Facebook Twitter

საქმე№ას-948-2019 27 მაისი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ა (ა)იპ თ.გ.ფ–ი

მოწინააღმდეგე მხარეები – კ.კ–ა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 03 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება, მიუღებელი შემოსავლის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ქ. თბილისში, ............, №23-ში მდებარე 124.13 კვ.მ და 36.07 კვ.მ უძრავი ქონება კ.კ–ას (შემდგომში „მოსარჩელე“ ან „მესაკუთრე“) საკუთრებაა.

2. აღნიშნულ ფართში ფუნქციონირებდა კაფე-სახაჭაპურე, რომლის გაქირავებით მესაკუთრე იღებდა ყოველთვიურ შემოსავალს.

3. მითითებულ მისამართზე მდებარე საცხოვრებელ სახლში 2012 წლის 8 აპრილს გაჩნდა ხანძარი, რის შედეგადაც ხანძრისგან დაიწვა და წყლისგან განადგურდა მასში არსებული 24 ბინა და ოფისები.

4. 2012 წლის 18 ივლისს მესაკუთრესა და ა(ა)იპ თ.გ. ფ–ს (შემდგომში „მოპასუხე“, „ფონდი“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) შორის დაიდო ხელშეკრულება (შემდგომში „ხელშეკრულება“), რომლის გაფორმების საფუძველი გახდა შემდეგი:

- ქ. თბილისში, ............ №23-ში მდებარე შენობა შესულია სარეაბილიტაციო შენობა-ნაგებობათა ნუსხაში;

- მოპასუხეს სურს ქ. თბილისში, ............, №23-ში მდებარე ავარიული და ხანძრის შედეგად დაზიანებული შენობის ფარგლებში მესაკუთრის საკუთრებაში არსებული სარდაფის დემონტაჟი და ახალი შენობის აშენების შემდეგ მესაკუთრისათვის ამავე მისამართზე შესაბამისი ფართის გადაცემა.

5. ხელშეკრულების პირველი მუხლის 1.1. პუნქტში მიეთითა შემდეგი: მესაკუთრის მიერ მის საკუთრებაში ამჟამად არსებული ფართის სანაცვლოდ მესაკუთრის მიერ ახლადაშენებულ შენობაში მისაღები ფართი განისაზღვრება არანაკლებ მის საკუთრებაში ამჟამად არსებული ფართის კვადრატულობის შესაბამისად (საჯარო რეესტრის ამონაწერში დაფიქსირებული კვადრატულობის შესაბამისად);

6. ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების პირველ პუნქტში აღნიშნული ფართი რეაბილიტაციის შემდეგ აღდგება პირვანდელი სახით (რეაბილიტაციამდე არსებული დონეების შენარჩუნებით). ამავე მუხლის 2.2. პუნქტის თანახმად, 1.1. პუნქტში აღნიშნული არასაცხოვრებელი ფართი მესაკუთრეს ჩაბარდება გაუმჯობესებულ კონსტრუქციულ მდგომარეობაში;

7. იმ შემთხვევაში, თუ რეკონსტრუქციის სამუშაოების წარმოებისას დაზიანდებოდა მესაკუთრის ფართის შიდა პერიმეტრი, ფონდი კისრულობდა ვალდებულებას შეესრულებინა სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები იმ მოცულობით, რა მოცულობითაც მოხდებოდა ფართის რემონტის დაზიანება. მესაკუთრის ფართის შიდა პერიმეტრის მდგომარეობა, მესაკუთრის მიერ ფართის დაცლის პარალელურად დაფიქსირდებოდა ფოტოსურათებით, რაც წარმოადგენდა მესაკუთრის ფართის მდგომარეობის ამსახველ მტკიცებულებას;

8. მოპასუხე ვალდებული იყო მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.4. პუნქტის თანახმად, 2013 წლის 30 აპრილამდე დაესრულებინა შენობის მშენებლობა და მესაკუთრისთვის მისი კუთვნილი ფართი გადაეცა მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრულ მდგომარეობაში.

9. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 29 ივლისის №5003459414 დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ............ №23-ში მდებარე შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის თანხა შეადგენს - 162 314.04 ლარს.

10. მოსარჩელის მოთხოვნა

10.1. მესაკუთრემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ფონდის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრება (როგორც ხელშეკრულების შეუსრულებლობიდან გამომდინარე თანხის, ასევე მიუღებელი შემოსავლის სახით).

10.2. მოსარჩელის განცხადებით, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებები მოპასუხეს არ შეუსრულებია. მას არანაირი სამუშაოები არ ჩაუტარებია ფართის პირვანდელ მდგომარეობაში მოსაყვანად, რაც დასტურდება როგორც საქმეში წარდგენილი არაერთი მტკიცებულებით, ასევე მოწმეთა ჩვენებებით. მოპასუხის მხრიდან ვალდებულების დარღვევის გამო მოსარჩელეს მიადგა ზიანი - იგი დღემდე ვერ სარგებლობს ქონებით, საიდანაც შემოსავლის სახით იღებდა მნიშვნელოვან სარგებელს.

11. მოპასუხის პოზიცია

11.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებული აქვს სრულად - ფართის რეაბილიტაციის შემდეგ შენარჩუნებულ იქნა პირვანდელი სახით რეაბილიტაციამდე არსებული დონეები და აღნიშნული არასაცხოვრებელი ფართი მესაკუთრეს ჩაბარდა გაუმჯობესებულ კონსტრუქციულ მდგომარეობაში.

12. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

12.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 162 314 ლარი, ასევე, მიუღებელი შემოსავლის სახით: 2013 წლის 30 აპრილიდან 2015 წლის 4 ივნისამდე - 52 595 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში; 2015 წლის 4 ივნისიდან 2016 წლის 1 იანვრამდე - ყოველთვიურად 4 699 ლარი; 2016 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით - ყოველთვიურად 4 784 ლარი; 2017 წლის 1 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე - ყოველთვიურად 5 021 ლარი.

13. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი

13.1. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

14. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

14.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 აპრილის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

14.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-9 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები, იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 629-ე, 361-ე, 394-ე მუხლებით, ასევე მიუთითა მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესზე და საქმეში არსებული მტკიცებულებების შესაბამისად დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეს არ შეუსრულებია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც მოსარჩელეს მიადგა 162 314.04 ლარის ოდენობის ზიანი. სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ საქმეში წარდგენილი საექსპერტო დასკვნისა და მასზე თანდართული სარეკონსტრუქციო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად, სწორედ ამ ღირებულების სამუშაოებია შესასრულებელი სადავო ფართში.

14.3. რაც შეეხება მიუღებელ შემოსავალს, სასამართლომ ასევე მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლზე და განმარტა, რომ ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად კი ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

14.4. სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ სადავო შენობაში ხანძრის გაჩენამდე მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ფართში ფუნქციონირებდა კაფე-სახაჭაპურე, რომელიც მას გაქირავებული ჰქონდა და ყოველთვიურად იღებდა 2000 აშშ დოლარს. მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის (სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩაუტარებლობა) გამო მოსარჩელეს მიადგა ზიანი, ვინაიდან მას შესაბამისი ფართის გაქირავებით შეეძლო მიეღო შემოსავალი საიჯარო ქირის სახით. შესაბამისად, სახეზეა მოვალისთვის წინასწარ სავარაუდო ზიანი, რაც მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს ქმნიდა.

15. მოპასუხის საკასაციო საჩივარი

15.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

15.2. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ ისე დაადგინა მოსარჩელისთვის ზიანის მიყენების ფაქტი, რომ არ არსებობდა აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტები. ხელშეკრულების თანახმად, მესაკუთრის ფართის შიდა პარამეტრის მდგომარეობა მესაკუთრის ფართის დაცლის პარარელურად დაფიქსირდებოდა ფოტოსურათებით, რაც წარმოადგენდა მესაკუთრის ფართის მდგომარეობის ამსახველ დოკუმენტაციას. თუმცა აღნიშნული ფოტოსურათები, რომლითაც დაფიქსირდებოდა მესაკუთრის ფართის შიდა პარამეტრი, ხელშეკრულებას თან არ ახლავს. მოსარჩელემ ასევე ვერ დაადასტურა, რომ მის მიერ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი ფოტოსურათები წარმოადგენდა სწორედ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების დანართს და მის შემადგენელ ნაწილს. შესაბამისად, საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, თუ რა მდგომარეობაში იყო რეალურად ფართი ხანძრის შედეგად დაზიანებამდე და ხანძრის შემდგომ მესაკუთრის მიერ მისი დაცლისას. მიუხედავად ამისა, სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის მიერ წარდგენილი ფოტოსურათები, რომლითაც არ დგინდებოდა თუ რა პერიოდში იყო ის გადაღებული. ასევე, გაიზიარა მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც წარმოადგენდნენ მოსარჩელის ახლო ნათესავებს და მეგობრებს.

15.3. სასამართლომ ასევე მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით დაადგინა, რომ მოსარჩელეს სადავო ფართი ჰქონდა გაქირავებული და ყოველთვიურად იღებდა 2000 აშშ დოლარს. საქმეში არ არის წარდგენილი აღნიშნულის დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტაცია - საიჯარო ხელშეკრულება ან გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

15.4. მოწმეთა ჩვენებების შესაბამისად დაასკვნა ასევე სასამართლომ, რომ მოსარჩელის კუთვნილი ფართი არ დაზიანებულა უშუალოდ ხანძრის შედეგად და მხოლოდ წყალი იყო ჩამოსული, მაშინ, როდესაც საქმეში არსებულ 2012 წლის 8 აპრილის შემთხვევის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ კორპუსის მხარეს მდებარეობს სახაჭაპურე, რომლის დათვალიერება ვერ ხერხდებოდა შიდა კონსტრუქციების განადგურების გამო. ამრიგად, მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპის გათვალისწინებით, მოსარჩელემ ვერ შეძლო მოპასუხის მხრიდან ვალდებულების დარღვევის გამო ზიანის მიყენების ფაქტისა და მიყენებული ზიანის ოდენობის დადასტურება.

16. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

16.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 25 ივლისის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო ამავე პალატის 2020 წლის 16 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს სააპელაციო სასამართლოს განჩინება.

17. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის ძირითადი პრეტენზია ემყარება იმას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რამაც საქმეზე არასწორი სამართლებრივი შედეგის დადგომა გამოიწვია.

18. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

19. საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი გულისხმობს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ისე განაწილებას, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია, ანუ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა - მას, ვინც უარყოფს.

20. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული მტკიცების ტვირთი [სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი] ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.

21. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის, ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).

22. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას (კვალიფიციური შედავების მნიშვნელობა ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნებისათვის). მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. იმავდროულად, ახსნა-განმარტება უნდა დასტურდებოდეს რელევანტური მტკიცებულებებით [სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი].

23. ამავე დროს, სადავო გარემოებების დადგენისას სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს არა ერთ რომელიმე მტკიცებულებაზე განყენებულად, არამედ იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობითი დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლიობაში, რომელთა ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა.

24. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, როგორც უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია განმარტებული, სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. სუსგ №ას-1529-1443-2012, 9 დეკემბერი, 2013 წელი; დიდი პალატის გადაწყვეტილება №ას-664-635-2016, 2 მარტი, 2017 წელი, §187).

25. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სასარჩელო მოთხოვნა ემყარება მოპასუხის მხრიდან სახელშეკრულებო მოთხოვნათა დარღვევას, შესაბამისად, უნდა გაირკვეს ჰქონდა თუ არა ადგილი აღნიშნულ დარღვევებს და მიადგა თუ არა ამით ზიანი მოსარჩელეს.

26. მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ 2012 წლის 18 ივლისის ხელშეკრულებით მოპასუხემ იკისრა ვალდებულება ავარიული და ხანძრის შედეგად დაზიანებული შენობის სანაცვლოდ ახალი შენობის აშენებისას მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ფართის დემონტაჟის შემდგომ მოეხდინა იმავე შენობაში არსებული არასაცხოვრებელი ფართის მესაკუთრესთან შეთანხმებული პროექტის შესაბამისად, პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა, რეაბილიტაციამდე არსებული დონეების შენარჩუნებით. ამავე ხელშეკრულების 2.2 პუნქტის თანახმად, 1.1 პუნქტში აღნიშნული არასაცხოვრებელი ფართი მესაკუთრეს ჩაბარდებოდა გაუმჯობესებულ კონსტრუქციულ მდგომარეობაში. იმ შემთხვევაში, თუ რეკონსტრუქციის სამუშაოების წარმოებისას დაზიანდებოდა მესაკუთრის ფართის შიდა პარამეტრი, ფონდი კისრულობდა ვალდებულებას, შეესრულებინა სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები იმ მოცულობით, რა მოცულობითაც მოხდებოდა ფართის რემონტის დაზიანება. მოპასუხე ვალდებული იყო მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 3.4 პუნქტის თანახმად, 2013 წლის 30 აპრილამდე დაესრულებინა შენობის მშენებლობა და გადაეცა მესაკუთრისთვის მისი კუთვნილი ფართი მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრულ მდგომარეობაში (იხ. ტ. 1. ს.ფ 21-23).

27. მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით - ფოტომასალით, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ შედგენილი ოქმით ფაქტების კონსტატაციის შესახებ, საექსპერტო დასკვნით (იხ. ტ. 1. ს.ფ 51-75; 240-254), ასევე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხეს მოსარჩელის ფართში სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები არ ჩაუტარებია.

28. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას იმის შესახებ, რომ საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, თუ რა მდგომარეობაში იყო რეალურად ფართი ხანძრის შედეგად დაზიანებამდე და ხანძრის შემდგომ მესაკუთრის მიერ მისი დაცლისას. მოსარჩელის მიერ წარდგენილი ფოტომასალით კი არ დგინდება, თუ რა პერიოდშია გადაღებული მტკიცებულების სახით წარდგენილი ფოტო-მასალა.

29. მითითებულ პრეტენზიასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამოქალაქო საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამ პრინციპზეა აგებული სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა. უფლების დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვა კი თვით დაინტერესებული პირის ნება-სურვილზეა დამოკიდებული. მისი ნების გარეშე, არავის აქვს უფლება, მიმართოს სასამართლოს. მხარეები თვითონ წარუდგენენ სასამართლოს მტკიცებულებებს. ისინი თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თუმცა, მხარემ უნდა უზრუნველყოს მტკიცების საპროცესო საშუალებათა დროული განკარგვა. სასამართლო კი, დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, ვერ უზრუნველყოფს მხარისათვის იურიდიული დახმარების გაწევას, რაც თანაბრობას დაარღვევს და სამართალწარმოებას მიკერძოებულს გახდის.

30. აღსანიშნავია, რომ ერთი მხარის მიერ წარდგენილი დოკუმენტის (იქნება ეს ფოტო თუ სხვა სახის მასალა, საექსპერტო დასკვნა და ა.შ.) მტკიცებულებითი მნიშვნელობის შეფასება დამოკიდებულია მეორე მხარის კვალიფიციურ შედავებაზე. ცხადია, აქ მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარის ზეპირსიტყვიერი მოსაზრება არ იგულისხმება. მოცემულ შემთხვევაში, გამომდინარე იქიდან, რომ მოსარჩელემ წარადგინა ოფიციალური სახის დოკუმენტი - აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული ოქმი ფაქტების კონსტატაციის შესახებ თანდართული ფოტო-მასალით (რომელიც ადასტურებს იმას, რომ 2017 წლის 17 ოქტომბრის მდგომარეობით სადავო ფართში სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩატარებული არ არის (იხ. ტ. 1. ს.ფ 240-254)), საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სადავო ურთიერთობის ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთებისას, ეს მტკიცებულება უთუოდ მიიჩნევა მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებების დამადასტურებელ რელევანტურ მტკიცებულებად და სხვა მტკიცებულებებთან ერთად (როგორიცაა მაგ. მოწმეთა ჩვენება) უნდა მიენიჭოს უპირატესობა, ვინაიდან, მოწინააღმდეგე მხარე, გარდა საკუთარი განმარტებისა, ვერ აბათილებს მას რაიმე სახის ობიექტური მტკიცებულებებით.

31. უზენაესი სასამართლოს არაერთ განჩინებაშია განმარტებული, რომ კერძო დავებზე წარმატების მისაღწევად, მხარეებმა ჯეროვნად უნდა განკარგონ თავიანთი საპროცესო უფლებები, რაც დავის ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებისა და მათი რელევანტური მტკიცებულებებით დამტკიცების ტვირთის რეალიზებაში მდგომარეობს. ამ უფლებით თანაბრად სარგებლობს როგორც მოსარჩელე (სარჩელის ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება), ასევე, მოპასუხე (სარჩელის ფაქტობრივი გარემოებების გაქარწყლება).

32. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს შეეძლო საპირისპირო გარემოების დასადასტურებლად და მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტების (ფოტო-მასალა, ფაქტების კონსტატაციის მასალები და ა.შ.) საწინააღმდეგოდ, თავადაც წარედგინა რელევანტური მტკიცებულებები, მაგ., საექსპერტო დასკვნა ან თუნდაც ფოტო-მასალა, რომლითაც მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება დადასტურდებოდა, რაც მას არ განუხორციელებია.

33. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას იმის შესახებ, რომ წარდგენილი დოკუმენტაციის, ასევე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებში ასახული გარემოებების გათვალისწინებით, მოსარჩელემ საკუთარი მტკიცების ტვირთს წარმატებით გაართვა თავი. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ კი, მოპასუხემ ვერ წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია.

34. საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის ავტორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ ვინაიდან საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდება მოსარჩელის მიერ სადავო ფართის გაქირავება (საიჯარო ხელშეკრულება ან გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი), უსაფუძვლოა მისი მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

35. საკასაციო პალატა აღნიშნავს შემდეგს: ვალდებულების დარღვევით გამოწვეული მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების დამფუძნებელ ნორმებს სამოქალაქო კოდექსის 394-ე, 411-ე და 412-ე მუხლები წარმოადგენენ და მოხმობილი ნორმების საფუძველზე, კანონმდებელი დაზარალებულს (კრედიტორს) უფლებას აძლევს, ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ იმ ანაცდენი სარგებლისათვის, რომელსაც დაზარალებული მიიღებდა სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შედეგად. მთავარი წინაპირობა მოცემული მუხლების გამოყენებისათვის არის სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა, რასაც შედეგად მოჰყვა ზიანის დადგომა. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს. მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ. სუსგ №ას-459-438-2015, 07.10.2015 წ.).

36. მოცემულ საქმეში, მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დროულად შესრულების შემთხვევაში, მას 2013 წლის 30 აპრილისთვის უნდა გადასცემოდა სადავო ფართი გაუმჯობესებულ კონსტრუქციულ მდგომარეობაში. ამიტომ, სსკ 411-ე მუხლის შინაარსის გათვალისწინებით, მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოებებს, რომლებიც მიუთითებენ მოპასუხის მიერ ზემოაღნიშნული ფართის გადაცემასთან დაკავშირებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების შემთხვევში რა შემოსავალს მიიღებდა და ვალდებულების დარღვევის შედეგად არ მიიღო მოსარჩელემ. მოსარჩელე მიუთითებს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მდგომარეობაში უძრავი ქონების გადაცემის შემთხვევაში, იგი 2013 წლის აპრილიდან ამ ფართს გააქირავებდა, რაც სავსებით შესაძლებლად მიაჩნია სასამართლოს, რადგან უძრავი ქონების გაქირავება წარმოადგენს ამ ქონებით შემოსავლის მიღების ყველაზე ფართოდ დამკვიდრებულ და აპრობირებულ ფორმას (იხ. სუსგ საქმე № ას-945-895-2015, 14 მარტი, 2016 წელი). ამასთან, აღსანიშნავია, რომ როგორც საქმის მასალებით დასტურდება, მოსარჩელეს ხანძრის გაჩენამდეც ჰქონდა სადავო ფართი გაქირავებული, მასში ფუნქციონირებდა კაფე-სახაჭაპურე, საიდანაც მესაკუთრე იღებდა ყოველთვიურ საიჯარო ქირას. ამგვარი შემოსავლის მიღების ფაქტი დადასტურებულია ასევე, საქმეზე მოწმის სახით დაკითხულ პირთა, მათ შორის, თავად უძრავი ქონების დამქირავებლის (ლ.ნ–ას) ჩვენებითაც (იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 თებერვლის სხდომის ოქმი CD დისკით; ტ. 1, ს.ფ 293-316). საწინააღმდეგოს დამტკიცება კი მოპასუხემ ვერც ერთი ინსტანციის სასამართლოში ვერ შეძლო.

37. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან მოპასუხემ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში (2013 წლის 30 აპრილამდე) ვერ შეასრულა საკუთარი ვალდებულებები, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას იმის შესახებ, რომ დასაბუთებულია სასარჩელო მოთხოვნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის, უძრავი ქონების გაქირავებით მისაღები შემოსავლის, მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ (სსკ-ის 407.1, 408.1, 411-ე მუხლები). განახილველ შემთხვევაში, ზიანის (მიუღებელი შემოსავლის) ოდენობა ეფუძნება ექსპერტიზის დასკვნას (იხ. ტ. 1. ს.ფ 262-272), რისი გამაბათილებელი მტკიცებულებაც კასატორს (მოპასუხეს) სასამართლოსათვის არ წარუდგენია. საპირისპირო მტკიცებულების არარსებობის პირობებში კი, სააპელაციო სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტით, ასევე მოწმის სახით დაკითხულ პირთა ჩვენებებით. შესაბამისად, არ არსებობს კასტორის ზემოაღნიშნული პრეტენზიის გაზიარებისა და ამ საფუძვლით სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობა.

38. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

39. საკასაციო პალატის ზემოთ მითითებული მსჯელობის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არსებითად სწორია, რაც გასაჩივრებული განჩინების ძალაში დატოვებისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველია.

40. ვინაიდან საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს კასატორის მიერ გაღებული ხარჯის მხარეთა შორის განაწილების სსსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები და აღნიშნული ხარჯი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა(ა)იპ თ.გ.ფ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე