საქმე №ას-731-2021 15 ოქტომბერი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები - შპს „ქ.№.. ს.პ.დ–ი“, თ.ჟ–ი (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე - ი.ხ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქ.სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - პარტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობა, ქმედების დავალდებულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „ქ.№.. ს.პ.დ–ი“ (ს/კ ....) (შემდგომ - პირველი მოპასუხე, საწარმო, პირველი კასატორი) რეგისტრირებულია 1997 წლის 15 სექტემბერს. საწარმოს ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია თ.ჟ–ი (შემდგომ - მეორე მოპასუხე, მეორე კასატორი, საწარმოს დირექტორი), რომლიც საწარმოს 66.7% წილს ფლობს. საწარმოში წილს ფლობენ: ი.ხ–ძე (შემდგომ - პირველი მოსარჩელე, აპელანტი, მოწინააღმდეგე მხარე) (5%), ბ.ლ–ი (3%), ბ.მ–ძე (2,8%), ზ.ნ–ა (0.1%), თ.ფ–ი (2.9%), ი.ი–ძე (0.1%), ი.კ–ი (2.5%), კ.ჭ–ი (1.5%), კ.ხ–ძე (1.5%), ლ.კ–ი (2.8%), მ.ვ–ა (1%), მ.კ–ი (0.3%), ნ.ხ–ძე (0.1%), ს.გ–ი (2.7%), ს.ლ–ი (0.1%), ქ.გ–ძე (3%), ი.ს–ძე (2.7%) ც.ა–ნი (0.1%), პ.გ–ი (2.5%), ნ.ა–ძე (0.1%) და ელგუჯა კირკიტაძე (0.5%).
2. 2014 წლის 4 დეკემბერსა და იმავე წლის 28 დეკემბერს მოსარჩელემ და საწარმოს სხვა პარტნიორებმა განცხადებით მიმართეს საწარმოს დირექტორს და მოითხოვეს საწარმოს გარკვეული დოკუმენტების (დადებული ხელშეკრულებების, ფინანსური დოკუმენტების, წლიური ანგარიშებისა და სხვა) მათთვის გადაცემა, რაც საწარმოს დირექტორის 2014 წლის 18 დეკემბრისა და 2015 წლის 10 თებერვლის წერილებით არ დაკმაყოფილდა დროისა და მატერიალური რესურსის არარსებობის გამო.
სარჩელის საფუძვლები:
.
3. პირველმა მოსარჩელემ, ასევე, საწარმოს სხვა პარტნიორებმა - ბ.ლ–მა, თ.ფ–მა და ს.გ–მა, 2015 წლის 15 ივლისს, სარჩელი აღძრეს საწარმოს მიმართ ქმედების დავალდებულების მოთხოვნით, კერძოდ, მოითხოვეს საწარმოს დოკუმენტების გაცნობა და წერილობით გადაცემა. მოსარჩელეებმა საწარმოს მიმართ 2016 წლის 4 ივლისსაც წარადგინეს სარჩელი 2016 წლის 5 მაისის პარტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობის მოთხოვნით (ქ.საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 იანვრის განჩინებით, ზემოაღნიშნული სამოქალაქო საქმეები ერთ წარმოებად გაერთიანდა. ამასთან, 2019 წლის 30 აგვისტოს სასამართლო სხდომაზე საწარმოს პარტნიორებმა (გარდა პირველი მოსარჩელისა) სარჩელი გაიხმეს, რის გამოც, საოქმო განჩინებით, მათი სარჩელი განუხილველად დარჩა).
4. პირველმა მოსარჩელემ 2019 წლის 30 აგვისტოს სასამართლო სხდომაზე დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და საბოლოოდ მოითხოვა, სასამართლოს გადაწყვეტილებით მიეცეს უფლება, საწარმოში წარადგინოს მის მიერ შერჩეული (მოწვეული) აუდიტი - საზოგადოებაში სამეურნეო მოქმედებების (წლიური ბალანსის) სპეციალური შემოწმებისათვის 2008 წლიდან - კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე და ბათილად იქნეს ცნობილი საწარმოს 2016 წლის 5 მაისის N1-2016 პარტნიორთა კრების ოქმი იმ ნაწილში, რომლითაც დადგინდა, რომ საწარმოს საწესდებო კაპიტალში შეტანილ უნდა იქნეს ცვლილება მისი მოცულობის ზრდის ან შემცირების გარეშე, ჩამოიწეროს ბალანსიდან საწესდებო კაპიტალის შესავსებად განხორციელებული, ამჟამად გამოუსადეგარი ქონება ინვენტარის სახით და ჩანაცვლდეს ქ. ქუთაისში, ...... №20/..... ქუჩა №.-ში მდებარე საწარმოს უძრავი ქონების, შენობის ნაწილის საბალანსო ღირებულებიდან იმავე 10 000 ლარის მოცულობის ქონებრივი შენატანით.
5. მოსარჩელის განმარტებით, ქმედების დავალდებულებასთან დაკავშირებით მისი მოთხოვნა ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარეობს, ვინაიდან იგი საწარმოს 5% წილის მფლობელი პარტნიორია, რომელიც უფლებამოსილია, საზოგადოებაში არსებული ფინანსური მდგომარეობის თაობაზე დეტალური ინფორმაცია ჰქონდეს, კერძოდ, იცოდეს საწარმოს მოგება-ზარალი, როგორ და რა წესით ნაწილდება მოგება, დივიდენდები, რაში და რისთვის იხარჯება საწარმოში შემოსული თანხები (მიზანშეწონილობა), რამდენად კეთილსინდისიერად ასრულებს მოვალეობას საწარმოს დირექტორი, ხომ არ ემუქრება საწარმოს გაკოტრება და ა. შ.
6. მოსარჩელის მითითებით, საზოგადოების დამფუძნებელ პარტნიორს აქვს ინფორმაციის მიღებისა და კონტროლის უფლება, რაც არ შეიძლება, შეიზღუდოს. სასარჩელო მოთხოვნა ეხება საწარმოს პარტნიორის მიერ იმ უფლების მოპოვებას, რომელსაც კანონმდებლობა ანიჭებს.
მოპასუხეთა პოზიცია:
7. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით, სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ მოსარჩელე ითხოვს სამეწარმეო საზოგადოების 10 წლის კანცელარიისა და საკანცელარიო არქივის დუბლირებასა და გადაცემას, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია. ამასთან, გარდა საწარმოს საქმიანობის პარალიზებისა და წნეხქვეშ მოქცევისა, სხვა რამ, საზოგადოების ერთობლივი საქმიანობის ინტერესებთან დაკავშირებული პრაქტიკული მიზანი, ამ მოთხოვნას არ გააჩნია, მით უფრო, როცა საზოგადოების ყველა კრება გაიმართა მოსარჩელის მონაწილეობით.
8. მოპასუხეთა განმარტებით, წლების წინა ოქმებზე, ანგარიშებზე და სხვა დოკუმენტებზე ხანდაზმულობის ყველა ვადა გასულია. ამასთან, საზოგადოების ბუღალტერია მუშაობს ელექტრონულად, ხოლო ყველა საწესდებო ცვლილება, შესაბამისი ოქმებით განთავსებულია სამეწარმეო რეესტრში, იგი საჯარო და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერსებული პირისთვის და მოსარჩელე მხარე ყოველთვის სარგებლობდა და სარგებლობს სამეწარმეო რეესტრის სამსახურიდან მისთვის საინტერესო დოკუმენტების გამოთხოვის უფლებით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
9. ქ.საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც ამ უკანასკნელმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
10. ქ.სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით, აპელანტის (მოსარჩელის) სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ქ.საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოსარჩელეს უფლება მიეცა, საწარმოში წარადგინოს მის მიერ შერჩეული (მოწვეული) აუდიტი საზოგადოებაში სამეურნეო მოქმედებების (წლიური ბალანსის) შემოწმებისათვის 2008 წლიდან კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე. რაც შეეხება საწარმოს 2016 წლის 5 მაისის პარტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობის შესახებ მოსარჩელის მოთხოვნას, აღნიშნული განუხილველად დარჩა.
11. სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებულ ნაწილში სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებისას ყურადღება გაამახვილა ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 3.10 მუხლზე და ამავე კანონის 46-ე მუხლის მე-4 პუნქტზე დაყრდნობით იმსჯელა მოსარჩელის, როგორც საწარმოს პარტნიორის უფლებების განხორციელებადობაზე.
12. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სპეციალური კანონი განსაზღვრავს პარტნიორთა უფლებების იმ მინიმალურ სტადარტს, რომელთა შეზღუდვაც დაუშვებელია პარტნიორთა შეთანხმების შემთხვევაშიც კი. ასეთი სტანდარტის ფარგლებში მოიაზრება პარტნიორის უფლება - მიიღოს წლიური ანგარიშის ასლი და საზოგადოების ყველა პუბლიკაცია. აღნიშნულის გარდა, პარტნიორი უფლებამოსილია, შეამოწმოს წლიური ანგარიშის სისწორე და ამ მიზნით გაეცნოს საზოგადოების დოკუმენტაციას უშუალოდ ან აუდიტორის მეშვეობით და საწარმოს ორგანოებს მოსთხოვოს განმარტებები წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, მაგრამ ამ ანგარიშის დამტკიცებამდე (კანონის 3.10 მუხლი). პარტნიორის ამ უფლებების განხორციელების მიზნით კანონი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში დირექტორის ვალდებულებად მიიჩნევს პარტნიორის მოთხოვნის საფუძველზე საზოგადოების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის დაუყოვნებლივ მიწოდებას. კომპანიის დირექტორს კანონი ავალდებულებს, ხელი შეუწყოს პარტნიორს, დაუბრკოლებლად გაეცნოს საზოგადოების წიგნებსა და ჩანაწერებს (კანონის 46.4 მუხლი).
13. სააპელაციო პალატის მითითებით, პარტნიორის კანონით მინიჭებული უფლებათა განხორციელების მიზნით, კანონი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, მისი დირექტორის ვალდებულებად მიიჩნევს პარტნიორის მოთხოვნის საფუძველზე საზოგადოების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის დაუყოვნებელ მიწოდებას.
14. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ მოსარჩელე განცხადებებით მიმართავდა კომპანიის დირექტორს კომპანიის გარკვეული დოკუმენტების (დადებული ხელშეკრულებები, ფინანსური დოკუმენტები, წლიური ანგარიშები და სხვა) გადაცემის მოთხოვნით, რაც არ დაკმაყოფილებულა. უდავოა, რომ მოპასუხემ სასამართლო წარმოებისას წარმოადგინა გარკვეული სახის დოკუმენტები, მაგალითად, ამონაწერები საბანკო ანგარიშებიდან, აუდიტორული დასკვნები, ბრძანებები და სხვა, თუმცა ეს დოკუმენტები შესაძლოა, არასრული სახით წარედგინა სასამართლოს და არა პარტნიორს, რომელსაც აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ დოკუმენტაცია არასრულია.
15. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 2019 წელს სასამართლოში წარდგენილი გარკვეული ინფორმაციის შემცველი მტკიცებულებები ვერ ჩაითვლება კომპანიის პარტნიორისათვის კანონით მინიჭებული უფლების სრულყოფილ რეალიზებად. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ კომპანიის დირექტორმა უგულებელყო კანონით მისთვის დაკისრებული ვალდებულება, რის გამოც არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილებით კანონით დადგენილი ამ ვალდებულების შესრულების დავალების საფუძველი, შესაბამისად, ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია, რაც გადაწყვეტილების გაუქმებისა და ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
კასატორების მოთხოვნა და საფუძვლები:
16. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა საკასაციო საჩივარი წარადგინეს და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
17. კასატორთა განმარტებით, მოსარჩელემ სასამართლოში საქმის მიმდინარეობისას დოკუმენტების გამოთხოვასთან დაკავშირებით შუამდგომლობა დააყენა, რაც დაკმაყოფილდა და საწარმოს დირექტორმა წარმოადგინა ყველა ხელთ არსებული დოკუმენტი, შესაბამისად, გამოდის, რომ ის ფაქტობრივი საფუძველი, რაც გახდა ამ ნაწილში სასარჩელო წარმოების მიზეზი პროცესის მიმდინარეობის დროს აღმოიფხვრა.
18. კასატორები არ იზიარებს მოწინააღმდეგე მხარის პოზიციას, რომ მას დოკუმენტები არასრული სახით გადაეცა და მიუთითებს, რომ დავის საგანი არ გამხდარა, წარმოადგენდა თუ არა საწარმოს ვალდებულებას იმ სხვა დოკუმენტების ქონა, ამასთან, საწარმოს დირექტორის მიერ გარკვეული დოკუმენტების განზრახ დამალვას არცერთი დოკუმენტი არ ადასტურებდა. სასამართლომ უნდობლობა გამოუცხადა მოპასუხე მხარის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის სისრულეს, რაც ირიბად ნიშნავს უნდობლობას საწარმოს დირექტორის კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით.
19. კასატორები განმარტავენ, რომ მოსარჩელის მიერ გამოთხოვნილი მტკიცებულებები, მოპასუხემ კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმოადგინა, ხოლო იმის მტკიცების ტვირთი, რომ მოპასუხემ დამალა გარკვეულ დოკუმენტები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 102-ე მუხლის საფუძველზე მოწინააღმდეგე მხარეს ეკისრებოდა.
20. კასატორთა განმარტებით, მოწინააღმდეგე მხარე ითხოვს 2008 წლიდან მოყოლებული დეტალიზებულ დოკუმენტაციას, თუმცა, ერთი მხრივ განხილვის საგანია, რამდენად უნდა ინახებოდეს ეს დოკუმენტები კომპანიაში და, მეორე მხრივ, რას გამოიწვევს მოთხოვნის დაკმაყოფილება.
21. კასატორთა მტკიცებით, აღნიშნული საწარმოს სრულ პარალიზებას გამოიწვევს, რაც მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მიზნებს კიდევ უფრო ეწინააღმდეგება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
22. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
23. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
24. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
25. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
26. დადგენილია, რომ მოსარჩელე (მოწინააღმდეგე მხარე) საწარმოს 5% წილის მფლობელი პარტნიორია, რომელმაც ორჯერ მიმართა საწარმოს გარკვეული დოკუმენტების გაცემის მოთხოვნით, თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად, მას არ მიეცა შესაძლებლობა, გასცნობოდა და წერილობით მიეღო მისთვის საინტერესო დოკუმენტები.
27. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონი აღიარებს პარტნიორის უფლებას, ინფორმირებული იყოს საზოგადოების საქმიანობის თაობაზე და დაუბრკოლებლად მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ამ საქმიანობის შედეგს უკავშირდება. მეწარმე სუბიექტის (ამ შემთხვევაში, საწარმოს პარტნიორის) ამგვარი მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა ზემოაღნიშნული კანონის 3.10 მუხლია (ყოველ პარტნიორს აქვს წლიური ანგარიშის ასლისა და საზოგადოების ყველა პუბლიკაციის მიღების უფლება. გარდა ამისა, მას უფლება აქვს, შეამოწმოს წლიური ანგარიშის სისწორე და ამ მიზნით გაეცნოს საზოგადოების დოკუმენტაციას უშუალოდ ან აუდიტორის მეშვეობით და საწარმოს ორგანოებს მოსთხოვოს განმარტებები წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, მაგრამ ამ ანგარიშის დამტკიცებამდე. თუ აღმოჩნდება, რომ ანგარიშში არსებითი შეცდომაა, ამ ანგარიშის შემოწმების ხარჯები ეკისრება საწარმოს. კონტროლისა და შემოწმების ეს უფლებები შეიძლება, შეიზღუდოს მხოლოდ ამ კანონით, გაფართოება კი შესაძლებელია წესდებით), ხოლო 46.4 (დირექტორებმა პარტნიორის მოთხოვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდონ მას ინფორმაცია საზოგადოების საქმიანობის შესახებ და ნება დართონ, გაეცნოს საზოგადოების წიგნებსა და ჩანაწერებს) მუხლით აღიარებულია დირექტორის, როგორც ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მოვალეობა, ხელი შეუწყოს პარტნიორს სპეციალური კანონით (მათ შორის 3.10 მუხლით) გათვალისწინებული უფლების განხორციელებაში, რაც სწორად განმარტა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ.
28. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს სასამართლოს გადაწყვეტილებით მიეცეს უფლება საწარმოში წარადგინოს მის მიერ შერჩეული (მოწვეული) აუდიტორი - საზოგადოებაში სამეურნეო მოქმედებების (წლიური ბალანსის) სპეციალური შემოწმებისათვის, რაც მოსარჩელეს, როგორც საწარმოს პარტნიორს, საშუალებას მისცემს, საწარმოს კომერციული, სამეწარმეო საქმიანობის შემოწმების შედეგად გამოიტანოს დასკვნები წლიური ანგარიშების სისწორესთან დაკავშირებით.
29. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კასატორმა ვერცერთი არგუმენტით ვერ გააქარწყლა სასარჩელო მოთხოვნის მართებულობა, რომლის კანონიერება წინამდებარე განჩინების 27-ე პუნქტში მითითებული სამართლებრივი დანაწესებიდან გამომდინარეობს და მოპასუხე მხარეს ავალდებულებს უზრუნველყოს შემოწმებისა და კონტროლის შესახებ პარტნიორის უფლების რეალიზაცია.
30. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორთა პრეტენზიას, რომლის თანახმად, მოწინააღმდეგე მხარემ (მოსარჩელემ) სასამართლოში საქმის მიმდინარეობისას დოკუმენტების გამოთხოვასთან დაკავშირებით შუამდგომლობა დააყენა, რაც დაკმაყოფილდა და საწარმოს დირექტორმა წარმოადგინა ყველა ის დოკუმენტი, რაც საწარმოს გააჩნდა, შესაბამისად, ის ფაქტობრივი საფუძველი, რაც გახდა ამ ნაწილში სასარჩელო წარმოების მიზეზი, პროცესის მიმდინარეობის დროს აღმოიფხვრა.
31. უდავოა, რომ სასამართლოს დავალებით მოპასუხემ გარკვეული სახის დოკუმენტები მართლაც წარმოადგინა სასამართლოში, თუმცა როგორც საწარმოს პარტნიორი ამტკიცებს წარმოდგენილი დოკუმენტები არასრულია. ამდენად, იმ პირობებში, როცა მოსარჩელე პრეტენზიას აცხადებს გამოთხოვილი დოკუმენტების სრულყოფილებასთან დაკავშირებით, მიუთითებს მის არასრულ ხასიათზე და სურს აუდიტორის მეშვეობით გაეცნოს საზოგადოების დოკუმენტაციას, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას გაიზიაროს კასატორთა მითითება, რამეთუ აღნიშნული ზღუდავს პარტნიორის უფლებას.
32. საკასაციო პალატის განმარტებით, გამოთხოვნილ მტკიცებულებათა სრულად წარმოდგენა დამოკიდებული იყო მხოლოდ კეთილსინდისიერებაზე საწარმოსი, შესაბამისად, სასამართლოში მტკიცებულებათა არასრული სახით წარდგენასთან დაკავშირებით ეჭვის არსებობის შემთხვევაში, სასამართლოს უნდა უზრუნველეყო საწარმოს პარტნიორისათვის კანონით მინიჭებული უფლების სრულყოფილი რეალიზაცია, რაზეც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ კანონიერად იმსჯელა. ამასთან, გასათვალისწინებელია მოპასუხე მხარის პოზიცია, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ სხვა დოკუმენტების არარსებობაზე მიუთითებს, მაინც ასაჩივრებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტლებას, რისი გათვალისწინებითაც, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს პარტნიორის კანონით დადგენილი უფლების შესრულების მოპასუხე მხარისათვის დავალების საფუძველი.
33. კასატორთა მითითებაზე იმის შესახებ, რომ მოწინააღმდეგე მხარის მიერ მითითებული დოკუმენტაციიდან გარკვეული ნაწილი საწარმოში შესაძლოა არ არსებობდეს, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს არ წარმოადგენს. იმ შემთხვევაში, თუ ამ დოკუმენტაციის გარკვეული ნაწილი, რაიმე ობიექტური მიზეზის გამო, საწარმოს არ გააჩნია, ეს გაირკვევა გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე.
34. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
35. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
36. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
37. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-1571-2018, 2019 წლის 8 აგვისტოს განჩინება; №ას-698-664-2015, 2015 წლის 6 აგვისტოს განჩინება, №ას-964-925-2014, 2015 წლის 24 ივლისის განჩინება).
38. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
39. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორებს დაუბრუნდებათ 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ქ.№1 ს.პ.დ–ისა“ და თ.ჟ–ის საკასაციო საჩივრი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს „ქ.№1 ს.პ.დ–ისა“ (ს/ნ .....) და თ.ჟ–ს (პ/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ მ.მ–ის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება №11028434594 / გადახდის თარიღი 10.06.2021), 70% – 210 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე