Facebook Twitter

საქმე №ას-577-536-2017 5 აპრილი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – თ.ხ–ძე, გ.ა–ი, გ.დ–ძე, ი.ხ–ვა, ლ.ნ–ძე (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – დ.ბ–ი (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხეები – თ.ლ–ა, კ.ლ–ა, ზ.მ–ძე, ა.ჩ–ძე, გ.ი–ი, თ.თ–ი,

ქ.ი–ი, ნ.ა–ი, ს.ო–ო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. დ.ბ–მა (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში თ.ხ–ძის (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“ ან „პირველი კასატორი“), ა.ჩ–ძის (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“), თ.ლ–ას (შემდგომში „მესამე მოპასუხე“), კ.ლ–ას (შემდგომში - „მეოთხე მოპასუხე“), გ.ი–ის (შემდგომში - „მეხუთე მოპასუხე“), გ.ა–ის (შემდგომში - „მეექვსე მოპასუხე“ ან „მეორე კასატორი“), ზ.მ–ძის (შემდგომში - „მეშვიდე მოპასუხე“),გ.ქ–ის (შემდგომში - „მერვე მოპასუხე“), ნ.ა–ის (შემდგომში - „მეცხრე მოპასუხე“), ლ.ნ–ძის (შემდგომში - „მეათე მოპასუხე“ ან „მესამე კასატორი“), ს.ო–ოს (შემდგომში - „მეთერთმეტე მოპასუხე“), თ.თ–ის (შემდგომში - „მეთორმეტე მოპასუხე“), გ.დ–ძის (შემდგომში - „მეცამეტე მოპასუხე“ ან „მეოთხე კასატორი“), ი.ხ–ვასა (შემდგომში - „მეთოთხმეტე მოპასუხე“) და შპს „კ–ის“ (შემდგომში - „მეთხუთმეტე მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვა: 1) პირველი-მეცხრე და მეთერთმეტე მოპასუხეებისათვის დავალიანების - 179 359 აშშ დოლარის სოლიდარულად დაკისრება; 2) პირველი - მეთერთმეტე და მეთხუთმეტე მოპასუხეებისათვის 2011 წლის 10 მარტიდან სარჩელის შეტანის დღემდე დარიცხული პროცენტის - 57 572 აშშ დოლარის სოლიდარულად დაკისრება; 3) პირველი - მეთერთმეტე და მეთხუთმეტე მოპასუხეებისათვის 2011 წლის 10 მარტიდან სარჩელის შეტანის დღემდე დარიცხული პირგასამტეხლოს - 227 900 აშშ დოლარის სოლიდარულად დაკისრება; 4) პირველი-მეთერთმეტე მოპასუხეებისათვის მშენებლობაზე გაწეული ხარჯის - 277 947.2 ლარის, არმატურის შესაძენად გაწეული ხარჯის - 7745 აშშ დოლარისა და მუშებისათვის გადახდილი ხელფასის ხარჯის სოლიდარულად დაკისრება; 5) დავალიანების გადახდევინების მიზნით შემდეგი უძრავი ქონების სარეალიზაციოდ მიექცევა:

- პირველი მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ......... , ს.კ. ......;

- მეორე მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ......... , ს.კ. .....;

- მეცხრე მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ........., ს.კ. .....;

- მეათე მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ......... , .....;

- მეთერთმეტე მოპასუხის კუთვნილის უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ......... ., ს.კ. ......;

- მეთორმეტე მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ......... , ს.კ. ......;

- მეთორმეტე და მეცამეტე მოპასუხეების თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ......... , ს.კ. ......;

- ქ.ი–ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ......... , ს.კ. .....;

- მეთოთხმეტე მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ...., ს.კ. ......

2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

2.1. სს „თ.ბ–სა“ (შემდგომში - „ბ–ი“) და ამხანაგობა „ს.პ–ს“ (შემდგომში - „ამხანაგობა“) შორის 2007 წლის 29 ოქტომბერს გაფორმდა საკრედიტო პროდუქტით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში 2007 წლის 31 ოქტომბერს გაფორმდა ს–ო კრედიტის ხელშეკრულება. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხეთა და თავდებთა უძრავი ქონება;

2.2. ბ–სა და მოსარჩელეს შორის 2009 წლის 12 ოქტომბერს გაფორმდა ხელშეკრულება ამხანაგობასთან დადებული საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან და მის ფარგლებში გაფორმებული ს–ო კრედიტის ხელშეკრულებიდან, ასევე, ამ ხელშეკრულებების უზრუნველსაყოფად სხვა, დამატებითი ხელშეკრულებებიდან წარმოშობილი მოთხოვნების დათმობისა და მათ უზრუნვესაყოფად არსებულ იპოთეკებსა და თავდებობებზე უფლებათა გადაცემის შესახებ. მოთხოვნებისა და უფლებების ნასყიდობის ფასი შეადგენდა 150 000 აშშ დოლარს;

2.3. მოსარჩელემ სრულად დაფარა ამხანაგობის დავალიანება ბ–ის მიმართ და დაიკავა კრედიტორის ადგილი;

2.4. მოპასუხეთა მხრიდან სასესხო ვალდებულებები შესრულებულია ნაწილობრივ, კერძოდ, 2011 წლის 10 მარტს 18 თვის დაგვიანებით ამხანაგობამ ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე შეიტანა სესხის თანხა 106 000 აშშ დოლარის ოდენობით;

2.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ამხანაგობის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 179 359 აშშ დოლარს. კერძოდ, მოსარჩელის მიერ გადახდილ 150 000 აშშ დოლარს დამატებული 2009 წლის 12 ოქტომბრიდან 2011 წლის 10 მარტამდე დარიცხული საპროცენტო სარგებელი (თვეში - 1602.31 აშშ დოლარი), ჯამში - 27 239.27 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო (510 დღეზე; დღეში - 212 აშშ დოლარი) ჯამში - 108 120 აშშ დოლარი (სულ 285 359 აშშ დოლარი), რომელსაც უნდა გამოაკლდეს ამხანაგობის მიერ გადახდილი 106 000 აშშ დოლარი;

2.6. მოსარჩელემ, გარდა იმისა, რომ სრულად დაფარა ამხანაგობის დავალიანება, ასევე, დაიწყო კორპუსის მშენებლობა, რომელიც ფაქტობრივად დასრულებულია. მშენებლობის ხარჯმა შეადგინა 277 947.2 ლარი, ასევე, 7745 აშშ დოლარი არმატურის შეძენის ხარჯი და მუშების ხელფასების ხარჯი - 16 624 ლარი, თუმცა მოპასუხეები არც აღნიშნულ ხარჯს ანაზღაურებენ და არც სხვა სახის მოლაპარაკება სურთ.

3. პირველმა-მეათე და მეთორმეტე-მეთოთხმეტე მოპასუხეებმა წარადგინეს როგორც მოთხოვნის გამომრიცხველი, ისე მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნეს. მათი განმარტებით, მოსარჩელის მიმართ არსებული დავალიანება სრულად გადახდილია. მოპასუხეებმა, ასევე, მიუთითეს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 სექტემბრის ადგილზე თათბირით მიღებული განჩინებით მეთხუთმეტე მოპასუხის მიმართ შეწყდა საქმის წარმოება, მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 19 ნოემბრის ადგილზე თათბირით მიღებული განჩინებით სარჩელი მერვე მოპასუხის მიმართ, მისი გამოხმობის გამო, დარჩა განუხილველად.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 04 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; პირველ-მეშვიდე მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 84 879 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც 34 879 აშშ დოლარი წარმოადგენს დათმობილი მოთხოვნის ძირითად დავალიანებას, ხოლო 50 000 აშშ დოლარი - პირგასამტეხლოს (სარეზოლუციო ნაწილის 1.1. პუნქტი); პირველ-მეშვიდე მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 2011 წლის 10 მარტიდან სარჩელის შეტანამდე დარიცხული პირგასამტეხლოს - 10 000 აშშ დოლარის გადახდა (სარეზოლუციო ნაწილის 1.2. პუნქტი); დავალიანების დაფარვის მიზნით დადგინდა წინამდებარე გადაწყვეტილების პირველ პუნქტში მითითებული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების აუქციონის წესით რეალიზაცია; სარჩელი პროცენტის მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა; სარჩელი კორპუსის მშენებლობაზე გაწეული ხარჯის, არმატურის შეძენისა და მუშებისათვის ხელფასის სახით გადახდილი ხარჯის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; სარჩელი მეცხრე, მეათე და მეთერთმეტე მოპასუხეების მიმართ, ს–ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

7. მოსარჩელემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი. მან მოითხოვა გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც მას უარი ეთქვა კორპუსის მშენებლობაზე გაწეული ხარჯის, არმატურის შეძენისა და მუშებისათვის ხელფასის სახით გადახდილი ხარჯის მოპასუხეთათვის დაკისრების თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება.

8. პირველმა, მესამე, მეოთხე, მეექვსე, მეშვიდე, მეათე, მეცამეტე და მეთოთხმეტე მოპასუხეებმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინეს სააპელაციო საჩივრები. მათ მოითხოვეს გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; მოპასუხეთა სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 04 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.1. და 1.2. პუნქტები და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; პირველ-მეშვიდე მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 74 879 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც 34 879 აშშ დოლარი წარმოადგენს დათმობილი მოთხოვნის ძირითად დავალიანებას, ხოლო 40 000 აშშ დოლარი - პირგასამტეხლოს; პირველ-მეშვიდე მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 2011 წლის 10 მარტიდან სარჩელის შეტანამდე დარიცხული პირგასამტეხლოს 8 000 აშშ დოლარის გადახდა; დანარჩენ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

10. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

10.1. 2007 წლის 12 ივნისს გაფორმდა ამხანაგობის სადამფუძნებლო ხელშეკრულება, რომლის მიხედვით ერთობლივი საქმიანობის მონაწილეებს წარმოადგენდნენ პირველი-მეხუთე მოპასუხეები და ლ.პ–ი;

10.2. 2011 წლის 16 აპრილს, ამხანაგობის დამფუძნებელ წევრთა №2 კრების ოქმით მერვე მოპასუხემ თავისი წილი და მოთხოვნის უფლება დაუთმო მეცხე მოპასუხეს;

10.3. 2008 წლის 11 თებერვლის წილის დათმობის შესახებ ხელშეკრულებით ლ.პ–მა ამხანაგობაში თავისი კუთვნილი წილი და მოთხოვნის უფლება დაუთმო მეშვიდე მოპასუხეს;

10.4. 2008 წლის 23 ივლისის წილისა და მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულებით ამხანაგობამ მოთხოვნის უფლება და კუთვნილი წილი, ქ.თბილისში, ......... მდებარე უძრავი ქონება, დაუთმო მეექვსე მოპასუხეს;

10.5. ბ–სა და ამხანაგობას შორის 2007 წლის 29 ოქტომბერს გაფორმდა N800508 საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება;

10.6. ბ–სა და ამხანაგობას შორის 2007 წლის 31 ოქტომბერს გაფორმდა N800508-762172 ს–ო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ამხანაგობამ, მშენებლობის დაფინანსების მიზნით, კრედიტის სახით მიიღო 200 000 აშშ დოლარი შემდეგი პირობებით: ს–ო კრედიტის ხელშეკრულების ვადა - 2007 წლის 31 ოქტომბრიდან 2009 წლის 11 ნოემბრამდე, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 18%, პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებაზე 0,2%;

10.7. 2007 წლის 29 ოქტომბერს გაფორმებული N800508-1 იპოთეკის ხელშეკრულებით, ს–ო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა პირველი, მეორე, მეცხე-მეთორმეტე, მეთოთხმეტე მოპასუხეების კუთვნილი, ასევე, მეთორმეტე და მეცამეტე მოპასუხეების თანასაკუთრებაში არსებული და ქ.ი–ის კუთვნილი უძრავი ქონება;

10.8. ბ–სა და მოსარჩელეს შორის 2009 წლის 12 ოქტომბერს გაფორმდა საკრედიტო ურთიერთობებიდან წარმოშობილი მოთხოვნების დათმობისა და მათ უზრუნველსაყოფად არსებულ იპოთეკებზე და თავდებობებზე უფლებათა გადაცემის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ბ–მა 2007 წლის 31 ოქტომბრის ს–ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა 150 000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ დაუთმო მოსარჩელეს;

10.9. ამხანაგობის წევრებმა 2011 წლის 10 მარტს მოსარჩელის სასარგებლოდ ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე განახორციელეს 106 821.10 აშშ დოლარის დეპონირება. ამას გარდა, გ.გ–ძემ მოსარჩელეს გადაუხადა 8 300 აშშ დოლარი.

11. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპელანტები პრეტენზიას აცხადებდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ 2009 წლის 12 ოქტომბრის ხელშეკრულებით 2007 წლის 31 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობების დათმობა არ მომხდარა, რადგან აღნიშნულ ხელშეკრულებაში მითითებული იყო, რომ მოთხოვნის დათმობის უფლება გამომდინარეობდა 2008 წლის 29 ოქტომბერს გაფორმებული საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულებიდან და 2008 წლის 20 ივნისს გაფორმებული ს–ო კრედიტის ხელშეკრულებებიდან.

12. აპელანტების პრეტენზიასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2009 წლის 12 ოქტომბრის მოთხოვნების დათმობისა და მათ უზრუნველსაყოფად არსებულ იპოთეკებზე და თავდებობებზე უფლებათა გადაცემის შესახებ ხელშეკრულებაში სხვა ხელშეკრულების თარიღების მითითება წარმოადგენდა ტექნიკურ უზუსტობას, ვინაიდან იდენტური იყო სხვა დანარჩენი რეკვიზიტები - ხელშეკრულების ნომრები, კრედიტის ოდენობა, საპროცენტო განაკვეთი და პირგასამტეხლო. გარდა ამისა, კრედიტის გაცემის პერიოდად მითითებული იყო 10.31.2007- დან 11.05.2009-მდე პერიოდი, რაც ნათლად მიუთითებდა, რომ ხელშეკრულების თარიღად 2008 წლის მითითება წარმოადგენდა ტექნიკურ შეცდომას და ცხადყოფდა, რომ მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების საფუძველი იყო სწორედ 2007 წლის 31 ოქტომბრის ს–ო კრედიტის ხელშეკრულება.

13. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, იმ პირობებში, როდესაც ცალსახად იკვეთებოდა, რომ ხელშეკრულებაში დაშვებული იყო ტექნიკური უზუსტობა, საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი ეკისრებოდათ მოპასუხეებს, თუმცა, მათ სასამართლოსთვის არ წარუდგენიათ აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება.

14. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ გაიზიარა მოპასუხეთა პოზიცია და მიიჩნია, რომ მათ მიერ მოსარჩელისათვის გადახდილი თანხა, ჯამში 106 821,10 აშშ დოლარის ოდენობით და გ.გ–ძის მიერ გადახდილი 8 300 აშშ დოლარი წარმოადგენდა ძირი თანხის ანგარიშში გადახდილ თანხას. შესაბამისად, ვინაიდან, მოსარჩელეს გადაწყვეტილება ამ ნაწილში არ ჰქონდა გასაჩივრებული, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მათ მიერ გადახდილი თანხა წარმოადგენდა ძირი თანხის ანგარიშში გადახდილ თანხას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ გადახდილი 106 821,10 და 8 300 აშშ დოლარი უნდა გამოკლებოდა დათმობილი მოთხოვნის ძირითად დავალიანებას - 150 000 აშშ დოლარს და მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დათმობილი მოთხოვნის ფარგლებში უნდა დაკისრებოდათ 34 879 აშშ დოლარის გადახდა.

15. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხეთა პოზიცია სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. მისი განმარტებით, ვინაიდან დადგენილი იყო, რომ 2011 წლის 01 მარტს ამხანაგობის თავმჯდომარემ, პირველმა მოპასუხემ და თანათავმჯდომარემ, გ.ჩ–ძემ მიმართეს ნოტარიუსს და მოსარჩელის სასარგებლოდ განახორციელეს 106 821,10 აშშ დოლარის ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანა, სწორედ ამ პერიოდიდან უნდა დაწყებულიყო სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის ათვლა. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელემ მოპასუხეთა მიმართ სარჩელი აღძრა 2011 წლის 11 აგვისტოს; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 04 თებერვლის განჩინებით სარჩელი დარჩა განუხილველად; 2014 წლის 07 მარტს მოსარჩელემ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 140-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი წესის შესაბამისად, ექვსთვიან ვადაში კვლავ მიმართა სასამართლოს, რაც ცხადყოფდა, რომ ხანდაზმულობის ვადა პირველი სარჩელის შეტანის დღიდან შეწყვეტილად ითვლებოდა.

16. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექის 417-418-ე და 420-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა - 2011 წლის 10 მარტამდე პერიოდზე 50 000 აშშ დოლარი, ხოლო 2011 წლის 10 მარტიდან სარჩელის შეტანამდე პერიოდზე 10 000 აშშ დოლარი, წარმოადგენდა შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას და უნდა შემცირებულიყო 1/5 -ით.

17. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე და 301-ე მუხლებით და ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, მართებულად ჩათვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დავალიანების დაფარვის მიზნით იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის ნაწილში.

18. სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა მშენებლობაზე გაწეული ხარჯის, არმატურისა და მუშების ხელფასზე გაწეული ხარჯის მოპასუხეთათვის დაკისრების თაობაზე, ვინაიდან საქმეში არ მოიპოვებოდა აღნიშნული ხარჯის გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულება.

19. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინეს პირველმა, მეექვსე, მეათე, მეცამეტე და მეთოთხმეტე მოპასუხეებმა. მათ მოითხოვეს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

20. კასატორებმა საკასაციო საჩივარში მიუთითეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

20.1. სასამართლოს მიერ სათანადოდ არ შეფასდა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რამაც გამოიწვია არასწორი გადაწყვეტილების მიღება;

20.2. მოთხოვნის უფლების დათმობის შესახებ ხელშეკრულების თანახმად (თუკი, სასამართლო ამ ხელშეკრულებას მიიჩნევს ნამდვილად) მოსარჩელეს ბ–მა დაუთმო 106 821,10 აშშ დოლარის ოდენობით ძირითადი თანხისა და 43 178,9 აშშ დოლარის ოდენობით პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება. შესაბამისად, სასამართლომ არასწორად მიიჩნია 150 000 აშშ დოლარი სრულად ძირ თანხად. ეს იყო მოთხოვნის უფლების დათმობის საფასური, რომელიც შედგებოდა ძირი თანხის - 109 821,10 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს - 43 178,9 აშშ დოლარისაგან;

20.3. სასამართლომ, ერთი მხრივ, გაიზიარა მოპასუხეთა პოზიცია 106 821,10 აშშ დოლარის ოდენობით ძირითადი მოთხოვნის გადახდის ნაწილში, თუმცა, მოპასუხეებს ძირითადი თანხის ანგარიშში დამატებით დააკისრა 34 879 აშშ დოლარის გადახდა, რაც არასწორია. მოპასუხეთა მიერ დეპონირებული თანხით შესრულდა ძირითადი თანხის გადახდის ვალდებულება. შესაბამისად, არც გ.გ–ძის მიერ გადახდილი 8300 აშშ დოლარი უნდა ჩათვლილიყო ძირითად თანხაში, ვინაიდან ძირითადი დავალიანება არ იყო 106 821,10 აშშ დოლარზე მეტი. სასამართლოს უნდა ემსჯელა მხოლოდ შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს - 43 178,9 აშშ დოლარის შემცირებაზე;

20.4. ზემოაღნიშნულიდან გამოდის, რომ სასამართლომ მოპასუხეებს პირგასამტეხლოს სახით დააკისრა 2011 წლის 10 მარტამდე 83 178,9 აშშ დოლარი, ხოლო 2011 წლის 10 მარტიდან 8000 აშშ დოლარი, რაც არათუ შეუსაბამოდ მაღალი, არამედ უკანონოა;

20.5. სასამართლოს არ ჰქონდა უფლება 43 178,9 აშშ დოლარზე, რომელიც მან ძირითად თანხად ჩათვალა, დაერიცხა პირგასამტეხლო, რადგან ამის უფლებას მას არც ხელშეკრულება და არც მოქმედი კანონმდებლობა აძლევდა;

20.6. სასამართლომ არ დაადგინა რა ოდენობის ძირითადი თანხა ჰქონდა ამხანაგობას გადასახდელი მოსარჩელისათვის, რის გამოც მას მიაკუთვნა იმაზე მეტი, ვიდრე მას ხელშეკრულებით ეკუთვნოდა.

21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

22. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

24. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 199-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა). მოვალესთან შეთანხმება დათმობის დაუშვებლობის შესახებ შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს მოვალის პატივსადები ინტერესი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მოთხოვნის დათმობა ხდება მოთხოვნის მფლობელსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევებში თავდაპირველი მფლობელის ადგილს იკავებს მესამე პირი.

25. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლება წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვის ობიექტს, რომელიც მატერიალური სახით არ არსებობს, თუმცა მიმოქცევადი სიკეთეა, რომლის მფლობელსაც გააჩნია ამ მოთხოვნის განკარგვის შესაძლებლობა (სსკ-ის მე-7 მუხლი), მათ შორის, მისი უზრუნველყოფის საგნად გამოყენების შესაძლებლობა (სსკ-ის 254-ე მუხლი). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 199-ე მუხლი ადგენს მოთხოვნის დათმობის ნამდვილობის კრიტერიუმებს და მის გამომრიცხველ გარემოებად მიიჩნევა, თუ: მოთხოვნის დათმობა ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს; გარიგება ეწინააღმდეგება კანონს; ცედენტისა (მოთხოვნის მფლობელის) და ცესიონერის (მოთხოვნის მიმღების) ნება ეწინააღმდეგება მოთხოვნის თავდაპირველი მფლობელისა და მოვალის შეთანხმებას. ამ უკანასკნელ შემთხვევაში შეთანხმება ნამდვილია, თუკი არსებობს მოვალის პატივსადები ინტერესი (იხ. სუსგ საქმე №ას-683-654-2016, 16 სექტემბერი, 2016 წელი).

26. მოთხოვნის დათმობის მტკიცების ტვირთი ეკისრება ახალ კრედიტორს. პირი, რომელიც მოთხოვნის დათმობის ნამდვილობას ეჭქვეშ დააყენებს, ვალდებულია, დაამტკიცოს ეს გარემოება (იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი II, თბილისი 2018, გვ. 183).

27. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ–სა და მოსარჩელეს შორის 2009 წლის 12 ოქტომბერს დაიდო მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბ–მა მოსარჩელეს დაუთმო ამხანაგობის მიმართ არსებული მოთხოვნა. საკასაციო საჩივარში კასატორები, ერთი მხრივ, ადასტურებენ, რომ აღნიშნული ხელშეკრულებით ბ–მა მოსარჩელეს დაუთმო ძირითადი დავალიანებისა და პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება, ხოლო, მეორე მხრივ, მიუთითებენ შემდეგს - „თუკი სასამართლო მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულებას მიიჩნევს ნამდვილად“. შესაბამისად, რჩება შთაბეჭდილება, რომ ისინი მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებას სადავო ხდიან, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით არ მიუთითებენ კონკრეტულ გარემოებებს.

28. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამასთან, იმავე კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია.

29. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორები კონკრეტულად არ მიუთითებენ მათი პრეტენზიის საფუძვლებზე, საკასაციო სასამართლო მათზე თავისი ინიციატივით ვერ იმსჯელებს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოება ბ–სა და მოსარჩელეს შორის მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების არსებობის შესახებ (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 10.8. პუნქტი).

30. კასატორების პრეტენზია დათმობილი მოთხოვნის ძირითადი თანხისა და პირგასამტეხლოს ოდენობას შეეხება.

31. მოსარჩელის მტკიცებით, რაც სააპელაციო სასამართლომაც გაიზიარა, ძირითადი დავალიანება შეადგენს 150 000 აშშ დოლარს, სწორედ იმ ოდენობას, რა ოდენობის საფასურიც გადაიხადა მან მოთხოვნის დათმობის ანგარიშში. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, კასატორები განმარტავენ, რომ მოსარჩელეს ბ–მა დაუთმო 106 821,10 აშშ დოლარის ოდენობით ძირითადი თანხისა და 43 178,9 აშშ დოლარის ოდენობით პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება, შესაბამისად მათ მიერ 106 821,10 აშშ დოლარის დეპონირების გზით სრულად დაიფარა მოსარჩელის მიმართ არსებული ძირითადი დავალიანება.

32. ამდენად, კასაციის ფარგლებში თავდაპირველად შესაფასებელ საკითხს წარმოადგენს მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებით რა ოდენობის ძირითადი თანხის მოთხოვნის უფლება დაუთმო ბ–მა მოსარჩელეს.

33. დადგენილია, რომ ამხანაგობის წევრების მიერ მოსარჩელისათვის გადახდილი 106 821,10 აშშ დოლარი წარმოადგენდა დავალიანების ძირითად თანხას. ეს ფაქტობრივი გარემოება შედავებული არ ყოფილა მხარეთა მიერ, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილი შესაბამისად, სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის.

34. რაც შეეხება იმ გარემოებას, ამ თანხის გადახდით სრულად დაიფარა თუ არა მოსარჩელის მიმართ არსებული ძირითადი დავალიანება, საკასაციო სასამართლო განმარტავს შემდეგს: სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობისა (სსსკ-ის მე-5 მუხლი) და შეჯიბრებითობის (სსსკ-ის მე-4 მუხლი) ფუნდამენტურ პრინციპებზე დაყრდნობით. სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა (სსსკ-ის 102-ე მუხლი). მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებული მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტიდან გამომდინარე, მტკიცების ტვირთი უნდა განაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცებაც მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. ანუ, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს (იხ. მაგ. სუსგ საქმე №ას-773-773-2018, 14 იანვარი, 2019 წელი).

35. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. მაგ. სუსგ საქმე №ას-833-833-2018, 16 ნოემბერი, 2018 წელი; №ას-867-834-2016, 22 ნოემბერი, 2018 წელი).

36. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2007 წლის 31 ოქტომბერს ბ–სა და ამხანაგობას შორის გაფორმდა საბ–ო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ამხანაგობამ მშენებლობის დაფინანსების მიზნით, კრედიტის სახით მიიღო 200 000 აშშ დოლარი, შემდეგი პირობებით: კრედიტის ვადა 31.10.2007წ.-დან-11.11.2009წ.-მდე, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 18%, პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებაზე 0.2%; დადგენილია, ასევე, რომ ბ–სა და მოსარჩელეს შორის 2009 წლის 12 ოქტომბერს გაფორმდა საკრედიტო ურთიერთობიდან წარმოშობილი მოთხოვნების დათმობისა და მათ უზრუნველსაყოფად არსებულ იპოთეკებზე და თავდებობებზე უფლებათა გადაცემის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბ–მა 2007 წლის 31 ოქტომბრის ს–ო კრედიტიდან გამომდინარე მოთხოვნა, 150 000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, დაუთმო მოსარჩელეს.

37. განსახილველი სარჩელით მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეთათვის მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრებას. შესაბამისად, ზემოაღნიშნული განმარტებებიდან გამომდინარე, მოთხოვნის დათმობის საფუძველზე მოპასუხეთა მიმართ დავალიანების არსებობის, მისი მოცულობისა და შემადგენლობის მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს, ხოლო აღნიშნული ვალდებულების შესრულების მტკიცება მოპასუხეთა ვალდებულებას წარმოადგენს.

38. მოსარჩელეს იმ გარემოების დასადასტურებლად, თუ რა ოდენობის დავალიანება დაუთმო მას ბ–მა მოპასუხეთა მიმართ და აღნიშნული მოთხოვნიდან რა ოდენობა წარმოადგენდა ძირითად დავალიანებას და რა ოდენობა პირგასამტეხლოს, არ წარუდგენია არანაირი მტკიცებულება. მოსარჩელის მოთხოვნა ეფუძნება მხოლოდ მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულებას, სადაც ეს გარემოებები არაა კონკრეტულად მითითებული და საკუთარ ახსნა-განმარტებას, რაც ვერ იქნება მიჩნეული საკმარის მტკიცებულებებად იმის დასადასტურებლად, რომ დათმობილი ძირითადი დავალიანების ოდენობა სწორედ 150 000 აშშ დოლარს შეადგენდა.

39. აღსანიშნავია, რომ კასატორები, როგორც საკასაციო საჩივარში, ისე ქვედა ინსტანციის სასამართლოებში საქმის განხილვისას მიუთითებდნენ, რომ ძირითადი დავალიანება შეადგენდა 106 821,10 აშშ დოლარს. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლს, რომლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. ამრიგად, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ, მისი მტკიცების ტვირთის ფარგლებში, ვერ დაადასტურა ძირითადი დავალიანების ოდენობა, ხოლო მოპასუხემ აღიარა იგი მხოლოდ 106 821,10 აშშ დოლარის ოდენობით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დათმობილი მოთხოვნიდან ძირითად დავალიანებას სწორედ 106 821,10 აშშ დოლარი წარმოადგენდა და ამხანაგობის წევრთა მიერ ამ ოდენობის თანხის გადახდით, სრულად დაიფარა მოსარჩელის მიმართ არსებული ამხანაგობის ძირითადი დავალიანება.

40. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს კასატორების პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და შედეგად არასწორად მიიჩნია, რომ მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი დავალიანება შეადგენდა 150 000 აშშ დოლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სახეზეა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხეებს დამატებით დაეკისრათ ძირითადი დავალიანების გადახდა 34 879 აშშ დოლარის ოდენობით (სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი).

41. საკასაციო სასამართლო, ასევე, აღნიშნავს, რომ სადავო არაა 2009 წლის 12 ოქტომბრის ხელშეკრულებით დათმობილი მოთხოვნის ჯამური ოდენობა -150 000 აშშ დოლარი. შესაბამისად, ვინაიდან დადგენილია, რომ აღნიშნული თანხიდან 106 821,10 აშშ დოლარი შეადგენდა ძირითად დავალიანებას, ხოლო კასატორები სადავოდ არ ხდიან, რომ დარჩენილი მოთხოვნა წარმოადგენდა პირგასამტეხლოს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბ–მა მოსარჩელეს დაუთმო 43 178,9 აშშ დოლარის ოდენობით პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება, რომელიც არ არის გადახდილი.

42. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda“-ს (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებითსამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება - პირგასამტეხლო (იხ. სუსგ საქმე №ას-1220-1480-09, 25 მაისი, 2010 წელი; №ას-1520-2018, 28 დეკემბერი, 2018 წელი).

43. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

44. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია. ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება; პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ საქმე №ას-1158-1104-2014, 06 მაისი, 2015 წელი; №ას-1265-1187-2015, 10 თებერვალი, 2016 წელი; №ას-428-428-2018, 13 ივლისი, 2018 წელი; №ას-1077-997-2017, 31 ივლისი, 2018 წელი).

45. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.

46. პირგასამტეხლო მხარეს იმ დროიდან ეკისრება, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (იხ. სუსგ საქმე №ას-848-814-2016, 28 დეკემბერი, 2016 წელი; №ას-1451-1371-2017, 13 ნოემბერი, 2018 წელი).

47. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებით ბ–მა მოსარჩელეს დაუთმო - 43 178,9 აშშ დოლარის ოდენობით პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება, რომელიც არ არის გადახდილი.

48. მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად, მოთხოვნის დათმობით „ახალ კრედიტორზე“ (მოსარჩელე) გადავიდა მოთხოვნის დამთმობის (ბ–ი) ყველა უფლება და ამ მოთხოვნათა უზრუნველყოფის ყველა საშუალება. აღსანიშნავია, რომ ბ–სა და ამხანაგობას შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.2%-ის ოდენობით.

49. როგორც ზემოთ არაერთხელ აღინიშნა, ამხანაგობამ ძირითადი დავალიანება სრულად დაფარა 2011 წლის 10 მარტს, შესაბამისად, ვინაიდან პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან, საკასაციო პალატა თვლის, რომ ამხანაგობას მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების დადების დღიდან (2009 წლის 12 ოქტომბრიდან), ვალდებულების სრულად შესრულებამდე, 2011 წლის 10 მარტამდე წარმოეშვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, რადგან ამ პერიოდში სახეზეა ამხანაგობის მხრიდან ძირითადი ვალდებულების დარღვევა. იმავე მოტივაციით, უსაფუძვლოა პირგასამტეხლოს მოთხოვნა 2011 წლის 10 მარტიდან სარჩელის შეტანის დღემდე.

50. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლი ხელშეკრულების მხარეებს უფლებამოსილებას ანიჭებს თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

51. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. სუსგ საქმე №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი).

52. კანონის მითითებული დანაწესი განპირობებულია იმითაც, რომ ხელშეკრულების დადებისას შესაძლებელია, უფრო ძლიერმა ხელშემკვრელმა მხარემ ისარგებლოს მეორე მხარის სურვილით, გააფორმოს ხელშეკრულება და უკარნახოს შეთანხმების არახელსაყრელი პირობები, განსაზღვროს გონივრულზე უფრო მაღალი პირგასამტეხლო. ასეთ შემთხვევაში, კანონმდებელმა დააწესა დაცვის მექანიზმი, რომელიც სასამართლოს აღჭურავს უფლებამოსილებით, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე (იხ. სუსგ საქმე №ას-577-552-2016, 09 სექტემბერი, 2016 წელი; №ას-1233-1153-2017, 19 ოქტომბერი, 2018 წელი).

53. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად მიიჩნევს საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობას და თვლის, რომ მიზანშეწონილია მისი გონივრულ ოდენობამდე შემცირება (სსკ-ის 420-ე მუხლი).

54. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ძირითადი დავალიანების ოდენობას, ვადაგადაცილების ხანგრძლივობას და რადგანაც პირგასამტეხლოს უმთავრესი მიზანი კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენაა და არა მისი უსაფუძვლო გამდიდრება მოვალის ხარჯზე, თვლის, რომ დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განახევრდეს. კერძოდ, მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 43 178,9 აშშ დოლარი უნდა განახევრდეს და მისი ოდენობა უნდა განისაზღვროს 21 589,45 აშშ დოლარით, ხოლო მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების დადების დღიდან (12.10.2009წ.) ძირითადი დავალიანების სრულად გადახდის დღემდე (10.03.2011წ.) ამხანაგობას ნაცვლად საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობისა (0.2%), უნდა დაეკისროს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების (106 821.10 აშშ დოლარი) 0.1%-ის გადახდა (106,821 აშშ დოლარი).

55. შესაბამისად, ვინაიდან მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების დადების დღიდან - 2009 წლის 12 ოქტომბრიდან, ძირითადი დავალიანების სრულად გადახდის დღემდე - 2011 წლის 10 მარტამდე გასულია 510 დღე, დარიცხული, შემცირებული პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს ჯამში 54 478,71 აშშ დოლარს.

56. დადგენილია, რომ გ.გ–ძემ მოსარჩელეს გადაუხადა 8300 აშშ დოლარი. სადავო არაა, რომ აღნიშნული თანხით დაიფარა მოსარჩელის მიმართ არსებული ამხანაგობის დავალიანების ნაწილი. შესაბამისად, ვინაიდან საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ამხანაგობის წევრთა მიერ გადახდილი 106 821,10 აშშ დოლარით სრულად დაიფარა ძირითადი დავალიანება, აღნიშნული თანხა უნდა გამოაკლდეს დარიცხულ პირგასამტეხლოს (54 478,71+21 589,45=76 068,16) და მისი ოდენობა საბოლოო ჯამში უნდა განისზღვროს 67 768,16 აშშ დოლარით (76 068,16-8300=67 768,16).

57. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 937-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მონაწილეები ერთობლივი საქმიანობიდან წარმოშობილი ვალებისათვის პასუხს აგებენ სოლიდარულად. ერთმანეთთან ურთიერთობაში პასუხისმგებლობის ოდენობა განისაზღვრება მონაწილეთა წილის შესაბამისად, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს.

58. ამხანაგობის კრედიტორთა ვალდებულებებთან მიმართებაში, დასახელებული სამართლებრივი ნორმა პერსონალური საზოგადობებისათვის დამახასიათებელ პრინციპს - საზოგადოების ვალდებულებებისათვის მონაწილეთა შეუზღუდავი პასუხისმგებლობის პრინციპს შეიცავს. ამხანაგობის წევრები პასუხს აგებენ პირადად, შეუზღუდავად, მთელი თავისი ქონებით ამხანაგობის არა მხოლოდ ფულადი, არამედ ნებისმიერი ვალდებულებებისათვის. პასუხისმგებლობა ამხანაგობის ვალდებულებებისათვის არის კანონისმიერი შედეგი ამხანაგობის წევრობისა. შესაბამისად, პასუხისმგებლობა ამხანაგობის ვალდებულებებისათვის ვრცელდება ამხანაგობის ყველა წევრზე, რომელიც ვალდებულების წარმოშობის მომენტში იყო ამხანაგობის წევრი (იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, მუხლი 937, www.gccc.ge ).

59. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2007 წლის 12 ივნისს გაფორმდა ამხანაგობის სადამფუძნებლო ხელშეკრულება, რომლის მიხედვით ერთობლივი საქმიანობის მონაწილეებს წარმოადგენდნენ პირველი-მეხუთე მოპასუხეები და ლ.პ–ი; 2008 წლის 11 თებერვლის წილის დათმობის შესახებ ხელშეკრულებით ლ.პ–მა ამხანაგობაში თავისი კუთვნილი წილი და მოთხოვნის უფლება დაუთმო მეშვიდე მოპასუხეს; 2008 წლის 23 ივლისის წილისა და მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულებით კი, ამხანაგობამ მოთხოვნის უფლება და კუთვნილი წილი, ქ.თბილისში, ......... მდებარე უძრავი ქონება, დაუთმო მეექვსე მოპასუხეს.

60. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, პირველი-მეშვიდე მოპასუხეები ვალდებულების წარმოშობის დროისათვის წარმოადგენდნენ ამხანაგობის წევრებს, ისინი ამხანაგობის კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ პირადად, შეუზღუდავად, მთელი თავისი ქონებით. შესაბამისად, მათ, როგორც მოვალე ამხანაგობის წევრებს, უნდა დაეკისროთ ამხანაგობისათვის 2011 წლის 10 მარტამდე დარიცხული პირგასამტეხლო - ჯამში 67 768,16 აშშ დოლარის ოდენობით.

61. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. იმავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს ამგვარი საფუძვლები და არ არის საჭირო მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, შესაბამისად საკასაციო პალატა უფლებამოსილიას თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება.

62. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. იმავე კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული.

63. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 და მე-5 პუნქტების შეცვლით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება; პირველ-მეშვიდე მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ 2011 წლის 10 მარტამდე დარიცხული პირგასამტეხლოს სახით, 67768,16 აშშ დოლარის გადახდა; მოსარჩელის მოთხოვნა 2011 წლის 10 მარტიდან სარჩელის შეტანამდე პერიოდზე პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

64. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამასთან, იმავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

65. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა შეადგენდა 464 831 აშშ დოლარსა და 302 316,2 ლარს, რომელიც სარჩელის შეტანის დროისათვის (07.03.2014წ.) არსებული ლარის მიმართ უცხოური ვალუტების გაცვლის ოფიციალური კურსის მიხედვით (1 აშშ დოლარი=1,7379 ლარი), შეადგენდა 173 954,89 აშშ დოლარს, ანუ, ჯამში 638 785,89 აშშ დოლარს.

66. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელემ სარჩელზე გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი - 3000 ლარი (იხ. ტ. I. ს.ფ. 105), მოსარჩელემ და მოპასუხეებმა სააპელაციო საჩივრებზე გადაიხადეს 5000-5000 ლარი (იხ. ტ. II. ს.ფ. 95, 123-124), ხოლო საკასაციო საჩივარზე მოპასუხეებმა გადაიხადეს 6000 ლარი (იხ. ტ. II. ს.ფ. 329).

67. საბოლოო ჯამში, სარჩელი დაკმაყოფილდა 67 768,16 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში, შესაბამისად, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა შეადგენდა 638 785,89 აშშ დოლარს, გამოდის, რომ დაკმაყოფილდა დავის საგნის 10,61%. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ 318,3 ლარის გადახდა (3000 ლარის 10,61%) ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღურებლად.

68. სააპელაციო სასამართლოში დავის საგანი იყო 94 879 აშშ დოლარი (მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი), საიდანაც სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა 27 110,84 აშშ დოლარის ნაწილში (94 879 აშშ დოლარს - 67 768,16 აშშ დოლარი), ანუ დავის საგნის 28,57%, შესაბამისად, მოსარჩელეს მოპასუხეთა სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 1428,5 ლარის (5000 ლარის 28,57%) გადახდა ამ უკანასკნელთა მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად, ხოლო მოსარჩელის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 5000 ლარი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად, ვინაიდან არ დაკმაყოფილდა მისი სააპელაციო საჩივარი.

69. საკასაციო სასამართლოში დავის საგანი იყო 82 879 აშშ დოლარი, საიდანაც საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა მხოლოდ 15 110,84 აშშ დოლარის (82 879 აშშ დოლარს - 67 768,16 აშშ დოლარი) ნაწილში, ანუ დავის საგნის 18,23%. შესაბამისად, მოსარჩელეს მოპასუხეთა სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 1093,8 ლარის (6000 ლარის 18,23%) გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.

70. ამდენად, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ 318,3 ლარის გადახდა, ხოლო მოსარჩელეს მოპასუხეთა სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ 2522,3 ლარის (1428,5 ლარი+1093,8 ლარი) გადახდა. საბოლოო ჯამში კი, ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვით, მოსარჩელეს პირველი, მესამე, მეოთხე, მეექვსე, მეშვიდე, მეათე, მეცამეტე და მეთოთხმეტე მოპასუხეების სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2204 ლარი გადახდა (2522,3 ლარს - 318,3 ლარი) ამ უკანასკნელების მიერ გადახდილი სახემწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

1. თ.ხ–ძის, გ.ა–ის, გ.დ–ძის, ი.ხ–ვასა და ლ.ნ–ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 და მე-5 პუნქტები და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

3. თ.ხ–ძეს, გ.ი–ს, თ.ლ–ას, კ.ლ–ას, ა.ჩ–ძეს, გ.ა–ს, ზ.მ–ძეს დაეკისროთ დ.ბ–ის სასარგებლოდ 2011 წლის 10 მარტამდე პირგასამტეხლოს სახით, 67768,16 აშშ დოლარის გადახდა;

4. დ.ბ–ის სასარჩელო მოთხოვნა თ.ხ–ძისთვის, გ.ი–ისთვის, თ.ლ–ასთვის, კ.ლ–ასთვის, ა.ჩ–ძისთვის, გ.ა–ისთვის და ზ.მ–ძისთვის 2011 წლის 10 მარტიდან სარჩელის შეტანამდე პერიოდზე პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

5. დ.ბ–ს (პ/ნ: .....) მოპასუხეების: თ.ხ–ძის (პ/ნ: .....), გ.ა–ის (პ/ნ: .....), გ.დ–ძის (პ/ნ: ....), ი.ხ–ვას (პ/ნ: ....), ლ.ნ–ძის (პ/ნ: ....), თ.ლ–ას (პ/ნ: ....), კ.ლ–ასა (პ/ნ: ....) და ზ.მ–ძის (პ/ნ: .....) სასარგებლოდ დაეკისროს 2204 ლარის გადახდა სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების სახით;

6. საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე