საქმე №ას-769-2021 15 ოქტომბერი, 2021 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ნ.ზ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ.ზ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ხელშეშლის აღკვეთა, ნაგებობის დემონტაჟი
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ყვარლის მაგისტრატი სასამართლოს 2020 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ.ზ–ის (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ივნისის განჩინებით.
3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. N .... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, ისევე როგორც მის მიმდებარედ, N ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი გ.ზ–ის (შემდეგში: მოპასუხე) საკუთრებაა.
3.2. ნაკვეთების აღმოსავლეთით, მოპასუხის კუთვნილ ნაკვეთებსა და N .... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს შორის დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთი მდებარეობს, რომელიც მხოლოდ N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან დასაკავშირებლად გამოიყენება.
3.3. დაურეგისტრირებელ მიწის ნაკვეთზე მოპასუხეს ჭიშკარი აქვს მოწყობილი.
3.4. მოსარჩელეს ჭიშკრის აღება N .... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ, ე.ი. მოპასუხის კუთვნილ მიწის ნაკვეთთან მისასვლელად სურს.
4. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 312-ე მუხლის პირველი ნაწილზე „რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა“ დაყრდნობით მიუთითა, რომ N .... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მოპასუხის საკუთრებად. ეს ნიშნავს, რომ მიწის ნაკვეთი მოპასუხეს ეკუთვნის. მოსარჩელე არც საჯარო რეესტრის ამ ჩანაწერს და არც მისი წარმოშობის საფუძველს სასარჩელო წესით არ შედავებია.
5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 248-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.
6. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მართალია მოპასუხემ მიწის ნაკვეთი 2020 წლის 5 სექტემბერს, ე.ი. აპელანტის მიერ სარჩელის აღძვრის შემდეგ დაირეგისტრირა საკუთრებაში, თუმცა მხარეთა შორის ეს ნაკვეთი დავის საგანი არ ყოფილა და მისი განკარგვა სასამართლოს არ შეუზღუდავს. შესაბამისად, სასამართლომ მოპასუხის საკუთრებად მისი რეგისტრაციის კანონიერების თაობაზე ვერ იმსჯელა.
7. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, სადავო ჭიშკრის არსებობით აპელანტის უფლებები არ ირღვევა. ნაკვეთი, რომელზეც სადავო ჭიშკარია განთავსებული, მთლიანად სხვადასხვა პირთა საკუთრებაში არსებულ ნაკვეთებს შორის არის მოქცეული, მისი გავლით მხოლოდ მოპასუხის კუთვნილ ნაკვეთთან დაკავშირებაა შესაძლებელი და მის სიახლოვეს აპელანტს საკუთრება არ გააჩნია.
8. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
8.1 მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
8.2 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 23 ივლისის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
10. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.
11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
12. საკასაციო პრეტენზიების მართებულობის საკითხის შემოწმებამდე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.
13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, როგორც უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია განმარტებული, სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. სუსგ №ას-1529-1443-2012, 9 დეკემბერი, 2013 წელი; დიდი პალატის გადაწყვეტილება №ას-664-635-2016, 2 მარტი, 2017 წელი, §187).
14. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე (კასატორი) მოპასუხის მხრიდან უკანონო ხელშეშლის აღკვეთას და მიწის ნაკვეთზე განთავსებული ჭიშკრის დემონტაჟს მოითხოვს. ამდენად, წინამდებარე სარჩელი ნეგატორულ სარჩელს წარმოადგენს და სამართლებრივი საკითხები სსკ-ის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესიდან გამომდინარეობს.
15. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სსკ-ის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ნეგატორული სარჩელი წარმატებულია, თუკი მოსარჩელე დაამტკიცებს, რომ მას ხელი ეშლება საკუთრებით/ თანასაკუთრებით თავისუფალ სარგებლობაში და ეს ხელშეშლა არ გამომდინარეობს ლეგიტიმური საფუძვლიდან.
16. სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით განმტკიცებულია საკუთრების უფლების არსი და „ნორმაში გადმოცემულია ის ელემენტები, რომლებიც ქმნის საკუთრების უფლების შინაარსს „მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას“. სსკ-ის 172.2 მუხლის მიხედვით კი, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელისშემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მესაკუთრეს შეუძლია თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ნივთებით, არ დაუშვას მესამე პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა. მესაკუთრეს შეუძლია განახორციელოს პოზიტიური უფლებამოსილებანი, ან ნეგატიური - გამორიცხოს ნებისმიერი მესამე პირის მიერ ქონებით სარგებლობა“ (იხ. სუსგ Nას-25-2021, 27.04.2021წ; Nას-583-2021, 23.07.2021წ).
17. ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა ნეგატორულ სარჩელს წარმოადგენს, რომელიც, მესაკუთრის დაცვის მიზნით, მიმართულია უფლების დამრღვევი პირის წინააღმდეგ. სასამართლო ამ ტიპის სარჩელის განხილვისას ადგენს არა რაიმე ახალ უფლებას (აწესებს, ცვლის, წყვეტს და სხვა), არამედ მოდავე სუბიექტთა უფლებრივი მდგომარეობის შეუცვლელად ახდენს სამოქალაქო უფლების სწორი რეალიზაციის წესის განსაზღვრას. აღნიშნული ტიპის სარჩელი დაკმაყოფილდება ისეთ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ნივთის მესაკუთრე, რომლის საკუთრების ხელყოფა ან საკუთრების გამოყენებაში სხვაგვარი ხელშეშლა ხორციელდება სხვა პირის უკანონო მოქმედებით (სუსგ-ები:№ ას-1041-998-2016, 12.02.2016წ; № ას-843-809-2016, 26.10.2016წ; № ას-778-2019, 05.07.2019წ).
18. საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის უფლება წარმოიშობა მაშინ, როცა არსებობს შემდეგი საფუძვლები: ა) მოსარჩელე არის ნივთის მესაკუთრე; ბ) ნივთი მესაკუთრის მფლობელობაშია; გ) მოპასუხე ხელყოფს ან სხვაგვარად ხელს უშლის მოსარჩელეს თავისი საკუთრებით სარგებლობაში. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის წარმოშობის აუცილებელ პირობას საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის ფაქტის არსებობა წარმოადგენს. ფაქტის არსებობა კი, როგორც წესი, დადასტურებული უნდა იქნას სათანადო მტკიცებულებებით (იხ. სუსგ Nას-1250-2018, 21.12.2018წ)
19. როგორც აღინიშნა, მოსარჩელის მოთხოვნა სსკ-ის 172-ე მუხლის მეორე ნაწილიდან გამომდინარეობს. აღნიშნული ნორმის გამოყენებისათვის კი საჭიროა დადგინდეს საკუთრების უფლების განხორციელების ხელშეშლის ფაქტი. მესაკუთრეს სხვა პირის (პირთა) გამო, არ უნდა შეეძლოს საკუთრებაში არსებული ნივთის თითოეული ნაწილით თავისუფალი სარგებლობა, ფლობა და განკარგვა. თუ ასეთი ფაქტი იარსებებს, მიჩნეული იქნება, რომ მას ხელს უშლიან საკუთრების უფლების რეალიზებაში.
20. კასატორს დასაბუთებული და დასაშვები პრეტენზია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების მიმართ არ წარმოუდგენია. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ნაკვეთი, რომელზეც სადავო ჭიშკარია განთავსებული მთლიანად მოქცეულია სხვადასხვა პირთა საკუთრებაში არსებულ ნაკვეთებს შორის, მისი გავლით, მხოლოდ, მოპასუხის კუთვნილ ნაკვეთთან დაკავშირებაა შესაძლებელი და მის სიახლოვეს მოსარჩელეს სსკ-ის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ აქვს.
21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს ნეგატორული სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, კერძოდ, ის რომ, მოსარჩელე სადავო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა და მოპასუხის მხრიდან ხელშეშლის გამო, ვერ სარგებლობს უძრავი ნივთით, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაადგინა, რომ სარჩელის დაკმაყოფილების საკმარისი ფაქტობრივ-სამართლებრივი წანამძღვრები არ არსებობდა.
22. დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად ვერ შეფასდება კასატორის მითითება, რომ სადავო მიწის ნაკვეთი მოდავე მხარეების (და-ძმის) მშობლების საკუთრებაა და მოპასუხემ ის დავის განხილვის დროს უკანონოდ დაირეგისტრირა. აღნიშნული ფაქტი სასამართლომ არ გაითვალისწინა, რითაც დაარღვია მოსარჩელის უფლება.
23. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმის მასალებში არსებულ, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 20 აგვისტოს საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინებაზე, რომლის მიხედვით, მოსარჩელემ (კასატორმა) 2005 წელს, სარჩელით მიმართა ყვარლის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის წინააღმდეგ სამკვიდრო ქონებაზე მესაკუთრედ აღიარების მოთხოვნით. მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე 2005 წლის 2 ნოემბერს საქმის წარმოება შეწყდა და იგი დღეისათვის კანონიერ ძალაშია შესული. სწორედ დასახელებული გარემოების გათვალისწინებით, 2015 წლის 20 აგვისტოს, სსსკ-ის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის „სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატვით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით“ საფუძველზე, რაიონულმა სასამართლომ საქმის წარმოება შეწყვიტა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს განსჯით, კასატორის ზემოაღნიშნული პრეტენზია დაუსაბუთებელ შედავებად უნდა იქნეს მიჩნეული.
24. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
25. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
26. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. მსგავს საკითხებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა არსებობს, რომელსაც წინამდებარე განჩინება არ ეწინააღმდეგება.
27. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.
28. კასატორი სსსკ-ის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.ზ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური