ბს-313-5-(ა-05) 24 თებერვალი, 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე (მომხსენებელი),
ნ. სხირტლაძე
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, ამავე კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და სსკ-ის 424-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ეროვნული აკადემიის იურიდიული მომსახურების საერთაშორისო ცენტრის ადვოკატ უ. დ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის განახლების თაობაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ განიხილა დ. ს-ს, გ. ს-სა და კ. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 2 თებერვლის განჩინებაზე, მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
საკასაციო სასამართლოს 2005წ. 13 ივლისის განჩინებით დ. და გ. ს-ებისა და ფ. გ-ის წარმომადგენელ უ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა: უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 2 თებერვლის განჩინება.
2006წ. 17 თებერვალს ეროვნული აკადემიის იურიდიული მომსახურების საერთაშორისო ცენტრის ადვოკატმა უ. დ-მა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.
განმცხადებელი განცხადებაში მიუთითებდა, რომ, როგორც საქმეში არსებული მტკიცებულებებითაა დადგენილი, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობისგან მან სამჯერ მიიღო ყალბი ცნობა იმის შესახებ, თითქოს “ა...ში” შემოწმება _ რევიზიის ჩატარება მათ კომპეტენციაში არ შედიოდა, იმ დროს, როდესაც ბანკების შესახებ ორგანული კანონის შესაბამისად, მათ არამარტო შემოწმებისა და რევიზიის ჩატარების, არამედ მათი გაუქმებისა და პასუხისგებაში მიცემის უფლებაც აქვთ.
განმცხადებლის მითითებით, დანაშაულებრივი სიყალბე აქვს ჩადენილი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას. სხდომის ოქმის დასაწყისში დაფიქსირებულია, რომ სხდომა დაიწყო 13.20 საათზე და დამთავრდა 14.35 საათზე, ფაქტობრივად კი, სასამართლო სხდომა სულ 25 წუთში დამთავრდა.
განმცხადებლის მითითებით, მან 2004წ. 23 ივლისს სააპელაციო პალატას წარუდგინა დამატებითი დაზუსტებული სასარჩელო განცხადება თანდართული ასლებით, სსკ-ის 83-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო პალატას 5 დღის ვადაში უნდა გამოეტანა განჩინება სარჩელის მიღება-არმიღების შესახებ, ხოლო 184-ე მუხლის პირველი ნაწილით სარჩელის ასლები უნდა გადაეგზავნა მოპასუხისათვის, მაგრამ სასამართლოს არც ერთი კანონი არ შეუსრულებია და სარჩელზე არავითარი რეაგირება არ მოუხდენია.
გარდა აღნიშნულისა, განმცხადებლის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ 25-წუთიანი პროცესი ჩაატარა მთელი რიგი კანონების დარღვევით, არ შეასრულა საქმის განხილვის დაწყებისას სსკ-ის 217-223-ე მუხლებით დადაგენილი მოთხოვნები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განცხადებელი ითხოვდა სსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა”, “გ” და “ვ” პუნქტების შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთ პალატის 2005წ. 13 ივლისის განჩინების ბათილად ცნობას და საქმის წარმოების განახლებას
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა წარმოდგენილი განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ უ. დ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე უნდა გადაეცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ის დებულებანი.
სსკ-ის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (განჩინების) გაუქმება და საქმის წარმოების განახლება დასაშვებია, თუ არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების წანამძღვრები.
ამავე კოდექსის 424-ე მუხლის შესაბამისად, განცხადება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ შეიტანება გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში, იმ შემთხვევაშიც კი, თუ არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ იმ სასამართლოს განსჯადია, რომელმაც საქმის არსებითი განხილვისა და გადაწყვეტის შედეგად საქმეზე მიიღო გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული საქმე, დ. ს-ს, გ. ს-ს და ფ. გ-ის სარჩელი, არსებითად გადაწყვიტა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ, რომლის 2003წ. 16 სექტემბრის გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 2 თებერვლისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005წ. 13 ივლისის განჩინებებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სსკ-ის 424-ე მუხლის შესაბამისად, უ. დ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განხილულ უნდა იქნეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ, რის გამოც განცხადება მისი დასაშვებობის შემოწმების მიზნით უნდა გადაეგზავნოს მითითებულ სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 26-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და სსკ-ის 424-ე, 425-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. უ. დ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე გადაეგზავნოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.