Facebook Twitter

საქმე №ას-562-2021 13 ოქტომბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – ე. კ–ნი, ს. კ–ნი, ე.ჩ-ა–ნი, მ. ა–ნი, ი. ა–ნი, მ.დ–ძე, ნ. კ–ნი, თ.ბ–ი (განმცხადებლები)

მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს გენერალური პროკურატურა

მესამე პირები – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, ნ.ნ–ი, ნ:.მ–ძე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 6 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - საქმის წარმოების შეჩერება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 25 სექტემბრის განჩინებით ე. კ–ნის, ს. კ–ნის, ე.ჩ-ა–ნის, მ. ა–ნის, ი. ა–ნის, მ.დ–ძის, ნ. კ–ნისა და თ.ბ–ის განცხადება დაკმაყოფილდა. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმდა გალისა და გულრიფშის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება.

2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივრები წარადგინეს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2021 წლის 6 აპრილის განჩინებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა კონსტიტუციური წარდგინებით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ეთხოვა დაედგინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც სახელმწიფოს სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, დაუშვებლად აცხადებს გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანას, ამავე კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო სახელმწიფოს სასარგებლოდ მიღებულ გადაწყვეტილებას, გაუქმდა ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ. საქმის წარმოება შეჩერდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ საკითხის გადაწყვეტამდე.

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ე. კ–ნმა, ს. კ–ნმა, ე.ჩ-ა–ნმა, მ. ა–ნმა, ი. ა–ნმა, მ.დ–ძემ, ნ. კ–ნმა და თ.ბ–მა (შემდგომში - „კერძო საჩივრის ავტორები“ ან „განმცხადებლები“) შეიტანეს კერძო საჩივარი და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

5. კერძო საჩივრის ავტორებმა მიუთითეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

5.1. განმცხადებლებმა 2019 წლის 19 თებერვალს საკონსტიტუციო სასამართლოში წარადგინეს საკონსტიტუციო სარჩელი (№1400) და მოითხოვეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის შესაბამისი ნაწილების არაკონსტიტუციურად და ძალადაკარგულად ცნობა. საკონსტიტუციო სარჩელის შინაარსი ცხადყოფს (იხ. №1400 საკონსტიტუციო სარჩელის ელექტრონული ვერსია, რომელიც განთავსებულია საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ-გვერდზე), რომ სარჩელი იმავე მიზნით არის წარდგენილი, რა მიზნითაც სააპელაციო სასამართლომ 2021 წლის 6 აპრილის განჩინებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში წარადგინა კონსტიტუციური წარდგინება;

5.2. კერძო საჩივრის ავტორთა საკონსტიტუციო სარჩელი ასევე ერთვოდა წინამდებარე სამოქალაქო საქმეს, შესაბამისად, სასამართლოს შეეძლო შეეჩერებინა საქმის განხილვა №1400 საკონსტიტუციო სარჩელზე გადაწყვეტილების მიღებამდე;

5.3. კერძო საჩივრის წარდგენის ეტაპისათვის საკონსტიტუციო სარჩელი განხილულია და სასამართლომ უნდა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება;

5.4. თუ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს განმცხადებელთა სასარგებლოდ გადაწყვეტილებას, აღარ იარსებებს სააპელაციო სასამართლოში საქმის დაყოვნების საფუძველი, თუმცა გასაჩივრებული განჩინების თანახმად, შეუძლებელი იქნება საქმის წარმოების განახლება, რითაც იზღუდება კერძო საჩივრის ავტორთა უფლებები.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 12 ივლისის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

7. საქართველოს უზენაესი სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

9. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს გასაჩივრებული განჩინებით საქმის წარმოების შეჩერების მართლზომიერება კანონის კონკრეტული დანაწესის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხის შემოწმების მიზნით.

10. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საერთო სასამართლოში კონკრეტული საქმის განხილვისას სასამართლო დაასკვნის, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი, რათა ესა თუ ის კანონი ან სხვა ნორმატიული აქტი, რომელიც უნდა გამოიყენოს სასამართლომ ამ საქმის გადაწყვეტისას, მთლიანად ან ნაწილობრივ შეიძლება მიჩნეულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციის შეუსაბამოდ, იგი შეაჩერებს საქმის განხილვას და მიმართავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. საქმის განხილვა განახლდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ საკითხის გადაწყვეტის შემდეგ. ამავე შინაარსის არის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმად, თუ საქმის განმხილველი სასამართლოს აზრით, კანონი, რომელიც ამ საქმისათვის უნდა იქნეს გამოყენებული, არ შეესაბამება ან ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, სასამართლო შეაჩერებს საქმის განხილვას ამ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, რის შემდეგაც საქმის განხილვა განახლდება.

11. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კონსტიტუციური წარდგინების უფლებამოსილებას საქმის განმხილველი სასამართლო მიმართავს ორი საფუძვლის ერთობლივად არსებობის შემთხვევაში, კერძოდ: ა) თუ სასამართლო დაასკვნის, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი იმისათვის, რომ კანონი ან სხვა ნორმატიული აქტი მთლიანად ან ნაწილობრივ მიჩნეულ იქნას კონსტიტუციის შეუსაბამოდ; ბ) თუ ზემოაღნიშნული კანონი ან სხვა ნორმატიული აქტი უნდა გამოიყენოს სასამართლომ საქმის გადაწყვეტისას (იხ. სუსგ საქმე №12-11-2015, 5 ივლისი 2017 წელი).

12. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვისას დაადგინა, რომ სადავოა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა) გათვალისწინებული საფუძვლით, პირის მიერ ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო საქმისწარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას, სახელმწიფოს სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, მაშინ როცა ახალი გარემოება, რომელიც ქმნის დასახელებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველს, გამოვლინდა ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 7 წლის გასვლის შემდეგ (კერძოდ, იმ ორგანოს დადგენილება პირის ბრალდებულად ცნობის შესახებ, რომელიც საფუძვლად დაედო სახელმწიფოს სასარგებლოდ მიღებულ სასამართლოს გადაწყვეტილებას, გაუქმდა ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 7 წლის გასვლის შემდეგ).

13. საქართველოს უზენაესი სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ სახეზე იყო საქმისწარმოების შეჩერების ორივე იურიდიული წინაპირობა, კერძოდ, საკონსტიტუციო წარდგინებით საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის წინაპირობა.

14. განმცხადებლები კერძო საჩივრის ფარგლებში უთითებენ, რომ ზემოაღნიშნულ საკითხზე მათ 2019 წლის 19 თებერვალს წარადგინეს საკონსტიტუციო სარჩელი და სასამართლოს შეეძლო ამ საფუძვლით შეეჩერებინა საქმე. აღნიშნულ პრეტენზიასთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმისწარმოების შეჩერების საფუძვლები გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლით, რომელიც აღნიშნული საფუძვლით საქმისწარმოების შეჩერებას არ ითვალისწინებს.

15. ამასთან, საქმის განხილვის შესაჩერებლად „სწორედ საერთო სასამართლო უნდა მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში დაისვას ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის საკითხი... კონსტიტუციური წარდგინების აუცილებლობამდე სასამართლო დამოუკიდებლად მიდის და არა პროცესის მონაწილეთა შუამდგომლობების დაკმაყოფილების გზით. იმ კანონის თუ სხვა ნორმატიული აქტის განსაზღვრა, რომელიც კონკრეტული საქმის გადაწყვეტისას უნდა იქნეს გამოყენებული, სწორედ სასამართლოს მიერაა შესაფასებელი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2002 წლის 10 ივლისის №9/189 განჩინება).

16. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლოში საქმის წარმოება კონკრეტულ ვადებთან არის დაკავშირებული. კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლო სამოქალაქო საქმეს განიხილავს განცხადების მიღების დღიდან არაუგვიანეს 2 თვისა. განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეზე მისი განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილებით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 5 თვისა, გარდა ალიმენტის გადახდევინების, დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით ან მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების, შრომითი ურთიერთობებიდან, „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე მოთხოვნებისა და უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ საქმეებისა, რომლებიც განხილული უნდა იქნეს არაუგვიანეს 1 თვისა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო საქმის შეჩერების გარეშე ასევე მოკლებული იყო შესაძლებლობას დალოდებოდა კერძო საჩივრის ავტორთა მიერ წარდგენილი საკონსტიტუციო სარჩელის შედეგს.

17. საქართველოს უზენაესი სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლო გამოსაყენებელი კანონის კონსტიტუციურობის დადგენის გამოსაკვლევად ვერ იქნება დამოკიდებული რომელიმე მხარის მიერ წარდგენილ კონსტიტუციურ სარჩელზე, რამდენადაც „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს, შეამციროს მოთხოვნის მოცულობა, უარი თქვას სასარჩელო მოთხოვნაზე. სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა კი, ისევე როგორც საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა, იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

18. განმცხადებლები კერძო საჩივარში მიუთითებენ, რომ, რამდენადაც მათ წარდგენილი აქვთ კონსტიტუციური სარჩელი, იმავე საკითხზე სასამართლოს მიერ კონსტიტუციური წარდგინებით საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვა უსაფუძვლოდ დააყოვნებს საქმეს. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონზე, რომლის 25-ე მუხლის მე-41 ნაწილის თანახმად, თუ საკონსტიტუციო სასამართლო განმწესრიგებელ სხდომაზე დაადგენს, რომ სადავო ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად, საქართველოს კონსტიტუციასთან, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონთან, კონსტიტუციურ შეთანხმებასთან, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებთან ან საქართველოს კანონებთან შეუსაბამოდ, და თუ არ არსებობს ამ კანონის 211 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი, მას გამოაქვს განჩინება საქმის არსებითად განსახილველად მიუღებლობისა და სადავო აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ. ეს განჩინება ძალაში შედის გამოქვეყნების მომენტიდან. შესაბამისად, თუ საკონსტიტუციო სასამართლომ წარსულში იმსჯელა წარდგინებით სადავოდ გამხდარი ნორმის მსგავსი/იდენტური შინაარსის ნორმის კონსტიტუციურობაზე და იგი არაკონსტიტუციურად მიიჩნია, ასეთ შემთხვევაში არ იარსებებს წარდგინების განსახილველად მიღების საფუძველი – საკითხი უკვე გადაწყვეტილია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. მართალია, საკონსტიტუციო სასამართლო ასეთ შემთხვევაშიც არ მიიღებს წარდგინებას არსებითად განსახილველად, მაგრამ იგი განმწესრიგებელი სხდომის შემაჯამებელი დოკუმენტით (განჩინება) დააყენებს იმავე სამართლებრივ შედეგს, რომელიც ჩვეულებრივ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს საქმის შემაჯამებელი დოკუმენტით, გადაწყვეტილებით, მიიღწევა. საკონსტიტუციო სასამართლო საქმის არსებითი განხილვის გარეშე ცნობს წარდგინებით სადავოდ გამხდარ ნორმას ძალადაკარგულად. ამავე დროს, თუ წარდგინებით გასაჩივრებულ ნორმას (ტექნიკურად, იგივე მუხლი, პუნქტი ან ქვეპუნქტი) საკონსტიტუციო სასამართლო წარდგინების განხილვა/გადაწყვეტამდე არაკონსტიტუციურად ცნობს, სხვა სარჩელის/ წარდგინების განხილვის შედეგად შესაბამისი კონსტიტუციურ წარდგინებაზე სამართალწარმოება შეწყდება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, და არა იმის გამო, რომ ეს საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე აქვს გადაწყვეტილი [იხ. საერთო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინების ინსტრუმენტის გამოყენების პრაქტიკული სახელმძღვანელო, გ. დავითური, გ. დავითაშვილი, თბილისი 2021 წ. გვ 107-110].

19. ზემოაღნიშნული მუხლებისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის შინაარსის ანალიზიდან აშკარაა, რომ საერთო სასამართლოებში საქმის წარმოების განახლება დამოკიდებულია არა კონკრეტულად კონსტიტუციური წარდგინების არსებით განხილვაზე, არამედ ამ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე. შესაბამისად, თუ საკონსტიტუციო სასამართლო სხვა საკონსტიტუციო სარჩელის ფარგლებში საკონსტიტუციო წარდგინებაში დასმულ პრობლემატურ საკითხს გადაწყვეტს, იარსებებს საერთო სასამართლოებში საქმის წარმოების განახლების საფუძველი.

20. საქართველოს უზენაესი სასამართლო კერძო საჩივრის ავტორებს განუმარტავს, რომ თუ მათ მიერ წარდგენილ საკონსტიტუციო სარჩელზე გადაწყვეტილების გამოტანით გადაწყდება ის სამართლებრივი პრობლემა, რომლის შესახებაც წარდგა კონსტიტუციური წარდგინება, მაშინ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შესაბამისი ღონისძიებების გატარების შემთხვევაში, იარსებებს სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოების განახლების საფუძველი. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციური წარდგინებით საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვით არ იზღუდება კერძო საჩივრის ავტორთა უფლებები.

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ე. კ–ნის, ს. კ–ნის, ე.ჩ-ა–ნის, მ. ა–ნის, ი. ა–ნის, მ.დ–ძის, ნ. კ–ნის და თ.ბ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 6 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი