საქმე №ას-504-2021 6 ოქტომბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
I კერძო საჩივრის ავტორი – ი.ხ–ი (მოპასუხე)
II კერძო საჩივრის ავტორი – პ.ნ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ.ბ–ი“ (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხეები – შპს „ი–სი“, თ.ჭ–ა, თ.ჭ–ა, ლ.ჭ–ა
მოპასუხე – ლ. ხ–ის უფლებამონაცვლე ნ.ნ–ძე, მ. ხ–ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრების ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უფლებამონაცვლედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სს „თ.ბ–მა“ (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „კრედიტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ი–სის“ (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“), თ.ჭ–ას (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“), პ.ნ–ძის (შემდგომში - „მესამე მოპასუხე“), თ.ჭ–ას (შემდგომში - „მეოთხე მოპასუხე“), ი.ხ–ის (შემდგომში - „მეხუთე მოპასუხე“), ლ.ჭ–ას (შემდგომში - „მეექვსე მოპასუხე“), ლ. ხ–ის (შემდგომში - „მეშვიდე მოპასუხე“), მ.ხ–ის (შემდგომში - „მერვე მოპასუხე“), მ. ხ–ისა (შემდგომში - „მეცხრე მოპასუხე“) და ნ.ნ–ძის (შემდგომში - „მეათე მოპასუხე“) მიმართ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდის დაკისრების, მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურებისა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის თაობაზე.
2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოპასუხეებად მიუთითა პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეექვსე და მეათე მოპასუხეები (შემდგომში - „მოპასუხეები“).
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 დეკემბრის განჩინებით შეჩერდა საქმის წარმოება მერვე მოპასუხის (შემდგომში - „მამკვიდრებელი“) გარდაცვალების გამო.
5. 2018 წლის 16 მაისს მოსარჩელემ მოითხოვა საქმის წარმოების განახლება და მამკვიდრებლის უფლებამონაცვლეებად ლ. ხ–ის, მ. ხ–ისა და ი.ხ–ის (შემდგომში - „მემკვიდრეები“) ჩართვა. ამასთან, წარადგინა დაზუსტებული სარჩელი პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე და მეცხრე მოპასუხეების მიმართ.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 მაისის განჩინებით განახლდა საქმის წარმოება.
7. ამავე სასამართლოს 2018 წლის 16 ივლისის განჩინებით მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მამკვიდრებლის უფლებამონაცვლეებად ცნობილ იქნენ მემკვიდრეები.
8. მემკვიდრეებმა სარჩელი არ ცნეს.
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 2 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაზეც სააპელაციო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით პირველი, მეორე, მეოთხე და მეექვსე მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
11. ამავე სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა მემკვიდრეთა უფლებამონაცვლედ ნ.ნ–ძის (შემდგომში - „მემკვიდრეთა უფლებამონაცვლე“) ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდა.
12. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ი.ხ–მა (შემდგომში - „პირველი კერძო საჩივრის ავტორი“) და პ.ნ–ძემ (შემდგომში - „მეორე კერძო საჩივრის ავტორი“) შეიტანეს კერძო საჩივრები და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
13. პირველი კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე: გასაჩივრებული განჩინება არის უკანონო, რამდენადაც პირველი კერძო საჩივრის ავტორის უფლებამონაცვლედ დაუსაბუთებლად იქნა ცნობილი ნ.ნ–ძე. სადავო ქონების მემკვიდრეა პირველი კერძო საჩივრის ავტორი (მამკვიდრებლის შვილი) და არა მემკვიდრეთა უფლებამონაცვლე. მემკვიდრეებს შორის მიმდინარეობს დავა და პირველი კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის მეშვიდე მოპასუხის მიერ სამკვიდროს მიღებას, რომელმაც შემდგომ თვალთმაქცურად გადააფორმა სამკვიდრო მემკვიდრეთა უფლებამონაცვლეზე. ამ უკანასკნელს კავშირი არ აქვს მოთხოვნის იმ ნაწილთან, რომელიც მიემართებოდა პირველი კერძო საჩივრის ავტორს (სადავო ქონებაზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა). აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში შეუძლებელი იყო უფლებამონაცვლის დადგენა.
14. მეორე კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე: საქმეში წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, სადავო უძრავი ქონების მესაკუთრე გახლდათ მამკვიდრებელი, რომლის გარდაცვალების შემდგომ მისი პირველი რიგის კანონიერი მემკვიდრეები არიან ლ. ხ–ი, მ. ხ–ი და ი.ხ–ი და არა ნ.ნ–ძე. ამასთან, გარდაცვლის მემკვიდრეებს შორის მიმდინარეობს დავა. შესაბამისად, შეუძლებელი იყო უფლებამონაცვლის დადგენა.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივლისის განჩინებით პირველი და მეორე კერძო საჩივრის ავტორთა კერძო საჩივრები მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
16. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრების საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ისინი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
18. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო უფლება ან მოვალეობა შეიძლება ერთი პირიდან მეორეზე გადავიდეს. იმ შემთხვევაში, როდესაც ეს უფლება თუ მოვალეობა სასამართლოს განხილვის საგანია, წარმოიშობა საპროცესო უფლებამონაცვლეობის აუცილებლობა. საპროცესო უფლებამონაცვლეობას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც სადავო მატერიალური ურთიერთობიდან გადის ერთ-ერთი მხარე. შესაბამისად, საპროცესო უფლებამონაცვლეობა – ესაა მხარეებისა და მესამე პირების შეცვლა იმ პირებით, რომლებზეც მათი უფლებები და მოვალეობები გადავიდა.
19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე.
20. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საქმის განხილვისას, ისევე, როგორც მისი დასრულების შემდეგ, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზეც, დასაშვებია კანონით დადგენილ შემთხვევაში ერთ-ერთი მხარის შეცვლა სხვა პირით. მოდავე მხარის ნაცვლად მისი უფლებამონაცვლის ჩაბმა დაკავშირებულია ამა თუ იმ საფუძვლით მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობიდან მის გასვლასთან, რა დროსაც მხარე კარგავს და სხვა პირს გადასცემს თავის საპროცესო სტატუსს. ამგვარი საპროცესო უფლებამონაცვლეობა მჭიდროდაა დაკავშირებული მატერიალურ-სამართლებრივ ურთიერთობებში შესაძლო უფლებამონაცვლეობასთან, კერძოდ, თუ უფლებამონაცვლეობა დასაშვებია მატერიალურ-სამართლებრივი კუთხით, იგი დასაშვებია პროცესუალურადაც. ამდენად, საპროცესო უფლემონაცვლეობა შეუზღუდავი არ არის და ხორციელდება კანონით დადგენილ ფარგლებში.
21. სხვა პირის უფლებამონაცვლედ დავაში ჩაბმულ მხარეს იგივე საპროცესო უფლებები და მოვალეობანი გააჩნია, რაც მის წინამორბედ პირს, რომლის მონაწილეობითაც მანამდე მიმდინარეობდა საქმის წარმოება. ამავდროულად, საქმის წარმოების პროცესში უფლებამონაცვლეობის დადგენამდე მხარედ ჩაბმული პირის მიერ განხორციელებული ყველა საპროცესო მოქმედება ძალაში რჩება უფლებამონაცვლის მიმართაც, ხოლო წინამორბედი მხარის მიერ შესრულებული მოქმედებები შესრულებულად ეთვლება უფლებამონაცვლესაც.
22. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ იურიდიულ ლიტერატურასა და კანონმდებლობაში ცნობილია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის სხვადასხვა საშუალება. მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებები ვალდებულების ჯეროვანი შესრულების საშუალებებია. ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის არსი მდგომარეობს იმაში, რომ თუ მოვალე არ ასრულებს, ან/და არაჯეროვნად ასრულებს ვალდებულებას, კრედიტორს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ სხვადასხვა ზომის გამოყენებით აიძულოს მოვალე შეასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულება.
23. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნას გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).
24. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ იპოთეკა უზრუნველყოფის სანივთო საშუალებებს განეკუთვნება. ერთი მხრივ, ის განმტკიცებულია სანივთო სამართალში, ხოლო მეორე მხრივ, წარმოადგენს რეგისტრირებულ სანივთო უფლებას ინდივიდუალიზებულ და კონკრეტულ უძრავ ნივთზე. იპოთეკა, როგორც სანივთო უფლება, აფუძნებს სანივთო პასუხისმგებლობას, რომელიც დგება მესაკუთრის ბრალის მიუხედავად. იპოთეკის შინაარსი კანონით არის დადგენილი და მისი შეცვლა მხარეებს მხოლოდ კანონით განსაზღვრულ ფარგლებში შეუძლიათ.
25. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 2 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მემკვიდრეები (ლ. ხ–ი, ივლიტა ხ–ი და მ. ხ–ი) ცნობილ იქნენ ქ. თბილისში, .... მდებარე უძრავი ქონების (ს/კ: .....)(შემდგომში - „სადავო უძრავი ქონება“ ან „იპოთეკის საგანი“) მერაბ ხ–ის სახელზე აღრიცხული 1/2 წილის მესაკუთრეებად და მითითებული ქონების 1/2 წილი საჯარო რეესტრში თანაბარწილად უნდა აღრიცხულიყო მათ თანასაკუთრებად; ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა პირველი, მეორე და მესამე მოპასუხეებისათვის დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით იპოთეკის საგნის იძულებით აუქციონზე რეალიზაცია.
26. საქართველოს უზენაესი სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საჯარო რეესტრიდან წარმოდგენილ 2017 წლის 26 ოქტომბრის ამონაწერზე (იხ. ტ. 5, ს.ფ. 243-246), რომლის თანახმად, იპოთეკის საგნის ½ ნაწილის თანამესაკუთრე გახლდათ მ. ხ–ი (მამკვიდრებელი), თუმცა 2020 წლის 4 თებერვლის ამონაწერით (იხ. ტ. 5, ს.ფ. 247-250) მამკვიდრებლის ნაცვლად თანასაკუთრების უფლება აღირიცხა ლ. ხ–ზე, ხოლო 2020 წლის 5 თებერვლის ამონაწერით (იხ. ტ. 5, ს.ფ. 251-254) ზემოაღნიშნული უძრავი ქონების ½ ნაწილის თანამესაკუთრე გახდა ნ.ნ–ძე. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ იპოთეკის საგანზე ნ.ნ–ძემ საკუთრების უფლება შეიძინა ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ პირველი, მეორე და მესამე მოპასუხეებისათვის დაკისრებული თანხის უზრუნველსაყოფად სწორედ ეს ქონებაა დატვირთული იპოთეკით.
27. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის მესაკუთრეს, თუკი იგი ამავდროულად არ არის იპოთეკარის პირადი მოვალე, მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში იპოთეკით დატვირთული ნივთის რეალიზაციის თმენისა და იპოთეკარისათვის საკუთრების გადაცემის ვალდებულება ეკისრება. ამის მიუხედავად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იპოთეკით დატვირთული ნივთის მესაკუთრეს აძლევს თავდაცვის შესაძლებლობას და მას ანიჭებს იპოთეკარის მიმართ ყველა იმ შესაგებლის გამოყენების უფლებას, რომლებიც პირად მოვალეს აქვს (სსკ-ის 291.1 მუხლი).
28. პრაქტიკული მნიშვნელობის საკითხია მესაკუთრის შესაგებლების გამოყენების შესაძლებლობა იმ შემთხვევაში, როდესაც ხდება იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების გასხვისება სასყიდლით (ნასყიდობა) თუ უსასყიდლოდ (ჩუქება). გამომდინარე იქედან, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული შესაგებლების გამოყენების უფლება იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის მესაკუთრეს გააჩნია, ამიტომაც იპოთეკის საგნის შემძენზე (ახალ მესაკუთრეზე), ავტომატურად გადადის ის შესაგებლებიც, რომლებიც იპოთეკის საგნის წინა (ძველ) მესაკუთრეს ჰქონდა (იხ. სუსგ საქმე №ას-5-2019, 15 მარტი, 2019 წელი).
29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იპოთეკის საგანზე ერთ-ერთი თანამესაკუთრის შეცვლა უფლებამონაცვლეობის საფუძველია.
30. კერძო საჩივრის ავტორები გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ძირითად საფუძვლად უთითებდნენ, რომ სადავო ქონების მემკვიდრეებს შორის სამკვიდროს თაობაზე მიმდინარეობს დავა. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული გარემოება ვერ გახდება უფლებამონაცვლედ ცნობის საკითხზე უარის თქმისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი, რამდენადაც წინამდებარე დავა ეხება საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდის დაკისრებას, მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურებასა და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის მოთხოვნას. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად კი იპოთეკის საგნის ½ ნაწილის ამჟამინდელი თანამესაკუთრე არის ნ.ნ–ძე.
31. საკასაციო სასამართლო ეთანხმება პირველი კერძო საჩივრის ავტორს, რომ ნ.ნ–ძეს კავშირი არ აქვს მოთხოვნის იმ ნაწილთან, რომელიც მიემართებოდა მემკვიდრეებს და ითვალისწინებდა იპოთეკის საგანზე მათ მესაკუთრეებად ცნობას, თუმცა განმარტავს, რომ აღნიშნული მოთხოვნა დაკავშირებული იყო იპოთეკის საგნის რეალიზაციის მოთხოვნასთან და გამომდინარეობდა მხოლოდ და მხოლოდ იპოთეკის საგნის ძველი მესაკუთრის გარდაცვალების გამო ახალი მესაკუთრის დადგენის საჭიროებიდან. იმ პირობებში კი, როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის შემდგომ იპოთეკის საგანს წარმოეშვა ახალი მესაკუთრე ნ.ნ–ძის სახით, ზემოაღნიშნული მოთხოვნის დაყენების საჭიროება აღარ არსებობს, რაც გავლენას ვერ მოახდენს იპოთეკის საგნის რეალიზაციის მოთხოვნაზე. ის კი სწორედ უძრავი ქონების ახალ მესაკუთრეს მიემართება და, როგორც უკვე აღინიშნა, საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძველია.
32. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორთა მითითებას მემკვიდრეებს შორის მიმდინარე დავაზე, მათ შორის, ნ.ნ–ძესთან დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილობის მოთხოვნას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ეს შეიძლება იყოს მხოლოდ საქმის განხილვის შეჩერებაზე მსჯელობის საფუძველი და ვერ დააბრკოლებს მოცემული მდგომარეობით უფლებამონაცვლეობის მოთხოვნის განხილვას.
33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს რომ კერძო საჩივრები დაუსაბუთებელია და არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ი.ხ–ისა და პ.ნ–ძის კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი