Facebook Twitter

№ას-245-2021 12 ოქტომბერი, 2021 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – მ. ჭ–ძე, გ. ჭ–ძე (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „პ.ბ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 21.01.2021წ. განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სს "პ.ბ–მა" (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "მოსარჩელე") წარადგინა სარჩელი გ. ჭ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "პირველი მოპასუხე") და მ. ჭ–ძის (შემდეგში ტექსტში ერთობლივად მოხსენიებული, როგორც "მოპასუხეები", "კასატორები") მიმართ და მოითხოვა:

1.1. N.FW30.161 გენერალური ხელშეკრულებიდან და N.30.3363 და N.30.3364 მისი შემადგენელი ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების, ჯამურად - 14 614.70 აშშ დოლარის (ძირითადი თანხა - 10 953.53 აშშ დოლარი, პროცენტი - 3363.29 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 297.88 აშშ დოლარი) სოლიდარულად დაკისრება;

1.2. დავალიანების დაფარვის უზრუნველსაყოფად პირველი მოპასუხის საკუთრებაში არსებული, მოსარჩელის იპოთეკის უფლებით დატვირთული უძრავი ქონების (ზონა: რუსთავი 02, სექტორი: ...., კვარტალი: .., ნაკვეთი: .., მისამართი: ქ. რუსთავი, ....., ს/კ: .....) იძულებით სარეალიზაციოდ მიქცევა. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი იპოტეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარად, აღსრულება განხორციელდეს სოლიდარულ მოვალეთა საკუთრებაში არსებული ნებისმიერი შემოსავლის და/ან ქონების რეალიზაციის გზით.

1.3. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 24.09.2020წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა (იხ.: გადაწყვეტილება, ტ.1, ს.ფ.139-148). გადაწყვეტილება პროცენტის - 3363.29 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს - 297.88 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 21.01.2021წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება (იხ.: განჩინება, ტ.2, ს.ფ.45-54). სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 15.03.2021წ. განჩინებით კასატორებს დაუდგინდათ ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალათ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ სახელმწიფო ბაჟის - 183 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. ამავე განჩინებით კასატორებს განემარტათ, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 15.03.2021წ. განჩინება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 70-78-ე მუხლების შესაბამისად, კასატორებს სამჯერ გაეგზავნათ მათ მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე: ქ. რუსთავი, ...... (იხ.: საკასაციო საჩივარი, ტ.2, ს.ფ.65), თუმცა გზავნილები კასატორებს ვერ ჩაჰბარდათ.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 15.07.2021წ. განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა კასატორებისათვის ჩაებარებინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 15.03.2021წ. განჩინება. მასვე დაევალა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატისათვის ეცნობებინა დასახელებული კორესპონდენციის ჩაბარების, ჩაბარების შეუძლებლობის მიზეზების ან ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სსსკ-ის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

8. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის, ქ. რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის I განყოფილების უფროსი დეტექტივ-გამომძიებლის 04.10.2021წ. MIA 5 21 02609055 მომართვით და შედგენილი ოქმით დგინდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 15.03.2021წ. განჩინება კასატორების ოჯახის სრულწლოვან წევრს, შვილს - ფ. ჭ–ძეს 16.09.2021წ. ჩაჰბარდა (იხ.: ტ.2, ს.ფ. 101, 102).

9. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. სსსკ-ის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩათვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

10. მოცემულ შემთხვევაში, კასატორებისთვის ხარვეზის შევსების 10 - დღიანი ვადის დენა დაიწყო 2021 წლის 17 სექტემბერს და ამოიწურა 2021 წლის 27 სექტემბერს (ხარვეზის შევსების ბოლო დღე , 26 სექტემბერი, გახლდათ კვირა). ამდენად, კასატორებს ხარვეზი 2021 წლის 27 სექტემბრის ჩათვლით უნდა შეევსოთ. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსთვის.

11. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (იხ.: სუსგ №ას-344-2021, 06.09.2021; №ას-624-2021, 13.09.2021; №ას-605-2021, 06.09.2021).

12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორებმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 63-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ჭ–ძის და გ. ჭ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე