საქმე №ას-801-2021 15 ოქტომბერი, 2021 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - მ.ჩ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს "ს–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – აქტების ბათილად ცნობა, საწარმოო ტრავმის შედეგად მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მ.ჩ–ძის (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) სარჩელი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ივნისის განჩინებით.
3. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიუთითა მათზე:
3.1. შპს ,,ს–ის’’ (შემდეგში: მოპასუხე ან საწარმო) გენერალური დირექტორის 2009 წლის 09 ოქტომბრის #337-კ ბრძანების საფუძველზე, მოსარჩელე ელ. მ–ის სახელობის შახტაზე სარემონტო აღდგენითი სამუშაოების უბანში მიწისქვეშა სამთო მუშად, 2009 წლის 12 ოქტომბრიდან დაინიშნა. მასვე ჩაუტარდა სათანადო ინსტრუქტაჟი სასწავლო პროგრამის შესაბამისად. მოსარჩელის საშუალო ხელფასი 518,75 ლარს შეადგენდა.
3.2. „წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ’’ 2010 წლის 29 დეკემბრის აქტის თანახმად, 2010 წლის 28 დეკემბერს, ელ. მ–ის სახელობის შახტაში უბედური შემთხვევა მოხდა. მოსარჩელემ შტრეკში გვირაბის წმენდის დროს გონება დაკარგა, მარჯვენა ფეხი დარჩა ლიანდაგთან ახლოს, რასაც წამოედო საველე შტრეკში მოძრავი ელმავალი და მარჯვენა ფეხის ტრავმა მიიღო.
3.3. საწარმოში მომხდარი უბედური შემთხვევის მიზეზების გამოკვლევის თაობაზე 2010 წლის 30 დეკემბერს სპეციალური აქტი შედგა. კომისიის დასკვნით, უბედური შემთხვევის გამომწვევი ტექნიკური მიზეზები არ არსებობს. უბედური შემთხვევის მიზეზია, რემონტის უბნის ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის და მუშების საშემსრულებლო დისციპლინის დაბალი დონე. ასევე, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, მოსარჩელის მიერ გონების დაკარგვა. ძირს დაცემისას მოსარჩელეს სანათური გამოერთო, მარჯვენა ფეხი ლიანდაგზე დარჩა, რომელზეც ელმავალი დაეჯახა და მოტეხა. მოსარჩელე გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში და ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.
3.4. სს "ს.ბ–ის" მიერ გაცემული ,,ანგარიშიდან ამონაწერის’’ მიხედვით, 2008 წლიდან 2011 წლის მაისის ჩათვლით, მოსარჩელეს ხელფასის სახით სხვადასხვა ოდენობით თანხის ჩარიცხვები უფიქსირდება, ხოლო 2011 წლის 15 დეკემბერს შპს ,,ს.კ. ა. ჯ–ის’’ მიერ ჩარიცხული იქნა სიცოცხლის დაზღვევის თანხა 4900 ლარი.
3.5. შპს ,,თ.რ.პ–ის’’ მიერ, 2011 წლის 19 მაისს, სსე აქტის ამონაწერის (სერია # 000559) მიხედვით, მოსარჩელე არის მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უვადოდ. შესაძლებლობის შეზღუდვის მიზეზია ,,საწარმოო ტრავმა’’. უბედური შემთხვევის გამოკვლევის აქტიდან არ იკვეთება მოსარჩელის მიმართ დადგენილი ინვალიდობის ჯ–ი და მის მიერ საერთო შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხის პროცენტული შემადგენლობა.
3.6. ელ.მ–ის სახელობის შახტის დირექტორის 2011 წლის 29 დეკემბრის #02/ემსშ/HR- 01/636 ბრძანებით, მოსარჩელე 2012 წლის 01 იანვრიდან, საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სსკ) 37-ე მუხლის ,,ბ’’ პუნქტისა „კონტრაქტის ვადის გასვლის გამო“ და კონტრაქტის 5.1.1. პუნქტის შესაბამისად, სამუშაოდან გათავისუფლდა და საბოლოო ანგარიში გაუსწორდა.
3.7. საპროტეზო ორთოპედიული რეაბილიტაციის ქართული ფონდის წერილის თანახმად, მოსარჩელეს ფიზიკური რეაბილიტაციისათვის (ქვემო კიდურის პროტეზირება) 2010-2015 წლების პერიოდში საწარმოს მიერ სულ დაფარულია 14895,4 ლარი, 2012 წლის 12 აპრილს - 7447,7 ლარი, 2012 წლის 8 და 29 აგვისტოს - 3723,85 ლარი.
3.8. მოსარჩელის 2019 წლის 30 აგვისტოს განცხადების საფუძველზე ჩატარებული ექსპერტიზის #0060073819 დასკვნის მიხედვით, ,,წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (შპს ,,ტყიბულის მრავალპროფილიანი საავადმყოფოს სტაციონარის ავადმყოფის სამედიცინო ბარათი #1125/601-ის ასლი) მონაცემების თანახმად, მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოსარჩელემ აღნიშნულ საავადმყოფოს 2010 წლის 28 დეკემბერს 10:45-11:10 სთ-ზე მიმართა, საიდანაც 2011 წლის 5 იანვარს შემდეგი დიაგნოზით გაეწერა: მარჯვენა ქვედა კიდურის ტრავმული ამპუტაცია. ტრავმული შოკი მე-3-4 ხარისხის მრავლობითი დაჟეჟილი ჭრილობები. 2019 წლის 16 აგვისტოს ჩატარებული პირადი გასინჯვით, მოსარჩელის სხეულზე გარეგნულად მარჯვენა ქვედა კიდურის ბარძაყის შუა მესამედიდან დისტალურად-ძველი ამპუტაციის შემდგომი მდგომარეობა და ძველი ნაწიბური მარცხენა ტერფის გარეთა ზედაპირზე აღენიშნებოდა. ამჟამად სხეულზე გარეგნულად რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება. მარჯვენა ქვედა კიდურის ბარძაყის შუა მესამედიდან დისტალურად ძველი ამპუტაციის შემდგომი მდგომარეობა რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგადაა განვითარებული და სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს მიეკუთვნება, საერთო შრომის უნარის მყარი დაკარგვით 65%-ით. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება განცხადებაში მითითებულ თარიღს“.
3.9. შპს ,,ს–ი (ჯ. ა. ჯ. ჯ–ი)’’ ამჟამად სს ,,ს–ის’’ სამართლებრივი ფორმით ფუნქციონირებს.
4. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა, რომ მოდავე მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარეობდა, რადგან მოსარჩელე 2009-2011 წლებში შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა მოპასუხესთან და სწორედ სამუშაოს შესრულების პროცესში მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება.
5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: სახეზე უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი, უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ ზიანსა და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის და უნდა იკვეთებოდეს ზიანის მიმყენებლის ბრალი. სასარჩელო წარმოების დროს მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ხოლო ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.
6. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანი, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესშია მიყენებული, წარმოადგენს საწარმოო ტრავმას. საწარმოო ტრავმაა ასევე, წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევა. საწარმოს ბრალის შემთხვევაში ზიანი სრულად უნდა იქნეს ანაზღაურებული. შერეული ბრალის შემთხვევაშიც კი, უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკით, ზიანის დადგომაში საწარმოს ბრალის არსებობა უკვე ნიშნავს საწარმოს პასუხისმგებლობის საფუძველს და შესაბამისად, საწარმო პასუხისმგებლობისაგან არ თავისუფლდება (საქმე N ას-364-346-2015; საქმე N ას-300-284-2017).
7. საქართველოს შრომის კოდექსის 35-ე და 44-ე მუხლების (2010- 2011წ მდგომარეობით) თანახმად, „დამსაქმებელი ვალდებული იყო უზრუნველეყო დასაქმებული სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემოთი, ასევე, სრულად აენაზღაურებინა დასაქმებულისათვის სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებული, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით მიყენებული ზიანი და აუცილებელი მკურნალობის ხარჯები. შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“.
8. საწარმოო ტრავმის შედეგად დამსაქმებლის მიერ ზიანის ანაზღაურების ვალდებულების სამართლებრივი საფუძველი ასევე, მოცემულია სამოქალაქო კოდექსში, კერძოდ, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით, ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით, დაზარალებულს უფლება აქვს მკურნალობის ხარჯები მოითხოვოს წინასწარ.
9. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში სამუშაოს შესრულებისას მოსარჩელის ჯანმრთელობაზე ზიანის მიყენების ფაქტი დადასტურებულია. დამსაქმებელმა ვერ უზრუნველყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 102-ე მუხლის შესაბამისად, მისი მტკიცების ტვირთის რეალიზება და იმ გარემოების დადასტურება, რომ ზიანი გამოწვეული არ ყოფილა მისი მხრიდან მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით. სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელისთვის მიყენებულ ზიანში მოპასუხის ბრალი პრეზუმირებულია, რაც წარმოშობს დამსაქმებლის ვალდებულებას სსკ-ის 992 და 408-ე მუხლის შესაბამისად, აუნაზღაუროს დაზარალებულს ზიანი ყოველთვიური სარჩოს დაწესებით.
10. სასამართლოს განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ, მოსარჩელის მოთხოვნა სარჩოს ანაზღაურების თაობაზე საფუძვლიანია, ამ სარჩელის დაკმაყოფილებისათვის მოპასუხის მითითების გათვალისწინებით, აუცილებელია შემოწმდეს, მოთხოვნის ხანდაზმულობა.
11. სსკ-ის 1008-ე მუხლის თანახმად, „დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ“.
12. სასამართლომ მიუთითა, რომ უბედური შემთხვევა 2010 წლის 28 დეკემბერს მოხდა, მოსარჩელემ ზიანის დადგომისა და ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ სწორედ ამ დროს შეიტყო შესაბამისად, სსკ-ის 1008-ე მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის ათვლა 2010 წლის 28 დეკემბრიდან დაიწყო და 2013 წლის 28 დეკემბერს ამოიწურა. სარჩელი წარდგენილია 2019 წლის 4 ოქტომბერს, მოთხოვნის წარდგენის ვადის დარღვევით, რაც მისი ხანდაზმულად ცნობის საფუძველია.
13. სასამართლომ სსკ-ის 413-ე მუხლის „სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში, დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც“ საფუძველზე წარდგენილი მოთხოვნის დასაბუთებულობაზეც იმსჯელა და მიუთითა, რომ მოცემული დავის დაკმაყოფილება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ არსებობს ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი წინაპირობები, მათ შორის ერთ-ერთია უფლების განხორციელების ხანდაზმულობის ვადა, რადგან ამ ვადის ამოწურვის შემდეგ მოთხოვნა განუხორციელებელი ხდება.
14. არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა, კონკრეტული დავის სპეციფიკიდან გამომდინარე, ასევე უნდა აითვალოს იმ მომენტიდან, როდესაც მოსარჩელემ ზიანისა და მის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ შეიტყო, რაც იმას ნიშნავს, რომ, ფაქტობრივად, არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის ვადასთან ერთად იწურება. სასამართლოს შეფასებით, სარჩელი ამ ნაწილშიც ხანდაზმულია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
15. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, იმ ვითარებაში, როდესაც არ არსებობს ზიანის ანაზღაურების თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობა, მოსარჩელის იურიდიული ინტერესი გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობასთან მიმართებით არ იკვეთება და სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილშიც უსაფუძვლოა.
16. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
16.1 მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
16.2 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ივლისის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
17. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
18. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო საჩივარი.
19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
20. საკასაციო პრეტენზიის მართებულობის საკითხის შემოწმებამდე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.
21. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებსა და სამართლებრივ დასკვნებს (იხ. წინამდებარე განჩინების 3.1-3.9; 4-15-ე ქვეპუნქტები) .
22. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულად მიჩნევის თაობაზე, მცდარია. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სარჩელით სასამართლოში მიმართვამდე მოპასუხე საწარმო 7 წლის განმავლობაში მოსარჩელეს ხელფასის სახით 80%-ს უხდიდა და დასაქმებასაც დაჰპირდა. მას შემდეგ, რაც მოპასუხემ უარი განაცხადა მოსარჩელის დასაქმებაზე და თანხის გადახდაც შეწყვიტა, დარღვეული უფლების დასაცავად, 2019 წელს სასამართლოს მიმართა.
23. საკასაციო სასამართლოს განსჯით,სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაადგინა, რომ მოსარჩელემ ჯანმრთელობის დაზიანება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში მიიღო და იგი საწარმოო ტრავმად უნდა შეფასდეს. ამასთან, სწორად მიუსადაგა კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმები (სსსკ-ის 992-ე, 408-ე მუხლები), რადგან წინამდებარე დავა დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარეობს.
24. სააპელაციო სასამართლომ მოპასუხის შედავების პირობებში მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხზეც იმსჯელა.
25. სასარჩელო ხანდაზმულობის საკითხზე მსჯელობისას სასამართლო სსკ-ის 1008-ე მუხლით ხელმძღვანელობს, რომელიც დელიქტიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნებისათვის სპეციალურ ხანდაზმულობის ვადას აწესებს, კერძოდ, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ.
26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა იცნობს სხვადასხვა ტიპის ვადებს. მათ შორისაა სამოქალაქო უფლების განხორციელების ვადები, რომლებიც სხვა ვადებთან ერთად უფლების დაცვის ხანდაზმულობის ვადებს გულისხმობს. სასარჩელო ხანდაზმულობა არის კანონით დადგენილი დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც შელახულია, შეუძლია მოითხოვოს იძულებითი აღსრულება ან უფლების დაცვა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. თუკი დარღვეული უფლების იძულებით დაცვის შესაძლებლობა კანონით განსაზღვრული ვადით არ იქნებოდა შეზღუდული, ეს გამოიწვევდა სამოქალაქო საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანის გაძნელებას, ვინაიდან დიდია ალბათობა საქმესთან დაკავშირებული უტყუარი მტკიცებულებების დაკარგვისა, საქმეში მონაწილე პირების მიერ საქმის გარემოებების არაადეკვატურად აღქმისა და სხვა. ამრიგად, სასარჩელო ხანდაზმულობა ხელს უწყობს რა სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილიზაციას, ამავდროულად ემსახურება სახელშეკრულებო დისციპლინის სიმყარეს და ეხმარება სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს თავიანთი უფლებებისა და ვალდებულებების აქტიურად და დროულად განხორციელებაში (იხ. სუსგ №ას-266-254-2013, 25 დეკემბერი, 2013 წელი).
27. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები მიიჩნევა საქმის სწორად გადაწყვეტის ერთ-ერთ გარანტიად. გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს. შესაბამისად, მტკიცებულებათა უტყუარობა, მათი ვარგისიანობის, ნამდვილობის უტყუარად დადგენის შესაძლებლობა უმნიშვნელოვანესია სწორი და ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად. სამართალწარმოებაში შეცდომის თავიდან აცილება უპირველესი მიზანია. ამასთან, ხანგრძლივი დროის გასვლამ შეიძლება გამოიწვიოს მტკიცებულებების შეცვლა ან მათი მოპოვების უკიდურესად გართულება, ზოგჯერ კი – განადგურება, რაც, საბოლოო ჯამში, გაართულებს სადავოდ გამხდარი მტკიცებულებების საიმედოობის დადგენას. როდესაც ხანგრძლივი დროა გასული იმ მოვლენიდან, რომელმაც სადავო გარემოებები წარმოშვა, მაღალია ალბათობა, რომ მტკიცებულებები, რომლებიც ადრე არსებობდა, შეიძლება დაკარგული ან სახეშეცვლილი იყოს, ასევე გაფერმკრთალდება მოწმეთა მეხსიერება, რომელთა ჩვენებებს სასამართლო დავის გადაწყვეტისას უნდა დაეყრდნოს, გაიზრდება სავარაუდო, არასანდო მტკიცებულებათა რიცხვი. შედეგად, მეტი ალბათობით შეიქმნება ნიადაგი საქმის ფაქტობრივი გარემოებების არაობიექტური შეფასებისათვის. ხანდაზმულობის ვადა წარმოადგენს მცდელობას, დაიცვას მხარეები ასეთი საფრთხეებისგან (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2013 წლის 5 ნოემბრის №3/1/531 გადაწყვეტილება საქმეზე ისრაელის მოქალაქეები – თ. ჯ-ი, ნ. ჯ-ი და ი. ჯ-ი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II, 21).
28. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების საფუძველია უფლების დარღვევა, რომელიც შესაძლოა კანონიდან გამომდინარეობდეს ან ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვას. ხანდაზმულობის ვადების გათვალისწინება სასამართლოს მიერ ხორციელდება არა საკუთარი ინიციატივით, არამედ მხოლოდ საქმის განხილვაში მონაწილე მხარეების მიერ აღნიშნულზე მითითების შემთხვევაში. მოთხოვნის ხანდაზმულობაზე სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის შესახებ მოპასუხეს შესაგებელში აქვს მითითებული ან მიუთითებს პირველ ინსტანციაში საქმის მომზადების დასრულებამდე (იხ. სუსგ Nას-1122-2019, 23.07.2021წ) .
29. როგორც აღინიშნა მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოში, საქმის მომზადების დასრულებამდე მოთხოვნის შემაფერხებელ გარემოებაზე, ხანდაზმულობაზე მიუთითა.
30. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და დამატებით განმარტავს, რომ კასატორი ზიანის არსებობისა და მის ანაზღაურებაზე ვალდებულ პირს თავადვე უთითებს და საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განმარტავს, რომ მოპასუხე საწარმოში, 2010 წლის 28 დეკემბერს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიღებული ტრავმის შედეგად, მარჯვენა ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. შესაბამისად, სსკ-ის 1008-ე მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის ათვლა 2010 წლის 28 დეკემბრიდან დაიწყო და 2013 წლის 28 დეკემბერს ამოიწურა. სარჩელი სასამართლოში წარდგენილია 2019 წლის 4 ოქტომბერს.
31. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნის კანონით განსაზღვრული სამწლიანი ვადა მართებულად დაუკავშირა უბედური შემთხვევის თარიღს - 2010 წლის 28 დეკემბერს, რაც მოპასუხის შესაგებლის პირობებში გამორიცხავს მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლელობას.
32. საკასაციო სასამართლოს განსჯით, დაუსაბუთებელ შედავებად უნდა იქნეს მიჩნეული კასატორის პრეტენზია, რომ მოპასუხე საწარმო ჯანმრთელობის დაზიანების გამო, შემთხვევიდან 7 წლის განმავლობაში სარჩოს სახით თანხებს უხდიდა. მოცემულ შემთხვევაში ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელისთვის ჩარიცხული თანხები ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით გამოწვეული მკურნალობისა და მატერიალური დანაკლისის ხარჯებთან იყო დაკავშირებული და არა საწარმოო ტრავმიდან გამომდინარე სარჩოსთან.
33. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
34. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
35. ზემოხსენებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს არ წარმოუდგენია არც ერთი არგუმენტი, დასაბუთებული შედავება, თუ რა საფუძვლით უნდა იქნეს ცნობილი დასაშვებად საკასაციო საჩივარი. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებული და კანონიერია, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო განაცხადის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
36. კასატორი სსსკ-ის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.ჩ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური