Facebook Twitter

საქმე №ას-13-2021 15 ოქტომბერი, 2021 weli,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – მ.მ–ძე (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ვ.ზ–ი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ქონების მესაკუთრედ ცნობა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით მ.მ–ძის (შემდეგში: მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) სარჩელი ვ.ზ–ის (შემდეგში: მოპასუხე ან შეგებებული სარჩელით მოსარჩელე) წინააღმდეგ, ქორწინების შეწყვეტის, ქონების თანამესაკუთრედ ცნობისა და უკანონო მფლობელობიდან ნივთების გამოთხოვის თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:

1.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2013 წლის 11 აგვისტოს რეგისტრირებული (N80133001345) ქორწინება შეწყდა;

1.2. მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა - უძრავი ქონების მდებარე: ქ. თბილისი, ......, კორპუსი N1, ბინა N100; ს/კ N..... (შემდეგში: უძრავი ქონება) – 1/2 ნაწილის მესაკუთრედ ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა;

1.3. მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა და მოსარჩელეს გადაეცა შემდეგი ნივთები: საძინებელი (ღირებულებით - 2500 ლარი), გასაშლელი დივანი (ღირებულებით - 250 ლარი), გამწოვი (ღირებულებით - 195 ლარი), მაცივარი (ღირებულებით - 859 ლარი);

1.4. მოპასუხეს დაეკისრა თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი მოძრავი ნივთების ღირებულების ნახევარის ანაზღაურება, კერძოდ, მაგიდის და სკამების ღირებულების - 225 ლარის, სამზარეულოს ღირებულების - 210 ლარის, გასაშლელი დივნის ღირებულების - 175 ლარის, დუშკაბინის ღირებულების - 175 ლარის, გაზქურის ღირებულების - 150 ლარის, წყლის გამაცხელებელი „საგა ინპექსის“ ღირებულების - 75 ლარის, კორიდორის კარადის ღირებულების - 75 ლარის, გამათბობელი კარმის ღირებულების - 75 ლარის, კონდიციონერის „ბეკო“ ღირებულების - 150 ლარის, ტელევიზორის „სამსუნგი“ ღირებულების - 150 ლარის, საძინებლის ღირებულების - 475 ლარის, ტელეფონი (ჯიმობაილი) ღირებულების - 185 ლარის, სარეცხი მანქანის ღირებულების - 200 ლარის, სულ ნივთების ღირებულების ნახევრის - 2280 (ორიათას ორას ოთხმოცი) ლარის გადახდა;

1.5. მოპასუხის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა;

1.6. მოპასუხე ცნობილ იქნა ავტომანქანა „ნისან მარჩ“-ის (სანომრე ნიშანი - ......), გამოშვების წელი 2002, შასი - BK12019734, ფერი - ლურჯი, სარეგისტრაციო მოწმობა -AL3881481 გაცემული - 24.12.2014 წელი) – ½ ნაწილის მესაკუთრედ.

2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, თავდაპირველი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

4. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები:

4.1. მოსარჩელე და მოპასუხე 2013 წლის 11 აგვისტოდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ;

4.2. მათ შორის ქორწინება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით შეწყდა;

4.3. უძრავი ქონება საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, რეგისტრირებულია მოპასუხის სახელზე. საკუთრების წარმოშობის საფუძველია ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმებული 27.11.2013 წ.;

4.4. უძრავი ქონება მოპასუხის სახელზე საჯარო რეესტრში აღრიცხულია მეუღლეთა რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში. მოსარჩელე ითხოვს თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი უძრავი ქონების ½ ნაწილზე თანამესაკუთრედ ცნობას;

4.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 1161-ე მუხლი სსკ-ის 1158-ე მუხლისგან საგამონაკლისო წესს ადგენს და მეუღლეთა თანასაკუთრებად არ განიხილავს ქორწინების პერიოდში ჩუქებით მიღებულ ქონებრივ სიკეთეს. მოპასუხე სწორედ აღნიშნულ მუხლზე აპელირებდა და უთითებდა, რომ სადავო უძრავი ქონება მან მიიღო სახელმწიფოსგან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო სიმბოლურ ფასად - 1 ლარად, შესაბამისად, ეს არ იყო ნასყიდობა და ფაქტობრივად მან ქონება საჩუქრად მიიღო;

4.6. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა (წარმოდგენილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართლებრივ საკითხთა დეპარტამენტის სასამართლოებში წარმომადგენლობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის მიერ) და მოპასუხეს შორის, 2013 წლის 27 ნოემბერს, სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის, „სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებისა და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოპასუხეს საკუთრებაში გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სადავო უძრავი ქონება;

4.7. ხელშეკრულების მეორე მუხლის თანახმად, მყიდველი ვალდებული იყო გადაეხადა საპრივატიზაციო თანხა - 1 ლარი;

4.8. მოპასუხე 2011 წლის 7 მარტიდან მსახურობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების II სამმართველოს II საბრძოლო განყოფილების II საბრძოლო ქვედანაყოფის საინჟინრო სპეციალისტის თანამდებობაზე 2013 წლის 29 ოქტომბრამდე. 2013 წლის 29 ოქტომბერს მოპასუხე დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების რეინჯერთა ბატალიონის საცეცხლე მხარდამჭერი ასეულის საინჟინრო-მესანგრეთა ოცეულის საინჟინრო-მესანგრეთა I ათეულის უფროს მესანგრედ;

4.9. 2012 წლის 28 აგვისტოს, მოპასუხე მონაწილეობდა საქართველო-რუსეთის საზღვრის, დაღესტნის მონაკვეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოჭრილ შეიარაღებულ პირთა ჯგუფის დაკავების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებულ ანტიტერორისტულ სპეცოპერაციაში, რა დროსაც მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება - მარცხენა მხრის გამჭოლი ცეცხლსასროლი ჭრილობის, მარცხენა ბარძაყის ცეცხლსასროლი ჭრილობისა და ლატერალური მენისკის დაზიანების სახით;

4.10. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მიერ მომზადებულ დასკვნაში აღნიშნულია, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის დასკვნის მიხედვით, მოპასუხეს დაუდგინდა დიაგნოზი: „მარცხენა ბარძაყის ცეცხლნასროლი ჭრილობა, რბილი ქსოვილებისა და ლატერალური მენისკის დაზიანებით, მარცხენა მხარის გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობა რბილი ქსოვილების დაზიანებით“. დაზიანებები მიყენებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვიის ჭურვების მოქმედებით და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, რასაც შედეგად მოჰყვა ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა;

4.11. მოპასუხისათვის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება დადგა მეთაურის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. შესაბამისად, აღნიშნული დაზიანება მიჩნეულ იქნა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დამადასტურებელ პირობად და მის მიმართ გავრცელდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის #560 ბრძანებით გათვალისწინებული მატერიალური უზრუნველყოფის ღონისძიებები;

4.12. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, 2013 წლის 22 ნოემბერს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაუგზავნა საცხოვრებელი ფართებით (ბინით) დასაკმაყოფილებელ პირთა ნუსხა და იშუამდგომლა სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება. ბინით დასაკმაყოფილებელ პირთა სიაში იყო მოპასუხე;

4.13. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 27 ნოემბრის განკარგულებით „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ამ განკარგულების დანართ #1-ში, დანართ #2-ში, დანართ #3-ში და დანართ #4-ში მითითებული უძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1 (ერთ) ლარად საკუთრებაში გადაეცა ამავე დანართში მითითებულ ფიზიკურ პირებს, რომელთა შორის იყო მოპასუხე;

4.14. მოპასუხისათვის სადავო უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის საფუძველი გახდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიღებული ჯანმრთელობის დაზიანება;

4.15. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი და მესამე პუნქტების მიხედვით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების ფორმებია: ა) აუქციონი; ბ) პირდაპირი მიყიდვა: ბ.ა) პირდაპირი მიყიდვა; ბ.ბ) პირდაპირი მიყიდვა კონკურენტული შერჩევის საფუძველზე; გ) უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის, კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვისა და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმებით პრივატიზება ხორციელდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, ამ კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტით, 63-ე და მე-10 მუხლებით დადგენილი წესით და პირდაპირი მიყიდვის ფორმით, ქონების მმართველის მიერ, ამავე კანონის 181-ე მუხლით დადგენილი წესით;

4.16. სსკ-ის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივ, კონსენსუალურ გარიგებას წარმოადგენს, რომლის ორივე მხარე კისრულობს ურთიერთშესაბამის ვალდებულებას - საგნის გადაცემას უპირისპირდება მიღებული სიკეთის საბაზრო ღირებულების შესატყვისი თანხის გადახდის ვალდებულება. განსახილველ შემთხვევაში, სადავო ქონების სიმბოლურ ფასად 1 (ერთ) ლარად გასხვისებამ სახელშეკრულებო ურთიერთობას გამოაცალა ნასყიდობის სამართლებრივი საფუძველი. გარიგების შინაარსიდან არ დგინდება ხელშეკრულების ნასყიდობად კვალიფიკაციისთვის ფუნდამენტური საკითხი, გამყიდველი მხარის მატერიალური ინტერესის დაკმაყოფილების ნება, ქონების შესაძენად გადასახდელი თანხის ოდენობა იმდენად მცირეა, რომ განსახილველი ხელშეკრულება სასყიდლიან გარიგებად ვერ განიხილება (იხ. სუსგ #ას-1048-968-2017, 31.10.2017 წ.);

4.17. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ასახული მსჯელობა, რომ წარმოდგენილი ხელშეკრულება თავისი უსასყიდლო ხასიათის გამო ჩუქების ხელშეკრულებად უნდა დაკვალიფიცირდეს. სსკ-ის 524-ე მუხლის თანახმად, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით. ჩუქების ხელშეკრულება ცალმხრივი, მიღებასავალდებულო ნების გამოვლენაა, რომლის ნამდვილობისთვის საკმარისია დასაჩუქრებულის მზაობა, მიიღოს შეძენილი ქონება. ჩუქების ხელშეკრულებას მბოჭავი ძალა მხოლოდ მჩუქებლის მიმართ აქვს, მჩუქებლის ვალდებულებას, გადასცეს ნივთი დასაჩუქრებულს, უპირისპირდება დასაჩუქრებულის უფლება, მიიღოს ან უარი თქვას საჩუქარზე. განსახილველ საქმეზე წარმოდგენილი ხელშეკრულება გონივრული განსჯის ფარგლებში, სწორედ ამგვარ უსასყიდლო გარიგების სახედ - ჩუქების ხელშეკრულებად უნდა განვიხილოთ, ჩუქებით მიღებული ქონება კი, სსკ-ის 1161-ე მუხლის შესაბამისად, მეუღლის ინდივიდუალური საკუთრებაა და მასზე არ ვრცელდება განქორწინების შემდგომ საერთო საკუთრების მეუღლეთა შორის გაყოფის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმები.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

6. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არამართებულად მიიჩნია, რომ სახელმწიფოსა და მოპასუხეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რეალურად ჩუქების ხელშეკრულება იყო. სასამართლომ არც აპელანტის და არც მცირეწლოვანი ბავშვის ინტერესები გაითვალისწინა.

7. კასატორის განმარტებით, ნასყიდობის ხელშეკრულების სწორად შეფასების შემთხვევაში სასამართლო ცალსახად მივიდოდა დასკვნამდე, რომ ქონება ექვემდებარებოდა გაყოფას, რადგან რეესტრის ჩანაწერებით უძრავი ქონების საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტად დადგენილია ნასყიდობის ხელშეკრულება. ხოლო ეს ხელშეკრულება დღემდე ძალაშია და არავის დაუდგენია, რომ ის არ წარმოადგენს ნასყიდობის ხელშეკრულებას, და რომ ის არის დაფარული გარიგება და მის მიღმა იმალება ჩუქების ხელშეკრულება.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ, სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

11. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს ხელშეკრულების შინაარსის შეფასების თაობაზე და მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნა მართებულად არ დაკმაყოფილდა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორის ერთადერთი პრეტენზია მოპასუხის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას შეეხება. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ქორწინების განმავლობაში მოპასუხისათვის 1 ლარად გადაცემული ქონების ნახევარი, როგორც მეუღლეთა თანასაკუთრებიდან წილი, ეკუთვნის, რაც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად არ გაიზიარეს, ვინაიდან ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე იგი ჩუქებად შეფასდა და გაყოფას არ დაექვემდებარა (სსკ-ის 1161-ე, 524-ე მუხლები).

12. მოცემულ შემთხვევაში, უძრავი ნივთის თანამესაკუთრედ ცნობის შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა სსკ-ის 1158-ე (მეუღლეთა მიერ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი) მუხლიდან გამომდინარეობს.

13. სსკ-ის 1161-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თითოეული მეუღლის საკუთრებას წარმოადგენს ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით. დასახელებული ნორმა სსკ-ის 1158-ე მუხლისგან საგამონაკლისო წესს ადგენს და მეუღლეთა თანასაკუთრებად არ განიხილავს ქორწინების პერიოდში ჩუქებით მიღებულ ქონებრივ სიკეთეს.

14. კონკრეტულ შემთხვევაში, მართალია, სახელმწიფოსა და შემძენს (მოპასუხეს) შორის ნასყიდობის ხელშეკრულება ფორმალური თვალსაზრისით დაიდო, თუმცა ხელშეკრულებისა და მისგან გამომდინარე უფლებრივი მდგომარეობის შეფასებისას სასამართლოსთვის მნიშვნელოვანია არა გარიგების გარეგნული გამოხატულება, არამედ მისი შინაარსი, რამდენად შეესაბამება სამოქალაქო კანონმდებლობით ამა თუ იმ ხელშეკრულების რაობის განსაზღვრისათვის დამახასიათებელ თავისებურებებს (იხ. სუსგ #ას-1048-968-2017, 31.10.2017 წ.).

15. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს, ამ განჩინების 4.17 პუნქტში ასახულ, სამართლებრივ მსჯელობას, რომელიც მოხმობილია საკასაციო სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკიდან და განმარტავს, რომ სსკ-ის 52-ე მუხლი ადგენს განსჯის შედეგად ნების დადგენის პრინციპს და გამორიცხავს ნების სიტყვასიტყვითი გაგების პრინციპის გამოყენებას. გონივრული განსჯის შედეგად ნების დადგენა მოითხოვს იმის გარკვევას, თუ რა იგულისხმეს გარიგების მონაწილეებმა გამოხატულ ნებაში, ეს კი იძლევა შესაძლებლობას, რომ უპირატესობა მიენიჭოს მათ ნებას და არა გარიგებაში სიტყვიერად გამოხატულს (falsa demonstratio non nocet - მცდარი სახელწოდება არ ახდენს გავლენას მხარეთა შეთანხმების შინაარსზე), ამასთან, ნების გამოვლენის ინტერპრეტაციისათვის აუცილებელია იმის გათვალისწინებაც, თუ რა საბოლოო შედეგს ისახავდა სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მიზნად (იხ. ლადო ჭანტურია, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, ჭანტურია (რედ.), 2017, მუხლი 52, ველი 10) .

16. ნასყიდობის ხელშეკრულებას სამოქალაქო კანონმდებლობა ორმხრივ, კონსენსუალურ გარიგებად განიხილავს, რომლის ორივე მხარე კისრულობს ურთიერთშესაბამის ვალდებულებას - საგნის გადაცემას უპირისპირდება მიღებული სიკეთის საბაზრო ღირებულების შესატყვისი თანხის გადახდის ვალდებულება. გარიგების შინაარსიდან არ დგინდება ხელშეკრულების ნასყიდობად კვალიფიკაციისთვის ფუნდამენტური საკითხი, გამყიდველი მხარის მატერიალური ინტერესის დაკმაყოფილების ნება, ქონების შესაძენად გადასახდელი თანხის ოდენობა იმდენად მცირეა, რომ განსახილველი ხელშეკრულება სასყიდლიანი გარიგებად ვერ განიხილება (იხ. სუსგ #ას-1048-968-2017, 31.10.2017 წ.).

17. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

19.კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულ იქნა სასამართლოს მიერ სსსკ-ის 47-ე მუხლის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.მ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური