Facebook Twitter

საქმე №ას-620-2021 13 ოქტომბერი, 2021 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.დ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება/გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ ამავე სასამართლოს 2021 წლის 15 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება, საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად

დავის საგანი – უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა, უძრავი ქონების ყადაღისგან გათავისუფლება, მოვალეთა რეესტრიდან ამორიცხვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. მ.დ–მა (შემდგომ – მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს ,,ი–ის“ (შემდგომ - პირველი მოპასუხე), ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის (შემდგომ - მეორე მოპასუხე, აპელანტი, კასატორი), ზ.ჩ–ის (შემდგომ - მესამე მოპასუხე), ლ.ჟ–ძისა (შემდგომ - მეოთხე მოპასუხე), ი.ბ–სა (შემდგომ - მეხუთე მოპასუხე) და მ.ჯ–ის (შემდგომ - მეექვსე მოპასუხე) მიმართ, უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობის, უძრავი ქონების ყადაღისგან გათავისუფლებისა და მოვალეთა რეესტრიდან ამორიცხვის თაობაზე.

მოპასუხეების პოზიცია:

2. პირველ მოპასუხეს სარჩელზე შესაგებელი არ წარუდგენია. მეორე-მეხუთე მოპასუხეებმა წერილობით წარგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს, ხოლო მეექვსე მოპასუხემ სარჩელი საქმის განხილვის მოსამზადებელ ეტაპზე ცნო.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოსარჩელე ცნობილ იქნა ქ. თბილისში, ......, მე-5 სართულზე, ბინა №48-ში (ს/კ .....) მდებარე 60.22 კვ.მ უძრავი ქონების მესაკუთრედ და ზემოაღნიშნული ქონება №A17102238, №A17111972, №A17128049 და №A18094089 სააღსრულებო საქმეების ფარგლებში დადებული ყადაღისაგან გათავისუფლდა. სარჩელი, ზემოაღნიშნული უძრავი ქონების მოვალეთა რეესტრის შეზღუდული უფლებიდან ამორიცხვის ნაწილში, არ დაკმაყოფილდა.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მეორე მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმება და, სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება:

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე მოსარჩელის (მოწინააღმდეგე მხარის) შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, ხოლო აპელანტის სააპელაციო საჩივარი, ამ უკანასკნელის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება, რაც მეორე მოპასუხემ საჩივრით გაასაჩივრა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები:

6. სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 15 აპრილის განჩინებით, მეორე მოპასუხის საჩივარს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე, ხოლო გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 241-ე და 233.1 მუხლებით და განმარტა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში სააპელაციო საჩივრის განსახილველად სასამართლო სხდომა 2021 წლის 25 თებერვალს, 11:00 საათზე ჩაინიშნა, რის შესახებაც, აპელანტს სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა სასამართლო უწყება, რომელიც ორგანიზაციის კანცელარიის თანამშრომელს - ლ.ფ–ძეს 2021 წლის 28 იანვარს ჩაჰბარდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 თებერვლის 11:00 საათზე დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტის წარმომადგენელი, რომელიც სხდომის დროისა და გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგების შესახებ გაფრთხილებული იყო სათანადო წესით.

8. აპელანტის მტკიცებით, პანდემიით გამოწვეული გარემოებებიდან გამომდინარე, სხდომის დისტანციურად წარმართვის გონივრული ვარაუდი ჰქონდა და ვინაიდან, სასამართლოს უფლებამოსილი პირი არ დაუკავშირდა, მიიჩნია, რომ სხდომა სხვა დროისათვის გადაიდო.

9. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 215-ე მუხლის პირველ და მესამე ნაწილებზე და განმარტა, რომ სააპელაციო განხილვის თითოეული ეტაპი ცნობილი იყო მხარეებისთვის, მათ გადაეგზავნათ საქმეში არსებული მასალები და ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თარიღისა და განხილვის ფორმის თაობაზე.

10. სააპელაციო სასამართლომ ,,კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღსაკვეთად სასამართლო სისტემაში გასატარებელ ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 13 მარტის რეკომენდაციის პირველი მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტზე მითითებით განმარტა, რომ სასამართლო უფლებამოსილია, უზრუნველყოს სხდომაზე მხარის დისტანციურად მონაწილეობაც, თუმცა, სადავო შემთხვევაში, სასამართლო სხდომა დანიშნული იყო სხდომათა დარბაზში და იმ შემთხვევაში, თუ მხარეს სურვილი ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო დისტანციურად, სასამართლოსათვის უნდა ეცნობებინა.

11. სასამართლოს მითითებით, უდავოა, რომ აპელანტი სხდომა და გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგების თაობაზე სათანადო წესით იყო გაფრთხილებული. ამასთან, მას სასამართლოსთვის წინასწარ სხდომის გამოუცხადებლობისა ან დისტანციურად მონაწილეობის სურვილის შესახებ არ უცნობებია, რაც საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების საფუძველია.

საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

12. აპელანტმა (მეორე მოპასუხემ) საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად და საქმის ხელახლა სააპელაციო სასამართლოსთვის დაბრუნება მოითხოვა.

13. კასატორის მტკიცებით, იგი სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით გათვალისწინებული წესით გაფრთხილებული არ იყო. მართალია, სასამართლო უწყება აპელანტს ჩაჰბარდა, მაგრამ სასამართლო უწყებაში აპელაციის აღმძვრელ პირად მითითებული იყო ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული (მერია), შესაბამისად, აპელანტი ვერ ივარაუდებდა მის სამოქალაქო საქმეში აპელანტის სტატუსით დაბარებას, ეს კი ადასტურებს სასამართლოს მხრიდან აპელანტის არასათანადოდ გაფრთხილების ფაქტს, კერძოდ, სსსკ-ის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის დასაბარებელი პირის ვინაობისა და სტატუსის ზუსტად მითითების ვალდებულების დარღვევას.

14. კასატორის მითითებით, 2021 წლის 25 თებერვლის სასამართლო სხდომის დისტანციურ რეჟიმში გამართვის მოლოდინი არსებობდა, ვინაიდან მანამდე ყველა სასამართლო სხდომა მისი მონაწილეობით დისტანციურად წარიმართა.

15. კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომლის თანახმად, სასამართლო სხდომის დისტანციურად გამართვისთვის სურვილის შემთხვევაში, მას სასამართლოსათვის თავად უნდა მიემართა. კასატორის განმარტებით, როდესაც სააპელაციო სასამართლო, იუსტიციის საბჭოს მითითების შესაბამისად, ყველა შემთხვევაში, პანდემიიდან გამომდინარე სხდომებს დისტანციურად მართავდა, სხვა ვერაფერს ივარაუდებდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

16. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება (რომლითაც ძალაში დარჩა სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება) უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

17. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, შესაფასებელია სააპელაციო სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისა და მისი უცვლელად დატოვების კანონიერება.

18. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

19. საკასაციო პალატა კასატორის არგუმენტების გაცნობის შემდეგ მიიჩნევს, რომ ამ კუთხით მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარუდგენია.

20. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტის სააპელაციო საჩივარს განხილვა 2021 წლის 27 იანვრის განჩინებით, 2021 წლის 25 თებერვალს, 11:00 საათზე, დაინიშნა.

21. აღნიშნულის შესახებ აპელანტს გაეგზავნა სასამართლო უწყება, რომელიც ორგანიზაციის კანცელარიის თანამშრომელს - ლ.ფ–ძეს 2021 წლის 28 იანვარს ჩაჰბარდა.

22. სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა მოპასუხის (აპელანტის) წარმომადგენელი. მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა გამოცხადებული მხარის შუამდგომლობა და აპელანტის წინააღმდეგ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

23. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს კასატორის იმ ძირითად პრეტენზიებზე, რომლებიც უკავშირდება როგორც მისი წარმომადგენლის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზს (იყო თუ არა საპატიო აპელანტის გამოუცხადებლობა), ასევე - აპელანტის სასამართლო სხდომაზე სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით მოწვევას.

24. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წესსა და წინაპირობებს სსსკ-ის 387-ე მუხლი განსაზღვრავს. აღნიშნული ნორმით გაუთვალისწინებელ შემთხვევებში კი, გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, მიიღოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თუ აპელანტი, რომელსაც საქმის განხილვის დრო კანონით დადგენილი წესით ეცნობა, არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სხდომაზე და არც გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე არ აცნობა სასამართლოს. ასეთ შემთხვევაში სასამართლო, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, დაუსწრებელი გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილებს სააპელაციო საჩივარს. ამავდროულად, ზემოაღნიშნული საპროცესო ღონისძიება ერთგვარი სანქციაა ისეთი მხარისათვის, რომელიც არასაპატიოდ არ ცხადდება საქმის განხილვაზე. ამდენად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა არსებობდეს 387-ე მუხლის პირველი ნაწილის შემადგენლობის ყველა ელემენტი: ა) აპელანტის გამოუცხადებლობა; ბ) გამოუცხადებლობის არასაპატიო მიზეზი; გ) მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

25. სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინების გაგზავნა სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა.

26. სსსკ-ის 215.3 მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად. ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად მიიჩნევა მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

27. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის საკასაციო პრეტენზიის თანახმად, პანდემიით გამოწვეული გარემოებებიდან გამომდინარე, საქმის განხილვის დისტანციურად წარმართვის გონივრული მოლოდინი ჰქონდა, რის გამოც სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.

28. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს, მიუთითებს ,,კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღსაკვეთად სასამართლო სისტემაში გასატარებელ ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღესი საბჭოს 2020 წლის 13 მარტის რეკომენტაციის პირველ მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტზე (სასამართლოებმა უნდა უზრუნველყონ: პროცესის მონაწილეთა სასამართლო განხილვაში მონაწილეობა დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით) და განმარტავს, რომ სასამართო უფლებამოსილი იყო უზრუნველეყო სასამართლო სხდომაზე მხარეთა დინტანციური მონაწილეობაც, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ მთავარი სხდომა ზეპირი მოსმენით, სხდომის დარბაზში 2021 წლის 25 თებერვალს, 11:00 საათზე დანიშნა და სასამართლომ მხარეებს სათანადო წესით შეატყობინა. საქმის ელექტრონული მასალების თანახმად, აპელანტისათვის გაგზავნილ უწყებაში მითითებულია სხდომის გამართვის ადგილი - სასამართლოს მისამართი (გრიგოლ რობაქიძის 7ა) და სხდომათა დარბაზი (№17).

29. საკასაციო პალატის განმარტებით, მაშინ, როდესაც სასამართლო უწყებაში მითითებული იყო, რომ სხდომა სასამართლოს სხდომის დარბაზში გაიმართებოდა, მოსალონდელი რისკის თავიდან ასაცილებლად, სხდომის დისტანციურად გამართვის გონივრული მოლოდინის ფარგლებშიც კი, აპელანტის წარმომადგენლის პასიური დამოკიდებულება - მიემართა სასამართლოსთვის და გაერკვია სხდომის ჩატარების ფორმატი, გონივრულობისა და წინდახედულობის სტანდარტს ეწინააღმდეგება, შესაბამისად, აპელანტის წარმომადგენელი მეტი წინდახედულობის გამოჩენის შემთხვევაში თავიდან აიცილებდა მის საწინააღმდეგო სამართლებრივ შედეგს - დაუსწრებელ გადაწყვეტილებას. გასათვალისწინებელია, რომ მოცემულ საქმეზე სასამართლო სხდომა დისტანციურად სააპელაციო სასამართლოში არცერთხელ არ დანიშნულა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კი, კასატორი პრეტენზია უსაფუძვლოა და სსსკ-ის 215.3 მუხლით გათვალისწინებულ საპატიო მიზეზად ვერ მიიჩნევა.

30. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას, რომლის თანახმად, მას სასამართლო უწყება კანონით დადგენილი წესით არ ჩაჰბარებია, შესაბამისად, გამოვლენილია სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა, რაც გამორიცხავდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას, აღნიშნულსაც საკასაციო პალატა არ იზიარებს და მიუთითებს, რომ კასატორის აღნიშნული პრეტენზია ურთიერთსაწინააღმდეგოა იმ პრეტენზიის, რომლითაც ეს უკანასკნელი როგორც საკასაციო საჩივარში, ასევე - დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე წარდგენილ საჩივარში აპელირებდა და ამტკიცებდა, რომ პანდემიის გამო გონივრულად ვარაუდობდა სხდომის დისტანციურად წარმართვას და, ვინაიდან სასამართლოს უფლებამოსილი პირი არ დაუკავშირდა, მიიჩნია, რომ სხდომა სხვა დროისათვის გადაიდო.

31. კასატორის პრეტენზიის უარსაყოფად, აღსანიშნავია, რომ სასამართლო უწყებაში, მითითებული იყვნენ მოწინააღმდეგე მხარეები, შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო უწყებაში აპელანტად ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია აღინიშნებოდა (საქმის მასალებში არსებულ სასამართლო უწყების მეორე გვერდზე აპელანტად კალმით მიწერია მუნიციპალური ინსპექცია), აპელანტს, როდესაც სასამართლო უწყება ჩაჰბარდა, შეეძლო იმავე უწყებაში მითითებულ მოსამართლის თამაშემწის საკონტაქტო ნომერზე დაერეკა და აპელანტი მხარის ზუსტი ვინაობა გაერკვია, რაც მას არ გაუკეთებია. გასათვალისწინებელია, რომ სასამართლო უწყებაზე მითითებული იყო საქმის ელექტრონული ნომერიც, ამასთან, იმ დროისათვის, აპელანტს, სამოქალაქო წესით განსახილველი მხოლოდ ეს ერთი დავა ჰქონდა.

32. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომლის თანახმად, იგი სასამართლო სხდომაზე კანონით დადგენილი წესით არ იყო მიწვეული.

33. საკასაციო პალატის მითითებით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს და საშუალებას აძლევს მონაწილე სახელმწიფოებს, მოაწყონ მათი სამართლებრივი სისტემები იმგვარად, რომ ხელი შეეწყოს სწრაფ და ეფექტურ სამართალწარმოებას, მათ შორის, დაუსწრებელი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობის კუთხით (იხილეთ: Aždajić v. Slovenia, no. 71872/12, 08/10/2015, § 49; Gankin and Oters v Russia, no. 12938/12. 31/05/2016, § 26.). თუმცა აღნიშნული არ შეიძლება განხორციელდეს სხვა პროცედურული გარანტიების, განსაკუთრებით კი მხარეთა თანასწორობის პრინციპის ხარჯზე.

34. საკასაციო პალატის მითითებით, სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი უზრუნველყოფს მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას. ის ემსახურება საპროცესო დისციპლინის განმტკიცებასა და პროცესის გამარტივებას. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია.

35. სსსკ-ის 410-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

36. ამრიგად, სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული დაუსწრებელ გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 25 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2021 წლის 15 აპრილის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 387-ე, 241-ე, 233-ე, 410-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 25 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ ამავე სასამართლოს 2021 წლის 15 აპრილის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე