საქმე №ას-731-2021 30 სექტემბერი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ი.ხ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები - შპს ,,№.. ს.პ. დ–ი“, თ.ჟ–ი (მოპასუხეები)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - პარტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობა, ქმედების დავალდებულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ი.ხ–ძემ (შემდგომ – მოსარჩელე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში (თავდაპირველ მოსარჩელეებს ასევე წარმოადგენდნენ ბ.ლ–ი, თ.ფ–ი და ს.გ–ი, თუმცა მათ სარჩელი გაიხმეს, რის გათვალისწინებითაც მათი სარჩელი განუხილველად დარჩა) შპს ,,№.. ს.პ. დ–ისა“ (შემდგომ - პირველი მოპასუხე, საწარმო, პირველი მოწინააღმდეგე მხარე) და თ.ჟ–ის (შემდგომ - მეორე მოპასუხე, მეორე მოწინააღმდეგე მხარე, საწარმოს დირექტორი) მიმართ და მოითხოვა, სასამართლოს გადაწყვეტილებით მიეცეს უფლება საწარმოში წარადგინოს მის მიერ შერჩეული (მოწვეული) აუდიტი - საზოგადოებაში სამეურნეო მოქმედებების (წლიური ბალანსის) სპეციალური შემოწმებისათვის 2008 წლიდან - კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე და ბათილად იქნეს ცნობილი საწარმოს 2016 წლის 5 მაისის N1-2016 პარტნიორთა კრების ოქმი.
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც ამ უკანასკნელმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით, აპელანტის (მოსარჩელის) სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოსარჩელეს უფლება მიეცა, საწარმოში წარადგინოს მის მიერ შერჩეული (მოწვეული) აუდიტი საზოგადოებაში სამეურნეო მოქმედებების (წლიური ბალანსის) შემოწმებისათვის 2008 წლიდან კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
4. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას საწარმოს 2016 წლის 5 მაისის პარტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობის მოთხოვნით, აღნიშნული განუხილველად დარჩა შემდეგი საფუძვლებით:
5. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელემ საბოლოოდ საწარმოს 2016 წლის 5 მაისის პარტნიორთა №1-2016 კრების ოქმი სადავო გახადა იმ ნაწილში, რომლითაც დადგინდა, რომ საწარმოს საწესდებო კაპიტალში შეტანილ უნდა იქნეს ცვლილება მისი მოცულობის ზრდის ან შემცირების გარეშე, ჩამოიწეროს ბალანსიდან საწესდებო კაპიტალის შესავსებად შეტანილი, ამჟამად გამოუსადეგარი ქონება - ინვენტარის სახით და ჩანაცვლდეს ქ. ქუთაისში, .... ქუჩა №20-ში/..... ქუჩა №..-ში მდებარე საწარმოს უძრავი ქონების, შენობის ნაწილის საბალანსო ღირებულებიდან იმავე 10 000 ლარის მოცულობის ქონებრივი შენატანით (იხ. ტ. 3, ს.ფ. 129-153), რაც სააპელაციო სასამართლოს მითითებით აღიარებითი ხასიათისაა.
6. საკასაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 180-ე მუხლზე და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, პარტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობა - მოსარჩელე მხარის დარღვეული უფლების აღდგენის წინაპირობა ვერ გახდება, ვინაიდან, მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში არ არის მოთხოვნილი რაიმეს მიკუთვნება ან შესრულება, ხოლო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, საკუთარი ინიციატივით მიაკუთვნოს მხარეს ის, რაც მას არ მოუთხოვია (სსსკ-ის 248-ე მუხლი).
7. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კრების ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, ვინაიდან არ დგინდება ის გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე თავის მოთხოვნებს აფუძნებს, კერძოდ, საწესდებო კაპიტალში შენატანი იყო ფულადი და არა მოძრავი ქონების სახით და ამ ქმედებამ/ცვლილებამ საწესდებო კაპიტალში (ე.ი. ამორტიზებული მოძრავი ქონების ჩანაცვლებამ უძრავი ქონებით) მას რაიმე ზიანი მიაყენა ან მომავალში მოუტანს. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, თუ დავუშვებთ, საწესდებო კაპიტალში შენატანი ფულადი სახის იყო და იგი ჩანაცვლდა უძრავი ქონებით, მაინც დაუდასტურებელია რა სამართლებრივ სარგებელს მიიღებს მოსარჩელე კრების ოქმის ბათილობით.
8. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით დგინდება, რომ საწარმოში დამფუძნებლების მიერ საწესდებო კაპიტალში 10 000 ლარი არა ფულადი, არამედ მოძრავი ქონების სახით შევიდა. წარმოდგენილი სარჩელი კი, გამორიცხავს მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არსებობას, რომელსაც წარმოადგენდა საწესდებო კაპიტალის არა უძრავი ქონებით, არამედ ფულადი სახით არსებობა, რის გამოც, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა მოცემული სარჩელის დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი და ამ ნაწილში იგი განუხილველად უნდა დარჩენილიყო საქმის წარმოების პირველივე (დასაშვებობის შემოწმების) ეტაპზე.
9. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება აპელანტმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა შემდეგი საფუძვლებით:
9.1 კერძო საჩივრის ავტორის არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომლის თანახმად, საწარმოს საწესდებო კაპიტალს წარმოადგენდა 10 000 ლარად ღირებულ ქონება და არა ფულადი შენატანი. ამ უკანასკნელის განმარტებით, სასამართლომ მიუთითა 1997 წლის 8 სექტემბრის აქტსა და იმავე წლის 4 სექტემბრის აუდიტორულ დასკვნაზე, მაშინ როცა, საქმეში წარდგენილია საწარმოს წესდება, რომლის თანახმად, ერთმნიშვნელონად დგინდება, რომ საწარმოს საწესდებო კაპიტალი 10 000 ლარს შეადგენს. გასათვალისწინებელია ზემოაღნიშნულის დამადასტურებელი მოპასუხის მიერ წარდგენილი და საქმეში არსებული აუდიტის დასკვნებიც.
9.2 კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა სადავო კრებისა და ოქმის შედგენის კანონიერებაზე, მაშინ, როდესაც დადგენილია, რომ 2016 წლის 5 მაისის საწარმოს პარტნიორთა საერთო კრება არ მოუწვევიათ და არც გაუმართავთ საწარმოს წესდებისა და კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.
9.3 კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კანონს, ბუნდოვანია და მის უფლებებს არღვევს. ამ ცვლილებით საწესდებო კაპიტალის მოცულობა იზრდება, რაც ეწინააღმდეგება კრების დღის წესრიგსა და კანონს. საწარმოს საწესდებო კაპიტალი დაფუძნების დღიდან შეადგენდა 10 000 ლარს და დირექტორმა, მხოლოდ საკუთარი შეხედულებით, მოულოდნელად მიიღო გადაწყვეტილება და თანხა უძრავი ქონებით ჩაანაცვლა, რაც უკანანოა. სადავო კრების გადაწყვეტილებამდე საზოგადოების საწესდებო კაპიტალი შეადგენდა 10 000 ლარს, რაც დამფუძნებლების ფულადი შენატანის ხარჯზე შეიქმნა, ხოლო დღეის მონაცემებით, საწინააღმდეგო დგინდება და აპელანტის ფულადი შენატანი იკარგება.
9.4 კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, მისი დაცვის ობიექტია ფულადი თანხა, რომელიც მან შეიტანა საწესდებო კაპიტალში (260 ლარი), ასევე - დამფუძნებლების, მათ შორის, კერძო საჩივრის ავტორის სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი განკერძოებული საკუთრება - საწარმოს საწესდებო კაპიტალი.
9.5 კერძო საჩივრის ავტორი საქმის ზეპირი მოსმენით განხილვას ითხოვს.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 6 აგვისტოს განჩინებით, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
11. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
12. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
13. საკასაციო პალატის მსჯელობის საგანს მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არარსებობის საფუძვლით, პარტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელის განუხილველად დატოვების კანონიერება წარმოადგენს.
14. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალების თანახმად, სარჩელით მოთხოვნილი იყო საწარმოს 2016 წლის 5 მაისის №1-2016 პარტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობა და ქმედების განხორციელების დავალდებულება, კერძოდ, მოსარჩელეს სასამართლოს გადაწყვეტილებით მიეცეს უფლება, საწარმოში წარადგინოს მის მიერ შერჩეული (მოწვეული) აუდიტი - საზოგადოებაში სამეურნეო მოქმედებების (წლიური ბალანსის) სპეციალური შემოწმებისათვის 2008 წლიდან - კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
15. უდავოა, რომ ქმედების განხორციელების დავალდებულების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, თუმცა, რაც შეეხება, საწარმოს 2016 წლის 5 მაისის პარტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობას (მოსარჩელემ საბოლოოდ საწარმოს 2016 წლის 5 მაისის პარტნიორთა №1-2016 კრების ოქმი სადავო გახადა იმ ნაწილში, რომლითაც დადგინდა, რომ საწარმოს საწესდებო კაპიტალში შეტანილ უნდა იქნეს ცვლილება მისი მოცულობის ზრდის ან შემცირების გარეშე, ჩამოიწეროს ბალანსიდან საწესდებო კაპიტალის შესავსებად განხორცილებეული, ამჟამად გამოუსადეგარი ქონება - ინვენტარის სახით და ჩანაცვლდეს ქ. ქუთაისში, ......../ ქუჩა №..-ში მდებარე საწარმოს უძრავი ქონების, შენობის ნაწილის საბალანსო ღირებულებიდან იმავე 10 000 ლარის ქონებრივი შენატანით) აღნიშნული განუხილველად დარჩა იმ საფუძვლით, რომ აღიარებითი ხასიათის იყო მოთხოვნა, რომლის იურიდიული ინტერესის არსებობა არ იკვეთებოდა.
16. საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს აპელანტის მოთხოვნას, რომლითაც მხარე აპელირებს პარტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობაზე და დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ სარჩელის ინსტიტუტის საპროცესო კლასიფიკაციას თავად სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ანალიზი იძლევა და, დოქტრინაში განვითარებული შეხედულების თანახმად, ძირითად სახეებად გვევლინება მიკუთვნებითი, გარდაქმნითი და აღიარებითი სარჩელები. პირველი ორი ჯგუფის სარჩელების ძირითადი მახასიათებელი ნიშანი ისაა, რომ ამ ტიპის სარჩელებზე მიღებული გადაწყვეტილება რეალური, აღსრულებადი გადაწყვეტილებაა და ამიტომ მათ აღსრულებად სარჩელადაც მოიხსენიებენ. რაც შეეხება აღიარებით სარჩელს, ის ასევე დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის საპროცესო საშუალებაა, თუმცა აღიარებითი სარჩელის მიმართ საკანონმდებლო დათქმები განსხვავებულია.
17. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი საწარმოს 2016 წლის 5 მაისის პარტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობის მოთხოვნით დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მის მიერ აღძრული აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესი, რაც, სსსკ-ის 180-ე მუხლის თანახმად, სხვა პროცესუალურ წინაპირობებთა ერთად, სარჩელის დასაშვებობის ერთ-ერთი წინაპირობაა.
18. აღიარებითი სარჩელის ლეგალურ დეფინიციას შეიცავს სსსკ-ის 180-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, სარჩელი შეიძლება, აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. აღიარებითი სარჩელი, სრულად უნდა შეესაბამებოდეს სსსკ-ის 178-ე მუხლით განსაზღვრულ ფორმალურ და შინაარსობრივ მოთხოვნებს, თუმცა ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით დაწესებულია დამატებითი მოთხოვნა ამ ტიპის სარჩელებისათვის - იურიდიული ინტერესი, რომელსაც სასამართლო სარჩელის დასაშვებობისას ფორმალურსამართლებრივი თვალსაზრისით ამოწმებს, ხოლო, დაშვების შემთხვევაში, სწორედ ამ ინტერესის ნამდვილობაზეა დამოკიდებული სარჩელის წარმატებულობა. გასათვალისწინებელია, რომ დავის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობის შემოწმება განეკუთვნება სამართლის საკითხს, როდესაც პასუხი უნდა გაეცეს მთავარ კითხვებს: აქვს მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ? უზრუნველყოფს მოსარჩელის მოთხოვნა ამ ინტერესის დაკმაყოფილებას? იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის სუბიექტური ინტერესით, არამედ მატერიალურსამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მატერიალურსამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი. იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს განეკუთვნება შემდეგი: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებას; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა.
19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ერთ-ერთ საქმეზე (იხ. სუსგ [დიდი პალატა] №ას-664-635-2016, 2 მარტი, 2017 წელი) განმარტა შემდეგი: აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი რამ სასამართლომ გადაწყვეტილებით აღიაროს, მაგალითად: მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს, ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათისაა და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (იხ. სუსგ-ები: №ას-17-14-2015, 01.07.2015წ.; №ას-937-887-2015, 10.11.2015; №ას-1069-1008-2015, 16.12.2015წ.; №ას-869-819-2015, 11.12.2015წ.; №ას-773-730-2015, 08.09.205წ.; №ას-181-174-2016, 06.05.2016წ.; №ას-1025-967-2015, 23.12.2015წ.; №ას-323-308, 2016, 03.06.2016წ.; №ას-407-390-2016, 10.6.2016წ; №ას-375-359-2016, 17.06.2016წ.).
20. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულ მსჯელობას, ყურადღებას ამახვილებს მოსარჩელის მოთხოვნაზე და განმარტავს, რომ ამ უკანასკნელის მიერ მოთხოვნილი პარტნიორთა 2016 წლის 5 მაისის №1-2016 კრების ოქმი ბათილად ცნობა (იმ ნაწილში, რომლითაც დადგინდა, რომ საწარმოს საწესდებო კაპიტალში შეტანილ უნდა იქნეს ცვლილება მისი მოცულობის ზრდის ან შემცირების გარეშე, ჩამოიწეროს ბალანსიდან საწესდებო კაპიტალის შესავსებად განხორცილებული, ამჟამად გამოუსადეგარი ქონება - ინვენტარის სახით და ჩანაცვლდეს ქ. ქუთაისში, ......./..... №..-ში მდებარე საწარმოს უძრავი ქონების, შენობის ნაწილის საბალანსო ღირებულებიდან იმავე 10 000 ლარის მოცულობის ქონებრივი შენატანით) მოსარჩელე მხარის დარღვეული უფლების აღდგენის წინაპირობა ვერ გახდება.
21. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს იმ იურიდიული შედეგების მიღწევადობა, რაც მოსარჩელეს სურს ამგვარი აღიარებით. აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული იურიდიული ინტერესი მნიშვნელოვანი სამართლებრივი მოვლენაა. ასეთი ინტერესის არსებობა ყოველთვის გულისხმობს, რომ მხარე გარკვეულ მნიშვნელობას ანიჭებს ინტერესის ობიექტს. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ იურიდიული ინტერესი არ განისაზღვრება მხოლოდ პირის სუბიექტური დამოკიდებულებით, ანუ მხოლოდ მისი სურვილით, არამედ აუცილებელია მისი ობიექტური მხარეც. ობიექტური თვალსაზრისით, ინტერესი მოიცავს შედეგებს, რომელიც კონკრეტული მოთხოვნის დაკმაყოფილების შედეგად ობიექტურად მიღწევადი უნდა იყოს, შესაბამისად, რომც დავუშვათ ვარაუდი ამ სახით სარჩელის წარმატების თაობაზე, იგი მატერიალური სარგებლის მომტანი მოსარჩელეთათვის მაინც ვერ იქნება.
22. საკასაციო პალატა, საკითხის სრულყოფის მიზნით მოიშველიებს „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ ევროპულ კონვენციას, რომლის მე-6 მუხლით რეგულირებულია სამართლიანი სასამართლოს კონცეფცია. კონვენციის აღნიშნული დათქმა, ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, ექვემდებარება ფართო განმარტებას და არა მხოლოდ საქმის მიუკერძოებელ განხილვას, არამედ სამართლიან გადაწყვეტასაც მოიცავს, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულების განხორციელებას არ უნდა ჰქონდეს ფორმალური ხასიათი, არამედ, სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტურ და რეალურ დაცვაზეა ორიენტირებული, რაც ეროვნული სასამართლოს მიერ საკითხის ამომწურავ გადაწყვეტაზე მიანიშნებს და არა ფორმალური ხასიათის სამართალწარმოებაზე, რომელსაც დავის აღმოფხვრა შედეგად არ მოჰყვება. (საქმეზე: Apostol v. Georgia; §37; ასევე, Hornsby v.Greece, §40 ევროსასამართლომ განმარტა, რომ საერთო სასამართლოებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ აღძრული სარჩელისადმი მოსარჩელის იურიდიულ ინტერესზე, ასევე, იმ საკითხზე, თუკი აღიარებითი სარჩელის ნაცვლად, შესაძლებელია მიკუთვნებითი მოთხოვნის წაყენება მოპასუხისადმი, რაც იმავდროულად გადაწყვეტილების აღსრულებაუნარიანობის საკითხსაც უკავშირდება, რადგან გადაწყვეტილების აღსრულება მხარისათვის გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს განუყოფელი ნაწილია, ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე. იხ. ასევე: (IZA Ltd and Makrakhidze v. Georgia, §42; Burdov v. Russia, §34; Hornsby v. Greece, §40).
23. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მისი მიზანი და იურიდიული ინტერესი ის ფულადი თანხაა, რომელიც მან საწარმოს საწესდებო კაპიტალში შეიტანა (260 ლარი) და წარმოადგენს დამფუძნებელთა, მათ შორის - კერძო საჩივრის ავტორის სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილ განკერძოებულ საკუთრებას, თუმცა სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებიდან ირკვევა, რომ საწარმოს საწესდებო კაპიტალი შეადგენდა 10 000 ლარად ღირებულ ქონებას და არა ფულად თანხას, რასაც ადასტურებს 1997 წლის 8 სექტემბრისა და იმავე წლის 1997 წლის 4 სექტემბრის აუდიტორული შეფასების აქტი, რომელთა მიხედვით, შეფასებისთვის წარდგენილ იქნა: ბორტმანქანის კომპლექტი, პაციენტისა და ექიმის სამი სავარძელი, ელღუმელი და ორი საპროთეზო ლაბორატორიული მანქანა. წარდგენილი ქონება დათვალიერდა და მათი საბაზრო ღირებულება 10 000 ლარად შეფასდა. 1997 წლის 8 სექტემბრის აქტის თანახმად კი, რომელსაც ხელს აწერენ საწარმოს დამფუძნებლები, მათ შორის, კერძო საჩივრის ავტორი, ირკვევა, რომ დამფუძნებლებმა საწარმოს დირექტორს გადასცეს საწესდებო კაპიტალში ჩადებული ქონება, სამეურნეო საქმიანობის განხორციელების მიზნით.
24. 2016 წლის 14 მაისის აუდიტორული დასკვნით დგინდება, რომ აუდიტორმა საწესდებო კაპიტალში მოძრავი ქონება ჩაანაცვლა უძრავი ქონებით, ვინაიდან მოძრავი ნივთები ჩამოიწერა და ფიზიკურად აღარ არსებობდა, რისი გათვალისწინებითაც, ჩაენაცვლა ადმინისტრაციული შენობის ერთი ოთახით, რომლის ფართი შეადგენს 9.623 კვ.მ-ს და 10 000 ლარით შეფასდა.
25. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 102-ე და 105-ე მუხლების საფუძველზე მართებულად გამოიკვლია საქმის მასალები და წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების გზით სწორად დაასკვნა, რომ საწარმოში დამფუძნებლების მიერ საწესდებო კაპიტალში 10 000 ლარი არა ფულადი, არამედ მოძრავი ქონების სახით შევიდა.
26. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, რაკი საწარმოს საწესდებო კაპიტალი წარმოადგენდა 10 000 ლარად ღირებულ ქონებას და არა ფულად შენატანს, ამასთან, ქონების ჩანაცვლებით საწესდებო კაპიტალი არ შეცვლილა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სარჩელის მიმართ მოსარჩელეს ნამდვილი იურიდული ინტერესი არ გააჩნია და პარტნიორთა 2016 წლის 5 მაისის №1-2016 კრების ოქმის ბათილად ცნობა, მოსარჩელის დარღვეული უფლების აღდგენის წინაპირობა ვერ გახდება, ვინაიდან აღნიშნული მის მიზანს არ ამართლებს და ამ უკანასკნელის მხოლოდ სუბიექტურ ინტერესად უნდა შეფასდეს, რომელსაც ცალკე აღებულს, არავითარი მატერიალურსამართლებრივი სარგებლის მოტანა მოსარჩელისათვის არ შეუძლია.
27. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საწარმოს საწესდებო კაპიტალში ფულადი სახით შენატანი განხორციელებული არ იყო და კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა არ შეიძლება, სარჩელის დაცვის ღირსი ინტერესი იყოს. მის მიმართ არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილებით, მოსარჩელის უფლებების დაცვა ვერ მიიღწევა, რაც აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების აუცილებელ ელემენტს - იურიდიული ინტერესის არსებობას გამორიცხავს. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ საწესდებო კაპიტალი არ შეცვლილა, ფულადი თანხის ჩანაცვლების შემთხვევაშიც კი გაუგებარია, რა სამართლებრივ შედეგს მოუტანს პარტნიორთა კრების ბათილად ცნობა კერძო საჩივრის ავტორს.
28. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საწარმოს საწესდებო კაპიტალმა 10 000 ლარის ღირებულების ქონება შეადგინა, შესაბამისად, სწორედ ეს თანხა მიეთითა წესდებაშიც საწარმოს კაპიტალად, რაც გამორიცხავს კერძო საჩივრის 9.1 პუნქტში მითითებულ პრეტენზიას.
29. რაც შეეხება მოსარჩელის პრეტენზიას, რომელიც პარტნიორთა კრების კანონით დადგენილი წესით გამართვას ეხება, საკასაციო პალატის მითითებით, ვინაიდან მოსარჩელის იურიდიული ინტერესი გამოკვეთილი და დასაბუთებული არ არის, სასამართლო დავის მატერიალურ საფუძველზე ვერ იმსჯელებს, რადგან სსსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული ინტერესის არარსებობა სსსკ-ის 186-ე მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, ხოლო 187-ე მუხლის მეორე ნაწილის არსებობა - საქმისწარმოების შეწყვეტის ან სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველი.
30. კერძო საჩივრის ავტორი შუამდგომლობს კერძო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვას, რასთან დაკავშირებითაც, საკასაციო პალატა სსსკ-ის 419-ე მუხლზე (კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოქავს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს კერძო საჩივრის მიღებიდან 2 თვის ვადაში (419.1 მუხლი); განჩინება გამოიტანება საქმის ზეპირი განხილვის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს კერძო საჩივრის ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას (419.2 მუხლი)) მითითებით განმარტავს, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, საქმის გარემოებები არ არის გამოსარკვევი, არ არსებობს კერძო საჩივრის ზეპირი განხილვის მიზანშეწონილობაც.
31. აქვე, საკასაციო პალატა კერძო საჩივრის ავტორის ყურადღებას გაამახვილებს „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ ევროპულ კონვენციაზე, რომლის მე-6 მუხლით რეგულირებულია სამართლიანი სასამართლოს პრინციპი. კონვენციის აღნიშნული დათქმა, ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, ექვემდებარება ფართო განმარტებას და არა მხოლოდ საქმის მიუკერძოებელ განხილვას, არამედ სამართლიან გადაწყვეტასაც მოიცავს, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულების განხორციელება არ უნდა იყოს ფორმალური, არამედ სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტურ და რეალურ დაცვაზეა ორიენტირებული, რაც ეროვნული სასამართლოს მიერ საკითხის ამომწურავ გადაწყვეტაზე მიანიშნებს და არა ფორმალური ხასიათის სამართალწარმოებაზე, რომელსაც დავის აღმოფხვრა შედეგად არ მოჰყვება (შდრ. სუსგ №ას-302-285-2017, 2017 წლის 16 ივნისის განჩინება).
32. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივ დასაბუთებას, რომ არსებობს სსსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 186-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პარტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველი.
33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არსებითად სწორია, რომლის წინააღმდეგაც არ არის წარმოდგენილი სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული დასაბუთებული შედავება.
34. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კრების ოქმის ბათილად ცნობის განუხილველად დატოვების ნაწილში სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი.ხ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც განუხილველად დარჩა პარტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნა, დარჩეს უცვლელად;
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე