საქმე №ას-1139-2020 30 სექტემბერი, 2021 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შ.ა–ვა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „კ.ბ–ი“ (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხეები – ს.ა–ვა, ე.ა–ვი, ბ.ა–ვი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია, უფლებამონაცვლედ და მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სს „კ.ბ–მა“ (შემდგომში – „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შ.ა–ვას (შემდგომში – „მსესხებელი მოპასუხე“, „განმცხადებელი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“), ს.ა–ვას (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“), ელშად (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“) და ბ.ა–ვების (შემდგომში - „მესამე მოპასუხე“) (შემდგომში ერთად – „მოპასუხეები“) მიმართ აწ გარდაცვლილი ა.ა–ვას უფლებამონაცვლეებად მოპასუხეების ცნობის, მამკვიდრებლის სახელზე რიცხული უძრავი ქონების მათ საკუთრებად აღრიცხვის, მსესხებელი მოპასუხისა და მოპასუხეებისათვის სოლიდარულად 17 927,84 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 12 970,55 აშშ დოლარი, სარგებელი – 3514,33 აშშ დოლარი, დაზღვევის თანხა – 466,55 აშშ დოლარი, საკომისიო – 76 აშშ დოლარი, ხოლო პირგასამტეხლო – 900,41 აშშ დოლარი. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა აღნიშნული დავალიანების გადახდევინების მიზნით, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი დაკისრებული დავალიანების სრულად დასაფარად, დავალიანების გადახდევინება განხორციელდეს მოპასუხეების საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან.
2. მოპასუხეების წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო. მსესხებელმა მოპასუხემ და მესამე მოპასუხემ მიუთითეს, რომ პროცენტი იყო კაბალური, ეწინააღმდეგებოდა მოქმედ კანონმდებლობას, ეროვნული ბანკის ნორმებსა და წესებს, ასევე დამკვიდრებულ სასამართლო პრაქტიკას. პირველმა და მეორე მოპასუხეებმა უარი თქვეს სამკვიდრო ქონებაზე მესამე მოპასუხის სასარგებლოდ.
3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, აწ გარდაცვლილი მამკვიდრებლის უფლებამონაცვლეებად ცნობილ იქნენ მოპასუხეები, რომლებიც ასევე აღირიცხნენ მამკვიდრებლის სახელზე რიცხული უძრავი ქონების მესაკუთრეებად; მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ: სესხის ძირითადი თანხის – 12 970,55 აშშ დოლარის, სარგებლის – 3514,33 აშშ დოლარის, დაზღვევის თანხის – 466,55 აშშ დოლარის, საკომისიოს – 76 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს – 90,04 აშშ დოლარის გადახდა. დავალიანების გადახდევინების მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება. დადგინდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი დაკისრებული დავალიანების სრულად დასაფარად, დავალიანების გადახდევინება განხორციელდება ყველა მოპასუხის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან.
4. პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 აგვისტოს განჩინებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის დარღვევის გამო დარჩა განუხილველი.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მსესხებელმა მოპასუხემ წარადგინა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის არსებითად განხილვა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 აგვისტოს განჩინება და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 2 დეკემბრის განჩინებით მოპასუხეებს დაევალათ 14 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში წარედგინათ 684, 70 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი ან შესაბამისი მტკიცებულება, რომ იმყოფებიან მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 იანვრის განჩინებით ხარვეზის შეუვსებლობის გამო სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
10. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ამავე სასამართლოს 2019 წლის 2 დეკემბრის განჩინება სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ მოპასუხეთა წარმომადგენელს გაეგზავნა და ჩაბარდა 2019 წლის 11 დეკემბერს, თუმცა სასამართლოს მიერ განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა უშედეგოდ გავიდა - აპელანტებმა არ შეავსეს ხარვეზი.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 იანვრის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მსესხებელმა მოპასუხემ.
12. განმცხადებელმა კერძო საჩივრის ფარგლებში განმარტა საქმის არსებითი გარემოებები და სააპელაციო საჩივრის საფუძვლები, ხოლო გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად მიუთითა, რომ აპელანტები ითხოვდნენ სახელმწიფო ბაჟის გადავადებას, რაც არ იქნა გათვალისწინებული.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 ნოემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
14. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
16. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი იმ საფუძვლით, რომ აპელანტებმა ხარვეზი არ შეავსეს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში.
17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
18. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისათვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა კი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
19. სააპელაციო საჩივრითა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 2 დეკემბრის განჩინებით დასტურდება, რომ სააპელაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. ამასთან, აპელანტები მიუთითებდნენ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე და მოითხოვდნენ სახელმწიფო ბაჟის გადავადებას.
20. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 2 დეკემებრის განჩინებით სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტებს მათი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოსათვის არ წარუდგენიათ, რის გამოც სააპელაციო საჩივარი ხარვეზიანად იქნა მიჩნეული და აპელანტებს დაევალათ ზემოაღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში წარედგინათ 684, 70 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი ან შესაბამისი მტკიცებულება, რომ იმყოფებიან მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში.
21. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 2 დეკემბრის განჩინება 2019 წლის 8 დეკემბერს გაეგზავნა აპელანტების წარმომადგენელს, რომლის უფლებამოსილებაც დასტურდება საქმის მასალებში წარდგენილი მინდობილობებით (იხ. ტ. 2, ს.ფ. 56-59; 78-82) და ჩაბარდა ამავე წლის 11 დეკემბერს (იხ. ტ. 2, ს.ფ. 166). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით.
22. დგინდება ისიც, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად 2019 წლის 2 დეკემბრის განჩინებით დანიშნული ვადა ამოიწურა 2019 წლის 25 დეკემბერს 24:00 საათზე, თუმცა აპელანტებს დაკისრებული საპროცესო მოვალეობა არ შეუსრულებიათ, არც ხარვეზის შესავსებად დაწესებული საპროცესო ვადის გაგრძელება მოუთხოვიათ და სასამართლოსათვის არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავთ.
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც სააპელაციო სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად დაწესებულ საპროცესო ვადაში მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობა წარუდგენია სააპელაციო პალატისთვის, სააპელაციო საჩივარი მართლზომიერად იქნა განუხილველად დატოვებული.
24. საქართველოს უზენაესი სასამართლო დამატებით მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ან/და შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
25. კერძო საჩივარში მითითებულია, რომ აპელანტები ითხოვდნენ ბაჟის გადავადებას, თუმცა აღნიშნული მოთხოვნა მათ დაფიქსირებული ჰქონდათ სააპელაციო საჩივარში, რის შემდეგაც მიღებულ იქნა განჩინება და მოპასუხეებს დაევალათ ან ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის ან მათი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულების სასამართლოსათვის წარდგენა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მათ არ წარუდგენიათ მტკიცებულება, რომ არ გააჩნიათ რაიმე შემოსავალი და მძიმე ქონებრივი (მატერიალური) მდგომარეობიდან გამომდინარე, არ აქვთ საშუალება გადაიხადონ სახელმწიფო ბაჟი. ამასთან, არც სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარდგენილა განჩინებით განსაზღვრულ ვადაში.
26. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებული პირის უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, არ არის აბსოლუტური და სამოქალაქო პროცესში შეიძლება შეიზღუდოს სამართალწარმოების ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით. ამასთან, გასათვალისწინებელია რომ არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, „სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება „თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე“ (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, №. 8225/78, გვ, 20,§57, 28 მაისი, 1985 წელი).
27. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, 52-ე მუხლი) და გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს თავად სააპელაციო საჩივარს ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლი, 177-ე მუხლის მესამე ნაწილი და 368-ე მუხლის პირველი ნაწილი), რომელთა შესრულება სავალდებულოა აპელანტისათვის. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებს და სასამართლოს მითითებებს, იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე და 63-ე მუხლები, 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი და 374-ე მუხლის პირველი ნაწილი).
28. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო. შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ.ა–ვას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 იანვრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი