საქმე №ას-1641-2018 25 ოქტომბერი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – გ.თ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ.ჭ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივლისის დამატებითი განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული დამატებითი განჩინების გაუქმება
დავის საგანი – საადვოკატო მომსახურების ხარჯის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. გ.თ–ძემ (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „კასატორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში თ.ჭ–ის (შემდგომში - „მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვა:
1.1. მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრის გავლება აღმოსავლეთის მხრიდან მოქ. კ–ას საცხოვრებელი სახლის კუთხიდან 2011 წლის 6 აპრილის ექსპერტიზის დასკვნაში მოცემული მოქ. ა. ლ–ძის კუთვნილი ნაკვეთის საზღვრის ბოლო წერტილამდე (დანართი №1, წერტილი №10) საჯარო რეესტრის მასალების, 2011 წლის 6 აპრილისა და 2015 წლის 1 აპრილის ექსპერტიზის დასკვნების შესაბამისად (იხ. განცხადება სარჩელის დაზუსტების შესახებ, ტ. I, ს.ფ. 152);
1.2. მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურების დაკისრება.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაზუსტებული სარჩელი დაკმაყოფილდა; დადგინდა, რომ გავლებული იქნას მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვარი აღმოსავლეთის მხრიდან მოქ. კ–ას საცხოვრებელი სახლის კუთხიდან 2011 წლის 6 აპრილის ექსპერტიზის დასკვნაში მოცემული მოქ. ა. ლ–ძის კუთვნილი ნაკვეთის საზღვრის ბოლო წერტილამდე (დანართი №1, წერტილი №10) საჯარო რეესტრის მასალების, 2011 წლის 6 აპრილისა და 2015 წლის 1 აპრილის ექსპერტიზის დასკვნების შესაბამისად; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სარჩელის აღძვრისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 120 ლარის ოდენობით, ასევე, ექსპერტიზის ჩატარების ხარჯები 300 ლარის ოდენობით, და საადვოკატო ხარჯები 160 ლარის ოდენობით.
4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
5. 2017 წლის 11 აგვისტოს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა, რომ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შემთხვევაში, აპელანტს (მოპასუხეს) სსსკ-ის 53-ე მუხლის საფუძველზე დაკისრებოდა მის მიერ გაწეული საადვოკატო მომსახურების ხარჯი, რომლის ქვითარიც წარდგენილი იყო საქმეში.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
7. სააპელაციო პალატამ საპროცესო ხარჯებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული ჰქონდა საადვოკატო ხარჯის სახით 160 ლარის ანაზღაურება. იმის გათვალისწინებით, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგნის ღირებულება, სსსკ-ის 41.1 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განსაზღვრული იყო 4000 ლარით, რომლის 4% შეადგენდა 160 ლარს, სსსკ-ის 53.1 მუხლის მიხედვით, აღარ არსებობდა მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ საადვოკატო ხარჯის დამატებით დაკისრების საფუძველი.
8. 2017 წლის 8 სექტემბერს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა მის მიერ გაწეული საადვოკატო მომსახურების ხარჯის (300 ლარის) მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე.
9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ნოემბრის დამატებითი განჩინებით მოსარჩელის განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 6 სექტემბრის განჩინებაზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
10. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოში მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელის) მიერ წარდგენილი იქნა სს „თ.ბ–ის“ ქუთაისის ფილიალში, 2017 წლის 7 ივნისს, ფ.ბ–ს ანგარიშზე წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის, 300 ლარის, შეტანის დამადასტურებელი სალაროს შემოსავლის ორდერი №1643106230.
11. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილების მე-6 პარაგრაფი (საპროცესო ხარჯები) შეიცავდა მსჯელობას მხარეთა შორის საპროცესო ხარჯების განაწილების თაობაზე, მათ შორის, სააპელაციო სასამართლოში მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის, 300 ლარის, ანაზღაურების საკითხზე.
12. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ, ვინაიდან 2017 წლის 6 სექტემბრის განჩინებით გადაწყვეტილი იქნა სააპელაციო სასამართლოში მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის მხარეთა შორის განაწილების საკითხი, აღარ არსებობდა ამ ხარჯების თაობაზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი.
13. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 15 ნოემბრის განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა კერძო საჩივარი და მოითხოვა აღნიშნული განჩინების გაუქმება და მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის - 300 ლარის დაკისრება.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 აპრილის განჩინებით მოსარჩელის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ნოემბრის განჩინება და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს განცხადების ხელახლა განსახილველად.
15. საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 სექტემბრის განჩინება, რომლის სარეზოლუციო ნაწილი არ ასახავდა მოსარჩელის მიერ საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების მოპასუხისათვის დაკისრების ან ამ ხარჯის დაკისრების უსაფუძვლობის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას, შესაძლებელია შევსებულიყო დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანით.
16. 2018 წლის 18 ივლისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე წარდგენილ მოპასუხის სააპელაციო საჩივარზე, სასამართლო ხარჯებთან დაკავშირებით მიიღო დამატებითი განჩინება, რომლითაც მოსარჩელის შუამდგომლობა მოპასუხისათვის (აპელანტი) მის სასარგებლოდ დამატებით, სააპელაციო ინსტანციის სასამართლო წარმოებისათვის გაწეული საადვოკატო მომსახურების ხარჯის - 300 ლარის, დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
17. სააპელაციო პალატამ მიუთითა წინამდებარე გადაწყვეტილების მე-10 პუნქტში დადგენილ გარემოებაზე და აღნიშნა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის მე-6 პარაგრაფი (საპროცესო ხარჯები) შეიცავდა მსჯელობას მხარეთა შორის საპროცესო ხარჯების განაწილების თაობაზე, მათ შორის, სააპელაციო სასამართლოში მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის, 300 ლარის, ანაზღაურების საკითხზე (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების მე-7 პუნქტი), თუმცა სარეზოლუციო ნაწილში აღნიშნულ ხარჯთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ასახული არ ყოფილა.
18. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივლისის დამატებითი განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა აღნიშნული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოპასუხისათვის მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯის - საადვოკატო მომსახურების თანხის დაკისრება.
19. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:
19.1. სასამართლომ არასწორად განმარტა სსსკ-ის 53-ე მუხლი, რომლის მიხედვით, მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯი. აღნიშნული მუხლით ხდება გაწეული საადვოკატო მომსახურების თანხის დაკისრება სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში. სსსკ-ის 53-ე მუხლის მე-2 ნაწილში გარკვევით წერია, რომ ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. ვინაიდან მოსარჩელემ ადვოკატის მომსახურების თანხა გადაიხადა სააპელაციო წარმოებისათვის, ეს ხარჯი უნდა დაეკისროს მოპასუხეს სსსკ-ის 53-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე;
19.2. სასამართლომ არ გაითვალისწინა და არ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი საადვოკატო მომსახურების ქვითარი, რომლის მიხედვით, საადვოკატო მომსახურების თანხა გადახდილია სააპელაციო წარმოებისათვის. ეს ხარჯი სასამართლოს მოპასუხისათვის უნდა დაეკისრებინა, მიუხედავად იმისა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მას დაკისრებული ჰქონდა ადვოკატის მომსახურების თანხა. აღნიშნული თანხა იყო პირველი ინსტანციის წარმოებისათვის გაწეული ხარჯი, ხოლო სააპელაციო სასამართლოს მოპასუხისათვის უნდა დაეკისრებინა სააპელაციო მომსახურების ხარჯი.
20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი, სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
21. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული დამატებითი განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
22. საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში [სსსკ-ის 404.1 მუხლის პირველი წინადადება]. საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407-ე მუხლი].
23. განსახილველ შემთხვევაში სადავოდ არის გამხდარი სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოებისას წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის მხარეთა შორის განაწილების საკითხი.
24. საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2017 წლის 11 აგვისტოს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა, რომ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შემთხვევაში, აპელანტს (მოპასუხეს) სსსკ-ის 53-ე მუხლის საფუძველზე დაკისრებოდა მის მიერ გაწეული საადვოკატო მომსახურების ხარჯი, რომლის ქვითარიც წარდგენილი იყო საქმეში (იხ. ტ. 2, ს. ფ. 126).
25. სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული დამატებითი განჩინებით არ დააკმაყოფილა მოსარჩელის შუამდგომლობა სააპელაციო ინსტანციის სასამართლო წარმოებისათვის გაწეული საადვოკატო მომსახურების ხარჯის - 300 ლარის მოპასუხისათვის (აპელანტისათვის) დაკისრების თაობაზე. სააპელაციო პალატის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს უკვე დაკისრებული ჰქონდა მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ საადვოკატო ხარჯების ანაზღაურება, 160 ლარის ოდენობით, რაც დავის საგნის ღირებულების (4000 ლარი) 4%-ს შეადგენდა და სსსკ-ის 53.1 მუხლის შესაბამისად, აღარ არსებობდა მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 160 ლარზე მეტი ოდენობით საადვოკატო ხარჯების დაკისრების საფუძველი.
26. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ სსსკ-ის 53-ე მუხლის ზემოაღნიშნულ განმარტებას და მიიჩნევს, რომ მას დამატებით უნდა აუნაზღაურდეს სააპელაციო წარმოებისას გაწეული საადვოკატო მომსახურების ხარჯი.
27. საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის პრეტენზიას სააპელაციო სასამართლოს მიერ სსსკ-ის 53-ე მუხლის არასწორი განმარტების თაობაზე [სსსკ-ის 393-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები: საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ: ა) არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; ბ) გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; გ) არასწორად განმარტა კანონი].
28. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით [სსსკ-ის 53.1 მუხლის ბოლო წინადადება]. ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას [სსსკ-ის 53.2 მუხლი].
29. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკის თანახმად, საპროცესო კანონმდებლობა პროცესის ხარჯების საკითხის განხილვის თაობაზე რაიმე სპეციალური წარმოების სახეს არ იცნობს, გარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლით დადგენილი შემთხვევებისა. ამასთან, სასამართლოს ყოველთვის შეუძლია გამოიტანოს გადაწყვეტილება პროცესის ხარჯების თაობაზე, თუკი ამას მხარეები მოითხოვენ და დაადასტურებენ სათანადო მტკიცებულებებით. სასამართლოსთვის მინიჭებული ამგვარი ლეგიტიმური უფლება გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-5 ნაწილის დებულებიდან, რომლის მიხედვითაც, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს მითითებას სასამართლო ხარჯების განაწილების თაობაზე. საპროცესო ხარჯების განაწილება მხარეთა შორის ხდება თითოეული ინსტანციის სასამართლოში ცალ-ცალკე და იმის მიხედვით, თუ როგორ შეცვლის ზემდგომი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებას, ამას მოჰყვება პროცესის ხარჯების განაწილების ცვლილებაც. ამდენად, საკასაციო პალატის შეფასებით, ვინაიდან არსებობს დავის გადაწყვეტასთან ერთად იმავე დავაზე გაწეული ხარჯების დაბრუნების სამართლებრივი მექანიზმი, ხოლო საპროცესო კანონი სპეციალურ რეგულაციას არ იცნობს, მხარეებმა პროცესის ხარჯების დაბრუნების (მეორე მხარისათვის მათ სასარგებლოდ დაკისრება) შესახებ უნდა მიუთითონ ძირითად სასარჩელო მოთხოვნასთან ერთად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ივარაუდება, რომ მათ პრეტენზია პროცესის ხარჯებთან დაკავშირებით არ გააჩნიათ. ამასთან, მხარეებს არ უნდა შეეზღუდოთ პროცესის ხარჯების მოთხოვნის უფლება საქმის მომზადების დასრულების შემდგომ, ან საქმის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში განხილვის ეტაპზე, თუკი ხარჯების საკითხი სწორედ საქმის განხილვის ამ სტადიაზე წარმოიშვა და მანამდე მხარისთვის ამ ფაქტის შესახებ ობიექტურად ცნობილი ვერ იქნებოდა (იხ. სუსგ №ას-165-158-2013, 27 იანვარი, 2014 წელი).
30. განსახილველ საქმეში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა საადვოკატო ხარჯი 160 ლარის ოდენობით. თუმცა, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული არ გამორიცხავს სააპელაციო წარმოებისას გაწეული წარმომადგენლის მომსახურების ხარჯის მხარეთა შორის განაწილებას, ვინაიდან, როგორც ზემოთ ითქვა, საპროცესო ხარჯების განაწილება მხარეთა შორის ხდება თითოეული ინსტანციის სასამართლოში ცალ-ცალკე.
31. ამდენად, არსებობს სააპელაციო სასამართლოს დამატებითი განჩინების გაუქმების სსსკ-ის 393.3 მუხლით გათვალისწინებული საფუძველი, რამდენადაც საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და მოსარჩელეს არასწორად ეთქვა უარი სააპელაციო წარმოებისას გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯების ანაზღაურებაზე.
32. საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები [სსსკ-ის 411-ე მუხლი]. ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ამგვარი საფუძვლები და არ არის საჭირო მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, საკასაციო პალატა უფლებამოსილია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება.
33. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივლისის დამატებითი განჩინება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, მოსარჩელის მოთხოვნა წარმომადგენლის მომსახურებისათვის მის მიერ გაწეული ხარჯის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
34. საკასაციო პალატის განმარტებით, სსსკ-ის 53.1-ე მუხლის დისპოზიცია იმგვარად არის ფორმულირებული, რომ არ ადგენს გაწეული ხარჯის სანაცვლო ანაზღაურების ერთმნიშვნელოვან ოდენობას, არამედ ამ ოდენობის გონივრულად განსაზღვრის უფლებას უტოვებს სასამართლოს. კანონმდებლის ამგვარი მიდგომა განპირობებულია იმ მოსაზრებით, რომ ადვოკატის მომსახურებაში გადახდილი ხარჯების სანაცვლო ანაზღაურებამ დაუსაბუთებლად არ უნდა შეზღუდოს პროცესის მონაწილე მხარის უფლება და არ უნდა შექმნას წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის პროცესუალური საფუძველი; ნორმის ამგვარი შინაარსის მიზანია პროცესის მონაწილე მეორე მხარის უფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვის თავიდან აცილება. გონივრულობის კრიტერიუმად კი, კანონმდებელი მიიჩნევს დავის საგნის ღირებულების არაუმეტეს 4%-ს. ნიშანდობლივია, რომ დავის საგნის ღირებულების 4% წარმოადგენს ზედა ზღვარს (კანონით დადგენილ მაქსიმალურ ოდენობას), რომლის ფარგლებშიც ხდება ხარჯების ოდენობის სასამართლოსმიერი განსაზღვრა და ამ თვალსაზრისით, მხედველობაში მიიღება კონკრეტულად რა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები იქნა განხორციელებული ადვოკატის მიერ, რა სახის ადამიანური რესურსი დაიხარჯა, საქმის წარმოების რომელ ეტაპზე პროცესის მონაწილე რომელმა მხარემ გასწია იგი და სხვა (იხ. სუსგ №ას-316-316-2018, 7 მაისი, 2018 წელი).
35. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელის) ინტერესებს სააპელაციო სასამართლოში იცავდა მისი წარმომადგენელი ფ.ბ–. საქმეში წარმოდგენილია სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა, რომლის თანახმად, მოსარჩელემ ფ.ბ–ს მიანიჭა მისი ინტერესების სასამართლოში დაცვის უფლება (იხ. ტ. 1. ს. ფ. 287-289). სააპელაციო სასამართლოში 2017 წლის 30 მაისს წარდგენილია მოსარჩელისა და მისი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი სააპელაციო შესაგებელი (იხ. ტ. 2. ს.ფ. 110-118). ფ.ბ– წარმოადგენდა მოსარჩელეს ასევე 2017 წლის 9 აგვისტოს გამართულ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე (იხ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 აგვისტოს სხდომის ოქმი, ტ. 2, ს.ფ. 128-132).
36. დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოში მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელის) მიერ წარდგენილი იქნა სს „თ.ბ–ის“ ქუთაისის ფილიალში, 2017 წლის 7 ივნისს, ფ.ბ–ს ანგარიშზე წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის, 300 ლარის, შეტანის დამადასტურებელი სალაროს შემოსავლის ორდერი №1643106230 (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების მე-17 და მე-10 პუნქტები).
37. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ განხორციელებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებების, დავის საგნის ღირებულებისა და ასევე სსსკ-ის 53.1-ე მუხლით დადგენილი ზღვრული პროცენტული ოდენობის გათვალისწინებით, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სააპელაციო სასამართლოში საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ნაწილის, 160 ლარის გადახდა (დავის საგნის ღირებულების - 4000 ლარის 4%).
38. იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა [სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი და მე-2 წინადადება]. ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას [სსსკ-ის 53.2 მუხლი].
39. ვინაიდან, მოსარჩელის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო სასამართლოში გაწეული ხარჯის, საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის ნახევრის, 75 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. გ.თ–ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივლისის დამატებითი განჩინება და მიღებულ იქნას ახალი გადაწვეტილება;
3. გ.თ–ძის მოთხოვნა წარმომადგენლის მომსახურეობისათვის მის მიერ გაწეული ხარჯის თ.ჭ–ისათვის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. თ.ჭ–ს (პ/ნ: .....) დაეკისროს გ.თ–ძის (პ/ნ: ....) მიერ სააპელაციო სასამართლოში საადვოკატო მომსახურეობისათვის გაწეული ხარჯის ნაწილის, 160 ლარის გადახდა;
5. თ.ჭ–ს (პ/ნ: .....) გ.თ–ძის (პ/ნ: .....) სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო სასამართლოში გაწეული ხარჯის, საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის ნახევრის, 75 ლარის გადახდა;
6. საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე