Facebook Twitter

საქმე №ას-872-2021 13 ოქტომბერი, 2021 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - თ.პ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,ს.ბ–კი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა, მესაკუთრისათვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. სს ,,ს.ბ–კმა“ (შემდგომ – მოსარჩელე, ბანკი, მესაკუთრე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში თ.პ–ძის (შემდგომ – მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) მიმართ და მოითხოვა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა, გამოთავისუფლება და მესაკუთრისათვის გადაცემა.

სარჩელის საფუძვლები:

2. ბანკის განმარტებით, სადავო უძრავი ქონება მის საკუთრებას წარმოადგენს, თუმცა მოპასუხე ქონებას უკანონოდ ფლობს და მოსარჩელე ვერ ახერხებს საკუთარი ქონების განკარგვას და იძულებულია, დარღვეული უფლების აღსადგენად მიმართოს სასამართლოს.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი - აღსრულების ეროვნული ბიუროს განკარგულება უკანონოა, რომლის შესახებ დავა სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მიმდინარეობს, სადაც მესამე პირებად ჩაბმულები არიან წინამდებარე საქმის მხარეები.

4. მოპასუხის განმარტებით, სადავო უძრავ ქონებაზე მასსა და მ.ტ–ძეს შორის გაფორმებულია იჯარის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით და ეს უკანასკნელი წარმოადგენს უძრავი ქონების მოსარგებლესა და მართლზომიერ მფლობელს, რომლის კანონიერი უფლებაც წინამდებარე სარჩელითა და აღსრულების ეროვნული ბიუროს უკანონო აქტით ილახება.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით, მესაკუთრის სარჩელი დაკმაყოფილდა, სადავო უძრავი ნივთი გამოთხოვილ იქნა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან და ამ უკანასკნელს მისი გამოთავისუფლება და მესაკუთრისათვის გადაცემა დაევალა.

6. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ივნისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

8. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო უძრავი ქონება ბანკის საკუთრებაა, რომელსაც მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მოპასუხე ფლობს.

9. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და მართებულად განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 172-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, აპელანტი ვალდებული იყო მესაკუთრისათვის კუთვნილი ქონება დაებრუნებინა.

10. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია, რომლის თანახმად, სასამართლო ვალდებული იყო საქმისწარმოება შეეჩერებინა. სასამართლოს განმარტებით, საქმის მასალებით დგინდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის წარმოებაშია მ.ტ–ძის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებაზე. ამ საქმეში მ.ტ–ძეს სარჩელი აღძრული აქვს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წინააღმდეგ და ითხოვს 2017 წლის 4 დეკემბრის განკარგულების ბათილად ცნობას. წინამდებარე საქმის მხარეები კი, საქმეში ჩართულნი არიან მესამე პირებად.

11. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტზე ,,სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით“ მითითებით განმარტა, რომ ამ ნორმის თანახმად, „საქმის განხილვის შეუძლებლობა“, საპროცესო კოდექსით დადგენილი შეზღუდვების გამო, ფაქტების დადგენის შეუძლებლობას ნიშნავს. ე.ი. საქმის განხილვა შეუძლებელად ჩაითვლება, თუ საქმის გადაწყვეტისათვის აუცილებელი ფაქტები არა „ამ საქმის“, არამედ „სხვა საქმის“ განხილვისას უნდა დადგინდეს. გარდა ამისა, საქმის წარმოების შეჩერებისათვის აუცილებელია, რომ სხვა საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს შესაჩერებელ საქმეში მონაწილე მხარეთათვისაც დადგენილი ძალა უნდა ჰქონდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, „სხვა გადაწყვეტილებას“ საქმისათვის არავითარი მნიშვნელობა არ ექნება და არც წარმოების შეჩერება არ დაიშვება.

12. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, უდავოა, რომ მოცემულ საქმეში მოდავე მხარეები ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მოსარჩელესა და მოპასუხეს არ წარმოადგენენ. ამ სამართალწარმოებაში სარჩელი აღძრული აქვს მესამე პირს ადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგ.

13. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართოს მსგავსი კატეგორიის საქმეზე მიუთითა და სსკ-ის 312-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ დაუსაბუთებელია მოსაზრება იმის შესახებ, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული საკუთრების უფლების საფუძვლად მითითებული გარიგების ბათილობის თაობაზე მესამე პირის მიერ სარჩელის შეტანის გამო რეესტრის მონაცემების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია აღარ მოქმედებს და, შესაბამისად, ამ ჩანაწერის საფუძველზე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. ამ საფუძვლით საქმის განხილვის შეუძლებლობა დაუსაბუთებელია. აქედან გამომდინარე, დაუსაბუთებელია საქმის წარმოების შეჩერებაც (იხ. სუსგ. საქმე-№ას-1542-1462-2017, 2018 წლის 30 იანვარის განჩინება).

14. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმისწარმოება კანონიერად არ შეაჩერა.

15. სასამართლოს განმარტებით, გადაწყვეტილების სხვა უსწორობის თაობაზე აპელანტს არ მიუთითებია, სსსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კი სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ამოწმებს.

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძველს არ ქმნიდა.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

17. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

18. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები არ გაითვალისწინა, კერძოდ, ის გარემოებები, რომ უძრავი ქონების მესაკუთრედ საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ბანკი, თუმცა მისი საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი - აღსრულების ეროვნული ბიუროს განკარგულება სადავოდ არის გამხდარი და გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოში ადმინისტრაციული წესით, სადაც მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროა, ხოლო მესამე პირები - მოცემული საქმის მხარეები.

19. მოპასუხის მითითებით, სადავოდ არის გამხდარი ბანკის საკუთრების უფლება, ვინაიდან მისი რეგისტრაციის საფუძველი კანონის არსებითი დარღვევით მიღებული განკარგულებაა. სადავო უძრავი ქონება ისე გავიდა აუქციონზე სარეალიზაციოდ, რომ არ იყო სრულად აღწერილი, კერძოდ, აღწერის ოქმში არ იყო მითითებული ის ფაქტი, რომ მედეა ტყამლაძეს სადავო უძრავ ქონებასთან დაკავშირებით გაფორმებული ჰქონდა იჯარის ხელშეკრულება საბოლოო შესყიდვის უფლებით და გადახდილი ჰქონდა თანხის ნაწილი. გარდა ზემოაღნიშნულისა, განკარგულებაში არ არის მითითებული გასაჩივრების წესი და პირობები, რაც ცალსახად განკარგულების ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს.

20. კასატორის მტკიცებით, სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა ზემოაღნიშნული გარემოებები. ამასთან, მოცემული საქმე და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის წარმოებაში არსებული საქმე ურთიერთდაკავშიებულია და მნიშვნელოვანია ჯერ ადმინისტრაციული დავა გადაწყდეს.

21. კასატორის მითითებით, მიუხეადავად იმისა, რომ არსებობდა სსსკ-ის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ პუნქტით გათვალისწინებული გარემოება, სასამართლომ სამოქალაქო საქმისწარმოება ადმინისტრაციულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე არ შეაჩერა, რითაც კასატორის უფლება დაირღვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

22. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებია შემდეგ გარემოებათა გამო:

23. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

24. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

25. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:

26. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

27. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც დადგენილად მიიჩნევა შემდეგი:

28. მოსარჩელე მესაკუთრეა იმ უძრავი ნივთის, რომელსაც ფლობს მოპასუხე, თუმცა მფლობელობის კანონიერი საფუძველი არ გააჩნია.

29. სარჩელზე დავის საგანი უკავშირდება საკუთრების უფლების დაცვას და მესაკუთრის მიერ უფლების დამრღვევი პირის მიმართ აღძრულია იმგვარი მოთხოვნა, რომელიც საკუთრების უფლების ობიექტის დაბრუნებას გულისხმობს, ანუ მესაკუთრე სასამართლოს მეშვეობით ითხოვს სხვისი უკანონო მფლობელობიდან საკუთარი ნივთის გამოთხოვას.

30. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში საკუთრების უფლება განმარტებულია ვრცლად და იგი მოიცავს არაერთ ქონებრივ/ფულად უფლებას, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – ,,მარქსი ბელგიის წინაღმდეგ" განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება’’ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება - ,,მარქსი ბელგიის წინააღმდეგ", განაცხ. 6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).

31. სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

32. უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებისა და გადაცემის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილია.

33. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია:

34. სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ უკანასკნელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

35. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, უნდა გამოიკვეთოს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, რათა მოსარჩელეს უფლება ჰქონდეს, ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს.

36. კასატორის პრეტენზიებს, საკასაციო პალატა ვერ განიხილავს მესაკუთრის საკუთრების უფლების შეზღუდვის სამართლებრივ საფუძვლად.

37. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე, რომელიც ითხოვს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას, წარმოადგენს სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრეს, რაც დადასტურებულია ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები მიიჩნევა სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ასევე, დადგენილია, რომ მოპასუხე არის სადავო უძრავი ქონების მფლობელი, რომელმაც, სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო საკუთარი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერება.

38. საკასაციო პალატის აზრით, ქონების კანონიერი მესაკუთრის საკუთრების უფლების ბოჭვის საფუძველს სხვა პირის მიერ სადავო ქონების მართლზომიერი ფლობის ფაქტის დადასტურება წარმოადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოპასუხის იურიდიულ ინტერესში შემავალი სამართლებრივი შედეგი (სადავო ნივთის ფლობის უფლების შენარჩუნება) მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღწეოდა, თუ იგი დაამტკიცებდა ქონების მართლზომიერად ფლობას.

39. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქმეში არ არის წარდგენილი შესაბამისი მტკიცებულება, რომელიც მოსარჩელის საკუთრების უფლების წარმოშობის შემაფერხებელ გარემოებად მიიჩნეოდა, შესაბამისად, კასატორის მიერ მითითებული საკასაციო პრეტენზიები, ვერ მიიჩნევა იმგვარ საკასაციო შედავებად, რაც სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას - მოსარჩელის მიერ სადავო უძრავი ქონების საკუთრების უფლების ფაქტს გააქარწყლებდა.

40. როგორც ზემოთ აღინიშნა, კასატორმა ვერ მიუთითა ვინდიკაცური სარჩელის დაკმაყოფილების საწინააღმდეგო გარემოებასა ან მტკიცებულებაზე.

41. საქმისწარმოების შეჩერების შესახებ კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ არ არსებობდა სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასამართლოს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლები, რომლის თანახმად, ,,სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმისწარმოება თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით“.

42. საკასაციო პალატის განმარტებით, აღნიშნული ნორმა საქმისწარმოების შეჩერების აუცილებლობას ითვალისწინებს ისეთ შემთხვევაში, როდესაც განსახილველი დავის გადაწყვეტას სამართლებრივად აფერხებს სხვა სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით განსახილველი საქმის გადაწყვეტა.

43. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმისწარმოების შეჩერების ვალდებულება პირდაპირ უკავშირდება ისეთ საპროცესო ინსტიტუტს, როგორიცაა, მტკიცების ტვირთი და ემსახურება ფაქტების დამტკიცების ვალდებულებისაგან მხარეთა გათავისუფლების მიზანს, სამართალწარმოების ერთ-ერთი პრინციპის, საპროცესო ეკონომიის, რეალიზაციის უზრუნველყოფას, რაც, თავის მხრივ, ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელების წინაპირობაა. სხვა სამართალწარმოებით (წარმოებით) საქმის განხილვისას, სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, ბევრჯერ შეუძლებელს ხდის კონკრეტული საქმის განხილვას, რამდენადაც ფაქტები, რომლებიც უნდა დადგინდეს სამოქალაქო ან ადმინისტრაციული წესით განხილვისას, ვერ იქნება გამორკვეული, შეფასებული და დადგენილი კონკრეტული საქმისწარმოებისას, ამავდროულად, ამ ფაქტების დადგენამდე შეუძლებელი უნდა იყოს მოცემული საქმის განხილვა. გათვალისწინებული საფუძვლით საქმისწარმოების შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა საქმეთა შორის ისეთი აუცილებელი კავშირი, რაც შეჩერების ღონისძიების გამოუყენებლობის პირობებში ობიექტურად შეუძლებელს გახდის სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის განხილვას. სხვაგვარად თუ ვიტყვით, საქმისწარმოების შეჩერება დასაშვებია მხოლოდ იმ პირობით, თუ სხვა საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას შეიძლება მიეცეს პრეიუდიციული მნიშვნელობა სასამართლოს განხილვაში არსებული საქმის გადაწყვეტისას. აქედან გამომდინარე, საქმისწარმოების შეჩერებამდე, სასამართლომ ზუსტად უნდა განსაზღვროს, თუ რა კავშირი არსებობს მის მიერ განსახილველ საქმესა და იმ საქმეს შორის, რომელსაც სხვა სასამართლო განიხილავს (იხ. სუსგ, №ას-1551-2018, 2019 წლის 31 იანვრის განჩინება).

44. განსახილველ საქმეზე კასატორმა საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლად მიუთითა, რომ მესამე პირმა, სარჩელით მიმართა სასამართლოს იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით, რომლითაც მოსარჩელემ ნივთზე საკუთრების უფლება მოიპოვა. კასატორის მტკიცებით, მოცემული სამოქალაქო საქმის ობიექტურად გადაწყვეტა შეუძლებელია ზემოთ დასახელებული დავის გადაწყვეტამდე.

45. საკასაციო პალატა, დაუსაბუთებლობის გამო, არ იზიარებს კასატორის ზემოაღნიშნულ არგუმენტს და მიუთითებს, რომ საქმეთა შორის ისეთი აუცილებელი კავშირი, რაც, შეჩერების ღონისძიების გამოუყენებლობის პირობებში, ობიექტურად შეუძლებელს გახდის საქმის განხილვას არ დგინდება.

46. მოცემულ დავაში, საკასაციო პალატის შეფასების საგანია თუ რამდენად ვლინდება ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები. ამასთან, უდავოა, რომ უძრავ ქონებაზე მოწინააღმდეგე მხარის მესაკუთრეობის ფაქტი საჯარო რეესტრის ჩანაწერებიდან დგინდება.

47. სსკ-ის 312-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიმართ მოქმედი უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის მიზანია სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების დაცვა და სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფა. უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული უფლება მანამდეა კანონიერი, უფლებამოსილ პირს მანამდე შეუძლია, თავისუფლად განკარგოს ეს ქონება, ვიდრე რეგისტრაციის საფუძველი (სამოქალაქო-სამართლებრივი გარიგება, ადმინისტრაციული აქტი, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და სხვა) არ გაუქმდება, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. საჯარო რეესტრის ჩანაწერების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია მოქმედებს იმ დრომდე, ვიდრე პრეზუმირებული ფაქტის უსწორობა არ დამტკიცდება.

48. როგორც ზემოთ აღინიშნა, საჯარო რეესტრის ამონაწერით დადასტურებულია, რომ სადავო უძრავი ნივთი საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მოსარჩელის სახელზე, რომელსაც მოპასუხე არამართლზომიერად ფლობს, შესაბამისად, არ დასტურდება ისეთი გარემოების არსებობა, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს გახდიდა წინამდებარე დავის გადაწყვეტას მესამე პირის მიერ აღძრული სხვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი დავის განხილვის დასრულებამდე (იხ. საქმე №ას-775-2021, 2021 წლის 9 სექტემბრის განჩინება).

49. ზემოხსენებული მსჯელობიდან გამომდინარე, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული საკუთრების უფლების საფუძვლად მითითებული განკარგულების ბათილობის თაობაზე მესამე პირის მიერ სარჩელის შეტანის გამო, ვინდიკაციური სარჩელის განხილვის შეუძლებლობა დაუსაბუთებელია (შდრ. საქმე №1542-1462-2017, 2018 წლის 30 იანვრის განჩინება). ამასთან, ადმინისტრაციული სამართალწარმოების ხანგრძლივი დროის გასვლის მიუხედავად (სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარდგენილია 2018 წლის 24 სექტემბერს), საკასაციო სასამართლოსათვის უცნობია ადმინისტრაციული წარმოების შედეგიც, შესაბამისად, სსსკ-ის 279-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის წინაპირობების არსებობა არ დგინდება.

50. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ დაამტკიცა ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების ყველა წინაპირობის არსებობა, რაც კასატორს სათანადო წესით არ უარყვია.

51. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

52. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

53. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია, შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

54. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-246-246-2018, 2018 წლის 20 მარტის განჩინება; №ას-1032-952-2017, 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინება; №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; №ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; №ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; №ას-750-718-2016, 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინება; №ას- 3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება, №ას-173-2020, 2020 წლის 29 ივნისის განჩინება).

55. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

56. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს დაუბრუნდება 150 ლარის 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ.პ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. თ.პ–ძეს (პ/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ნ.ნ–ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის (საგადახდო დავალება 11574493976 / გადახდის თარიღი 13.09.2021), 70% - 105 ლარი.

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე