საქმე №ას-709-2021 19 ოქტომბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – გ.კ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.თ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე ნაწილობრივ უარის თქმა
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ნ.თ–ძემ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ.კ–ძის (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის 50 000 ლარის გადახდის დაკისრება.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, საბანკო გადარიცხვების გზით, მოპასუხეს სესხად გადასცა სულ 80 000 ლარი. აღნიშნული თანხა მოპასუხეს უნდა დაებრუნებინა სრულად, თუმცა მან მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, დააბრუნა 30 000 ლარი, ხოლო დასაბრუნებელი დარჩა 50 000 ლარი, რომლის დაბრუნებაც ივალდებულა ელექტრონულ ფოსტაზე მიმოწერით. ( იხ. ს.ფ. 3).
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელე დიდი ხნის განმავლობაში დაინტერესებული იყო მისი პიროვნებით, უყვარდა იგი და ყოველგვარი საშუალებით ცდილობდა მოეპოვებინა ყურადღება და კეთილგანწყობა. სწორედ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა 80 000 ლარი ზეპირი ფორმით დადებული ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე. მხარეთა შორის ჩუქების ხელშეკრულების არსებობაზე და მხარეთა შორის პირად, ახლო ურთიერთობაზე მიუთითებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საგადახდო დავალებებიც, სადაც ტრანზაქციის დანიშნულებად მითითებულია პირადი გადარიცხვა, ასევე „dremer’s disease“, რაც ნიშნავს „მეოცნების დაავადებას“. მოსარჩელე საკუთარი სურვილით, მოპასუხის მიზნების მიღწევაში ხელის შესაწყობად, ურიცხავდა თანხას პირად ანგარიშზე. ამ ურთიერთობის და მოსარჩელის ქმედების მოტივი იყო მოპასუხესთან ახლო (სასიყვარულო) ურთიერთობის ჩამოყალიბება. შესაბამისად, თანხის ჩარიცხვა ემსახურებოდა ამ მიზანს. მოპასუხეს არ სურდა მოსარჩელესთან სასიყვარულო ურთიერთობის ჩამოყალიბება, ამიტომ, მან უკან გადაურიცხა 30 000 ლარი.( იხ. ს.ფ.67-68).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგელოდ დაეკისრა 50 000 ლარის გადახდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით. 29.01.2021წ. აპელანტმა დააზუსტა მოთხოვნა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა მხოლოდ 3750 ლარის დაკისრების ნაწილში.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 აპრილის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
6. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და სადავოდ არ არის გამხდარი ის გარემოება, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს სხვადასხვა დროს გადაურიცხა სულ 80 000 ლარი. ასევე უდავოა, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს უკან დაუბრუნა 30 000 ლარი. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მან აღნიშნული თანხა მოპასუხეს გადასცა სესხის სახით და მოითხოვა დარჩენილი თანხის უკან დაბრუნება. მოპასუხემ თანხის მიღება არ უარყო, თუმცა მიიჩნია, რომ მოსარჩელემ მას თანხა გადასცა საჩუქრად, პირადი ხასიათის ახლო ურთიერთობის ჩამოყალიბების მიზნით.
7. ამდენად, განსახილველი დავის მართებულად გადაწყვეტისათვის, მნიშვნელოვანია მხარეთა შორის არსებული სადავო სამართალურთიერთობის კვალიფიკაცია.
8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 623-ე და 624-ე მუხლების მიხედვით, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სესხის ხელშეკრულება ცალმხრივი და რეალური ხელშეკრულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება და მხარეთა უფლება-მოვალეობები წარმოიშობა მხოლოდ გამსესხებლის მიერ მსესხებლისათვის ფულის ან სხვა გვაროვნული ნივთის საკუთრებაში გადაცემის მომენტიდან. ამასთან, კანონი არ ადგენს გარიგების ფორმის შეზღუდვას და უშვებს სესხის ხელშეკრულების, როგორც წერილობითი, ასევე ზეპირი ფორმით დადების შესაძლებლობას. ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სესხის ხელშეკრულების არსებითი პირობაა გამსესხებლის მიერ მსესხებლისათვის თანხის ან სხვა გვაროვნული ნივთის გადაცემა, ასევე, მსესხებლის ნება, იკისროს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთის უკან დაბრუნების ვალდებულება.
9. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხემ მოსარჩელისგან 22.12.2016წ.–30.01.2017წ. პერიოდში, საბანკო გადარიცხვების გზით, ეტაპობრივად მიიღო სულ – 80 000 ლარი. მოსარჩელე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ მოპასუხემ მას დაუბრუნა 30 000 ლარი, თუმცა მოპასუხე უთითებს, რომ აღნიშნული გადარიცხვის საფუძველი იყო არა სესხის დაფარვა, არამედ მან უარი განაცხადა საჩუქრის მიღებაზე.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
11. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი - მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაამტკიცოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი - ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს“ (იხ. ჰ. ბოელინგი, ლ, ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2004, გვ.64).
12. სსკ-ის 623-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, სესხის ხელშეკრულების არსებობის თაობაზე მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს, თუმცა იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებით უდავოდ დგინდება მოპასუხის მიერ მოსარჩელისაგან თანხის მიღების და შემდგომში აღნიშნული თანხის ნაწილის უკან დაბრუნების ფაქტი, არსებობს პრეზუმფცია, რომ მხარეთა შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება. აღნიშნული ვარაუდის გაქარწყლება კი, მოპასუხემ უნდა განახორციელოს შესაბამისი მტკიცებულებებით.
13. სააპელაციო პალატა დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მსჯელობას, რომ ნაწილ საგადახდო დავალებებში, დანიშნულების გრაფაში, მოსარჩელის მიერ გაკეთებული ჩანაწერი „Dreamer`s disease“ (მეოცნების დაავადება) ერთმნიშვნელოვნად არ ადასტურებს მხარეთა შორის ჩუქების ხელშეკრულების არსებობას. პალატამ ყურადღება გაამახვილა, რომ დანიშნულების გრაფაში მოსარჩელეს ასევე მითითებული აქვს „დივიდენდის კაპიტალში დაბრუნება ივნისამდე“, „პირადი გადარიცხვა“, რაც მიუთითებს, რომ მოსარჩელე თავისი შეხედულებისამებრ ავსებდა დასახელებულ გრაფას და აღნიშნული არ შეიძლება გახდეს მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობის არსებობის გამომრიცხველი გარემოება. ამასთან, საქმეზე დადგენილი უდავო გარემოებების თანახმად, მოპასუხე ელექტრონული წერილით დაპირდა მოსარჩელეს 50 000 ლარის ჩარიცხვას, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მათ შორის სასესხო ურთიერთობის არსებობას.
14. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხემ ასევე ვერ შეძლო დაედასტურებინა ის გარემოება, რომ 30 000 ლარი მოსარჩელეს გადაურიცხა არა სესხის დასაფარად, არამედ მას აღარ სურდა საჩუქრის მიღება. საგადასახადო ქვითრების თანახმად, მოსარჩელემ მოპასუხესთან ბოლო ჩარიცხვა განახორციელა 30.01.2017წ., გასაჩივრებული გადაწყვეტილებით უდავოდ დადგენილია, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს 30 000 ლარი დაუბრუნა 2017 წლის იანვარში, თუმცა კონკრეტულად რა დღეს, მოპასუხე არ უთითებს და არც აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება აქვს წარმოდგენილი. შესაბამისად, დაუსაბუთებელია, რატომ უნდა იქნეს მიჩნეული მოპასუხის მიერ იანვარში განხორციელებული გადახდა საჩუქრის მიღებაზე უარად და არა ნაწილი სესხის თანხის დაფარვად.
15. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დაადასტურა მხარეებს შორის სესხის ხელშეკრულების არსებობა, მოპასუხემ კი აღნიშნულის გაქარწყლება შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენით, ვერ შეძლო.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
16. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა 3750 ლარის დაკისრების ნაწილში მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით აღნიშნულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
17. კასატორმა განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული და განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. სააპელაციო პალატამ არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, არასწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც უკანონოდ იქნა ხელყოფილი კანონით დაცული მოპასუხის უფლებები და ინტერესები.
18. კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელეს არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტი. სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა ის ფაქტი, რომ მოცემულ შემთხვევაში არ დადასტურდა სესხის ხელშეკრულების არსებითი პირობები, რაც ცალსახად გამორიცხავს მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობის დადგენას. საყურადღებოა, რომ ნებისმიერი საბანკო ტრანზაქცია და აღნიშნული გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი უპირობოდ მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების არსებობად ვერ იქნება განხილული, ვინაიდან, თანხის გადარიცხვის ფაქტი შესაძლებელია სხვადასხვა დანიშნულებისა და მიზნის მატარებელი იყოს. 2017 წლის 4 იანვრის №1483532053/GEL საგადახდო დავალებაში მოსარჩელის მიერ დანიშნულებად მიეთითა „Dreamer's disease“ (მეოცნების დაავადება), რაც დაუშვებელია, შეფასდეს სასესხო ურთიერთობის ფარგლებში განხორციელებულ ტრანზაქციად. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, როგორც საქმეში არსებული მტკიცებულებებით, ასევე, ზეპირი განხილვის სხდომაზე მხარეთა მიერ გაჟღერებული პოზიციებით ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად იქნა დადგენილი, რომ ტრანზაქციის დანიშნულება არ წარმოადგენდა სესხის ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელებულ შესრულებას, არამედ ჩუქების ხელშეკრულების ფარგლებში ერთი პირის მიერ მეორის მიზნების მისაღწევად გაწეულ დასაჩუქრებას (დახმარებას/ხელშეწყობას). მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმ გარემოების დადასტურება, რომ ზემოხსენებული საბანკო ოპერაცია მიმართული იყო სასესხო ურთიერთობის წარმოშობისაკენ და, როგორც გამსესხებლის, ისე მსესხებლის ნება სასესხო სახელშეკრულებო ურთიერთობაში შესვლა იყო, თუმცა, ამ ნაწილში მოსარჩელე მხარემ თავისი მტკიცების ტვირთის რეალიზება ვერ უზრუნველყო. შესაბამისად, ვინაიდან მოსარჩელის მიერ განხორციელებული ტრანზაქციის დანიშნულება შევსებულია თავად მის მიერ, მეორე მხრივ, ტრანზაქციაში მითითებული არ არის რაიმე სახის ინფორმაცია მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობის არსებობასთან დაკავშირებით, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია აღნიშნული ტრანზაქცია მიჩნეულ იქნას სესხის ხელშეკრულების არსებობის დადასტურების საფუძვლად.
19. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეაფასა მოსარჩელის მიერ თანხის ჩარიცხვა და მოპასუხის მიერ 30 000 ლარის უკან გადარიცხვა. არასწორია პალატის მსჯელობა, რომ აღნიშნული მიუთითებდა მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების არსებობის პრეზუმფციაზე. მოსარჩელის მიერ ჩარიცხული თანხა წარმოადგენდა საჩუქარს და მიზნად ისახავდა მოპასუხესთან ახლო სასიყვარულო ურთიერთობის ჩამოყალიბებას. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კასატორს არ სურდა მოსარჩელესთან სასიყვარულო ურთიერთობის ჩამოყალიბება მის მიერ უკან იქნა გადარიცხული 30 000 ლარი. მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და ვერ დაადასტურა მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამართალურთიერთობის არსებობა.
20. კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა მოსარჩელის მიერ გადარიცხვის დანიშნულებად მითითებული ჩანაწერი „Dreamer's disease“ (მეოცნების დაავადება), რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს მხარეთა შორის ჩუქების ხელშეკრულების არსებობაზე. სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ გადარიცხვისას მითითებული დანიშნულებები არ გამორიცხავს სასესხო ურთიერთობის არსებობას.
21. ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულ იქნა: „სსკ-ის 624-ე მუხლის დანაწესი, რომლის თანახმად, ზეპირი სესხის ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადასტურდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით, მიუთითებს სწორედ იმაზე, მოცემული ნორმით არ არის გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებების დადგენის კონკრეტული სამართლებრივი მექანიზმი და დასადგენი გარემოებების თავისებურების გათვალისწინებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა პროცესუალური მტკიცებულებების სახე. მართალია, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ წარმოადგინა სადავო თანხის იტალიიდან გადმოგზავნის გზით ს. მ.-ისათვის თანხის გადაცემის დამადასტურებელი მტკიცებულება (ფულადი გზავნილის გადარიცხვის ამსახველი ამონაწერი), თუმცა მასში რაიმე მინიშნება/მითითება არ არის მხარეთა შორის სასესხო ვალდებულების არსებობაზე. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც სადავოა თანხის გადაცემის დანიშნულება (სამართალურთიერთობის კვალიფიკაციისათვის) მხოლოდ ს. მ.-ის სახელზე სადავო თანხის გადმოგზავნა და ს. მ.-ის მიერ ამ თანხის მიღების ფაქტით, არ შეიძლებოდა დადასტურებულიყო მხარეთა შორის სასესხო ვალდებულების არსებობა."
22. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ ასევე არასწორად დაადგინა, რომ მოპასუხე ელექტრონული წერილით დაპირდა მოსარჩელეს 50 000 ლარის ჩარიცხვას. მოპასუხემ სრულად უზრუნველყო მისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და ცალსახაა, რომ 30 000 ლარის გადარიცხვა არ განხორციელებულა სესხის დასაფარად. მართალია, მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის გადაცემული თანხა სრულად წარმოადგენდა საჩუქარს და არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, თუმცა მოპასუხის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მხარემ სახელმწიფო ბაჟი სრულად ვერ გადაიხადა, შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა სარჩელის 3750 ლარის მოცულობით დაკმაყოფილების ნაწილში.
23. კასატორმა მიიჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული ერთგვაროვანი პრაქტიკისგან და ეწინააღმდეგება მას. სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. ამდენად არსებობს წინამდებარე საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და საკასაციო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
24. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
25. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
26. უპირველესად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ როგორც სააპელაციო, ისე საკასაციო საჩივრით მოპასუხემ სადავოდ გახადა სარჩელის ნაწილობრივ – 3750 ლარის ოდენობით დაკმაყოფილება.
27. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს მოცემულ საკასაციო საჩივარში დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენის გზით სადავოდ არ გაუხდია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტები, ამდენად, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეზე დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:
28. მოსარჩელემ მოპასუხეს სხვადასხვა დროს გადაურიცხა სულ 80 000 ლარი.
29. მოპასუხემ მოსარჩელეს უკან დაუბრუნა 30 000 ლარი.
30. წინამდებარე საკასაციო საჩივარში მხარემ განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეზე დადგენილი ფაქტები, რადგან რეალურად მხარეთა შორის ზეპირი ფორმით დაიდო სადავო თანხის ჩუქების და არა სესხის ხელშეკრულება.
31. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავებების საფუძვლიანობა. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ემყარება კანონდარღვევას, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი მატერიალური და პროცესუალური ნორმების დარღვევით.
32. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ: არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; არასწორად განმარტა კანონი. საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება, გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.
33. განსახილველი დავის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს მიერ შეფასების საგანს წარმოადგენს მოსარჩელისათვის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოთხოვნის წინაპირობების არსებობა. ამ ტიპის სარჩელის წარმატებულობა, ბუნებრივია, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი - კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი).
34. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს.
35. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა, საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.
36. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოთხოვნის საფუძველი სამოქალაქო სამართალში, ზოგადად არის სამართლის ის ნორმა, რომელიც დამოუკიდებლად ან სხვა მოთხოვნის საფუძვლებთან ერთობლიობაში აფუძნებს ამა თუ იმ მოთხოვნას ანუ სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა კონკრეტულ უფლება-მოვალეობებს (იხ. ჰ.ბოელინგი, ლ.ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, 38.) კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების დანიშნულებაა ურთიერთობაში მონაწილე სუბიექტების უფლებების განსაზღვრა და მათი განხორციელების უზრუნველყოფა. მოთხოვნა უფლების რეალიზაციის კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობაა. მოთხოვნა და მოთხოვნის საფუძველი სხვადასხვა ცნებებია და სასურველია მათი აღრევა თავიდან იქნეს აცილებული. ამ გამიჯვნას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმის გათვალისწინებით, რომ მოთხოვნათა შორის არჩევანის უფლება, მოსარჩელის უფლებამოსილებაა, ხოლო მოსარჩელის მიერ წარდგენილი მოთხოვნის დამფუძნებელი მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველთა შორის ერთ-ერთის მისადაგება სასამართლოს უფლებამოსილება და ვალდებულებაცაა (იხ. ჰ. ბოელინგი, ლ. ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, 42.).
37. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოთხოვნა პირის ნებას დაქვემდებარებული და სხვა პირზე მიმართული უფლებაა, რომელიც მისი პროცესუალური განხორციელებისაგან მკვეთრად იმიჯნება. მოთხოვნა ძირითადად მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობის მატარებელია. მოთხოვნა საპროცესო-სამართლებრივი გაგებით, ყოველთვის მიმართულია სასამართლო გადაწყვეტილების დადგომისაკენ. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი არის სამართლის ნორმა, რომლის სამართლებრივი შედეგით გათვალისწინებულია სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის მიერ რაიმე მოქმედების განხორციელებისა თუ მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავების ვალდებულება. თითოეული მოთხოვნის დამფუძნებელი სამართლის ნორმა განსაზღვრავს მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს, თუმცა, მისი განმარტება და ფაქტობრივ გარემოებებზე მისადაგება სასამართლოს უფლებამოსილებაა. მოთხოვნის საფუძველი ორი ნაწილისაგან შედგება: ა) ნორმის შემადგენლობა, რომელიც მოიცავს ცალკეულ წინაპირობას და ბ) სამართლებრივი შედეგი, რომელიც კანონის საფუძველზე დადგება იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა ნორმის შემადგენლობით განსაზღვრული ყველა წინაპირობა.
38. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი - კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). საქმის გარემოებათა ანალიზის საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის დადგენა და მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მოძიება კი, სასამართლოს ვალდებულებაა. სადავო ურთიერთობის შეფასებისას, ზემდგომი ინსტანციის სასამართლო არაა შებოჭილი ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასებებით, შესაბამისად, თუ ზემდგომი ინსტანციის სასამართლო გამოარკვევს, რომ ქვემდგომი სასამართლოს სამართლებრივი შეფასება არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან, იგი ვალდებულია, ეს გარემოებები თავად შეაფასოს სამართლებრივად სწორად და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
39. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან, ზიანის მიყენებიდან (დელიქტი), უსაფუძვლო გამდიდრებიდან თუ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.
40. საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სადავო ურთიერთობის სამართლებრივი შეფასება სასამართლოს ვალდებულებაა, მიუხედავად იმისა, ედავებიან თუ არა ამ შეფასებას მხარეები. ეს იმას ნიშნავს, რომ არც სააპელაციო და არც საკასაციო სასამართლო არაა შებოჭილი სააპელაციო თუ საკასაციო საჩივარში მითითებული კანონის დარღვევებით და ისინი ამოწმებენ გადაწყვეტილებას მატერიალურსამართლებრივი ნორმების სწორად გამოყენების თვალსაზრისით. თუ ასეთი შემოწმების შედეგად სასამართლო იმ დასკვნას გამოიტანს, რომ საჩივრის მოთხოვნა გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, მაგრამ არა საჩივარში მითითებული, არამედ მატერიალურსამართლებრივი ნორმის (კანონის) სხვა დარღვევის გამო, სასამართლომ უნდა გამოიტანოს შესაბამისი გადაწყვეტილება. იმ შემთხვევაში კი, თუ არასწორი სამართლებრივი შეფასების შედეგად, ანუ კანონის (სსსკ-ის 393.2 მუხლის) დარღვევით მიღებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვება შესაძლებელია სხვაგვარი სამართლებრივი შეფასებით, საკასაციო სასამართლოს შეუძლია, არ გააუქმოს გადაწყვეტილება და განჩინებით ძალაში დატოვოს იგი (სსსკ-ის 410-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი) ან ახალი გადაწყვეტილებით დაადგინოს სხვა სამართლებრივი შედეგი (სსსკ-ის 411-ე მუხლი).
41. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, სადავოა სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა, რომელიც მოსარჩელის განმარტებით გამომდინარეობს ზეპირი ხელშეკრულებიდან, ამიტომ შეფასებას საჭიროებს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისობა სასესხო ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმის (სსკ-ის 623-ე მუხ.) შემადგენლობასთან (მის აბსტრაქტულ კომპონენტებთან).
42. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, სესხის (ძირი თანხა) დაბრუნების მოთხოვნა – (სსკ-ის 623-ე მუხლი - სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი), თანმიმდევრობით განხორციელებული უნდა იყოს მოთხოვნის საფუძვლის განმაპირობებელი შემდეგი წინაპირობები:
43. მსესხებელს გადაცემული უნდა ჰქონდეს განსაზღვრული (სადავო) თანხა საკუთრებაში და უნდა კისრულობდეს გადაცემული თანხის უკან დაბრუნების ვალდებულებას.
44. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სესხის ხელშეკრულება ხასიათდება შემდეგი თავისებურებებით:
45. სესხის ხელშეკრულება არის ქონების საკუთრებაში გადაცემის ტიპის ხელშეკრულება, თუმცა იგი განსხვავდება ქონების საკუთრებაში გადაცემის ტიპის ისეთი ხელშეკრულებებისაგან, როგორიცაა ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება, სამისდღემშიო რჩენა.
46. სესხის ხელშეკრულება არის ცალმხრივი ხელშეკრულება. ხელშეკრულებათა კლასიფიკაცია ცალმხრივ და ორმხრივ ხელშეკრულებებად დამოკიდებულია არა იმაზე, თუ რამდენი პირის ნებაა გამოვლენილი (რამეთუ ხელშეკრულება ზოგადად გულისხმობს ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენას), არამედ იმაზე, თუ როგორაა განაწილებული უფლება-მოვალეობები ხელშეკრულების მხარეებს შორის. სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი უფლებამოსილია მოითხოვოს სესხად გადაცემულის დაბრუნება, ხოლო მსესხებელი კი, ვალდებულია დააბრუნოს უკან სესხად მიღებული იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
47. სესხის ხელშეკრულება არის რეალური ხელშეკრულება. შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება, როცა გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ხელშეკრულების საგანს. მარტოოდენ შეთანხმება სესხის თაობაზე, ჯერ კიდევ არ ნიშნავს ხელშეკრულების დადებას. ( შდრ: სუსგ №ას-1288-2019, 04 მარტი, 2021, პ.95).
48. ერთ-ერთ საქმეში, რომელშიც სადავო იყო მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების დადების საკითხი, საკასაციო პალატამ განმარტა: „სსკ-ის 623-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ სესხი რეალურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობა არა მხოლოდ მის არსებით პირობებზე მხარეთა შეთანხებით, არამედ ხელშეკრულების საგნის - ფულის ან სხვა გვაროვნული ნივთის მსესხებლისათვის საკუთრებაში გადაცემის მომენტიდან წარმოიშობა, შესაბამისად, მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაც, უპირველესად, ხელშეკრულების საგნის გადაცემაა (ხელშეკრულების დადება)“ (შდრ: სუსგ №ას-1245-1168-2015, 20.05.2016წ.). სხვა საქმეშიც საკასაციო პალატამ განმარტა, რომ სესხის ხელშეკრულება წარმოადგენს ცალმხრივ და რეალურ ხელშეკრულებას ანუ, იგი დადებულად ითვლება და მხარეს დაბრუნების ვალდებულება წარმოეშობა გამსესხებლის მხრიდან ხელშეკრულების საგნის მსესხებლის საკუთრებაში გადაცემის მომენტიდან (შდრ. სუსგ, საქმეზე №ას-361-343-2015, 14.12. 2015).
49. საგულისხმოა, რომ საკითხი იმის შესახებ, თუ დავის მონაწილე რომელმა მხარემ უნდა ადასტუროს თანხის გადაცემის შესახებ გარემოება, არ რეგულირდება მატერიალური სამართლის ნორმით. სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობის მომწესრიგებელი არცერთი ნორმა მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესს არ გვთავაზობს, რის გამოც, გამოყენებულ უნდა იქნას სსსკ-ის ზოგადი ნორმა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის გადანაწილებისთვის [სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი], რომლის თანახმად თანხის გადაცემის მტკიცების ტვირთი გამსესხებელს ეკისრება. ანუ გამსესხებლის ვალდებულება შემოიფარგლება სესხის თანხის გადაცემისა და გადაცემული თანხის ოდენობის მტკიცებით, ხოლო მსესხებლის მტკიცების ტვირთი კი შემოიფარგლება სესხის თანხის დაფარვით.
50. სსკ-ის 624-ე მუხლის თანახმად, სესხი ფორმასავალდებულო გარიგებას არ წარმოადგენს, მხარეები თავისუფალი არიან ხელშეკრულების ფორმის არჩევაში (სსკ-ის 68-ე მუხლი), თუმცა, უდავოა, რომ ფორმის არჩევის საკითხი მტკიცების ტვირთზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს იმ შემთხვევაში, თუ წერილობითი ხელშეკრულება პირდაპირ შეიცავს დათქმას თანხის მსესხებლისათვის გადაცემის თაობაზე. მოხმობილი ნორმიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას ისიც, რომ სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტი, სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ნებისმიერი დასაშვები მტკიცებულებით, მათ შორის, მოწმის ჩვენებით შეიძლება დადასტურდეს, თუმცა, ზეპირი სესხის დროს ნივთის გადაცემის დამტკიცების თვალსაზრისით, მხოლოდ ეს უკანასკნელი, კანონის თანახმად, არასაკმარისადაა მიჩნეული და საკასაციო პალატა გასესხებული თანხის გადაცემის ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ დასაშვებ და საკმარის მტკიცებულებად მიიჩნევს წერილობით საბუთს, მაგალითად, სავალო საბუთი, გადარიცხვის ქვითარი, სალაროს შემოსავლის ორდერი (შდრ: სუსგ №ას-398-371-2017, 06 ივნისი, 2017 წელი).
51. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს; საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საკასაციო პალატა გასესხებული თანხის გადაცემის ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ დასაშვებ და საკმარის მტკიცებულებად მიიჩნევს წერილობით საბუთს.
52. მოცემულ საქმეზე მოსარჩელემ მოახდინა მისი მტკიცების ტვირთის რეალიზება და საქმეში წარმოდგენილი გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტებით დაადასტურა მოპასუხისათვის სადავო თანხის, სულ – 80 000 ლარის გადარიცხვის ფაქტი. ასევე, უდავოდაა დადგენილი, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს 30 000 ლარი დაუბრუნა, თუმცა ვალდებულება 50 000 ლარის დაბრუნების ნაწილში მას არ შეუსრულებია.
53. განსახილველ შემთხვევაში კასატორი არ დაეთანხმა სააპელაციო პალატის მიერ სადავო ურთიერთობის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, წარმოშობის კვალიფიკაციას და მიიჩნია, რომ მოსარჩელემ მას თანხა გადასცა ზეპირი ჩუქების საფუძველზე. მოპასუხის აღნიშნული პოზიცია ეფუძნება მოსარჩელის მიერ თანხის გადარიცხვის ამსახველი საგადახდო დავალებების ნაწილში, დანიშნულების გრაფაში მოსარჩელის მითითებას – „Dreamer`s disease“ (მეოცნების დაავადება).
54. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ აღნიშნული ჩანაწერი ერთმნიშვნელოვნად არ გამორიცხავს სესხის ხელშეკრულების დადებას და არ ადასტურებს მხარეთა შორის ჩუქების ხელშეკრულების არსებობას. საგადახდო დავალებების ნაწილში მოსარჩელეს მითითებული აქვს „დივიდენდის კაპიტალში დაბრუნება ივნისამდე“, „პირადი გადარიცხვა“, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ ყოველი გადარიცხვისას გაკეთებული სხვადასხვა ჩანაწერის შეფასება, არ იძლევა მისი პოზიციის - გადარიცხული თანხის ჩუქებად მიჩნევის - ერთმნიშვნელოვნად გაზიარების საფუძველს შემდეგ გარემოებათა გამოც:
55. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამხვილებს სსსკ-ის 105-ე მუხლზე, რომელიც ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
56. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას სასამართლო იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობითი დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლიობაში, რისი ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა.
57. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ერთობლივად – ზემოაღნიშნული საგადახდო დავალებები, მოპასუხის მიერ 30000 ლარის მოსარჩელისათვიოს უკან ჩარიცხვა, ასევე მოპასუხის მიერ ელექტრონული მიმოწერით დაპირება („რა თქმა უნდა ჩაგირიცხავ, მაგრამ ცოტა უნდა დამელოდო, ამხელა თანხას სახლის გაყიდვის გარეშე ჯერ ვერ ჩაგირიცხავ, მაგრამ აქტიურად ვმუშაობ გაყიდვაზე“ იხ. ს.ფ.28) მოსარჩელისათვის ჩაერიცხა დარჩენილი 50 000 ლარი, როდესაც დაადგინა მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობის არსებობა. ( იხ. ს.ფ.235, პ.3.3).
58. დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად ვერ შეფასდება კასატორის არგუმენტი, რომ მან 30 000 ლარი მოსარჩელეს გადაურიცხა არა სესხის დასაფარად, არამედ მას არ სურდა საჩუქრის მიღება. აღსანიშნავია, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს დაუბრუნა ამ უკანასკნელის მიერ მოპასუხისათვის გადარიცხული თანხა (80000 ლარი) არა მთლიანად, არამედ მხოლოდ ნაწილი (30000 ლარი), აღნიშნული კი განსახილველ შემთხვევაში ვერ ჩაითვლება მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის გარკვეული ქვენაგრძნობით განხორციელებული საჩუქრის უარყოფად.
59. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი ვერ გახდება კასატორის მითითება სხვა სამოქალაქო საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს განსხვავებულ პრაქტიკაზე. აღნიშნულ დავაში საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ სესხის ზეპირი ხელშეკრულების არსებობაზე მითითებისას სახეზე უნდა იყოს არა მხოლოდ თანხის გადაცემა, არამედ, ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ თანხის მიმღებმა მისი დაბრუნების ვალდებულება იკისრა. სწორედ ამ გარემოების არსებობა განაპირობებს ხელშეკრულებიდან გამომდინარე საპირისპირო ვალდებულების - სესხის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. ამდენად, სასესხო ურთიერთობის სადავოობის შემთხვევაში, სახეზე უნდა იყოს არა მხოლოდ თანხის გადაცემა, არამედ, ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ თანხის მიმღებმა მისი დაბრუნების ვალდებულება იკისრა (იხ. სუსგ 22.07.2015წ. საქმე №ას-127-119-2015).
60. განსხვავებით დასახელებული სამოქალაქო დავისა, როდესაც მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მხარეთა შორის სასესხო ვალდებულების არსებობა, წინამდებარე საქმეზე სააპელაციო პალატამ დაადგინა, ხოლო კასატორმა დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენის გზით ვერ გააქარწყლა ის გარემოებანი, რომ მოპასუხემ მიღებული თანხის ნაწილი მოსარჩელეს დაუბრუნა და, ასევე წერილობით დაპირდა დარჩენილი თანხის უკან დაბრუნებას. შესაბამისად, ამა თუ იმ საკითხზე სასამართლო პრაქტიკის შეფასებისას, არ შეიძლება უგულებელყოფილ იქნეს ყოველ კონკრეტულ საქმეზე არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები, რაც საბოლოოდ განაპირობებს დავის სამართლებრივ შედეგს.
61. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება მოპასუხისათვის 46250 ლარის, როგორც სესხის თანხის დაკისრების ნაწილში, კანონიერ ძალშია შესული (სსსკ-ის 264-ე მუხლი), რადგან მოპასუხემ, როგორც აპელანტმა, 2021 წლის 29 იანვრის დაზუსტებული მოთხოვნით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა მხოლოდ 3750 ლარის დაკისრების ნაწილში (იხ. ს.ფ.182)
62. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
63. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
64. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
65. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ სესხის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
66. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
67. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით დ.მ–ძის მიერ 2021 წლის 15 ივლისს №0 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ.კ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ გ.კ–ძის (პირადი №......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით დ.მ–ძის მიერ 2021 წლის 15 ივლისს №0 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
ლევან მიქაბერიძე