Facebook Twitter

საქმე №ა-1536-შ-32-2021 13 ოქტომბერი, 2021 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – შპს „T. H.M. & B“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „გ-ე–სი“ (მოპასუხე)

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – მარცვლეულითა და საკვებით ვაჭრობის ასოციაციის (GAFTA) 2021 წლის 16 თებერვლის 17-810 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 6.2.1 პუნქტი (საარბიტრაჟო საქმე №17-810)

შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა - მოწინააღმდეგე მხარის სახელზე რეგისტრირებული მოძრავი ნივთების გასხვისებისა და უფლებრივად დატვირთვის აკრძალვა

დავის საგანი – საარბიტრაჟო ხარჯების დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საარბიტრაჟო გადაწყვეტილების, საარბიტრაჟო ხარჯების დაკისრების ნაწილში, უზრუნველყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. მარცვლეულითა და საკვებით ვაჭრობის ასოციაციის (GAFTA) 11.10.2019წ. გადაწყვეტილებით (საარბიტრაჟო საქმე №17-810) შპს „გ-ე–სს“ (შემდეგში - საარბიტრაჟო მოპასუხე) შპს „T.H.M.&B”-ის (შემდეგში - საარბიტრაჟო მოსარჩელე, შუამდგომლობის ავტორი) სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 39 000 აშშ დოლარის ოდენობით, ასევე 19.03.2019წ.-დან გადახდის თარიღამდე წლიურად 4%, რომელიც დარიცხული იქნება 3 თვიანი პერიოდის მქონე რთული პროცენტის სახით, აგრეთვე, არბიტრაჟის ხარჯები.

2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით 28.05.2020წ. მიმართა საარბიტრაჟო მოსარჩელემ და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსასრულებლად მიქცევა. შუამდგომლობის ავტორმა ასევე მოითხოვა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება და საარბიტრაჟო მოპასუხის ქონებასა და საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადება.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 21 ივლისის განჩინებით, შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საარბიტრაჟო მოპასუხეს დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 39 000 აშშ დოლარი, ხოლო, არბიტრაჟის ხარჯების დაკისრების ნაწილში, შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა განუხილველი დარჩა, იმ მოტივით, რომ უცხო ქვეყნის, წარმოდგენილი გადაწყვეტილება არ შეიცავდა მითითებას, კონკრეტულად რა ოდენობის ხარჯი დაეკისრა მოწინააღმდეგე მხარეს.

4. შუამდგომლობის ავტორმა, საქართველოს უზენაეს სასამართლოს კვლავ მომართა შუამდგომლობით, მოითხოვა, საარბიტრაჟო ხარჯის დაკისრება საარბიტრაჟო მოპასუხისთვის.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 14 დეკემბრის განჩინებით, შუამდგომლობის ავტორს უარი ეთქვა შუამდგომლობის განსახილველად მიღებაზე, იმ მოტივით, რომ ცნობისა და აღსრულებისთვის წარმოდგენილი გადაწყვეტილება არ შეიცავდა განსაზღვრულ დათქმას, თუ ვის უნდა დაკისრებოდა საარბიტრაჟო ხარჯი და ვის მიმართ.

6. საქართველოს უზენაეს სასამართლოს კვლავ მომართა, შუამდგომლობის ავტორმა, მოითხოვა, მარცვლეულითა და საკვებით ვაჭრობის ასოციაციის (GAFTA) 2021 წლის 16 თებერვლის 17-810 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 6.2.1 პუნქტის, რომლითაც საარბიტრაჟო მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ 8 2 78 ბრიტანული ფუნტი სტერლინგის გადახდა დაეკისრა (საარბიტრაჟო საქმე №17-810), ცნობა-აღსრულება. ამასთან, შუამდგომლობის ავტორმა მოითხოვა, წარმოდგენილი, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, საარბიტრაჟო მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული 7 სატრანსპორტო საშუალების გასხვისებისა და უფლებრივი დატვირთვის აკრძალვა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 მარტის განჩინებით, შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა გადაწყვეტილების უზრუნველყოფის შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საარბიტრაჟო მოპასუხეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთების გასხვისება და აკრძალვა (ორ ავტომობილზე დაწესდა შეზღუდვა).

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 მარტის განჩინებით, შუამდგომლობა წარმოებაშია მიღებული განსახილველად. აღსანიშნავია, რომ დასახელებული შუამდგომლობა თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, ჩაბარდა მოწინააღმდეგე მხარეს, თუმცა, ამ უკანასკნელს რაიმე შუამდგომლობით ან წერილობითი პასუხით არ მოუმართავს სასამართლოსთვის, აგრეთვე, დამატებით ეცნობა მოპასუხე კომპანიას საქმის განხილვის თარიღი, თუმცა, არც ამ შემთხვევაში მოუმართავს რაიმე შუამდგომლობითა თუ მოთხოვნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და მასზე დართული დოკუმენტების გაცნობის შემდეგ მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

9. საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მარცვლეულითა და საკვებით ვაჭრობის ასოციაციის (GAFTA) 11.10.2019წ. გადაწყვეტილებით (საარბიტრაჟო საქმე №17-810), საარბიტრაჟო სარჩელი დაკმაყოფილდა და საარბიტრაჟო მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ 39 000 აშშ დოლარი დაეკისრა. ამავე გადაწყვეტილების 6.2.1 პუნქტით კი მყიდველს (საარბიტრაჟო მოპასუხეს) არბიტრაჟის გადასახდელებისა და ხარჯებისთვის, საარბიტრაჟო მოსარჩელის სასარგებლოდ (შუამდგომლობის ავტორისთვის) 8 278 ბრიტანული ფუნტი სტერლინგი დაეკისრა გადასახდელად.

10. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

11. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 731 მუხლის თანახმად, საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ხდება „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იმ ქვეყნის მიუხედავად, სადაც გამოტანილ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, იგი შესასრულებლად სავალდებულოა და სასამართლოში წერილობითი შუამდგომლობის წარდგენის შემთხვევაში უნდა აღსრულდეს ამ მუხლისა და ამ კანონის 45-ე მუხლის დებულებათა გათვალისწინებით. საქართველოში გამოტანილ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ამ მუხლისა და ამ კანონის 45-ე მუხლის მიზნებისათვის უფლებამოსილ სასამართლოდ ითვლება სააპელაციო სასამართლოები, ხოლო საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით – საქართველოს უზენაესი სასამართლო.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, აგრეთვე წარმოდგენილი მოთხოვნა და დადგენილი გარემოებები არ ეწინააღმდეგება საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების შესახებ ნიუ იორკის კონვენციას.

13. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა ცნობს მარცვლეულითა და საკვებით ვაჭრობის ასოციაციის (GAFTA) 11.10.2019წ. გადაწყვეტილებას საქართველოს ტერიტორიაზე, ამავე გადაწყვეტილების 6.2.1 პუნქტის ნაწილში.

14. ამავდროულად, არსებობს დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევის კანონით გათვალისწინებული საფუძველი, კერძოდ, მოცემული თვალსაზრისით შუამდგომლობა ასევე აკმაყოფილებს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.

15. ამდენად, შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა უცხო ქვეყნის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისგან.

17. განსახილველ შემთხვევაში საქმეში არსებული საბანკო გადახდის ქვითრებით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორს გადახდილი აქვს ჯამში 200 ლარი (150+50; საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისთვისა და უზრუნველყოფის ღონისძიებისთვის გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟი), რის გამოც მოწინააღმდეგე მხარეს უნდა დაეკისროს აღნიშნული ბაჟის შუამდგომლობის ავტორის სასარგებლოდ გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე, 45-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „T.H.M.&B“-ის შუამდგომლობა მარცვლეულითა და საკვებით ვაჭრობის ასოციაციის (GAFTA) 2021 წლის 16 თებერვლის 17-810 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 6.2.1 პუნქტის (საარბიტრაჟო საქმე №17-810) ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და აღსასრულებლად მიექცეს მარცვლეულითა და საკვებით ვაჭრობის ასოციაციის (GAFTA) 2021 წლის 16 თებერვლის 17-810 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 6.2.1 პუნქტი (საარბიტრაჟო საქმე №17-810), რომლითაც:

2.1. შპს „გ-ე–სს“ (...), შპს „T.H.M. &B“-ის (......) სასარგებლოდ დაეკისრა არბიტრაჟის გადასახდელებისა და ხარჯებისთვის - 8 278 ბრიტანული ფუნტი სტერლინგი;

3. შპს „გ-ე–სს“ (.), შპს „T.H. M.&.“-ის (1.) სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 200 ლარის გადახდა;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე