Facebook Twitter

საქმე №ას-1681-2019 22 მაისი, 2020 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ა(ა)იპ „თ.გ.ფ–ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ო.დ–ი“, სს „ა.დ–ა“ (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 9 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით ა(ა)იპ თ.გ.ფ–ის (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, ფონდი, დამკვეთი ან ბენეფიციარი) სარჩელი შპს „ო.დ–ისა“ (შემდეგში: პირველი მოპასუხე, შემსრულებელი, შპს ან პრინციპალი) და სს „ა.დ–ის“ (შემდეგში: მეორე მოპასუხე, სადაზღვევო კომპანია ან გარანტი) წინააღმდეგ, ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; პირველ მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა დავალიანების - 268 161.47 ლარისა და სარჩელის წარმოდგენის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დასარიცხი პირგასამტეხლოს სახით - 5 000 ლარის გადახდა; პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 150 ლარის გადახდა.

2. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. ფონდსა და შპს-ას შორის, 2014 წლის 18 ივნისს, გაფორმდა ხელშეკრულება სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაკვეთის თაობაზე. ხელშეკრულების თანახმად, შპს-ას, როგორც შემსრულებელს, უნდა შეესრულებინა ქ. თბილისში, ....... მდებარე შენობაში სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილების - შპს ''ა.პ–ის'' მიერ მომზადებული დეტალური მუშა პროექტის, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (შემდეგში: ექსპერტიზის ბიურო) N004323713 დასკვნით რეკომენდირებული ხარჯთაღრიცხვის მიხედვით. სამუშაოების შესრულების ვადად ამავე ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, განისაზღვრა 2015 წლის 31 დეკემბერი. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ჯამური ფასი 916 398.60 ლარს შეადგენდა დღგ-ის ჩათვლით;

2.2. სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაკვეთის თაობაზე მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის 2014 წლის 18 ივნისს გაფორმებულ ხელშეკრულებაში განხორციელდა არაერთი ცვლილება, კერძოდ, 2015 წლის 22 ოქტომბრის შეთანხმების აქტით, 2015 წლის 25 ნოემბრის N2 შეთანხმების აქტით, 2015 წლის 21 დეკემბრის N3 შეთანხმების აქტით, 2016 წლის 8 თებერვლის N4 შეთანხმების აქტით, 2016 წლის 9 მარტის N5 შეთანხმების აქტით, 2016 წლის 20 აპრილის N6 შეთანხმების აქტით, 2016 წლის 20 ივნისის N7 შეთანხმების აქტით, 2016 წლის 29 ივლისის N8 შეთანხმების აქტით. N8 შეთანხმების აქტის მე-3 პუნქტის თანახმად, სამუშაოების შესრულების საბოლოო ვადად განისაზღვრა 2016 წლის 15 აგვისტო, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადად - 2016 წლის 15 სექტემბერი. ამავე შეთანხმების მე-4 პუნქტის თანახმად, შემსრულებელი იღებდა ვალდებულებას, არსებული საავანსო გარანტიის ვადის ამოწურვამდე (2016 წლის 1 სექტემბრამდე), გადაეცა დამკვეთისათვის წარმოდგენილი საავანსო თანხის გარანტიის ვადის გაგრძელების შესაბამისი დოკუმენტი, რომლის მოქმედების მინიმალურ ვადას უნდა წარმოადგენდეს - 2016 წლის 17 ოქტომბერი;

2.3. 2014 წლის 18 ივნისის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაკვეთის თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულების 8.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადების დარღვევის შემთხვევაში ყოველი დაგვიანებული დღისათვის დამრღვევ მხარეს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო შეუსრულებელი ვალდებულების 0.2%, მაგრამ არა უმეტეს ჯამური ფასის - 10 %-ისა;

2.4. 2014 წლის 18 ივნისს გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, 2015 წლის 30 დეკემბერს სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემულ იქნა NFRI/15-083354 საავანსო ანგარიშსწორების უპირობო საბანკო გარანტია, 2016 წლის 25 აპრილს - N FRI/16-090225, 2016 წლის 20 ივნისს - N FRI/16-094382, 2016 წლის 2 აგვისტოს - NFRI/16-098045 საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტიები. 2016 წლის 2 აგვისტოს გაცემული N FRI/16-098045 საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტია მოქმედებდა 2016 წლის 2 სექტემბრიდან 2016 წლის 17 ოქტომბრის ჩათვლით;

2.5. საბანკო გარანტიის პირველი პუნქტის თანახმად, გარანტი კისრულობდა ვალდებულებას ბენეფიციარის წინაშე, მისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე გადაეხადა მისთვის საავანსო ანგარიშსწორების წესით პრინციპალისათვის გადახდილი თანხა, მაგრამ არა უმეტეს საგარანტიო თანხისა, პრინციპალის მიერ პროექტით განსაზღვრული სახელშეკრულებო ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში და მისი შეუსრულებლობის პროპორციულად. საბანკო გარანტიის მე-2 პუნქტის მიხედვით, ბენეფიციარის წერილობით მოთხოვნაში აღნიშნული უნდა ყოფილიყო პრინციპალის მიერ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ფაქტი და მოთხოვნის ოდენობა, ასევე მას თან უნდა დართვოდა აღნიშნული ფაქტისა და ოდენობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტები. საბანკო გარანტიის პირობების მე-3 პუნქტის მიხედვით, გარანტიის თანხა შემცირდებოდა პრინციპალის მიერ ბენეფიციარისათვის საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოების ფაქტობრივი მიწოდებისა და სხვა მიზნობრივი ხარჯვის პროპორციულად;

2.6. მხარეებს შორის 2016 წლის 17 ოქტომბერს გაფორმდა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმადაც დარჩენილი გაუქვითავი ავანსის თანხა - 268 161.47 ლარი შემსრულებლის მიერ დამკვეთისათვის დაბრუნებას ექვემდებარებოდა;

2.7. მოსარჩელემ, 2016 წლის 11 ოქტომბერს, მოპასუხეებს გაუგზავნა წერილი, რომლის თანახმადაც, დამკვეთი ატყობინებდა სადაზღვევო კომპანიას, რომ შპს-ამ დაარღვია კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებები. გარანტს (სადაზღვევო კომპანიას) ეთხოვა მის მიერ 2016 წლის 2 აგვისტოს გაცემული NFRI/16-098045 საავანსო ანგარიშსწორების უპირობო საბანკო გარანტიის ფარგლებში, 2016 წლის 17 ოქტომბრამდე უზრუნველეყო გაუქვითავი ავანსის - 297 755.81 ლარის გადარიცხვა ფონდის ანგარიშზე;

2.8. ფონდმა, 2016 წლის 28 ოქტომბერს, მოპასუხეებს გაუგზავნა N01-1310 წერილი, რომლის თანახმად, 2016 წლის 17 ოქტომბერს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისად, პირველი მოპასუხის მიერ შესრულებული სამუშოების ღირებულებამ შეადგინა - 29 594.34 ლარი. შესაბამისად, მეორე მოპასუხეს იმავე წერილით ეთხოვა, რომ კომპანიის მიერ 2016 წლის 2 აგვისტოს გაცემული საავანსო ანგარიშსწორების უპირობო საბანკო გარანტიის ფარგლებში უზრუნველეყო დარჩენილი გაუქვითავი ავანსის - 268 161.47 ლარის გადარიცხვა ფონდის ანგარიშზე;

3. საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 361-ე, 417-420-ე, 463-ე, 464-ე, 629-ე, 636-ე, 879-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-3, 208-ე, 131-ე, 102-ე, 105-ე მუხლებით იხელმძღვანელა და შემდეგი სამართლებრივი საკითხები განმარტა:

3.1. წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით პირველმა მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო, კერძოდ, ავანსის თანხის - 268 161.47 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში, რაც ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია;

3.2. მხარეებს შორის ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა (სსკ-ის 629.1-ე მუხლი);

3.3. მოცემულ შემთხვევაში, პირველმა მოპასუხემ აღიარა და ცნო მოსარჩელის მოთხოვნა ავანსის თანხის დაბრუნების ნაწილში, შესაბამისად, მან დაადასტურა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ნაწილობრივ შეუსრულებლობის ფაქტი;

3.4. სსკ-ის 976-ე მუხლი პირველი ნაწილის ''ა'' პუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ა. ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში; უსაფუძვლო გამდიდრება სუბსიდიური ხასიათისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეთა შორის არ უნდა არსებობდეს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი. გარდა ამისა, მითითებული საფუძვლით პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სახეზე უნდა იყოს გარკვეული კუმულატიური წინაპირობები, კერძოდ: 1. მოპასუხე უნდა გამდიდრდეს; 2. მოპასუხის გამდიდრება უნდა გამოიწვიოს მოსარჩელის ქმედებამ - ქმედებასა და შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი; 3. მოპასუხის გამდიდრება, როგორც შედეგი, უნდა იყოს უკანონო;

3.5. საქალაქო სასამართლო ფონდის მიერ ავანსის სახით წინასწარ გადახდილი თანხის უკან დაბრუნებისას დაეყრდნო სსკ-ის 976-ე მუხლის დანაწესს. დადგენილია, რომ ფონდის მიერ შემსრულებელი შპს-თვის გადარიცხული გაუქვითავი ავანსის თანხა 268 161.47 ლარია, რომლის დაბრუნების ვალდებულებაც პირველ მოპასუხეს უნდა დაეკისროს;

3.6. სასამართლო დაეთანხმა პირველი მოპასუხის განმარტებას, რომ დამკვეთსა და შემსრულებელს შორის 2014 წლის 18 ივნისს დადებული ხელშეკრულების შესაბამისად, პირველი მოპასუხე ჯეროვნად ასრულებდა სამუშაოებს, თუმცა შესრულების პროცესში წარმოიშვა სამუშაოების შესრულებისათვის დამაბრკოლებელი გარემოება, რის გამოც გართულდა სამუშაოთა შესრულების გაგრძელება. აღნიშნული გარემოებების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ფონდს. ამდენად, ხელშეკრულების შეწყვეტა განხორციელდა მოსარჩელის მიერ, რამდენადაც არსებობდა ისეთი ხელშემშლელი გარემოება, რომელიც აფერხებდა მოპასუხის მიერ სამუშაოთა ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში შესრულებას. ამდენად, მითითებული გარემოების გათვალისწინებით განსაზღვრა საქალაქო სასამართლომ პირგასამტეხლოს ოდენობა და მისი დაკისრების საკითხი;

3.7. სსკ იმთავითვე ადგენს კანონით დადგენილი წესით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების პირობებში პირგასამტეხლოს დაკისრება კანონშესაბამისი და მართლზომიერია. ვინაიდან იკვეთება, რომ ვალდებულება არაჯეროვნადაა შესრულებული, აღნიშნული პირგასამტეხლოს მოთხოვნის შესაძლებლობას არ გამორიცხავს;

3.8. სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. განსახილველ საქმეზე სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს განაკვეთი შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს. სსკ-ის 417-ე და 418-ე მუხლების თანახმად, სასამართლომ აღნიშნა, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან;

3.9. სასამართლომ აღნიშნა, რომ შეუსაბამოდ მაღალია საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი - დავალიანების 0.2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

3.10. ხელშეკრულება მოსარჩელემ შეწყვიტა, რამდენადაც არსებობდა ისეთი ხელისშემშლელი გარემოება, რომელიც აფერხებდა პირველი მოპასუხის მიერ სამუშაოთა ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში შესრულებას. ამდენად, მითითებული გარემოების გათვალისწინებით სასამართლომ განსაზღვრა პირგასამტეხლოს ოდენობა და მისი დაკისრების საკითხი. შესაბამისად, პირველ მოპასუხეს (შემსრულებელს) მოსარჩელის სასარგებლოდ სარჩელის წარდგენის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დასარიცხი პირგასამტეხლოს სახით ერთობლივად 5000 ლარის გადახდა დაეკისრა;

3.11. რაც შეეხება მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას მეორე მოპასუხისათვის საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში თანხის (სოლიდარულად) დაკისრებასთან დაკავშირებით, სასამართლომ განმარტა, რომ სსკ-ის 879-ე მუხლის თანახმად, საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი), სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე;

3.12. საბანკო გარანტიის კანონით გათვალისწინებული დამოუკიდებელი (არააქცესორული) ბუნებისა და დამოუკიდებლობის მიუხედავად ძირითადი ვალდებულებისაგან, მისი გაცემის მართლზომიერად მიჩნევის მიზნებისათვის აუცილებელია, რომ საბანკო გარანტია აკმაყოფილებდეს ასევე ორ მნიშვნელოვან წინაპირობას, კერძოდ: 1. ბენეფიციარის მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები უნდა შეესაბამებოდეს გარანტიის პირობებს; 2. მისი წარდგენა უნდა მოხდეს მხოლოდ გარანტიით განსაზღვრულ ვადაში. მითითებული წესი განმტკიცებულია სსკ-ის 887-ე მუხლის პირველ ნაწილში, რომლის მიხედვითაც, გარანტმა უარი უნდა უთხრას ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუ ეს მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება გარანტიის პირობებს, ანდა ისინი გარანტს გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ წარედგინა;

3.13. განსახილველ შემთხვევაში არ არის სადავო საბანკო გარანტიის მოქმედების ვადაში ბენეფიციარის მხრიდან სათანადო მოთხოვნის წარდგენის ფაქტი. ამასთან, გარანტმა უარი უთხრა ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამებოდა გარანტიის პირობებს. კერძოდ, დადგენილია, რომ სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები პირველი მოპასუხის მიერ არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში და ოდენობით. ამასთან, დადგენილია, რომ გარანტი კისრულობდა ვალდებულებას ბენეფიციარის წინაშე, მისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, გადაეხადა მისთვის საავანსო ანგარიშსწორების წესით პრინციპალისათვის გადახდილი თანხა, მაგრამ არა უმეტეს საგარანტიო თანხისა, პრინციპალის მიერ პროექტით განსაზღვრული სახელშეკრულებო ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში და მისი შეუსრულებლობის პროპორციულად. საბანკო გარანტიის პირობების მე-3 პუნქტის მიხედვით, გარანტიის თანხა შემცირდებოდა პრინციპალის მიერ ბენეფიციარისათვის საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოების ფაქტობრივი მიწოდებისა და სხვა მიზნობრივი ხარჯვის პროპორციულად. ამდენად, საგარანტიო თანხა ავტომატურად შემცირდება მიმწოდებლის მიერ ბენეფიციარის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შემცირების პროპორციულად. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, ბენეფიციარის მიერ გარანტის მიმართ წარდგენილი იქნა მოთხოვნა არა პრინციპალის მიერ ხელშეკრულების შესრულების პროპორციულად, არამედ - სრულ თანხაზე, რაც არ არის შესაბამისობაში გარანტიის პირობებთან. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა სადაზღვევო კომპანიის მიმართ ამ გარემოების გათვალისწინებითაც კი უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი;

3.14. საქმეში წარმოდგენილი საბანკო გარანტიების მეორე პუნქტით ირკვევა, რომ ბენეფიციარის წერილობით მოთხოვნაში აღნიშნული უნდა ყოფილიყო პრინციპალის მიერ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ფაქტი და მოთხოვნის (ზარალის) ოდენობა, ასევე მას თან უნდა დართვოდა აღნიშნული ფაქტისა და ოდენობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტები. დამკვეთის წერილებით ირკვევა, რომ მოთხოვნას თან არ ახლდა ვალდებულებათა შეუსრულებლობის ფაქტისა და ოდენობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტები. შესაბამისად, ზემოაღნიშნული დასაბუთების გათვალისწინებითაც კი, გარანტს ჰქონდა უფლებამოსილება, უარი ეთქვა ბენეფიციარისათვის საგარანტიო თანხის ანაზღაურებაზე;

3.15. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე თანხის დაკისრებას მოითხოვს მოპასუხეებისათვის სოლიდარულად, მაშინ, როდესაც ისინი არც ხელშეკრულებით, არც კანონით, არც ვალდებულების განუყოფლობით არ წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. სასამართლომ განმარტა, რომ საერთო ვალის არსი იმაში მდგომარეობს, რომ მისი გადახდის ვალდებულება თანაბრად აქვს საერთო მოვალეებს, მაშასადამე, ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს, თანახმად, სსკ-ის 463-ე მუხლისა, რომლის მიხედვით, კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, ხოლო საერთო ვალის მფლობელები სოლიდარულ მოვალეებს წარმოადგენენ. ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შეუსრულებელი ვალდებულების მოთხოვნის უფლება არ შეიძლება წარდგენილ იქნეს ერთობლივად, სოლიდარულად, როგორც პრინციპალის, ასევე გარანტის მიმართ საბანკო გარანტიის ბუნებიდან გამომდინარე. იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას, კრედიტორი უფლებამოსილია, საბანკო გარანტიის არსებობის შემთხვევაში, გარანტს მოსთხოვოს შეუსრულებელი ვალდებულების ოდენობით საგარანტიო თანხის გადახდა. ამ უკანასკნელს კი უფლება აქვს, რეგრესის წესით მოსთხოვოს პრინციპალს გადახდილი თანხის უკან დაბრუნება. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა, მოპასუხეებისათვის 268 161.47 ლარის გადახდის სოლიდარულად დაკისრების შესახებ, უსაფუძვლოა არა მხოლოდ ვალდებულების არსის გათვალისწინებით, არამედ იმის გამოც, რომ პრინციპალის კანონით დაცული ქონებრივი ინტერესის არსებით დარღვევას გამოიწვევს.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელე ფონდის სააპელაციო საჩივარი, სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით, არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

5. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასებები.

6. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 879-ე, 881-ე, 887-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ დამკვეთის (ბენეფიციარის) სარჩელი მიმართული არ არის დამოუკიდებლად გარანტის, როგორც ვალდებულების უზრუნველმყოფი პირის, წინააღმდეგ, რა დროსაც კვლევის საგანი იქნებოდა პრინციპალის (შემსრულებლის) მიერ ვალდებულების დარღვევის სახე და ხარისხი, ასევე საბანკო გარანტიით შეთანხმებული მოთხოვნის ან თანდართული დოკუმენტების წარდგენის პირობების დაცვის ფარგლები, არამედ ბენეფიციარმა (მოსარჩელემ) მოითხოვა გარანტის და პრინციპალის სოლიდარული ვალდებულების განსაზღვრა, რა დროსაც პრინციპალმა ცნო სარჩელი, ხოლო გარანტმა უარყო სარჩელი სოლიდარული ვალდებულების არარსებობის საფუძვლით, რაც სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა.

7. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 463-ე, 465-ე, 466-ე, 467-ე მუხლებზე მიუთითა და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის სოლიდარული ვალდებულების წარმოშობის არც ერთი კანონისმიერი წანამძღვარი: არც ხელშეკრულება, არც კანონი და არც ვალდებულების საგნის განუყოფლობა, არამედ მოსარჩელე სოლიდარული ვალდებულების წარმოშობის საფუძვლად ასახელებს კრედიტორის შესაძლებლობას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა მოვალეთა სიმრავლის გადახდისუნარიანობის ალბათობის ზრდის გამო, რაც არასწორია და არ შეესაბამება საბანკო გარანტიის ბუნებას.

8. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოვალეთა სოლიდარულ მოვალეებად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ ისინი კრედიტორის წინაშე ვალდებულების შესრულებაზე იყვნენ პასუხისმგებელნი. თითოეული სოლიდარული მოვალე კრედიტორის ერთი და იმავე შესრულების ინტერესის მთლიან დაკმაყოფილებაზე უნდა იყოს ვალდებული.

9. სააპელაციო სასამართლომ ასევე გაიზიარა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს 5 000 ლარამდე შემცირების თაობაზე, მისი გონივრულობის და ვალდებულების დარღვევის თანაზომიერების თვალსაზრისით (სსკ-ის 115-ე, 420-ე მუხლები).

10. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

11. კასატორის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს, გაუგებარია, რით იხელმძღვანელა სასამართლომ მისი შემცირებისას. დენადი საურავის ფიქსირებულ ჩარჩოში მოქცევის (5000 ლარის ოდენობით განსაზღვრა) დასაბუთება ბუნდოვანია, . მით უმეტეს, როცა დენადი პირგასამტეხლოს ოდენობა სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების დროისათვის, სულ მცირე, 127-ჯერ ნაკლებია ხელშეკრულების საფუძველზე დასარიცხ ოდენობასთან მიმართებით. აღნიშნული ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს მიერ მსგავსი ტიპის დავებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს.

12. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას სოლიდარულ ვალდებულების არარსებობის შესახებ და მიიჩნევს, რომ გარანტს შემსრულებელთან ერთად უნდა დაეკისროს იმ დავალიანების გადახდა, რაც პირველმა მოპასუხემ უკვე ცნო.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ, სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

16. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წანამძღვარი და სამართლებრივად მართებული შეფასება მისცა საბანკო გარანტიისა და სოლიდარული პასუხისმგებლობის ინტიტუტებს.

17. მოთხოვნის საფუძველი სამოქალაქო სამართალში, ზოგადად არის სამართლის ის ნორმა, რომელიც დამოუკიდებლად ან სხვა მოთხოვნის საფუძვლებთან ერთობლიობაში აფუძნებს ამა თუ იმ მოთხოვნას ანუ სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა კონკრეტულ უფლება-მოვალეობებს (იხ. ბოელინგი/ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, 38.) კერძო-სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების დანიშნულებაა ურთიერთობაში მონაწილე სუბიექტების უფლებების განსაზღვრა და მათი განხორციელების უზრუნველყოფა. მოთხოვნა უფლების რეალიზაციის კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობაა. მოთხოვნა პირის ნებას დაქვემდებარებული და სხვა პირისაკენ მიმართული უფლებაა, რომელიც მისი პროცესუალური განხორციელებისაგან მკვეთრად იმიჯნება. მოთხოვნა ძირითადად მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობის მატარებელია. მოთხოვნა, საპროცესო-სამართლებრივი გაგებით, ყოველთვის მიმართულია სასამართლო გადაწყვეტილების დადგომისაკენ. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი არის სამართლის ნორმა, რომლის სამართლებრივი შედეგით გათვალისწინებულია სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის მიერ რაიმე მოქმედების განხორციელებისა თუ მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავების ვალდებულება. თითოეული მოთხოვნის დამფუძნებელი სამართლის ნორმა განსაზღვრავს მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს, თუმცა მისი განმარტება და ფაქტობრივ გარემოებებზე მისადაგება სასამართლოს უფლებამოსილებაა.

18. მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან თუ სხვა ვალდებულებითი ურთიერთობებიდან.

19. სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელისა და მოპასუხის სტადიებზე წარდგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების ერთობლივად შესწავლისა და გაანალიზების გზით სავსებით დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო, რომლის საკასაციო წესით გასაჩივრების გზით მოსარჩელემ ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა და დასკვნები და ვერ გააქარწყლა დასაბუთებული საკასაციო შედავებით.

20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორის პრეტენზია მეორე მოპასუხისათვის (გარანტისათვის) პირველ მოპასუხესთან (პრინციპალთან) ერთად საავანსო თანხის სოლიდარულად დაკისრების თაობაზე არ გამომდინარეობს არც საბანკო გარანტიის და არც სოლიდარული პასუხიმგებლობის საკანონმდებლო მოწესრიგებიდან.

21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საბანკო გარანტიის, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის არააქცესორული საშუალების, შინაარსი მისი ძირითადი ვალდებულებისგან დამოუკიდებლად არსებობაში მდგომარეობს. სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლი განსაზღვრავს საბანკო გარანტიის ელემენტებს და ადგენს, რომ საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მოთხოვნის უზრუნველყოფის ხსენებული საშუალება გარკვეულწილად მესამე პირის სასარგებლოდ დადებული იმგვარი გარიგებაა, რომელიც უზრუნველყოფს პრინციპალის მხრიდან ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მისი კრედიტორის ინტერესებს. სამოქალაქო ბრუნვაში საკმაოდ მყარად დამკვიდრებული ხსენებული ინსტიტუტის ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანი მისი, როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობის დამოუკიდებლობაა პრინციპალსა და ბენეფიციარს შირის არსებული ვალდებულებისაგან, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 881-ე მუხლის თანახმად, საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე მათ შორის ურთიერთობისას არ არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც არის ის გაცემული, მაშინაც კი, როცა გარანტია შეიცავს მითითებას ამ ვალდებულებაზე. გარანტიის დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს ბენეფიციარის მოთხოვნის შესრულების წესი, კერძოდ, ამავე კოდექსის 887-ე მუხლი ანაზღაურების წინაპირობას ბენეფიციარის მიერ წარდგენილი დოკუმენტების გარანტიის მოთხოვნებთან ფორმალური შესაბამისობის შემოწმებასა და მოთხოვნის განსაზღვრულ ვადაში წარდგენის ფაქტს უკავშირებს (I), უფრო მეტიც, იმ შემთხვევაშიც კი, თუ გარანტისათვის ცნობილი გახდა, რომ უზრუნველყოფილი მოთხოვნა შეწყდა შესრულებით, სხვა საფუძვლით ან თუნდაც ბათილია, ბენეფიციარის მხრიდან განმეორებითი მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში, გარანტს ნაკისრი ვალდებულების უპირობოდ შესრულება ევალება(II)- იხ. სუსგ N ას-1681-2018, 01.03.2019წ. საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი მოთხოვნის კრედიტორი მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მოთხოვნას გარანტისაგან იკმაყოფილებს საბანკო გარანტიის პირობების შესაბამისად, რა შემთხვევაშიც მას (კრედიტორს), ძირითადი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოვალის მიმართ მოთხოვნა აღარ აქვს. გარანტის მიერ განხორციელებული შესრულების დაკმაყოფილება კი გარანტისვე მოთხოვნის საფუძველზე ხდება მოვალის (პრინციპალის) მიმართ საბანკო გარანტიის ხელშეკრულების საფუძველზე (სსკ-ის 879-ე, 881-ე). ეს არის საბანკო გარანტიის არსი, იგი არ უნდა იქნეს იმგვარად აღქმული, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ისეთი საშუალება, როგორიცაა სოლიდარული თავდებობა. გარანტი და პრინციპალი ბენეფიციარის წინაშე სოლიდარული მოვალეები არ არიან, რის თაობაზეც მართებული სამართლებრივი შეფასებები გააკეთეს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა (იხ. წინამდებარე განჩინების 3.14 და მე-7 პუნქტები).

22. რაც შეეხება კასატორის ზოგადი ხასიათის პრეტენზიას პირგასამტეხლოს შემცირების არამართლზომიერებასთან და გასაჩივრებული განჩინების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკასთან შეუსაბამობასთან დაკავშირებით, არ არის გაზიარებული, რადგან არ ვლინდება სასამართლო პრაქტიკის საწინააღმდეგო მსჯელობა და დასკვნები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში მართებულად იქნა შემცირებული პირველი მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა ვალდებულების დარღვევის ხასიათისა და სიმძიმის გათვალისწინებით. აღნიშნული სრულად შეესაბამება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას (სხვა მრავალთა შორის იხ. სუსგ-ები: N ას-165-2020, 16.09.2020წ; N ას-1699-2018, 30.04.20 წ; N ას- 217-217-2018, 18.05.2018წ; N ას-708-678-2016, 27.01.2017 წ; N ას-1199-1127-2015, 13.04.2016 წ; საქმე №ას-222-209-2015, 06 .05.2015 წ.).

23. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო მოსარჩელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

25. სსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა(ა)იპ "თ.გ.ფ–ის" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ა(ა)იპ "თ.გ.ფ–ს" (ს/კ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს, საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 8000 ლარის (საგადახდო დავალება N21681, გადახდის თარიღი 2019 წლის 27 დეკემბერი), 70% – 5600 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე