საქმე №ას-1433-2019 6 აგვისტო, 2021 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ე. გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები - ნ.ტ–ი, ლ. ბ–ი, ე. ბ–ი
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ბ–ი, ი.რ–ძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, თანამესაკუთრედ ცნობა, ქონების ყადაღისგან გათავისუფლება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. მ. ბ–ი (პირველი მოპასუხე) არის ე. ბ–ის (პირველი მოსარჩელე, პირველი აპელანტი ან პირველი კასატორი) შვილი, ნ.ტ–ის (მეორე მოსარჩელე, მეორე აპელანტი ან მეორე კასატორი) მეუღლე და ლ. ბ–ის (მესამე მოსარჩელე, მესამე აპელანტი ან მესამე კასატორი) მამა, ხოლო აწ გარდაცვლილი ლ. ბ–ი - მ. ბ–ის მამა და ე. ბ–ის მეუღლეა.
2. ლ. ბ–ი გარდაიცვალა 2002 წლის 25 დეკემბერს. 2009 წლის 19 მაისს გურჯაანის ნოტარიუსმა გასცა სამკვიდრო მოწმობა მ. ბ–ის სასარგებლოდ ლ. ბ–ის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე, მდებარე: გურჯაანის რაიონი, სოფელი ....... სამკვიდრო ქონებას წარმოადგენს საცხოვრებელი სახლი და ეზო, მდებარე: გურჯაანის რაიონის სოფელ ......, მიწის ფართი 1106 კვ.მ და შენობის ფართი 162.7 კვ.მ; სამკვიდრო ქონების ფასი 8000 ლარით განისაზღვრა.
3. სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მ. ბ–ი საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა უძრავი ქონების მესაკუთრედ. მესაკუთრემ 2009 წლის 24 სექტემბერს მ.რ–ძეს 8000 ლარად მიჰყიდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 1106.0, შენობის საერთო ფართი 320.1 კვ.მ, საკადასტრო კოდით N51.04.61.004, რაც 2009 წლის 29 სექტემბერს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საჯარო რეესტრში მ.რ–ძის საკუთრებად დარეგისტრირდა.
4. თელავის რაიონული სასამართლოს 23.12.2010 წლის გადაწყვეტილებით N2/410 სამოქალაქო საქმეზე ნ. ბ–ის სარჩელისა გამო მოპასუხეების: ივანე და მ.რ–ძეების მიმართ, სადაც მოსარჩელემ მოითხოვა 2009 წლის 29 სექტემბერს მ. ბ–ს და ი.რ–ძეს (მეორე მოპასუხე) შორის გურჯაანის რაიონის სოფელ ...... მდებარე უძრავ ნივთზე, ს/კ N51.04.61.004 დადებული გარიგების ბათილად ცნობა, არ დაკმაყოფილდა, ასევე არ დაკმაყოფილდა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მესამე პირების - ნ. და ლ. ტ–ების სარჩელი, მოპასუხეების მ. და ი.რ–ძეების და მ. ბ–ის მიმართ. ამ სარჩელით ისინი, როგორც ლ. ბ–ის კომლის წევრები, ითხოვდნენ გურჯაანის რაიონის სოფელ ...... მდებარე სადავო უძრავი ნივთის, ს/კ N..... თანამესაკუთრედ ცნობას.
5. თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით, N2/127-11 სამოქალაქო საქმეზე დაკმაყოფილდა მ. ბ–ის სარჩელი, ბათილად იქნა ცნობილი 2009 წლის 24 სექტემბერს მ. ბ–ს და მ.რ–ძეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ნივთზე, მდებარე გურჯაანის რაიონი, სოფელი ......, ს/კ N .... ამავე გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ი.რ–ძის შეგებებული სარჩელი მ. ბ–ის და ნ. ბ–ის მიმართ და ამ უკანასკნელთ, შეგებებული სარჩელის ავტორის სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ 10500 აშშ დოლარისა და პროცენტის სახით - 1400 აშშ დოლარის გადახდა.
6. თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება გარიგების ბათილად ცნობის ნაწილში არ გასაჩივრებულა, ამიტომ აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე მ. ბ–ი საჯარო რეესტრში კვლავ აღირიცხა უძრავი ნივთის, კერძოდ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართი 1106.0, შენობა-ნაგებობის საერთო ფართი 320.1 კვ.მ, საკადასტრო კოდით N ....., მესაკუთრედ.
7. თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება თანხის დაკისრების ნაწილში გასაჩივრდა ზემდგომ სასამართლოში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით (საქმე N 2ბ/2045-13) საბოლოოდ მ. ბ–ს და ნ. ბ–ს ი.რ–ძის სასარგებლოდ დაეკისრათ 16 900 აშშ დოლარის ანაზღაურება, რაზეც ამავე სასამართლოს მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი, სადაც კრედიტორია ი.რ–ძე, ხოლო მოვალე - მ. ბ–ი და ნ. ბ–ი. სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით დაყადაღებულია მ. ბ–ის სახელზე რიცხული უძრავი ქონება, მდებარე გურჯაანის რაიონი სოფელი ......, ს/კ ...... (იხ. ტ.1, ს.ფ.45-93).
8. გურჯაანის რაიონის სოფელ ...... კოლმეურნეობასთან არსებული ამხანაგური სასამართლოს 1982 წლის 22 დეკემბრის დადგენილებით, ნ. ლ. ს ძე ბ–ი გამოეყო მშობლების ოჯახიდან. ლ. ბ–ის კომლში დარჩა მ. ბ–ი დედასთან კ–თან (ე.) ერთად. კომლს, სადაც დარჩა მ. ბ–ი, შეხვდა ერთი ოთახი.
9. 2001-2006 წლების საკომლო წიგნების ჩანაწერებით, მ. ბ–ის კომლი შედგება თავად მ. ბ–ის, ნ. ბ–ის, ნ.ტ–ისა და ლ. ბ–ისაგან და წარმოადგენდა საკოლმეურნეო კომლს.
10. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ საქმეზე ვერ იქნა დადგენილი სადავო უძრავ ქონებაზე, მდებარე გურჯაანის რაიონის სოფელ ......, ს/კ ....., აპელანტების, როგორც ყოფილი საკოლმეურნეო კომლის წევრების, თანასაკუთრების უფლება.
11. სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის გურჯაანის არქივის 2010 წლის 28 სექტემბრის საარქივო ცნობის შესაბამისად, მოსარჩელეები - ნ.ტ–ი და ლ. ბ–ი 2001-2006 წლებში მ. ბ–ის კომლის წევრები იყვნენ. მითითებული პერიოდისათვის კომლის წევრობა, არ გულისხმობს იმას, რომ საკუთრების უფლების წარმოშობის პერიოდისათვის ისინი წარმოადგენდნენ მ. ბ–ის კომლის წევრებს. ხოლო ე. ბ–ის მიმართ ეს ცნობა საერთოდ არ შეიცავს რაიმე ინფორმაციას, იგი ასევე არ შეიცავს ინფორმაციას ქონების შესახებ, რომელზეც მოსარჩელეები თანამესაკუთრედ აღიარებას ითხოვენ. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ აღნიშნულ საარქივო ცნობაზე სასამართლომ 23/12/2010 წლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით იმსჯელა და მიუთითა, რომ საარქივო ცნობით მოსარჩელეების ლ. ბ–ის კომლის წევრობა არ დასტურდება.
12. სასარჩელო მოთხოვნა
12.1. ე. ბ–მა, ნ.ტ–მა და ლ. ბ–მა, 2015 წლის 28 დეკემბერს, სარჩელით მიმართეს სასამართლოს მ. ბ–ისა და ი.რ–ძის (იხ. წინამდებარე განჩინების პირველი და მეოთხე პუნქტები) წინააღმდეგ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს გურჯაანის რაიონის ნოტარიუსის ც.ი–ის მიერ 2009 წლის 19 მაისს გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა და, მ. ბ–თან ერთად (რომელიც ამ დავაში პირველი მოპასუხეა), სადავო ქონების თანამესაკუთრედ ცნობა იმ საფუძვლით, რომ სამკვიდრო მოწმობის გაცემის დროს არ ყოფილა გათვალისწინებული ე. ბ–ის, როგორც აწ გარდაცვლილი ლ. ბ–ის რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის, თანასაკუთრების უფლება; ასევე სარჩელით მოითხოვეს დანარჩენი მოსარჩელეების, როგორც ლ. ბ–ის კომლის წევრების, თანასაკუთრების ცნობა კომლის ქონებაზე;
12.2. პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა დააზუსტა, რომ სარჩელის საფუძველს წარმოადგენს მოსარჩელეების, როგორც ლ. ბ–ის კომლის წევრების, თანასაკუთრების უფლება და მოსარჩელე აღარ ითხოვს ე. ბ–ის, როგორც ლ. ბ–ის რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის უფლების დადგენას, ამიტომ სასარჩელო მოთხოვნა საბოლოოდ შემდეგი სახით ჩამოყალიბდა: ბათილად იქნეს ცნობილი გურჯაანის რაიონის ნოტარიუსის ც.ი–ის მიერ 2009 წლის 19 მაისს მოპასუხე მ. ბ–ის სასარგებლოდ გაცემული სამკვიდრო მოწმობა ე. ბ–ის, ნ.ტ–ისა და ლ. ტ–ის კუთვნილ 3/4 ნაწილში; მოსარჩელეები ცნობილ იქნენ უძრავი ნივთის, მდებარე გურჯაანის რაიონი, სოფელი ......, ს/კ N ....., როგორც კომლის წევრების თანასაკუთრებად, შესაბამისად, ყადაღის აქტიდან უნდა ამოირიცხოს გურჯაანის რაიონის, სოფელ ...... მდებარე უძრავი ნივთი, ს/კ N ....., ე. ბ–ის, ნ.ტ–ისა და ლ. ტ–ის კუთვნილი ¾ ნაწილი, რადგან მოსარჩელეები არ არიან ვალდებული, თავიანთი ქონებით აგონ პასუხი მ. ბ–ის (პირველი მოპასუხის) ვალდებულების გამო კრედიტორის (მეორე მოპასუხის) წინაშე (იხ. ტ.1, ს.ფ.349) .
13. მოპასუხეთა შესაგებელი
13.1. მ. ბ–მა (პირველმა მოპასუხემ) წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო, ხოლო საქმის სასამართლო განხილვის დროს არ გამოცხადდა.
13.2. ი.რ–ძემ (მეორე მოპასუხემ) როგორც წარმოდგენილი შესაგებლით, ასევე საქმის სასამართლო განხილვის დროს სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა. ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 272-ე მუხლის „ბ“ პუნქტის საფუძველზე არსებობს საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი, ვინაიდან მოსარჩელე ნ.ტ–ს და ლ. ბ–ს თელავის რაიონულ სასამართლოში, როგორც მესამე პირებს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით, უკვე ჰქონდათ აღძრული სარჩელი მოპასუხე მ. და ი.რ–ძეების მიმართ, სადაც იმავე საფუძვლებზე მითითებით - როგორც ყოფილი საკოლმეურნეო კომლის წევრები ითხოვდნენ გურჯაანის რაიონის სოფელ ...... მდებარე სადავო უძრავი ნივთის თანამესაკუთრედ ცნობას.
14. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება
14.1. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
14.2. რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით (შემდეგში: სსკ), სამოქალაქო სამართლის კოდექსით, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის #949 დადგენილებითა და სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის #21 დეკრეტით.
15. მოსარჩელეთა სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
15.1. მოსარჩელეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
15.2. აპელანტთა განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ი.რ–ძე მოპასუხე იყო მხოლოდ სადავო უძრავი ნივთის ყადაღისაგან გათავისუფლების ნაწილში და პირველ სასარჩელო მოთხოვნასთან მის მოსაზრებას არანაირი სამართლებრივი მნიშვნელობა არ ჰქონდა, არ არსებობდა საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი, ვინაიდან განსახილველი სარჩელი აღძრულია იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე, მაგრამ სხვა საფუძვლით, აღნიშნულთან დაკავშირებით იქვე განმარტეს, რომ სასამართლომ ეს არგუმენტაცია არ გაიზიარა და საქმისწარმოება არ შეწყვიტა სწორედ იმ მოტივით, რომ დავის ამ ნაწილში მოპასუხე მხარე სხვა იყო წინა დავისაგან განსხვავებით, ამის მიუხედავად საქმეზე საბოლოო გადაწყვეტისას მას პრეიუდიციული ძალა მიანიჭა. აღნიშნულის შედეგად კი გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
15.3. აპელანტებმა მიუთითეს, რომ სადავო უძრავი ნივთის ნაწილი - 1106 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსებული 162.7 კვ.მ საცხოვრებელი სახლი ნოტარიუსს ც.ი–ის მიერ 2009 წლის 19 მაისს გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მიიღო მ. ბ–მა (პირველმა მოპასუხემ), რაც არასწორად მიჩნეულ იქნა ლ. ბ–ის დანაშთ სამკვიდროდ, თუმცა არ შეუფასებია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სარჩელის აღძვრისას, მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობა 320 კვ.მ-ს შეადგენდა; მ. და ეკატრინე ბ–ები, ისევე როგორც ნ.ტ–ი და ლ. ბ–ი, ცხოვრობენ ამავე საცხოვრებელ სახლში და დღემდე ერთ მეურნეობას ეწევიან, სწორედ ამ თანაცხოვრების შედეგად მოხდა ქონების მნიშვნელოვანი გაზრდა. ამავე უძრავი ნივთის ამონაწერში საჯარო რეესტრიდან, ს/კ N ......, საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია ნოტარიუს ც.ი–ის მიერ 2009 წლის 19 მაისს გაცემული სამკვიდრო მოწმობა, თუმც შენობა-ნაგებობის ფართი 320,10 კვ.მ-ია ანუ 157,4 კვ.მ-ით მეტი, თუმცა ესაა ერთ-ერთი გარემოება, რომელიც, ერთი მხრივ, სასამართლოს არ შეუფასებია, მეორე მხრივ, კი სწორედ ამ გარემოების გამო პირველმა მოპასუხემ სარჩელი ცნო, მან აღიარა კომლის სხვა წევრების თანასაკუთრების უფლება სადავო უძრავ ნივთზე, ეს აღიარება კი სასამართლოს მსჯელობისა და შეფასების საგანი არ გამხდარა.
15.4. სასამართლომ 23/12/2010 წლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებითაც იმსჯელა საარქივო ცნობაზე და მიუთითა, რომ საარქივო ცნობით მოსარჩელეების ლ. ბ–ის კომლის წევრობა არ დასტურდება, რაც განსახილველი დავისთვის პრეიუდიციულად დადგენილ ფაქტს წარმოადგენს, რაშიც აპელანტები სასამართლოს არ ეთანხმებიან იმ ფაქტობრივი გარემოების გამო, რომ პრეიუდიციად მიჩნეული გარემოებით დადგენილია, რომ სადავო საცხოვრებელი სახლი და ეზო, რომელიც მემკვიდრეობით მიიღო მ. ბ–მა, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო მ. ბ–ის მამის - ლ. ბ–ის სახელზე, სამკვიდრო ქონება კი სულ რაღაც 1627 კვ.მ წარმოადგენს, რაც მ. ბ–ის (პირველი მოპასუხის) კომლის სხვა წევრებთან (მოსარჩელეების) თანაცხოვრებისას და საერთო მეურნეობის შედეგად გახდა 320.10 კვ.მ, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოს საპირპისპირო არგუმენტაციაზე უნდა ემსჯელა. ამასთან, თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქმეზე N 2/410 განმარტებულია, რომ მოცემულ შემთხვევაში მ. ბ–ის ოჯახის წევრებს, რომელთა შორის მოსარჩელეები არიან, საკომლო ქონებაზე არ ჰქონიათ საკომლო-სამეურნეო ქონებაზე საკუთრების უფლება, რომ ისინი არ ყოფილან რეგისტრირებულები საკომლო მეურნეობის თანამესაკუთრეებად, ხოლო სოფელ ...... სასოფლო-საბჭოს 2001-2006 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერები, სასამართლოს შეფასებით, არ წარმოადგენს კომლის არსებობისა თუ მისი წევრობის იურიდიულ საფუძველს და ვერ გამოდგება წინამდებარე დავაზე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად, რადგან გარდა იმისა, რომ წინა დავის შემთხვევაში მოპასუხე მხარეს მ. ბ–ი არ წარმოადგენდა, მიმდინარე სარჩელზე, როგორც მოპასუხემ, ცნო სარჩელი და მოსარჩელეები აღიარა კომლის წევრებადაც და კომლის ქონებაზე თანამესაკუთრეებადაც. 2010 წელს ნ.ტ–ს და ლ. ბ–ს საკომლო მურნეობის ქონებაზე კი არ ჰქონდათ პრეტენზია, არამედ - კომლის ქონებაზე; წინა დავის შემთხვევაში მოპასუხეებს: მ.და ი.რ–ძეები წარმოადგენდნენ და არა - მ. ბ–ი, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით მიაჩნიათ აპელანტებს, რომ ვერც ამ გადაწყვეტილებას ექნება პრეიუდიციული ძალა და შესაბამისად, არა სასამართლოს, არამედ კანონის გადასაწყვეტია, საკომლო საარქივო ცნობა არის თუ არა კომლის არსებობა-არარსებობის დამადასტურებელი საფუძველი, ანდა პირი წარმოადგენს თუ არა კომლის წევრს. სწორედაც ზონარგაყრილი საკომლო წიგნების ჩანაწერიდან გამომდინარე დასტურდება ის გარემოება, მოსარჩელეები არიან თუ არა კომლის წევრები და ეს საკითხი მოპასუხეთაგან მხოლოდ მ. ბ–ის (პირველი მოპასუხის) და არა ი.რ–ძის (მეორე მოპასუხის) გადასაწყვეტია.
15.5. აპელანტების მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ კონკრეტული დავის გადაწყვეტისას არასწორად გამოიყენა და განმარტა სსკ-ის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო მასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. სასამართლომ უგულებელჰყო ფაქტი, რომ პირველი მოპასუხის - მ. ბ–ის სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ქონება სრულად წარმოადგენდა თუ არა სამკვიდრო ქონებას, რის გამოც დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა სასამართლოს მსჯელობა მოსარჩელეების, როგორც კომლის წევრების, მიერ სამკვიდროს გარეთ დარჩენილ ქონებასთან დაკავშირებით, რაც კომლის ქონების შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს და მისი მნიშვნელოვანი გაზრდით, რომლის სტატუსის გათვალისწინებით, მოპოვებულია თანასაკუთრების უფლება.
16. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
16.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 ივლისის განჩინებით მოსარჩელეთა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
16.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-11 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები და დამატებით განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავო გარემოების დადგენის თვალსაზრისით გამოკვეთილია, რომ თელავის რაიონული სასამართლოს N 2/410 საქმის განხილვაში მონაწილეობდნენ აპელანტები- ნ.ტ–ი და ლ. ბ–ი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირების სტატუსით, ხოლო მოპასუხეებს წარმოადგენდნენ მარიამ და ი.რ–ძეები; დავის არსი ეხებოდა იმავე ქონებაზე თანამესაკუთრეებად ცნობას, რომელიც წინამდებარე დავის საგანს წარმოადგენს. მართალია, თელავის რაიონულ სასამართლოში საქმისწარმოებისას მხარეებს არ წარმოადგენდნენ ე. ბ–ი და მ. ბ–ი და ამ თვალსაზრისით პრეიუდიციას კლასიკური გაგებით ადგილი არ აქვს, მაგრამ სააპელაციო სასამართლო კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას, რომ თელავის რაიონული სასამართლოს მიერ განხილული დავის საგანი და წინამდებარე სააპელაციო საჩივრით შედავებული ქონება ერთსა და იმავე უძრავ ნივთს წარმოადგენს, უკვე განხილული დავის ფარგლებში კი დადგენილია, რომ მოცემული მდგომარეობით აპელანტები - ნ.ტ–ი და ლ. ბ–ი სამოქალაქო საქმეზე N 2/410 დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირებს წარმოადგენდნენ და მათ მოთხოვნას წარმოადგენდა სადავო უძრავ ქონებაზე თანასაკუთრების, როგორც ყოფილი საკოლმეურნეო კომლის წევრების სახელზე, აღრიცხვა.
16.3. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ N2/410 სამოქალაქო საქმეზე თელავის რაიონული სასამართლოს 23/12/2010 წლის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ სოფელ ...... სასოფლო საბჭოს 2001-2006 წლების საკომლო წიგნების ჩანაწერები მოსარჩელეების ლ. ბ–ის კომლის წევრობის იურიდიულ საფუძველს არ წარმოადგენს, ხოლო მოსარჩელეები საჯარო რეესტრში არ არიან რეგისტრირებული საკომლო მეურნეობის თანამესაკუთრეებად, სადავო საცხოვრებელი სახლი და ეზო კი წარმოადგენს ლ. ბ–ის საკუთრებას, რომლის გარდაცვალების შემდეგ მისი დანაშთი ქონება მემკვიდრეობით მიიღო პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ - მ. ბ–მა. ამდენად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ადგენს იმ ფაქტს, რომ ლ. ბ–ის საკუთრებაში არსებული გურჯაანის რაიონის სოფელ ...... მდებარე საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი ადრე საკოლმეურნეო კომლს წარმოადგენდა, მაგრამ სასამართლოს აღნიშნული დავის ფარგლებში არ დაუდგენია ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელეები ლ. ბ–ის საკოლმეურნეო კომლის წევრები იყვნენ და მათ კომლის ქონებაზე თანასაკუთრების უფლება წარმოეშვათ.
16.4. აპელანტთა მოთხოვნა მიმართულია ლ. ბ–ის კომლის ქონებაზე თანასაკუთრების უფლების დადგენისკენ, რომელზეც მ. ბ–ის სასარგებლოდ არის გაცემული სამკვიდრო მოწმობა, საარქივო ცნობა კი, რომელსაც აპელანტები ეყრდნობიან, უფლების დამდგენ ერთადერთ სათანადო დოკუმენტს წარმოადგენს და მასში, როგორც უკვე აღინიშნა, არ არის მითითებული ინფორმაცია, რომელიც მოსარჩელეთა საკუთრების უფლების დადგენის საფუძველი გახდებოდა. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ ცნობაში არაფერია ნათქვამი ე. ბ–ის შესახებ, რომელიც, როგორც დადგენილია, გურჯაანის რაიონის სოფელ ......ს კოლმეურნეობასთან არსებული ამხანაგური სასამართლოს 1982 წლის 22 დეკემბრის დადგენილებით, ლ. ბ–ის კომლში ირიცხებოდა შვილთან - მ. ბ–თან ერთად და მან შვილის სასარგებლოდ დათმო სამკვიდრო წილი.
16.5. რაც შეეხება აპელანტებს - ნ.ტ–სა და ლ. ბ–ს, ისინი მ. ბ–ის კომლის წევრებს წარმოადგენენ საქმეში არსებული 2001-2006 წლის მონაცემებით, თუმცა არ მოიპოვება ლ. ბ–ის საკოლმეურნეო კომლთან დაკავშირებული მტკიცებულება, კერძოდ, 1993 წლის მდგომარეობით, მისი კომლის შემადგენლობის და ქონების შესახებ, მათ შორის მტკიცებულება იმის შესახებ, რომ აპელანტები იყვნენ ამ უკანასკნელის კომლის წევრები.
16.6. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტთა პოზიცია, რომ 2009 წლის 19 მაისს სამკვიდრო მოწმობა გაიცა 1106 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, რომელზეც განთავსებულია 162.7 კვ.მ შენობა-ნაგებობა, ხოლო ამ სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე საჯარო რეესტრში მ. ბ–ი დარეგისტრირდა 1106.0 მიწის ფართობის მესაკუთრედ, რომელზეც განთავსებულია 320.1 კვ.მ შენობა-ნაგებობა, ამასთან, საჯარო რეესტრში ასახული 157.4 კვ. მეტრით გაზრდილი საცხოვრებელი სახლის ფართობი ადასტურებს, რომ კომლის სხვა წევრები სადავო საცხოვრებელი სახლის თანამესაკუთრეები გახდნენ. იმ პირობებში, როდესაც აღიარებული არ არის მოსარჩელეთა რაიმე სახის უფლება სადავო ქონებაზე, შეუძლებელია მათ გააჩნდეთ იმაზე შედავების უფლება-მეტია თუ ნაკლები შეძენილი ქონების ფართი. ამ საკითხზე მსჯელობა ამ დავის ფარგლებში შეუძლებელია, მით უმეტეს იმ პირთა მხრიდან, რომელთაც ამ ქონებაზე არავითარი უფლება არ გააჩნიათ.
16.7. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ არ დგინდება, თუ როდის და რა საფუძვლით მოხდა საცხოვრებელი სახლის ფართობის 157.4 კვ. მეტრით გაზრდა, რა გახდა აღნიშნულის წინაპირობები, მოხდა თუ არა ქონების გაუმჯობესება, როგორ განხორციელდა საჯარო რეესტრში მ. ბ–ის სახელზე 1106.0 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული 320.1 კვ.მ შენობა-ნაგებობის დარეგისტრირება საკუთრების უფლებით, თუკი სამკვიდრო ქონებას მხოლოდ 162.7 კვ.მ შენობა-ნაგებობა წარმოადგენდა.
17. მოსარჩელეთა საკასაციო საჩივარი
17.1. მოსარჩელეებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს სააპელაციო სასამართლოს განჩინება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს. კასატორთა ძირითადი არგუმენტები და საკასაციო პრეტენზიები მათსავე სააპელაციო საჩივარში ასახული სადავო გარემოებების იდენტურია (იხ. წინამდებარე განჩინების 15.2-15.5 ქვეპუნქტები).
18. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
18.1. საკასაციო სასამართლომ ზეპირი განხილვის ფორმით მოიწვია მხარეები, რომელთაც მათივე შუამდგომლობის საფუძველზე მიეცათ დრო მორიგების მიზნით.
18.2. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ივლისის განჩინებით მოსარჩელეთა საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
18.3. საბოლოოდ მხარეთა შორის მორიგება ვერ შედგა, შესაბამისად, საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე არსებითად განხილვის შესახებ წინასწარ ეცნობათ მხარეებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, მხარეთა ახსნა-განმარტებების შეფასებისა და საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის არსებითი განხილვის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელეთა საკასაციო განაცხადი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
19. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). სსსკ-ის 410-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. მოცემულ შემთხვევაში „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოება გამოიკვეთა.
20. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში უთითებს, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში; მოთხოვნის საფუძველი სამოქალაქო სამართალში, ზოგადად არის სამართლის ის ნორმა, რომელიც დამოუკიდებლად ან სხვა მოთხოვნის საფუძვლებთან ერთობლიობაში აფუძნებს ამა თუ იმ მოთხოვნას ანუ სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა კონკრეტულ უფლება-მოვალეობებს (იხ. ბოელინგი/ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, 38.) კერძო-სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების დანიშნულებაა ურთიერთობაში მონაწილე სუბიექტების უფლებების განსაზღვრა და მათი განხორციელების უზრუნველყოფა. მოთხოვნა უფლების რეალიზაციის კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობაა.
21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნა პირის ნებას დაქვემდებარებული და სხვა პირისაკენ მიმართული უფლებაა, რომელიც მისი პროცესუალური განხორციელებისაგან მკვეთრად იმიჯნება. მოთხოვნა ძირითადად მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობის მატარებელია. მოთხოვნა, საპროცესო-სამართლებრივი გაგებით, ყოველთვის მიმართულია სასამართლო გადაწყვეტილების დადგომისაკენ. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი არის სამართლის ნორმა, რომლის სამართლებრივი შედეგით გათვალისწინებულია სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის მიერ რაიმე მოქმედების განხორციელებისა თუ მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავების ვალდებულება. თითოეული მოთხოვნის დამფუძნებელი სამართლის ნორმა განსაზღვრავს მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს, თუმცა მისი განმარტება და ფაქტობრივ გარემოებებზე მისადაგება სასამართლოს უფლებამოსილება. მოთხოვნის საფუძველი ორი ნაწილისაგან შედგება: ა) ნორმის შემადგენლობა, რომელიც მოიცავს ცალკეულ წინაპირობას და ბ) სამართლებრივი შედეგი, რომელიც კანონის საფუძველზე დადგება იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა ნორმის შემადგენლობით განსაზღვრული ყველა წინაპირობა.
22. მოთხოვნა და მოთხოვნის საფუძველი სხვადასხვა ცნებებია და მათი აღრევა არიდებული უნდა იქნეს. ამ გამიჯვნას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმის გათვალისწინებით, რომ მოთხოვნათა შორის არჩევანის უფლება, მოსარჩელის უფლებამოსილებაა, ხოლო მოსარჩელის მიერ წარდგენილი მოთხოვნის დამფუძნებელი მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველთა შორის ერთ-ერთის მისადაგება სასამართლოს უფლებამოსილება და ვალდებულებაცაა (იხ. ბოელინგი /ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, 42.)
23. მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან თუ სხვა ვალდებულებითი ურთიერთობებიდან.
24. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი – კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). მოსარჩელის სტადიის შემდეგ, სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოპასუხის სტადია, რაც მოსაჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების პასუხად შესაგებელში შედავებული გარემოებების კვალიფიციურობაზეა დამოკიდებული. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის დიდი პალატის გადაწყვეტილებაში (საქმეზე N ას-664-635-2016; პუნქტი 201) მითითებულია: „2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვითთ, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს (საქართველოს 28.12.2007წ.-ის კანონი N5669-სსმ), რაც იმაში გამოიხატება, რომ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა მხარისათვის უარყოფით საპროცესოსამართლებრივ შედეგებს იწვევს. კერძოდ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება შეუდავებლად და, შესაბამისად, დამტკიცებულად. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგანაც მოსარჩელე თავისუფლდება სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან. აღნიშნული გარემოება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობაცაა. საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება“.
25. ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება (შეად. სუსგ-ებს: N ას- 475-2019, 15.04.2021წ; N ას-1065-2020, 08.04.2021წ; N ას- 338-2019, 22.03.2021წ.).
26. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
27. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).
28. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან.
29. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა – სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ სამართლებრივი ნორმა. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64).
30. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეების მოთხოვნა ეფუძნება ლ. ბ–ის კომლის წევრობიდან გამომდინარე თანასაკუთრების უფლებას (იხ. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა წინამდებარე განჩინების 12.2 ქვეპუნქტში). სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელეთაგან ე. ბ–ი აწ გარდაცვლილი ლ. ბ–ის მეუღლე და პირველი მოპასუხის - მ. ბ–ის დედაა; მოსარჩელე ნ.ტ–ი პირველი მოპასუხის მ. ბ–ის მეუღლეა, ხოლო ნ.ტ–ისა და მ. ბ–ის შვილია მოსარჩელეთაგან ლ. ბ–ი. მოსარჩელე ე. ბ–ის, როგორც პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრის, სასარგებლოდ არ არის მოთხოვნილი აწ გარდაცვლილი ლ. ბ–ის სამკვიდროდან წილის მიკუთვნება რეგისტრირებული ქორწინებიდან გამომდინარე მეუღლეთა თანასაკუთრების საფუძველზე.
31. საქმის მასალებშია თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 23 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (საქმე N 2/410), რომლის საფუძველზე გადაწყდა დავა, ერთი მხრივ, მოსარჩელე ნ. ბ–სა და, მეორე მხრივ, მოპასუხეებს: მ.რ–ძეს, ი.რ–ძეს შორის, რომელშიც მესამე პირებად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით ჩართული იყვნენ და მონაწილეობდნენ ნ.ტ–ი და ლ. ბ–ი. ამ მიმართებით კასატორები აკრიტიკებენ სააპელაციო სასამართლოს, რომელიც თითქოსდა პრეიუდიციულად მიიჩნევს ადრე განხილულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს განსახილველი საქმისადმი, რაც არ არის გაზიარებული საკასაციო სასამართლოს მიერ, რადგან სააპელაციო სასამართლო სავსებით მართებულად და მკაფიოდ უთითებს, რომ, მართალია, თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება არ წარმოადგენს პრეიუდიციული ძალის მქონეს განსახილველი დავის მიმართ, თუმცა, ამ გადაწყვეტილებით მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით ნ.ტ–ი და ლ. ბ–ი (რომლებიც განსახილველ დავაში მოსარჩელეებს წარმოადგენენ ე. ბ–თან ერთად), ითხოვდნენ სადავო უძრავი ნივთის თანამესაკუთრეებად ცნობას იმ საფუძვლით, რომ ლ. ბ–ის კომლის წევრები იყვნენ, შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილება N 2/410 მოცემულ საქმეზე წარმოადგენს ერთ-ერთ მტკიცებულებას, რომლითაც დადგენილია, რომ ლ. ბ–ის საკუთრებაში არსებული გურჯაანის რაიონის სოფელ ...... მდებარე საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი ადრე საკოლმეურნეო კომლს წარმოადგენდა, თუმცა, სასამართლოს აღნიშნული დავის ფარგლებში არ დაუდგენია ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელეთაგან ნ.ტ–ი და ლ. ბ–ი აწ გარდაცვლილი ლ. ბ–ის საკოლმეურნეო კომლის წევრები იყვნენ და მათ კომლის ქონებაზე თანასაკუთრების უფლება წარმოეშვათ.
32. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს: „სასამართლო მტკიცება წარმოადგენს სასამართლოსა და მხარეთა საქმიანობას, რომლის მიზანია საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების (ფაქტების) დადგენა. სასამართლო მტკიცების სუბიექტებად სამოქალაქო პროცესში გვევლინებიან მხარეები - მოსარჩელე, მოპასუხე, მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით, მესამე პირი დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე, თანამონაწილეები. სამოქალაქო პროცესში დადგენილი უნდა იქნეს სამი სხვადასხვა ხასიათის, შინაარსისა და შედეგების მიხედვით ისეთი ფაქტები, როგორიცაა: 1) ფაქტები, რომლებსაც უკავშირდება მხოლოდ პროცესუალურ სამართლებრივი შედეგი (სარჩელის მიღება წარმოებაში, ან ასეთ მიღებაზე უარის თქმა); 2) ფაქტები, რომლებსაც უკავშირდება მატერიალურ სამართლებრივი შედეგი, ანუ მთავარი საძიებელი ფაქტები (სარჩელის დაკმაყოფილება, ან მის დაკმაყოფილებაზე უარისთქმა); 3) მტკიცებულებითი ფაქტები, რომელთა მეშვეობით ხორციელდება მთავარი, ანუ გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცება - დადასტურება. მოსარჩელისათვის სასურველი შედეგის დადგომა, მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია მხოლოდ გარკვეული ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც კანონი უკავშირებს მოსარჩელის მატერიალურ სამართლებრივი მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ზუსტად იგივე უნდა განსაზღვროს იმ ფაქტების წრემ, რომლებსაც უკავშირდება მხარეთა მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივი დასაბუთებულობა. მიუთითონ ფაქტებზე, რომლებიც ასაბუთებენ მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს, არის თვითონ მხარეთა მოვალეობა. იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე სათანადოდ ახერხებს მოსარჩელის მიერ მითითებულ (არსებით) გარემოებებზე შედავებას საპირისპირო ნორმის წინაპირობების დასაბუთების გარეშე, მაშინ ამ გარემოებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მტკიცების სტადიაზე მიიღება იმისდა მიხედვით, (მტკიცების ტვირთის განაწილების გათვალისწინებით) დამტკიცდება თუ არა ეს სადავო გარემოებები; თუ მოპასუხე ვერ ახერხებს საპირისპირო ნორმის წინაპირობების დასაბუთებას და ვერც მოსარჩელის მიერ მითითებული და მოთხოვნის დამაფუძნებელი გარემოებების სათანადო შედავებას, სასამართლოს შეუძლია მოსარჩელის სასარგებლოდ დააკმაყოფილოს სარჩელი; თუ მოპასუხე სათანადოდ ახერხებს სამართლებრივი შესაგებლის დასაბუთებას და თუ მოსარჩელე არ ხდის სადავოს მის შესაგებელს, მაშინ სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ უარი უნდა ეთქვას სარჩელს საპირისპირო (მოთხოვნის გამომრიცხავი) ნორმის არსებობის გამო; თუ მოპასუხე სათანადოდ ახერხებს მოსარჩელის არსებითი გარემოებების შედავებას და ასევე საპირისპირო ნორმის წინაპირობების საკმარისად დასაბუთებას, მაშინ მტკიცების სტადიაზე უნდა გაირკვეს, მტკიცდება თუ არა სადავო გარემოებები (მტკიცების ტვირთის გადანაწილების შესაბამისად). შემდეგ ეტაპზე უნდა შემოწმდეს, ახერხებს თუ არა მოსარჩელე თავისი მოთხოვნის დამაფუძნებელი გარემოებების იმგვარ დასაბუთებას, რომელიც ასევე აქარწყლებს მოპასუხის მიერ დასაბუთებულ საპირისპირო მითითებებს (ნორმებს)“ - იხ. სუსგ-ები: N ას-346-2021, 14.07.2021წ; N ას-362-2021, 25.06.2021წ; N ას-1439-2020, 22.04.2021წ; მოცემულ შემთხვევაში ადრე განხილულ დავაში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მოსარჩელეებმა, სსსკ-ის 178-ე მუხლით დადგენილი წესით განაცხადეს სასარჩელო პრეტენზია, რაც არ დაკმაყოფილდა დადგენილი ფაქტობრივი გარემოების საფუძველზე, რომ ისინი არიან გარდაცვლილის კომლის წევრები. ცხადია, ეს გადაწყვეტილება არ წარმოადგენს პრეიუდიციული ძალის მქონეს განსახილველი დავისადმი, რადგან ვერ აკმაყოფილებს პრეიუდიციულად მიჩნევის კრიტერიუმებს (იხ. სუსგ-ები: N ას-1416-2020, 23.07.2021წ; N ას-1122-2019, 23.07.2021წ; N ას-1198-2019, 25.06.2021წ.), თუმცა, ამ გადაწყვეტილებით დადგენილი სადავო და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივად დაძლევა, სხვა მტკიცებულებებთან შედარებით, უფრო რთულია. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას ე. ბ–ის ნაწილში, მისი მოთხოვნის (იხ. 12.2 ქვეპუნქტი) ფარგლებს ვერ გასცდება საკასაციო სასამართლო (სსსკ-ის 248-ე მუხლი). საქმის მასალებში წარდგენილ საარქივო ცნობასთან დაკავშირებით (იხ. წინამდებარე განჩინების მე-11 პუნქტი) საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს, რომლებიც წინამდებარე განჩინების 16.4-16.5 ქვეპუნქტებშია ასახული, რადგან აღნიშნული შეესაბამება საკასაციო სასამართლოს პრაქტიკას ანალოგიურ დავებზე და არც ამ მიმართებით იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაბუთებულობა (იხ. სუსგ-ები N ას-434-2020, 17.03.2021წ; N ას-1272-2020, 18.02.2021წ; N ას-7-2019, 11.06.2020წ: N ას-1358-2018, 31.10.2019წ; N ას-1814-2018, 05.07.2019წ.). საკასაციო სასამართლო დამატებით აღარ იმსჯელებს სადავოდ ქცეული უძრავი ქონების- საცხოვრებელი ფართის გაზრდაზე, რადგან გაზიარებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა (იხ. წინამდებარე განჩინების 16.6-16.7 ქვეპუნქტები), რომ სადავო ქონებაზე მოსარჩელეების რაიმე სახის უფლება არ დასტურდება, შესაბამისად მსჯელობის განვითარება მათ პრეტენზიაზე, თუ რამდენია ქონების ფართი მოცემული დავის ფარგლებში შეუძლებელია და ვერ იქნება კანონიერი.
33. საკასაციო სასამართლო იმსჯელებს კასატორის იმ პრეტენზიაზე, რომელიც მნიშვნელოვან პროცესუალურსამართლებრივ საკითხს უკავშირდება და რაზედაც კასატორმა, საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის ეტაპზე, შესაძლო მორიგებაზე მსჯელობის დროს გაამახვილა ყურადღება, კერძოდ, მოპასუხეთაგან - მ. ბ–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში შესაგებელი არ წარადგინა, ხოლო საქმის სასამართლო განხილვის დროს არ გამოცხადდა, ასევე, ცნო მის წინააღმდეგ მიმართული საკასაციო საჩივარი.
34. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის სამართლებრივი შედეგები განსაზღვრულია სსსკ-ის 232- ე პრიმა მუხლით, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე ორი მოპასუხეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობა, ასევე, სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობა არ განაპირობებს მეორე მოპასუხის მიმართ სარჩელის უპირობოდ დაკმაყოფილებას, რადგან სადავო სამართალურთიერთობაში ჩართულ მხარეებს, მოსარჩელის, თუ მოპასუხის საპროცესო სტატუსებით, საკუთარი დისპოზიციურობის ფარგლებში აქვთ მოთხოვნების, მათი გამაქარწყლებელი შესაგებლის წარდგენის ან წარუდგენლობის უფლება, ამასთან, როდესაც საქმეში რამდენიმე მოპასუხეა, როგორც ეს მოცემულ შემთხვევაშია, პირველი მოპასუხის მიერ შესაგებლის წაუდგენლობა არ იწვევს მეორე მოპასუხისათვის სამართლებრივ შედეგს. მხარეთა დისპოზიციურობის ფარგლებში უფლების განკარგვის დროს, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ასევე „მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა უფლების განმკარგავი აქტია, რომელიც შეიძლება განხილულ იქნას მხოლოდ მის სამართლებრივ შედეგთან ერთიანობაში, სარჩელის ცნობა შეუქცევადია და მას ამ ნაწილში გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოჰყვება შედეგად იმდენად, რამდენადაც სარჩელის ცნობას საფუძვლად ედება პრეზუმფცია, რომ მოპასუხე აღიარებს მის მიმართ წარდგენილ პრეტენზიას და არ აპირებს ამ მოთხოვნისაგან თავდაცვის საპროცესო საშუალების გამოყენებას“ (იხ. სუსგ-ები N ას-180-2021, 25.05.2021წ; N ას -1213-2019, 20.05.2021წ; N ას-1710-2019, 24.07.2020წ.). თუმცა, საგულისხმოა, რომ ერთ-ერთი მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა არ განაპირობებს მეორე მოპასუხის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებას (იხ. სუსგ -ები N ას-1381-2020, 29.12.2020წ; N ას 696-979-05, 01.12.2005წ.).
35. განსახილველ შემთხვევაში პირველმა მოპასუხემ, რომელიც მოსარჩელეთა ოჯახის წევრია (ის. წინამდებარე განჩინების პირველი პუნქტი), მართალია, არ წარადგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში მის წინააღმდეგ აღძრული სასარჩელო მოთხოვნის პასუხად შესაგებელი, თუმცა, ეს იმთავითვე არ იწვევს მეორე მოპასუხის საწინააღმდეგოდ გადაწყვეტილების მიღებას. დადგენილია და სადავო არაა, რომ მოცემული დავის პირველი მოპასუხე მეორე მოპასუხის, როგორც კრედიტორის, მოვალეა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა და მის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე ე. ბ–ის სასარჩელო მოთხოვნა არ ეფუძნება მეუღლეთა თანასაკუთრებიდან გამომდინარე წილის მოთხოვნას (იხ. 12.2 ქვეპუნქტი), ხოლო მოსარჩელეებმა: ნ.ტ–მა და ლ. ბ–მა, ე. ბ–თან ერთად, წილობრივად მოითხოვეს თანამესაკუთრედ ცნობა იმ უძრავ ქონებაზე, რომელიც ლ. ბ–ის საკომლო ქონებას წარმოადგენდა და სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ნ.ტ–მა და ლ. ბ–მა, როგორც მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით, ჯერ კიდევ 2010 წელს ვერ დაამტკიცეს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ იყვნენ ლ. ბ–ის კომლის წევრები, მოსარჩელეთა საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობასა და დასკვნებს. ამასთან, საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა და სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, იმგვარ შინაგან რწმენას ქმნის, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა მიმართულია პირველი მოპასუხის, როგორც ოჯახის წევრის, მიერ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების შემთხვევაში, საკუთრებად რიცხული ქონების ოჯახის წევრებზე გადანაწილებისაკენ, რათა ქონების ნაწილი მაინც იქნეს შენარჩუნებული. მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ ისინი არ უნდა აგებდნენ პასუხს პირველი მოპასუხის, როგორც მოვალის ვალდებულებაზე კრედიტორის (მეორე მოპასუხის) წინაშე იმ ქონებით, რომელიც მათ ეკუთვნით (იხ. წინამდებარე განჩინების 12.2 ქვეპუნქტი), თუმცა, მოსარჩელეებმა ვერ შეძლეს სამართლებრივად წონადი მტკიცებულებების წარდგენა სასამართლოსათვის სადავო ქონებაზე მათი უფლების ნამდვილობის დასამტკიცებლად, რაც მათი საკასაციო პრეტენზიის უარყოფისა და გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.
36. სსსკ-ის 55.2-ე მუხლის თანახმად კასატორების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 399-ე, 372-ე, 264.5-ე, 257-ე მუხლებით და 410-ე მუხლის "გ" ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.ტ–ის, ლ. ბ–ის და ე.ბ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური