საქმე № ას-604-2021 18 ოქტომბერი, 2021 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე;
კერძოს საჩივრის ავტორი - შპს „ჯ-ლ–ი“ (მოპასუხე);
მოწინააღმდეგე მხარე - მ.ს–ი (მოსარჩელე);
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 აპრილის განჩინება;
კერძოს საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი განჩინების მიღებით საქმის არსებითად განსახილველად დაბრუნება;
დავის საგანი - თანხის დაკისრება;
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის განუხილველად დატოვება;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით მ.ს–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს „ჯ-ლ–ს“ მ.ს–ის სასარგებლოდ დაეკისრა წინასწარი წერილობითი შეტყობინების გარეშე ხელშეკრულების შეწყვეტის წესის დარღვევის გამო ორი თვის შრომის ანაზღაურების გადახდა 4000 ლარის ოდენობით. შპს „ჯ-ლ–ს“ მ.ს–ის სასარგებლოდ დაეკისრა 2019 წლის გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება 2000 ლარის ოდენობით. მ.ს–ს უარი ეთქვა წინა წლის (2018 წლის) გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს „ჯ-ლ–ის“ წარმომადგენელმა მ.გ–მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 აპრილის განჩინებით შპს „ჯ-ლ–ის“ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 აპრილის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს ჯ–ლ–ის წარმომადგენელმა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი განჩინების მიღებით საქმის არსებითად განსახილველად დაბრუნება.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ივნისის განჩინებით შპს ჯ–ლ–ს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 3 (სამი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა: ა) უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი დედნის სახით; და ბ) 50 (ორმოცდაათი) ლარის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.
6. აღნიშნული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელს ეცნობა სატელეფონო შეტყობინების გზით 2021 წლის 6 სექტემბერს (ტ. 2, ს. ფ. 80).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
8. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების სარეზოლუციო ნაწილი კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელს ეცნობა სატელეფონო შეტყობინების გზით 2021 წლის 6 სექტემბერს (ტ. 2, ს. ფ. 80).
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კერძო საჩივრის ავტორისთვის ხარვეზის შევსების 3 - დღიანი ვადის დენა დაიწყო 2021 წლის 7 სექტემბერს და ამოიწურა ამავე წლის 9 სექტემბერს (ხუთშაბათი). ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი 2021 წლის 7 სექტემბრის ჩათვლით შეევსო.
10. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
11. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
12. სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. აღნიშნული ნორმით განსაზღვრულია საკასაციო პალატის უფლებამოსილება, იხელმძღვანელოს ქვემდგომ სასამართლოში დადგენილი სამართალწარმოების მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება სსსკ-ის მე-9 კარით განსაზღვრული საკასაციო სამართალწარმოების თავისებურებებს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს ჯ-ლ–ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე : მირანდა ერემაძე