Facebook Twitter

საქმე № ას-414-2021 29 სექტემბერი, 2021 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ე–ა, მ–ა, დ–ი“

მოწინააღმდეგე მხარე – ა(ა)იპ თ.ს.ბ-ბ.მ. ს–ოს

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 5 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 05 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივრის ავტორს (შპს „ე–ა, მ–ა, დ–ი“) დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი, დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის და სახელმწიფო ბაჟის სახით 1,013.00 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების დედნის წარმოდგენა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში. ამავე განჩინებით აპელანტს განემარტა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შედეგები.

2. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, 2021 წლის 26 თებერვალს აპელანტის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა პალატას და ხარვეზის შესავსებად დანიშნული ვადის 15 დღით გაგრძელება მოითხოვა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ შპს „ე–ა, მ–ა, დ–ის” დირექტორი იყო მივლინებაში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 04 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივრის ავტორის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 05 თებერვლის განჩინებით განსაზღვრული ვადა გაგრძელდა 10 (ათი) დღით, რაც აითვალა აპელანტისთვის ამ განჩინების ასლის ჩაბარების მომენტიდან.

3. ზემოაღნიშნული განჩინება აპელანტის წარმომადგენელ ლ.ჭ–ძეს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-6 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით, საატელეფონო შეტყობინების მეშვეობით ჩაბარდა 2021 წლის 09 მარტს, ამდენად, საპროცესო ვადის დენა დაიწყო 2021 წლის 10 მარტს და დასრულდა ამავე წლის 19 მარტს. დროის ამ მონაკვეთში აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის. აპელანტმა დადგენილი ხარვეზის შევსების შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 22 მარტს მომართა. ის ფაქტი, რომ აპელანტმა ვადის დარღვევით შეავსო ხარვეზი დასტურდება სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტითაც, რაც სწორედ 2021 წლის 22 მარტით არის დათარიღებული.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 5 აპრილის განჩინებით სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 368-ე, 372-ე, 373-ე, 374-ე, 390-ე, 414-416-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო, ვინაიდან აპელანტმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი. შპს „ე–ა, მ–ა, დ–ის” სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 09 დეკემბრის დარჩა განუხილველად.

5. ზემოაღნიშნულ განჩინებაზე შპს „ე–ა, მ–ა, დ–ის” წარმომადგენელმა წარმოადგინა კერძო საჩივარი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ივნისის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.

6. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება წარმოადგენს. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს გაჩინება დაუსაბუთებელია.

7. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

8. გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში.

9. დადგენილია, ფაქტობრივი გარემოება, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება აპელანტის წარმომადგენელ ლ.ჭ–ძეს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-6 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით, საატელეფონო შეტყობინების მეშვეობით ჩაბარდა 2021 წლის 09 მარტს, ამდენად, საპროცესო ვადის დენა დაიწყო 2021 წლის 10 მარტს და დასრულდა ამავე წლის 19 მარტს. დროის ამ მონაკვეთში აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის. აპელანტმა დადგენილი ხარვეზის შევსების შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 22 მარტს მომართა. ის ფაქტი, რომ აპელანტმა ვადის დარღვევით შეავსო ხარვეზი დასტურდება სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტითაც, რაც სწორედ 2021 წლის 22 მარტით არის დათარიღებული.

10. ზემოაღნიშნული გაერმოების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში აპელანტს დადგენილი ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მართებულად მიაჩნია, რომ აპელანტმა, მიუხედავად იმისა, რომ განემარტა განჩინებით განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შედეგები, არ შეასრულა სასამართლოს მიერ დავალებული საპროცესო მოქმედება და არ შეავსო ხარვეზი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში.

11. სააპელაციო პალატა მართებულად მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. აღნიშნული ნორმის თანახმად, სააპელაციო საჩივარში ხარვეზის არსებობისას, სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისათვის უნდა შესრულდეს. ამდენად, სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

12. კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტაციასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა განმარტავს, სააპელაციო სასამართლოს მიერ სრულაყოფილად იქნა დაცული განჩინების ჩაბარების საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ნორმები და პროცედურა, ამდენად საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, რომ წარმოდგენილ არგუმენტაციას.

13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს. ამავე კოდექსის 60.2-ე მუხლის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. სსსკ-ის 59.1 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 61-ე-63-ე მუხლების მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება, შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო საჩივარი ან საბუთები, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას.

14. საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში უთითებს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული, შესაბამისად, სსსკ-ის 374-ე მუხლი ითვალისწინებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებას, რაც სასამართლოს ვალდებულებაა. სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას, სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი თითოეული პირის უფლებას ემსახურება, განხილულ იქნეს მისი პრეტენზია, საამისოდ კი, საპროცესო კოდექსითვე დადგენილია ის მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სააპელაციო საჩივარი (იხ. სუსგ-ები: # ას-1025-986-2016, 13.01.2017წ; #ას-851-817-2016, 04.11.2011წ.). საპროცესო კოდექსითვე დადგენილია საჩივარზე ხარვეზის დადგენისა და სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მხარის მიერ მისი აღმოფხვრის წესი და წინაპირობები.

15. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ, როგორც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით, ისე - „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული უფლების სასამართლო წესით დაცვის პრინციპი (რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლების შინაარსიდან გამომდინარეობს) არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება შეზღუდვას, უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა გამართლებულია, თუკი იგი ლეგიტიმურ, კანონის მიზანს ემსახურება, ამ შემთხვევაში, ჩარევის ლეგიტიმური საფუძველი სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლია, რომლის დარღვევის გამო სამართლებრივ შედეგს ამავე მუხლის მე-5 ნაწილი ითვალისწინებს. იმ ვითარებაში, როდესაც უდავოა, რომ თავად მხარემ დაარღვია საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნები, პალატის განსჯით, მის მიმართ მართლზომიერად შეიზღუდა უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა, რაც სასამართლოს მხრიდან ამ უფლების დარღვეულად მიჩნევას გამორიცხავს.

16. ამრიგად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კერძო საჩივრის ავტორს სააპელაციო პალატის მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში, ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც შესაბამისი შუამდგომლობით არ მიუმართავს სასამართლოსთვის, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე (შდრ. სუსგ-ები: # ას-884-824-2017, 2017 წლის 12 სექტემბრის განჩინება; # ას-558-533-2016, 2016 წლის 15 ივლისის განჩინება; # ას-521-498-2016, 2016 წლის 12 ივლისის განჩინება; # ას-861-811-2015, 2016 წლის 31 მარტის განჩინება).

17. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 401-ე, 420-ე, 419-ე, 412-ე მუხლებით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ე–ა, მ–ა, დ–ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 5 აპრილის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე