Facebook Twitter

15 ოქტომბერი, 2021 წელი,

№ას-735-2021 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

ალექსანდრე წულაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - შ.ე–ვი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ნ.ვ–ა

გასაჩივრებული განჩინება: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა: გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

დავის საგანი: საზიარო უფლების გაუქმება ქონების აუქციონზე რეალიზაციის გზით

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შ.ე–ვი (შემდეგში - მოპასუხე, კასატორი, თანამესაკუთრე) ასაჩივრებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 აპრილის განჩინებას, რომლითაც უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებით, ქ. ქუთაისში, ..... მდებარე 211 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ N1-113, 70 კვ.მ (საცხოვრებელი სახლი) და N2-7, 44 კვ.მ (სათავსი) შენობა-ნაგებობებზე (ს/კ .......), საზიარო უფლების გაუქმების თაობაზე ნ.ვ–ას სარჩელი (შემდეგში - მოსარჩელე, თანამესაკუთრე) დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილებითვე დადგინდა, რომ ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაციით ამონაგები თანხა მხარეთა შორის 1/2-1/2 პროპორციით განაწილდებოდა.

2. საკასაციო პრეტენზია შემდეგ გარემოებებს ეფუძნება:

2.1. კასატორი არ ეთანხმება საზიარო ქონების ნატურით გაყოფის შეუძლებლობის თაობაზე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (16.07.2020წ) დასკვნას და მისი მოსაზრებით, ექსპერტიზის კანონშესაბამისად ჩატარების შემთხვევაში, დასკვნაში უნდა ასახულიყო, რომ შესაძლებელი იყო საზიარო ქონების ორ დამოუკიდებელ ერთეულად გაყოფა.

2.3. კასატორმა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოში სადავო ქონების შეფასების აუდიტორული დასკვნა წარადგინა და მზაობა გამოთქვა, სახლის აუქციონზე რეალიზაციის გარეშე მოსარჩელისათვის გადასახდელად დაჰკისრებოდა საზიარო საგნის ½-ის ღირებულების - 15 000 აშშ დოლარის გადახდა. კასატორის მტკიცებით, აღნიშნულ საკითხზე სასამართლომ არ იმსჯელა, რითაც დაირღვა მისი, როგორც ქონების მესაკუთრის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ივლისის განჩინებით, დასაშვებობის შემოწმების მიზნით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

5.1. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

5.2. საკასაციო პალატის განსჯით, კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ:

5.2.1. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქ. ქუთაისში, ....... მე-6 ჩიხის N3-ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ ......) ½-½ ნაწილზე რეგისტრირებულია მოსარჩელისა და მოპასუხის თანასაკუთრება (ს.ფ. 15).

5.2.2. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 16 ივლისის №5003963220 დასკვნის თანახმად, ექსპერტიზისათვის წარდგენილ მიწის ნაკვეთზე განთავსებული საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსის სპეციფიკური მდებარეობის, საცხოვრებელ სახლში შესასვლელი კიბეების, სამზარეულოსა და სააბაზანო/საპირფარეშოების განლაგების გათვალისწინებით, ქ. ქუთაისში, ..... მდებარე ს.კ. N .... მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის, თანამესაკუთრეების კუთვნილი ½ და ½ ნაწილების შესაბამისად, ორ ერთგვაროვან, დამოუკიდებელ, იზოლირებულ ნაწილად გაყოფა, დასკვნის მომზადების დროისთვის არსებული მდგომარეობით, ფუნქციონალური ღირებულების შემცირების გარეშე ტექნიკურად შეუძლებელია (ს.ფ. 165-174).

6. თანასაკუთრებაზე საზიარო უფლების გაუქმების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა სსკ-ის 961-ე მუხლის პირველი ნაწილისა (თითოეულ მოწილეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება.) და 964-ე მუხლის პირველი ნაწილის (თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია, მაშინ საზიარო უფლება გაუქმდება საზიარო საგნის, დაგირავებული ნივთის ან მიწის ნაკვეთის გაყიდვითა და ამონაგების განაწილებით. მიწის ნაკვეთის შემთხვევაში გამოიყენება აუქციონზე უძრავი ქონების იძულებით გაყიდვის წესები. თუ დაუშვებელია საზიარო საგნის გასხვისება მესამე პირზე, მაშინ საგანი აუქციონზე უნდა გაიყიდოს მოწილეებს შორის) შინაარსიდან გამომდინარეობს.

7. საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნის ინიციატორი შესაძლებელია ერთ-ერთი თანამესაკუთრეც იყოს, თუმცა, როდესაც თანამესაკუთრე მოითხოვს საზიარო საგნის გაყიდვით საზიარო უფლების გაუქმებას, ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის უნდა არსებობდეს ამ უფლების რეალიზებისათვის აუცილებელი საკანონმდებლო წინაპირობები, კერძოდ, საზიარო საგნის ნატურით გაყოფა უნდა გამოირიცხებოდეს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ნატურით საზიარო უფლების გაუქმების საკანონმდებლო წესს სსკ-ის 963-ე მუხლი განსაზღვრავს, რომლის მიხედვით, საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე. ამ მუხლში რეგლამენტირებული დანაწესის საფუძველზე საზიარო უფლების გაუქმების თაობაზე, მყარი სამოსამართლო პრაქტიკა არსებობს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ განჩინებაში განმარტებულია შემდეგი: „საზიარო უფლება უქმდება საზიარო საგნის (საგნების) ნატურით გაყოფისას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ 1. საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება, დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად; 2. ამგვარი დაყოფის შედეგად არ მცირდება ნივთის ღირებულება. როგორც პირველი, ასევე, მეორე ელემენტი უნდა არსებობდეს ერთდროულად იმისათვის, რომ დადგეს ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი, ამასთან, ორივე შემთხვევაში ნატურით გამოყოფილმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ასრულებდა გაყოფამდე. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლი მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს საგნის ნატურით გაყოფის შესაძლებლობას, თუ იგი არ დაკარგავს თავის ფუნქციონალურ დანიშნულებას. ღირებულებაში ნივთის საბაზრო ღირებულება (ფასი) კი არ იგულისხმება, არამედ მოიაზრება მისი საგნობრივი (ფუნქციური) დანიშნულება, რომლის შემცირება ნივთის გაყოფამ არ უნდა გამოიწვიოს. ნატურით გასაყოფმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ის ასრულებდა გაყოფამდე, ე.ი არ უნდა წაერთვას ის ფუნქცია და მნიშვნელობა.“ (იხ. სუსგ. საქმე №ას-39-39-2016, 1.03.16წ, საქმე Nას-67-65-2014, 31.07.2014წ, საქმე №ას-774-741-2014,20.07.15წ).

8. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფის გზით ნიშნავს თანასაკუთრების რეჟიმიდან ინდივიდუალური საკუთრების რეჟიმზე გადასვლას, ანუ დაუშვებელია საზიარო საგანი ისე გაიყოს, რომ ნივთის გარკვეულ ნაწილზე ვრცელდებოდეს ინდივიდუალური საკუთრება, ხოლო სხვა ნაწილზე, საერთო საკუთრება. იმ შემთხვევაში, როდესაც ნატურით გაყოფა გამორიცხულია, საზიარო უფლება შეიძლება, გაუქმდეს საზიარო საგნის გაყიდვით და თანამესაკუთრეთა შორის ამონაგების განაწილებით.

9. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საზიარო საგანი საკუთრების უფლებით აღრიცხულია მოდავე მხარეებზე - თანაბარი წილის უფლებით. საკასაციო პალატის შეფასებით, განსახილველ დავაზე სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საზიარო საგნის ნატურით გაყოფის შეუძლებლობა. ამ გარემოებას ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს საქმეში დაცული ექსპერტიზის დასკვნა. საქმეში დაცული ზემოხსენებული მტკიცებულების შინაარსიდან გამომდინარე, სადავო მიწის ნაკვეთზე განთავსებული საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსის სპეციფიკური მდებარეობის, საცხოვრებელ სახლში შესასვლელი კიბეების, სამზარეულოსა და სააბაზანო/საპირფარეშოების განლაგების გათვალისწინებით, საზიარო საგნის მესაკუთრეთა წილების შესაბამისად ორ ერთგვაროვან, დამოუკიდებელ, იზოლირებულ ნაწილად გაყოფა ფუნქციონალური ღირებულების შემცირების გარეშე ტექნიკურად შეუძლებელია. ამდენად, ექსპერტიზის დასკვნა პირდაპირ მიუთითებს თანასაკუთრების ნატურით გამიჯვნის შეუძლებლობაზე.

10. ექსპერტიზის დასკვნის შინაარსს არ ეთანხმება კასატორი, რომლის მოსაზრებით, საზიარო საგნის ორ ერთგვაროვან ნაწილად გაყოფა ფუნქციური დანიშნულების შენარჩუნებით, სავსებით შესაძლებელია, თუმცა კასატორს ამ მტკიცების შესატყვისი მტკიცებულებები სამართალწარმოების პროცესში სასამართლოში არ წარმოუდგენია. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე, რომლის ფარგლებში მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით დადასტურდება ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის ინიციატივით დანიშნული სასამართლო ექსპერტიზის დასკვნა სრულად იმეორებს მოსარჩელის მიერ სარჩელზე დართული ექსპერტიზის დასკვნის შედეგს ქონების ნატურით გაყოფის შეუძლებლობაზე, შესაბამისად, აღნიშნულის საწინააღმდეგოდ სწორედ მოპასუხეს ევალებოდა სასამართლოში იმგვარი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც სასამართლოს მიერ დანიშნული ექსპერტიზის ფარგლებში წარმოდგენილ დასკვნის შედეგს გააქარწყლებდა. მხარის მხოლოდ ზეპირსიტყვიერი შედავება საკმარისი არ არის მოპასუხის იურიდიულ ინტერესში შემავალი საკვანძო გარემოების გამოსარკვევად. საბოლოოდ, პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხემ ამ დავის ფარგლებში ვერ დაძლია მისი წილი მტკიცების ტვირთი და სააპელაციო სასამართლომ საქმეში დაცული მტკიცებულებების გაანალიზების საფუძველზე სწორად განსაზღვრა დავის შედეგი.

11. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მისი საკუთრების უფლების ხელყოფის თაობაზე კასატორის შედავებასაც. საკასაციო პალატა კასატორის წინადადებასთან დაკავშირებით საზიარო საგნის რეალიზაციის ნაცვლად მოსარჩელის სასარგებლოდ 15 000 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას და კასატორს დამატებით განუმარტავს, რომ განსახილველი დავის საგანია საზიარო უფლების გაუქმება თანასაკუთრების საგნის აუქციონზე რეალიზაციის გზით, შესაბამისად, სასამართლოს განსჯის საგანს სწორედ ამ უფლების რეალიზების საკანონმდებლო წინაპირობების არსებობის შემოწმება წარმოადგენს და კასატორის წინადადება, რომელიც სცილდება საზიარო უფლების გაუქმების კონტექტს, ამ დავის ფარგლებში სასამართლოს მსჯელობის საგანი ვერ იქნება. კასატორის მიერ ინიცირებული საკითხი, შესაძლებელია განხილული ყოფილიყო მხოლოდ მორიგების პირობების ფარგლებში, თუმცა, როგორც საქმის მასალებიდან იკვეთება მხარეები ვერ მორიგდნენ.

12. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.

13. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. საქმე Nას-67-65-2014, 31.07.14, საქმე Nას-894-860-2016, 29.12.16, საქმე Nას-918-2020, 25.05.21წ., საქმე Nას-1266-2018, 30.04.20წ).

14. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

16. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის (საგადახდო მოთხოვნა 11222621899, გადახდის თარიღი 15.07.2021), 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შ.ე–ვის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შ.ე–ვს (პ/ნ ......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის (საგადახდო მოთხოვნა 11222621899, გადახდის თარიღი 15.07.2021), 70% – 105 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მიქაუტაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

ა. წულაძე