საქმე №ას-543-2020 24 თებერვალი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – დ.ც–ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 20 თებერვლის #32-9 ბრძანების ბათილად ცნობა, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ #584 შეთანხმების გაუქმება, სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის არსებითი განხილვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. 2014 წლის 24 მარტს სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოსა (შემდგომში „მოპასუხე“, „სააგენტო“, „დამსაქმებელი“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) და დ.ც–ას (შემდგომში „მოსარჩელე“ ან „დასაქმებული“) შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება #619, რომლის საფუძველზე, მოსარჩელე დასაქმდა სააგენტოს თბილისის სამმართველოს მთავარი სპეციალისტ-ინსპექტორის თანამდებობაზე.
2. დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის არსებობდა უვადო შრომითი ხელშეკრულება.
3. დასაქმებულის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შეადგენდა 1400 ლარს (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით).
4. 2018 წლის 7 თებერვალს სააგენტოს ქ. თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსმა ინსპექტორებმა, მოსარჩელემ და მ.ჯ–ძემ, ასევე უფროსმა სპეციალისტმა გ.ბ–მა განახორციელეს ქ. თბილისში, ..... მდებარე ბიზნეს-ოპერატორის, ი/მ დ.ც–ა-სალხინოს მონიტორინგი, რა დროსაც გამოვლინდა როგორც კრიტიკული, ისე არაკრიტიკული შეუსაბამობები. ბიზნეს-ოპერატორს შეუჩერდა საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე და დაეკისრა ჯარიმა 1 000 ლარი.
5. ბიზნეს-ოპერატორის შემოწმებამდე დასაქმებულმა სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსს შეატყობინა მასსა და ბიზნეს-ოპერატორ დ.ც–ას შორის არსებული ნათესაობის ფაქტის და სავარაუდო ინტერესთა კონფლიქტის შესახებ, რაზეც მას განემარტა, რომ არსებული ნათესაური კავშირი „უფლებამოსილი პირის ქცევის სპეციალური წესის“ დამტკიცების შესახებ 2014 წლის 23 დეკემბრის #675-9 ბრძანების მე-4 მუხლის საფუძველზე, არ წარმოადგენდა ინტერესთა კონფლიქტს.
6. შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა დ.ბ–მა გამოსცა დასკვნა სამსახურეობრივი შემოწმების შესახებ, სადაც მიეთითა მოსარჩელის მხრიდან შინაგანაწესითა და შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევაზე. კერძოდ, დასკვნაში აღნიშნულია, რომ მოსარჩელემ ბიზნეს-ოპერატორის სამზარეულოში სახელმწიფო კონტროლის განხორციელების დროს რამდენიმე ფოტოსურათი გადაიღო საკუთარი მობილური ტელეფონით, სამზარეულო დატოვა და აღარ გაუგრძელებია მისი დათვალიერება იქ არსებული ჰიგიენის ზოგადი წესებით დადგენილი მოთხოვნების შესასწავლად. მან სამზარეულო დაათვალიერა ნაწილობრივ. ასევე, არ გამოიყენა ვიდეო თვალი (სამხრე კამერა), რომელიც დასაქმებულის განმარტებით, განიმუხტა ობიექტზე მისვლის დროს.
7. სააგენტოს უფროსის 2018 წლის 20 თებერვლის #32-9 ბრძანებით, მოსარჩელის ქმედება, შეფასდა 2014 წლის 24 მარტის #619 შრომითი ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.3.1 და 4.3.3 პუნქტების დარღვევად, მიჩნეულ იქნა დისციპლინურ გადაცდომად და დასაქმებულს, შინაგანაწესის 43-ე მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად, მიეცა სიტყვიერი გაფრთხილება.
8. 2018 წლის 20 მარტს დასაქმებულმა საჩივარი წარადგინა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში (შემდგომში „სამინისტრო“) და მოითხოვა მისთვის სიტყვიერი გაფრთხილების მიცემის შესახებ 2018 წლის 20 თებერვლის #32-9 ბრძანების გაუქმება.
9. სამინისტროს 2018 წლის 17 აპრილის #2-254 ბრძანებით დასაქმებულს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. ბრძანებაში აღინიშნა, რომ დასაქმებულის ქმედება სააგენტოს მიერ შეფასდა როგორც დისციპლინური გადაცდომა, თუმცა მას მიეცა სიტყვიერი გაფრთხილება, რაც არ წარმოადგენს დისციპლინურ სახდელს.
10. 2018 წლის 27 თებერვალს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სააგენტოს უფროსს და მოითხოვა კუთვნილი შვებულებით სარგებლობა 2018 წლის 1 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით.
11. იმავე დღეს (2018 წლის 27 თებერვალს) დასაქმებულმა მიმართა სააგენტოს უფროსს და მოითხოვა მოპასუხესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა 2018 წლის 4 აპრილიდან.
12. 2018 წლის 28 თებერვალს დამსაქმებელს და დასაქმებულს შორის გაფორმდა #584 შეთანხმება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.
13. 2018 წლის 4 აპრილს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სააგენტოს უფროსს და განმარტა, რომ 2018 წლის 28 თებერვალს შვებულების მოთხოვნასთან ერთად სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება მან დაწერა ზეწოლის ქვეშ, რათა ესარგებლა კუთვნილი შვებულებით. 4 აპრილს კი სამსახურში გამოცხადებისთანავე მოითხოვა ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის განმარტება, რაზეც უპასუხეს, რომ იგი აღარ არის სააგენტოს თანამშრომელი და შეწყვეტილი აქვს შრომითი ხელშეკრულება.
14. სააგენტოს უფროსის 2018 წლის 4 აპრილის #09/2950 წერილში აღნიშნულია, რომ შრომითი ხელშეკრულება შეწყდა მხარეთა ურთიერთშეთანხმებით, რასაც ადასტურებს შეთანხმებაზე მოსარჩელის ხელმოწერა.
15. მოსარჩელის მოთხოვნა
15.1. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის მიმართ და მოითხოვა სიტყვიერი გაფრთხილების მიცემის შესახებ სააგენტოს 2018 წლის 20 თებერვლის #32-9 ბრძანების, ასევე შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ #584 ბძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
15.2. მოსარჩელე არ ეთანხმება მის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების ფაქტს. მისი აზრით, ასევე გაუგებარია, თუ რატომ გაფორმდა ბრძანება წერილობით მაშინ, როდესაც რეალურად დასაქმებულს მიეცა სიტყვიერი გაფრთხილება.
15.3. ინსპექტირების განხორციელების შემდეგ შიდა აუდიტის უფროსი მას ემუქრებოდა, რომ თუ სამუშაოდ არ გადავიდოდა მცხეთის სამმართველოში, სამსახურიდან გაუშვებდნენ. უარის მიღების შემდეგ კი, მისი მისამართით გაჟღერდა ცრუ ბრალდებები და მუქარა, რომ „სამსახურეობრივად მიხედავდნენ“. აღნიშნული საუბარი მოსარჩელემ ჩაიწერა ტელეფონის მეშვეობით. ზეწოლისგან თავის არიდების მიზნით კი, 2018 წლის 27 თებერვალს, დაწერა განცხადება კუთვნილი შვებულების მოთხოვნის შესახებ, თუმცა შვებულების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა მანამ, სანამ მან ხელი არ მოაწერა შეთანხმებას სამუშაოდან წასვლის შესახებ.
16. მოპასუხის პოზიცია
16.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არანაირ იძულებას განცხადების დაწერისას ადგილი არ ჰქონია. ეს იმ გარემოებითაც დასტურდება, რომ შეთანხმებას თავად მოსარჩელე აწერს ხელს და მან ფაქტობრივად წლის დასაწყისში სრულად გამოიყენა კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულება.
16.2. მოპასუხის განცხადებით, მოსარჩელის მიმართ სიტყვიერი გაფრთხილების გამოყენება მოხდა კანონიერად და მას საფუძვლად დაედო დასაქმებულის მხრიდან შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევა, რაც დადასტურებულია დისციპლინური წარმოების დროს შესწავლილი მასალებით.
16.3. რაც შეეხება საუბრის სატელეფონო ჩანაწერს, მოპასუხის მოსაზრებით, იგი არის უკანონო, ვინაიდან საუბრის ჩაწერის შესახებ ცნობილი არ იყო სააგენტოს შიდა აუდიტის უფროსისათვის. შესაბამისად, კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას იურიდიული ძალა არ აქვს.
17. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
17.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სააგენტოს 2018 წლის 20 თებერვლის #32-9 ბრძანება მოსარჩელისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ; გაუქმდა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ #584 შეთანხმება და უკანონოდ იქნა ცნობილი 2018 წლის 28 თებერვლის შეთანხმება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ; მოსარჩელე აღდგენილ იქნა ტოლფას თანამდებობაზე, კერძოდ, სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორის თანამდებობაზე; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის სახით დაეკისრა მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან (2018 წლის 4 აპრილი) სამსახურში აღდგენამდე ყოველთვიურად 1400 ლარი (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით).
18. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი
18.1. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
19. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
19.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
19.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-14 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები, იხელმძღვანელა სადავო პერიოდში მოქმედი შრომის კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლით და გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა დასაქმებულის მხრიდან სამუშაოდან წასვლისას გამოხატული ნების ნაკლს.
19.3. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოვლენათა ქრონოლოგიაზე. კერძოდ, მიუთითა, რომ როგორც სასამართლოს მიერ დადგინდა, დასაქმებულს 2018 წლის 20 თებერვალს მიეცა სიტყვიერი გაფრთხილება ხელშეკრულების პირობების არასათანადოდ შესრულების გამო, ამავე თვის 27 რიცხვში მოსარჩელემ განცხადებით მოითხოვა კუთვნილი შვებულებით სრულად სარგებლობა, ხოლო იმავე დღეს მოპასუხეს მიმართა შეეწყვიტა მასთან შრომითი ხელშეკრულება. ამ მოვლენათა თანმიმდევრობის შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ დასაქმებულის მიერ გამოხატული ნება სამუშაოდან წასვლის შესახებ არ იყო ნამდვილი.
19.4. სასამართლომ მიუთითა საქმეზე დართულ სატელეფონო ჩანაწერზეც და გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ მითითებული ჩანაწერიდან დგინდებოდა მოსარჩელის ერთგვარი იძულება ნების გამოხატვის წინ და მიუხედავად კომუნიკაციის მეორე მხარის თანხმობის არქონისა, აღნიშნული სასამართლოს მიერ მართებულად შეფასდა, როგორც თვითდახმარების ფარგლებში განხორციელებული ქმედება, ვინაიდან მოსარჩელისთვის ფარული ჩანაწერი იყო ერთადერთი გზა საკუთარი უფლებების დასაცავად.
19.5. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მხრიდან ადგილი არ ჰქონია ვალდებულების არსებით დარღვევას ან/და არაჯეროვან შესრულებას, რაც შეიძლებოდა გამხდარიყო მისთვის საყვედურის გამოცხადების კანონიერი საფუძველი. ამასთან, არც მოპასუხეს მიუთითებია და არც სასამართლოს დაუდგენია იმგვარი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების მოშლას მართლზომიერს გახდიდა.
19.6. სასამართლომ იხელმძღვანელა სადავო პერიოდში მოქმედი შრომის კოდექსის 38.8 მუხლით და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში დამსაქმებელმა ვერ წარმოადგინა სარწმუნო მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა მოსარჩელის პირვანდელ ან მის ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენის შეუძლებლობას. ამგავარ მტკიცებას არც საქმეზე წარმოდგენილი შესაგებელი შეიცავს და არც მასზე დართული მტკიცებულებები.
19.7. სასამართლომ ასევე მიუთითა შრომის კოდექსის 44-ე მუხლზე, სამოქალაქო კოდექსის 408-ე, 411-ე მუხლებზე და დაასკვნა, რომ საქალაქო სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა სარჩელი სამუშაოზე აღდგენისა და იძლებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ.
20. მოპასუხის საკასაციო საჩივარი
20.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
20.2. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს დაუშვებელ მტკიცებულებად უნდა მიეჩნია საუბრის ფარული სატელეფონო ჩანაწერი, საიდანაც სასამართლოს აზრით, ჩანს ერთგვარი იძულება ნების გამოხატვის წინ. უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკით, შეზღუდვა (ჩარევა) გამართლებულია მაშინ, როდესაც პირი თვითდახმარების ან „თვითდახმარებასთან მიახლოებულ“ ფარგლებში მოქმედებს. მაგალითად, თუ ფარული ჩანაწერი ერთადერთი გზაა საკუთარი უფლების დასაცავად, იმის გამო, რომ სხვაგვარად პირი საკუთარ უფლებას ვერ დაიცავს ან არსებობს რეალური საშიშროება ყველა სხვა მტკიცებულების განადგურების, ასეთ ვითარებაში ფარული ჩანაწერის გზით მტკიცებულების შექმნა დასაშვებია. თუმცა, აღნიშნული დაუშვებელია მაშინ, როდესაც სხვის პირად სფეროში ჩარევა თვითდახმარებას კი არ ემსახურება, არამედ მეორე მხარისათვის სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას. პირად სფეროში ჩარევა კი საჭირო გახდა მხოლოდ იმიტომ, რომ უფლება-მოვალეობათა კრედიტორმა თავის დროზე არ იზრუნა შესაბამისი მტკიცებულების (ხელშეკრულების, ხელწერილის და ა.შ.) შექმნაზე. ასეთ ვითარებაში, როდესაც გაუმართლებელია ჩარევა პირად სფეროში, ამგვარი გზით მოპოვებული მტკიცებულება დაუშვებელ მტკიცებულებად უნდა იქნას ცნობილი. მისი დაშვება შესაძლებელია მხოლოდ მეორე მხარის თანხმობით. ამგვარი თანხმობის არარსებობის პირობებში კი, დაუშვებელია სასამართლოს გადაწყვეტილება მას დაეფუძნოს. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოსარჩელე მიუთითებს სააგენტოს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის, დ.ბ–ის მხრიდან მიმდინარე შესაძლო იძულების ფაქტზე, თუმცა დ.ბ–ი არ წარმოადგენდა მოსარჩელის არც უშუალო და არც ზემდგომ უფროსს. იგი იყო სხვა დეპარტამენტის უფროსი, რომელთანაც მოსარჩელეს უშუალო შეხება არ ჰქონია - მისი გათავისუფლება შეეძლო არა შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსს, არამედ სააგენტოს უფროსს. შესაბამისად, დ.ბ–ის მიერ მოსარჩელისთვის ნათქვამი სიტყვები „სამსახურებრივად მოგხედავ“ შეუძლებელი იყო მას აღექვა სერიოზულ საფრთხედ და მუქარად. აღსანიშნავია ისიც, რომ სასამართლოებმა საერთოდ არ იმსჯელეს მიზეზშედეგობრივ კავშირზე იძულებასა და ნების გამოხატვას შორის, ანუ ნამდვილად განაპირობა თუ არა დ.ბ–ის მხრიდან ვითომ იძულებამ სამუშაოდან წასვლის შესახებ მოსარჩელის ნების გამოხატვა.
20.3. მოსარჩელე აღდგენილ იქნა გათავისუფლებამდე დაკავებულ პოზიციაზე და სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ აღნიშნული თანამდებობა ვაკანტური არ არის. სააპელაციო სასამართლოში მოპასუხის მიერ წარდგენილი საშტატო განრიგით ნათლად ჩანს, რომ სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორის პოზიცია დაკავებულია სხვა პირის მიერ. შესაბამისად, სასამართლო უსაფუძვლოდ უთითებს, რომ მხარეს არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც მოსარჩელის პირვანდელ თანამდებობაზე აღდგენის შეუძლებლობას დაადასტურებდა.
21. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
21.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 9 სექტემბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო ამავე პალატის 2020 წლის 29 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს სააპელაციო სასამართლოს განჩინება.
22. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის ძირითადი საკასაციო პრეტენზია ემყარება იმას, რომ ფარული სატელეფონო ჩანაწერი, რომელიც სასამართლომ გამოიყენა მოსარჩელის მიერ გამოხატული ნების ნაკლის დასადასტურებლად, არ უნდა მიჩნეულიყო დასაშვებ მტკიცებულებად, შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა შრომითი ურთიერთობის მოსარჩელის ნების საწინააღმდეგოდ შეწყვეტისა და მოპასუხის ქმედების არაკეთილსინდისიერების ფაქტი.
23. კასატორის მითითებული პრეტენზიების შემოწმების მიზნით, საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ როგორც უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაშია განმარტებული, „შრომითსამართლებრივი ურთიერთობა ეფუძნება მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეულ შეთანხმებას (იხ. სშკ-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი). თუმცა, შრომითი ურთიერთობებისადმი წმინდა სახელშეკრულებო მიდგომის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი, რადგან კლასიკურად ასეთი ურთიერთობა მოიცავს მის მონაწილეთა შეთანხმებას თანაბარ საწყისებზე, მაშინ, როდესაც შრომით ურთიერთობაში ერთი პირი ნებაყოფლობით თანხმდება მეორის დაქვემდებარებაში ყოფნას“ (იხ. სუსგ Nას-98-94-2016, 26.07.2016წ.; სუსგ №ას-368-2019, 31 ივლისი, 2019წ. პ.16). ამასთან, შრომითსამართლებრივ დავებში მნიშვნელოვანია გამოირიცხოს დამსაქმებლის მიერ საკუთარი უფლების ბოროტად გამოყენება.
24. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ფუნქციაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაა. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა.
25. საქართველოში შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა მოწესრიგებულია საქართველოს სშკ-ის 47-ე და 48-ე მუხლებით (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 37-ე და 38-ე მუხლები), რომელთაგან, პირველი მოიცავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს, ხოლო, მეორე არეგულირებს შეწყვეტის პროცესუალურ მხარეს. აღნიშნული მუხლების კუმულაციური საფუძვლით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებლის პოზიტიური ვალდებულებაა დაასრულოს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა მხოლოდ კანონიერი გზებით, ხოლო, ნეგატიური ვალდებულება წარმოადგენს იმას, რომ დამსაქმებელს არ უნდა შეეძლოს დასაქმებულის სამსახურიდან გაშვება შესაბამისი და გამართლებული საფუძვლის გარეშე; ამიტომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის იმ რეგულაციებს, რომლებიც სშკ-ის 37-ე და 38-ე მუხლებშია მოცემული, აქვთ ერთგვარი „შემაკავებელი ეფექტი“, რომლის საფუძველიც არის წინაპირობა შრომის ურთიერთობათა მხარეების თვითნებური, გაუმართლებელი გადაწყვეტილებების აღკვეთისთვის (იხ. სუსგ Nას-1391-1312-2012, 10.01.2014წ.).
26. შესაბამისად, სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვა, მოითხოვს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დეტალურ და გულმოდგინე შესწავლასა და შეფასებას, რათა მხედველობის მიღმა არ დარჩეს დამსაქმებლის მხრიდან უფლების გამოყენების მართლზომიერება.
27. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლებას საფუძვლად დაედო მხარეთა შორის 2018 წლის 28 თებერვალს გაფორმებული #584 შეთანხმება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, რომელიც გაფორმდა გათავისუფლების მოთხოვნით დასაქმებულის მიერ წარდგენილი განცხადების საფუძველზე. დამსაქმებლის განცხადებით, ვინაიდან დასაქმებულმა სამუშაოდან წასვლის ნება გამოხატა შეთანხმებაზე ხელმოწერით, აღნიშნული კანონმდებლობის სრული დაცვით სამსახურიდან მისი გათავისუფლების საფუძველს ქმნიდა. დასაქმებული სადავოდ ხდის სამუშაოს საკუთარი ნებით დატოვების ფაქტს და აცხადებს, რომ ზემოაღნიშნული შეთანხმება მის მიერ ხელმოწერილია ზეწოლის შედეგად და სამუშაოდან წასვლის რეალური განზრახვა არ ჰქონია.
28. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლში, ხოლო ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
29. მოცემული კატეგორიის დავის სწორად გადაწყვეტის მიზნებისათვის, სასამართლოს მოსაზრებით, გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებლი ეფუძნება. თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით მოსარჩელის მიერ ხელმოწერილი განცხადების არსებობის პირობებში, მოქმედებს აღნიშნულ დოკუმენტში მხარის მიერ გამოხატული ნების ნამდვილობის პრეზუმფცია. საწინააღმდეგოს დადასტურება კი იმ მხარის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა, რომელიც აღნიშნულ განცხადებას სადავოდ ხდის (იხ. სუსგ საქმე №ას-649-616-2014, 5 ნოემბერი, 2014 წელი).
30. უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ნების გამოვლენის ფორმებს უაღრესად დიდი პრაქტიკული დატვირთვა გააჩნია გარიგებებში, ვინაიდან გამოხატული ნებისადმი არსებობს კონტრაჰენტის მიერ გამოვლენილი ნდობის დაცვის ღირსი ინტერესი, ამიტომ მხედველობაში არ უნდა იქნეს მიღებული პირის მტკიცება, რომ მას ის ნება არ ჰქონდა, რომელიც გამოხატა, თუ მისი ნების გარეგანი გამოხატულებით მეორე მხარემ კეთილსინდისიერად ირწმუნა, რომ იგი უფლებებით აღიჭურვა. ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ არის მიმართული, დაკავშირებულია არა მხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან. შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამება მის ნამდვილ ნებას. აღნიშნული პრეზუმფცია ქარწყლდება, თუ დადასტურდება, რომ ნება გამოვლენილ იქნა ისეთ პირობებში, რომელიც გამოვლენილი ნების ნამდვილი ნებისადმი შესაბამისობას გამორიცხავს, მაგალითად, პირის იძულება, მოტყუება, და ა.შ. ეს ისეთი გარემოებებია, როდესაც პირი მოკლებულია შესაძლებლობას, მართოს ნების გამოხატვის ფორმები. ეს ის შემთხვევებია, როდესაც პირს შეზღუდული აქვს ე.წ „მოქმედების ნება“, ანუ ასეთ ვითარებაში იგულისხმება, რომ დაუძლეველ გარემოებათა გამო პირი იმ ნებას გამოხატავს, რომელიც მის ნებას არ შეესაბამება ან პირი გამოხატავს სხვა პირის და არა თავის რეალურ ნებას (მოტყუება, იძულება და ა.შ). ასეთ შემთხვევებში, ნების გამომვლენი, რაღა თქმა უნდა, დაცული უნდა იყოს გამოვლენილი არანამდვილი ნების თანმდევი შედეგებისაგან (იხ. სუსგ საქმე №ას-649-616-2014, 5 ნოემბერი, 2014 წელი).
31. განსახილველ შემთხვევაში, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე მიუთითებს მის მიერ გამოვლენილი ნების ნაკლზე და სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ განცხადების დაწერას მასზე განხორციელებულ ზეწოლას და მუქარას უკავშირებს, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, ნების ფორმირებაზე ზემოქმედების დამადასტურებელი მტკიცებულებების სასამართლოსთვის წარდგენა მოსარჩელის ვალდებულებაა.
32. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული მტკიცების ტვირთი [სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი] ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.
33. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან). ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას (კვალიფიციური შედავების მნიშვნელობა ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნებისათვის). მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. იმავდროულად, ახსნა-განმარტება უნდა დასტურდებოდეს რელევანტური მტკიცებულებებით [სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი].
34. განსახილველ შემთხვევაში, ყოფილი დასაქმებული (მოსარჩელე) მის მიერ სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ განცხადების დაწერისას მოპასუხის მხრიდან გამოხატული იძულებისა და ზეწოლის ფაქტის დასადასტურებლად იშველიებს ფარულ სატელეფონო საუბარს, რომელიც, მისივე განცხადებით საკმარის საფუძველს ქმნიდა დასაქმებულის მიერ გამოხატული ნების ნაკლის დასადგენად და წარდგენილი სარჩელის დასაკმაყოფილებლად. მოპასუხე (კასატორი) კი მითითებული ჩანაწერის უკანონობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ვინაიდან საუბრის ჩაწერის შესახებ ცნობილი არ იყო მეორე მხარისთვის, იგი კანონის დარღვევით მოპოვებულ და შესაბამისად, დაუშვებელ მტკიცებულებად უნდა იქნას მიჩნეული.
35. უპირველესად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ ფარული ჩანაწერის მტკიცებულებად მიჩნევასთან დაკავშირებით არსებობს უზენაესი სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკა, სადაც განმარტებულია შემდეგი: კერძო საუბარი, რომელიც კერძო სფეროს განეკუთვნება, არ სარგებლობს აბსოლუტური პრივილეგიით, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი შეზღუდვა დასაშვებია, ანუ მასში ჩარევა შესაძლებელია საამისო დაცვის ღირსი ინტერესისა და კანონიერი მიზნის არსებობის პირობებში. შესაბამისად, კერძო სფეროში ჩარევის დროს, ჩარევა გამართლებული და დასაბუთებული უნდა იყოს უპირატესი საყოველთაო ინტერესის არსებობით, ანუ ჩარევის მართლზომიერების დადგენის მიზნით, უნდა შეფასდეს, არსებობს თუ არა ისეთი დაცვის ღირსი ინტერესი, რომელიც პირადი ცხოვრებისა და პირადი კომუნიკაციის ხელშეუხებლობის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებაზე უფრო მაღლა დგას. პირადი ცხოვრებისა და პირადი კომუნიკაციის შეზღუდვა (ჩარევა) გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც პირი თვითდახმარების ან „თვითდახმარებასთან მიახლოვებულ“ ფარგლებში მოქმედებს. მაგალითად, თუ ფარული ჩანაწერი ერთადერთი გზაა საკუთარი უფლების დასაცავად, იმის გამო, რომ სხვაგვარად პირი საკუთარ უფლებას ვერ დაიცავს ან არსებობს რეალური საშიშროება ყველა სხვა მტკიცებულების განადგურების, ასეთ ვითარებაში ფარული ჩანაწერის გზით მტკიცებულების შექმნა დასაშვებია. ამდენად, თუ პირზე ხორციელდება ზეწოლა, მუქარა შანტაჟი, საკუთარი უფლებების დაუშვებელი ხელყოფის თავიდან ასაცილებლად, კონსტიტუციურ ღირებულებათა მრავალმხრივი აწონ-დაწონვის შედეგად, შეიძლება გამართლებულად ჩაითვალოს სხვის პირად სფეროში ჩარევა, თუმცა, აღნიშნული დაუშვებელია მაშინ, როდესაც სხვის პირად სფეროში ჩარევა თვითდახმარებას კი არ ემსახურება, არამედ მეორე მხარისათვის სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას. პირად სფეროში ჩარევა კი საჭირო გახდა მხოლოდ იმიტომ, რომ უფლება-მოვალეობათა კრედიტორმა თავის დროზე არ იზრუნა შესაბამისი მტკიცებულების (ხელშეკრულების, ხელწერილის, და ა. შ.) შექმნაზე (იხ. სუსგ საქმე №ას-1155-1101-2014 , 4 მაისი, 2015 წელი).
36. ამრიგად, ფარული ჩანაწერის გზით მტკიცებულების შექმნა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფარული ჩანაწერი ერთადერთი გზაა პირის უფლების დასაცვად და სხვაგვარად იგი საკუთარ უფლებას ვერ დაიცავს ან არსებობს რეალური საშიშროება ყველა სხვა მტკიცებულების განადგურების.
37. სანამ საკასაციო სასამართლო შეაფასებს მოსარჩელის მიერ მოპოვებული ფარული სატელეფონო ჩანაწერის დასაშვებ მტკიცებულებად მიჩნევის საკითხს, ყურადღებას გაამახვილებს საქმის მასალებით დადგენილ შემდეგ გარემოებებზე:
1) 2018 წლის 7 თებერვალს მოსარჩელე სააგენტოს სხვა ინსპექტორებთან ერთად ახორციელებდა ქ. თბილისში, ....... ქ. N54ა-ში მდებარე ბიზნეს-ოპერატორის, ი/მ დ.ც–ა-სალხინოს მონიტორინგს, რა დროსაც გამოვლინდა როგორც კრიტიკული, ისე არაკრიტიკული შეუსაბამობები. ბიზნეს-ოპერატორს შეუჩერდა საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე და დაეკისრა ჯარიმა 1 000 ლარი (იხ. ტ. 1. ს.ფ 37-47; 53-59);
2) საგენტოს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მიერ გაცემული იქნა დასკვნა სამსახურეობრივი შემოწმების შესახებ, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ ზემოაღნიშნული მონიტორინგის განხორციელებისას მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა მოვალეობების არაჯეროვან შესრულებას (ტ. 1. ს.ფ 29-35);
3) სააგენტოს უფროსის 2018 წლის 20 თებერვლის #32-9 ბრძანებით, მოსარჩელის ქმედება შეფასდა 2014 წლის 24 მარტის #619 შრომითი ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.3.1 და 4.3.3 პუნქტების დარღვევად, მიჩნეულ იქნა დისციპლინურ გადაცდომად და დასაქმებულს, შინაგანაწესის 43-ე მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად, მიეცა სიტყვიერი გაფრთხილება (იხ. ტ. 1. ს.ფ 36).
4) 2018 წლის 27 თებერვალს დასაქმებულმა განცხადებით მიმართა დამსაქმებელს და მოითხოვა კუთვნილი შვებულებით სარგებლობა 2018 წლის 1 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით (იხ. ტ. 1. ს.ფ 60), ხოლო იმავე რიცხვით (2018 წლის 27 თებერვლით) დათარიღებული განცხადებით მოსარჩელემ მოითხოვა 2018 წლის 4 აპრილიდან დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება (იხ. ტ. 1. ს.ფ 114)
5) 2018 წლის 28 თებერვალს დამსაქმებელს და დასაქმებულს შორის გაფორმდა #584 შეთანხმება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ (იხ. ტ. 1. ს.ფ 28).
38. მოსარჩელე სარჩელში აპელირებს სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ განცხადების დაწერამდე მოპასუხის მხრიდან მის მიმართ არაერთგზის განხორციელებულ ზეწოლაზე და აცხადებს, რომ შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი ითხოვდა მისგან თანხმობის მიღებას მცხეთის რეგიონალურ სამსახურში სამუშაოდ გადასვლაზე, წინააღმდეგ შემთხვევში კი, თანამდებობიდან გაშვებით ემუქრებოდა. ერთ-ერთი ასეთი საუბრის დროს დასაქმებულმა მოახერხა საუბრის ტელეფონის მეშვეობით ჩაწერა (იხ. ტ. 1. ს.ფ 10).
39. სატელეფონო საუბრის შინაარსის შეფასებამდე საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მოსარჩელის მიერ ფარული ჩანაწერის მოპოვების კანონიერებაზე - შეიძლება თუ არა მიჩნეულ იქნას იგი დასაშვებ მტკიცებულებად და სასამართლომ საფუძვლად დაუდოს მიღებულ გადაწყვეტილებას.
40. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, ამგვარი მტკიცებულების შექმნა დასაშვებია, თუ პირზე ხორციელდება ზეწოლა, მუქარა, შანტაჟი და ფარული ჩანაწერი ერთადერთი გზაა პირის უფლების დასაცვად, ან თუ არსებობს ყველა სხვა მტკიცებულების განადგურების რეალური საშიშროება. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ სხვის პირად სფეროში ჩარევა თვითდახმარებას კი არ ემსახურება, არამედ მეორე მხარისათვის სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას ისახავს მიზნად, ხოლო პირად სფეროში ჩარევა საჭირო გახდა მხოლოდ იმიტომ, რომ უფლება-მოვალეობათა კრედიტორმა თავის დროზე არ იზრუნა შესაბამისი მტკიცებულებების (ხელშეკრულები, ხელწერილის და ა.შ.) შექმნაზე, ფარული ჩანაწერის მოპოვება დაუშვებელია.
41. ზემოაღნიშნული განმარტებების შესაბამისად და იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ მოსარჩელე სამსახურიდან წასვლის შესახებ მის მიერ გამოხატული ნების ნაკლზე - მასზე განხორციელებულ ზეწოლაზე მიუთითებს, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტისას განხორციელებული ზეწოლის ფაქტის დასადასტურებლად რაიმე წერილობითი ან სხვა სახის მტკიცებულების შექმნაზე მოსარჩელე წინასწარ ვერ იზრუნებდა. განსხვავებით სხვა სამართლებრივი ურთიერთობისგან, მაგალითად, სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობისგან, რომლის დროსაც კრედიტორს, შესაბამისი სამოქალაქოსამართლებრივი წინდახედულობის ფარგლებში, შეუძლია წინდაწინ შექმნას დოკუმენტი (მაგ. სესხის გაცემის ხელწერილი, ფულადი ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი ხელწერილი და ა.შ) და მომავალში დავის წარმოშობის შემთხვევაში დაიცვას საკუთარი ინტერესები ხელყოფისგან (მსგავს საკითხზე იხ. მაგ. სუსგ საქმე №ას-238-226-2016, 3 ივნისი, 2016 წელი; №ას-1155-1101-2014 , 4 მაისი, 2015 წელი). შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ მოსარჩელის მიერ საუბრის ფარულად ჩაწერა მართებულად შეფასდა, როგორც თვითდახმარების ფარგლებში განხორციელებული ქმედება, ვიანიდან ფარული ჩანაწერი იყო ერთადერთი გზა გათავისუფლებული დასაქმებულის შრომითი უფლებების მომავალში დასაცავად.
42. საკასაციო სასამართლო ასევე შეეხება თავად ფარული სატელეფონო ჩანაწერის შინაარსს. ჩანაწერის დასაწყისშივე ჩანს, რომ აუდიტის დეპარტამენტის უფროსი, რომელთან სასაუბროდაც მისულია მოსარჩელე, შეხვედრისთანავე კითხვას უსვამს დასაქმებულს, თუ რა მოიფიქრა მცხეთის რეგიონალურ სამსახურში სამუშაოდ გადასვლასთან დაკავშირებით. ანუ, საუბრის დასაწყისიდანვე ჩანს, რომ მითითებულ საკითხზე მოსაუბრეები პირველად არ მსჯელობენ და ადრეც უსაუბრიათ მასზე. მას შემდეგ, რაც მოსარჩელე უარს აცხადებს თბილისის საქალაქო სამსახურიდან მცხეთის სამსახურში გადასვლაზე და განმარტავს გადასვლის შეუძლებლობის მიზეზებს, დეპარტამენტის უფროსი ამბობს: „კარგი ბატონო, ნება შენია, მე ჩემი გითხარი, დანარჩენს სამსახურეობრივად მოგხედავენ... ეს ჩემი თხოვნა იყო, რომ სწორ გზაზე დამდგარიყავი... შენი ხასიათიდან, ბუნებიდან, ურთიერთობებიდან გამომდინარე, ძალიან ბევრ ბიზნეს-ოპერატორთან გაქვს ურთიერთობა, რომელიც ხანდახან არ ადგება სამსახურს...“ (იხ. CD დისკი, ტ. 1. ს.ფ 68).
43. ამდენად, მითითებული აუდიო ჩანაწერიდან ცალსახად დგინდება, რომ შიდა აუდიტის უფროსმა ნამდვილად შესთავაზა მოსარჩელეს თბილისიდან მცხეთის რეგიონალურ სამსახურში სამუშაოდ გადასვლა, ხოლო, უარი მიღების შემდეგ „სამსახურეობრივად მიხედვას“ დაჰპირდა.
44. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ ვინაიდან სააგენტოს შინაგანაწესის მიხედვით მოსარჩელის უშუალო უფროსს არ წარმოადგენდა შიდა აუდიტის უფროსი, მის მიერ ნათქვამი ზემოაღნიშნული ფრაზა არ შეიძლებლოდა დასაქმებულის მიერ აღქმულიყო სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ რეალურ მუქარად. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურს (მისი უფროსის სახით) ევალებოდა სააგენტოს ინსპექტორების სამსახურეობრივი საქმიანობის კონტროლი (რაც დასტურდება ინსპექტორების საქმიანობის შემოწმების მიზნით შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის მიერ სააგენტოს უფროსის სახელზე მომზადებული დასკვნითაც (იხ. ტ. 1. ს.ფ 29-35)), აღნიშნული სამსახურის უფროსის მიერ მოსარჩელის მისამართით გაჟღერებული ფრაზა „სამსახურეობრივად მოგხედავენ“, სავსებით საფუძლიანად შეიძლებოდა აღქმულიყო, როგორც მუქარა (ზეწოლა).
45. ყოველივე ზემოაღნიშნულისა და მოვლენათა ქრონოლოგიური განვითარების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას იმის შესახებ, რომ მოსარჩელის მიერ სამუშაოდან წასვლისას გამოვლენილი ნება იყო ნაკლიანი, რაც საფუძველს აცლის კასატორის პრეტენზიას შრომითი ურთიერთობის მართლზომიერად მოშლის შესახებ.
46. რაც შეეხება საკასაციო საჩივრის ავტორის პრეტენზიას გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე მოსარჩელის აღდგენის შეუძლებლობის შესახებ აღნიშნული პოზიციის სხვა პირის მიერ დაკავების გამო, საკასაციო სასამართლო ვერც აღნიშნულს გაიზიარებს და განმარტავს შემდეგს: საქართველოს შრომის კოდექსის 48.8-ე მუხლისა (სადავო პერიოდში მოქმედი 38.8-ე მუხლი) და უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკის შესაბამისად, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. განსახილველი ნორმა ორიენტირებულია არამართლზომიერად გათავისუფლებული დასაქმებულის ინტერესებზე და იმ შემთხვევაში, თუკი დამსაქმებლის ცალმხრივი ნების მართლწინააღმდეგობა დადგინდება, სასამართლომ უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა. პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კი, კანონი სამ ალტერნატივას ადგენს და ყოველ შემდგომზე გადასვლა დასაშვებია, თუკი საქმის განხილვისას დადგინდა წინა ალტერნატივის გამოყენების ობიექტური შეუძლებლობა (იხ. სუსგ საქმე №ას-1116-2019, 31 იანვარი, 2020 წელი).
47. პირვანდელ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის აღდგენის შეუძლებლობისას, სასამართლო იკვლევს, შეუძლია თუ არა დამსაქმებელს უზრუნველყოს დასაქმებული ტოლფასი სამუშაოთი, რისთვისაც იკვლევს არსებობს თუ არა შესაბამის დაწესებულებაში/ორგანიზაციაში ვაკანტური ტოლფასი თანამდებობა (იხ. სუსგ საქმე №ას-687-687-2018 , 20 ივლისი, 2018 წელი).
48. ამ მიზნით, სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს რა ადამიანურ რესურსს ფლობს დამსაქმებელი, რა ტოლფასი ვაკანტური პოზიციები აქვს მას, რა ფუნქციური მსგავსებაა პირვანდელ და ტოლფას თანამდებობებს შორის. აღნიშნული კი, შესაძლებელია გაირკვეს მოპასუხე საზოგადოების საშტატო ნუსხისა და შესაბამისი თანამდებობების ფუნქციური დატვირთვის შეფასების (გამოკვლევის) შედეგად (იხ. სუსგ საქმე №ას-902-864-2014,30 მარტი, 2015 წელი).
49. იმავდროულად, სასამართლომ კვლევის შედეგები უნდა შეუსაბამოს უკანონოდ დათხოვნილი პირის ნებას, ინტერესსა და შესაძლებლობას, დაიკავოს კონკრეტული ტოლფასი თანამდებობა (იხ. საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები, გვ. 270-272).
50. ზემოაღნიშნული განმარტებებიდან ირკვევა, რომ სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობისას, სამუშაოზე აღდგენის ნაცვლად შრომის კოდექსის 48.8-ე მუხლით (სადავო პერიოდში მოქმედი 38.8-ე მუხლი) განსაზღვრული ალტერნატივის - კომპენსაციის ანაზღაურების - გამოყენების შესაძლებლობას სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში უშვებს, თუ იგი დაადგენს ყველა წინა ალტერნატივის გამოყენების შეუძლებლობას, რაც გულისხმობს არა მხოლოდ გათავისუფლებამდე არსებულ თანამდებობაზე, არამედ, მის ტოლფას თანამდებობაზე დასაქმებულის აღდგენის შეუძლებლობასაც (მაგალითად, თუ მოპასუხე ორგანიზაციაში გაუქმდა საშტატო ერთეული, რომელსაც გათავისუფლებამდე იკავებდა მოსარჩელე, მოპასუხე კი დაასაბუთებს აღნიშნული საშტატო ერთეულის გაუქმების აუცილებლობას, ასევე იმ გარემოებას, რომ ორგანიაზაციას არ გააჩნია მსგავსი ფუნქციების მატარებელი სხვა საშტატო ერთეული; ან თუ მოპასუხემ გათავისუფლებული მოსარჩელის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებულ პოზიციაზე დაასაქმა სხვა პირი და დაამტკიცებს, რომ ორგანიზაციაში არ არსებობს დაკავებული თანამდებობის ტოლფასი თანამდებობა იმავე ფუნქციური დატვირთვით, რასაც გათავისუფლებამდე ახორციელებდა მოსარჩელე და ა.შ).
51. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის ავტორი მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენას უკანონოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ ვინაიდან სააპელაციო სასამართლოში მან წარადგინა საშტატო ნუსხა, რომლითაც დასტურდებოდა გათავისუფლებამდე მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობის (უფროსი ინსპექტორის/ინსპექტორის თანამდებობის) სხვა პირის მიერ დაკავების ფაქტი, სასამართლოს არ ჰქონდა უფლება დაეკმაყოფილებინა სარჩელი არსებული სახით.
52. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას და მიუთითებს შემდეგს: დადგენილია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას (საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე) მოსარჩელემ წარადგინა საშტატო ნუსხა, რომლის მიხედვით, მოპასუხე ორგანიზაციაში უფროსი ინსპექტორის თანამდებობა ვაკანტური აღარ იყო, თუმცა ვაკანტური იყო სამი ადგილი ინსპექტორის პოზიციაზე (იხ. ტ. 1. ს.ფ 154), რომელიც დამსაქმებლისვე წარდგენილი თანამდებობრივი ინსტრუქციის მიხედვით, იმავე ფუნქციების მატარებელია, რასაც ახორციელებს სააგენტოს უფროსი ინსპექტორი (იხ. ტ. 2. ს.ფ 251-251). შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც საქმის პირველივე ინსტანციაში განხილვისას დადგინდა უფროსი ინსპექტორის მსგავსი ფუნქციების მატარებელი სხვა თანამდებობის სააგენტოში არსებობის ფაქტი, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად დააკმაყოფილეს მოსარჩელის მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენის შესახებ, ხოლო, ის გარემოება, რომ 2020 წლის 17 თებერვლის მდგომარეობით (სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას) არსებული საშტატო ნუსხით მოპასუხე ორგანიზაციაში აღარ იყო უფროსი ინსპექტორის/ინსპექტორის ვაკანტური ადგილები, ვერ მიიჩნევა უკანონოდ გათავისუფლებული პირის სამუშაოზე აღდგენის დამაბრკოლებელ გარემოებად.
53. ერთ-ერთ საქმეზე, სადაც სადავო იყო სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის დაკისრების შესახებ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლაზე უარის თქმის კანონიერება, განმცხადებელმა (დამსაქმებელმა) მოითხოვა მის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების იმგვარად აღსრულება, რომ უკანონოდ გათავისუფლებული პირის სამუშაოზე აღდგენის ნაცვლად მოპასუხეს (დამსაქმებელს) მოსარჩელისთვის (დასაქმებულისთვის) კომპენსაციის გადახდის ვალდებულება დაკისრებოდა. აღნიშნული მოთხოვნის საფუძვლად კი, დამსაქმებელმა მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ჯერ კიდევ საქმის სასამართლოში განხილვისას, მან კანონის სრული დაცვით გააუქმა სამუშაოდან გათავისუფლებული პირის ვაკანტური თანამდებობა, ამასთან, დანარჩენ ვაკანტურ თანამდებობებზე დანიშნა სხვა პირები, რის გამოც შეუძლებელი იყო ტოლფას თანამდებობაზე მოსარჩელის აღდგენის შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება. უზენაესმა სასამართლომ არ გაიზიარა გადაწყვეტილების აღსრულების წესის ცვლილების შესახებ განმცხადებლის (დამსაქმებლის) მიერ მითითებული მოტივი და განმარტა შემდეგი: „განსახილველ შემთხვევაში, უდავო ძალის მატარებელი ფაქტია, რომ საქმის განხილვის დროისათვის არსებობდა ვაკანტური ტოლფასი თანამდებობა, ხოლო, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე დამსაქმებლის მხრიდან იმგვარი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც მისთვის არასასურველი კანდიდატის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენას გამორიცხავს, მიუხედავად სამართლის ფორმალური მიდგომების დაცვისა, არ შეიძლება მიჩნეულ იქნას ბრუნვის სუბიექტის მხრიდან სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლით გათვალისწინებულ კეთილსინდისიერ ქცევად. შესაბამისად, ის გარემოება, როდესაც დამსაქმებლისათვის ცნობილია დავის მის საწინააღმდეგოდ გადაწყვეტის თაობაზე და ეს უკანასკნელი მხოლოდ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობით ამართლებს საკუთარ ქმედებას, ვერ იქნება მიჩნეული მართლზომიერ ქცევად“. ამრიგად, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლის მოთხოვნით წარდგენილი განცხადების დაკმაყოფილების წინაპირობა (იხ. სუსგ საქმე №ას-1116-2019, 31 იანვარი, 2020 წელი).
54. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
55. საკასაციო პალატის ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარდგენილი საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არსებითად სწორია, რაც გასაჩივრებული განჩინების ძალაში დატოვებისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველია.
56. ვინაიდან საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს კასატორის მიერ გაღებული ხარჯის მხარეთა შორის განაწილების სსსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები და აღნიშნული ხარჯი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე