი საქონლის გეოგრაფიული წარმომავლობა არ შეესატყვისება საქონლის ნამდვილ/რეალურ წარმოშობას.

22.6. საკასაციო პალატა ზემოაღნიშნული გარემოებების შეფასება-გაანალიზების შედეგად ასკვნის, რომ გეოგრაფიული ადგილის სახელის არსებობა ნიშანში არ არის აუცილებელი წინაპირობა, იმისთვის, რომ სასაქონლო ნიშანი ჩაითვალოს შეცდომაში შემყვანად საქონლის გეოგრაფიულ წარმოშობასთან მიმართებით.

23. საკასაციო პალატის შემდგომი განსჯის საგანია სადავო სასაქონლო ნიშანს, უფრო კონკრეტულად კი, მისი არსებული სახით გამოყენების წესს საქონლის გეოგრაფიული წარმოშობის თაობაზე შეცდომაში შეყავს თუ არა მომხმარებელი.

23.1. სასაქონლო ნიშანი, რომლითაც ეტიკეტირებულია ბაზარზე დაშვებული პროდუქცია არის თუ არა მისი გეოგრაფიული წარმოშობის თაობაზე შეცდომაში შემყვანი, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში და ინდივიდუალურ რეჟიმში, კონკრეტული საქონლისადმი მომხმარებლის დამოკიდებულების ტესტით უნდა შეფასდეს. ტესტის ფარგლებში უნდა განისაზღვროს საშუალო მომხმარებლის ასოციაციური დამოკიდებულება საქონლის გეოგრაფიული წარმომავლობის თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში საკითხი დაისმის შემდეგნაირად: გონივრულად რამდენად მოსალოდნელია, მომხმარებელი, რომელიც ყიდულობს არაყ S-ს მას განიხილავდეს ლატვიური წარმოების/ლატვიაში ჩამოსხმულ ალკოჰოლურ სასმელად?

23.2. აღსანიშნავია, რომ შეფასების ამ მიდგომით, საკასაციო სასამართლო მისდევს საუკეთესო ევროპული სასამართლო პრაქტიკის გამოცდილებას, მაგ საქმეზე 3 U 262/16 19.09.2016 OLG Hamburg სასამართლომ იმ საკითხის გამოსარკვევად GLEN ELS სახელწოდებაში ტერმინი GLEN, რომელიც თვისობრივად არაა გეოგრაფიული დასახელება, იწვევდა თუ არა ალუზიას ვეროკავშირის ფარგლებში დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის „შოტლანდიური ვისკის“ მიმართ შეაფასა ტესტით: საქონლის დასახელება მომხმარებელში აღძავდა თუ არა ასოციაციას „შოტლანდიური ვისკის“ დაცულ გეოგრაფიულ აღნიშვნასთან, მიუხედავად იმისა, რომ თავად ტერმინი GLEN არ წარმოადგენდა გეიგრაფიულ დასახელებას. ამ საკითხის გამოსარკვევად, სასამართლომ იხელმძღვანელა ევრო კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრაქტიკით (C-44/17, 7.06.2018,) რომლის თანახმად ალუზიის შეფასებისას სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს, საქონლის დასახელება მომხმარებლის გონებაში აღძრავს თუ არა ასოციაციას იმ საქონელთან, რომლის სახელწოდება შეიცავს მითითებას დაცულ გეიგრაფიულ აღნიშვნაზე. ამ დროს მხედველობაში მიიღება საკმარისად ინფორმირებული, დაკვირვებული და წინდახედული საშუალო ევროპელი მომხმარებლის შეხედულება (https://openjur.de/u/2305255.html) ამ საკითხთან დაკავშირებით იხ. ასევე C-75/15 21.01.2016; C-210/96, 16.07.1998; C-220/98, 13.01.2000).

23.3. სასაქონლო ნიშნის S-ს ამ კონტექსტში შეფასებისას გასათვალისწინებელია მთელი რიგი ფაქტორები. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა სასაქონლო ნიშანი შეიქმნა 1938 წელს, ყოფილ საბჭოთა კავშირში. ეს ფაქტი მხარეთა შორის სადავო არ არის, მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების შედეგად სასამართლო ასევე ასკვნის, რომ სასაქონლო ნიშნით მოინიშნა რუსული არაყი. (მოპასუხის საპაექრო სიტყვაში აღნიშნულია, რომ ტექნოლოგია, რომლითაც მოპასუხე ამზადებს არაყ S-ს, შეიქმნა რუსეთში 1938 წელს, ანუ არაყ S-ს კავშირი რუსეთთან გამოიხატება ასევე რუსეთში შექმნილი ტექნოლოგიით არყის დამზადებაში), ამავდროულად, სასაქონლო ნიშანზე სიტყვიერი აღნიშვნა დატანილია რუსულენოვანი სიტყვის (S.რუსულად ნიშნავს დედაქალაქურს) საერთაშორისო ტრანსლიტერაციის წესით. საკასაციო პალატის მოსაზრებით, გარკვეულ ვითარებაში უცხოენოვანი სიტყვის გამოყენება შეიძლება იყოს შეცდომაში შემყვანი კონკრეტული გეოგრაფიულ ადგილზე რაიმე მითითების გარეშეც, მითუმეტეს თუ შესაბამის საზოგადოებაში, უცხო სიტყვა ასოცირებულია განსაზღვრულ ქვეყანასთან. სიტყვას, რომელიც აღებულია კონკრეტული უცხო ენიდან, შეუძლია მომხმარებელს შეუქმნას შთაბეჭდილება, რომ საქონელი თითქოს შესულია იმ ქვეყნიდან, რითაც მომხმარებელი შეცდომაში იქნება შეყვანილი თუ ამ ქვეყანას გააჩნია კარგი კომერციული რეპუტაცია ამა თუ იმ საქონელთან მიმართებით.

23.4. არაყ S-ს საზოგადოებაში გუდვილი მოპოვებული აქვს - როგორც რუსეთში წარმოებულ (რუსული წარმომავლობის) არაყს, შესაბამისად პრეზუმირებულია, რომ მომხმარებელს, რომელსაც არაყ S-ს წარმომავლობის შესახებ მისი საქართველოს ბაზარზე (ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდში) დაშვების პერიოდიდან მოყოლებული მიეწოდა ინფორმაცია, შექმნილი აქვს წინასწარგანწყობა, რომ ის ყიდულობს სწორედ წლების განმავლობაში კარგი რუსული არყის რეპუტაციის მქონე ალკოჰოლურ სასმელს, რომელიც წარმოებულია არა ლატვიაში, არამედ რუსეთში. მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას უზრუნველყოფს არა მხოლოდ სიმბოლო S-ს ისტორიულად რუსული წარმომავლობა, არამედ სასაქონლო ნიშანზე არყის დაარსების თარიღის (დაარსებულია 1938 წელს) მითითებაც, რომელიც სიტყვიერ სიმბოლო S-სთან ერთად აღნიშნავს სწორედ საქონლის რუსულ წარმომავლობასთან კომერციულ კავშირს, თავად მოპასუხეც ადასტურებს, რომ მითითებული თარიღი არყის რუსეთში შექმნის წელს აღნიშნავს და ამ თარიღს ლატვიასთან რაიმე სახის კავშირი არ აქვს.

23.5. საკასაციო პალატის შეფასებით ზემოაღნიშნული გარემოებები საქმეზე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ არაყ S-ს წარმომავლობის კვლევის ანგარიშთან ერთობლიობაში, რომელზეც საკასაციო სასამართლო ქვემოთ იმსჯელებს, ქმნის დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს, რომ სადავო სასაქონლო ნიშანი ალუზიურ წარმოდგენას უქმნის მომხმარებელს საქონლის გეოგრაფიული წარმოშობის თაობაზე.

24. საკასაციო პალატა ასევე შეეხება მტკიცების ტვირთის განაწილების წესს და აღნიშნავს, რომ დავის ფარგლებში მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესიდან გამომდინარე (სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე, რომლის ფარგლებში მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით დადასტურდება ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა), მოსარჩელეს ევალებოდა მისი მტკიცების საგანს მიკუთვნებული გარემოების - სადავო სასაქონლო ნიშანს საქონლის გეოგრაფიული წარმოშობის თაობაზე შეცდომაში შეყავს მომხმარებელი, დამტკიცება, ხოლო მოპასუხეს მოსარჩელის ამ მტკიცების ქმედითად უარყოფა.

24.1. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მტკიცებულების სახით წარმოადგინა არაყ S-ს წარმომავლობის თაობაზე შპს „ე-ს“ კვლევა, რომლითაც ირკვევა, რომ გამოკითხულ რესპოდენტთა უმრავლესობა როგორც ტერმინ S-ს, ისე ამავე დასახელების არყის ბრენდს რუსული წარმომავლობის საქონლად მიიჩნევს. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას კვლევის მიკერძოებულობის თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში, გამოკითხულმა საზოგადოებამ S.მიიჩნია რუსული წარმომავლობის სიტყვად. პალატის მოსაზრებით, იმ პირობებში, როდესაც თავად მოპასუხე სადავოდ ხდის სიტყვა S-ს რუსულ წარმომავლობას და მის რუსეთთან ასოცირების აღქმადობას გამორიცხავს, კვლევის ფარგლებში ამ საკითხის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების გამორკვევის საკითხზე, როგორც არყის წარმომავლობის მიმანიშნებელ შეკითხვაზე კასატორის შედავება სამართლებრივ არგუმენტირებულობას მოკლებულია. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი კვლევა კომპლექსური ხასიათისაა და ამომწურავ პასუხს იძლევა ამ დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა საკვანძო გარემოებაზე - მათ შორის სიტყვა S-ს მნიშვნელობის გეოგრაფიულ ინდიკაციაზე, ბრენდ S-ს წარმომავლობასა და მისი წარმოშობის წყაროზე. დასახელებული კვლევის შედეგები ამ განჩინების ფარგლებში განხილულ სხვა არაერთ გარემოებასთან ერთად ადასტურებს, რომ ლატვიაში ჩამოსხმული არაყი S, რომლის სასაქონლო ნიშანი ამ სიტყვიერ სიმბოლოსთან ერთად ამავდროულად შეიცავს მითითებას დაარსების თარიღის (დაარსებულია 1938 წელს) თაობაზე, მომხმარებელს ერთმნიშვნელოვნად უქმნის მცდარ ალუზიურ წარმოდგენას საქონლის რუსული წარმომავლობის თაობაზე.

24.2. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ამ კვლევის მონაცემებს ვერ აქარწყლებს მოპასუხის დაკვეთით წარმოებული საპირისპირო კვლევა, ჯერ ერთი, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი კვლევა არ შეიცავს სასაქონლო ნიშან S-თი ნიშანდებული არყის გეოგრაფიული წარმომავლობის თაობაზე მომხმარებლის დამოკიდებულების კვლევას და, მეორეც, თვით ამ კვლევის ფარგლებში დასმულ კითხვებზე გაცემული პასუხებიდანაც თვალსაჩინოა, რომ ტერმინ S-ს გამოკითხულ რესპონდენტთა უმრავლესობა აიგივებს საბჭოთა კავშირის დედაქალაქებთან ან რუსეთის ფედერაციასთან. თავის მხრივ, ეს შედეგი მეტყველებს იმაზე, რომ ქართველი მომხმარებლის ცნობიერებაში სიტყვა S.უმეტესწილად ასოცირებულია საბჭოთა კავშირთან ან რუსეთის დღევანდელ სახელმწიფოსთან, რაც საკასაციო პალატის მოსაზრებით, სწორედ საბჭოთა პერიოდში დაარსებული კარგი კომერციული რეპუტაციის არაყ S-ს გავლენით აიხსნება, სავარაუდოა, რომ მომხმარებლისთვის ამ სიტყვის საბჭოთა კავშირთან და რუსეთან ამგვარი მიჯაჭვულობა, ბრენდ S-ს გუდვილმა და საყოველთაოდ ცნობადობამ განაპირობა. არსებითად გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ფაქტობრივად გამორიცხავს მომხმარებლის მიერ არაყ S--ს წარმოშობის წყაროდ ლატვიის განხილვას ან/და ამ არყის ლატვიურ არაყად კატეგორიზაციას. შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, ობიექტურად და სრულყოფილად შეფასება, წინამდებარე განჩინების ფარგლებში განხილულ გარემოებებთან ერთად ქმნის დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ საშუალო, გონიერი და სათანადოდ გათვითცნობიერებული მომხმარებელი სასაქონლო ნიშან S-თი მარკირებულ ალკოჰოლურ სასმელს რუსულ არაყად მიიჩნევს და ამავდროულად წარმოშობის წყაროდაც რუსეთს მოიაზრებს. ამ მოცემულობის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა ლატვიაში ჩამოსხმულ შესაბამისი დასახელების ალკოჰოლურ სასმელს, შეცდომაში შეყავს მომხმარებელი მისი გეოგრაფიული წარმომავლობის თაობაზე.

24.3. საკასაციო პალატის განსჯით მოსარჩელემ წარმატებით დაძლია მისი წილი მტკიცების ტვირთი, მოპასუხემ კი ვერ შეძლო საპირწონე მტკიცებულებებით მისი გაქარწყლება. მოპასუხე ვალდებული იყო დაემტკიცებინა, რომ სადავო სასაქონლო ნიშანს ის ისე იყენებდა კომერციულ ურთიერთობებში, რომ ამით შეცდომაში არ შეყავდა მომხმარებელი. უფრო კონკრეტულად, მოპასუხეს ევალებოდა სასამართლოში წარმოედგინა მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დაადასტურებდა არყის კომერციალიზაციის პროცესში ისეთი ღონისძიებების გატარებას, რაც სადავო სასაქონლო ნიშნის გამოყენების პროცესში უზრუნველყოფდა მომხმარებლის გამჭვირვალედ ინფორმირებას ამ სასაქონლო ნიშნით ბრენდირებული არყის ლატვიური წარმომავლობის თაობაზე და გამორიცხავდა პროდუქტის არასწორი წარმომავლობის თაობაზე მომხმარებლის ასოცირებას. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ თავად მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიც კი, ირიბად ადასტურებს, ერთის მხრივ, არყის რუსულ წარმომავლობას, ხოლო, მეორე მხრივ, არყის წარმოშობის წყაროსა და წარმომავლობის თაობაზე მომხმარებლის ალუზიის ლატვიასთან კავშირის არარსებობას. რაც იმას ნიშნავს, რომ მოპასუხის მიერ იგნორირებულია საქონლის წარმომავლობის თაობაზე მოხმარებლის გამჭვირვალედ ინფორმირების ვალდებულება. საკასაციო პალატის შეფასებით, ეტიკეტირების საერთაშორისო წესის ფარგლებში S-ს სასაქონლო ნიშნით მარკირებული არყის კონტრეტიკეტზე მწარმოებელი ქვეყნის მითითება საკმარისი არ არის სადავო სასაქონლო ნიშნით ბრენდირებული არყის მცდარი გეოგრაფიული წარმომავლობის ალუზიის გამოსარიცხად.

25. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მაშინაც კი, თუკი სასაქონლო ნიშანი, რომელიც ბრუნვაუნარიანი არამატერიალური ქონებრივი სიკეთეა, ერთი ქვეყნის მწარმოებლიდან მეორე ქვეყნის მეწარმის განკარგვის სფეროში გადავა, სასაქონლო ნიშნის შემდგომმა გამოყენებამ შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს მომხმარებელი საქონლის წარმომავლობის თაობაზე. მომხმარებელს გამჭვირვალედ და თვალსაჩინოდ უნდა მიეწოდოს ინფორმაცია განხორციელებული ცვლილებების შესახებ, რა დროსაც არ აქვს მნიშვნელობა ამ მიზნით გატარებულ მარკეტინგულ ღონისძიებებს - ეს იქნება სასაქონლო ნიშანზე წარმოშობის წყაროს დატანა, იმგვარად, რომ მომხმარებლისთვის თვალსაჩინო იყოს მწარმოებელი ქვეყანა, სარეკლამო ღონისძიებების გატარება თუ სხვა, რაც საბოლოო ჯამში, მოხმარებელს მისცემს შესაძლებლობას მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ეს ქმედებები ერთგვარად დაკავშირებულია სასაქონლო ნიშნის ახალი მფლობელის სამეწარმეო რისკებთან, თუმცა, სასამართლოს შეფასებით, უპირობოდ აუცილებელია მეწარმის კომერციალიზაციის ინტერესსა და მომხმარებლის უფლებებს შორის სამართლიანი ბალანსის პოვნა და დაცვა. სპეციალური კანონის 27.2. მუხლის „გ“ ქვეპუნქტის დანაწესის შემოღებით კანონმდებლის ნებაც სწორედ ამგვარი წონასწორობის უზრუნველყოფას ემსახურება. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს ნორმის დისპოზიციის პირველ ნაწილს და აღნიშნავს, რომ მომხმარებელის წინაშე ვალდებულ პირად კანონმდებელი არამხოლოდ სასაქონლო ნიშნის მფლობელს, არამედ იმ მესამე პირებსაც (ლიცენზიატებს) მოიაზრებს, რომლებიც მართლზომიერად - სასაქონლო ნიშნის მფლობელის ნებართვით იყენებენ სასაქონლო ნიშანს, რაც იმას ნიშნავს, რომ სასაქონლო ნიშნის გადაცემა და მისი შემდგომი ექსპლოატაცია ისე უნდა განხორციელდეს, რომ ამან შეცდომაში არ შეიყვანოს მომხმარებელი სასაქონლო ნიშნის გეოგრაფიული წარმოშობის თაობაზე. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის შედავებას იმის თაობაზე, რომ მოხმობილი ნორმის დანაწესის იმგვარი განმარტებით, რომელიც გეოგრაფიულად რუსეთთან/რუსულ წარმომავლობასთან ასოცირებული სასაქონლო ნიშნით მონიშნული არყის ლატვიაში ჩამოსხმის გამო, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმებას განაპირობებს, გუდვილის მქონე სასაქონლო ნიშნების მსყიდველობითუნარიანობას საფრთხის ქვეშ აყენებს. საკასაციო პალატის განსჯით, კასატორისეული მსჯელობა მიმართულია ერთი კერძო მეწარმის ინტერესის დაკმაყოფილებისკენ და ეწინააღმდეგება მომხმარებელთა საერთო ინტერესს და ბაზრის მონაწილეთა შორის საჯარო წესრიგის უზრუნველყოფას. ამ საკითხზე მსჯელობისას პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს აქვე მოიხმოს „სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2014 წლის 19 აგვისტო №05 ბრძანების 24-ე მუხლის მე-6 პუნქტი, რომლის თანახმად, თუ „საქპატენტი“ სასაქონლო ნიშნის გადაცემის შესახებ წარდგენილი საბუთების საფუძველზე მიიჩნევს, რომ სასაქონლო ნიშნის გადაცემამ შეიძლება მომხმარებელს მცდარი წარმოდგენა შეუქმნას იმ საქონლის თვისებების, ხარისხის, გეოგრაფიული წარმოშობის, მწარმოებლის ან სხვა მახასიათებლების შესახებ, რომლის მიმართაც ის რეგისტრირებულია, უფლებამონაცვლეს ეგზავნება წერილობითი შეტყობინება, საქონლის ჩამონათვალიდან შეცდომაში შემყვანი საქონლის ამოღების თაობაზე „საქპატენტი“ რეესტრში არ შეიტანს ცნობას გადაცემის შესახებ, ვიდრე არ მიიღებს უფლებამონაცვლის თანხმობას ჩამონათვლიდან შეცდომაში შემყვანი საქონლის ამოღების თაობაზე. იმ შემთხვევაში, როდესაც სასაქონლო ნიშანზე უფლების გადაცემამ შეიძლება მომხმარებელს მცდარი წარმოდგენა შეუქმნას საქონლის მთლიანი ჩამონათვალის თვისების, ხარისხის ან გეოგრაფიული წარმოშობის შესახებ, საქპატენტს ცვლილებები რეესტრსა და მოწმობაში არ შეაქვს და უფლებამონაცვლეს ეგზავნება შესაბამისი წერილობითი შეტყობინება. ინსტრუქციის ეს რეგულაცია ფაქტობრივად ადასტურებს, რომ სასაქონლო ნიშნის გადაცემა შეიძლება შეიცავდეს სასაქონლო ნიშნის შემდგომი გამოყენებისას მომხმარებლთა მიერ მისი გეოგრაფიულდ შეცდომაში შემყვანი ფორმით აღქმის რისკს და ნიშნის ახალ მფლობელს ავალდებულებს ისეთი ღინისძიებების გატარებას, რაც ხელს შეუწყობს საქონლის გეოგრაფიული წარმოშობის თაობაზე შეცდომაში შემყვანი სასაქონლო ნიშნის გამოყენების პრევენციას. ეს მოწესრიგება კი, თავის მხრივ, თანხვედრაშია პარიზის კონვენციის 6 quater [ნიშნები: ნიშნების გადაცემა] მუხლის რეგულაციასთან, რომლის მიხედვით, (1) როდესაც კავშირის ქვეყნის კანონმდებლობით ნიშნის გადაცემა ძალაშია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ხორციელდება ნიშნის მფლობელი საწარმოს ან მისი გუდვილის გადაცემასთან ერთად, მაშინ ასეთი გადაცემის ძალაში შესვლის აღიარებისათვის საკმარისია ამ ქვეყანაში განლაგებული საწარმოს ნაწილი ან მისი გუდვილი გადაეცეს უფლებამონაცვლეს, გადაცემული ნიშნით მონიშნული GE 2756 B 19 საქონლის აღნიშნულ ქვეყანაში წარმოებისა და გაყიდვის ექსკლუზიურ უფლებასთან ერთად. (2) ზემოხსენებული დებულება კავშირის ქვეყნებს არ აკისრებს რაიმე ვალდებულებას ძალაში შესულად მიიჩნიოს ნებისმიერი ნიშნის გადაცემა, რომლის გამოყენება უფლებამონაცვლის მიერ, ფაქტობრივად, ისეთი ხასიათის იქნებოდა, რომ შეცდომაში შეიყვანდა საზოგადოებას, კერძოდ, ასეთი ნიშნით მონიშნული საქონლის წარმოშობის, ბუნების ან დამახასიათებელი ხარისხის მიმართ.

26. საკასაციო პალატა შეფასებას ვერ მისცემს კასატორის მსჯელობას იმის თაობაზე, რომ არაერთი ბრენდი, რომელიც შესაძლოა მოხმარებლისათვის ასოცირდებოდეს ამა თუ იმ გეოგრაფიულ არეალთან/ქვეყანასთან იწარმოება სხვა ქვეყანაში. ჯერ ერთი, საკასაციო პალატის განსჯით, მთავარია არა ის თუ როგორ მიმოიქცევა სავაჭრო ურთიერთობებში ამა თუ იმ სასაქონლო ნიშნით მარკირებული ბრენდი, არამედ არსებითი მნიშვნელობისაა როგორ უნდა იყოს გამოყენებული სასაქონლო ნიშანი სავაჭრო ურთიერთობებში ისე, რომ მეწარმის მიერ საქონლის კომერციალიზაციის ინტერესს არ შეეწიროს მომხმარებლის უფლება იყოს გამჭვირვალედ ინფორმირებული საქონლის წარმომავლობის თაობაზე და საქონლის შესყიდვისას მისი წარმომავლობის თაობაზე გონიერი და გათვითცნობიერებული მომხმარებლის მიერ ნაგულისხმები და რეალური მონაცემები თანხვედრაში იყო ერთმანეთთან; მეორე, სხვა სასაქონლო ნიშნების იმ სახით რა სახითაც ისინი გვხდება ბაზარზე, შეფასება სცილდება ამ დავის ფარგლებს და მესამეც, განსახილველი დავის ფარგლებში სადავოა არა არაყი S-ს ლატვიაში ჩამოსხმის უფლების კანონიერება, არამედ სასაქონლო ნიშნის იმდაგვარად გამოყენება, რომ მომხმარებელს მცდარი წარმოდგენა ექმნება სადავო სასაქონლო ნიშნით მარკირებული არყის წარმომავლობის თაობაზე.

27. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მტიცებას, იმის თაობაზე, რომ სასამართლომ არასწორად გააუქმა ისეთი სასაქონლო ნიშნები, რომელთა გამოყენებაც არ ხდება. კასატორის მიერ წამოჭრილ საკითხთან დაკავშირებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მფლობელს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ფაქტი ანიჭებს ლეგიტიმურ უფლებას მის ნებას დაუქვემდებაროს სასაქონლო ნიშნის შემდგომი გამოყენების შესაძლებლობა. ასეთ ვითარებაში, სასამართლომ უნდა უზრუნველყოს მომხმარებლის დაცვა შემცდომაში შემყვანი სასაქონლო ნიშნის სამომავლოდ გამოყენების პრევენციისგან და გადაწყვეტილება გაავრცელოს ყველა იმ სადავო სასაქონლო ნიშანზე, რომელიც შეიცავს მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის რისკებს, მიუხედავად იმისა, მოპასუხე რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშნებს ამჟამინდელი მდგომარეობით იყენებს თუ არა კომერციულ ურთიერთობებში.

28. რაც შეეხება საკასაციო პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ სადავო სასაქონლო ნიშნები კომბინირებულია და სასამართლოს მხოლოდ სიტყვიერი სიმბოლო S.უნდა მიეჩნია სასაქონლო ნიშნის დაუცველ ნაწილად, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმების გარეშე, ამ საკითხთან დაკავშირებით საკასაციო პალატა კასატორის ყურადღებას მიაპყრობს მის მიერ დავის პროცესში წარმოდგენილ შესაგებელს და აღნიშნავს, რომ მოპასუხეს ეს გარემოება სადავოდ არ გაუხდია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოში სამართალწარმოების ეტაპზე, შესაბამისად საკასაციო პალატის მსჯელობის საგანი ვერ იქნება ის საკითხი, რომელსაც სამართალწარმოების შესაბამის ეტაპზე სათანადო წესით არ შედავების მოპასუხე. საკასაციო პალატა აღნიშავს, რომ მოპასუხის სარჩელისაგან თავდაცვის მთავარი ბერკეტი და ინსტრუმენტი დავის პროცესში არის შესაგებელი, სწორედ შესაგებლის ფარგლებში უნდა გახადოს მოპასუხემ სადავო სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ის კარგავს უფლებას, შემდგომში ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში სასამართლოს განსჯის საგნად აქციოს მის იურიდიულ ინტერესში შემავალი საკითხები.

29. ანალოგიურად საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს კასატორის იმ პრეტენზიაზეც, რომელიც სადავო სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მხოლოდ 33-ე კლასის ალკოჰოლურის სასმელების კლასში რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნების გაუქმების მართებულობას შეეხება, ვინაიდან მოპასუხეს შესაგებლის ფარგლებში არც ამ საკითხზე არ წარმოუდგენია შედავება.

30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების კანონისმიერი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე