Facebook Twitter

საქმე №ას-392-2019 07 ოქტომბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი – სს „თ–ი“

მოწინააღმდეგე მხარეები – ბ.კ–ძის უფლებამონაცვლეები - გ. და დ. კ–ები, გ. ჯ–ი, მ.გ–ძე, გ. ლ–ძე, ც–ი, ლ.გ–ძე, ა.ხ–ნი, გ.ხ–ძე, მ.თ–ძე, ო.ყ–ი, დ. ჯ–ი, ა.წ–ნი, თ.გ–ძე

განმცხადებლის მოთხოვნა - დამატებითი განჩინების მიღება

დავის საგანი – იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ბ.კ–ძემ, გ. ჯ–მა, მ.გ–ძემ, გ. ლ–ძემ, ც–მა, ლ.გ–ძემ, ა.ხ–ნმა, გ.ხ–ძემ, მ.თ–ძემ, ო.ყ–მა, დ. ჯ–მა, ა.წ–ნმა და თ.გ–ძემ (შემდგომში - „მოსარჩელეები") სარჩელი აღძრეს სასამართლოში სს „თ–ის“ (შემდგომში - „მოპასუხე", "კასატორი" ან "განმცხადებელი") მიმართ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. მოსარჩელეებმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინეს სააპელაციო საჩივარი. მათ მოითხოვეს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოპასუხეს მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, ამ უკანასკნელთა ყოველთვიური ხელფასის შესაბამისად.

6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი. მან მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 სექტემბრის განჩინებით გ. კ. და დ. კ. (შემდგომში - „მოსარჩელეები“) ცნობილ იქნენ მოსარჩელე ბ.კ–ძის უფლებამონაცვლეებად.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ნოემბრის განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება მოსარჩელეთა სარჩელზე მოპასუხის მიმართ, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე. საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და იმავე კოდექსის 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმისწარმოების შეწყვეტის საფუძველი, ვინაიდან მოსარჩელეთა მიერ აღძრული იყო სარჩელი იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით დავაზე, რომელზეც სასამართლომ ერთხელ უკვე იმსჯელა (გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში).

10. კასატორმა 2021 წლის 02 აპრილს განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამატებითი განჩინების მიღება საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 8000 ლარის დაბრუნების თაობაზე. აღნიშნულის საფუძვლად კასატორმა მიუთითა „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

11. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კასატორის შუამდგომლობა დამატებითი განჩინების მიღების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც სსსკ-ის XLIX თავი შეიცავს. იმავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, სსსკ-ის XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ: სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე, ზემოაღნიშნულში იგულისხმება როგორც დამატებითი გადაწყვეტილების, ისე დამატებითი განჩინების მიღების შესაძლებლობა.

14. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ნოემბრის განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება მოსარჩელეთა სარჩელზე მოპასუხის მიმართ, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე. საქმის წარმოების შეწყვეტას საფუძვლად დაედო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილი [თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები)] და იმავე კოდექსის 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი [სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ: არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით].

15. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებას საქმის წარმოების შეწყვეტისას ან სარჩელის განუხილველად დატოვებისას, თუ საქმე სასამართლოში განხილვას არ ექვემდებარება.

16. ამ საკითხს და ასეთ შემთხვევებში სახელმწიფო ბაჟის განაწილების წესს აკონკრეტებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლი, რომლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). მთავარი სხდომის დანიშვნამდე სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში მოსარჩელეს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი, ხოლო საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს არ დაუბრუნდება.

17. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 სექტემბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად, შესაბამისად მოხდა მისი არსებითად განსახილველად დაშვება. აღნიშნულის შემდგომ, იმავე სასამართლოს 2020 წლის 27 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელეთა სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიზნებისთვის, საქმის წარმოების შეწყვეტას ადგილი ჰქონდა საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას.

18. ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში საქმის წარმოება შეწყდა საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას, საკასაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა, რომ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 8000 ლარი არ ექვემდებარებოდა დაბრუნებას. შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნულ საკითხზე დამატებითი განჩინების მიღების საჭიროება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე, 261-ე, 284-285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სს „თ–ის“ შუამდგომლობა დამატებითი განჩინების მიღების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი