Facebook Twitter

საქმე №ას-992-2021 13 ოქტომბერი, 2021 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ნ.თ–ნი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,თ. ე. ჯ.“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმისწარმოების განახლება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს ,,თ. ე. ჯ–მ“ (შემდგომ – მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ.თ–ნის (შემდგომ - მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 20 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, შესაგებლის წარუდგენლობის გამო, სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს 1174 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ოქტომბრის საოქმო განჩინებით, მოპასუხის საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 20 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმისწარმოება განახლდა; მოპასუხეს შესაგებლის წარდგენისათვის განსაზღვრული 10-დღიანი ვადა აღუდგა, რომლის ათვლა განჩინების გამოცხადების დღიდან დაიწყო.

5. 2021 წლის 13 აპრილის სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარის გამოუცხადებლობის გამო, თბილისის საქალაქო სასამართლომ განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღო და მოსარჩელის სარჩელი დააკმაყოფილა. მოპასუხეს 1174 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა, რაც მოპასუხემ საჩივრით (რომელიც თავისი შინაარსით სააპელაციო საჩივარია) გაასაჩივრა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ივლისის განჩინებით, აპელანტის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 13 აპრილის განმეორებით დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად.

7. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხის წარმომადგენელმა საჩივარი წარმოადგინა, რომელიც თავისი შინაარსით სააპელაციო საჩივარია და არ პასუხობს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშს, არ არის შედგენილი ამ ნიმუშში მითითებული წესების დაცვით.

8. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 365-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლოში ქონებრივსამართლებრივი ტიპის დავებზე სააპელაციო სასამართლო წარმოებაში მიიღებს და იმსჯელებს მხოლოდ ისეთ სააპელაციო საჩივრებზე, რომელთა ღირებულება 2000 ლარს აღემატება. 2000 ლარის ან მასზე ნაკლები ღირებულების მქონე სააპელაციო საჩივარი კი არ დაიშვება და განუხილველად დარჩება.

9. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს 1174 ლარი, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის ღირებულება არ აღემატება 2000 ლარს, რაც ვერ აკმაყოფილებს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში დავის საგნის ღირებულების კუთხით სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის კრიტერიუმებს და, ამდენად, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობა.

10. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება აპელანტმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა და ამ განჩინების გაუქმება მოითხოვა შემდეგი საფუძვლებით:

10.1 კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მის წინააღმდეგ მიღებული პირველი დაუსწრებელი გადაწყვეტილება გააუქმა, თუმცა მოპასუხის წარმომადგენლის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, 2021 წლის 13 აპრილს კვლავ განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღო.

10.2 კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ თავისივე გადაწყვეტილებაში მიუთითა იმ გარემოებაზე, თუ რატომ ვერ მოხერხდა მოპასუხის წარმომადგენლის სასამართლო სხდომაზე მონაწილეობა, მაინც უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, რითაც მოპასუხე მხარის ინტერესები შეილახა.

10.3 კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დავის საგნის ფასის მიუხედავად, სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა და უნდა გაუქმდეს.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

12. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

13. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის შეფასების საგანია, ქონებრივ დავაზე სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება არ აღემატება კანონით დადგენილ ზღვრულ ოდენობას.

14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ წინაპირობად ქონებრივ-სამართლებრივ დავებში, სხვა წინაპირობებთა ერთად, რომელთა არსებობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი მიიღება განსახილველად, მიიჩნევს სააპელაციო საჩივრის ღირებულების ოდენობის შესაბამისობას კანონით გათვალისწინებულ ოდენობასთან (სსსკ-ის 365-ე მუხლი).

15. სსსკ-ის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

16. დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოში ქონებრივ დავებზე შეტანილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა ხასიათდება გარკვეული სპეციფიკურობით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო წარმოებაში მიიღებს და იმსჯელებს მხოლოდ ისეთ სააპელაციო საჩივრებზე, რომელთა ღირებულება 2000 ლარს სცილდება, შესაბამისად, ნორმით დადგენილი შეზღუდვა იმპერატიულია და კრძალავს სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებას, თუ მისი ღირებულება 2000 ლარს არ აღემატება.

17. კერძო საჩივრის ფარგლებში სადავოდ არ არის გამხდარი დავის საგნის ღირებულება, რომელიც 1174 ლარია.

18. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

19. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ამ კუთხით მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.

20. ამდენად, საქმის მასალებით დგინდება და ცალსახაა, რომ სააპელაციო საჩივრის ღირებულება, განსახილველ შემთხვევაში, 2000 ლარზე ნაკლებია და, სსსკ-ის 365-ე მუხლის თანახმად, არსებობს სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველი.

21. საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია, თუმცა იგი უფლებით დაცულ სფეროში ჩარევად ვერ განიხილება, რადგანაც საკანონმდებლო საფუძველი აქვს და გამართლებულია შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე დავის სწრაფად დამთავრებით (იხ. ასევე სსსკ-ის - 2.2. მუხლი).

22. პალატა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) ფარგლებში დამატებით განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს პრაქტიკა განაცხადის დასაშვებობისას ამოწმებს ზიანის (დანახარჯების) ოდენობას და მიიჩნევს, რომ მცირე ღირებულების საქმეებზე, თუკი არ დასტურდება პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტი, განაცხადს დაუშვებლად მიიჩნევს სწორედ „ზიანის მცირე მნიშვნელობის“ (დავის ქონებრივი ცენზის დაწესება) გათვალისწინებით (ECHR: Ionescu v. Romania; Vasilchenko v. Russia; Stefanescu v. Romania და სხვა) (სუსგ 28.04.2017წ, საქმე №ას-230-218-2017; 21.11.2019წ, საქმე №ას-1305-2019; 30.03.2020წ, საქმე №1572-2019).

23. სსსკ-ის 365-ე მუხლით დადგენილი სააპელაციო საჩივრის ფასი მხარისათვის მინიჭებული გასაჩივრების უფლების ერთ-ერთ კანონიერი წინაპირობაა, რომელიც სამართალწარმოების დროულ და ეფექტურ ორგანიზებასა და განხორციელებას ემსახურება, რაც არ შეიძლება ისეთ დანაწესად შეფასდეს, რომელიც არასამართლიანად ართმევს მომჩივანს სასამართლოსადმი წვდომის უფლებას (Mirigall Escolano and Others v. Spain, 38366/97, $33, 2000, ECHR) (სუსგ 14.07.2017წ., საქმე №ას-692-646-2017; 22.06.2018წ, საქმე №ას- 533-533-2018).

24. სსსკ-ის (შემდეგში - სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ივლისის განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ.თ–ნის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე