Facebook Twitter

საქმე №ა-4051-შ-112-2021 20 ოქტომბერი, 2021 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე ალექსანდრე წულაძემ

ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე მ.კ–ძის შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების კინქსის ოლქის ნიუ იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ ბ.კ–ის მიმართ განქორწინების თაობაზე და

გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:

საკასაციო პალატა წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების შესწავლის საფუძველზე მიიჩნევს, რომ მ.კ–ძის შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების ცალკეული საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამდენად, მითითებული ნორმის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულებისას ხელმძღვანელობს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი ნორმებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი (მოცემულ შემთხვევაში, შუამდგომლობა) არ უპასუხებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საჩივარი არ დაიშვება.

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 სექტემბრის განჩინებით მ.კ–ძის შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 10 (ათი) დღის ვადაში წარმოედგინა ამერიკის შეერთებული შტატების კინქსის ოლქის ნიუ იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილების დედანი, ცნობა ამერიკის შეერთებული შტატების კინქსის ოლქის ნიუ იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის თაობაზე და ასევე, დაევალა შესაბამისი მტკიცებულებით დაედასტურებინა საქართველოს სასამართლოების საერთაშორისო კომპეტენციის არსებობა.

ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება შუამდგომლობის ავტორს ორჯერ გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მის მიერ მითითებულ მისამართზე მაგრამ არც ერთხელ არ ჩაბარდა იმ საფუძვლით რომ მისამართზე არავინ ხვდებოდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. ეს წესი მოპასუხის მიმართ გამოიყენება მის პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე უწყების გაგზავნის შემთხვევაში. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება მხარისათვის ჩაბარებულად უნდა მივიჩნიოთ 2021 წლის 5 ოქტომბერს - კურიერის განმეორებითი ვიზიტის დღე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული ათდღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2021 წლის 6 ოქტომბერს, ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ამოიწურა 2021 წლის 15 ოქტომბერს. სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მხარეს დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ შეუსრულებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.კ–ძის შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების კინქსის ოლქის ნიუ იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ა. წულაძე