Facebook Twitter

საქმე №ას-1223-2018 2 აპრილი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

I საკასაციო საჩივრის ავტორი – ა.ხ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ბ–ი“ (მოპასუხე)

II საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ს.ბ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა.ხ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილება

I კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

II კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. 2013 წლის 9 დეკემბერს ა.ხ–ძესა (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „დასაქმებული“) და სს ,,ს.ბ–ს“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „ბანკი“ ან „დამსაქმებელი“) შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იგი დაინიშნა ბანკის უფროსი მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე. მითითებული ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელე დასაქმებული იყო განუსაზღვრელი ვადით.

2. ხელშეკრულების მიხედვით, შრომის ანაზღაურება ყოველთვიურად შეადგენდა 1056 ლარს და ის მოიცავდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს. ხელზე ასაღები თანხა იყო 985 ლარი.

3. 2017 წლის 5 მაისის №384-კ ბრძანებით, მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების გამო, რაც გამოიხატა სამეურნეო საკითხების მოუწესრიგებლობაში, მოსარჩელეს გამოეცხადა საყვედური.

4. 2017 წლის 27 ივნისს ბანკის №597-კ ბრძანებით, ბანკის ექსპრეს საბანკო მომსახურების დეპარტამენტის №212 სერვის ცენტრის უფროსს/უფროს მოლარე-ოპერატორს - მოსარჩელეს 2017 წლის 3 ივლისიდან შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება საქართველოს შრომის კოდექსის (შემდგომში - „სშკ“) 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტების საფუძველზე [„ზ“ ქვეპუნქტი: დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა; „თ“ ქვეპუნქტი: დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, თუ დასაქმებულის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე გამოყენებული იქნა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა].

5. მოპასუხე მოსარჩელეს ედავება შემდეგი ფაქტების გამო: „მოსარჩელე შესვენების დროს იყენებდა გადაჭარბებით; შედის შიდა ზონაში, ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე არ იღებს მომხმარებლებს, თავს არიდებს კლიენტებთან მომსახურების პროცესს, მუშაობას ასრულებს სამუშაო დროის დამთავრებამდე, არსებობს სამუშაო საათებში მობილურის გამოყენების ფაქტი, რკინის სკამებზე იდო მუყაო, დასარეგულირებელი იყო ნაგვის ურნების საკითხი, კონსულტანტები ტერმინალზე მიყრდნობილები იდგნენ და ა.შ“.

6. საქმეში წარმოდგენილია ელექტრონული მიმოწერები მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის (ს.ფ. 87): „გიგზავნით ვიზიტის მიმოხილვას (მოპასუხე მოსარჩელეს). ფასადი ძალიან დასალაგებელი იყო, დამლაგებელი არ წმენდს ფასადს? აქციის პოსტერის ჩასადები ძალიან ტალახიანი იყო. სტენდში იდო 2-3 სახეობის ბუკლეტი; ბანკომატი არ მუშაობდა; დასარეგულირებელია ნაგვის ურნების საკითხი, ფეიბოქსებთან ნარინჯისფერი ურნა უნდა იდოს. კონსულტანტები ჩემი ვიზიტის დროს უმეტეს დროს ტერმინალზე მიყუდებულები და გულხელდაკრეფილები იდგნენ, რაც ვიზუალურად არც ისე კარგად გამოიყურება, რჩება შთაბეჭდილება, რომ ისინი მარტო ფეიბოქსებზე უნდა დაეხმარონ მომხმარებელს, არ იყენებენ სერვისსტანდარტებს, მაგ.: ელოდებიან მომხმარებლის მხრიდან საუბრის დაწყებას“.

7. ს.ფ. 86-ზე წარმოდგენილია მოსარჩელის პასუხები: „შეიცვალა დამლაგებელი, რიგი საკითხებიც მოგვარდა, კონსულტანტები ამჟამად არიან ჩართული სამუშაო პროცესში, ფასადი მოწესრიგებულია, რკინის სკამების საკითხიც მოგვარებულია, ბანკომატი იმ დღესვე შეაკეთეს, მუშაობს გამართულად, ბუკლეტების მარაგზე კვლავ გვრჩება პრობლემა, ვაგზავნით მოთხოვნას და ჩამოგვდის მინიმალური ოდენობა“.

8. ს.ფ. 89-ზე წარმოდგენილია მოპასუხის ელშეტყობინება მოსარჩელის მიმართ: „ა. დაიმახსოვრე, მსგავსი პრობლემების შემთხვევაში ვეღარ ვითანამშრომლებთ“.

9. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა:

9.1. მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბანკის ექსპრეს საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის ნ.ხ–ის 2017 წლის 27 ივნისის №597-კ ბრძანების ბათილად ცნობა;

9.2. ბანკის ექსპრეს საბანკო მომსახურების დეპარტამენტის №212 სერვის ცენტრის უფროსი/უფროსი მოლარე-ოპერატორის თანამდებობაზე მოსარჩელის აღდგენა;

9.3. მოსარჩელისთვის განაცდურის ანაზღაურება, გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე ხელზე ასაღები თვეში 985 ლარის ოდენობით.

10. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ბანკის 2017 წლის 27 ივნისის №597კ ბრძანება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 5910 ლარის გადახდა (ხელზე ასაღები).

12. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე გადაწყვეტილების 1-8 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები.

13. სააპელაციო სასამართლომ, წინამდებარე გადაწყვეტილების 6-8 პუნქტებში მითითებული მიმოწერებიდან გამომდინარე, დადგენილად მიიჩნია, რომ ოფის მენეჯერის მუშაობაში გარკვეული სახის გადაცდომებს ჰქონდა ადგილი, თუმცა არცერთი ის შენიშვნა, რაც ელექტრონულ მიმოწერაში იყო გამოთქმული, არ შეიძლება შეფასდეს იმ ხარისხის უხეშ დარღვევად, რასაც მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება მოჰყვა.

14. სააპელაციო პალატის განმარტებით, გათავისუფლების ბრძანების კანონიერების შემოწმებისათვის უნდა დადგინდეს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 1) შრომითი მოვალეობის შესრულებისას მოსარჩელემ უხეშად დაარღვია თუ არა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით მასზე დაკისრებული ვალდებულება და 2) შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა იყო თუ არა გამეორება იმ დარღვევისა, რის გამოც მის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე იყო გამოყენებული ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა.

15. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, შრომის ხელშეკრულების 2.16 პუნქტით მოსარჩელეს ევალებოდა დაეცვა შინაგანაწესი - დამსაქმებლის მიერ შემუშავებული და დამტკიცებული სახელმძღვანელოების, დებულებების, ინსტრუქციების, პოლიტიკების და სხვა შიდა ნორმატიული დოკუმენტების ერთობლიობა, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების შემადგენელ/განუყოფელ ნაწილს და მოქმედებს მასთან ერთად. შრომის ხელშეკრულებაზე თანდართული „თანამშრომლების კორპორაციული სახელმძღვანელოს“ 2.1.25 პუნქტში გაწერილია რა დარღვევა წარმოადგენს თანამშრომლის მიერ უხეშ დარღვევას. კერძოდ, ხელშეკრულების მითითებული პუნქტის თანახმად: „სახელმძღვანელოს 2.1.5, 2.1.8, 2.1.10-2.1.15, 2.1.17-2.1.23 ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს უხეშ დარღვევას“.

16. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, კორპორაციული სახელმძღვანელოს 2.1.7. პუნქტით [იყოს დისციპლინირებული, არ დაუშვას უმიზეზოდ გაცდენა, ხშირი დაგვიანება, ან მუშაობისათვის თავის არიდება. სამსახურის გაცდენად ჩაითვალება სამუშაო დღის განმავლობაში სამუშაო ადგილზე გამოუცხადებლობა, ან სამუშაო დროის მიმდინარეობისას 3 (სამი) სამუშაო საათის განმავლობაში სამუშაოს შეუსრულებლობა/სამუშაო ადგილზე გამოუცხადებლობა, გარდა საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისა, რაც რეგულირდება, სახელმძღვანელოს და შრომითი ხელშეკრულების/გამოსაცდელი ვადით შრომითი ხელშეკრულების შესაბამისად] გათვალისწინებული მოვალეობის დარღვევის უხეშ დარღვევად შეფასება წინააღმდეგობაში მოდის ამავე სახელმძღვანელოს 2.1.25 პუნქტთან, რადგან 2.1.7. პუნქტის დარღვევა (უმიზეზოდ გაცდენა, ხშირი დაგვიანება და ა.შ) ამავე აქტით არ შედის შრომითი მოვალეობის უხეში დარღვევების ჩამონათვალში. შესაბამისად, შესაგებელზე თანდართული ვიდეოფაილით დადგენილად რომც მიჩნეულიყო მოსარჩელის მიერ 3 მაისსა და 7 ივნისს სამუშაო დროის 7-9 წუთით ადრე დასრულება, 10 ივნისს 13:50 საათისათვის სამუშაო დროის დასრულება, შესვენების პერიოდით რამდენიმე წუთის გადაჭარბებით სარგებლობა, პალატის მოსაზრებით, აღნიშნული გარემოებები, კორპორატიული სახელძღვანელოს 2.1.25. პუნქტის თანახმად, არ ჩაითვლება მუშაკის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების უხეშ დარღვევად.

17. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საბოლოოდ მაინც სასამართლოს შეფასების საგანია, ჰქონდა თუ არა დასაქმებულის მხრიდან ვალდებულებათა უხეშ დარღვევას ადგილი, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლომ შესაძლოა არც მიიჩნიოს უხეშ დარღვევად ის, რაც დამსაქმებლის მიერ უხეშ დარღვევად არის შეფასებული. ასე, მაგ.: სამუშაო დროით რამდენიმე წუთით გადაჭარბებულად სარგებლობა; კონსულტანტის ჩაცმულობისათვის ყურადღების მიუქცევლობა, წყლის ბინულის თავზე მტვრის არსებობა, ნარინჯისფერი და შავი ურნების განთავსების ადგილების აღრევა, სამუშაო დროს მობილურ ტელეფონზე პასუხის გაცემა და ა.შ. შესაძლოა დამსაქმებლის მიერ უხეშ დარღვევადაა აღქმული და შეფასებული, მაგრამ საბოლოოდ საკითხის შეფასებას, უხეში არის თუ არა დარღვევა, ახდენს სასამართლო. სააპელაციო სასამართლოს ერთმნიშვნელოვანი შეფასებით, ეს ფაქტობრივი გარემოებები უხეშ დარღვევად, რისთვისაც უკიდურესად მკაცრი სანქცია - სამსახურიდან გათავისუფლება იქნებოდა გამოყენებული, არ უნდა იყოს მიჩნეული.

18. რაც შეეხება მითითებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელემ დაარღვია კორპორატიული სახელმძღვანელოს 2.1.10. პუნქტი [არ დაუშვას დამსაქმებლის პოლიტიკების, პროცედურების და ინსტრუქციის დარღვევა], საააპელაციო პალატამ მიუთითა საქმეში ს.ფ. 81-ზე განთავსებულ ბანკის სერვის ცენტრის უფროსი/უფროსი მოლარე ოპერატორის თანამდებობრივ ინსტრუქციაზე. ბანკის წარმომადგენლის განმარტებით, მოსარჩელემ დაარღვია მითითებული ინსტრუქციის პირველი ნაწილის მე-17 და მე-18 პუნქტები, რაც გულისხმობს სერვისცენტრის სამეურნეო და მარკეტინგული თემების მოგვარებასა (მე-17 პ.) და სერვისცენტრის ტექნიკურად გამართულობის უზრუნველყოფას (მე-18 პ.). მისივე განმარტების თანახმად, სერვის ცენტრის მონიტორინგის ინსტრუქციით დეტალურად არის გაწერილი, თუ როგორ ხდება სერვის ცენტრის შემოწმება და მენეჯერის მიერ სამეურნეო, მარკეტინგული და სხვა ინვენტარის გამოწერა, რაც მოსარჩელემ მრავალგზის დაარღვია. მან დროულად არ გამოიწერა დაზიანებული პოსტერი. პალატამ მიუთითა საქმეში ს.ფ. 84-85-ზე განთავსებულ სერვის ცენტრის მონიტორინგის ინსტრუქციაზე, რომლის ერთ-ერთი თავი ეთმობა სამეურნეო, მარკეტინგული და სხვა ინვენტარის მოწესრიგების საკითხს. ინსტრუქციის თანახმად, მომდევნო თვის საკანცელარიო ინვენტარის გამოწერა ხდება თვეში ერთხელ, ყოველი თვის დასაწყისში - მაქსიმუმ 10 რიცხვისა. მოსარჩელეს ბანკის №212 სერვის ცენტრში დაზიანებული პოსტერის თაობაზე (როგორც საკანცელარიო ინვენტარისა) მოთხოვნა უნდა გადაეგზავნა 2017 წლის აპრილისათვის, თუმცა მან მოთხოვნა გადააგზავნა 16 დღის დაგვიანებით. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმეში ს.ფ. 96-98-ზე განთავსებული ელექტრონული მიმოწერით, სადაც მოსარჩელე აღნიშნავს, რომ თვის (აპრილის თვის) პირველ რიცხვებში დაუზიანდა პოსტერი, თუმცა აღნიშნულის თაობაზე მან მოთხოვნა თბილისში გაგზავნა, ნაცვლად 10 რიცხვისა, 26 აპრილს (ს.ფ. 98) ანუ 16 დღის დაგვიანებით. აღნიშნულის გამო მოსარჩელეს 2017 წლის 5 მაისის ბრძანებით გამოეცხადა კიდეც წერილობითი საყვედური.

19. რაც შეეხება გათავისუფლების საფუძვლად მითითებულ მეორე გარემოებას [სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტი], სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ამ ნაწილში გათავისუფლების კანონიერად მიჩნევისათვის უნდა დადგინდეს შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა იყო თუ არა გამეორება იმ დარღვევისა, რის გამოც მოსარჩელის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე იყო გამოყენებული ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა. აღნიშნული გარემოება კი საქმის მასალებით არ დასტურდებოდა.

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მხრიდან კორპორატიული სახელმძღვანელოს 2.1.7. და 2.1.10 პუნქტების დარღვევით სამსახურებრივი მოვალეობა უხეშად არ დარღვეულა, ამასთან, მისი მხრიდან 2017 წლის 5 მაისიდან გათავისუფლებამდე სამსახურებრივი მოვალეობის განმეორებითი დარღვევა დაუდასტურებელი იყო. შესაბამისად, აღნიშნული საფუძვლებით [37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები] მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება უკანონო იყო. სასამართლოს დასკვნის თანახმად, მოსარჩელეს არ ჰქონდა ჩადენილი ისეთი სამსახურებრივი გადაცდომა, რომელიც მისი სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი შეიძლება გამხდარიყო.

21. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს არ ჰქონდა ჩადენილი სამსახურებრივი ინსტრუქციით გათვალისწინებულ ვალდებულებათა იმგვარი დარღვევა, რომელიც მისთვის გაფრთხილებას, დამატებითი ვადის მიცემას ან კიდევ უფრო მსუბუქი სახის სანქციის შეფარდებას გამორიცხავდა.

22. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ოფისის მენეჯერი არის კოორდინატორული ცენტრი დაწესებულებისა, რომელმაც იცის ყველა მისი თანამშრომლის ადგილსამყოფელი, დოკუმენტების მართებული გაფორმება, მოლაპარაკებათა ორგანიზება და დაწესებულების საქმიანობის სხვა მრავალი წვრილმანი დეტალი თუ მნიშვნელოვანი საკითხი. რიგ შემთხვევებში, იგი წარმოადგენს ხელმძღვანელობის სახეს სხვა სტრუქტურებთან და დაწესებულებებთან. ზოგადად, ოფისის მენეჯერი არის სახე როგორც დაწესებულებისა, ისე - მისი ხელმძღვანელობისა. ამ ფუნქციებიდან გამომდინარე, ცხადი იყო, რომ მოსარჩელის გათავისუფლების შემდეგ ბანკის №212 სერვის ცენტრი ვერ განაგრძობდა მუშაობას მენეჯერის გარეშე. სააპელაციო სასამართლომ გამოიკვლია მითითებული საკითხი. ბანკის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ამ პოზიციაზე დასაქმებული იყო სხვა პირი. ზემოაღნიშნულ გარემოებათა გამო და იმის გათვალისწინებით, რომ ოფისმენეჯერის გარეშე №212 სერვის ცენტრი მართლაც ვერ განაგრძობდა მუშაობას, პალატამ მოსარჩელის სამუშაო ადგილზე სხვა, მესამე პირის დასაქმება ბანკის მხრიდან ლეგიტიმურ ნაბიჯად და ქმედებად მიიჩნია და ეს ღონისძიება მოსარჩელისთვის ხელოვნური ბარიერის შექმნის მიზნით განხორციელებულ ქმედებად არ ჩათვალა. აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მოსარჩელის პირვანდელ თანამდებობაზე აღდგენა შეუძლებლად მიიჩნია და დარღვეული უფლების აღსადგენად მას კომპენსაცია განუსაზღვრა.

23. სააპელაციო სასამართლომ კომპენსაციის გონივრულ ოდენობად მოსარჩელისთვის 6 თვის ხელფასის გადახდა მიიჩნია. საკითხის ამგვარად გადაწყვეტისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, დასაქმებულის სამუშაო სტაჟი, ასევე, ის გარემოება, რომ ბანკი, როგორც დამსაქმებელი, მუდმივად ზრუნავდა დასაქმებულის შემდგომ პროფესიულ განვითარებასა და მისი კვალიფიკაციის ამაღლებაზე. კერძოდ, 2017 წლის 2 აგვისტოს №1133 ცნობით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე 2008 წლის 15 დეკემბრიდან მუშაობდა ბანკში, სადაც მიიღო გამოცდილება. ბანკში მუშაობის პერიოდში გავლილი ჰქონდა არაერთი გადამზადების კურსი, რამაც გაზარდა მისი შანსები შრომის ბაზარზე. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელისათვის კომპენსაციის სახით გადასახდელი თანხა უნდა განსაზღვრულიყო 5910 ლარით (ხელზე ასაღები).

24. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. მოპასუხემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

25. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:

25.1. დასაქმებულისთვის კომპენსაციის მიცემა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ბრძანების ბათილად ცნობისას არ არსებობს იგივე ან ტოლფასი თანამდებობა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში არსებობდა კონკრეტული თანამდებობა და სწორედ იმავე თანამდებობაზე უნდა აღდგენილიყო მოსარჩელე. შესაბამისად, მოპასუხეს განაცდურის ანაზღაურებაც სრულად უნდა დაკისრებოდა განთავისუფლებიდან სამუშაოზე აღდგენამდე;

25.2. არ შეიძლება გაზიარებული იქნას სასამართლოს მსჯელობა, რომ სხვა პირის დანიშვნის შემთხვევაში არ შეიძლება სამუშაოზე აღდგენა. ეს მსჯელობა არ შეესაბამება რეალობას არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი თვალსაზრისით, ვინაიდან: 1. სასამართლოს მიერ არ გამოკვლეულა, სხვა პირი იყო თუ არა დანიშნული, მტკიცებულებები წარდგენილი არ ყოფილა; 2. სხვა პირიც რომ იყოს დანიშნული, ამით არ შეიძლება შეილახოს უკანონოდ განთავისუფლებული მოსარჩელის ინტერესები, რადგან სწორედ ის სხვა პირი უნდა იქნას განთავისუფლებული სამსახურიდან ვითარების შეცვლის გამო, ხოლო მოსარჩელე უნდა აღდგეს იმავე თანამდებობაზე.

26. მოპასუხის საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:

26.1. სააპელაციო სასამართლომ კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის გარეშე, იმგვარად, რომ მხედველობაში არ მიუღია დარღვევის სიმძიმე და სამუშაოს სპეციფიკა, მიიჩნია, რომ დასაქმებულის მხრიდან შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების უხეშ დარღვევას ადგილი არ ჰქონია;

26.2. კასატორის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით ნათლად დასტურდება ის გარემოება, რომ მოსარჩელე მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების გამო რამდენჯერმე გაფრთხილებული იყო. კერძოდ, 2016 წლის 14 იანვრის მიმოწერით დასტურდება, რომ №212 ექსპრეს სერვის ცენტრში მთელი რიგი დარღვევები ფიქსირდება, რაზეც უშუალო პასუხისმგებელ პირს წარმოადგენს მოსარჩელე. 2016 წლის 6 დეკემბრის მიმოწერით ასევე დგინდება, რომ მთელი რიგი დარღვევები დაფიქსირდა №212 სერვის ცენტრში. ქსელის კოორდინატორის მიწერილ ელექტრონულ წერილში მითითებულია: „აღნიშნულ ფილიალში რამდენი ხარვეზიც ჩავინიშნე ერთი ვიზიტის ფარგლებში, ამ წლის მანძილზე საქართველოს მასშტაბით არცერთ სხვა ფილიალში არ შემხვედრია. ზოგადად არა მარტო ამ ვიზიტის დროს, წინა ვიზიტების დროსაც უამრავი შენიშვნა მქონდა, რომელთა უმეტესი ნაწილი ამ ვიზიტის დროსაც დამხვდა და არ იყო გამოსწორებული, რაც მიქმნის შთაბეჭდილებას, რომ ფილიალში არსებულ ვითარებას საერთოდ არ ექცევა ყურადღება“;

26.3. აღნიშნულ დარღვევებზე მითითების მიუხედავად, მოსარჩელემ განაგრძო მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების შეუსრულებლობა. შედეგად, განმეორებით დაფიქსირებული დარღვევების გამო ამავე წლის 27 დეკემბრის მეილით ზემდგომმა უფლებამოსილმა პირმა მოსარჩელეს მისცა გაფრთხილება, რომ მსგავსი პრობლემების დაფიქსირების შემთხვევაში ბანკი და მოსარჩელე თანამშრომლობას ვეღარ გააგრძელებდნენ. 2017 წლის 4 მაისის მიმოწერით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ კიდევ ერთხელ, განმეორებით არ იქნა მასზე დაკისრებული ვალდებულება შესრულებული, რის გამოც 2017 წლის 5 მაისს მას გამოეცხადა საყვედური წერილობითი სახით - 384-კ ბრძანებით. 2017 წლის 10 მაისის მიმოწერით ასევე დგინდება ის გარემოება, რომ, მიუხედავად მოსარჩელის მიმართ გამოყენებული დისციპლინული სახდელისა, №212 ექსპრეს სერვის ცენტრში მთელი რიგი დარღვევები ისევ იქნა დაფიქსირებული, რომლის შესრულებაზეც, თანამდებობრივი ინსტრუქციის თანახმად, უშუალოდ პასუხისმგებელი იყო მოსარჩელე;

26.4. ზემოთ აღნიშნული გარემოებების გაუთვალისწინებლობის გამო, დამსაქმებლის მიერ არაერთგზის მიცემული მითითებებისა და გაფრთხილების გაუთვალისწინებლობის მიზეზით (გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემამდე), სერვის ცენტრის შემოწმების მიზნით მოხდა ამ სერვის ცენტრის ვიდეო-მასალის ამოღება. ვიდეო-მასალის ამოღება მოხდა წმინდა შერჩევითობის პრინციპით ანუ რამდენიმე ვიდეო-ფაილის შესწავლის შემდეგ არ შეირჩა მხოლოდ კონკრეტული მასალა. წარმოდგენილი ვიდეო-მასალით დგინდება, რომ მოსარჩელე გადაჭარბებულად იყენებს შესვენების დროს, დიდი პერიოდით ტოვებს სამუშაო ადგილს, ამისამართებს სხვა ოპერატორთან კლიენტებს. ექსპრეს სერვის ცენტრებში იმიტომ არსებობს მენეჯერის/უფროსი მოლარე-ოპერატორის შტატი, რომ ყველამ სრულყოფილად მიიღოს მონაწილეობა ნაკადის გატარებაში, მაშინ როდესაც მენეჯერი არაა სამუშაო ადგილზე, ზედმეტად იყენებს საკუთარი შესვენების დროს, სამუშაო დროს გადის სამუშაო ზონიდან ან ზის და დაკავებულია სხვა საქმით. აღნიშნული მთლიანად არღვევს იმ კონცეფციას, რაზეც აგებულია ექსპრეს ბანკის იდეა და ზიანს აყენებს კომპანიის იმიჯს. ასევე უარყოფითად მოქმედებს ის ფაქტი, რომ კომპანიის თანამშრომელი მთლიანად ფოკუსირებულია მობილურ ტელეფონზე და ყურადღებას არ აქცევს რიგში მდგომ ადამიანს, რომლის ლეგიტიმური მოლოდინიც კომპანიისგან არის სწრაფი მომსახურება;

26.5. გარდა ამისა, 2017 წლის 15 ივლისის მიმოწერით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ დარღვეულია ბანკომატის მიერ დაკავებული ბარათების პორტალზე აყვანისა და ცნობების გაცემის პროცედურა. კერძოდ, ამ უკანასკნელის შემთხვევაში არ ფიქსირდება ცნობების გასვლა კორესპონდენციის ჟურნალში, ხოლო ბანკომატში დაკავებული ბარათები არ არის პორტალზე რეგისტრირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ბანკის მასშტაბით ვერავინ შეძლებს ინფორმაციის მოპოვებას ამ ბარათების შესახებ;

26.6. მენეჯერის მხრიდან სამსახურებრივი დროით არამართლზომიერად სარგებლობა, სამუშაო დროის არამიზნობრივი განკარგვა შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში შრომის არსებითი პირობის დარღვევას წარმოადგენს, შესაბამისად, იგი ერთმნიშვნელოვნად უხეშ დარღვევად უნდა იყოს მიჩნეული, მით უფრო მაშინ, როდესაც მითითებულ გადაცდომას მენეჯერი სჩადის, რომელსაც მის დაქვემდებარებაში მყოფი დასაქმებულების ქცევის კონტროლი და შრომის შინაგანაწესის დაცვა მოეთხოვება. მენეჯერის მხრიდან უპასუხისმგებლო საქციელი აისახება თანამშრომლებზე. ეს იწვევს უშუალო დაქვემდებარებაში დასაქმებული მუშაკების დემოტივირებას, მათაც უჩნდებათ იმავეს გაკეთების სურვილი. არამოტივირებული კადრისგან კი გაცილებით დიდი რისკია ფინანსური შეცდომები დაუშვან, ზარალი მიაყენონ როგორც კომპანიას, ასევე -კლიენტს. გარდა ამისა, არამოტივირებული გუნდი ვერ ეწევა შესაბამისი ხარისხის სერვისს, რაც იწვევს მომხმარებელთა უკმაყოფილებას და მათ დაკარგვას;

26.7. მოსარჩელის მიერ თავისი მოვალეობების უხეში დარღვევა ასევე დასტურდება №212 სერვის ცენტრში 2018 წლის 26 აპრილს შედგენილი ოქმით, სადაც აღნიშნულია, რომ სამზარეულოში პოლიეთილენის პარკში, ქსელის აპარატურის უკან ნაპოვნი იქნა საბუთები, რომლებიც სწორედ მოსარჩელის დროს არის წარმოებული. აღნიშნული საბუთები არ იყო გადაგზავნილი არქივში სტანდარტების შესაბამისად. ასევე, საბუთების ნაწილი ფიზიკურად დაზიანებულია;

26.8. მოსარჩელე, როგორც სერვის ცენტრის უფროსი/უფროსი მოლარე-ოპერატორი უშუალოდ პასუხისმგებელი იყო ბანკის სერვის ცენტრის, შესაბამისად, პერსონალის მართვაზე. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მენეჯერი ვერ მართავს სერვის ცენტრის თანამშრომლებს, მაგალითად, კონსულტანტები დროის ძირითად ნაწილს ატარებენ ოპერატორების ზონაში, ოპერატორებთან ლაპარაკში, ასევე არის შემთხვევები, რომ ოპერატორებიც დიდი ხნით ტოვებენ საკუთარ სამუშაო ადგილებს;

26.9. ჩადენილი დარღვევების ხარისხის შეფასების მიზნით, სასამართლომ ყურადღება უნდა გაამახვილოს მოსარჩელის მიერ დაკავებული პოზიციის სპეციფიკაზე, რაც პოზიციის მენეჯერულ ხასიათში ვლინდება, ასევე იმ პასუხისმგებლობაზე, რომელიც მითითებულ პოზიციაზე დასაქმებულ პირს მოეთხოვება. ბანკის წარმომადგენლების მიერ მოსარჩელეს არაერთხელ ეცნობა, რომ, თუ თანამდებობრივი ინსტრუქციით დაკისრებული ფუნქციების შესრულებას ვერ ახერხებდა რაიმე ობიექტურად განპირობებული მიზეზებით, ბანკი მზად იყო დახმარებოდა პრობლემების გამოსწორებაში. ამის მიუხედავად, მოსარჩელე განზრახ, უპასუხისმგებლოდ არ ასრულებდა თანამდებობრივი ინსტრუქციით მასზე დაკისრებულ უფლება-მოვალეობებს და დამსაქმებელს აყენებდა რეპუტაციული და ფინანსური რისკის წინაშე;

26.10. სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები. ბანკი არაერთხელ ეცადა, რომ უფრო მსუბუქი სანქციების გამოყენებითა და მითითებების მიცემით მოსარჩელეს შეესრულებინა მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობები, თუმცა უშედეგოდ;

26.11. კასატორი დამატებით მიუთითებს სასამართლოს შეფასებაზე, თითქოს მხარეები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას ხელშეკრულებით თავად განსაზღვრონ „უხეში დარღვევის“ ცნება. სასამართლო ამგვარი განმარტებით გაუმართლებლად ზღუდავს მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპს. მხარეები უფლებამოსილნი არიან შეთანხმდნენ კანონით აუკრძალავი, მათ შორის, კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი მოქმედების შესრულებაზე. საბანკო სექტორში, როგორც მომსახურების გამწევ ერთ-ერთ საპასუხისმგებლო სეგმენტში, განსხვავებით სხვა სექტორებისგან, უაღრესად დიდი მნიშვნელობა შეიძლება მიენიჭოს დროის მენეჯმენტსა და დისციპლინას. საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე მხარეებმა შესაძლოა წინასწარ განსაზღვრონ, თუ რა სახის გადაცდომები შეიძლება ჩაითვალოს „უხეშ დარღვევად“. ბანკმა ზუსტად აღნიშნული უფლება გამოიყენა, როდესაც დისკრეციის ფარგლებში „თანამშრომელთა კორპორატიული სახელმძღვანელოს“ საშუალებით კონკრეტული სახის დარღვევებს „უხეში დარღვევის“ კვალიფიკაცია მიანიჭა. ნიშანდობლივია, რომ მოსარჩელემ შრომით ხელშეკრულებაზე ხელმოწერით გამოხატა თანხმობა შინაგანაწესის შემადგენელი დოკუმენტების შინაარსზე, ასევე იმაზეც, რომ კონკრეტული დარღვევა უხეში დარღვევაა, შესაბამისად, მას, როგორც დასაქმებულს, სრულად უნდა ჰქონოდა გააზრებული დარღვევის სიმძიმე და მისი მოსალოდნელი შედეგები;

26.12. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტი, რომელიც შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის დამოუკიდებელი საფუძველია. სასამართლოს მოსარჩელის მიერ ჩადენილი დარღვევები (სამსახურებრივი გადაცდომები) უხეშ დარღვევადაც რომ არ მიეჩნია, მაინც არსებობდა მოსარჩელის გათავისუფლების საფუძველი, ვინაიდან მას ერთი წლის განმავლობაში უკვე ჰქონდა მიღებული შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - საყვედური;

26.13. საყვედურის გამოცხადების მიზეზი გახდა სამეურნეო საკითხების მოუწესრიგებლობა, რომელიც მოსარჩელის უშუალო კომპეტენციას წარმოადგენდა. 2017 წლის 10 მაისის მიმოწერიდან დასტურდება, რომ, მიუხედავად გაფრთხილებებისა და სპეციალური მითითებისა, მოსარჩელე განზრახ არ ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. შედეგად, 2017 წლის 27 ივნისის №597-კ ბრძანების საფუძველზე მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან;

26.14. კანონი არ მოითხოვს დამსაქმებლისგან ორი იდენტური შემთხვევის/გადაცდომის დაფიქსირებას. სშკ-ის მიზნებისთვის საკმარისია შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ნებისმიერი ვალდებულების დარღვევა. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, როდესაც ბანკისგან იმ ფაქტობრივი გარემოების დადასტურება მოითხოვა, რომ შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა იყო გამეორება იმ დარღვევისა, რის გამოც მის მიმართ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკვე იყო გამოყენებული ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა. სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტი დამსაქმებელს აღჭურავს უფლებამოსილებით, შეწყვიტოს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა, თუ დასაქმებულმა დაარღვია ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულება ან კოლექტიური ხელშეკრულება ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულება და, თუ დასაქმებულის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე გამოყენებული იქნა ნებისმიერი სახის დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა;

26.15. სასამართლოს იმ შეფასების გაზიარების შემთხვევაშიც კი, თითქოს აუცილებელია ერთი და იმავე დისციპლინური დარღვევის მინიმუმ ორჯერ ჩადენა, სასამართლოს მსჯელობა მაინც ალოგიკურია. გაუგებარია სასამართლოს მხრიდან ბანკის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების იმგვარად შეფასება, თითქოს ვერ დგინდება კავშირი გათავისუფლებისა და საყვედურის გამოცხადების მიზეზებს შორის. ექსპრეს საბანკო მომსახურების დირექტორის მოადგილის 2017 წლის 10 მაისის ელექტრონულ წერილში მოსარჩელეს განემარტა საყვედურის მიცემის საფუძველი: „მოცემულ საკითხზე არაერთხელ გვისაუბრია ა., რასაც არ მოყვა შენი მხრიდან შედეგი. ამიტომ ამჯერად გამოგეცხადება საყვედური!“. საყვედურის გამოცხადების მიზეზი მითითებული იყო ასევე 2017 წლის 5 მაისის №384-კ ბრძანებაში - არაერთგზისი გაფრთხილების მიუხედავად სერვის ცენტრის სამეურნეო საკითხების მოუწესრიგებლობა. მოსარჩელის გათავისუფლებამდე მხარეთა შორის შემდგარ ბოლო კომუნიკაციაში დამსაქმებლის უკმაყოფილება გამოწვეული იყო სამეურნეო საკითხების მოუწესრიგებლობით, რაც, თავის მხრივ, მოსარჩელის გათავისუფლების საფუძველი გახდა. ამდენად, სრულიად ცალსახაა კავშირი სამეურნეო საკითხების მოუწესრიგებლობას, საყვედურის გამოცხადებასა და დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას შორის.

27. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 25 თებერვლის განჩინებით მხარეთა საკასაციო საჩივრები დასაშვებად იქნა ცნობილი, სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

28. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრების საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

29. საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში [სსსკ-ის 404.1 მუხლის პირველი წინადადება]. საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407-ე მუხლი].

30. მოპასუხის საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერება.

31. მოცემულ საქმეში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ოფის მენეჯერის მუშაობაში გარკვეული სახის გადაცდომებს ჰქონდა ადგილი (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების მე-13, მე-20 და 21-ე პუნქტები).

32. კასაციის ძირითადი პრეტენზია ემყარება იმას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებათა დადგენისას სრულყოფილად არ შეაფასა მოპასუხის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები - ელექტრონული მიმოწერები, რომლითაც დასტურდება, რომ მოსარჩელე არაერთი გაფრთხილებისა და შემოწმების მიუხედავად, სისტემატურად არღვევდა ხელშეკრულებით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს, ამავე დროს, სააპელაციო სასამართლოს მოსარჩელის მიერ ჩადენილი დარღვევების სიმძიმის შეფასებისას მხედველობაში არ მიუღია იმ სამსახურის დანიშნულება და სპეციფიკა, სადაც მოსარჩელე მუშაობდა.

33. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, მართებულად მიიჩნია თუ არა სააპელაციო სასამართლომ, რომ მოსარჩელის მიერ ჩადენილი დარღვევები არ წარმოადგენდა ისეთი სახის უხეშ დარღვევას, რომელიც შესაძლებელია გახდეს გათავისუფლების საფუძველი.

34. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს დასკვნა დაუსაბუთებელია. მოსარჩელის მიერ ჩადენილი დარღვევების ხასიათიდან გამომდინარე, დამსაქმებლის მიერ გამოყენებული ზომა - გათავისუფლება იყო დარღვევების ადეკვატური. შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი.

35. სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს.

36. უმნიშვნელოვანესი პრინციპი, რაც უნდა იყოს გათვალისწინებული 37 (1) „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას, ესაა პროპორციულობისა და გონივრული საფუძვლის პრინციპი. პროპორციულობის, იმავე თანაზომიერების პრინციპი ნიშნავს, რომ კანონის მიზნის მისაღწევად გამოყენებული ღონისძიება უნდა იყოს დასაშვები, აუცილებელი და პროპორციული. ერთ-ერთ საქმეში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სწორედ პროპორციულობის პრინციპი გამოიყენა და განმარტა: შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა დამსაქმებლის მიერ დასაშვები უნდა იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაუმართლებელია ამ უკანასკნელის უფლების დაცვის სხვა საფუძვლების გამოყენება. მაშასადამე, შეუფერებელი ყოფაქცევა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გახდეს დათხოვნის საფუძველი, როცა იგი მიაღწევს მნიშვნელოვან დონეს (იხ. სუსგ №ას-106-101-2014, 2 ოქტომბერი, 2014 წელი, №ას-1183-1125-2014, 13 თებერვალი, 2015 წელი; „საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები“, ავტორთა კოლექტივი, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, 2017, გვ. 234-235).

37. საქართველოს სასამართლოების მიერ შრომით დავებთან დაკავშირებულ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტებულ იქნა, რომ სამსახურიდან პირის გათავისუფლების შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების მართლზომიერების შეფასებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შრომის სამართალში მოქმედ Ultima Ratio-ს პრინციპის დაცვას, რომელიც გულისხმობს, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დასაქმებულის მიმართ, მის მიერ ჩადენილი გადაცდომის (დარღვევის) ხასიათიდან და სიმძიმიდან გამომდინარე, უფრო მსუბუქი სანქციის შეფარდებას აზრი აქვს დაკარგული. შესაბამისად, დასაქმებულის მიერ დარღვევის ჩადენისას დამსაქმებლის მიერ გამოყენებული უნდა იქნას ისეთი ზომები, რომლებიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდის, კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებს (იხ. სუსგ №ას-1183-1125-2014, 13 თებერვალი, 2015 წელი; №ას-1276-1216-2014, 18 მარტი, 2015 წელი).

38. სწორედ აღნიშნული მიზნის განხორციელებას ემსახურება სშკ-ის 37-ე მუხლში 2013 წლის 12 ივნისს განხორციელებული ცვლილებები, რომელთა შესაბამისად, აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით დამსაქმებელს მიენიჭა დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების უფლება არა შრომითი ხელშეკრულების ყოველგვარი დარღვევის, არამედ ვალდებულებათა მხოლოდ „უხეში დარღვევის“ შემთხვევაში.

39. ამრიგად, მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას, სასამართლო ამოწმებს დამსაქმებლის უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. ამისათვის კი აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერების შეფასების მიზნით, დადგინდეს დასაქმებულის მიერ მასზე დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევის ფაქტი, რაც შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ადმინისტრაციის ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის განთავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (იხ. სუსგ №ას-1276-1216-2014, 18 მარტი, 2015 წელი; №ას-483-457-2015, 7 ოქტომბერი, 2015 წელი; №ას-812-779-2016, 19 ოქტომბერი, 2016 წელი).

40. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დასაქმებულის მიერ შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა არის თუ არა „უხეში“ ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ინდივიდუალური შეფასების საგანია და უნდა შეფასდეს საქმის ყველა კონკრეტული გარემოების გათვალისწინებით.

41. ერთი და იგივე ქმედება, რომელიც ერთ შემთხვევაში არაარსებით დარღვევას წარმოადგენს, სხვა შემთხვევაში შესაძლებელია უთანაბრდებოდეს უხეშ დარღვევას.

42. იმისათვის, რომ დამრღვევის მოქმედების (ან უმოქმედობის) სიმძიმე შეფასდეს, პირველ რიგში უნდა გამოკვლეულ იქნას იმ სამსახურის დანიშნულება, სადაც დასაქმებული მუშაობს, და ამ სამსახურში დასაქმებულის ფუნქცია და მოვალეობები (იხ. სუსგ №ას-127-123-2016, 13 ივნისი, 2016 წელი).

43. დადგენილია, რომ მოსარჩელე სადავო ბრძანებით გათავისუფლდა ბანკის ექსპრეს საბანკო მომსახურების დეპარტამენტის №212 სერვის ცენტრის უფროსი/უფროსი მოლარე-ოპერატორის თანამდებობიდან (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების მე-4 პუნქტი). მხარეთა შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების 3.1. პუნქტით დასაქმებულმა აიღო ვალდებულება დამსაქმებლის წინაშე სრულად და ჯეროვნად შეესრულებინა ხელშეკრულებით, მათ შორის, თანამდებობრივი ინსტრუქციით გათვალისწინებული სამუშაო (იხ. ტ. I. ს.ფ. 127). საქმის მასალებში არსებული თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრულია სერვის ცენტრის უფროსი/უფროსი მოლარე-ოპერატორის ფუნქციები, ვალდებულებები და პასუხისმგებლობები, რომლის თანახმად, აღნიშნულ თანამდებობაზე დასაქმებული პირის ფუნქციებს სხვა მოვალეობებთან ერთად განეკუთვნება სერვისცენტრის სამეურნეო და მარკეტინგული თემების მოგვარება, სერვისცენტრის ტექნიკურად გამართულობის უზრუნველყოფა (იხ. ტ. I, ს.ფ. 81).

44. საქმეში წარმოდგენილი ელექტრონული მიმოწერებით ცალსახად დასტურდება, რომ მოსარჩელე სისტემატურად არღვევდა შრომითი ხელშეკრულებით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს.

45. 2016 წლის 14 იანვრით დათარიღებულ ელექტრონულ წერილში, რომელშიც მოპასუხე მიმართავს მოსარჩელეს, აღნიშნულია, რომ №212 სერვის ცენტრში ვიზიტის დროს ფასადი ძალიან დასალაგებელი იყო; აქციის პოსტერის ჩასადები ძალიან ტალახიანი იყო; სტენდებში მარტო 2-3 სახეობის ბუკლეტი ელაგა; რკინის სკამებზე კარდონი იყო, რაც დაუშვებელია; ბანკომატი არ მუშაობდა; დასარეგულირებელი იყო ნაგვის ურნების საკითხი, ფეიბოქსებთან უნდა ყოფილიყო მარტო ნარინჯისფერი ურნები, თან აუცილებლად - დაფარებული თავსახურით. 24 საათიან ზონაში კიდევ 2 ურნა იყო, შავი ფერის, რომლებიც ამ ზონაში არ გამოიყენება; სტიკერები შემოსასვლელ და ზონების გამყოფ კარზე ძალიან დახეული და დაზიანებული იყო; კონსულტანტები ზურგით ტერმინალზე მიყუდებულები და გულხელდაკრეფილები იდგნენ, რაც ვიზუალურად არც ისე კარგად გამოიყურებოდა; კონსულტანტები საერთოდ არ ეგებებობდნენ სერვის ცენტრში შესულ მომხმარებლებს (იხ. ტ. I, ს. ფ. 86-87, ასევე, წინამდებარე გადაწყვეტილების მე-6 პუნქტი).

46. 2016 წლის 6 დეკემბრით დათარიღებულ ელექტრონულ წერილში, რომელშიც მოპასუხე მიმართავს მოსარჩელეს, აღნიშნულია, რომ №212 სერვის ცენტრში ვიზიტისას ვიტრაჟის ფანჯრის რაფები იყო დამტვერილი, დიდი ხნის გაუწმენდავი; სერვის ცენტრის ფასადზე სხვა ობიექტის სარეკლამო აბრა და დიდი თაიგული იყო; იატაკის ზოლები შესაღები იყო; შემოსასვლელ კარსა და ბოძზე მოსაწესრიგებელი იყო მაგნიტის საკეტის სისტემის კაბელები; შემოსასვლელ კარზე დაზიანებული იყო კარის ნაწილი; სერვის ცენტრის კედლები და რკინის სკამები შესაღები იყო; ზონების გამყოფ კარზე სტიკერები იყო ამძვრალი, ხოლო თვითონ ვიტრაჟი გაჩხაპნილი იყო; ოპერატორების მაგიდის უკან საბუთები და კარდონის ყუთები ელაგა, რაც მიუღებელია; კედლების ქვეშ არსებული პლინტუსები გასაწმენდი იყო სპეციალური ხსნარებით; ნათურები იყო გადამწვარი; ბუკლეტების დეფიციტი იყო; ფეიბოქსებზე არ მუშაობდა ბარათის წამკითხველი და პინ-პადი; კონსულტანტები ძალიან პასიურები იყვნენ, ფაქტიურად არაფერს აკეთებდნენ, იდგნენ ერთ ადგილზე და ელოდებოდნენ მომხარებელი თვითონ როდის მიმართავდა მათ, იმის ნაცვლად, რომ ყველა შესულ მომხარებელს შეგებებოდნენ და დახმარება შეეთავაზებინათ. წერილის ავტორი აღნიშნავდა, რომ მოცემულ ფილიალში რამდენი ხარვეზიც ჩაინიშნა ერთი ვიზიტის ფარგლებში, იმ წლის მანძილზე საქართველოს მასშტაბით არცერთ სხვა ფილიალში არ შეხვედრია, ამასთან, წინა ვიზიტების დროსაც უამრავი შენიშვნა ჰქონდა, რომელთა უმეტესი ნაწილი არ იყო გამოსწორებული, რაც მას უქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ ფილიალში არსებულ ვითარებას საერთოდ არ ექცეოდა ყურადღება (იხ. ტ. I, ს.ფ. 91-92).

47. 2016 წლის 21 დეკემბრით დათარიღებულ ელექტრონულ წერილში, რომელშიც მოპასუხე მიმართავს მოსარჩელეს, აღნიშნულია, რომ ყველა შემოვლაზე უამრავი მოსაწესრიგებელი საკითხი ფიქსირდებოდა, რასაც ახსნა არ ჰქონდა. მთლიანობაში მოცემულ საკითხებზე პასუხისმგებლობა ეკისრებოდა სერვის ცენტრის მენეჯერს. შესაბამისად, თუ სერვის ცენტრში რაიმე არ გვარდებოდა, პირველ რიგში, ეს მოსარჩელეს უნდა მოეთხოვა და, თუ გონივრულ ვადებში არ გვარდებოდა, უნდა ჩაერთო ზემდგომი თანამშრომლები (იხ. ტ. I, ს.ფ. 90).

48. 2016 წლის 27 დეკემბრით დათარიღებულ ელექტრონულ წერილში, რომელშიც მოპასუხე მიმართავს მოსარჩელეს, დასტურდება, რომ მსგავსი პრობლემების კვლავ დაფიქსირების შემთხვევაში, ვეღარ ითანამშრომლებდნენ მასთან (იხ. ტ. I, ს.ფ. 89, ასევე წინამდებარე გადაწყვეტილების მე-8 პუნქტი).

49. დადგენილია, რომ 2017 წლის 5 მაისის №384-კ ბრძანებით, მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების გამო, რაც გამოიხატა სამეურნეო საკითხების მოუწესრიგებლობაში, მოსარჩელეს გამოეცხადა საყვედური (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი). საქმის მასალებში არსებული ზემოაღნიშნული ბრძანების თანახმად, სახდელის შეფარდების საფუძველი გახდა არაერთგზისი გაფრთხილების მიუხედავად სერვის ცენტრის სამეურნეო საკითხების მოუწესრიგებლობა (იხ. ტ. I, ს. ფ. 80).

50. 2017 წლის 10 მაისით დათარიღებულ ელექტრონულ წერილში, რომელშიც მოპასუხე მიმართავს მოსარჩელეს, აღნიშნულია, რომ სერვის ცენტრში არ იყო სისუფთავე, ოპერატორების მაგიდაზე მომხმარებლის მხრიდან და წყლის ბინულის თავზე იყო საშინელი სიბინძურე. თუ დამლაგებელი არ ალაგებდა, მოსარჩელეს უნდა ეთხოვა დახმარება. სერვის ცენტრში საერთოდ არ იყო კეთილგანწყობა, დაბღვერილები და წარბშეკრულები ემსახურებოდნენ ხალხს. მოსარჩელეს, როგორც მენეჯერს, უნდა ჰქონოდა ყველაზე მეტი სერვის პლიუსი, რომ მის კადრს მისგან ესწავლა. მისი დემოტივაციები გადადიოდა კადრზე. როგორც მენეჯერი ყურადღებას არ აქცევდა კონსულტანტის ჩაცმულობას, არ ატარებდა თათბირს, არ ახდენდა გეგმის გადანაწილებას, მოსარჩელე სამუშაო ადგილს ხშირად ტოვებდა გარკვეული დროით, მოპასუხემ კომუნიკატორითაც ხშირად დაუფიქსირა და არაერთხელ ჰკითხა. მოსარჩელე კლიენტს რომ ემსახურებოდა, ფანჯარაში იყურებოდა. მოსარჩელე მოპასუხეს ეუბნებოდა, რომ თვალი გარბისო. მოპასუხე მენეჯერისაგან მსგავს ახსნას ვერ მიიღებდა, მენეჯერს სხვა ხედვა უნდა ჰქონოდა საკითხებზე. მოპასუხე დაინტერესდა, მოსარჩელეს სერვის ცენტრის მომხმარებელთა მოზიდვის მიზნით თუ დაუგეგმავს რაიმე ან ფლაერების გავრცელებაზე თუ უფიქრია. მარტის თვის ვიზიტის შემდეგ მოპასუხეს არ ეგონა ესეთი ცუდი სურათი თუ დახვდებოდა სერვის ცენტრში. მოპასუხე დაინტერესდა, მოსარჩელე რატომ არ თვლიდა თავს ვალდებულად გაეთვალისწინებინა მითითება, ან რა უშლიდა ხელს, როგორც მენეჯერს, ყურადღება მიექცია სერვის ცენტრისთვის (იხ. ტ. I, ს.ფ. 94-95).

51. ზემოაღნიშნული მიმოწერიდან დასტურდება, რომ მოსარჩელე ვერ ართმევდა თავს შრომითი ხელშეკრულებით მასზე დაკისრებულ მოვალეობებს და ვალდებულების შეუსრულებლობას მისი მხრიდან სისტემატური ხასიათი ჰქონდა. იგი სათანადოდ ვერ აცნობიერებდა საკუთარ პასუხისმგებლობას და გულგრილად ეკიდებოდა შესასრულებელ სამუშაოს.

52. ამასთან, საკასაციო პალატა იზიარებს მოპასუხის მსჯელობას, რომ ჩადენილი დარღვევების ხარისხის შეფასების მიზნით, სასამართლომ ყურადღება უნდა გაამახვილოს მოსარჩელის მიერ დაკავებული პოზიციის სპეციფიკაზე, რაც მის მენეჯერულ ხასიათში ვლინდება. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მენეჯერი მაღალი პასუხისმგებლობით უნდა უდგებოდეს დაკისრებული მოვალეობების შესრულებას, რათა არ გამოიწვიოს მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების დემოტივირება. მოტივირებული და კარგად ორგანიზებული გუნდი წარმატების საწინდარია ნებისმიერ სფეროში, განსაკუთრებით საბანკო სექტორში, როგორც მომსახურების გამწევ ერთ-ერთ საპასუხისმგებლო სექტორში, რომელიც თანამშრომლებისგან უფრო მეტ დისციპლინას, ორგანიზებულობას, გულისხმიერებასა და სისწრაფეს მოითხოვს, რაც სათანადო მენეჯმენტის განხორციელების გარეშე წარმოუდგენელია. ამასთან, ბანკის სერვის ცენტრის გამართული და მოწესრიგებული მუშაობა პირდაპირ კავშირშია აღნიშნული ბანკის მომხმარებელთა რაოდენობის ზრდასთან და აისახება მის რეპუტაციასა და ფინანსურ მხარეზე. სწორედ ამიტომ, გასათვალისწინებელია ის მაღალი პოტენციური ფინანსური რისკები, რომლებიც შესაძლებელია უკავშირდებოდეს სერვის ცენტრის უფროსის გულგრილობას და ზერელე დამოკიდებულებას მასზე დაკისრებული მოვალეობებისადმი.

53. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დამსაქმებელმა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას უნდა გაითვალისწინოს არამართლზომიერი ქცევის - ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, სხვა უფრო ნაკლებად მკაცრი დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობა. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მრავალჯერ იქნა გაფრთხილებული სერვის ცენტრის სამეურნეო საკითხების მოუწესრიგებლობის გამო, გამოეცხადა კიდეც საყვედური, რაც იმაზე მეტყველებს, რომ უფრო მსუბუქი სანქციის გამოყენებას, ვიდრე შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტაა, აზრი ჰქონდა დაკარგული. მოსარჩელის ქმედებებს უკვე იმდენად სისტემატური ხასიათი ჰქონდა, რომ დამსაქმებელმა რეალურად დაკარგა ნდობა დასაქმებულის მიმართ.

54. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა მოსარჩელის მიერ მასზე დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა და ბანკის მიერ გამოყენებული ზომა სამსახურიდან გათავისუფლების სახით არის დარღვევის სრულად ადეკვატური.

55. რაც შეეხება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის მეორე საფუძველს, სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტს [შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, თუ დასაქმებულის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე გამოყენებულ იქნა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა], საკასაციო სასამართლო აღნიშნულ საფუძველზე ცალკე მსჯელობას საჭიროდ აღარ მიიჩნევს იმ პირობებში, როდესაც უკვე დადგენილია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის მართლზომიერი ერთი (სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული) საფუძვლის არსებობა.

56. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და, შესაბამისად, არსებობს მისი გაუქმების სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი [გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული]. ამავე დროს, ვინაიდან არ არსებობს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის 2017 წლის 27 ივნისის №597-კ ბრძანების ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი, მოსარჩელის საკასაციო საჩივარი, რომლითაც იგი ითხოვს, პირვანდელ თანამდებობაზე აღდგენას, უსაფუძვლოა და არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას [სსსკ-ის 410-ე მუხლი: საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას].

57. საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები [სსსკ-ის 411-ე მუხლი]. ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ამგვარი საფუძვლები და არ არის საჭირო მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, საკასაციო პალატა უფლებამოსილია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება.

58. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბანკის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, რაც გამორიცხავს მოსარჩელის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებას, უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

59. რაც შეეხება მოპასუხის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას, საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 407-ე მუხლის პირველ ნაწილზე [საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები] და განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება. ამავე კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხეს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება (2018 წლის 26 აპრილით დათარიღებული აქტი), მთლიანობაში „1“ ფურცლად (ტ. 2. ს.ფ. 138).

60. იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან [სსსკ-ის 53.1 მუხლის პირველი წინადადება]. ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც [სსსკ-ის 53-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები].

61. ვინაიდან მოპასუხის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს ბანკის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე და 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

1. ა.ხ–ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. სს „ს.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

3. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

4. ა.ხ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

5. ა.ხ–ძეს (პ/ნ ......) სს „ს.ბ–ის“ (ს/კ ......) სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 (სამასი) ლარის გადახდა;

6. სს „ს.ბ–ს“ დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება (2018 წლის 26 აპრილით დათარიღებული აქტი), მთლიანობაში „1“ ფურცლად (ტ. 2. ს.ფ. 138);

7. საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე