ბს-3203-2(ა-05) 9 იანვარი, 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნ. წკეპლაძე,
ნ. ქადაგიძე
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, ამავე კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და სსკ-ის 424-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის განცხადების განსჯადობის საკითხი ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სვა კატეგორიის საქმეთა პალატამ განიხილა შპს “მ...ისა” და ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საკასაციო საჩივრები ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 28 იანვრის განჩინებაზე, დღგ-ს ჩათვლების აღდგენის თაობაზე. საკასაციო სასამართლოს 2005წ. 30 ივნისის განჩინებით ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შპს “მ...ის” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 28 იანვრის განჩინება შპს “მ...ისათვის” სახელმწიფო ბაჟის _ 2593 ლარის გადახდევილების ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 28 იანვრის განჩინება.
საკასაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა, რომლითაც მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება შემდეგი საფუძვლით:
ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის 2005წ. 13 ოქტომბრის წერილის შესაბამისად, ბათუმის საგადასახადო ინსპექციამ მოახდინა შპს “მ...ის” მიმწოდებლებზე კომპიუტერულ ბაზაში არსებული მონაცემების შედარება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების ამსახველ პირველად დოკმენტებთან, როს შედეგადაც დადგინდა, რომ შპს “მ...ის” მიმწოდებლებს (ი/მ “დ. ა-ე”, ი/მ “ჯ. ა-ე”, ი/მ “თ. ბ-ე”, ი/მ “ს. დ-ე”, შპს “ა...ა”) დღგ-ს სახით ბიუჯეტთან ანგარიშსწორება არ მოუხდენიათ. აღნიშნულზე დაყრდნობით, განმცხადებელმა დადგენილად მიიჩნია, რომ ბათუმის საგადასახადო ინსპექციის მიერ ადრე გაცემული ცნობები არ შეესაბამება სინამდვილეს და არ წარმოადგენს უტყუარ მტკიცებულებებს.
მითითებული ახლად აღმოჩენილი გარემოებების გათვალისწინებით, განმცხადებელმა უკანონოდ მიიჩნია საქმის განმხილველ სასამართლოთა მიერ მიღებული გადაწყვეტილება და განჩინებები, რადგან დაირღვა საგადასახადო კოდექსის 114-ე მუხლის მოთხოვნები, რომლის მიხედვით, დღგ-ს ჩათვლას ექვემდებარება საქართველოს ბიუჯეტში გადახდილი დღგ-ს თანხა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განცხადებელმა სსკ-ის 421-ე, 423-427-ე, 429-431-ე მუხლების საფუძველზე მოითხოვა სასამართლოთა მიერ მიღებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება-განჩინებების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება და შპს “მ...ის” სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა წარმოდგენილი განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განსახილველად განსჯადობით უნდა გადაეცეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ის დებულებანი.
სსკ-ის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (განჩინების) გაუქმება და საქმის წარმოების განახლება დასაშვებია, თუ არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების წინამძღვრები.
ამავე კოდექსის 424-ე მუხლის მიხედვით, განცხადება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ შეიტანება გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში იმ შემთხვევაშიც კი, თუ არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. აღნიშნულიდან დაკავშირებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ იმ სასამართლოს განსჯადია, რომელმაც საქმის არსებითად განხილვისა და გადაწყვეტის შედეგად მიიღო გადაწყვეტილება. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული საქმე შპს “მ...ის” სარჩელის გამო არსებითად გადაწყვიტა ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, რომლის 2004წ. 13 სექტემბრის გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 28 იანვრისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005წ. 30 ივნისის განჩინებებით. შესაბამისად, სსკ-ის 424-ე მუხლის დეფინიციიდან გამომდინარე, ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემობათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განსჯადია.
სსკ-ის 425-ე მუხლისა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯადი სასამართლოსათვის მიმართვის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს, კონკრეტულ შემთხვევაში ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადებას გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიჩნიევს, რომ ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატაში შემოტანილია განსჯადობის წესების დარღვევით და იგი განსახილველად უნდა გადაეცეს განსჯად – ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და 26-ე მუხლების მე-2 ნაწილებით, სსკ-ის 424-ე-425-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განსახილველად გადაეგზავნოს განსჯად – ქუთაისის საქალაქო სასამართლოს;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.