საქმე № ას-1252-2020 29 სექტემბერი, 2021 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ა–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
შპს ,,ა–მა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი კასატორი) მიმართ და მოითხოვა მოპასუხე დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელე შპს „ა–ის“ (ს/კ .....) სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 13 აპრილს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N91 ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხა 30 550.20 ლარის ოდენობით.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1. მოსარჩელის განმარტებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში აუქციონის გარეშე NAT-180004374, CPV-71300000 - საინჟინრო მომსახურებები, ქ. დუშეთში სპორტული დარბაზის მშენებლობის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვასთან დაკავშირებით, მონაწილეობას იღებდა შპს ,,ა–ი’’, რის შემდეგაც 2018 წლის 13 აპრილს დუშეთის მუნიციპალიტეტსა (ს/კ ...) და შპს „ა–ს“ (ს/კ .....) შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N91 ხელშეკრულება; ხელშეკრულების საგანი იყო ქ.დუშეთში სპორტული დარბაზის მშენებლობის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა (შესყიდვის საშუალება-ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე, სატენდერო განცხადების ნომერი NAT-180004374, კლასიფიკატორის კოდი CPV .....), ხოლო ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 30 550.20 ლარს (დღგ-ს ჩათვლით). აღნიშნულ ხელშეკრულებაში მომსახურების მიწოდების ვადად მითითებული იყო 30 კალენდარული დღე (2018 წლის 14 მაისი), თუმცა დუშეთის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერი NAT-180004374 სატენდერო დოკუმენტაციით გასაწევი მომსახურების ვადად განსაზღვრული იყო ჯამში 140 კალენდარული დღე, კერძოდ, საპროექტო სამუშაოებისათვის ტექნიკური დავალების მე-2 თავით (მომსახურების გაწევის ეტაპობრიობა და ვადები) გათვალისწინებულია შემდეგი ვადები: I ეტაპის ვადა - საძიებო სამუშაოები და საპროექტო პირობების პირველადი შეფასებისთვის შეადგენდა 20 კალენდარულ დღეს, II ეტაპი - ობიექტის კონცეპტუალური დიზაინის დამუშავება- 40 კალენდარულ დღეს და III ეტაპი - საბოლოო ტექნიკური დიზაინის დამუშავება და ექსპერტიზა - 80 კალენდარულ დღეს.
2.2. 2018 წლის 13 აპრილის ხელშეკრულებით მომსახურების გაწევის ვადად განისაზღვრა 30 კალენდარული დღე, რაც იყო ტექნიკური ხარვეზი, რასთან დაკავშირებითაც ხელშეკრულების დადებიდან რამდენიმე დღეში შპს „ა–ის“ დირექტორმა მიმართა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას, საიდანაც მიიღო ზეპირსიტყვიერი თანხმობა, რომ ხარვეზი გამოსწორდებოდა, თუმცა უშედეგოდ, რის გამოც 2018 წლის 02 მაისს მოსარჩელე მხარემ ოფიციალურად მიწერა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას #91 შესყიდვების ხელშეკრულებაში ვადასთან დაკავშირებული ცვლილების შეტანის თაობაზე სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად, თუმცა, არც ოფიციალურ წერილს მოჰყოლია რაიმე სახის გამოხმაურება დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან. ამის შემდეგ 2018 წლის 15 მაისს შპს „ა–ის“ მიერ მოხდა სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული სპორტული კომპლექსის არქიტექტურული პროექტის დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისთვის წარდგენა, რომელსაც ასევე ერთვოდა წერილი ხელშეკრულებაში ტექნიკური შეცდომის გამოსწორების თაობაზე, თუმცა არც აღნიშნულს მოჰყოლია რეაგირება მოპასუხე მხარის მიერ. პირიქით, 2018 წლის 11 ივლისს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საიტზე ატვირთული იქნა გაფრთხილების წერილი N(07/15724), რომლითაც შპს „ა–ს“ შეატყობინეს, რომ 2018 წლის 13 აპრილს გაფორმებული N91 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები უნდა შესრულებულიყო 30 კალენდარული დღის ვადაში, კერძოდ, 2018 წლის 14 მაისის ჩათვლით, თუმცა, ხელშეკრულების დადებიდან გასული იყო 88 დღეზე მეტი და შპს „ა–ის“ მიერ ნაკისრი ვაკლდებულებები შესრულებილი არ იყო. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ გააფრთხილა მოსარჩელე, რომ 2018 წლის 16 ივლისის ჩათვლით შპს „ა–ის“ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ამავე ხელშეკრულების 13.1 პუნქტის თანახმად მოხდებოდა ხელშეკრულების შეწყვეტა. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე არ ეთანხმებოდა წერილის შინაარსს, ამ უკანასკნელის მიერ 2018 წლის 16 ივლისს დუშეთის მუნიციპალიტეტში წარდგენილ იქნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროექტო დოკუმენტაციის ყველა ნაწილი, კერძოდ, საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია: არქიტექტურული ნაწილი, კონსტრუქციული ნაწილი, ელ-მომარაგების ნაწილი, წყალი-კანალიზაცია, ვენტილაციის პროექტი, გათბობის პროექტი, მშენობლობის ორგანიზაცია, ხარჯთაღრიცხვა, გეოლოგია (რომელზეც მოითხოვა მიღება-ჩაბარების აქტი).
2018 წლის 16 ივლისის შპს „მ-ე–ის“ მიერ დუშეთის მუნიციპალიტეტისთვის გაგზავნილი დოკუმენტაციით დასტურდება, რომ სპორტულ გამაჯანსაღებელი კომპლექსის მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაციის ინსპექტირებაზე შპს „მ-ე–მა“ დაასრულა საექსპერტო მომსახურება და შესაბამისად, ზემოთაღნიშნულს თან ერთვოდა დადებითი საექსპერტო შეფასებები. ამასთან, მხოლოდ სახარჯთაღრიცხვო ნაწილზე არ იყო გაცემული დადებითი დასკვნა, რადგან მიმდინარეობდა შუალედური დასკვნით გათვალისწინებული ხარვეზის შესწორება. დოკუმენტაციას თან ერთვოდა შპს „მ-ე–ის“ წერილი, სადაც აღნიშნული იყო, რომ კორექტირებული ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენიდან 3 კალენდარულ დღეში შპს „მ-ე–ის“ მიერ გაცემული იქნებოდა დადებითი საექსპერტო შეფასება. სასამართლოში სარჩელის წარდგენის დროისთვის შპს „ა–სს“ წარდგენილი ჰქონდა შპს „მ-ე–ის“ კორექტირებული ხარჯთაღრიცხვა და ელოდებოდა საექსპერტო დასკვნას, თუმცა ვინაიდან დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 19 ივლისის ბრძანებით დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „ა–ს“ შორის შეწყდა ხელშეკრულება (სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N91) შპს „მ-ე–მა“ აღარ გასცა სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასება. მოსარჩელე მხარის განმარტებით, 2018 წლის 13 აპრილის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სრულად იქნა შესრულებული შპს ,,ა–ის’’ მიერ, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
3. მოპასუხის პოზიცია:
3.1. მოპასუხემ შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე არ ცნო სარჩელი, მიიჩნია, რომ იგი უსაფუძვლოა და არ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები; მოპასუხის პოზიციით, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ქ.დუშეთის სპორტული დარბაზის მშენებლობის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვაზე გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე NAT-180004374. აღნიშნულ ტენდერში ატვირთული იყო ტექნიკური დავალება საპროექტო სამუშაოებისათვის. ტექნიკური დავალების მე-2 თავის მიხედვით, მომსახურების გაწევა და ვადები იყოფა ოთხ ეტაპად; აღნიშნული ჩანაწერის თანახმად, ხელშეკრულების გაფორმებიდან უგვიანესი ვადა 80 კალენდარული დღეა და არა მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული 140 დღე; ამასთან, დუშეთის მუნიციპალიტეტსა და შპს „ა–ს“ შორის 2018 წლის 13 აპრილს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N91 ხელშეკრულება, რომლითაც დაზუსტდა ხელშეკრულების ვადა, ხელშეკრულების მიწოდების ვადად განისაზღვრა 30 კალენდარული დღე. ხელშეკრულების გაფორმებამდე შპს „ა–ის“ წარმომადგენელი გაეცნო ხელშეკრულების პირობებს, რაზეც მან განაცხადა თანხმობა და მოაწერა კიდეც ხელი ხელშეკრულებას, თუმცა მიმწოდებელმა არც ხელშეკრულებით გათვალისწინებულ 30 კალენდარული დღის ვადაში არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და უფრო მეტიც, ტექნიკური დავალებით განსაზღვრული 80 დღიანი ვადაც გავიდა ისე, რომ მომწოდებელს შემსყიდველისთვის არ წარუდგენია შპს „მ-ე–ის“ მიერ გაცემული საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისი საექსპერტო დასკვნა. შპს ,,მ-ე–ის“ 2018 წლის 17 ივლისის წერილში აღნიშნულია, რომ შპს „ა–ის“ მიერ ხარჯთაღრიცხვის წარდგენიდან 3 კალენდარულ დღეში გაიცემოდა ექსპერტიზის დასკვნა, რაც არ ნიშნავს აუცილებლად დადებითი დასკვნის გაცემას.
3.2. მოსარჩელე მხარეს არ შეუსრულებია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ცალმხრივად შეუწყვიტა #91 ხელშეკრულება. შესაბამისად, შპს „ა–ის“ მოთხოვნა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „ა–ის“ (ს/კ .....) სარჩელი დაკმაყოფილდა; დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას (ს/კ ....) მოსარჩელე შპს „ა–ის“ (ს/კ .....) სასარგებლოდ დაეკისრა 2018 წლის 13 აპრილს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N 91 ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხა 30 550.20 ლარის ოდენობით. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას (ს/კ ....) მოსარჩელე შპს ,,ა–ის“ (ს/კ .....) სასარგებლოდ დაეკისრა სასამართლო ხარჯის, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 917 ლარის და სასამართლოს გარეშე ხარჯის, იურიდიული მომსახურების საფასურის 917 ლარის ანაზღაურება.
5. სააპელაციო საჩივარი და საფუძვლები:
მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5.1. აპელანტის განმარტებით, ტექნიკური დავალების მე-2 თავი, რომელიც ეხება მომსახურების გაწევის ეტაპობრიობას და ვადებს იყოფა ოთხ ეტაპად. მეორე ეტაპში მოცემულია ცხრილი, რომელშიც ასახულია სამუშაოების დასრულების და დოკუმენტაციის წარდგენის უგვიანესი ვადები ხელშეკრულების გაფორმების დღიდან. კერძოდ, პირველი ეტაპი - საძიებო სამუშაოები და საპროექტო პირობების პირველადი შეფასება - 20 კალენდარული დღე, მეორე ეტაპი - ობიექტის კონცეპტუალური დიზაინის დამუშავება - 40 კალენდარული დღე, მესამე ეტაპი - საბოლოო ტექნიკური დიზაინის დამუშავება და ექსპერტიზა - 80 კალენდარული დღე. აღნიშნული ჩანაწერის თანახმად ხელშეკრულების გაფორმებიდან უგვიანესი ვადა 80 კალენდარული დღეა და არა მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული 140 დღე. დუშეთის მუნიციპალიტეტსა და შპს „ა–ის“ შორის 2018 წლის 13 აპრილს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N91 ხელშეკრულება, რომლითაც დაზუსტდა ხელშეკრულების მიწოდების ვადა. ხელშეკრულების მიწოდების ვადად ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღე განისაზღვრა. ხელშეკრულების გაფორმებამდე შპს „ა–ის“ წარმომადგენელი გაეცნო ხელშეკრულების პირობებს, რაზეც მან განაცხადა თანხმობა და ხელი მოაწერა ხელშეკრულებას. მიმწოდებელმა არც ხელშეკრულებით გათვალისწინებული 30 კალენდარული დღის ვადაში შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და უფრო მეტიც, ტექნიკური დავალებით განსაზღვრული 80 დღიანი ვადაც გავიდა ისე, რომ მიმწოდებელს შემსყიდველისათვის არ წარუდგენია საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისი საექსპერტო დადებითი დასკვნა.
5.2. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის არაკეთილსინდისიერება, ვინაიდან არსებობდა ტექნიკური დავალება, რომელშიც მკაფიოდ იყო ჩამოყალიბებული პირობები და მხარისათვის ნათლად გასაგები უნდა ყოფილიყო ტექნიკური დავალების ჩანაწერები. სასამართლოს მსჯელობა, რომ მხარეებს შორის მართლაც მიმდინარეობდა ხელშეკრულების მიწოდების ვადის ცვლილებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები, რომლის გამოსწორებასაც დუშეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ჰპირდებოდა მოსარჩელე მხარეს დაუსაბუთებელია, ვინაიდან საქმეში არ არსებობს არანაირი დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდება მხარეთა შორის მოლაპარაკების ფაქტი. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მხარეთა შეთანხმებით სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2018 წლის 14 მაისს. შესაბამისად, შპს „ა–სს“ არ შეუსრულებია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში, მას არ წარმოუდგენია ექსპერტიზის დასკვნა სახარჯთაღრიცხვო ნაწილში, რომელიც მას ხელშეკრულების 5.3. პუნქტის მიხედვით ევალებოდა. შპს „ა–სს“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება არ შეუსრულებია, რის გამოც დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ცალმხრივად შეუწყვიტა ხელშეკრულება.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ივლისის განჩინებით უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებებს. ამასთან, სასამართლომ დამატებით განმარტა შემდეგი:
6.1. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელზე დავის საგანს წარმოადგენდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N91 ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება. აღნიშნული მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმაა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო, შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
აღნიშნულ მოთხოვნასთან მიმართებით სააპელაციო პალატამ გაიზიარა და დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების მატერიალურ - სამართლებრივ წინაპირობებთან დაკავშირებით და დადგენილად მიიჩნია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ იურიდიული ფაქტები:
6.1.2. დუშეთის მუნიციპალიტეტსა და შპს „ა–ს“ შორის 2018 წლის 13 აპრილს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N91 ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად ხელშეკრულების მიწოდების ვადად განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღე (2018 წლის 14 მაისის ჩათვლით);
6.1.3. მხარეთა ახსნა-განმარტების თანახმად, ტექნიკური დავალების მიხედვით მომსახურების მიწოდების ვადა იყო 80 დღე, ნაცვლად 140 დღისა. ამასთან, 2018 წლის 13 აპრილის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N91 ხელშეკრულების მე-20 მუხლის მე 2 პუნქტის თანახმად ხელშეკრულების მოქმედების ვადაა 2018 წლის 31 აგვისტო.
6.1.4. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #91 ხელშეკრულების მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო წარმოიშობა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა, ცვლილებების შეტანის ინიციატორი ვალდებულია წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს შესაბამისი ინფორმაცია. 2018 წლის 02 მაისს მოსარჩელემ მიწერა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას #91 შესყიდვების ხელშეკრულებაში მიწოდების ვადასთან დაკავშირებული ცვლილების შეტანის თაობაზე სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად, რასაც დუშეთის მუნიციპალიტეტის მხრიდან რეაგირება წერილობითი სახით არ მოჰყოლია; 2018 წლის 15 მაისს მოსარჩელე მხარემ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას წარუდგინა სპორტული კომპლექსის კონცეპტუალური დიზაინის დამუშავებული პროექტი, ამასთან დამატებით წერილობით აცნობა #91 შესყიდვების ხელშეკრულებაში მიწოდების ვადასთან დაკავშირებული ცვლილების შეტანის თაობაზე სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად, რასაც დუშეთის მუნიციპალიტეტის მხრიდან წერილობითი ფორმით რეაგირება არ მოჰყოლია;
9.4. 2018 წლის 04 ივლისს შპს მ-ე–ის მიერ შპს ,,ა–ის‘’ მხრიდან წარდგენილ დოკუმენტაციაზე გაცემული იქნა შუალედური დასკვნა შენიშვნებით;
6.1.5. 2018 წლის 11 ივლისს დუშეთის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საიტზე ატვირთული იქნა გაფრთხილების წერილი N(07/15724), რომლითაც შპს „ა–ს“ შეატყობინეს, რომ მათ შორის 2018 წლის 13 აპრილს გაფორმებული N91 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები უნდა შესრულებულიყო 30 კალენდარული დღის ვადაში, კერძოდ 2018 წლის 14 მაისის ჩათვლით. წერილის თანახმად, 2018 წლის 16 ივლისის ჩათვლით შპს „ა–ის“ მიერ შესრულებული უნდა ყოფილიყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, წინააღმდეგ შემთხვევაში ამავე ხელშეკრულების 13.1 პუნქტის თანახმად მოხდებოდა ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა.
6.1.6. 2018 წლის 16 ივლისს შპს ,,ა–ის’’ მიერ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილ იქნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროექტო დოკუმენტაციის ყველა ნაწილი, კერძოდ, მოსარჩელე მხარემ ხელშეკრულების პირობების თანახმად წარადგინა საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია: არქიტექტურული ნაწილი, კონსტრუქციული ნაწილი, ვენტილაციის ნაწილი, ელ-მომარაგების ნაწილი, გათბობის ნაწილი, მშენობლობის ორგანიზაცია, ხარჯთაღრიცხვა, გეოლოგია, რის საფუძველზეც ითხოვა მიღება- ჩაბარების აქტის შედგენა; თავის მხრივ, შპს ,,მ–ე–მა“ 2018 წლის 16 ივლისის #383/07-201 წერილით აცნობა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას, რომ შპს ,,ა–ის’’ წერილის #19/19 (18.06.2018) საფუძველზე ქ. დუშეთში სპორტულ გამაჯანსაღებელი კომპლექსის მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაციის ინსპექტირებაზე საექსპერტო მომსახურება დასრულებული იყო; 9.7. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 19 ივლისის ბრძანებით 1598/ს: დუშეთის მუნიციპალიტეტსა და შპს „ა–ს“ შორის 2018 წლის 13 აპრილს დადებული N91 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო;
6.1.7. შპს ,,ა–ის’’ მიერ გასწორებული პროექტის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა შპს ,,მ-ე–ს’’ გაეგზავნა 2018 წლის 24 ივლისს, თუმცა ექსპერტიზის წარმოება ხარჯთაღრიცხვის ნაწილში არ განხორციელებულა ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის საფუძვლით;
6.2. აპელანტის განმარტებით, მიმწოდებელმა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ 30 კალენდარული დღის ვადაში არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და უფრო მეტიც, ტექნიკური დავალებით განსაზღვრული 80 დღიანი ვადაც გავიდა ისე, რომ მიმწოდებელს შემსყიდველისათვის არ წარუდგენია საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისი საექსპერტო დადებითი დასკვნა.
აღნიშნული სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა და განმარტა, რომ როგორც საქმის მასალებით დგინდება, მოსარჩელე მხარეს არ შეუწყვეტია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების პროცესი და მისი მხრიდან მუდმივი მოლაპარაკებების მთავარ საფუძველს მიწოდების ვადების გაზრდასთან დაკავშირებით წარმოადგენდა მიმწოდებლის მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულება და მომსახურების მიწოდება. მართალია მოსარჩელემ ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა ხელშეკრულებაში მითითებულ ვადაში (30 დღე), ასევე ტექნიკური დავალებით განსაზღვრულ ვადაში (80 დღე), თუმცა მერიამ შპს ,,ა–ს’’ დაუდგინა დამატებითი ვადა - 11 ივლისიდან 16 ივლისის ჩათვლით, რა ვადაშიც კომპანიამ უზრუნველყო სამუშაოს ძირითადი ნაწილის შესრულება. მოსარჩელემ მერიის მიერ განსაზღვრულ დამატებით ვადაში შეასრულა ვალდებულების მნიშვნელოვანი ნაწილი, რაზეც მერიას მიღებული ჰქონდა დადებითი დასკვნები და დარჩენილი იყო მხოლოდ ხარჯთაღრიცხვის ნაწილი - რისი მიღებაც შეუძლებელი გახდა სწორედ მერიის მხრიდან ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის გამო.
ამდენად, მოსარჩელის მიერ მერიის მხრიდან განსაზღვრულ დამატებით ვადაში შესრულებული იქნა ნაკისრი ვალდებულების მნიშვნელოვანი ნაწილი, გარდა პროექტის სახარჯთაღრიცხვო ნაწილისა. ამასთან, 2018 წლის 16 ივლისს შპს ,,მ. ე–მა“ წერილით აცნობა მერიას, რომ საპროექტო დოკუმანტაციის ინსპექტირებაზე საექსპერტო მომსახურება დასრულებული იყო.
6.3. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა რომ მხარეთა შორის არსებობდა ნარდობის ხელშეკრულება. ნარდობის ხელშეკრულება მიეკუთვნება მომსახურების ტიპის ხელშეკრულებათა რიცხვს („ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.“ სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილი). ნარდობა თავისი ბუნებით ორმხრივ მავალდებული (სინალაგმატური “sinalagma”), სასყიდლიანი და კონსენსუალური ხელშეკრულებაა. იგი ძირითადად მოწესრიგებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 629 - 656-ე მუხლებით. სსკ 636-ე მუხლის მიხედვით „შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი. ეს ნორმა შემკვეთს ანიჭებს ხელშეკრულების შეწყვეტის თავისუფალ უფლებას. რაც იმას ნიშნავს, რომ კანონი მას არ ავალდებულებს იმოქმედოს ზოგადი წესების მიხედვით, რომლის მიხედვითაც უმეტეს შემთხვევაში შეწყვეტის მნიშვნელოვანი საფუძველი უნდა არსებობდეს (მაგ. 399-ე მუხლი), ან კიდევ დაიცვას შეწყვეტის ვადები ან წინასწარ გააფრთხილოს მენარდე (სსკ-ის 405-ე მუხლის პირველი ნაწილი). თუმცა იგი ვალდებულია მენარდეს აუნაზღაურის ხელშეკრულების შესრულებული ნაწილი.
პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მენარდის მოთხოვნის უფლება სსკ-ის 629.1 და 648-ე მუხლების საფუძველზე შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებაზე წარმოშობილია, ნამდვილია და განხორციელებადია.
აპელანტი მიუთითებს, რომ შპს „ა–სს“ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში არ წარუდგენია ექსპერტიზის დასკვნა სახარჯთაღრიცხვო ნაწილში, რომელიც მას ხელშეკრულების 5.3. პუნქტის მიხედვით ევალებოდა, რის გამოც დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება.
აღნიშნულზე პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.
პალატამ მიიჩნია, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ არ იქნა წარდგენილი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ შპს „ა–ის“ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება შესრულებული არ იქნა სრულად და შესასრულებელი ვალდებულებისადმი აპელანტმა დაკარგა ინტერესი, რის გამოც მოპასუხის/აპელანტის მხრიდან ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა ეწინააღმდეგება სამოქალაქო ურთიერთობაში მხარეთა კეთილსინდისიერების პრინციპს, მით უფრო იმ პირობებში, როცა შპს ,,მ-ე–მა’’ თავის მხრივ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და წარდგენილ სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაზე არ გასცა შესაბამისი დასკვნა 2018 წლის 19 ივლისს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის გამო.
კეთილსინდისიერება, როგორც სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპი, გულისხმობს კეთილსინდისიერებას ობიექტური გაგებით. სამოქალაქო ბრუნვის სიმყარე და სტაბილურობა მისი მონაწილეების კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. კეთილსინდისიერება გამოხატავს სამოქალაქო ბრუნვაში, ე.ი. უფლებათა შეძენის, განხორციელების, დაცვის, ასევე ვალდებულებათა შესრულებისას, - სამართლის სუბიექტის ზნეობრივად მოქმედების შესახებ საზოგადოებაში ჩამოყალიბებულ წარმოდგენებს. ყოველი პირი უფლების განხორციელებისა თუ ვალდებულების შესრულების დროს უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთ უფლებები და მოვალეობები. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია სამართლიანი შედეგების დადგომა და ამავე დროს, აშკარად უსამართლო შედეგების თავიდან აცილებაა, რაც პირდაპირ უკავშირდება სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილურობას და სიმყარეს (იხ.:სუსგ 18.11.2015წ. საქმეზე №ას-549-521-2015).
ზოგადად, ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრინციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს. საბაზრო ეკონომიკაზე მორგებული კერძო სამართლის ჩამოყალიბების პროცესში განსაკუთრებით გამოიკვეთა ,,კეთილსინდისიერების” მნიშვნელობა. განვითარებული ქვეყნების სამართალში იგი წარმოადგენს მთელი სამოქალაქო ბრუნვის ქვაკუთხედს. ქართულ სამოქალაქო სამართალშიც იმავე მიზანს ემსახურება კეთილსინდისიერების, როგორც სამართლებრივი ფასეულობის შემოღება. სამოქალაქო ბრუნვის სიმყარე და სტაბილურობა მისი მონაწილის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. „კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია სამართლიანი შედეგების დადგომა და ამავე დროს, აშკარად უსამართლო შედეგის თავიდან აცილებაა, რითაც მიღწეულ უნდა იქნეს სამოქალაქო ურთიერთობის სტაბილურობა და სიმყარე“. (იხ. სუსგ №ას-23-18-2011, 24 მაისი, 2011). კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ეს ვარაუდი განსაზღვრავს სამართლებრივი ურთიერთობის საერთო მიმართულებასაც. არა ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობაა ნორმალური სამოქალაქო ბრუნვის საფუძველი. კეთილსინდისიერება არა მარტო უფლების არსებობის, არამედ მოვალეობის შესრულების ვარაუდიცაა. კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერება როგორც ნორმატიული, ისე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტია. მის საფუძველზე აღმოიფხვრება როგორც კანონის, ისე ხელშეკრულების ხარვეზი. კეთილსინდისიერი ქცევის დადგენა კონკრეტული ფაქტის შეფასების საკითხია და მოსამართლის მიერ უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით. მოსამართლის მიერ წარმოებული შეფასების ეს პროცესი საკმაოდ კომპლექსურია და დიდ დაკვირვებას მოითხოვს, რადგან კეთილსინდისიერების მოთხოვნას არ გააჩნია აბსოლუტური უპირატესობა სახელშეკრულებო თავისუფლების მიმართ და დაუშვებელია ყოველი გადაწყვეტილების დასაბუთება აბსტრაქტული პრინციპების საფუძველზე. აუცილებელია ყოველი კონკრეტული შემთხვევის სპეციფიკურობის გათვალისწინება. კეთილსინდისიერების პრინციპი, როგორც სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ზოგადსახელმძღვანელო პრინციპი, მოცემულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის არაერთ მუხლში. ამიტომაც, კეთილსინდისიერების პრინციპის შესაბამისად მოქმედების ვალდებულება არ შემოიფარგლება მხოლოდ სახელშეკრულებო სამართლით, არამედ იგი ამოსავალი და ფუნდამენტური ქცევის პრინციპია ზოგადად კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში. (სუსგ ას-559-2019)
6.4. ამასთან პალატამ დამატებით მიუთითა, რომ ნარდობის ხელშეკრულების მარეგულირებელ ნორმებსა და საკასაციო სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით, კანონის რომელიმე დანაწესი ვალდებულების შესრულებულად მიჩნევას იმპერატიულად მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის შედგენას არ უკავშირებს. მართალია, ხელშეკრულების მხარეები შეთანხმდნენ შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების ფორმაზე, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც სხვა მტკიცებულებით უტყუარად დასტურდება ვალდებულების შესრულების ფაქტი, მიღება-ჩაბარების აქტის შეუდგენლობა მოსარჩელის მოთხოვნის უარყოფის საფუძველი ვერ გახდება (იხ. სუსგ 1.12.2011, საქმე №ას-3232-307-2011; სუსგ 29.09.2017წ. საქმე №ას-939-879-2017, საქმე №ას-614-2019) აღნიშნულის საფუძველზე პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან შპს „ა–ის“ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება შესრულებული იქნა, სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შეუდგენლობა/წარუდგინებლობა მოსარჩელის მოთხოვნის უარყოფის საფუძველი ვერ გახდება.
7. საკასაციო საჩივარი და საფუძვლები:
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი საფუძვლებით:
7.1. კასატორის განმარტებით, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი.
სასამართლო გადაწყვეტილების აღწერილობითი ნაწილის მე-10 პუნქტში უთითებს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლს, რომლის თანახმად "შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს უარი თქვას ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი."
აღნიშნული მუხლი არასწორად არის გამოყენებული საქმეში ვინაიდან, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ მოწინააღმდეგე მხარის ქმედებიდან გამომდინარე დაკარგა ინტერესი აღნიშნულ საქმეზე, ვინაიდან შპს "ა–ს" 2018 წლის 11 ივლისს მიეცა წერილობითი გაფრთხილება და ეცნობა, რომ იგი არ ასრულებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს, მიეცა დამატებითი ვადა 16 ივლისის ჩათვლით. ასევე ეცნობა, რომ აღნიშნულ ვადაში ხელშეკრულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულება შეუწყდებოდა ცალმხრივად.
ხელშეკრულების შეწყვეტა არ მომხდარა დუშეთის მუნიციპალიტეტის თვითნებური სურვილის შესაბამისად, ხელშეკრულება შეწყდა 2018 წლის 19 ივლისს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის საფუძვლით.
7.2. სასამართლო გადაწყვეტილების აღწერილობითი ნაწილის მე-10 პუნქტში უთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში მენარდის მოთხოვნის უფლება სსკ-ის 629.1 და 648-ე მუხლების საფუძველზე შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებაზე წარმოშობილია, ნამდვილია და განხორციელებადია, მაშინ როდესაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად "ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან". ამავე კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად" ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას."
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, "თუ საფუძველი სახელშეკრულებო ვალდებულებათა დარღვევაცაა, ხელშეკრულების მოშლა დასაშვებია მხოლოდ ნაკლოვანებათა აღმოფხვრისათვს დადგენილი ვადის უშედეგოდ გასვლის ან უშედეგო გაფრთხილების შემდეგ", ამავე კანონის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად" თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი.
მხარეთა შეთანხმებით სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2018 წლის 14 მაისს. შემდგომში მხარეს მიეცა დამატებითი ვადა 2018 წლის 16 ივლისამდე. შპს "ა–ს" არ შეუსრულებია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება ხელშეკრულებით და შემდგომში დამატებით მიცემულ ვადებში, მას არ წარმოუდგენია ექსპერტიზის დასკვნა სახარჯთაღრიცხვო ნაწილში, რომელიც მას ხელშეკრულების მიხედვით ევალებოდა. კერძოდ, ხელშეკრულების 5.3 ქვეპუნქტის თანახმად "მიმწოდებელმა მიწოდების ვადის პერიოდში შემსყიდველს უნდა წარუდგინოს მზა პროდუქტი ეტაპობრივად, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს შპს "მ.ე–ის" მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნა". შპს "ა–ს" ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება არ შეუსრულებია, რის გამოც დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ცალმხრივად შეუწყვიტა ხელშეკრულება.
სასამართლომ არასწორად შეაფასა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის არაკეთილსინდისიერება, ვინაიდან არსებობდა ტექნიკური დავალება, რომელშიც მკაფიოდ იყო ჩამოყალიბებული პირობები და მხარისათვის ნათლად გასაგები უნდა ყოფილიყო ტექნიკური დავალების ჩანაწერები. გარდა აღნიშნულისა დუშეთის მუნიციპალიტეტსა და შპს "ა–ს" შორის 2018 წლის 13 აპრილს გაფორმებული NN91 ხელშეკრულებით კიდევ ერთხელ დასუსტდა ხელშეკრულების მიწოდების და მოქმედების ვადები. მხარისათვის ცნობილი იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, შპს "ა–მა" გამოთქვა თანხმობა და ხელი მოაწერა ხელშეკრულებას. მუნიციპალიტეტის მხრიდან არ განხორციელებულა რაიმე ზეწოლა, ან მოტყუებითი მოქმედება ხელშეკრულების გაფორმების მიზნით. გარდა აღნიშნულისა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია მოქმედებდა კანონის შესაბამისად.
ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ გამოიყენა კანონი რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა,
7. საკასაციო ეტაპი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 02.11.2020 წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
9. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
10. განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N91 ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება. აღნიშნული მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმაა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო, შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
11. მხარეთა შორის უდავოა, რომ მხარეთა შორის არსებობდა ნარდობის ხელშეკრულება. ნარდობის ხელშეკრულება მიეკუთვნება მომსახურების ტიპის ხელშეკრულებათა რიცხვს („ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.“ სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილი). ნარდობა თავისი ბუნებით ორმხრივ მავალდებული (სინალაგმატური “sinalagma”), სასყიდლიანი და კონსენსუალური ხელშეკრულებაა. იგი ძირითადად მოწესრიგებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 629 - 656-ე მუხლებით. სსკ 636-ე მუხლის მიხედვით „შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი. ეს ნორმა შემკვეთს ანიჭებს ხელშეკრულების შეწყვეტის თავისუფალ უფლებას. რაც იმას ნიშნავს, რომ კანონი მას არ ავალდებულებს იმოქმედოს ზოგადი წესების მიხედვით, რომლის მიხედვითაც უმეტეს შემთხვევაში შეწყვეტის მნიშვნელოვანი საფუძველი უნდა არსებობდეს (მაგ. 399-ე მუხლი), ან კიდევ დაიცვას შეწყვეტის ვადები ან წინასწარ გააფრთხილოს მენარდე (სსკ-ის 405-ე მუხლის პირველი ნაწილი). თუმცა იგი ვალდებულია მენარდეს აუნაზღაურის ხელშეკრულების შესრულებული ნაწილი.
პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მენარდის მოთხოვნის უფლება სსკ-ის 629.1 და 648-ე მუხლების საფუძველზე შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებაზე წარმოშობილია, ნამდვილია და განხორციელებადია.
12. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მოსარჩელე მხარეს არ შეუწყვეტია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების პროცესი და მისი მხრიდან მუდმივი მოლაპარაკებების მთავარ საფუძველს მიწოდების ვადების გაზრდასთან დაკავშირებით წარმოადგენდა მიმწოდებლის მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულება და მომსახურების მიწოდება. მართალია, მოსარჩელემ ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა ხელშეკრულებაში მითითებულ ვადაში (30 დღე), ასევე ტექნიკური დავალებით განსაზღვრულ ვადაში (80 დღე), თუმცა, მერიამ შპს ,,ა–ს’’ დაუდგინა დამატებითი ვადა - 11 ივლისიდან 16 ივლისის ჩათვლით, რა ვადაშიც კომპანიამ უზრუნველყო სამუშაოს ძირითადი ნაწილის შესრულება. მოსარჩელემ მერიის მიერ განსაზღვრულ დამატებით ვადაში შეასრულა ვალდებულების მნიშვნელოვანი ნაწილი, რაზეც მერიას მიღებული ჰქონდა დადებითი დასკვნები და დარჩენილი იყო მხოლოდ ხარჯთაღრიცხვის ნაწილი - რისი მიღებაც შეუძლებელი გახდა სწორედ მერიის მხრიდან ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის გამო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ მოსარჩელის მიერ მერიის მხრიდან განსაზღვრულ დამატებით ვადაში შესრულებული იქნა ნაკისრი ვალდებულების მნიშვნელოვანი ნაწილი, გარდა პროექტის სახარჯთაღრიცხვო ნაწილისა. ამასთან, 2018 წლის 16 ივლისს შპს ,,მ.ე–მა“ წერილით აცნობა მერიას, რომ საპროექტო დოკუმანტაციის ინსპექტირებაზე საექსპერტო მომსახურება დასრულებული იყო.
13. აღნიშნულ შედავებაზე, სააპელაციო პალატამ მართებულად განმარტა, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ არ იქნა წარდგენილი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ შპს „ა–ის“ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება შესრულებული არ იქნა სრულად და შესასრულებელი ვალდებულებისადმი კასატორმა დაკარგა ინტერესი, რის გამოც მოპასუხის/კასატორის მხრიდან ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა ეწინააღმდეგება სამოქალაქო ურთიერთობაში მხარეთა კეთილსინდისიერების პრინციპს, მით უფრო იმ პირობებში, როცა შპს ,,მ.ე–მა’’ თავის მხრივ, არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და წარდგენილ სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაზე არ გასცა შესაბამისი დასკვნა 2018 წლის 19 ივლისს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის გამო.
კეთილსინდისიერება, როგორც სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპი, გულისხმობს კეთილსინდისიერებას ობიექტური გაგებით. სამოქალაქო ბრუნვის სიმყარე და სტაბილურობა მისი მონაწილეების კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. კეთილსინდისიერება გამოხატავს სამოქალაქო ბრუნვაში, ე.ი. უფლებათა შეძენის, განხორციელების, დაცვის, ასევე ვალდებულებათა შესრულებისას, - სამართლის სუბიექტის ზნეობრივად მოქმედების შესახებ საზოგადოებაში ჩამოყალიბებულ წარმოდგენებს. ყოველი პირი უფლების განხორციელებისა თუ ვალდებულების შესრულების დროს უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთ უფლებები და მოვალეობები. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია სამართლიანი შედეგების დადგომა და ამავე დროს, აშკარად უსამართლო შედეგების თავიდან აცილებაა, რაც პირდაპირ უკავშირდება სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილურობას და სიმყარეს (იხ.:სუსგ 18.11.2015წ. საქმეზე №ას-549-521-2015).
ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრინციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს. საბაზრო ეკონომიკაზე მორგებული კერძო სამართლის ჩამოყალიბების პროცესში განსაკუთრებით გამოიკვეთა ,,კეთილსინდისიერების” მნიშვნელობა. განვითარებული ქვეყნების სამართალში იგი წარმოადგენს მთელი სამოქალაქო ბრუნვის ქვაკუთხედს. ქართულ სამოქალაქო სამართალშიც იმავე მიზანს ემსახურება კეთილსინდისიერების, როგორც სამართლებრივი ფასეულობის შემოღება. სამოქალაქო ბრუნვის სიმყარე და სტაბილურობა მისი მონაწილის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. „კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია სამართლიანი შედეგების დადგომა და ამავე დროს, აშკარად უსამართლო შედეგის თავიდან აცილებაა, რითაც მიღწეულ უნდა იქნეს სამოქალაქო ურთიერთობის სტაბილურობა და სიმყარე“. (იხ. სუსგ №ას-23-18-2011, 24 მაისი, 2011). კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ეს ვარაუდი განსაზღვრავს სამართლებრივი ურთიერთობის საერთო მიმართულებასაც. არა ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობაა ნორმალური სამოქალაქო ბრუნვის საფუძველი. კეთილსინდისიერება არა მარტო უფლების არსებობის, არამედ მოვალეობის შესრულების ვარაუდიცაა. კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერება როგორც ნორმატიული, ისე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტია. მის საფუძველზე აღმოიფხვრება როგორც კანონის, ისე ხელშეკრულების ხარვეზი. კეთილსინდისიერი ქცევის დადგენა კონკრეტული ფაქტის შეფასების საკითხია და მოსამართლის მიერ უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით. მოსამართლის მიერ წარმოებული შეფასების ეს პროცესი საკმაოდ კომპლექსურია და დიდ დაკვირვებას მოითხოვს, რადგან კეთილსინდისიერების მოთხოვნას არ გააჩნია აბსოლუტური უპირატესობა სახელშეკრულებო თავისუფლების მიმართ და დაუშვებელია ყოველი გადაწყვეტილების დასაბუთება აბსტრაქტული პრინციპების საფუძველზე. აუცილებელია ყოველი კონკრეტული შემთხვევის სპეციფიკურობის გათვალისწინება. კეთილსინდისიერების პრინციპი, როგორც სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ზოგადსახელმძღვანელო პრინციპი, მოცემულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის არაერთ მუხლში. ამიტომაც, კეთილსინდისიერების პრინციპის შესაბამისად მოქმედების ვალდებულება არ შემოიფარგლება მხოლოდ სახელშეკრულებო სამართლით, არამედ იგი ამოსავალი და ფუნდამენტური ქცევის პრინციპია ზოგადად კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში. (სუსგ ას-559-2019)
14. პალატა დამატებით მიუთითებს, რომ ნარდობის ხელშეკრულების მარეგულირებელ ნორმებსა და საკასაციო სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით, კანონის რომელიმე დანაწესი ვალდებულების შესრულებულად მიჩნევას იმპერატიულად მხოლოდ მიღება - ჩაბარების აქტის შედგენას არ უკავშირებს. მართალია, ხელშეკრულების მხარეები შეთანხმდნენ შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების ფორმაზე, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც სხვა მტკიცებულებით უტყუარად დასტურდება ვალდებულების შესრულების ფაქტი, მიღება-ჩაბარების აქტის შეუდგენლობა მოსარჩელის მოთხოვნის უარყოფის საფუძველი ვერ გახდება (იხ. სუსგ 1.12.2011, საქმე №ას-3232-307-2011; სუსგ 29.09.2017წ. საქმე №ას-939-879-2017, საქმე №ას-614-2019) აღნიშნულის საფუძველზე პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან შპს „ა–ის“ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება შესრულებული იქნა, სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შეუდგენლობა/წარუდგინებლობა მოსარჩელის მოთხოვნის უარყოფის საფუძველი ვერ გახდება.
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ - სამართლებრივი დასაბუთება.
16. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
17. კასატორი დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე