საქმე №ას-622-2021 13 ოქტომბერი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - თ.ტ–ი (ძირითადი მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელში - მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - თ.ო–ი (ძირითად სარჩელში - მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)
მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ზრუნვის, ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულთა დახმარების სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, არასრულწლოვნის ნახვის დღეებად კვირაში ორი დღის განსაზღვრა
დავის საგანი - განქორწინება, ალიმენტის დაკისრება, არასრულწლოვნის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონების გაყოფა, არასრულწლოვნის ნახვის დღეების განსაზღვრა, მეუღლეთა საერთო ვალების გაყოფა, ქორწინების პერიოდში შეძენილი ნივთებისა და სამკაულების გაყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თ.ტ–მა (შემდგომ - მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, დედა) სარჩელი აღძრა სასამართლოში თ.ო–ის (შემდგომ - მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე, მამა) მიმართ და მოითხოვა: მხარეთა განქორწინება, არასრულწლოვან თ.ო–ის (პ/ნ .....) - (შემდგომ - ბავშვი, არასრულწლოვანი) საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებლიად ადგილის განსაზღვრა, არასრულწლოვნის სასარგებლოდ, მოპასუხისათვის ალიმენტის - ყოველთვიურად 500 ლარის გადახდის დაკისრება ამ სარჩელის აღძვრის დღიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე და დუშეთის რაიონის სოფელ ....... მდებარე (ს/კ .....) უძრავი ქონების 2/3 ის წილის მესაკუთრედ მოსარჩელის ცნობა.
სარჩელის საფუძვლები
2. მხარეები რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2016 წლის 16 ივლისიდან, 2019 წლის 9 მაისს შეეძინათ შვილი. მხარეები ქორწინების განმავლობაში ცხოვრობდნენ თავიანთ სახელზე რეგისტრირებულ რუსთავში, ...... მდებარე, N7 ბინაში. ბავშვის დაბადების შემდეგ, მოპასუხის დამოკიდებულება მოსარჩელის მიმართ მკვეთრად გაუარესდა, რის გამოც მხარეები ერთმანეთს დაშორდნენ. ბავშვი ცხოვრობს დედასთან ერთად. მოსარჩელე არ მუშაობს და მთელ დროს უთმობს ბავშვს, ხოლო მოპასუხე დასაქმებულია ბანკში და მისი საშუალო შემოსავალი არის 2500 ლარზე მეტი. მოპასუხე აღარ მონაწილეობს ბავშვის რჩენა-აღზრდაში, მოსარჩელე ყველა ხარჯს ოჯახის წევრებისა და ახლო ნათესავების დახმარებით უზრუნველყოფს. მოსარჩელის დაანაგრიშებით, ბავშვის კვების, ტანსაცმლის, სამედიცინო გამოკვლევების და სათამაშოების ჩათვლით ყოველთვიური ხარჯი 1000 ლარის ტოლია, რომლის ნახევრის გადახდა მოპასუხის ვალდებულებაა. მხარეებმა თანაცხოვრების პერიოდში, 2018 წლის მარტში, შეიძინეს 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი, დუშეთის რაიონის სოფელ ......., რომელიც აღირიცხა მოპასუხის სახელზე. სამოქალაქო კანონმდებლობიდან გამომდინარე, ეს ქონება წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას და იმის გათალისწინებით, რომ მასთან იმყოფება საერთო შვილი, მოსარჩელემ მოითხოვა 2/3 წილის მესაკუთრედ ცნობა.
მოპასუხეების შესაგებელი
3. მოპასუხემ განქორწინებისა და ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის ნაწილში სარჩელი ცნო, ნაწილობრივ ცნო სარჩელი ალიმენტის დაკისრების თაობაზე - ყოველთვიურად 250 ლარის გადახდის ნაწილში. მოპასუხემ ქონების თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ - ქონების შუაზე გაყოფის ნაწილში.
შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა
4. მოსარჩელემ შეგებებული სარჩელით მოითხოვა შვილთან ურთიერთობის დღეების განსაზღვრა შემდეგი გრაფიკით: სამშაბათსა და ხუთშაბათს 18:00 საათიდან - 21:00 საათამდე წამოყვანის უფლებით, ასევე შაბათს, 11:00 საათიდან კვირას - 17:00 საათამდე ბავშვის ღამე დარჩენის უფლებით. შემდგომ პერიოდში, ბაგა-ბაღში და ბავშვის სკოლაში სიარულის დროს, მითითებული პერიოდი შვილთან ურთიერთობის დარჩეს უცვლელად, ასევე, ზამთრისა და ზაფხულის ყველა არდადეგები ბავშვმა გაატაროს მამასთან ერთად ქალაქიდან გაყვანის უფლებით.
5. შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ ასევე მოითხოვა შეგებებული სარჩელის მოპასუხეს დაჰკისრებოდა: 2018 წლის 5 მარტს აღებული სესხის დაფარვის მიზნით, ყოველი თვის გადასახდელი თანხის 1/2 -ის, 61 359 ლარის, გადახდა; საკრედიტო დავალიანების 9600 ლარის 1/2 -ის, 4800 ლარის, დაფარვა; მოსარჩელის მიერ სესხის დასაფარად გადახდილი თანხის 1/2, 5572 ლარი; მოსარჩელის მიერ გადახდილი ჭიპლარის სისხლის შენახვის -1878 ლარის 1/2 წილი - 939 ლარი.
6. შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ ასევე მოითხოვა მეუღლეთა ერთად ცხოვრების განმავლობაში შეძენილი შემდეგი ნივთების მიკუთვნება: 1. ტელევიზორი, ღირებულება - 1000 ლარი, 2. საძინებელი-გარნიტური ღირებულება- 2000 ლარი, 3. სარეცხი მანაქანა- 1300 ლარი, 4. ჭურჭლის სარეცხი მანქანა- 1300 ლარი, 5. ღუმელი 1 ცალი- 1500 ლარი, სულ 7100 ლარის ღირებულების ნივთები. ასევე შეძენილი და ოჯახის ახლობელების მიერ ნაჩუქარი სამკაულებიდან მოსარჩელეს მიეკუთვნოს: 1. 700 ლარად ღირებული სამაჯური, 2. საყურე და ბეჭედი ბრილიანტის თვლით - 1000 ლარად ღირებული, 3. 700 ლარიანი ყელსაბამი, სულ - 2400 ლარის ნივთები.
შესაგებელი შეგებებულ სარჩელზე
7. შეგებებული სარჩელის მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო, კერძოდ, მხოლოდ ბავშვის ნახვის დღეებთან დაკავშირებით მიუთითა, რომ თანახმაა, მამას ბავშვთან ურთიერთობა ჰქონდეს კვირაში ორი დღე, ორი საათით. სხვა სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში სარჩელი არ ცნო დაუსაბუთებლობისა და უსაფუძვლობის გამო.
მესამე პირის მოსაზრება
8. მესამე პირის - სახელმწიფო ზრუნვის, ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენელის განმარტებით, ბავშვის სწორი აღზრდა-განვითარებისთვის აუცილებელია, მას ურთიერთობა ჰქონდეს ორივე მშობელთან. შესაბამისად, თავდაპირველად შეხვედრა შესაძლებელია, დღის განმავლობაში, ხოლო მიჩვევის შემდგომ, ასაკობრივ ზრდასთან ერთად, გახანგრძლივდეს ურთიერთობისათვის დადგენილი დროც, რომელიც უნდა მოიცავდეს ღამით დარჩენასა და დასასვენებლად წაყვანასაც.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
9.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი განქორწინების, ალიმენტის დაკისრების, ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისა და ქორწინებაში შეძენილი უძრავი ქონების 2/3 წილის მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ: შეწყდა ქორწინება მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილი; მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის - თვეში 300 ლარის გადახდა, სარჩელის აღძვრის დღიდან - 2019 წლის 9 დეკემბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე; დუშეთის რაიონის, სოფელი .... მდებარე უძრავი ქონების (ნაკვეთის დანიშნულება - სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი 1000.00 კვ.მ, საკადასტრო კოდი .....) 1/2 ნაწილის მესაკუთრედ ცნობილ იქნა მოსარჩელე.
9.2. ამავე გადაწყვეტილებით, შეგებებული სარჩელი ბავშვთან ურთიერთობისა და ნახვის დღეების განსაზღვრის, მეუღლეთა საერთო ქონების გაყოფის, მეუღლეთა საერთო ვალების გაყოფისა და თანხის დაკისრების მოთხოვნით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, მამას განესაზღვრა შვილთან ურთიერთობის შემდეგი წესი: მოსარჩელეს მიეცა უფლება, სანამ შვილი 3 წლის შესრულდება, იქონიოს ურთიერთობა შვილთან - ყოველი კვირის სამშაბათსა და ხუთშაბათს, 12:00 საათიდან 21:00 საათამდე პერიოდში, ბავშვის ძილის/კვების რეჟიმის გათვალისწინებით არაუმეტეს 3 საათისა, ასევე, მხარეთა შეთანხმებით ყოველი კვირის შაბათს ან კვირას, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე პერიოდში, ინახულოს/გაასეირნოს/წაიყვანოს თავისთან ბავშვი. 3 წლის შესრულების შემდეგ მამას მიეცეს უფლება, იქონიოს ურთიერთობა შვილთან ყოველი კვირის სამშაბათსა და ხუთშაბათს, 12:00 საათიდან 21:00 საათამდე პერიოდში, არაუმეტეს 4 საათისა, ასევე, მხარეთა შეთანხმებით ყოველი კვირის პარასკევს, დღის 18:00 საათიდან მომდევნო დღის შაბათის 20:00 საათამდე ან შაბათის 18:00 საათიდან მომდევნო დღის კვირის 20:00 საათამდე, თავის საცხოვრებელ ადგილზე წაყვანისა და ღამით დატოვების უფლებით. ბავშვის 3 წლის შესრულების შემდეგ მამას ნება დაერთო, წაიყვანოს თავის საცხოვრებელ ადგილზე ან დასასვენებლად ზაფხულისა და ზამთრის არდადეგებზე, დღეების თანაბარი განაწილებით, მხარეთა შეთანხმებით.
9.3. ბავშვის 3 წლის შესრულების შემდეგ - 09.05.2022 წლიდან შეგებებული სარჩელის მოპასუხეს დაეკისრა ყოველთვიურად სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებული შენატანის თანაბარი გადახდა შეგებებული სარჩელით მოსარჩელის მიერ 2018 წლის 5 მარტს სს ,,თ.ბ–ში" აღებული იპოთეკური სესხის 1/2 -ის დაფარვაში თანამონაწილეობა დარჩენილი ნაწილის სრულად დაფარვამდე.
9.4. დანარჩენ ნაწილში შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
10. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით მხოლოდ არასრულწლოვნის ნახვის დღეების განსაზღვრის ნაწილში გაასაჩივრა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 აპრილის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
12. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინა საქმეში ჩაბმული მესამე პირის - სახელმწიფო ზრუნვის, ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენელის განმარტება, რომლის თანახმადაც ბავშვის სწორი აღზრდა-განვითარებისთვის აუცილებელი იყო, მას ურთიერთობა ჰქონოდა ორივე მშობელთან. შესაბამისად, შესაძლებელია თავდაპირველად შეხვდნენ დღის განმავლობაში, ხოლო მიჩვევის შემდგომ, ასაკობრივ ზრდასთან ერთად, გაიზარდოს ურთიერთობისათვის დადგენილი დროის ხანგრძლივობა, რომელიც უნდა მოიცავდეს ღამით დარჩენისა და დასასვენებლად წაყვანის უფლებას. საქმეში წარმოდგენილი სოციალური მუშაკის დასკვნებით სასამართლომ დაადგინა, რომ არასრულწლოვანი ბავშვის ორივე მშობლის ოჯახში შექმნილია კეთილსაიმედო საცხოვრებელი პირობები და უსაფრთხო გარემო.
13. პალატამ ასევე მიუთითა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 აპრილის სხდომაზე გამოცხადებულ მოწინააღმდეგე მხარესა და არასრულწლოვანს შორის შედგა კონტაქტი, რომლის ფარგლებშიც ბავშვმა არავერბალურად უპასუხა სასამართლოს კითხვებს, კერძოდ, მიუთითა მამაზე, როდესაც სასამართლომ ჰკითხა, თუ სად იყო მამიკო, ჟესტების ენით აღნიშნა, რომ მამიკო უყვარს, მივიდა მამასთან, ჩაეხუტა და თავისუფლად ეკონტაქტა. ამავე სხდომაზე გამოცხადებული ფსიქოლოგის შეფასებით კი, მამასა და შვილს შორის შედგა პოზიტიური შეხვედრა, ბავშის მიერ გამოხატული ემოციები იყო დადებითი, მას ჰქონდა მამასთან კონტაქტის სურვილი და ურთიერთგაუცხოვების მომენტი არ დაფიქსირებულა. ფსიქოლოგის განმარტებით, მამასა და ბავშვს შორის ურთიერთობის გასამყარებლად აუცილებელია, ხშირი კავშირი.
14. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, მამასა და შვილს შორის ინტენსიური ურთიერთობა მხოლოდ დადებითი შედეგის მომტანი იქნება ბავშვისთვის. მით უმეტეს, რომ სასამართლოს მიერ, ბავშვის ასაკის გათვალისწინებით, დადგენილია ურთიერთობის განსხვავებული წესები. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ბავშვთან ურთიერთობის თითქმის ყველა წესთან მიმართებით არსებობს დათქმა მშობელთა შეთანხმების აუცილებლობაზე. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ ამ მხრივ სასამართლოს მიერ დაცული იყო, როგორც ბავშვის ისე, ორივე მშობლის ინტერესები.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
15. ზემოაღნიშნული განჩინება მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ბავშვის ნახვის დღეებად კვირაში ორი დღით ორ-ორი საათით განსაზღვრა მოითხოვა.
16. კასატორის მტკიცებით, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ დროებით გრაფიკს მამა თავად არღვევდა, შესაბამისად, შეგებებული სარჩელით მოსარჩელის მიზანი არა შვილთან ურთიერთობის შენარჩუნება და განვითარება, არამედ ამ უფლებით მანიპულირებაა.
17. კასატორის მითითებით, მოპასუხის მიმართ, ოჯახში ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით, გამოწერილია არაერთი შემაკავებელი ორდერი და მისი ქმედებები მიჩნეულია საფრთხის შემცველად. ამასთან, მამას არ გააჩნია შვილთან ურთიერთობის უნარები და არც სურვილი აქვს, რომ ეს უნარები განუვითარდეს. შესაბამისად, დედა თანახმაა, ბავშვს ურთიერთობა ჰონდეს მამასთან კვირაში ორი დღე, ორი საათით, დედის ანდა მისი მინდობილი პირის მეთვალყურეობით, სახლში წაყვანისა და ღამე დარჩენის გარეშე. მამის მიერ მშობლის უნარის გამოვლენის შემთხვევაში, ეს გრაფიკი მომავალში შესაძლოა, გაიზარდოს, თუ ამას საჭიროდ მიიჩნევს მეურვეობის ორგანო ან სასამართლო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
18. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
19. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
21. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორებმა ვერ მიუთითეს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
22. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
23. კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო საჩივარი.
24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, მათ შორის, „ბავშვის უფლებების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის კონვენციით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციითა და საქართველოს შიდასაკანონმდებლო აქტებით აღიარებულია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ და ბავშვის უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ბავშვისა და მშობლების ურთიერთობის უფლება შეიძლება შეიზღუდოს ან გამოირიცხოს მხოლოდ მაშინ, თუ ეს აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის.
25. „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენცია აწესებს ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. კონვენციის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულისა და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში, იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპურველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას. კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან, შესაბამის შემთხვევებში, კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.
26. ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბავშვს უფლება აქვს, მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მიენიჭოს მის საუკეთესო ინტერესებს. იმავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბავშვს უფლება აქვს, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში, სადაც შექმნილია პირობები მისი ჰარმონიული აღზრდისა და განვითარებისთვის და კეთილდღეობისთვის.
27. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სსსკ-ის 354-ე მუხლით დადგენილი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იმსჯელეს და დაადგინეს სადავო საკითხის გადაწყვეტისათვის ყველა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება, რომელიც, უწინარესად, ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარეობს (გაეროს „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-3 მუხლი). ამასთან, გასაჩივრებული განჩინება, სსსკ-ის 2511.2 მუხლის შესაბამისად, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების უპირატესი გათვალისწინების მიზნით, დასაბუთებულია ბავშვის უფლებათა კოდექსის 81-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული შესაბამისი საბაზისო კრიტერიუმების მიხედვით. სწორედ ბავშვის საუკეთესო ინტერესების დასადგენად სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე სასამართლომ გამოიკვლია მტკიცებულებები - სოციალური მუშაკის დასკვნა, მესამე პირის განმარტება, ფსიქოლოგის შეფასება, თავად არასრულწლოვნის ქმედებები და ქცევა სასამართლო სხდომაზე და მხარეთა პოზიციების გათვალისწინებით, დაადგინა მცირეწლოვან შვილთან მამის ურთიერთობის კონკრეტული წესი: კვირაში ორი დღე, არაუმეტეს 3 საათისა, ხოლო ერთ-ერთ უქმე დღეს - 6 საათი. ბავშვის 3 წლის შესრულების შემდეგ მამას მიეცა უფლება კვირაში ორი დღით არაუმეტეს 4 საათისა და მხარეთა შეთანხმებით, ყოველი კვირის პარასკევს, დღის 18:00 საათიდან მომდევნო დღის შაბათის 20:00 საათამდე ან შაბათის 18:00 საათიდან მომდევნო დღის კვირის 20:00 საათამდე, თავის საცხოვრებელ ადგილზე წაიყვანოს და დატოვოს ღამით. ასევე, ბავშვის 3 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ მამას ნება დაერთო, წაიყვანოს თავის საცხოვრებელ ადგილზე ან დასასვენებლად ზაფხულისა და ზამთრის არდადეგებზე, დღეების თანაბარი განაწილებით, მხარეთა შეთანხმებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ამგვარი ეტაპობრივი ურთიერთობა სწორედ არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესს ემსახურება.
28. პალატა განმარტავს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესი მშობლებთან თანაბარი ურთიერთობის შესაძლებლობასაც მოიაზრებს და კასატორის ყურადღებას გაამახვილებს სსკ-ის 1202-ე მუხლზე (მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები). ნორმა მშობელს, რომელთანაც ცხოვრობს ბავშვი, უკრძალავს მეორე მშობელთან ურთიერთობის შეზღუდვას. უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით დაცული ოჯახური ცხოვრების პატივისცემაში იგულისხმება არა მხოლოდ ერთად მცხოვრები ოჯახის წევრების უფლებების დაცვა და პატივისცემა, არამედ, ცალ-ცალკე მცხოვრები ოჯახის წევრებს შორის კავშირის შენარჩუნებაც და ოჯახური გარემოს დაცვის ვალდებულება ისეთ შემთხვევებშიც, როგორც ეს განსახილველ საქმეშია. ეროვნული სასამართლო ვალდებულია, ხელი შეუწყოს ოჯახური კავშირის აღდგენასა და განმტკიცებას, რაც, უპირველეს ყოვლისა, ბავშვის ჭეშმარიტი და საუკეთესო ინტერესითაა განპირობებული. ოჯახის გაერთიანების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ ერთ ჭერქვეშ ცხოვრებას, არამედ მშობლისა და შვილის მჭიდრო კავშირს, რასაც ყოველმხრივ უნდა შეუწყოს ხელი სასამართლომ, თუკი არ იკვეთება ბავშვის საუკეთესო ინტერესის საწინააღმდეგო წინაპირობა, რადგან მშობლისა და ბავშვის ინტერესთა ბალანსის დაცვის პროცესში, სწორედ ბავშვის ინტერესია ამოსავალი და სახელმძღვანელო სასამართლოსა და ყველა ადმინისტრაციული თუ სხვა ორგანოსათვის, რაც უმეტესწილად გადასწონის მშობლის ინტერესს. ასეთი შეზღუდვის წინაპირობები საქმეში წარმოდგენილი სოციალური მუშაკის დასკვნისა თუ ფსიქოლოგის შეფასებით არ დასტურდება. ამასთან, ვერც კასატორი ვერ ასაბუთებს, თუ რატომ უნდა ჰქონდეს მამას შვილთან ურთიერთობა იმაზე შეზღუდული დროით (კვირაში სამი დღის ნაცვლად ორი დღე და სამი საათის ნაცვლად ორი საათი), ვიდრე ეს სასამართლომ დაადგინა.
29. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ მშობლების განქორწინების შემდეგ ბავშვთან კონტაქტის უფლება მშობელს, რომელთანაც შვილი არ ცხოვრობს, არათუ უნარჩუნდება, არამედ ის ვალდებულიცაა ურთიერთობა ჰქონდეს შვილთან, რომელიც ეფექტური და შეძლებისდაგვარად რეგულარული უნდა იყოს. რასაკვირველია, ამ საკითხის გადაწყვეტის დროს, პირველ რიგში, ბავშვის ინტერესების გათვალისწინება უნდა მოხდეს, რომელიც ორ ასპექტს გულისხმობს: ერთი მხრივ, ბავშვის ინტერესებშია, რომ იგი განვითარდეს ჯანსაღ გარემოში და მშობელს არ მიეცეს ისეთი ნაბიჯის გადადგმის შესაძლებლობა, რომელიც ზიანს მიაყენებს მის ჯანმრთელობასა და განვითარებას; მეორე მხრივ, ცხადია, ბავშვისთვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ შენარჩუნდეს მისი კავშირი მამასთან, რათა გაძლიერდეს მამის როლი და მისი აქტიური ჩართულობა ბავშვის ცხოვრებაში. შესაბამისად, თუ არ არსებობს საგამონაკლისო გარემოება, მოსარჩელეს ბავშვის თავისთან დროებით წაყვანის უფლება არ უნდა შეეზღუდოს (იხ. სუსგ საქმე №ას-63-59-2017, 13 ნოემბერი, 2018 წელი).
30. კასატორის არგუმენტი, რომ მამა სასამართლოს მიერ გაცემულ „შვილთან ურთიერთობის შესახებ დროებითი განკარგულებით“ დადგენილ გრაფიკს არღვევდა და მისი მიზანი არ არის შვილთან ურთიერთობის შენარჩუნება/განვითარება, არამედ შეგებებული სარჩელის წარდგენით ყოფილი მეუღლისათვის გარკვეული წინააღმდეგობის შექმნა, არადამაჯერებელია, რამდენადაც მოწინააღმდეგე მხარემ ყოფილი მეუღლის მიერ წარდგენილი სარჩელი ნაწილობრივ ცნო, როგორც ალიმენტის დაკისრების, ისე - ქონების მიკუთვნების ნაწილში. ასეც რომ იყოს, განსახილველ შემთხვევაში, უდავო ისაა, რომ დედა ვალდებულია, ხელი არ შეუშალოს მამა-შვილის ურთიერთობას, პირიქით, ხელი შეუწყოს მათ იმგვარი ურთიერთობის ჩამოყალიბებაში, რაც უზრუნველყოფს ბავშვის ჰარმონიულ აღზრდა-განვითარებას. ამასთან, საგულისხმოა, რომ მცირეწლოვანს დადებით ემოციებს ანიჭებს მამასთან ურთიერთობა და ამას ხელშეწყობა და მოფრთხილება სჭირდება, რაც არა მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით ევალება კასატორს, არამედ იგი ზნეობრივადაც ვალდებულია - საკუთარი შვილის საუკეთესო ინტერესებისათვის. მეორე მხრივ კი, კონკრეტულ შემთხვევაში, მოწინააღმდეგე მხარეზეა (მამა) დამოკიდებული, თუ რამდენად მართებულად გამოიყენებს იგი სასამართლოს მიერ განსაზღვრულ წესს მცირეწლოვან შვილთან ურთიერთობაში, იზრუნებს ოჯახური კავშირის გამყარებაზე ბავშვის საუკეთესო ინტერესის უპირატესობის გათვალისწინებით.
31. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ მშობლისა და ბავშვის მიერ მათი ერთად ყოფნით სიამოვნების მიღება ქმნის ოჯახური ცხოვრების ფუნდამენტურ ელემენტს (იხ. „ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“). შესაბამისად, უკიდურესი და გამონაკლისი შემთხვევების გარდა, თითოეული მშობლის მიერ წახალისებული უნდა იყოს ბავშვის მეორე მშობელთან ურთიერთობა, ვინაიდან აღნიშნული წარმოადგენს ბავშვის სრულყოფილი აღზრდა-განვითარებისათვის აუცილებელ წინაპირობას.
32. კასატორი იმაზეც აპელირებს, რომ მამის მიმართ გამოწერილია შემაკავებელი ორდერი, დედის მიმართ ფსიქიკური ძალადობის გამო. მშობლებს შორის დაძაბული ურთიერთობა რომ იყო, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმაც მიუთითეს (საქმის მასალებიდან დგინდება, რომ შემაკავებელი ორდერი ორივე მხარის მიმართ იყო გამოწერილი. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ მოწინააღმდეგე მხარეს მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერი არ დაურღვევია), თუმცა ეს არ შეიძლება აისახოს ბავშვის რომელიმე მშობელთან ურთიერთობაზე. ასეთ სიტუაციაში შეძლებისდაგვარად უნდა იქნეს გათვალისწინებული სუბიექტური ფაქტორებიც - ბავშვის მიერ არსებული სიტუაციის აღქმა, რაც შესაბამისი დაკვირვება-გამოკვლევის გზითაა შესაძლებელი. მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, მამასა და შვილს შორის პოზიტიური ურთიერთობაა, ბავშვი მამის მიმართ გამოხატავს დადებით ემოციას, აქვს მამასთან კონტაქტის სურვილი. ფსიქოლოგის რეკომენდაციაც მამასა და შვილს შორის ხშირი კავშირის აუცილებლობაზე მიუთითებს.
33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის შედეგადაც მიიღო კანონიერი და უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისი გადაწყვეტილება: საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა - არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც, რაც ასახულია ეროვნულ კანონმდებლობაში, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის ბოლო წინადადების თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. მართალია, საერთაშორისოდ აღიარებული ეს უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურს, თუმცა ზემოხსენებული სამართლებრივი აქტები თავადვე იძლევა ჩარევის ლეგიტიმურ დეფინიციას და განსაზღვრავს, რომ იგი პროპორციულია, თუ ჩარევა გამოწვეულია დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული აუცილებლობით, ამასთან, ჩარევის სტანდარტად გამოყენებულ უნდა იქნას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი, რაც ცალსახადაა ასახული „ბავშვის უფლებათა კონვენციაში“. მოხმობილი საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს აწესებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს, ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს, აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლით დადგენილია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ. მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით (სსკ-ის 1198.1 მუხლი). მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს (სსკ-ის 1199-ე მუხლი). მითითებული საკანონმდებლო დანაწესების ანალიზი ქმნის ცალსახა დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას, უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება, შესაბამისად, ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი იმისი უალტერნატივოდ დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა წარმოადგენს ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის/მცირეწლოვნის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის, განვითარებაში (იხ. სუსგ Nას-458-440-2016, 15.07.2016წ. №ას-159-149-2017, 31 ივლისი, 2017 წელი).
34. კასატორმა ვერც ის დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება. პირველ რიგში, ამგვარი კატეგორიის საქმებზე ევროსასამართლოს სტანდარტის მიხედვით, ფასდება გადაწყვეტილების მიღების პროცესის ხარისხი, კერძოდ, ევროსასამართლო ადგენს, ჰქონდა თუ არა შიდა სასამართლოების გადაწყვეტილებას საკმარისი მტკიცებულებითი საფუძველი (რაც მოიცავს, მოწმეთა ჩვენებებს, კომპეტენტური ხელისუფლების ორგანოთა დასკვნებს, ფსიქოლოგისა და სხვა ექსპერტის შეფასებებს და სამედიცინო ცნობებს); აგრეთვე, დაინტერესებულ მხარეებს, მათ შორის - ბავშვებს, მიეცათ თუ არა საკუთარი აზრის გამოთქმის შესაძლებლობა (Havelka and Others v. the Czech Republic, No.23499/06, § 62, 21.06.2007;Haase v. Germany, No.11057/02, § 97, 8.04.2004). საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ ეს სტანდარტი დაცულია (იხ. პ.23). გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეზე დაადგინა კონვენციის დარღვევა, როდესაც მომჩივანს არ მიეცა შვილთან ურთიერთობის საშუალება, მაგ: ევროსასამართლომ ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევად მიიჩნია ისეთი შემთხვევა, როდესაც ეროვნულმა სასამართლოებმა ვერ შეძლეს ქმედითი ღონისძიებების განხორციელება, რათა მომჩივნის, კონკრეტულ შემთხვევაში - მამის უფლება უზრუნველყოფილიყო, რომ ენახა საკუთარი ვაჟი იძულებითი აღსრულების გზით, რადგან დედამ უარი განაცხადა მანამდე მშობლებს შორის მიღწეული შეთანხმების შესრულებაზე (Zawadka v. Poland, No.48542/99, 23.06.05). ერთ-ერთ საქმეზე მე-8 მუხლის დარღვევა დადგინდა იმის გამო, რომ ადგილობრივმა ორგანოებმა ვერ შეძლეს მომჩივნის (მამის) უფლების აღსრულება (Eberhard v. Slovenia, No.8673/05 and 9733/05, 01.12.09).
35. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
36. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ: №ას-458-440-2016, 15 ივლისი, 2016 წელი; №ას-159-149-2017, 31 ივლისი, 2017 წელი).
37. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
38. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს დაუბრუნდება 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ.ტ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. თ.ტ–ს (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე კ.გ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება №0, გადახდის თარიღი 25.06.2021) 70% - 210 ლარი.
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე