Facebook Twitter

საქმე №ას-475-2021 15 ოქტომბერი, 2021 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები – ვ.ე–ძე, გ.ე–ძე, ს.ე–ძე, მ.გ–ია, ნ.ხ–ვა, გ.ხ–ვი (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ.მ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ.მ–ის (შემდეგში: მოსარჩელე ან მესაკუთრე) სარჩელი დაკმაყოფილდა.

1.1. ვ.ე–ძის, გ.ე–ძის, ს.ე–ძის, მ.გ–იას, ნ.ხ–ვას და გ.ხ–ვის (შემდეგში: მოპასუხეები, აპელანტები ან კასატორები) უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა მოსარჩელის საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ნივთი, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ......, დაზუსტებული ფართობი: 310 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი N1, N2, საერთო ფართი 89.31 კვ.მ, ს/კ .... და თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრეს.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 მარტის განჩინებით.

3. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიუთითა მათზე:

3.1. უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი თბილისი, ...., დაზუსტებული ფართობი: 310 კვ.მ. შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: N1, N2, საერთო ფართი: 89.31 კვ.მ. ს/კ N ......, 2018 წლის 20 აგვისტოდან მოსარჩელეს ეკუთვნის.

3.2. მოპასუხეები სადავო ბინას ფლობენ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.

4. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, საქალაქო სასამართლომ სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და მართებულად მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 172-ე მუხლის პირველი ნაწილის, „მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება“ შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანი იყო.

5. სსკ-ის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. დადგენილია, რომ სადავო ნივთი საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრებად. ეს ნიშნავს, რომ ნივთი სწორედ მას ეკუთვნის.

6. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხეების მითითება, რომ ისინი სადავო უძრავი ქონების მოსარგებლეები არიან, რადგან აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვებოდა, ამასთან მოპასუხეებს არც შეგებებული სარჩელი აღუძრავთ სადავო ქონების მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით.

7. სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-4, 102-ე მუხლებზე დაყრდნობით დაასკვნა, რომ მოპასუხეებმა ვერ შეძლეს თავიანთი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მათი მფლობელობის მართლზომიერება. შესაბამისად, ისინი უკანონოდ ფლობენ უძრავ ქონებას. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის, შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები და მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან გამოითხოვოს ნივთი.

8. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

8.1 მოპასუხეებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

8.2 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 ივლისის განჩინებით მოპასუხეების საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხეების საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

10. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორებს არ წარმოუდგენიათ დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

12. კასატორების პრეტენზიით, სასამართლომ არ გაიზიარა ის გარემოება, რომ მოპასუხეები აღნიშნულ მისამართზე წლების განმავლობაში ცხოვრობენ და ბინით მოსარგებლეები არიან.

13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი და მართებულად მიუთითა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტებზე (იხ. სსსკ-ის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი):

13.1. ა) მოსარჩელე უძრავი ქონების მესაკუთრეა, რაც დასტურდება ამონაწერით საჯარო რეესტრიდან: ბ) მოპასუხეები სადავო ბინას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ.

14. საკასაციო სასამართლო საპროცესო სამართლით დადგენილი მტკიცების სტანდარტის გათვალისწინებით განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით, ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

15. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, „ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას, 170-ე მუხლის პირველ ნაწილის მიხედვით, „მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისულად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით, არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას „ ხოლო 172-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება“.

16. მოცემულ შემთხვევაში, კასატორებს, მოსარჩელის მოთხოვნის გასაბათილებლად, რომელიც, თავის მხრივ, საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიმართ უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციას (იხ. სსკ-ის 311-ე, 312-ე მუხლები) ემყარებოდა, სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია დასაბუთებული შედავება და სამართლებრივად ვარგისი მტკიცებულებები, რომლითაც ან გამოირიცხებოდა მოსარჩელის საკუთრების უფლება სადავო ქონებაზე, ან დადგინდებოდა, კასატორების უკეთესი უფლება ამავე ნივთზე, რაც შეზღუდავდა მესაკუთრის უფლებას სადავო ქონებასთან მიმართებით, კასატორებმა ვერ მიუთითეს ისეთ გარიგებისმიერ ან კანონისმიერ საფუძვლებზე (იხ. სსკ-ის 162-ე მუხლი), რომლის მიხედვითაც სადავო საგნის მართლზომიერ მფლობელებად ჩაითვლებოდნენ.

17. საკასაციო საჩივარში მოპასუხეები ცდილობენ სასარჩელო მოთხოვნის კანონიერება იმაზე მითითებით გააქარწყლონ, რომ ისინი „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის“ შესახებ საქართველოს კანონით (შემდეგში: სპეციალური კანონი) გათვალისწინებული ურთიერთობის სუბიექტები არიან.

18. სპეციალური კანონის 11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განმარტებულია: „მოსარგებლე – პირი, რომელიც კანონის მიღების მომენტისთვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო ფორმის დაცვის გარეშე დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან მფლობელობის უფლება მიღებული აქვს საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციული აქტით“.

19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია მხარის ვალდებულება, მისი პოზიციის დასადასტურებლად სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულებები. მხარის დასაბუთებული პრეტენზიის არსებობა სასამართლოს წარმოუშობს ვალდებულებას, დადგენილი გარემოებების სისწორე საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში შეაფასოს სსსკ-ის 105-ე მუხლით განსაზღვრული წესით. სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს გააქარწყლებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (იხ. სუსგ საქმე ას-1903-2018, 22 ნოემბერი, 2019 წელი).

20. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივართან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ საჩივარი არაკვალიფიციურია, რამდენადაც არ შეიცავს კონკრეტულ პრეტენზიებს და არ არის გამყარებული მტკიცებულებებით, მარტოოდენ მითითება იმ გარემოებაზე, რომ კასატორები სადავო უძრავი ქონების მართლზომიერი მფლობელები არიან, ვერ იქნება მიჩნეული კვალიფიციურ შედავებად, ვინაიდან საქმეში არ მოიპოვება მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამასთან, საქმის მასალებიდან არ დასტურდება, რომ კასატორებმა წარადგინეს სარჩელი ან შეგებებული სარჩელი, რომლის ფარგლებშიც უძრავი ქონებაზე საკუთრების უფლება იქნებოდა შედავებული.

21. საკასაციო სასამართლოს განსჯით, მოპასუხეებმა (კასატორებმა) სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ დაძლიეს მტკიცების ტვირთი და სასამართლოს ვერ დაუდასტურეს ნივთზე მათი მფლობელობის მართლზომიერება.

22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

23. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან.

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

25. კასატორები სსსკ-ის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ.ე–ძის, გ.ე–ძის, ს.ე–ძის, მ.გ–იას, ნ.ხ–ვას და გ.ხ–ვის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური