Facebook Twitter

№ას-1155-2018 13 ოქტომბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ნ.მ–სი

მოწინააღმდეგე მხარე – ზ.მ–სი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ზ.მ–სი (შემდეგში: მოსარჩელე, გამჩუქებელი), ნ.მ–სი (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, დასაჩუქრებული ან კასატორი) და ო.მ–სი (შემდეგში: მოპასუხე, დასაჩუქრებული) არიან და-ძმები.

2. უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, ..... (შემდეგში: სადავო ქონება/სახლი, ჩუქების საგანი) წარმოადგენს მხარეთა მშობლების სამკვიდრო ქონებას. მამის, რ.მ–ვის გარდაცვალების შემდგომ 2003 წლის 22 მაისს, ზ.მ–სის სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა და სადაო სამკვიდრო ქონება აღირიცხა მის საკუთრებად (ტ.1,ს.ფ.17-18).

3. მოსარჩელე, დაბადებიდან ცხოვრობდა სადავო სახლში. მოსარჩელეს ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი. ოჯახი, 2014 წლის 5 ოქტომბრიდან ცხოვრობს ახლობელთან, მისი ხელფასი შეადგენს 500 ლარს, მეუღლე არ მუშაობს (ტ.1,ს.ფ.11; 14-15).

4. მხარეთა შორის, 2013 წლის 22 მაისს გაფორმდა ჩუქების ხელშეკრულება. მოსარჩელემ მოპასუხეებს გადასცა სადავო ქონება. ხელშეკრულება ხელმოწერილია მხარეთა მიერ და დამოწმებულია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. ხელშეკრულებაზე ხელმოწერა მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. სადაო უძრავი ქონება რეგისტრირებულია ნ.მ–სის და ოთარ მამასახლისის თანასაკუთრებად. ჩუქების ხელშეკრულების მიხედვით, ჩუქების საგანი უფლებრივად უნაკლოა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა და ყადაღა საჯარო რეესტრში არ არის რეგისტრირებული (ტ.1,ს.ფ.12-13).

5. მოსარჩელემ, 2012 წლის 16 აგვისტოს გააფორმა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც თ.ბ–გან ისესხა 5 525 აშშ დოლარი. სესხის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა სადავო უძრავი ნივთი. 2013 წლის 1 ივნისს გაუქმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. სესხის თანხა იპოთეკარს გადაუხადა მოსარჩელის დამ.

6. მოპასუხე დის შეტყობინების საფუძველზე, 2014 წლის 5 ოქტომბერს, ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს ნაძალადევის მიმართულების პატრულ-ინსპექტორმა გ.კ–ძემ 20:24 საათზე შეადგინა ოქმი, რომელშიც აღნიშნულია, რომ მოპასუხე დას, როგორც საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეს, არ სურდა მასთან სახლში მყოფი მისი ძმის ზ.მ–სისა და მისი მეუღლე ე.ნ–ას, მის საცხოვრებელ სახლში ყოფნა. პატრულ-ინსპექტორის განმარტებით, მხარეებს განემარტათ, რომ გამოსახლების თაობაზე მიემართათ რაიონული განყოფილებისათვის განცხადებით (ტ.1,ს.ფ. 8-9).

7. მოპასუხე ძმა, ოჯახთან ერთად ცხოვრობს ქ. რუსთავში და თანახმაა, რომ გაუქმდეს სადავო ჩუქების ხელშეკრულება.

8. სარჩელის მოთხოვნა

8.1. გამჩუქებელმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მხარეთა შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა მოითხოვა.

9. მოპასუხეების პოზიცია

9.1. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს. საქმის მოსამზადებელ ეტაპზე და არსებითად განხილვის დროსაც, მოპასუხე ძმა დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას.

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

10.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა მხარეთა შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულება და აღდგენილ იქნა პირვანდელი მდგომარეობა.

11. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა

11.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით გაასაჩივრა დასაჩუქრებულმა დამ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

12.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

12.2. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა და იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი და წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს (სსსკ-ის 390.3.-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტი).

12.3. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელე, მხარეთა შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებას, მოპასუხის მიერ მის მიმართ გამოჩენილი უმადურობის საფუძვლით ითხოვდა.

12.4. მოსარჩელე განმარტავდა, რომ მოპასუხემ ბინიდან გამოასახლა ოჯახთან ერთად იმის გათვალისწინებით, რომ მას სხვა საცხოვრებელი არ გააჩნდა და არც საცხოვრებლის მოძიების მატერიალური შესაძლებლობა.

12.5. სააპელაციო სასამართლომ დასაჩუქრებულის მხრიდან ჩუქების ხელშეკრულების დადებისას, გამჩუქებლის მიმართ მძიმე უმადურობის გამოჩენისგან თავის შეკავების თაობაზე, საქართველოს უზენაეს სასამართლოს პრაქტიკაზე მიუთითა, რომლის მიხედვითაც „ქონების უსასყიდლოდ გადაცემის (ჩუქების) დროს, დასაჩუქრებულის ქონების გაზრდა ხდება მისი მხრიდან საპასუხო შესრულების გარეშე. პალატა მიიჩნევს, რომ დასაჩუქრებულის ნებისმიერი მჩუქებლისათვის მიუღებელი ქმედება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს დასკვნას იმის შესახებ, რომ დასაჩუქრებულმა გამჩუქებლის მიმართ დიდი უმადურობა გამოიჩინა ან ამით მას მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნული ფაქტი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, როგორც სუბიექტური, ასევე ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით, ინდივიდუალური შეფასების საგანს წარმოადგენს. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა „მსგავსი მოთხოვნის შემთხვევაში, მოსარჩელის განსასაზღვრია, რომელ ქმედებას მიიჩნევს უმადურობად ან შეურაცხყოფად, თუმცა კონკრეტული ფაქტი წარმოადგენს თუ არა ისეთი სახის შეურაცხყოფას ან უმადურობას, რაც ჩუქების გაუქმებას შეიძლება დაედოს საფუძვლად, სასამართლოს შეფასების საგანია და არა თავად მოსარჩელის. სასამართლომ მხარეთა ურთიერთდამოკიდებულების, მათი შეხედულებების, თავად ქმედების შეფასების, ასევე, კონკრეტულ საზოგადოებაში არსებული წეს-ჩვეულებებისა და დამკვიდრებული მოსაზრებების გათვალისწინებით უნდა განსაზღვროს, იჩენს თუ არა დასაჩუქრებული უმადურობას გამჩუქებლის მიმართ ან არის თუ არა მისი ქმედება შეურაცხმყოფელი. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია თავად მხარის სუბიექტური დამოკიდებულება კონკრეტული ქმედების მიმართ, მაგრამ გადამწყვეტი ამ ქმედების შეფასებაა, იმ თვალსაზრისით, რომ სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლიდან გამომდინარე, დასაჩუქრებულის არა ყოველგვარი გასაკიცხი ქმედება იძლევა ჩუქების გაუქმების საფუძველს, არამედ მხოლოდ მძიმე შეურაცხყოფა და დიდი უმადურობა“ (იხ. სუსგ №ას-1235-1176-2014, 2015 წლის 24 თებერვალი).“

12.6. სააპელაციო სასამართლომ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებაზე მიუთითა, პოლიციის გამოძახების შესახებ, და აღნიშნულის საფუძველზე შედგენილი ოქმის შინაარსის გაანალიზების საფუძველზე დაასკვნა, რომ იმ პირობებში როდესაც გამჩუქებელს და მის ოჯახს, სხვა საცხოვრებელი არ ჰქონდათ, ხოლო, მოსარჩელის ოჯახის ერთადერთი შემოსავალი მისი 500 ლარიანი ხელფასი იყო, რაც არ იქნებოდა საკმარისი საცხოვრებელი სახლის დაქირავებისთვის, აპელანტის მხრიდან სახეზე იყო დიდი უმადურობა, რაც საკმარისი საფუძველი იყო ჩუქების ხელშეკრულების გასაუქმებლად.

13. აპელანტის საკასაციო საჩივარი

13.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

13.2. კასატორის განმარტებით, თავისი ხარჯებით, ფაქტობრივი ფლობით ინახავდა მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ სადავო ქონებას, ასევე მნიშვნელოვანი ხარჯი გასწია ქონების გასარემონტებლად და გასაუმჯობესებლად. მოსარჩელემ, აღნიშნული ქონება იპოთეკით დატვირთა და სესხის გადაუხდელობის გამო, კასატორს მოუწია იპოთეკით დატვირთული ქონების გამოხსნა, სწორედ აღნიშნული ფაქტის გამო აჩუქა მოსარჩელემ მოპასუხეებს სადავო ქონება.

13.3. კასატორის განმარტებით, მას უმადურობა არ გამოუჩენია თავისი ძმის მიმართ, პირიქით, რძალმა მიაყენა შეურაცხყოფა, ხოლო, შემდეგ, მოსარჩელემ სცადა ფიზიკური დაპირისპირება, სწორედ ამ ფაქტს მოჰყვა სამართალდამცავების გამოძახება, სხვა შემთხვევაში, სადავო ქონებით უპრობლემოდ სარგებლობდა მოსარჩელე, მისი მეუღლე და შვილი.

13.4. კასატორის განმარტებით, მოსარჩელის პრეტენზია, რომ ის უსახლკაროდ დატოვა დასაჩუქრებულმა დაუსაბუთებელია, კერძოდ, მოსარჩელე ..... ქუჩაზე ცხოვრობს, მისი დამსაქმებლის სახლში.

13.5. კასატორის განმარტებით, პოლიცია შესაძლო კონფლიქტის აღკვეთის მიზნით გამოიძახა და არა მოსარჩელისა და მისი ცოლ-შვილის სახლიდან გასაყვანად. ოქმის შინაარსითვე ირკვევა, რომ საპატრულო პოლიცია მყისიერად ვერ მოახდენდა რეაგირებას და მესაკუთრის მიერ მხოლოდ რაიონულ პოლიციაში განაცხადის შემდეგ შეიძლებოდა დაწყებულიყო გასახლების პროცესი, რაც ბუნებრივია ნიშნავდა, რომ გამჩუქებელს შეეძლო სადავო სახლში დარჩენა.

14. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

14.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად, ხოლო 2019 წლის 31 ოქტომბრის განჩინების მიხედვით დასაშვებადაა ცნობილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი, უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელეს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე, შემდეგი არგუმენტაციით:

15. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში კასატორის პრეტენზიები საფუძვლიანია, რის გამოც საკასაციო განაცხადი უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და მოსარჩელეს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის დაიდო ჩუქების ხელშეკრულება, რომლის გაუქმებასაც, მოსარჩელე დასაჩუქრებულის მხრიდან გამოჩენილი დიდი უმადურობის საფუძვლით ხდიდა სადავოდ. სასარჩელო განცხადებაში ასევე უთითებდა, რომ ჩუქების შემდეგ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა.

18. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 524-ე მუხლის პირველი „ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ.“ მეორე „თუ ჩუქება გაუქმდება, მაშინ გაჩუქებული ქონება შეიძლება გამოთხოვილ იქნეს მჩუქებლის მიერ“ და 530-ე მუხლის პირველი „თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას უფლება აქვს დასაჩუქრებულს მოსთხოვოს გაჩუქებული ნივთი, თუ ეს უკანასკნელი რეალურად არსებობს და დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში.“ ნაწილები წარმოადგენს.

19. მოსარჩელის ძირითადი პრეტენზია, დასაჩუქრებული დის მხრიდან, მის მიმართ გამოვლენილ დიდ უმადურობას შეეხებოდა, რაც მოსარჩელის განმარტებით, მისი და თავისი ცოლის, აგრეთვე 11 თვის ჩვილის სადავო ქონებიდან გამოსახლებაში და ოჯახის საცხოვრებლის გარეშე დატოვებაში გამოიხატა, აღნიშნულის დასტურად კი საპატრულო პოლიციის რეაგირების ოქმზე უთითებდა (იხ. ტ.1,ს.ფ.9). მოსარჩელისვე განმარტებით, დასაჩუქრებულმა იცოდა, რომ ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მას ქონება აღარ გააჩნდა.

20. საკასაციო სასამართლო დასახელებული ოქმის შინაარსზე მიაქცევს ყურადღებას და განმარტავს, რომ დასახელებული ოქმის მიხედვით, შესაბამისმა პირმა, შეტყობინების ავტორსა და ადგილზე მყოფ პირებს, მათ შორის მოსარჩელეს განუმარტა, რომ „მათ შორის არსებულ სადავო საკითხებზე შესაბამისი სამსახურებისთვის უნდა მიემართათ, აგრეთვე, გამოსახლების თაობაზე მიემართათ რაიონული განყოფილებისთვის“. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დასახელებული ოქმი არ წარმოადგენს, დასაჩუქრებულის მხრიდან გამჩუქებლის მიმართ გამოვლენილი შესაძლო უმადურობის დასადასტურებლად რელევანტურ მტკიცებულებას.

21. საკასაციო სასამართლო, მოსარჩელის პრეტენზიის - დასაჩუქრებულმა, მისი და თავისი ცოლ-შვილის საცხოვრებელი სახლის გარეშე დატოვებით დიდი უმადურობა გამოიჩინა - პასუხად განმარტავს, რომ აღნიშნული გარემოება არ დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებითა და ახსნა-განმარტებებით, ასეთ შემთხვევაშიც კი მესაკუთრის მიერ, მის საკუთრებაში არსებულ ნივთზე მართლზომიერი ბატონობის განხორციელება ვერ განიხილება დასაჩუქრებულის მიმართ დიდი უმადურობის გამოვლინებად. საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ჩუქების ხელშეკრულება დასაჩუქრებულს ვალდებულებებს არ წარმოუშობს.

22. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა „მსგავსი მოთხოვნის შემთხვევაში, მოსარჩელის განსასაზღვრია, რომელ ქმედებას მიიჩნევს უმადურობად ან შეურაცხყოფად, თუმცა კონკრეტული ფაქტი წარმოადგენს თუ არა ისეთი სახის შეურაცხყოფას ან უმადურობას, რაც ჩუქების გაუქმებას შეიძლება დაედოს საფუძვლად, სასამართლოს შეფასების საგანია და არა თავად მოსარჩელის. სასამართლომ მხარეთა ურთიერთდამოკიდებულების, მათი შეხედულებების, თავად ქმედების შეფასების, ასევე, კონკრეტულ საზოგადოებაში არსებული წეს-ჩვეულებებისა და დამკვიდრებული მოსაზრებების გათვალისწინებით უნდა განსაზღვროს, იჩენს თუ არა დასაჩუქრებული უმადურობას გამჩუქებლის მიმართ ან არის თუ არა მისი ქმედება შეურაცხმყოფელი. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია თავად მხარის სუბიექტური დამოკიდებულება კონკრეტული ქმედების მიმართ, მაგრამ გადამწყვეტი ამ ქმედების შეფასებაა, იმ თვალსაზრისით, რომ, სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლიდან გამომდინარე, დასაჩუქრებულის არა ყოველგვარი გასაკიცხი ქმედება იძლევა ჩუქების გაუქმების საფუძველს, არამედ მხოლოდ მძიმე შეურაცხყოფა და დიდი უმადურობა“ (იხ. სუსგ-ები №ას-1235-1176-2014, 2015 წლის 24 თებერვალი; ას-582-2021, 14.07.2021; ას-471-450-2015, 20.11.2015).

23. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 529-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა ნაჩუქრობის შინაარსის ერთ-ერთი გამოვლინებაა. მჩუქებლის უფლება, უკან დაიბრუნოს გაჩუქებული ქონება, ჩუქების ურთიერთობის მაღალი ზნეობრივი ხასიათითაა განპირობებული. ნაჩუქრობა ისტორიულად ჩამოყალიბდა, როგორც ზნეობრივ საძირკველზე დაფუძნებული ურთიერთობა. „სამართალში და განსაკუთრებით სამოქალაქო სამართალში ყოველთვის აუცილებელია სამართალსა და ზნეობას შორის ფუნდამენტური ურთიერთობის გათვალისწინება. აუცილებელია იმ მსგავსებისა და განსხვავების გათვალისწინება, რომელიც არსებობს სამართლებრივ შეფასებასა და ზნეობრივ შეფასებას, სამართლებრივ ღირებულებასა და ზნეობრივ ღირებულებას შორის“ (იხ. ბ.ზოიძე, საკონსტიტუციო კონტროლი და ღირებულებათა წესრიგი საქართველოში, თბ., 2007, 29).

24. ნაჩუქრობა არის სამართლისა და ზნეობის ურთიერთკავშირის გამოვლინება. ამიტომაცაა, რომ მჩუქებლის მიერ ქონებრივი სიკეთის უსასყიდლოდ გაცემა პირდაპირ უკავშირდება დასაჩუქრებულის მხრიდან, მართალია, არა სამაგიერო, მაგრამ ზნეობრივად ქცევის ვალდებულებას. სწორედ ასეთი ვალდებულება უნდა დაუპირისპირდეს მჩუქებლის მიერ გაღებულ ქონებრივ სიკეთეს (შდრ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე №1/2/155, 01 აპრილი, 2003).

25. ამდენად, საქმის მასალებთან ერთობლიობაში, მხარეთა ახსნა-განმარტებების შეფასების შედეგად საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დასაჩუქრებულ დას მოსარჩელის მიმართ უმადურობა არ გამოუჩენია.

26. სასამართლოს შეფასების კიდევ ერთ საგანს წარმოადგენს, იყო თუ არა განსახილველი შემთხვევა ისეთი გარემოება, რომელიც სსკ-ის 530-ე მუხლშია მითითებული „თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება“. აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით, ისევე, როგორც პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებით, დასახელებული ფაქტი დადგენილია, თუმცა, შესაბამის სამართლებრივ შეფასებებს არ შეიცავს.

27. საკასაციო სასამართლო ნივთის გაჩუქების შემდეგ გამჩუქებლის მძიმე მდგომარეობაში აღმოჩენასთან დაკავშირებით, უზენაესი სასამართლოს მყარად დადგენილ პრაქტიკაზე მიუთითებს და განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში ორი სამართლებრივი საფუძველი შესაძლოა არსებობდეს მოსარჩელის მოთხოვნით გათვალისწინებული შედეგის მისაღწევად, თუმცა, სსკ-ის 526-ე მუხლი არ შეიძლება იყოს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, რადგან დასახელებული ნორმა ჩუქების დაუშვებლობის წინაპირობას ადგენს და საარსებო წყაროს მოსპობის საფრთხის კონტექსტში, როგორც მჩუქებელს, ისე, მის კმაყოფაზე არსებულ პირებს უდგენს მოთხოვნის წარდგენის კანონით გათვალისწინებულ წანამძღვარს. სსკ-ის 530-ე მუხლი კი მჩუქებლის და არა მის კმაყოფაზე მყოფი პირის კუთვნილი ნორმაა, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაბამისი ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობების დამტკიცების შემთხვევაში, დასაჩუქრებულის წინააღმდეგ, მოთხოვნის წაყენების უფლება მხოლოდ მჩუქებელს აქვს და ნორმის დეფინიციაში მითითებული ერთ-ერთი წინაპირობა, რომელიც მჩუქებლის გარდა, მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენის შეუძლებლობასაც ეხება „თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას უფლება აქვს დასაჩუქრებულს მოსთხოვოს გაჩუქებული ნივთი, თუ ეს უკანასკნელი რეალურად არსებობს და დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში“ - სსკ-ის 530.1 მუხლი/ არ წარმოუშობს ამ უკანასკნელთ დასაჩუქრებულისაგან ნაჩუქარი ქონების მოთხოვნის უფლებას (სუსგ. ას-228-218-2016, 3.06.2016).

28. ამდენად, საკასაციო სასამართლო, არ იზიარებს მოსარჩელის მითითებას, რომ ერთადერთი საცხოვრისის გასხვისებით, ის იმდენად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, რომ ჩუქების ხელშეკრულების ამ მოტივით გაუქმების საფუძვლებია სახეზე. ბუნებრივია, ჩუქების ხელშეკრულების არსიდან და პირობებიდან გამომდინარე, გამჩუქებლის ქონებრივი მდგომარეობა მცირდება და დასაჩუქრებულისა იზრდება, სწორედ აღნიშნული გარემოებაა ჩუქების ხელშეკრულების ერთ-ერთი ყველაზე სპეციფიკური ნაწილი, ვინაიდან, ჩუქების ხელშეკრულება არა ორმხრივმავალდებულებელი გარიგებაა და დაფუძნებულია არა მხოლოდ სამართლებრივ არამედ ზნეობრივ დამოკიდებულებებზეც. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მოსარჩელეს რაიმე სახის საჭიროებებზე არ მიუთითებია, ის იღებს გარკვეულ მატერიალურ შემოსავალს, შრომისუნარიანი პირია, რაც, დამატებით გამორიცხავს, მითითებული საფუძვლით გარიგების გაუქმებასა და სადავო ქონების გამოთხოვას დასაჩუქრებულისგან (იხ. სუსგ-ები. ას-634-605-2016, 03.10.2016წ; ას-1150-2019, 10.06.2021; ას-73-419-07, 7.06.2007).

29. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ გამჩუქებელი, ერთდროულად, რამდენიმე ურთიერთგამომრიცხავ საფუძველზე უთითებდა ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძვლად. ამასთან, დადგენილია, რომ სადავო ქონების შენარჩუნებას ვერ ახერხებდა, ფინანსური ვალდებულებების გამო, რომელიც სწორედ კასატორმა შეასრულა. საქმის გარემოებებითა და უდავო მტკიცებულებებით ირკვევა, რომ სადავო ქონება, მოსარჩელის საკუთრებაში არსებობისას დაიტვირთა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით (იხ. ამონაწერი, ტ.1,ს.ფ. 4). დადგენილია, რომ აღნიშნული იპოთეკის უფლების გაუქმებას, მოპასუხეთა და იპოთეკარს შორის არსებული შეთანხმება დაედო საფუძველად, რომლის მიხედვითაც იპოთეკარმა მიიღო სესხის თანხა (იხ. სესხისა და იპოთეკის გაუქმების შესახებ სანოტარო აქტი, ტ.1,ს.ფ. 31-34). აღნიშნულის შემდეგ, მხარეთა შორის (და-ძმებს) გაფორმდა ჩუქების ხელშეკრულება, შედეგად, თავდაპირველად მომზადებული ამონაწერით მესაკუთრეების ველში მითითებული არიან მოპასუხეები, იპოთეკის ველში კი, მითითებული იყო დასახელებული ვალდებულება, სესხისა და იპოთეკის შესახებ, საბოლოოდ კი, ამონაწერის მიხედვით, მესაკუთრეთა ვინაობა არ შეცვლილა, ხოლო, იპოთეკის ველი გათავისუფლდა ყოველგვარი დატვირთვისგან (იხ. ამონაწერი, ტ.1,ს.ფ. 35-37). დასახელებული გარემოებები სასამართლოს უქმნის შინაგან რწმენას, რომ მოსარჩელემ გააზრებულად გადასცა მოპასუხეებს ქონება ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, აღნიშნულის საპირისპირო ვარგის მტკიცებულებებზე კი მას არ მიუთითებია.

30. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის მოთხოვნა დასაბუთებულია, ხოლო სააპელაციო სასამართლოს განჩინება, აგრეთვე, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია.

31. ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიება, ხოლო, სარჩელი უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო მოპასუხეთა სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას მდებარე: თბილისი, რიონჰესის 54, საკადასტრო კოდით №......

32. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით.

33. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოსარჩელეს პირველ ინსტანციაში გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი, რაც დარჩება ბიუჯეტში გადახდილად, ხოლო, კასატორის მიერ, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოში გადახდილი ბაჟი, ამ უკანასკნელის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების პირობებში სრულად დაეკისრება მოსარჩელეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 1991-ე და 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ნ.მ–სის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინება, მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ზ.მ–სის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო მოპასუხეთა სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას მდებარე: თბილისი, რიონჰესის 54, საკადასტრო კოდით №.....;

5. ზ.მ–სს, ნ.მ–სის სასარგებლოდ დაეკისროს, ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 2 406.57 ლარი და საკასაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 3 005.4 ლარი;

6. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე : მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე